მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში (მ.ე.ს.) - საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა
ახალი კალენდარული სტილის შემოღება
1924 წლიდან, საბერძნეთში, ის ქრისტიანები რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენისა და ტრადიციის ერთგულნი დარჩნენ, "მეძველსტილეებად" იწოდნენ იმის გამო, რომ მისდევდნენ ტრადიციულ საღვთისმსახურო კალენდარს, ეკლესია 1600 წელი რომ იყენებდა. მაგრამ მეძველსტილეთათვის ამ ბრძოლაში თავისთავად გრიგორიანული კალენდრის შემოღება არ ყოფილა მთავარი, მათი ბრძოლის მთავარი მიზეზი იყო ეკუმენური მოძრაობის სინკრეტიზმი და სეკულარიზმი, რომელიც აგერ უკვე 70 წელია (განსაკუთრებით ბოლო 30 წელი) ძალას იკრებს, - სწორედ იგი წარმოადგენდა გრიგორიანული კალენდრის შემოღების ნამდვილ მოტივს. ეკუმენური მოძრაობის აზრი - ესაა რწმენა იმისა, რომ ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია გახლეჩილია, და რომ ყველა დენომინაცია როგორღაც ქრისტეს სხეულის ნაწილებს წარმოადგენს. უტყუარია, რომ ეს რწმენა სრულიად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც მუდამ სწამდა და რასაც მუდამ ასწავლიდა ქრისტეს ეკლესია.
1920 წ. იანვარში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, ბრუსის მიტროპოლიტმა დოროთემ და სხვა ათმა მიტროპოლიტმა გამოაქვეყნეს ენციკლიკა სათაურით - "ქრისტეს ყველა ეკლესიას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი". ენციკლიკა მართლმადიდებელი ეკლესიის კარს მიღმა არსებულ დენომინაციებს მიმართავდა, როგორც "ღვთიური აღთქმის თანამემკვიდრეთ და თანამონაწილეთ იესო ქრისტეში". თავად ენციკლიკის სათაურშიც კი იგულისხმება ის აზრი, რომ ეკლესია ერთი არაა. მის მიზანს წარმოადგენდა თანასწორობის საფუძველზე ეკუმენური დიალოგის გახსნა არამართლმადიდებლურ განშტოებებთან. ენციკლიკის პროგრამის პირველ პუნქტში ყველას სთავაზობდნენ, მიეღოთ საერთო სადღესასწაულო კალენდარი, რათა ყველა "ეკლესიას" ერთად ეზეიმა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულები. შემდგომ კი მოდიოდა იმ წინადადებათა სია, რომელსაც ეკლესიათაშორისი განყოფილება უნდა განეკურნა.
აი, ნაწყვეტი ამ ენციკლიკის ტექსტიდან:
"ეკლესიებს შორის გულწრფელობისა და ნდობის არსებითი აღდგენის შემდეგ, ჩვენის აზრით, უპირველეს ყოვლისა, ისე უნდა აღინთოს და გაიზარდოს სიყვარული ეკლესიებს შორის, რომ მათ ერთმანეთი უცხოდ და უცნობად აღარ მიიჩნიონ, გაუმშობლიურდნენ ურთიერთას და იქმნენ ნაწილნი ქრისტეს სხეულისა და 'თანა-მკვდრ და თანა-ხორც და თანა-მყოფ აღთქუმისა მის იესო ქრისტეს მიერ სახარებითა მით'(ეფ; 3,6)."
თუკი სხვადასხვა ეკლესიები სიყვარულით იხელმძღვანელებენ და ამ სიყვარულს ერთმანეთთან მიმართებაში ყველაზე მაღლა დააყენებენ თავიანთ შეკრებებზე, არსებული უთანხმოებების გაზრდისა და გაფართოების მაგივრად შეძლებენ შეამცირონ და უგულებელყონ ისინი. სხვა ეკლესიათა პირობების, მდგომარეობისა და თავისთავადობის მიმართ სწორი ძმური ინტერესის გაღვიძებით; ამ ეკლესიებში მომხდარი მოვლენებით დაინტერესებისა და მათი კარგად შესწავლის მზადყოფნით; ერთმანეთის მიმართ დახმარებისა და თანადგომის გამოჩენით ბევრი სასიკეთო რამ მიიღწევა ერთმანეთისა და მთელი ქრისტიანული სხეულის განსადიდებლად და სასარგებლოდ. ჩვენის აზრით, ამგვარი მეგობრობა და კეთილგანწყობა განსაკუთრებულად გამოვლინდება შემდეგ ნაბიჯებში.
