ახალი ეკუმენური ქარტიის პრეზენტაცია საქართველოში


მღვდელი გელასი აროშვილი


უფალი ჩუენი იესო ქრისტე და ყოველნი წინასწარმეტყველნი და მოციქულნი ესრეთ იტყვიან, რაითა სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას და დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოველებელსა, არა ჯერ-არს ყოვლადვე დადუმებაი ქადაგებისაი მის, რამეთუ არა წარწყმდეს ცხოვრებაი მათი რომელნი დუმდენ”.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი


2001 წლის 22 აპრილს ქ. სტრასბურგის ლუთერანულ ტაძარში შედგა ეკუმენისტური ქარტიის საზეიმო ხელმოწერის ცერემონია. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპის ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტმა მიტროპოლიტმა იერემია კალიგიორისმა (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) და ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციის კათოლიკური საბჭოს პრეზიდენტმა პრაღის კარდინალმა მიროსლავ ვლკომმა. ამ ორ ორგანიზაციაში გაერთიანებულია ევროპის თითქმის ყველა ოფიციალური “მართლმადიდებლური”, პაპისტური და პროტესტანტული საკრებულო. ლოცვის შემდეგ, რომელიც წარმოსთქვა მიტროპოლიტმა იერემიამ და ბიბლიის კითხვის შემდეგ რომელსაც კითხულობდა კარდინალი ვლკომი, იქ შეკრებილთ დაურიგდათ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი ქარტიის ტექსტები. საზეიმო ხელმოწერას წინ უძღოდა ერთობლივი ეკუმენისტური მსახურება, რომელსაც უძღვებოდნენ ლუთერანი მღვდელ-ქალი რუთ რორანდტი და საფრანგეთის კარდინალი როჟე ეჩეგარაი. როგორც ხელმომწერებმა განაცხადეს ახალი ქარტია რეკომენდირებულია ევროპის ყველა ეკლესიისთვის, რათა მოხდეს ამ დოკუმენტის მიღება და ადაპტირება. (“Благовест-инфо”, 26/IV-2001)
2002 წლის 14 თებერვალს თბილისში კავკასიური სახლის დარბაზში გაიმართა ახალი ეკუმენური ქარტიის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოში არსებული პაპისტური, ბაპტისტური, ლუთერანული და მონოფიზიტური საკრებულოების ლიდერებთან ერთად ესწრებოდა საპატრიარქოს სამღვდელოება (გ. ჩაჩავა, ზ. თევზაძე). პრეზენტაციის დევიზი იყო: “რაითა ყოველივე ერთ იყოს”. სამუშაო ჯგუფმა გაზეთ “საბა”-ს, 2002 წლის თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა “ეკუმენური ქარტია”, გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ დოკუმენტიდან:
შესავალში ვკითხულობთ: “ორი ეკუმენური თავყრილობის (ბაზელში 1989 წ. და გრაცში 1997 წ.) მიმართვის თანახმად, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენს შორის არსებული ერთიანობა. მადლს ვწირავთ ერთარსება სამებას, რადგან იგი სულიწმიდის მეშვეობით ჩვენს ქმედებებს სულ უფრო ინტენსიური ერთიანობისკენ წარმართავს. ეკუმენური თანამშრომლობის მრავალმა ფორმამ მოიკიდა ფეხი. ...ვაცნობიერებთ რა ჩვენ დანაშაულს და მზად ვართ, რომ ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, უნდა შევეცადოთ, გადავლახოთ ჩვენს შორის ჯერ კიდევ არსებული უთანხმოებები. ერთად ვუგდებთ ყურს ღვთის სიტყვას და ვივსებით სურვილით, შეცნობილი ჭეშმარიტების დასტურად ვაღიაროთ ჩვენი საერთო რწმენა.
I თავში, რომელსაც ჰქვია: “გვწამს ერთი, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია” ვკითხულობთ: “ვკისრულობთ ვალდებულებას, - სული წმიდის ძალით ვიღვაწოთ იესო ქრისტეს ეკლესიის ხილული ერთიანობისთვის იმ ერთი რწმენით, რომელიც თავის გამოხატულებას ჰპოვებს ყოველი მხარის მიერ მიღებული ნათლობის ცნობასა და ევქარისტიულ თანაზიარებაში, ისევე როგორც ერთობლივ მოწმობასა და მსახურებაში”.
