მეფეო! რომ ჩამოვთვალოთ საეკლესიო და ღვთაებრივ გარდამოცემათა და განგებულებათა ყველა ის დარღვევა, რომლებიც ლათინთა მიერ არის ჩადენილი, მაშინ ჩვენი საუბარი გაგრძელდება და შენს სამეფო სმენას გადაღლის. ეს რომ თავიდან ავიცილოთ აღარ მოვიყვანთ ჩვენი წმიდა პატრიარქებისა და მღვდელმთავრების ვრცელ ნაწერებს მათ წინააღმდეგ, სადაც ისინი ამხილებენ მათ; არამედ მოკლედ მოგწერთ შემდეგს. მათ, მეფეო, ცვლილებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს სხეულის სიმშვენიერიდან, არამედ გადაეცემიან სატანას. მთელი სახარებისეული სწავლების ბეჭდად მოციქული იმდენად გალატელებს როდი მიმართავს, რომლებიც მხოლოდ ერთ პუნქტში ასწავლიდნენ სხვაგვარად,არამედ იტალიელებს, რომლებმაც თითქმის მთლიანად დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კკანონიკური და წმიდა მამათამიერი გარდამოცემა: ”დაღათუ ჩუენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებულ იყავნ!” (გალ. 1,8-9). ასევე მეექვსე მსოფლიო წმიდა კრება თავის I კანონში ამბობს: ”ხოლო უკუეთუ ვინმე ყოველთაგანი არა პირველთქმულთა ამათ კეთილად მსახურებისა სჯულთა შეიტკბობდეს და შეუდგეს და ესრეთ აღიარებდეს და ქადაგებდეს, არამედ წინაუკმო გარდაქცევასა ამათსა ხელყოფდეს, იყავნ შეჩვენებულ წინასწარ განჩინებულისა მისებრ საზღვრისა პირველმოხსენიებულთა მიერ წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა და ქრისტეანეთა კრებულისაგან, ვითარცა უცხოით განიხადენ და განვარდინ, რამეთუ ჩვენ არცა შემატებასა რასმე და არცა დაკლებასა თავს-ვიდებთ რაითურთით პირველ განჩინებულთა მათ სარწმუნოებისა საზღვართასა, ანუ გარდავხდებით რომელსაცა სიტყვასა”. ასე ღაღადებს ეს კანონი. და განა კანონიკურ ანათემას არ გადაეცემიან ისინი, ვინც საჯაროდ ქადაგებენ სიახლეს და აშკარად მიდიან საღმრთო დოგმატთა წინააღმდეგ, ანუ აკლებენ ანდა ამატებენ რაიმეს მამათა სწავლებას. ხოლო ”რომელთა უწინარეს საკრებო განჩინებისა განაშორნეს თავნი თვისნი ზიარებისაგან ეპისკოპოსად სახელდებულისა მის, რაჟამს მან მწვალებლობაი იგი საეროდ ქადაგოს და დაუბურველითა თავითა ეკლესიასა შინა ასწავოს, ეგევითარნი იგი არა ხოლო კანონთამიერისა განკანონებისაგან თავისუფალ არიან, არამედ ვითარცა მოშურნენი მართლმადიდებლობისანი პატივისაცა ჯეროვნისა ღირს იქმნენ, რამეთუ არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუ ეპისკოპოსი და ცრუ მოძღვარი განიკითხეს და არა განხეთქილებითა განჭრეს ერთობაი ეკლესიისაი, არამედ განხეთქილებათა და განყოფათაგან ხსნაი ეკლესიისაგან ისწრაფეს”. ამას ბრძანებს წმიდა და დიდი ორგზისი კრების მე-15 კანონი.
რამდენად დასაშვებია და ღვთივსათნოა ჩვენი გაერთიანება მათთან, რომელთაც სამართლიანად და კანონიერად განვეშორეთ და რომელნიც კვლავაც მწვალებლობაში არიან? თუკი ჩვენ ამას მართლმადიდებლურად მივიჩნევთ, მაშინ მხოლოდ ამით დავაქცევთ და წავშლით ყველაფერს ჭეშმარიტს. რამეთუ ღვთაებრივი კანონები ღაღადებენ: ”უკუეთუ ვინმე უზიარებელსა სახლსაღა თუ შინა თანამლოცველ ექმნეს, უზიარებელ იქმენინ იგიცა~”(მოც. 10; ანტიოქ. 2) და კიდევ: ”ვინც მწვალებელთან ერთიანდება იგივე სასჯელს იმსახურებს, რასაც მწვალებელი”. შესაბამისად რა დანაშაულისთვისაც არიან ისინი სასჯელის ქვეშ, ჩვენც მათთან ერთად დავისჯებით საღმრთო კანონებით, რომლებიც სული წმიდამ განაჩინა. არ შეიძლება ამის დაშვება, არ შეიძლება!