1) ყველა ეკლესიებში ერთიანი კალენდრის მიღება იმ მიზნით, რომ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულები ყველგან ერთდროულად იზეიმონ;
2) ძველი ჩვეულებისამებრ, მეგობრული ეპისტოლეების მიწერ-მოწერა საეკლესიო წლის დიდ დღესასწაულებსა და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში;
3) სხვადასხვა ეკლესიების წარმომადგენელთა შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება;
4) საღვთისმეტყველო სკოლებისა და ღვთისმეტყველთა წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება და სხვადასხვა ეკლესიათა საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური პერიოდული გამოცემებისა და შრომების ურთიერთგაცვლა;
5) ერთი ეკლესიის ახალგაზრდების მეორე ეკლესიის სკოლებში აღზრდა;
6) საერთო ქრისტიანული ასამბლეების მოწვევა სხვადასხვა ეკლესიათა საერთო ინტერესების საგანთა გამოსაკვლევად;
7) მეცნიერული თვალსაზრისითა და დისერტაციებით დოგმატური განსხვავებების მიუკერძოებელი და უფრო ისტორიული კუთხით შესწავლა;
8) სხვადასხვა ეკლესიების პრაქტიკისა და წეს-ჩვეულებების ურთიერთპატივისცემა;
9) სამლოცველო სახლების გახსნა და საზღვარგარეთ გარდაცვლილ სხვა კონფესიათა წარმომადგენელთათვის სასაფლაოების ურთიერთგამოყოფა;
10) შერეული ქორწინებების შესახებ სხვადასხვა კონფესიების მიერ საერთო წესების შემუშავება;
11) ეკლესიების ნებაყოფლობითი ურთიერთდახმარება რელიგიური განათლების, საქველმოქმედო და სხვა საქმიანობის სფეროში;1
ეს ენციკლიკა იმ "რევოლუციური საეკლესიო რეფორმების" ანარეკლი გახლდათ, რომელთაც რუდუნებდნენ ელეფთერ ვენიზელოსი და მელეტი მეტაქსაკისი - საეკლესიო მოღვაწე და ამ რეფორმების განმახორციელებელი მთავარი გმირი.
მეტის თქმა გვმართებს ვენიზელოსსა და მეტაქსაკისზე: ელეფთერ ვენიზელოსი (1864-1936) გამოჩენილი და ენერგიული პოლიტიკოსი იყო. მან მთავარი როლი ითამაშა თავისი მშობლიური კუნძულის - კრეტის ბერძენ ხალხთან გაერთიანებაში, შემდგომ კი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრობისას, თავისი ქვეყნის ტერიტორიის გაფართოებაში მომაკვდავი ოტომანის იმპერიის ხარჯზე. მისი პროგრამა "რევოლუციურად" იწოდებოდა საბერძნეთის მონარქებთან მისი განუწყვეტელი შეჯახებების წყალობით, ეს შეტაკებანი დროთა განმავლობაში მონარქიის რადიკალურ ოპოზიციად ჩამოყალიბდა და პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგებისა და ინგლისელების დახმარებით თესალონიკში ოპოზიციური მთავრობის ჩამოყალიბებით დაგვირგვინდა. ვენიზელოსი ცდილობდა, საბოლოოდ გადაეგდო სამეფო ხელისუფლება თავისი ლიბერალური პოლიტიკური პარტიით. სხვათა შორის, მისი რეფორმები მარტო პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებდა, ისინი რელიგიურ ცხოვრებაზეც ვრცელდებოდა. ეს რეფორმები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ჯერ 1916 წ. 10 ნოემბერს საბერძნეთის "რევოლუციური" ხელისუფლების მინისტრმა ანდრია მიხალაკოპულოსმა ვენიზელოსს მისწერა წერილი, რომელშიც გახსნა ის ხანგრძლივი პროგრამა, ეკლესიის რეფორმირებისათვის რომ დაემუშავებინა. ამ წერილში ასევე ხაზი ესმება იმ როლს, რომელსაც თავიანთ გეგმებში მელეტი მეტაქსაკისს უწილადებდა ეს ორი პოლიტიკოსი.
აი, რას წერს მიხალაკოპულოსი:
"ბატონო პრეზიდენტო, მინისტრთა სხდომაზე უკვე დიდი ხანია გეუბნებოდით, რომ ეროვნული ბრძოლის თქვენმიერი წარმატებით დაგვირგვინების შემდეგ, ქვეყნის საკეთილდღეოდ აუცილებლად უნდა იზრუნოთ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვან ბრძოლაზე - საეკლესიო საქმეების მოდერნიზაციაზე (განახლებაზე)... ამ ჭეშმარიტად რევოლუციური რეფორმის მეთაურად გვესაჭიროება შორსმჭვრეტელი იერარქი, რომელიც ისეთივე იქნება რელიგიურ სფეროში, როგორიც თქვენ ბრძანდებით პოლიტიკურში. თქვენ გყავთ ასეთი ადამიანი. ვგულისხმობ კუნძულ კვიპროსის იერარქს (მელეტი მეტაქსაკისს). თქვენი ხელმძღვანელობით ის საბერძნეთის ეკლესიის ვენიზელოსი გახდება.
მას შემდეგ, რაც პოლიტიკური რევოლუცია ათენის არქიეპისკოპოსს პროკოფის და მის მსგავსთ მოაცილებს, აი, რა უნდა რეფორმირდეს კერძოდ ინტელექტუალურ და მონაზვნურ წრეებში, როცა ეკლესიის იერარქია და მსოფლიო სინოდი, ანდა უფრო სწორად, მხოლოდ ბერძნული სინოდი ჩამოყალიბდება".
შემდგომ მიხალაკოპულოსი აგრძელებს საჭირო რეფორმების ჩამოთვლას:
1) მარხვათა გაუქმება ("მარხვებს არავინ ინახავს მათ გარდა, ვისაც საჭმელი არაფერი აქვს");
2) წეს-ჩვეულებათა და ლიტურგიის განახლება (2-3 საგალობელი საათნახევრის განმავლობაში - უკვე საკმარისია);
3) მღვდლები განისწავლებიან "სპეციალურ სკოლებში", (რათა "დამაჯერებლად შეეძლოთ საუბარი "თავისი სამშობლოს სიყვარულსა" და "მსმენელთა პოლიტიკურ მოვალეობებზე");
4) სხვადასხვა დღესასწაულთა გაუქმება ("ისინი მხოლოდ უსაქმურობის საბაბს წარმოადგენენ");
5) მონასტრების გაუქმება ("მათი მიწები გლეხებს გადაეცემა").