საინტერესოა, რომელია ეკუმენისტებისთვის ეს “ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია”; პაპისტური, პროტესტანტული, მონოფიზიტური თუ ყველა ამ მწვალებლობათა ნაზავი, ახალი ზეკონფესიური - ანტიქრისტეს ეკლესია? ანდა რანაირად აპირებენ ეკუმენისტი მართლმადიდებლები იკისრონ ვალდებულება აღიარონ და ცნონ პაპისტთა მწვალებლური პკურებითი ნათლობა, ანდა ბაპტისტების ევნომიანელთა იდენტური ნათლობა ერთი შთაფლვითი და სამების მხოლოდ ერთი ჰიპოსტასის სახელის მოხმობით? რომ აღარაფერი ვთქვათ მონოფიზიტთა ნათლობაზე, რომელთა ხელახალ ნათლობასაც განაჩინებს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. ვისთან იღებენ ვალდებულებას ევქარისტიული თანაზიარების დამყარებისა ეკუმენისტი იერარქები; პროტესტანტებთან, რომლებიც საერთოდ არ აღიარებენ ევქარისტიის საიდუმლოს (პურისა და ღვინის მაცხოვრის ხორცად და სისხლად გარდაქმნას სული წმიდის მოწვევის ლოცვების შემდეგ). სად არის ეკუმენისტური საყდრების აპოლოგეტი არქ. რაფაელი, განა იგი არ წერდა ცოდა ხნის წინ: “მთელი საეკლესიო კანონიკის საფუძველზე, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლების ზიარება ერეტიკოსებთან ერთად დაუშვებელია. საიდუმლოების ერეტიკოსებთან გაზიარება ამგვარი, ძალადობით განხორციელებული ერთობის დროს მწვალებლობის შეცდომების მისტიკური გაზიარებაა” (”გამოწვევა მოდერნიზმს”, გვ. 35). განა მისი სულიერი ძმები (საპატრიარქოს სამღვდელოება), რომლებთანაც ერთად ეზიარება არ ესწრებოდნენ არხეინად ამ ქარტიის პრეზენტაციას?
II თავში რომლის სათაურიცაა: “ევროპაში ეკლესიების ხილული თანაზიარების გზაზე”, ვკითხულობთ: “ეკუმენე იწყება ქრისტიანებისთვის მათი გულების განახლებით და მზადყოფნით, რომ მოინანიონ და შემობრუნდნენ ერთმანეთისკენ. ეკუმენურ მოძრაობაში შერიგება უკვე მიღწეულია. ...ერთად ვილოცოთ, ეკუმენე იმით საზრდოობს, რომ ერთად ვუსმენთ ღვთის სიტყვას და სულიწმიდა მოქმედებს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით. მიღებული მადლით გაძლიერებულები ვცდილობთ, რომ ლოცვებისა და ღვთისმსახურების მეშვეობით გაღრმავდეს ეკლესიებს შორის სულიერი თანაზიარება და ვლოცულობთ ქრისტეს ეკლესიის ხილული ერთიანობისთვის. ბევრ ეკლესიას შორის განხეთქილების მტკივნეულ ნიშანს წარმოადგენს საერთო ევქარისტიული თანაზიარების არარსებობა. ვკისრულობთ ვალდებულებებს - ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ქრისტიანული ერთიანობისათვის; ვისწავლოთ სხვა ეკლესიების ღვთისმსახურების და სულიერი ცხოვრების სხვა ფორმების შესწავლა და დაფასება; ვესწრაფვოთ ევქარისტიულ თანაზიარებას. ჩვენს ერთად დგომას ქრისტეში ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს ჩვენივე განსხვავებული თეოლოგიური და ეთნიკური შეხედულებების საპირსიპიროდ. ეკუმენური ურთიერთობის გასაღრმავებლად, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა რწმენის საკითხში თანხმობის მისაღწევად. რწმენაში ერთიანობის გარეშე არ არსებობს საეკლესიო თანა­ზიარება”.
სად არიან საპატრიარქოს “ანტიეკუმენისტები”? განა მათი მიტროპოლიტი არ აწერს ხელს ამ დოკუმენტს, თანაც მთელი საბჭოს სახელით, რომელშიც თითქმის ყველა მართლმადიდებელი საპატრიარქოა გაწევრიანებული? სწორედ ეს “ანტიეკუმენისტები” იყვნენ რომ წერდნენ: “მართლმადიდებელი ეკლესია, სრულყოფილი ერთიანობაა, რომლის ხერხემალსაც ლოცვით - ლიტურგიკული ერთობა წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ არ არსებობს რეგიონალური მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ლიტურგია, მისი ლიტურგიები მთელი ეკლესიისათვის არის საერთო” (არქ. რაფაელი. “გამოწვევა მოდერნიზმს”. გვ. 70). რა ხდება? რაშია საქმე? ეს ხომ ორმაგი სტანდარტია, უფრო ზუსტად კი რელიგიური აფერისტობა. ნუთუ ეკუმენისტები დემონმა ორ ნაწილად დაჰყო: “ერთნი - ძირითადად უმაღლესი იერარქია, ახალი ზეკონფესიური ეკლესიის შექმნისთვის იღწვიან. მეორენი კი მრევლისთვის თავ-გზის ასაბნევად თითქოს მართლმადიდებლური სწავლების სიწმინდეს იცავენ და რაც ყველაზე სამწუხაროა ჭეშმარიტი მართლმადიდებლების ლანძღვითა და მრევლის თვალში მათი დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამგვარი ქარტიების მიღება ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა სექტების გავრცელებისთვის.
III თავი - “ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა ევროპაში” მასონური იდეების პროპაგანდით იწყება და პანეკუმენიზმის ქადაგებით მთავრდება. მასში ვკითხულობთ: “ეკლესიები ხელს უწყობენ ევროპის კონტინენტის გაერთიანებას. საერთო ღირებულების გარეშე კი შეუძლებელია ხანგრძლივი ერთიანობის მიღწევა. გავაღრმავოთ კავშირი იუდაიზმთან. ჩვენ განსაკუთრებული კავშირი გვაქვს ებრაელ ხალხთან, რომელთანაც ღმერთს საუკუნო აღთქმა აკავშირებს. რწმენა გვასწავლის, რომ ჩვენი ებრაელი ძმები და დები არიან “საყვარელნი მამათა გამო, რადგან ღმრთის ნიჭნი და მოწოდება უცვალებელნი არიან” (რომ. 11:28-29). ისინი არიან “რომელთაც ეკუთვნით ძეობა და დიდება” (რომ. 9:4). ქრისტიანული ანტიიუდაიზმის გამო ღმერთს პატიებას ვთხოვთ, ხოლო ჩვენს ებრაელ დებსა და ძმებს - შერიგებას. აუცილებელია, რომ გავიზიაროთ ჩვენს ეკლესიებში ქადაგებისას და სწავლებისას, მოძღვრებასა და ცხოვრებაში ქრისტიანული რწმენის ღრმა კავშირი იუდაიზმთან და ხელი შევუწყოთ ქრისტიანულ-იუდეურ თანამშრომლობას. ვკისრულობთ ვალდებულებას წინ აღვუდგეთ ანტისემიტიზმისა და ანტიიუდაიზმის ნებისმიერ ფორმას ეკლესიაში და საზოგადოებაში”.
რას იტყვით ქრისტიანებო? თურმე ღმერთს პატიება უნდა ვთხოვოთ ანტიიუდაიზმის (ლაპარაკი არ არის ანტისემიტიზმზე) გამო. მაგრამ თავად ქრისტიანობა არის ზუსტადაც ანტიიუდაიზმი, რადგან იუდაიზმი სათავეს იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილიდან, სოლომონის ტაძრის კრეტსაბმელის შუაზე გაპობიდან იღებს, იგი დოქტრინალურად არის დაპირისპირებული ქრისტიანობასთან, რომლის არსსაც ქრისტესა და მისი მიმდევრების მტრობა, ჭეშმარიტი მხსნელის უარყოფა და ანტიქრისტეს მოლოდინი შეადგენს. აღთქმა, რომელიც ღმერთს მართლაც აკავშირებდა იუდეველებთან, მათ არ მიიღეს, უარყვეს და ჯვარს - აცვეს. ღმერთის ძეობა, დიდება და რჯულისდება კი მხოლოდ ქრისტიანებს ეკუთვნით, მათ შორის ტომით ებრაელ ქრისტიანებსაც და არა იუდაისტებს. არც მამანი არიან მათნი (რომ 9:4), რადგანაც ძველი აღთქმის მამები ქრისტეს მოსვლას წინასწარმეტყველებდნენ და ელოდნენ, დღევანდელი იუდაიზმის მიმდევართათვის კი ისინი უმკაცრესი მამხილებლები იქნებიან. რომელი ღრმა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქრისტიანულ რწმენას იუდაიზმთან, როდესაც თალმუდმა ძველი აღთქმის იეღოვა ახალი “ღმერთით” - შეხინათი შეცვალა, რომელიც თალმუდის მიხედვით ხან თალმუდში მეცადინეობს, ხან ლევიათანთან (ეშმაკთან) თამაშობს, ხან კი ლოცულობს, რათა მისმა მრისხანებამ მის მოწყალებას არ გადააჭარბოს (!) ("Основное Богословие". Арх. Августин. 1876. стр. 159-162). მაგრამ ამით არ მთავრდება ეკუმენისტთა მიერ ჭეშმარიტების ღალატი. III თავის მე-11 მუხლში ვკითხულობთ, “უნდა გავახშიროთ შეხვედრები ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ყველა დონეზე და გავაძლიეროთ ქრისტიანულ-ისლამური დიალოგი. ჩვენი განსაკუთრებული რჩევა იქნებოდა, ვისაუბროთ ერთმანეთთან ერთი საერთო ღმერთის რწმენის შესახებ”. ხედავთ ქრისტიანებო რა რჩევა-დარიგებას გვაძლევენ ეკუმენისტები? თურმე ჩვენ და მუსულმანებს “ერთი საერთო ღმერთი” გვყოლია. ნუთუ ეკუმენისტებმა უკვე ალლაჰი იწამეს და ყოვლადწმიდა სამებას აღარ აღიარებენ? მაშ რანაირად შეიძლება, რომ ქრისტიანებმა მუსლიმანებს “ერთი საერთო ღმერთის” რწმენაზე ვესაუბროთ?
ამდენი მკრეხელობის ქადაგების შემდეგ ვფიქრობთ სავსებით ლოგიკურია ამა წლის 24 იანვარს ასიზში (იტალია) ჩატარებული უპრეცენდენტო პან-ეკუმენისტური ვაკხანალია მსოფლიოს ყველა რელიგიის ლიდერთა მონაწილეობით, რომელსაც კონსტანტინოპოლის და ანტიოქიის პატრიარქები ესწრებოდნენ თითქმის ყველა სხვა საპატრიარქოთა ეპისკოპოსებთან ერთად. ისლამს აქ 29 რელიგიური ლიდერი წარმოადგენდა საუდის არაბეთიდან, ირანიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან. “ბუდისტური ლოცვები და ქრისტიანული ჰიმნები მორიგეობით ჟღერდა უზარმაზარ კარავში, რომელიც ზეთისხილის ტოტებით იყო მორთული. ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ინდუიზმის, სინტოიზმის, ზოროასტრიზმის, ჯაინიზმის, აფრიკული ოკულტური კულტების და სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა შეაერთეს თავიანთი ლოცვები, რათა ერთხმად მოელბოთ მათ მიერ თაყვანისცემელი ღმერთები მსოფლიოსთვის მშვიდობის შესანარჩუნებლად” (“Catholic News Service”, 24/I-2002). საქმე იქამდე მივიდა, რომ ფრანცისკ ასიზელის ბაზილიკის ეზოში ზოროასტრელებმა ცეცხლიც კი დაანთეს და თაყვანისცეს მას. გთავაზობთ ფრანცისკ ასიზელის ბაზილიკაში ჩატარებულ ეკუმენისტური მსახურების ტიპი­კონს: სამოციქულოს (ეფეს. 2:13-18) კითხულობს მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსი. კვერექსები მორიგეობით წარმოსთქვეს ალექსანდრიის საპატრიარქოს, სომხური მონოფიზიტური საკრებულოს და ბულგარეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსებმა, ლოცვა წაიკითხა კონსტ. პატრიარქმა ბართლომემ, კვლავ სამოციქულო (რომ. 12:1-21) ალბანეთის მთავარეპისკოპოსის მიერ წაკითხული. კვერექსის მუხლები მორიგეობით ანტიოქიის, იერუსალიმის და პოლონეთის ეპისკოპოსების შესრულებით. ლოცვას კითხულობს ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე IV. სამოციქულოს (გამოცხ. 21; 1-7, 22; 1-5) კითხულობს მალაბარის მონოფიზიტი ეპისკოპოსი. ლოცვას ამბობენ მეთოდისტთა მსოფლიო საბჭოს და ორმოცდაათიანელთა წარმომადგენლები. კვლავ ლოცვა, რომელიც ასირიელ ნესტორიანელთა პატრიარქმა წარმოსთქვა. “მამა ჩვენო”-ს რომის პაპი იოანე პავლე II ამბობს. რუმინეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსი - “კურთხევა უფლისა თქვენ ზედა...”. ლოცვას კითხულობს სირიელ იაკობიტთა პატრიარქი, ლოცვას აგრძელებს კილიკიის მონოფი­ზიტური საკათალიკოსოს წარმომადგენელი. უკანასკნელ ლოცვას თავად რომის პაპი წარმოსთქვამს. ყველანი ერთხმად პასუხობენ: ამინ! (Интернет-журнал "Златоуст", "Русская линия").
გარდა ამისა 2002 წელს ჩატარდა ორი უპრეცენდენტო ეკუმენისტური მსახურება. 17 თებერვალს ზაგრების მიტროპოლიტმა იოანემ (სერბეთის საპატრიარქო) მილანში წმ. ამბროსის კათოლიკური მონატრის ტაძარში ჩაატარა ლიტურგია, რომელსაც სერბ სამღვდელოებასთან ერთად ესწრებოდა პაპისტების ეპისკოპოსი ფრანჩესკო კოკოპოლმერიო, მომავალში დაგეგმილია ამგვარი მსახურებების რეგულარული ჩატარება (“Ветроградъ”. N 1;2001).
9 ივნისს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ იტალიის ქალაქ რავენის კათოლიკურ ბაზილიკაში ლიტურგია ჩაატარა. იგი იტალიაში იმყოფებოდა ეკოლოგიურ სიმპოზიუმზე “ზღვა და საშიშროება”. რავენის არქიეპისკოპოსი ჯუზეპე ვერუჩი მიესალმა პატრიარქის ამგვარ ინიციატივას ვიდრე ხალხის ზიარებას დაიწყებდა ბართლომემ განაცხადა: “ყველა მარლთმადიდებელსა და კათოლიკეს, ვინც სათანადოდ მოემზადა საკუთარი მარხვის წესის მიხედვით შეუძლია თავისუფლად მიიღოს ზიარება”. დამსწრეთა 3/4-ზე მეტი ტაძარში რომის-კათოლიკე იყო, ისინი მივიდნენ საზიარებლად. (ვატიკანის რადიო, “Agnus”).
საინტერესოა ეკუმენური ქარტიის დასკვნითი ნაწილიც რომლის სათაურია: “იესო ქრისტე, როგორც ერთიანი ეკლესიის უფალი, ჩვენი ყველაზე დიდი იმედია” - ეს უკვე “განშტოებათა თეორიის” რეალიზაციაა, სახეზეა ახალი ცნება - “ერთიანი ეკლესია”, - რომელშიც ერთად მოიაზრებიან მართლმადიდებლები, პაპისტები, მონოფიზიტები, ანგლიკანები, ლუთერანები, ბაპტისტები და სხვები, თუმცა ყველა ამ აღმსარებლობათა შორის სარწმუნოებრივ-დოგმატური კედლებია აღმართული. მათ “ერთიან ეკლესიაში” გასაერთიანებლად ან ამ კედლების დანგრევაა საჭირო, რაც ამ კონფესიათა ლიკვიდაციას ნიშნავს, ანდა სარწმუნოებრივ განსხვავებათა გვერდზე გადადება, მათზე თვალის დახუჭვა და რაღაც პოლიტიკურ-სოციალური ტიპის გაერთიანება ერთი საერთო იდეისთვის, ახალი მსოფლიოს წესრიგის დამყარებისთვის. ეს კი ჭეშმარიტების, იესო ქრისტეს ღალატია.
ზემოთგანხილული დოკუმენტი კი შემდეგი მოწოდებით მთავრდება: “როგორც ევროპის ეკლესიათა კონფერენციის და ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციების საბჭოს პრეზიდენტები რეკომენდაციას ვუწევთ ამ ეკუმენურ ქარტიას, რათა იგი მიღებულ იქნას საბაზისო დოკუმენტად ევროპის ყველა ეკლესიისათვის.
რას უნდა ველოდეთ ახლო მომავალში? როგორ განვითარდება მოვლენები? ალბათ ამ ახალ ქარტიას როგორც საბაზისო დოკუმენტს ისე მიიღებს ეკუმენისტურ საყდართა ნაწილი. საქართველოში კი განმეორდება ის, რაც ბოლო წლებში არაერთხელ მომხდარა. საპატრიარქო თავისი სამღვდელოების ნაწილს ამ დოკუმენტის პრეზენტაციებზე გაგზავნის მის მხარდასაჭერად, ნაწილი სამღვდელოებისა იტყვის რომ ეს ცუდი დოკუმენტია და ყველაფერი ამით ჩაიფარ­ცხება. ღვთის წინაშე კი ამას ნელ-ტფილობა ჰქვია, “ხოლო სარწმუნოებასა შინა საშუალობა და ნელ-ტფილობა უხმარ და გამოუცდელ არს” (წმ. ანდრია კესარიელი). ამიტომ “მეგულვების აღმოგდება შენი პირისაგან ჩემისა” (გამოცხ. 3:16) - იტყვის უფალი.

ხარება, 2002

No comments:

Post a Comment