მღვდელი გელასი აროშვილი
ეკუმენისტური მოძრაობა ჩაისახა ინგლისსა და ამერიკაში XIX ს-ის შუა წლებში. იდეა ამ მოძრაობისა აღმოცენდა ანგლიკანური ჰუმანიზმისა და ბრიტანეთის იმპერიის უნივერსალიზმის საფუძველზე.
თანამედროვე ეკუმენიზმის დაბადების თარიღად ითვლება 1910 წელი, როდესაც მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე ქალაქ ედინბურგში დაისახა ამ მოძრაობის ძირითადი მიზნები და მიმართულებები. მანამდე, სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიურ გაერთიანებათა ინტეგრაცია რამდენიმე საფეხურად მიმდინარეობდა.
პირველი საფეხურის რელიგიურ გაერთიანებათა რიცხვს ეკუთვნიან: ლუთერანთა მსოფლიო ფედერაცია, მეთოდისტთა მსოფლიო საბჭო, პრესვიტერიანელთა მსოფლიო ალიანსი, ბაპტისტთა მსოფლიო ალიანსი, პანანგლიკანური მსოფლიო კონფერენცია. მეორე საფეხურის რელიგიურ ორგანიზაციათა გაერთიანება მოხდა "ეკლესიათა ნაციონალურ საბჭოთა" დონეზე. მაგალითად: "ქრისტეს ეკლესიათა ნაციონალური საბჭო ამერიკის შეერთებულ შტატებში", "ბრიტანეთის ეკლესიათა საბჭო" და სხვ.
დღეს ეს გაერთიანებები მონაწილეობენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მუშაობაში, ზოგიერთი მათგანი კი ორგანიზაციულად არის მასში გაწევრიანებული. მაგ.: "აშშ-ს ეკლესიათა ნაციონალური საბჭო", (აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ ეს ნაციონალური საბჭო აერთიანებს ე. წ. ქრისტიანულ აღმსარებლობებსა და რამოდენიმე ანტიქრისტიანულ რელიგიურ ორგანიზაციას, მათ შორის აშშ-ს სატანისტურ ეკლესიასაც). (Архиепископ Аверкий "Современность в свете слова Божия” том III, стр. 400-402. Jordanville. USA, 1976, 1976)
ზემოთ ჩამოთვლილ ორივე საფეხურის გაერთიანებათა მრავალი მოღვაწე იმავდროულად გვევლინებიან, როგორც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელები. მაგ. ლუთერანთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ფ. ფრაი იყო ე.მ.ს.-ის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. ბრიტანეთის ეკლესიათა საბჭოს ლიდერები უ. ტემპლი და მ. რამსეი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დაფუძნებასა და პირველ ეტაპზე მის ხელმძღვანელობაში. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აქტიურად თანამშრომლობს რეგიონალურ ეკუმენისტურ გაერთიანებებთან, როგორიცაა: წყნარი ოკეანის რაიონის ეკლესიათა კონფერენცია, სრულიად აფრიკის ეკლესიათა კონფერენცია და სხვ. ე.მ.ს.-თან მჭიდრო კავშირშია "სტუდენტთა მსოფლიო ქრისტიანული ფედერაცია".
"არსებობს აუცილებელი კავშირი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და გავლენიან მსოფლიო ოჯახებს შორის. ეს კავშირები შეადგენენ ეკუმენისტური მოძრაობის მნიშვნელოვან ელემენტს" - ამბობს ეკუმენიზმის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი გ. ფეი (The Ecumenical advance. 1970. London. p.133).
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკუმენისტური მოძრაობა თავიდან დააფინანსეს ცნობილმა ამერიკელმა მილიოენერებმა მორგანმა და როკფელერმა, ამას მოგვითხრობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივანი ვ. ვისერ ხუფტი, რომლებიც თავის მხრივ მორგანები და როკფელერები მთელი თავიანთი საგვარეულო დინასტიით XIX ს-ის ბოლოდან პიცბურგის (აშშ) მასონური კლუბის "დუკესნეს" წევრები არიან.1 (50 лет "Вера и церковное устройство". В.С.Ц. Женева, 1978 г.).
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მეგობრული კონტაქტები გააჩნია აგრეთვე არაქრისტიანულ რელიგიურ გაერთიანებებთან, მაგ. "ბუდისტთა მსოფლიო ძმობა", "მსოფლიო ისლამური კონგრესი" და სხვ.
ეკუმენისტური მოძრაობა წარმოადგნს სამი პარალელური ნაკადის სინთეზს, რომელთა მიზანიც არის სხვადასხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა ინტეგრაცია პრაქტიკულ და დოგმატურ ასპექტში. ეს სამი ნაკადია: 1. "ხალხთა საერთაშორისო თანამეგობრობის მსოფლიო საბჭო ეკლესიათა ეგიდით". 2. "ცხოვრება და მოღვაწეობა" (Life and work) ანუ პრაქტიკული ქრისტიანობა. 3. "რწმენა და მოწყობა (წესრიგი)" (Faith and order).
ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა "რწმენისა და მოწყობის" (Faith and order) ანუ დოგმატური მიმდინარეობის საქმიანობა. მისი მიზანი და ორიენტაციები განისაზღვრა ლოზანის (1927 წ.) და ედინბურგის (1937 წ.) კონგრესებზე.
პირველი, ვინც აქტიურად გამოეხმაურა ეკუმენისტურ მოძრაობას მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელმაც 1920 წელს მიმართა ყველა ქრისტიანულ ეკლესიასა და მიმდინარეობას. ამ მიმართვაში დაფიქსირებული იყო შემდეგი მიზნები: 1. შეთანხმება კალენდარულ საკითხში. 2. ძმური ეპისტოლეების გაცვლა დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებით. 3. კანონიკური კავშირების დამყარება ერთ რეგიონში არსებულ სხვადასხვა ეკლესიებთან. 4. საღვთისმეტყველო სკოლათა და მასწავლებელთა შორის ურთიერთკავშირის დამყარება. 5. მსოფლიო ქრისტეანულ კონგრესთა მოწვევა დოგმატურ განსხვავებათა საკვლევად. 6. სხვადასხვა ეკლესიათა ტრადიციების ურთიერთ პატივისცემა. 7. გარდაცვლილ ქრისტეანთა დასაფლავება იმ ეკლესიებში, რომელთაც ისინი არ ეკუთვნოდნენ. 8. შერეულ ქორწინებათა საკითხი. 9. პრზელიტიზმის (ერთი აღმსარებლობიდან მეორეში გადასვლის პროპაგანდის აკრძალვა (!). სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები იდგა დღის წესრიგში "რწმენისა და მოწყობის" ეკუმენისტურ კონგრესებზე ჟენევაში 1920 წელს, ლოზანაში 1927 წელს და მიურენში 1930 წელს, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ დელეგატები რიგი მართლმადიდებლური ეკლესიებიდან. ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთა უბრალოდ წამოჭრაც კი მართლმადიდებელ ეკლესიაში მუდამ შეფასდებოდა, როგორც დაუშვებელი კომპრომისი და ჭეშმარიტების ღალატი, მაგრამ თურმე დროისა და ამასოფლის მოთხოვნათა კარნახით მართლმადიდებლობაში სეკულარიზაციისა და რელიგიური მოდერნიზმის ახალი ერა იწყებოდა.
უმთავრესი მიმდინარეობა ეკუმენისტურ მოძრაობაში არის "რწმენისა და მოწყობის" ნაკადი. ეს არის მსოფლიო რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ისწრაფვის აღასრულოს ეკლესიათა გაერთიანების საქმე. განსხვავებით სხვა მიმდინარეობებისაგან იგი ცდილობს სხვადასხვა ეკლესიათა და დენომინაციათა ორგანულ შეერთებას სარწმუნოებრივ-დოგმატური (!) და საეკლესიო-ლიტურგიკული ცხოვრების საფუძველზე. სწორედ ამიტომ ენიჭება მას უმთავრესი როლი ზოგადქრისტიანული ინტეგრაციის მიღწევის თანამედროვე ასპარეზზე, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ჩარჩოებში.
ეკუმენისტური მოძრაობა ეკლესიათა გაერთიანების რამოდენიმე მეთოდს გვთავაზობს: 1. ურთიერთმსგავსების მეთოდი. ეს მეთოდი გვთავაზობს იმ აღმსარებლობათა დაახლოებას, რომლებიც ყველაზე უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან. ეკუმენისტთა აზრით ესენი არიან მართლმადიდებლები და ანგლიკანები (?). 2. ფედერალიზაციის მეთოდი. ეს მეთოდი გვთავაზობს ერთი ორიენტაციის, მაგრამ დამოუკიდებელი ადგილობრივი ეკლესიების კავშირს ტერიტორიული პრინციპით. მაგ. ევროპასა და ამერიკაში პროტესტანტულ ეკლესიათა გაერთიანებანი სხვადასხვა ნაციონალურ თუ რეგიონალურ საბჭოებში. 3. ინტერკონფესიური მეთოდი. ეს მეთოდი გვთავაზობს, რომ არცერთი კონფესია არ იყოს ჩაყენებული უსიამოვნო ვითარებაში და სარგებლობდნენ თანაბარი პატივით. პროტესტანტები ეძებენ ხსნას პირად ურთიერთობაში ქრისტესთან და არა ეკლესიურობაში, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია. ამ მეთოდის მიხედვით გარეგნული ეკუმენისტური ურთიერთოსოლიდარობა სცვლის ჭეშმარიტ ურთიერთსიყვარულს ეკლესიის წიაღში. ეკუმენიზმის იდეოლოგები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ ყველა ეკლესიის ურთიერთშენანებით, რადგანაც მათი აზრით ეკლესიის გაყოფა ცალკეულ ადამიანთა ცოდვებმა განაპირობა. მათი აზრით ეკლესიათა გაერთიანება უნდა მოხდეს თანასწორობისა და სხვადასხვა აღმსარებლობათა მისტიური გამოცდილების ურთიერთცნობის საფუძველზე. მართალია მართლმადიდებლებს არაფერი შეუცოდავთ დოგმატურ სფეროში, ამბობს ცნობილი ეკუმენისტი, პარიზის საღვთისმეტყველო სკოლის პროფესორი კარტაშევი, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ ქრისტეანთა საყოველთაო გაერთიანება მოხდეს მართლმადიდებელ ეკლესიაში, დაბრუნების გზით (!). შეერთება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია მაგალითს მისცემს სხვა დანარჩენთ მონანიების სახით, რათა სხვა ეკლესიებმაც შეინანონ თავიანთი შეცოდებანი და ამგვარად მივიდნენ ეკუმენისტურ ერთიანობამდე, გახდნენ ერთი მწყემსის ერთი ფარა.
საინტერესოა, რა უნდა შეინანონ მართლმადიდებლებმა მწვალებელთა წინაშე? ალბათ ჭეშმარიტი სამოციქულო სწავლების უმწიკვლოდ დაცვა, რომელიც აგრერიგად აღიზიანებს სხვადასხვა ჯურის მწვალებლებს და მათ მამას "მთავარს ამის სოფლისას". 4. საღვთისმეტყველო სინთეზის მეთოდი. ეს მეთოდი გვთავაზობს ყველა ეკლესიათა საღვთისმეტყველო გამოცდილებათა ერთად შეკრებასა და შეზავებას. მაგრამ როგორც ეკუმენისტურ წრეებში აღნიშნავენ, ეს მეთოდი მრავალ წინააღმდეგობას აწყდება სხვადასხვა ეკლესიების კლერიკალურად მოაზროვნე ღვთისმსახურებში, რომლებიც ჯიუტად იცავენ თავიანთ საეკლესიო ტრადიციებს. 5. მეტალოგიური მეთოდი. ამ მეთოდის მიხედვით ეკუმენისტური მოძრაობის ამოცანა უნდა იყოს არა ფორმალური გაერთიანება, როდესაც ყველა ეკლესია ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი სახე, არამედ ნამდვილი სულიერი (ტრანსცენდენტური) შეერთება. ამ მხრივ მაგალითად მოჰყავთ კვაკერთა სექტა, რომელნიც მართალია არ სცნობენ არცერთ საეკლესიო საიდუმლოს (თვით ნათლობასაც კი), მაგრამ ეკუმენურ კონგრესებზე არაერთხელ გამოუმჟღავნებიათ, რელიგიური გამოცდილება, ყოვლისმომცველი ტოლერანტობა და სიყვარული. და თურმე ყოველივე ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ედინბურგის კონფერენციაზე ერთმა "მართლმადიდებელმა" დელეგატმა აღნიშნა: "მათზედ (კვაკერებზე) სუფევს მეერგასის (სულთმოფენობის) სული"(!). როგორც იტყვიან, აქ კომენტარიც კი ზედმეტია.
1937 წელს ედინბურგში შედგა ეკუმენური კონფერენცია რწმენისა და საეკლესიო მოწყობის საკითხებზე, რომელსაც უნდა განეხილა რიგი საკითხები ამსტერდამის მსოფლიო ასამბლეაზე გასატანად. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა დღის წესრიგის V პუნქტი: "რა უნდა გაკეთდეს, რათა მიღწეულ იქნას ეკლესიათა ერთობა, რომელსაც ჩვენ ვეძიებთ". ამ მხრივ დაისახა ღონისძიებანი, რომელთა შორის აღსანიშნავია: 1. განსაკუთ-რებული დღეების შერჩევა ერთობლივი ლოცვისათვის. 2. რელიგიურ ძმობათა შექმნა ეკლესიათა გასაერთიანებლად. 3. საეკლესიო ერთობის პროგრამის შემუშავება. 4. მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს შექმნა.
ამ კონფერენციაზე ერთხმად იქნა მიღებული და ხელმოწერილი შეთანხმება "მადლის" შესახებ (სხვადასხვა ეკლესიათა მიერ ერთმანეთის მადლმოსილების ცნობა). ამ შეთანხმებულ დოკუმენტს ხელს აწერენ მართლმადიდებელი დელეგატებიც. მართლმადიდებელთა მხრიდან განცხადება გააკეთა მთავარეპისკოპოსმა გერმანოსმა (კონსტ. საპატრიარქო): "ქრისტეანულ ეკლესიათა საყოველთაო გაერთიანება შეიძლება დაჩქარდეს, თუ პირველ რიგში გაერთიანდებიან ის ეკლესიები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან ერთმანეთთან, ხოლო ერთობლივი მონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოებებში (ინტერკომუნიო) შეიძლება იყოს ბოლო, დამაგვირგვინებელი ნაბიჯი ჭეშმარიტი გაერთიანების საქმეში". ეს განცხადება ცხადყოფს კონფერენციაში მონაწილე მართლმადიდებელთა სრულ გულგრილობას საკუთარი მრწამსისადმი. იგი პირდაპირ წინააღმდეგობაშია მართლმადიდებლურ დოგმატთან ეკლესიის შესახებ. იგივე შეიძლება ითქვას კონფერენციის საბოლოო ანგარიშის ერთი ადგილის მიმართაც, სადაც ვკითხულობთ: "ნათლისღება არის ნიშანი და ბეჭედი ქრისტეს მოწაფეობისა მაცხოვრის მცნების შესაბამისად". ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსში კი სწერია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა და მოსატევებლად ცოდვათა".
განსხვავება მრწამსის ამ მუხლსა და ეკუმენურ განსაზღვრებას შორის იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ამ საკითხის სწორი შეფასებით სავსებით სამართლიანი იქნებოდა მართლმადიდებლებს აღარ მიეღოთ მონაწილეობა ამდაგვარ შეხვედრებში, რამეთუ ნათლისღების საიდუმლოს ამგვარი ეკუმენური განსაზღვრება არაფრით არ განსხვავდება ცვინგლის (რეფორმაციის ერთ-ერთი ბელადი) სწავლებიდან. იგი თვლიდა, რომ ნათლობა არის მხოლოდ უბრალო რიტუალი ადამიანის ეკლესიაში მიღებისას შესრულებული და მადლის მხოლოდ სიმბოლურ მხარეს გულისხმობს, თავად მადლს კი მონათლული არ ღებულობს. ანალოგიურ აზრს გამოთქვამდა კალვინი, რომელიც ამ საიდუმლოს მხოლოდ ბეჭედსა და აღთქმას (პირობას) უწოდებდა სულიერი აღორძინების საქმეში.
კონფერენციაზე განხილულ იქნა თემა "ეკლესიის ერთიანობა ცხოვრებასა და ლოცვაში". მის განხილვაში მონაწილეობდა დოქტორი ჯონ მოტტი (ეკუმენიზმის მამად და მოციქულად წოდებული). მან განაცხადა: "ქრისტეანეთა გაერთიანების საქმეში მხედველობაში მისაღებია ორი ასპექტი: შინაგანი (სულიერი) ასპექტი და გარეგნული (კორპორაციულ ერთობაში გამოხატული) ასპექტი. ამ მხრივ მე შევიმუშავე 17 პუნქტი, მაგრამ ყველაზე მთავარი, სტრატეგიული პუნქტია უკანასკნელი, რომელიც მოგვიწოდებს შევქმნათ "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო". თუ ეს პუნქტი შესრულდა, დანარჩენთა შესრულებას წინ აღარაფერი დაუდგება" (The second world conference on Faith and Order. p. 146).
ახლა ჩავიხედოთ ედინბურგის კონფერენციის საბოლოო ანგარიშში, სადაც ვკითხულობთ: "ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეკლესიები, გაერთიანებულნი მხოლოდ კრებით საწყისებზე, შეიძლება გახდნენ გავლენიანი საერთაშორისო ძალა, ერთი მუდმივმოქმედი ორგანოს შეუქმნელად, რომელიც მოიწვევს ასამბლეებს". საბოლოო ანგარიშის ეს აბზაცი ფარდას ხდის დოქტორ ჯ. მოტტის "სტრატეგიულ მოსაზრებას" მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს შესაქმნელად, აგრეთვე ნათელი ხდება მომავლის ეკუმენისტური ეკლესიის შექმნის მიზანი, როგორც გავლენიანი საერთაშორისო ძალისა.
არის კი რაიმე საერთო ეკლესიის მართლმადიდებლურ გაგებასა და ეკუმენისტური ეკლესიის იდეალს შორის? ქრისტეს ეკლესია არის ხომალდი ამა სოფლის მღელვარე ზღვაზე, რომელსაც თითოეული ქრისტეანის სული მიჰყავს ღმრთის სასუფეველში. და უეცრად ხომალდის კურსი იცვლება! მისი წაყვანა სურთ ამქვეყნიური ძლიერებისაკენ, "საერთაშორისო გავლენისაკენ". ეკუმენისტური ეკლესია დაპროექტებულია არა ღმრთის სასუფევლის საძიებლად, არამედ სულ სხვა ამქვეყნიური მიზნებისათვის. იგი დააკმაყოფილებს ადამიანთა სურვილს სოციალური წესრიგი დაამყარონ მსოფლიოში. მაგრამ ქრისტე ამას როდი გვასწავლის: "ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მათე 6; 33). განა მხოლოდ ეს სიტყვები არ კმარა, რომ ითქვას, რომ ქრისტეს ეკლესიას არაფერი აქვს საერთო მომავლის ეკუმენისტურ ეკლესიასთან?
ეკუმენისტური ეკლესიის იდეაა - მსოფლიო კოლექტიური პაპიზმი. პროტესტანტები ჩამოშორდნენ რომის პაპს და ახლა თავად ცდილობენ ახალი მსოფლიო ვატიკანის ორგანიზებას. ვნებათა და საკუთარ ნააზრევთა ტყვეობაში პროტესტანტული მსოფლმხედველობა თავისი უსასრულო ევოლუციითა და დეგრადაციით მივიდა თითქმის ღმერთის უარყოფამდე - უნიტარიელები უარყოფენ ყოვლაწმიდა სამებას; კვაკერები არ სცნობენ არცერთ საიდუმლოს; მეთოდისტები უარყოფენ საეკლესიო იერარქიასა და ხელდასხმის საიდუმლოს და ა. შ. საუბარი ედინბურგის კონფერენციაზე დავამთავროთ ერთ-ერთი გამომსვლელის (პასტორი გუნელი - საფრანგეთის რეფორმატულ ეკლესიათა კავშირიდან) სიტყვებით: "ჩვენ არ გვსურს ეკლესიათა ფედერაცია, იგი გააგრძელებს განყოფის საქმეს. ჩვენ მხოლოდ "ერთადერთი ვარიანტი გვჭირდება - "ეკუმენისტური ეკლესია", რათა წინ აღვუდგეთ რომის ეკლესიას". სავსებით ნათელია ეკუმენისტთა მიზანი: ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მეშვეობით დაამყარონ "მსოფლიო კოლექტიური პაპიზმი". და აი, 1948 წელს, ამსტერდამის მსოფლიო ასამბლეაზე ეს საბჭოც შეიქმნა.
ამსტერდამის ასსამბლეაზე არ დაუშურებიათ ძალისხმევა, რათა დაერღვიათ მოძღვრება ერთიან, ჭეშმარიტ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიაზე. ამ შეხვედრაზე მოხსენება წაიკითხეს პროტესტანტული სამყაროს ყველაზე ცნობილმა თეოლოგებმა. გუსტავ აულენმა თავის მოხსენებაში "ეკლესია ახალი აღთქმის შუქზე" განაცხადა: "ეკლესიის წევრებს შეადგენენ ყველა აღმსარებლობის ქრისტეანენი, ანუ - ეკლესია არის ყველა ეკლესიათა სინთეზი". პროფესორი კლარენს კრეგი თავის გამოსვლაში სიტყვას "კათოლიკე" (საყოველთაო) თარგმნის სიტყვით - "ინტეგრალური". ასე, რომ ეკუმენისტებს შეუძლიათ თქვან: "მრწამს ერთი, წმიდა ინტეგრალური, სამოციქულო ეკლესია, რომელიც არის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ეკლესია". პროფესორი ჯონ გრეგი შეეცადა კადნიერად დაერღვია ქრისტეს ეკლესიის საზღვრები: "დიდი ეკლესია არის ის, რომელშიც მომავალში გაერთიანდებიან ყველა მიმდინარეობის ქრისტეანები" - განაცხადა მან. ბაზელის უნივერსიტეტის დოგმატური ღვთისმეტყველების კათედრის პროფესორი კარლ ბარტი გამოვიდა შემდეგი მოწოდებით: "ბიბლია, დოგმატიკა, კატეხიზმი, საეკლესიო სამართალი, ლიტურგია, ქადაგება და საიდუმლონი სამუზეუმო ექსპონატებად იქცა, ერთადერთი ხსნა ეკუმენისტური მოძრაობით ეკლესიათა "გაცოცხლებაა". რუსი ღვთისმეტყველი გ. ფლოროვსკი ეკუმენიზმს ხარკს იმით უხდის, რომ ამტკიცებს, თითქოსდა ეკლესიას თავი თვისი ჯერაც არ განუსაზღვრავს, საკუთარი თავი არ შეუცვნია და ნაპოვნი არ არის ეკლესიის განმსაზღვრელი ფორმულა.
დაადგინეს რა ამგვარი ფორმულის არ არსებობის ფაქტი, ეკუმენისტებმა ჩათვალეს, რომ აქვთ კანონიერი უფლება შექმნან საკუთარი განსაზღვრება ეკლესიისა და ჩამოაყალიბეს კიდეც იგი ფორმულის სახით, რომლის თანახმადაც ეკლესია ყოფილა ყველა არსებული ეკლესიის სინთეზი. აი, როგორი სამსახური გაუწია ეკუმენიზმის იდეას მართლმადიდებელმა მღვდელმა.
მეორე (ევანსტონის) ასსამბლეა ეკუმენისტური თვალსაზრისით ყველაზე ფერმკრთალი იყო. ევანსტონში გაანალიზეს ეკლესიის სწავლებანი და მათგან გამოკვეთეს ის, რაც აღნიშნულ ეკლესიებს აქცევს უნივერსალური, ეკუმენისტური "დიდი ეკლესიის" ნაწილად.
უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ კონფერენციაზე: პირველად იქნა გაკრიტიკებული კომუნიზმი ქრისტეანული პოზიციებიდან. მაგრამ ეს ერთი შეხედვით დადებითი მოვლენა გახლდათ ცბიერი პოლიტიკა ე.მ.ს.-ს ხელმძღვანელობისა, რომელთაც მარჯვედ გადაუგდეს ეს "ძვალი" კომუნისტებს. მანევრმა სავსებით გაამართლა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შემდეგ კონფერენციაზე კომუნისტებმა აიძულეს მოსკოვის საპატრიარქო მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში, რათა თავისი იერარქების პირით თუკი არ დაიცავდა კომუნიზმს, არც იმის საშუალება მიეცა იქ შეკრებილი კონფესიებისთვის, რომ წამოეწიათ საკითხი საბჭოთა კავშირში ქრისტეანობის დევნის თაობაზე. თუკი გავიხსენებთ რუსეთის საეკლესიო კრების დადგენილებას ეკუმენიზმის შესახებ (კრება შედგა 1948 წ. მოსკოვში), სადაც ნათქვამია, რომ: "რუსეთის ეკლესიას არ მიუღია და არც მიიღებს მონაწილეობას ეკუმენურ კონფერენციებში. ჩვენ თავს ვიკავებთ იმ მიზეზთა განსაზღვრისაგან, თუ რატომ არ უარყვეს კონსტანტინეპოლის ეკლესიის წარმომადგენლებმა ეკუმენურ სარბიელზე მოღვაწეობა, სადაც აღესრულება ერთობლივი ლოცვა". ამ სიტყვების ფონზე მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელთა მონაწილეობა მომდევნო ნიუ-დელის კონფერენციაში გახლავთ მონური მორჩილების გამოვლინება ათეისტური მთავრობის მიმართ.
და აი, 1961 წელს ნიუ-დელიში (ინდოეთი) სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებთან ერთად ვხედავთ რუსეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის და სხვა დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგატებს სერბეთისა და ემიგრაციის რუსული ეკლესიის გარდა (1968 წელს სერბეთის ეკლესიაც შეუერთდა დანარჩენთ). ამრიგად ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში თავი მოიყარა ყველა მიმართულების ქრისტეანულმა აღმსარებლობებმა. ნიუ-დელის კონფერენციაზე კაცობრიობის ისტორიაში პირველად შეიქმნა ყველა მწვალებლობისა და სიცრუის ერთიანი ფრონტი. მოხდა კაცთა მოდგმის სულიერი ისტორიის მანძილზე არსებული ყველა მკრეხელობისა და ცდომილების შეკრება და ურთიერთშერწყმა და ამის შენიღბვა იმით, რომ ყოველივე ამას ესწრებოდნენ და ხელს უწყობდნენ "მართლმადიდებლები".
ნიუ-დელის კონფერენცია ეკუმენისტური თვალსაზრისით მეტადრე წარმატებული გახლდათ, სადაც ინდუსური მისტიციზმის ატმოსფერომ თავისი იოგებით, განსაკუთრებული ინდუსური ლირიკითა და "მისტიკით", კონფერენციის მრავალი მონაწილე აღაფრთოვანა.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მეოთხე ასსამბლეა 1968 წელს გაიმართა უფსალაში (შვედეთი). იგი მიმდინარეობდა დევიზით: "აჰა, ესერა ყოველსავე ახალ-ვყოფ" - (გამოცხ. 21;5).
უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიიდან 140 დელეგატი. მართლმადიდებელთა მიმართ, რომელთაგან ბევრი თავს უხერხულად გრძნობდა და გულის სიღრმეში იტანჯებოდა ეკუმენიზმში თავიანთი მონაწილეობის გამო, ე.მ.ს.-ს ხელმძღვანელობამ დაიწყო სატანურად დახვეწილი პოლიტიკის გატარება. ეს პოლიტიკა გამოიხატა მართლმადიდებელთა მიჩვევა-მოთვინიერებასა და თანდათანობით ჩათრევაში, მათი ჯერ კიდევ ჩაუმქრალი მართლმადიდებლური სინდისის ეკუმენისტურ ღუმელში გადასადნობად. მიუხედავად მართლმადიდებელთა დიდი რაოდენობისა, მათგან სიტყვით არავინ გამოსულა. გაანაწილეს რა ისინი სხვადასხვა კომისიებში, მათ აიძულებდნენი ხელი მოეწერათ დადგენილებებისა და რეზოლუციებისათვის, რომლებიც საფიქრალია, რომ მაინცდამაინც არ ჰქენჯნიდნენ მათ სინდისს. ეს იყო სინდისის თანდათანობითი მიძინების პოლიტიკა.
უფსალაში ასსამბლეის გახსნის ცერემონიაზე ყველა იქ მყოფის სახელით წაიკითხეს ეკუმენისტური ლოცვა: "ღმერთო, მამაო, შენ ძალგიძს ყოველივე ახალ-ჰყო, ჩვენ თავს შენ გაბარებთ; დაგვეხმარე, რათა ვიცხოვროთ სხვებისათვის, რადგან შენი სიყვარული ვრცელდება ყველა ადამიანზე; შეგვეწიე, ომ ვეძიოთ ჭეშმარიტება, რომელიც ჯერაც არ შეგვიცნია..." - როგორი მოსასმენი იქნებოდა მართლმადიდებელთათვის ეს სიტყვები?! როგორ სანახავი იქნებოდა მართლმადიდებელ იერარქთა სახეები, როდესაც სექტანტებთან, პროტესტანტებთან და პაპისტებთან (რომელნიც ამჯერად წარმოდგენილნი იყვნენ), ერთად საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ჭეშმარიტება არ შეუცვნიათ?!
1975 წელს ნაირობში (კენია) ჩატარდა V ასსამბლეა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსი. აქ შეიმჩნეოდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს "ზეეკლესიად" გადაქცევის ტენდენციები. აგრეთვე ასსამბლეის გაფორმებიდან ამოღებულ იქნა ზოგადქრისტეანული სიმბოლოები, უპირველეს ყოვლისა კი პატიოსანი ჯვარი ("Ж.М.П.", N4, 1976, ст. 13). ნაირობის ასსამბლეაზე ერთობლივი ლოცვების დროს შეიმჩნეოდა ეგზალტაციის ხელოვნურად შექმნილი ატმოსფერო, რომელსაც ეკუმენისტები განიხილავდნენ, როგორც სული წმიდის მოქმედებას. მართლმადიდებლური თვალსაზრისით კი მას შეიძლება მიეცეს ცრუ რელიგიური მისტიციზმისა და ამპარტავნული ხიბლის კვალიფიკაცია.
ეკუმენისტური განდგომილება ახალ საფეხურზე ავიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს VI ასსამბლეაზე ვანკუვერში (კანადა). ვანკუვერში განვითარებული მოვლენები თვით ეკუმენისტური "თანამიმდევრულობის" პროგრამის გამოწვევა იყო. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას თავად ილია II ხელმძღვანელობდა. 1983 წლის 31 ივლისს ამ ასსამბლეის მონაწილეთა მიერ შესრულებულ იქნა "ეკუმენიკური ლიტურგია", (შედგენილი ფრანგი რეფორმატორის მაქს ტურიანის მიერ და მიღებული "რწმენისა და მოწყობის" კომისიის მიერ პერუს დედექალაქ ლიმაში 1982 წელს). ამ ლიტურგიის მთავარი მოქმედი პირი იყო ანგლიკანი არქიეპისკოპოსი რანსი. მისი "თანამწირველები" იყვნენ ექვსი პროტესტანტი პასტორი, მათგან ორი ქალი: ინდონეზიელი რეფორმატორი კაროლინა პატიაზინა-ტორჩი და ლუთერანი ელიზაბეტა ლიდელი დანიიდან. მათ გარდა მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს "მართლმადიდებლებმა", მონოფიზიტებმა, პაპისტებმა. ასე მაგალითად, კათოლიკე ეპისკოპოსმა პაულ ვერნერმა (გერმანია) წაიკითხა სახარება, ხოლო "მართლმადიდებელმა" არქიეპისკოპოსმა კირილემ (ამჟამად სმოლენსკის მიტროპოლიტია) ამ "ლიტურგიაზე" შემდეგი ლოცვა წაიკითხა: "ვილოცოთ, რათა მსწრაფლ მივაღწიოთ ხილულ ერთობას ქრისტეს სხეულში, პურის განტეხისა და ერთი ტრაპეზის გარშემო ბარძიმის კურთხევით" (ვანკუვერის VI ასსამბლეის ჟურნალი "Canvas” N 7, 1983, პ. 1; ЖМП N9, 1983, ст. 54). ამავე ასსამბლეაზე პირველად ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ისტორიაში ოფიციალურად იყვნენ მოწვეულნი: იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმისა და სხვა რელიგიათა წარმომადგენლები. ასსამბლეის ოფიციალურ ჟურნალ "Canvas”-ში კმაყოფილებით იქნა აღნიშნული, რომ უკანასკნელი 22 წლის მანძილზე ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ III ასსამბლეიდან (ნიუ-დელი, 1961 წ.), რომელზედაც ჟურნალისტებიც კი არ დაუშვიათ სხვა რელიგიებიდან, VI ასსამბლეამდე, სადაც ტრიბუნიდან ქადაგებდნენ ებრაელი რაბინი, მუსულმანი მუფტი, ბუდისტი ლამა და სხვანი, "სულიერი" ევოლუციის დიდი გზა გაიარა.
გარდა ამისა, ასსამბლეის მრავალი ფემინისტი მონაწილე გამოდიოდა იდეით: "მამაღმერთის პარალელურად ქალღმერთის ტერმინი დაემკვიდრებინათ". აქვე უნდა ითქვას, რომ ამავე წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ გამოსცა ბიბლიის ახალი რედაქცია სახელწოდებით - "Inclusive language lectionary”. ეს არის ეგრეთწოდებული "ფემინისტური" თარგმანი, სადაც საღმრთო წერილის განსაკუთრებულად ხელშეუხებელი ადგილები, როგორიცაა "მამა ღმერთი", შეცვლილია "მამა/დედა ღმერთი"-; "ძე კაცისა" - "შვილი კაცისა"-თი; "უფალი" (Lord - მამრობითი სქესის სიტყვა) შეცვლილია საშუალო სქესის სიტყვით "სუვერენი" და ნაცვლად "უფალი ღმერთისა" ვკითხულობთ - "ღმერთი-სუვერენი". ძველი აღთქმის პატრიარქთა სახელებს თან ებმის ქალთა სახელები. მაგ.: "აბრაამი მამაა ჩვენი / სარა და აგარი კი დედანი ჩვენნი". განსაკუთრებული მკრეხელობებითაა აღსავსე იოანეს სახარებაში მაცხოვრის ლოცვა საიდუმლო სერობის ჟამს.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს VII ასსამბლეა, რომელიც კანბერაში (ავსტრალია) მიმდინარეობდა 1991 წლის 7-20 თებერვალს, ღვთისმგმობელობის, საერთო შაბაშური ლოცვებისა და ანტიმართლმადიდებლური ხასიათის სინკრეტიზმის აპოგეას წარმოადგენდა. ყოველივე ამის მონაწილენი იყვნენ მართლმადიდებელი იერარქებიც სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან. ასსამბლეა გაიხსნა ერთობლივი ლოცვით. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე წარმოდგენილი იყო რომის კათოლიკური ეკლესიის დელეგაცია 23 კაცის შემადგენდლობით და არქიეპისკოპოსის ედუარდ კაზიდის ხელმძღვანელობით, რომელმაც წაიკითხა რომის პაპის მისასალმებელი წერილი ასსამბლეისადმი.
დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც. სიტყვით გამოვიდა მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), რომელმაც განაცხადა: "... საქართველოს ეკლესიას გააჩნია სიმპათიები და მისწრაფება ეკუმენისტური სოლიდარობისადმი". მან აგრეთვე საქართველოში სტუმრად მოიწვია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელობა (ე.მ.ს. ყოველთვიური ჟურნალი "ONE WORLD”, march-april 1991 N 164). ამ ასსამბლეის მთავარი დევიზი გახლდათ - "მოდი სულო წმიდაო და განაახლე ყოველი ქმნილება". აღნიშნულ თემას ეხმიანებოდა კორეელი ქალის, პრესვიტეარიანელი "ღვთისმეტყველის", დოქტორ ჩანგის გამოსვლა. მომხსენებელმა წარმოადგინა შავი მაგიისა და სპირიტიზმის სეანსი. გარშემორტყმულმა რიტუალური ნიღბებით, მან ხელის გულზე დაინთო ცეცხლი, რომელსაც თან ახლდა შეფიცვები ინგლისურ ენაზე, სიტყვებით: "კეთილი იყოს შენი მობრძანება სულო წმიდაო. და მოგვეც ჩვენ რიტმი სიცოცხლისა! მოდი და განაახლე სამყარო!" მან დაიწყო სულთა გამოძახება, კერძოდ ყრმებისა, რომელნიც მოსწყვიტა იროდმა; აბორიგენებისა, რომლებიც კოლონიალურ ომებში დაიღუპნენ; ჯვაროსანთა, ბოლო დროს ჩინეთსა და ლიტვაში დაღუპულთა. მას არ დავიწყებია მიწის, ჰაერისა და წყლის სულებიც. ბოლოს მან დაიკივლა: "მოდი იესოს სულო, რომელიც ჯვარზე აცვეს!" სეანსის შემდეგ კორეელმა ეკუმენისტმა მადლობა გადაუხადა ასსამბლეის მონაწილეებს მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ მას სული წმიდა ესმის არა როგორც საღვთისმეტყველო სკოლებს, არამედ როგორც ეს ასოცირდება კორეელი ხალხის ათასწლოვან სულიერ გამოცდილებასთან, ანუ "კვან-ინ"-თან, რომელიც არის თანაგრძნობისა და სიბრძნის ქალღმერთი. იგი პოპულარულია აღმოსავლეთ აზიაში, კურნავს სნეულთ და იძლევა ძალას, რათა ყველა ცოცხალმა არსებამ გაცუროს ნირვანის ნაპირისაკენ. "კვან-ინი" შეიძლება იყოს ქრისტეს ქალური (ფემინური) სახეც. ადრე სწავლების უფლება ეკუთვნოდა საეკლესიო ხელისუფლებას, წმიდა მამებს, მაგრამ ახლა ასპარეზზე გამოდის ახალი, პოსტკოლონიალური თაობა. ჩვენ ვართ ახალი პარადიგმა - გააგრძელა მან - ახალი ღვინო, რომელიც არ შეიძლება ჩაისხას ძველ ჭურჭელში. დიახ, ჩვენ საშიშნი ვართ! მაგრამ აქაც სული წმიდა აკეთებს თავის საქმეს, სახეზეა ახალი პარადიგმა ახალი ეკლესიისა! - დაამთავრა თავისი გამოსვლა ჩანგმა. ამ ამაზრზენ რიტუალურ გამოსვლას დარბაზიდან გამოეხმაურა ამერიკელი მეთოდისტი როი სანი. მან სთქვა, რომ ჩანგის ლოცვა და სულთა გამოძახება მისთვის იყო წმიდა, ამაღელვებელი მომენტი და დაეხმარა მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა ღმერთი, როდესაც ჰკითხა კაენს - სად არის შენი ძმაო(?) ყოველივე ამას ესწრებოდნენ მართლმადიდებელი დელეგატები, მაგრამ რაიმე გამოხმაურება არც ასამბლეის ბიულეტენში და არც სხვა ეკუმენისტურ პერიოდიკაში ამ მკრეხელურ მოქმედებასა და სიტყვებს მათი მხრიდან არ მოჰყოლია. კორეელი მომხსენებლის გამოსვლა მთლიანად ასახულია დოკუმენტურ ფილმში, რომელიც კანბერის ასსამბლეას მიეძღვნა. აგრეთვე ჟურნალ "Assembly Line” (N2, p.1) და ჟურნალ "ONE WORLD”-ში (1991, N 164).
კანბერის ასსამბლეის ბიულეტენი გვთავაზობს ტექსტებს, რომლებიც გამოხატავენ სოლიდარობას ეკუმენისტ-ჰომოსექსუალისტებისადმი, რითაც ბანალურს ხდის სოდომურ ცოდვას და გამოყავს იგი როგორც ნორმა. საინტერესოა, გამოიწვია თუ არა თანაგრძნობა მართლმადიდებელ ეკუმენისტთა გულში ჰომოსექსუალისტთა და ლეზბიანთა მოწოდებამ - გამოსულიყვნენ მათ დასაცავად. ეს მოწოდება დაიბეჭდა ასსამბლეის ბიულეტენის მეორე გვერდზე (ibid. p.2) და იუწყება, რომ ჰომოსექსუალისტებს წარმოადგენდა დელეგაცია, რომელსაც სათავეში ედგნენ "მღვდელქალა" ნენსი უილსონი, პასტორები კიტ ჩერი და სტივ პიტერსი, რომლებიც ჰომოსექსტუალისტთა და ლეზბიანთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები არიან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსში (!) ("Assembly Line”. N 3, 11, 28, 1991. p.2, col 3).
კარგი იქნებოდა "სექსუალურ უმცირესობათა" თანამედროვე დამცველთ გაეხსენებიათ ღმრთის რისხვა სოდომსა და გომორაზე (დაბ. 18, 20-22; 19, 1-29). ეკლესია ამ ცოდვას განიხილავს, როგორც მომაკვდინებელს და მცდელობანი "ბიოლოგიურად", "სოციალურად" ან სხვაგვარად გაამართლონ იგი, არის თვისება თანამედროვე სამყაროსი - დააკანონოს სიბილწე და გარყვნილება. VII ასსამბლეის ბიულეტენი თავის ფურცლებზე იუწყება არა მარტო სოდომელებთან საერთო სადილის შესახებ, არამედ მათ მიერ ჩატარებულ "მესაზე" დასწრების ამბებს. არც ის შერცხვენიათ, რომ ეუწყებინათ თემის სათაური, რომელიც საფუძვლად დაედო ამ საერთო "მესსას": "მოდი სულო წმიდაო და გაგვათავისუფლე ჩვენ!" ("Assembly Line", N 10, 1991, p.2, col.2). საინტერესოა, რას აკეთებდნენ ამ დროს ასსამბლეაზე მყოფი მართლმადიდებელი იერარქები, ის კი ცნობილია, რომ საჯაროდ ნეგატიური დამოკიდებულება ამგვარი მკრეხელური ქმედებებისადმი არცერთ მათგანს არსად არ დაუფიქსირებია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისინი ეკუმენისტურ შეხვედრებში ჭეშმარიტი სარწმუნოების სადაქაგებლად არ ღებულობენ მონაწილეობას.
ყოველივე ზემოთქმულის გარდა სულიერი თვალსაზრისით მეტად აღმაშფოთებელი იყო "მართლმადიდებელთა" ლიტურღია, რომელიც საჯაროდ მიმდინარეობდა ასსამბლეის სხდომათა დარბაზში. სწორედ იმ სცენაზე, სადაც მანამდე თავისი სეანსი ჩაატარა კორეელმა ჩანგმა და სადაც შესრულდა ავსტრალიელ აბორიგენთა რიტუალური ცეკვები. კანბერის თავყრილობა დამსწრე საზოგადოებას ანებივრებდა მრავალფეროვანი "ღვთისმსახურებებით". ზემოთხსენებული სოდომელთა "მესიის" გარდა აქ წარმოდგენილი იყო კვაკერთა "მდუმარე" მსახურება, ევანგელისტური ეკლესიის "მხურვალე ღვთისმსახურებმა", რომელიც ჯაზური მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა ("Assembly Line" N7,15.2.1991, p.2, col.1). ხოლო ერთობლივი კონფესიათაშორისი "ლოცვები", რომლებიც ნიადაგს ამზადებდნენ "ევქარისტიული ერთობისათვის", მიმდინარეობდა ნახევრად შიშველი აფრიკელი მუსიკოსების გამაყრუებელი მუსიკის ფონზე. დასასრულ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ემილიო კასტრომ განაცხადა: "თუ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვეზიარებით ერთმანეთის ეკლესიებში, ეს როდი ნიშნავს, რომ ჩვენ სხვადასხვაგვარად გვესმის წმიდა ზიარების საიდუმლო. ეს საკითხი არ არის სარწმუნოებრივ-ეკლესიოლოგიური(!), იგი მხოლოდ ტრადიციისა და წეს-ჩვეულებების საკითხია. მოკლედ გეტყვით, ამიერიდან არცერთი ასსამბლეა ერთობლივი ზიარების გარეშე!" ამ სიტყვებს დარბაზში ტაში მოჰყვა ("ONE WORLD", march-april 1991, N164).
არ შეიძლება არ მოვიტანოთ ციტატა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, ალექსი II-ის მისასალმებელი მიმართვიდან VII ასსამბლეისადმი, იგი წერს: "მე ვლოცულობ, რათა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ერთგული დარჩეს თავისი თავდაპირველი მოწოდებისა ანუ ყველა ეკლესიათა საერთო სურვილს აღმსრულებლად სარწმუნოებრივი ერთობისა და ევქარისტიული კავშირის მიღწევის საქმეში" ("Ж.М.П." N 6, М. 1991, ст.60).
კანბერაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს VII ასსამბლეაზე ეკუმენისტურმა მოძრაობამ ნათლად გამოკვეთა თავისი ანტიქრისტიანული არსი, ასე რომ ლოზუნგები "ქრისტეანული სიყვარულისა", "ერთობის მიღწევისა" თუ "ჭეშმარიტების ქადაგებისა", რომლებითაც მართლმადიდებელი ეკუმენისტები თავს იმართლებდნენ ამგვარ შეხვედრებში მონაწილეობის შემდგომ, გულუბრყვილო და მცდარი აღმოჩნდა, რაც ამ ასსამბლეაზე მომხდარმა მკრეხელურმა ფაქტებმა დაადასტურეს.
No comments:
Post a Comment