არც კი ღირს იმის ხსენება (ვგულისხმობთ ცრუ-პატრიარქ იოანე ვეკკას), ვინც სიბნელეა და თავი სინათლედ მოაქვს, ვინც მთავარი მაცთუნებელია ამ საქმეში, ვინც მათთან გაერთიანების საბაბით ცდილობს მზაკვრული და სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს მთელს სხეულს, ვისაც არ ძალუძს ღიად დაარწმუნოს ვინმე და ამიტომაც ფარულად მოქმედებს, კერძოდ კი ცდილობს, უეცრად გაუღოს სამწყსოს კარიბჭე მგლებს და ბოლომდე მიიყვანოს ბოროტი საქმე. თუ ვინმეს შემოერთების სურვილი აქვს, დაე აზრები შეიცვალოს და ისე შემოგვიერთდეს; ხოლო თუ გაერთიანება საკუთარი ბოროტებისა და სიცრუის შენარჩუნებით სურთ, მაშინ ამას ვერ შესძლებენ.
მეფეო, მოისმინე ყოვლაწმიდა სულის მიერ დამოწმებული სიტყვები, რომელთაგან ერთი იოტაც არა წარხდეს (ლკ. 16, 17). უფლის დიდი მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ”რომელ მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღვრებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ სახლთა თქუენთა და ”გიხაროდენ” ნუ ეტყვით მათ, რამეთუ რომელმან ჰრქუას მას ”გიხაროდენ” ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა” (2 ინ. 1, 10-11).
თუკი ჩვენ მათთვის უბრალოდ გზაზე მისალმება გვეკრძალება, თუკი არ შეგვიძლია მათ სახლში შესვლაც კი, მაშინ როგორ მივიღებთ მათ ტაძარში, თვით საკურთხეველში, ძე ღმრთისას საშინელ და საიდუმლო ტრაპეზზე, სადაც თავად უფალი შეიწირება უსისხლო მსხვერპლად? რომელიც უმანკო კრავივით დაიკვლის, რათა შეგვარიგოს მამასთან და თავად მასთან, და ჩვენი ცოდვები საკუთარი სისხლით განწმიდოს. რომელი გონებადაბნელებული გაბედავს წამოსცდეს მოხსენიება იმის სახელისა, ვინც სული წმიდის მიერ არის განკვეთილი, როგორც ღმერთზე და წმიდანებზე აჯანყებული, და ამით თავად გახდეს ღმერთის მტერი? იმიტომ, რომ თუკი მხოლოდ მისალმება გვხდის ჩვენ მათი მზაკვრული საქმეების თანამონაწილედ, მაშ რაოდენ უფრო მეტია ხმამაღალი მოხსენიება მისი (ცრუპატრიარქის), როდესაც წინ საღმრთო, საშინელი საიდუმლონი გვაქვს დაგებული. თუკი ჩვენს წინ დაგებული თავად არის ჭეშმარიტება, მაშ როგორ დაუშვებს იგი ამ უდიდესი ტყუილის სიმართლედ გასაღებას _ ანუ მის მართლმადიდებელ პატრიარქად გამოცხადებას? ნუთუ საშინელ საიდუმლოთა აღსრულების დროს, როგორც სცენაზე, ისე უნდა ვიხუმროთ? როგორ მოითმენს ამას მართლმადიდებელი სული? განა უმალვე არ განეშორება იგი იმათ, ვინც მას მოიხსენიებს? როგორ არ ჩათვლის ასეთებს სიწმიდის გამყიდველებად? მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმსახურებისას ეპისკოპოსის სახელის ღვთაებრივ მოხსენიებას ყოველთვის სრული ერთობის უპირობო ნიშნად მიიჩნევდა. წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელის მიერ დაწერილ საღმრთო ლიტურგიის განმარტებაში ვკითხუ¬ლობთ: ”მღვდელმოქმედი აღამაღლებს ეპისკოპოსის სახელს, წარმოაჩენს რა უპირატესისადმი მის მორჩილებას, სრულ ერთობას მასთან, და მისი სარწმუნოების მემკვიდრეობას და ერთგულებას”.