და განაგრძობს: "მართალია, აქ ჩამოთვლილი რეფორმები პროგრამის ყველაზე მცირე ნაწილს წარმოადგენს. გარდაქმნას კიდევ ბევრი სხვა სჭირდება". ამ წერილში მიხალაკოპულოსი დანანებით აღნიშნავს: "სამწუხაროდ, შეუძლებელია წმინდანობის იდეას გაქრობა ვაიძულოთ", თუმცა შესაფერისი წიგნების გამოცემით და "კარგ საეკლესიო და საერო მწერლებთან თანამშრომლობით... სიტყვა "წმინდანი" გაქრება".2
"კალენდრის შეცვლაზე" პირველი მინიშნება 1919 წლის იანვარში გაკეთდა, როცა ვენიზელოსი პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო მეტაქსაკისი - ათენის არქიეპისკოპოსი.
ვინ იყო მეტაქსაკისი? ეპისკოპოს ფოტი ტრიადელის მშვენიერი გამოკვლევა შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს ამ უმაღლესი ხარისხის მასონის შესახებ, რომელიც განმსჭვალული იყო უნივერსალისტური რწმენითა და განწყობილებებით.3
მისი სახელი ერისკაცობაში ემანუელ მეტაქსაკისი გახლდათ. დაიბადა 1870 წ. 21 სექტემბერს კუნძულ კრეტის სოფელ პირსასში. 1889 წ. ჩააბარა იერუსალიმის ყოვლადწმინდა ჯვრის სახელობის სემინარიაში. 1892 წ. მონაზვნად აღკვეცეს მელეტის სახელით და იეროდიაკვნად დაასხეს ხელი. 1900 წ. იგი ამთავრებს სემინარიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტს და იერუსალიმის პატრიარქი დამიანე მას სინოდის მდივნად ნიშნავს. 1908 წ. პატრიარქი დამიანე წმინდა მიწიდან აძევებს მელეტის თავის ადმინისტრატორ ქრიზოსტომოსთან (მომავალში ათენის არქიეპისკოპოსი) ერთად "უფლის წმინდა საფლავის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის გამო".4
წიგნში "გამოჩენილი მასონები" ალექსანდრე ზერვუდაკისი წერს, რომ 1909 წ. კვიპროსზე ჩამოსული მეტაქსაკისი და ორი სხვა მღვდელმსახური (ერთ-ერთი მათგანი იყო მიტროპოლიტი ბასილი ანქიოლიელი, მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი) მასონთა ლოჟაში მიიღეს.5 1910 წ. მეტაქსაკისი კვიპროსზე კიტიონელი მიტროპოლიტი ხდება. "დაუოკებელი, ფიცხელი და შარიანი" სულით შეპყრობილი მეტაქსაკისი 1912 წელს ცდილობდა მსოფლიო საპატრიარქო ტახტზე ასვლას. როცა აქ ხელი მოეცარა, ყურადღება ისევ კუნძულ კვიპროსისაკენ მიმართა.6 აქაც რომ ვერაფერს მიაღწია, მიატოვა თავისი სამწყსო და საბერძნეთში გადასახლდა, სადაც ვენიზელოსის დახმარებით ათენის არქიეპისკოპოსად აკურთხეს 1918 წ. თუმცა, როცა ვენიზელოსი მომდევნო არჩევნებში დამარცხდა, მეტაქსაკისიც გააძევეს არქიეპისკოპოსის ტახტიდან.
ეპისკოპოსი ფოტი აგრძელებს: "1921 წ, მელეტი ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1921 წ. 17 დეკემბერს საბერძნეთის ელჩი ვაშინგტონში თესალონიკის პრეფექტურის უფროსს უგზავნის უწყებას, სადაც მიანიშნებს, რომ მელეტიმ "სამღვდელმსახურო შესამოსელში მონაწილეობა მიიღო ანგლიკანურ ღვთისმსახურებაში, ლოცულობდა ანგლიკანებთან ერთად, ეამბორებოდა მათ ტახტს; იქადაგა და შემდგომ იქ მყოფნი დალოცა.7"
ამ ცნობას საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა მიაქცია ყურადღება და მეტაქსაკისის საქმის შესასწავლად კომისია გამოყო 1921 წ. 21 ნოემბერს,8 მაგრამ, როგორც ეპისკოპოსი ფოტი აგრძელებს: "იმ დროს, როცა მეტაქსაკისის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, მას მოულოდნელად კონსტანტინოპოლის პატრიარქად ირჩევენ. მიუხედავად ამისა, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი მელეტის მღვდლობას აყრის სერიოზული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და სქიზმის შემოტანის გამო.9 ყოველივე ამისდა მიუხედავად, 1921 წ. 24 იანვარს მსოფლიო საპატრიარქო ტახტზე მელეტის ინტრონიზაცია აღსრულდა. ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად 1921 წ. 24 სექტემბერს მეტაქსაკისის განკვეთა არაკანონიკური გზით უგულებელყვეს. მელეტის პატრიარქად კურთხევაში ჩარეული იყო ვენიზელოსის პოლიტიკური წრეები და ანგლიკანური ეკლესია.10 აი, რას გვიამბობს ამ მოვლენათა შესახებ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სინოდის მიტროპოლიტი გერმანე (კარავანგელისი). "1921 წ. უეჭველი იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე ჩემი არჩევა. 17 ხმიდან 16 ჩემს მხარეს იყო. მაშინ ერთმა ჩემმა მეგობარმა ერისკაცმა 10 000 ლირა შემომთავაზა, თუკი უარს ვიტყოდი ჩემს კანდიდატურაზე მელეტი მეტაქსაკისის სასარგებლოდ. ბუნებრივია, ეს წინადადება ზიზღითა და მრისხანებით უკუვაგდე. სწორედ იმავე ხანს, ღამით მოულოდნელად მესტუმრა დელეგაცია "ეროვნული თავდაცვის ლიგიდან". და გულმოდგინედ დამიწყეს ხვეწნა, მომეხსნა ჩემი კანდიდატურა მელეტი მეტაქსაკისის სასარგებლოდ. დელეგატებმა მითხრეს, რომ მელეტის შეუძლია საპატრიარქოს 10 000 დოლარი მისცეს და პროტესტანტ ეპისკოპოსებთან თავისი მეგობრული ურთიერთობების წყალობით შეუძლია საბერძნეთის საერთაშორისო ინტერესებს გამოადგეს. სწორედ საერთაშორისო ინტერესები მოითხოვდა მელეტის პატრიარქად არჩევას. ასეთივე იყო ელეფთერ ვენიზელოსის სურვილიც. მთელი ღამე გავათენე ამ წინადადებაზე ფიქრში. საპატრიარქოში ეკონომიკური ქაოსი სუფევდა. ათენის ხელისუფლებამ შეწყვიტა სუბსიდიების გზავნა, შემოსავლის სხვა წყარო არ არსებობდა. ბოლო 9 თვის განმავლობაში ხელფასი არ გაცემულა. საპატრიარქოს საქველმოქმედო ორგანიზაციები კრიტიკულ ფინანსურ მდგომარეობაში იყვნენ. ამის გამო და ხალხის საკეთილდღეოდ (როგორც შეცდომაში შეყვანილი იერარქი ფიქრობდა) მივიღე ეს წინადადება".11 ასე, ყველას გასაოცრად მეორე დღეს - 1921 წ. 25 ნოემბერს მელეტი მეტაქსაკისი კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა.
ამ არჩევის არაკანონიკურობა გამოაშკარავდა, როცა 1921 წ. 23 ნოემბერს, არჩევნებამდე 2 დღით ადრე კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო კანონიკური მოტივების გამო არჩევნების გადავადების შესახებ. სინოდის უმრავლესობა მხარს უჭერდა ამ წინადადებას. თუმცა იმავდროულად არჩევნების დღეს ამ წინადადების მომხრე ეპისკოპოსები სხვებით შეცვალეს. ამან უზრუნველყო მელეტის საპატრიარქო ტახტზე ასვლა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოტყუებულ იერარქთა უმრავლესობა ამის თაობაზე თესალონიკში შეიკრიბა. მათ განაცხადეს, რომ "მელეტი მეტაქსაკისის პატრიარქად არჩევა წმინდა კანონების ცხადლივი დარღვევით ჩატარდა" და კონსტანტინოპოლის პატრიარქის "კანონიერი და კანონიკური არჩევნების" ჩატარება მოითხოვეს. ამისდამიუხედავად "მელეტი მაინც გამყარდა საპატრიარქო ტახტზე. 1922 წ. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მელეტის ძლიერი ზეწოლის ქვეშ სცნობს ანგლიკანურ იერარქიას... შემდგომ 1923 წ. მელეტი იწვევს "ყოველთამართლმადიდებელთა კონგრესს" (10 მაისი - 8 ივნისი).
მართლმადიდებელი მოსახლეობა არ აღუფრთოვანებია ამ კონგრესის შედეგებს. და ივნისის შუა რიცხვებში საპატრიარქოს შენობას თავს დაესხნენ. ლუდმილა პერეპელკინა თავის სტატიაში - "იულიანური კალენდარი" მეტაქსაკისის კონსტანტინოპოლიდან ნაუცბათევი გამგზავრების მხატვრულ სურათს ხატავს: "მელეტი IV-ს ტახტიდან გადადგომა აიძულეს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი მოსახლეობის უკიდურესი აღშფოთების გამო. ბერძნებმა დაამსხვრიეს და შეურაცხყვეს საპატრიარქოს შენობა".13
ეპისკოპოსი ფოტი აგრძელებს: "1923 წ. 1 ივლისს ვითომცდა ავადმყოფობისა და სამედიცინო მკურნალობის აუცილებლობის მიზეზით მელეტი ტოვებს კონსტანტინოპოლს. 1923 წ. 20 სექტემბერს ათენის არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის დაწოლით მელეტი საპატრიარქო ტახტიდან გადადგება". 1926 წ. მაისში ანგლიკანური სამღვდელოების დახმარებითა და ბრიტანეთის ხელისუფლების ზეწოლით (მაშინ ბრიტანეთს ჯერ კიდევ გააჩნდა მანდატი ეგვიპტეში) ეგვიპტის ხელისუფლებამ მელეტი ალექსანდრიის პატრიარქად დაადგინა. და როგორც ეპისკოპოსი ფოტი ასრულებს თავის ნაამბობს: "საერთო უკმაყოფილებისა და განხეთქილების ფასად მელეტიმ ალექსანდრიის საპატრიარქოში ახალი კალენდარი შემოიღო.14 ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე ყოფნისას იგი დაუკავშირდა რუს განმაახლებლებს - "ჟივოცერკოვნიკებს". "ჟივოცერკოვნიკთა" სინოდმა მელეტის პატრიარქად არჩევის გამო დაწერა: "წმინდა სინოდი გულისხმიერი მადლიერებით იხსენებს იმ მორალურ თანადგომას, რომელიც თქვენმა უწმინდესობამ გამოიჩინა თქვენი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე მყოფობისას, როცა ჩვენთან დაამყარეთ ერთობა, როგორც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთ კანონიერ ორგანოსთან".15
ბოლოს, უკვე სასიკვდილოდ სნეული მელეტი თავის კანდიდატურას იერუსალიმის პატრიარქის ტიტულზე აყენებს, მაგრამ არჩევას ვეღარ ეღირსა. მიტროპოლიტი მეთოდე კონდოსტანოსი წერდა: "წმინდა მიწიდან, კიტიონიდან, ათენიდან და კონსტანტინოპოლიდან განდევნილი მელეტი მეტაქსაკისი - დაუდგრომელი, დაუოკებელი, ძალაუფლების მოყვარე სული, ბოროტი დემონი, - წამითაც არ შეყოვნებულა და ალექსანდრიიდანაც კი იერუსალიმის ტახტის დაპყრობას ცდილობდა".16 1935 წ. 8 ივლისს მელეტი მეტაქსაკისი გარდაიცვალა და კაიროში დაიკრძალა".
არქიეპისკოპოსი ათანაგორა ფიატირელი და დიდბრიტანელი, რომელიც დასაფლავებას ესწრებოდა მაშინ ჯერ კიდევ არქიდიაკონის ხარისხში, მოწმობს, რომ მეტაქსაკისი მასონური რიტუალის სრული დაცვით დაკრძალეს.
მსოფლიო პატრიარქის ხარისხში მეტაქსაკისი ხელმძღვანელობდა ზემოხსენებული "ყოველთამართლმადიდებელთა კონგრესის" 10 სხდომაზე მეტს 1923 წელს. ამ კონგრესს მეტაქსაკისის მოწვევით ესწრებოდა ანგლიკანური ეკლესიის პრელატი ჩარლზ გორი, ოქსფორდის ეპისკოპოსი. მას შესთავაზეს მსოფლიო პატრიარქის მარჯვნივ დაჯდომა და სხდომებში მონაწილეობის მიღება. ამ კონგრესზე მიღებულ განჩინებათა შორის იყო ცვლილებანი პასქალიასა და სადღესასწაულო კალენდარში დასავლურ კალენდართან შესათანხმებლად და ასევე - მარხვათა და საეკლესიო მსახურებათა შემცირება, ხელდასმის შემდგომ მღვდელმსახურთა ქორწინების აკრძალვის გაუქმება და მღვდელმსახურთა სამღვდელო შესამოსელის ტარების აუცილებლობის გაუქმება.
ნიშანდობლივია, რომ ამ კონგრესზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ სამი ადგილობრივი ეკლესია: ბერძნული, რუმინული და სერბული. ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოები არ ფიგურირებდნენ მეტაქსაკისმა და მისმა სინოდმა ეს რეზოლუციები მიიღეს 1583, 1587 და 1593 წლების ყოველთა მართლმადიდებელთა კრებების იგნორირებით. ამ კრებების მიერ დაიგმო მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში გრიგორიანული კალენდრის გამოყენება. გრიგორიანული კალენდრის გამოყენება ასევე არაერთხელ დაუგმიათ სინოდალურად ბევრ სხვა შემთხვევაშიც - მათ შორის იერუსალიმში - პატრიარქ დოროთეოსს 1670 წ., მსოფლიო პატრიარქ აგათანგელოზს 1827 წ., მსოფლიო პატრიარქ ანფიმეს 1895 წ., კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდს 1902 და 1904 წწ., რუსეთის, იერუსალიმის, საბერძნეთისა და რუმინეთის წმინდა სინოდებს ცალკეულად - 1903 წ, კვლავ საბერძნეთის წმინდა სინოდს 1919 წ. და ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდს 1924 წ.
ეს სიახლე მაშინვე მხოლოდ სამმა ეკლესიამ მიიღო - კონსტანტინოპოლმა, საბერძნეთმა და რუმინეთმა। ამგვარად, ამ ეკლესიებმა სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ლიტურგიკული ერთობა იმის გამო დაარღვიეს, რომ სხვაგვარად აღმსარებლებლებთან ერთად ეზეიმათ ქრისტიანული დღესასწაულები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კალენდრის შეცვლა სწორედ იმ მიზეზით მოხდა, რა მიზეზითაც იგი დაიგმო მე-16 საუკუნის ყოველთა მართლმადიდებელთა კრებებზე, ე. ი. უნიატობის გამო და ეს აქტი სინამდვილეში წარმოადგენდა სწორედ იმ პროგრამის პირველი პუნქტის შესრულებას, რომელიც დაისახა 1920 წლით ენციკლიკაში: "ქრისტეს ყველა ეკლესიას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი".
აღსანიშნავია ასევე მეტაქსაკისის უსინდისო ტაქტიკა. როგორც პერეპელკინა მიუთითებს: "განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის მეთოდები, რომლითაც მელეტი IV ახალი სტილის შემოღებისას სარგებლობდა. აი, 1923 წ. 20 ივლისს არქიეპისკოპოს სერაფიმე ფინელის მიმართ მიწერილ ეპისტოლეში მელეტი აშკარად ცრუის, როცა ამბობს, რომ ახალი სტილი ხალხის მოთხოვნითა და მართლმადიდებელი ეკლესიების თანხმობით შემოიღეს".17
ამ მოვლენებამდე რამდენიმე ხნით ადრე, 1918 წ. არქიმანდრიტმა ქრიზოსტომოს პაპანდოპულოსმა დაწერა სტატია, რომელიც დაიბეჭდა საეკლესიო ჟურნალში - "საეკლესიო მაცნე" (ეკლესტიასტიკოს
კირიქს). ეს სტატია კალენდარულ რეფორმას მე-16 საუკუნის ყოველთა მართლმადიდებელთა კრებების განჩინებების საფუძველზე აცამტვერებდა.18 1919 წ. საბერძნეთის ეკლესიის სახელით პაპანდოპულოსმა მეორე სტატიაც დაწერა კალენდრის შეცვლის უარსაყოფად მთელი წინამდებარე ტრადიციის საფუძველზე... მაგრამ ამისდამიუხედავად, როდესაც ათენის არქიეპისკოპოსის ტახტზე ავიდა 1924 წ. თავად შეცვალა კალენდარი საბერძნეთის ეკლესიაში. ეს საბერძნეთის ხელისუფლების ზეწოლით განხორციელდა.
პოლკოვნიკ ნიკოლოზ პლასტირასის ახალმა რევოლუციურმა ხელისუფლებამ, როგორც ერთ-ერთ გამოკვლევაშია ნათქვამი, "თავისი მიზნებისათვის შეუფერებლად მიიჩნია არქიეპისკოპოსი თეოკლიტე" და 1923 წ। 25.II ძალისმიერად შეცვალა იგი არქიმანდრიტ ქრიზოსტომოს პაპანდოპულოსით. ამავე წლის 14 დეკემბერს ხელისუფლებამ შეცვალა ძველი კანონი, რომლის საფუძველზეც საბერძნეთის ეკლესია 70 წლის განმავლობაში არსებობდა, და ახალი კანონი შემოიღო. ამ კანონის შესაბამისად განუტევეს 5 ეპისკოპოსისაგან შემდგარი მმართველი სინოდი და მმართველობის ორგანოდ დაადგინეს მთელ ეპისკოპოსთა კრება, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა მოწვეულიყო. დანარჩენი დროის განმავლობაში მთელი საეკლესიო-ადმინისტრაციული საქმიანობა არქიეპისკოპოსის ხელში გადადიოდა, მას კი ყოველწლიური კრება ირჩევდა. ამასთან ერთად, ხელისუფლება "ვარგისიანობის" მიხედვით ეპისკოპოსების გადაადგილებისა და განთავისუფლების უფლებას იტოვებდა.
"აი, ასეთ პირობებში მიმდინარეობდა საბერძნეთის ეკლესიის საერთო კრება 1923 წ. 24-30 დეკემბერს. ამ კრებას ესწრებოდა დიქტატორი პლასტირასი, რევოლუციის პრემიერ-მინისტრი გონიტოსი და განათლებისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრი სტატიგოპულოსი. რელიგიურ საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერო და საეკლესიო კალენდრების თანხვდომის აუცილებლობას".19
პოლკოვნიკმა პლასტირასმა არაორაზროვნად გააცნო ეპისკოპოსებს თავისი პროგრამა:
"რევოლუცია გთხოვთ, დიდად პატივცემულო იერარქებო, დაუტევოთ ყველა პირადული მოსაზრება და ეკლესიის წმენდას შეუდგეთ... რევოლუცია იმედოვნებს, რომ თქვენი შრომის შედეგი სასარგებლო ღვაწლი იქნება მომავალი თაობებისათვის და რევოლუცია ბედნიერი იქნება ამოქმედებული ეკლესიის განახლების შემყურე... შესაბამისად, თქვენ არ გესაჭიროებათ მემკვიდრული კანონებით შემოფარგვლა, და შეუდექით რადიკალური ღონისძიებების განხორციელებას".20
გიორგი ლარდასი თავის გამოუქვეყნებელ ისტორიაში წერს: "არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს პაპანდოპულოსმა სინოდს გამოსტყუა რეზოლუცია, რომელიც მას კალენდრის შეცვლის უფლებას აძლევდა იმ პირობით, თუკი სხვა ადგილობრივი ეკლესიები 1923 წ. კონგრესის გადაწყვეტილებასა და მსოფლიო პატრიარქის მიერ ამ განჩინების მოწონებას დაეთანხმებოდნენ. სინამდვილეში არცერთ ადგილობრივ ეკლესიას სერიოზულად არ განუხილავს ეს ცვლილება, მათ შორის არც მსოფლიო პატრიარქს, რადგანაც ამ დროისთვის მელეტი თავის მრევლს უკვე გაეძევებინა კონსტანტინოპოლიდან. მისი მემკვიდრე პატრიარქი გრიგოლი საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოსახლეობის გაცვლის შემდგომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის საქმეების მოგვარებით იყო დაკავებული. არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს კი ეს რეზოლუცია იმ პირობით ჰქონდა მოპოვებული, რომ საბერძნეთის ეკლესიის სინოდისათვის უნდა წარედგინა წერილობითი მოწმობა იმისა, რომ სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიები "ყოველთამართლმადიდებელთა" კონგრესზე მოიწონებდნენ ახალ კალენდარს. მაგრამ მან ვერ მოახერხა ასეთი მოწმობის მოპოვება.
შემდგომი ორი თვის განმავლობაში არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს მიმოწერა ჰქონდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ გრიგოლთან და ახალი კალენდრის შემოსაღებად მის დარწმუნებას ცდილობდა। პატრიარქი გრიგოლი ყოყმანობდა, ითხოვდა ამ საკითხზე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ეპისტოლეებს. არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს კი უკვე მიეღო გადაწყვეტილება, კალენდარი 1924 წ. 10 (23) მარტს შეეცვალა. ეს თარიღი ახლოვდებოდა, კონსტანტინოპოლიდან კი არანაირი უწყება არ ჩანდა. მაშინ არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა დახმარებისათვის საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და სთხოვა, აღმოსავლეთის ეკლესიებისათვის ეცნობებინა, რომ საბერძნეთის ეკლესია კალენდრის რეფორმის შესახებ მსოფლიო პატრიარქის "გადაწყვეტილებას" აამოქმედებს და ამავე დროს მსოფლიო პატრიარქისთვის კი შეეტყობინებინათ, რომ ეს რეფორმა საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკვე ძალმოსილია. წერილი 1924 წ. 4 მარტით თარიღდებოდა. საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საბერძნეთის სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით საზრდოობს და მის მოთხოვნებს წინ ძნელად თუ აღუდგება. კალენდარი მართლაც 1924 წ. 10 (23) მარტს შეიცვალა. ეს ფაქტი ცვლილებამდე სულ რაღაც 7 დღით ადრე გამოცხადდა არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის მიერ ხელწერილ ენციკლიკაში. ენციკლიკა ტელეგრაფით გაეგზავნა სხვადასხვა გაზეთებს და დაიბეჭდა კვირას - 1924 წ. 3 (16) მარტს.
სხვა ადგილობრივმა ეკლესიებმა მეყსეულად გადაჭრით უარყოფითი რეაქცია გამოხატეს. იერუსალიმის პატრიარქმა აღნიშნა, რომ ახალი კალენდარი მისი ეკლესიისათვის წმინდა მიწაზე ლათინთა პროზელიტიზმის საშიშროებას ქმნის და ამიტომ მიუღებელია. ანტიოქიის საპატრიარქომ ამ ცვლილებებში ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხე დაინახა. მხოლოდ კონსტანტინოპოლის და რუმინეთის საპატრიარქოებმა განახორციელეს ეს ცვლილება.
ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაწია ალექსანდრიის პატრიარქმა ფოტიმ. მან ალექსანდრიაში მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელზეც განაჩინა, რომ კალენდარი ცვლილებას არანაირად არ საჭიროებს. პატრიარქებთან გრიგოლ ანტიოქიელთან, დამიანე იერუსალიმელთან და არქიეპისკოპოს კირილე კვიპროსელთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა კალენდრის ხელუხლებლად დატოვება. კრებამ მწუხარება და გულისტკივილი გამოხატა ამ საკითხის განხილვის საჭიროების გამო და განაცხადა, რომ ეს ცვლილება "არა მხოლოდ საბერძნეთში უქმნის საფრთხეს მართლმადიდებელ მორწმუნეთა ერთიანობას, არამედ ყოველგან".21
თუმცა ბოლოს და ბოლოს ალექსანდრიის საპატრიარქოსაც მოახრევინეს ქედი. ეს შემდეგნაირად მოხერხდა. 1923 წ. კონსტანტინოპოლის კონგრესის შემდეგ, რომელზეც კალენდრის შეცვლის განჩინება გამოსცეს, მსოფლიო პატრიარქი მელეტი მეტქსაკისი იძულებული გახდა გაქცეოდა სიახლეების შემოტანის გამო განრისხებულ თვისსავე სამწყსოს. ამ გაქცევის მიზეზი ის პოლიტიკური და სამხედრო გადატრიალებებიც გახდა, რომლებსაც საბერძნეთში ჰქონდა ადგილი 1924 წ. ბოლოსდაბოლოს 1926 წელს მელეტიმ ალექსანდრიას შეაფარა თავი, სადაც პოლიტიკური მხარდაჭერის წყალობით პატრიარქ ფოტის მემკვიდრე გახდა, რომელიც კატეგორიულად უარყოფდა კალენდრის შეცვლას. მეტაქსაკისი არ გადაურწმუნებია თვისი წინამორბედის აღმსარებლობას და პატრიარქად არჩეულმა ახალი კალენდარი შემოიღო. მიუხედავად ამისა, ალექსანდრიის საპატრიარქო საბერძნეთის ტრადიციულ მართლმადიდებელ ქრისტიანებს თანაუგრძნობდა, განსაკუთრებით კი პატრიარქ ქრისტეფორეს (1939-1966) დროს, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლების ზეწოლის გამო პატრიარქმა ქრისტეფორემ ალექსანდრიის საპატრიარქო ტრადიციულ კალენდარზე მაინც ვერ დააბრუნა. საბერძნეთის ხელისუფლების "რევოლუციურმა რეფორმებმა" და "ბერძნული დიასპორის" ერთიანობაზე ზრუნვამ ცხადლივ ჩაძირა ეკლესიის ერთიანობა და მისი საკრებო განჩინებანი.
განმარტებანი:
1. წიგნიდან "The Dogmatic and Symbolic Monuments of the Orthodox Catholic Church" vol II. John Karmiris, Gras, Austria, 1968, p.p. 9580959 (in Greek). See Appendix A, for the entire text.
2. D. Gatopoulos. Andereas Michalakopoulos, 1875-1938, Athens, Elevtheroudakis, 1948, pp. 90-93. წიგნი ბერძნულენოვანია და მთლიანად დაფუძნებულია იმ სახელმწიფო მოღვაწის კერძო არქივებზე, რომელიც შემდგომში საბჭოს პრეზიდენტი გახდა. ციტ. წიგნიდან "The Old Calendarists and the Rise of Greogory palamas Monastery". Etna, Calofirnia."
3. იხ. "კონსტანტინოპოლის ყოველთამართლმადიდებელთა კრების 70-ე წლისთავი". Orthodox Life, Jan-Feb, 1994.
4. Batistatos D., "Proceding and Decision of the Pan-Orthodox Council in Constantinople", May 10 June, 8, 1923, Athens, 1982 (ბერძნ. ენაზე).
5. "Famous Freemasons" by Alexander Zervoudakis in official publication Masonic Bulletin, Number 71, Jan, Feb, 1967 (ბერძნ. ენაზე).
6. ბენედიქტე ენგელეზაკისი თავის გამოკვლევაში "Studies on the History of the Church of Cyprus, 4th 20th centuries’" აღგვიწერს, თუ როგორ ცდილობდა მეტაქსაკისი კვიპროსის არქიეპისკოპოსის ტახტის დაპყრობას 1916 წ. მაგრამ უშედეგოდ: "მის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი მისმა ვენზელოსით აღფრთოვანებამ ითამაშა, ასევე მისმა ძალაუფლებისმოყვარე ხასიათმა და იმანაც, რომ ეჭვი შეიტანეს მის მოდერნისტულ განწყობილებებში". (Vaparoum, Ashgate Publbishing Limited, Aldershot, Hampshire, Great Britain, 1995, p. 440).
7. Delempases F.D. "Pascha of the Lord, Creation Renewal and Apostasy" Athens, 1985, p. 661 (ბერძნ. ენაზე).
8. იქვე.
9. იქვე.
10. Batistatos D., მითით. ნაშრ.
11. Delimpasis, A. D., მითით. ნაშრ. გვ. 662.
12. იქვე, გვ. 663.
13. Л. Перепелкина "იულიანური კალენდარი" ("Ortodox Life" N5, 1995, p. 26).
14. იხ. "The Church Nerald" N13. 1929, p. 152 (ბულგარ. ენაზე).
15. Буевски, "Патриарх Кოнстан-тино-польский, Мелетий IV и Русская Право-славная Цეрковь"
1953, N3, გვ. 36.
16. ციტ. Vatistatos D., Op. eit.
17. Перепелкина, მითით. ნაშრ. გვ. 26.
18. აი, რას წერდა პაპანდოპულოსი: "პატრიარქ იერემია II-ის (1572-1584, 1586-1595) წერილი ბრწყინვალედ განსაზღვრავს იმ პოზიციას, რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ იმთავითივე დაიჭირა კალენდრის გრიგორიანულად შეცვლასთან დაკავშირებით. ეკლესია ამას ძველი რომის კიდევ ერთ სიახლედ თვლიდა, საყოველთაო სკანდალად, ეკლესიის ტრადიციების დესპოტურ შელახვად. კალენდრის შეცვალება მხოლოდ ასტრონომის საქმე როდია, მას ეკლესიასთან მჭიდრო კავშირი აქვს, რამდენადაც აღდგომის დღესასწაულობას ეხება. აქედან გამომდინარე, პაპს კალენდრის შეცვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ამის გაკეთებით მან დაამტკიცა, რომ თავს მსოფლიო კრებებზე მაღლა აყენებს. აქედან გამომდინარე მართლმადიდებელი ეკლესია კალენდრის რეფორმის მომხრე არ ყოფილა" (არქიმანდრიტი პაპანდოპულოსი, "საეკლესიო მაცნე" N 143, 1918).
19. გიორგი ლარდასის გამოუქვეყნებელი ისტორია მეძველსტილეთა მოძრაობის შესახებ, წმ. სამების მონასტერი. NY. 1983, გვ. 15, 16.
20. არქიმანდრიტი ფეოლიტე ა. სტრანგასი "საბერძნეთის ეკლესიის ისტორია სარწმუნო წყაროებიდან. 1817-1867". "ეკლესიას ელლადოს ისტორია, ეკ აფსეუდონ" 1817-1967; Aტჰენს 1970. გვ. 1181.
21. გ. ლარდასი. მითით. ნაშრ. გვ. 16-17.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment