დედის - ნონნას ეპიტაფია[1]
ნონნა, ასული ფიტატესი. სად მიიცვალა? - ტაძარში ღმრთისა.
როგორ? - ლოცვისას. რამდენი ხნისა? - ხანმოთეული.
აჰა, სიცოცხლე მშვენიერი და აღსასრულიც ღმრთივ სასურველი.
([1] - PG 37, Carmen II, 2, n.99. 374 წ.)
მაქსიმეს[1]
ვერც კი ვიჯერებ, შენ წერაც კი გაბედე?
მაქსიმ-მწერალი? საოცარია მეტად!
ურცხვინოება ძაღლთა[2] ახლოს ვერ მოვა.
ეჰა, დროებავ, ყოვლის ნების დამრთველო!
ვით ნაწვიმარზე სოკომ, ისე იმრავლეს
ეპისკოპოსთა, ბრძენთა მხედართმთავართა,
თვინიერ გარჯის და ქმნის კეთილ საქმეთა
ამას რას ვხედავთ? სიბრძნე და სათნოება
მიუჩქმალავთ და ფეხით გაუთელიათ,
ყბადაღებული სითავხედე ბატონობს,
უგუნურება კი ზეიმობს და ზვაობს.
განუსწავლელად ვითარ გამოვიდოდა
საქმისათვის ცოდნა აღარცაა საჭირო?[3]
იქნებ მუზებმა ძველი დროის უეცრად
სიბრძნით აღგავსეს, ვითარ უწინ სჩვეოდათ?
ან გაგახელა წმინდა დაფნით შემოსვამ?
ან იქნებ წყარომ გრძნეულ ძალით აღგავსო,
რომ უწიგნური მაქსიმე წერად დაჯექ,
თხზვად ლექსებისა თვინიერ საზომისა?
ჰოჲ, გიკვირდეთ საქმე განსაკვირველი:
საულ - წინასწარმეტყველ[4], ხოლო ბრძენ
- მაქსიმ!
ამის შემდგომად წერას ვინ არ დაიწყებს?
ყველას აქვს სახლში საწერელი, ქაღალდი,
მოხუცსაც შესწევს ძალი წერის, აზრის თქმის.
მიდი, გაბედე, ნუღარც შენ დააყოვნებ!
ბრბო შეიკრიბე, ტაში გაიძლიერე!
ნუ შიშობ, მცირედ არიან გონიერნი,
ბრბო აწინდელი მაქსიმთაგან შედგება.
ბრბოს მოაწონე თავი, ხოლო წიგნიერთ
დაცინვის შემდგომ მშვიდობის გზა უსურვე!
საქმე რომ სწორედ სასაცილოდ გაგვიხდა,
მაგრამ როდესაც გარე-მოიცავს მტერი,
გამბედაობა ბრძენსაც მართებს, ჰოდა, შენც,
კადნიერებით გაგიცნობენ, მაქსიმე!
(მართლაც რომ ბორგავს ბრიყვი მაგინებელი)
ჩვენ კი, ნეტავი, აღარც უნდა ვიცინოთ?
რამდენი რამ არს ამქვეყნად საცინელი!
იყავ მჭევრმეტყველი, ხოლო მტერთათვის
- ძაღლი!
ამგვარ საქმეში ხომ ვერც ვერავინ გაჯობებს.
კვლავაც შევძახებ, ათასჯერაც: სიტყვანო![5]
თუმც ამით ნაღველს სრულად ვერ განვიქარვებ.
წერაც გაბედე? სად და როდის ისწავლე?
ვისგან გებოძა, ნეტავ, ეს საბოძვარი?
ჯერ კიდევ გუშინ სულ სხვა იყო: ცხოვრება
ბორგნეული და მასთან ზნეც ბორგნეული
ღარიბულ ლუკმას გაჭმევდა, გახარებდა.
ხოლო სიტყვები შენთვის იყო იგივე,
რაც არის ლირა სახედრისთვის და ტალღა
-
ხარისთვის, ხოლო ზღვის მხეცთათვის - უღელი.
ახლა გაგვიხდი ყოვლის მძვრელი ორფევსიც
და ამფიონიც, კედელთა აღმმართველი
თვისი სიმებით[6]. დახეთ ძაღლთა საქციელს!
ურცხვინოება ესე ალბათ გიბოძეს
თანამოღვაწეთ ძველთა და თანამთხზველთა.
მათთვის შენ გედიც იქნებოდა და, ალბათ,
ზეფირის ფრთათა სინარნარით ფენილი[7]
მუსიკალურად მოესმოდათ ხმაც შენი.
გარნა რასა წერ, ძაღლო, ვის წინააღმდეგ?
ნუთუ შენა ხარ წინააღმდგომ იმ კაცის,
ვისთვისაც წერა ისე ბუნებრივია,
ვით წყლისათვის დენა, სიმხურვალე ცეცხლისათვის.
მხდომ ხარ იმისთვის, ვინაც არის ყვედრებულ
შენგან და არა შენი მაყვედრებელი.
ჰოჲ, უგუნურებავ, მასთან კადნიერებავ!
ძვირფასო, ცხენთან გაჯიბრებას ინებებ[8],
ლომის დაკოდვას უუძლურესი ხელით.
ერთია მხოლოდ, რასაც ალბათ ფიქრობდი:
არ მოელოდი პასუხს მაგინებელი.
ჭკვიანურს მხოლოდ ამას ვხედავ მე შენში,ვინ შეგებმოდა, აბა, ძაღლს გონიერი?[9]
[1] -
PG 37, Carm. II, 1, n.41. 383 წ. მაქსიმე კინიკოსი - პოეტის პირადი მტერი, საეკლესიო ავანტურისტი, ლიტერატურულ პაექრობას უმართავდა გრიგოლს.
No comments:
Post a Comment