ასევე ჩვენი დიდი მამა და აღმსარებელი თეოდორე სტუდიელი თავის ძვირფას წერილში გვასწავლის: ”შენ მწერ, რომ შეგეშინდა პრესვიტერისთვის გეთქვა _ არ მოეხსენებინა მწვალებელი ეპისკოპოსის სახელი, ერთს გეტყვი მხოლოდ _ მარტო მოხსენიებისმიერი ერთობა ბეჭედივით ასვამს ლაქას, თუნდაც მომხსენებელი მართლმადიდებელი იყოს”. ასე გვმოძღვრავს ეს წმიდა მამა, მასზე ადრე კი თავად ღმერთი: ”და მღვდელთა მისთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი” (იეზეკ. 22, 26). როგორ? ”შორის წმიდისა და ბილწისა არ განარჩევდეს” (იეზეკ. 22; 26) განურჩევლად იქცეოდნენ და სულ ერთი იყო მათთვის. რა შეიძლება იყოს ამაზე ნათელი და ჭეშმარიტი?
მაგრამ იქნებ შესაძლებელია კეთილგონიერი შემგუებლობა (იკონომია)? როგორ შევეგუოთ იმას, რაც ბილწავს ღვთისმსახურებას, საღმრთო სულის გარეშე ტოვებს მღვდელმოქმედებას და ამიტომ მორწმუნეებიც ცოდვათა მოტევებისა და ღმერთთან შეთვისების გარეშე რჩებიან? შეიძლება კი იყოს რაიმე ამგვარი იკონომიაზე უფრო მავნე? სულიერი ერთობა თუნდაც ერთ პუნქტში მთელი სიმართლის დარღვევის ტოლფასია. რადგანაც მწვალებელთან ერთობის მქონე იგივე სასჯელის ღირსია, როგორც საეკლესიო კანონთა დამრღვევი. ხოლო ამგვარი იკონომიის მქადაგებელნი, უგულებელყოფენ რა საეკლესიო კანონებს, შედიან ლოცვით კავშირში იუდეველებთან, სომხებთან, იაკობიტებთან, ნესტორიანელებთან, მონოთელიტებთან და საერთოდ ყველა ჯურის მწვალებლებთან და მხოლოდ ამიტომ არ იმსახურებენ არანაირ იკონომიას და თანაზიარნი არიან ყველა ღვთისმბრძოლი მწვალებლობისა, რადგანაც საეკლესიო კანონთა და უზენაესი საღმრთო სჯულის მიხედვით არ განარჩევენ მწვალებლებს მართალთაგან და თავად ივსებიან ყოველგვარი ერესით.
ვის მივცეთ ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაზე წინამოძღოლობის უფლება, კაცს, რომელიც მწვალებელია? ეს ხომ სრული ღალატია და არა იკონომია. იგი უკანასკნელი ადგილის ღირსიც კი არ არის. რამეთუ დიდი მამა ჩვენი გრიგოლ ღმრთისმეტყველი ამბობს: ”თუკი ნოვატი არ ღებულობდა მათ, ვინც არ შეინანეს დაცემის შემდეგ, არც მე ვღებულობ ასეთებს, თუკი ისინი ქედს არ მოიდრეკენ ან ჯეროვნად არ დამდაბლდებიან, და უჯერი საქმის გამო გამოსწორების პირობას არ დადებენ. აი, მაშინ კი მივიღებ და სათანადო ადგილსაც მივუჩენ”.
ვინ შეამჩნია მასში (პატრიარქში) ანდა მასთან ერთობაში მყოფთა შორის გამოსწორების სურვილი? სად არის სინანული ავი საქმეების გამო? რა თქმა უნდა, ისინი უკანასკნელ ადგილსაც კი არ იმსახურებენ, მაშინ როგორღა იქნებიან წინამძღვარნი? დაე თუნდაც მოახერხონ რომელიმე ეკლესიაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ტფუ! ფურთხის ღირსნი არიან მხოლოდ! ”ნუ ხელეწიფების ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცვივენ?” (ლუკ. 6,39) და ”უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?” (მათე 6,23). როგორც დიდი ღმრთისმეტყველი გრიგოლი ბრძანებს, ყოველი ქვეშევრდომი თავის წინამძღოლს ემსგავსება.
წმიდა კრებათა ღვთაებრივი კანონები მათ მიერ მთლიანად უარყოფილია, სულიერი ცხოვრების კვალი და სუნიც კი არ გააჩნიათ, მხოლოდ ერეტიკოსობენ და ეკლესიას შფოთითა და საცდურით ავსებენ. რამეთუ შეუძლებელია შეუთავსებელთა ერთად ყოფნა, არც შეუერთებელთა შეკავშირება. ”რამეთუ არა მოყვსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა, ანუ რა ზიარება არს ნათლისა და ბნელისა”. (2 კორ. 6,14). ანუ რა საერთო აქვთ მართლმადიდებლებსა და მწვალებლებს, რომელთაც უნდა განვეშოროთ, როგორც ამას თავად ღმერთი გვასწავლის: ”აღიხოცენ უკეთურებანი იგი თქუენ შორის” (2 სჯ. 13.5). და ”უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან” (მათე. 18,9). აგრეთვე დიდი პავლე, უფრო სწორედ თავად უფალი პავლეს ბაგით გვიბრძანებს: ”მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე” (ტიტ. 3, 10) და კვალად: ”გამცნებ თქუენ ძმანო სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდეს და არა მოძღვრებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან” (2 თეს. 3; 6). სხვაგან კი გვამცნებს ”ნუ თანააღერევით მათ” (2 თეს. 3,14). მსგავსად ამისა გვმოძღვრავს ღმერთშემოსილი დიდი მამა ჩვენი ეგნატე, რომელიც გვაფრთხილებს მოვერიდოთ ადამიანის მსგავს მხეცებს _ მწვალებლებს, რომელნიც არა მხოლოდ არ უნდა მივიღოთ, არამედ მათთან შეხვედრასაც კი უნდა ვერიდოთ.
როგორ ვაღიაროთ მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებად და უმაღლეს მსაჯულებად ისინი, ან როგორ მოვიხსენიოთ ხმამაღლა მათი სახელები ეკლესიაში თვით საიდუმლო ტრაპეზის წინ, ისე რომ ტრაპეზი არ წაიბილწოს და კურთხეული დარჩეს.
ნუ დაუშვებ ამას შენი სულისთვის, მეფეო წმინდაო და ღვთივარჩეულო, თვითმპყრობელო, ქრისტესმოყვარეო! არამედ ”დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი ვისგან გისწავიეს” (2 ტიმ. 3,14), რამეთუ ქრისტეს მადლით გისწავიეს. ”კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა” (2 ტიმ. 1,14) და ქრისტეს დიდი მოციქულის სწავლებით ”განეშორე ბილწთა მათგან ცუდთთა ხმათა, და სიტყვის-გებათა მათგან ტყუილით სახელის მეცნიერებისათა რომელსა იგი ვიეთნიმე აღუთქმიდეს, და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს” (1 ტიმ. 6, 21-22)! რათა შენს მიერ და შენთან ერთად ჩვენც, მთელი ქრისტიანული სავსება, მართლმადიდებლობითა და სიყვარულით დაცულნი უბიწოდ წარვსდგეთ ”ვიდრე გამოჩინებამდე უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა” (1 ტიმ. 6,15) და გავხდეთ მონაწილენი მისი საუკუნო მეუფებისა. ”სარწმუნო არს ღმერთი”(1 კორ. 1,9), რომელიც ამის ღირსად გვყოფს, თუკი მის მცნებებს დავიმარხავთ ქრისტეს მადლით ყოვლადწმიდა საღმრთო სულში. ამინ.
ამ ეპისტოლეს ავტორი ათონელი მამები, ლათინებმა მოწყვიტეს მართალი სარწმუნოების აღმსარებლობისა და უნიის არ მიღების გამო. მათ შორის იყვნენ ივერონის ქართველთა მონასტრის მამები. ამბავი მათი მარტვილობისა იხილეთ : ”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა” ტ. II. მათ ხსენებას მართლმადიდებელი წელიწადში რამდენჯერმე აღასრულებს.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment