ათენის სინოდის პასუხი რომის პაპის ლეონ XIII-ის ენციკლიკაზე აღმოსავლეთის ეკლესიების რომთან შეერთების შესახებ. ათენი 1895 წ. (გამოკრებული)

 
რომის პაპი ინოკენტი III და ბერი დომენიკე (დომენიკანელთა ორდენის დამაარსებელი)
...მსოფლიო ისტორიაში აღწერილია მრავალი ბოროტმოქმედება, რაც ამა თუ იმ პიროვნებას, ანდა მთელ ერს ჩაუდენია სხვა რომელიმე ერის წინააღმდეგ; ცნობილია, კერძოდ, დამარცხებული მოწინააღმდეგის დამცირება-შეურაცხყოფის ამსახველი საშინელი სცენები, მაგრამ ბოროტმოქმედებანი, რომლებიც შუა საუკუნეების პაპისტურ ეკლესიაში აღსრულებულა პაპებისა და მათი ერთგული ხელქვეითების მიერ ერთმორწმუნეთა და ხშირად თვისტომთა მიმართ, ავაზაკობის ნებისმიერ აღწერას აღემატება. ლათინების ავკაცობა წარუხოცელ ლაქად ადევს მსოფლიო ისტორიას და განსაკუთრებით პაპისტურ ეკლესიას.
ცნობილმა ინკვიზიტორმა თომას დე ტორკვემადამ ევროპის თითქმის ყველა მონარქი დაარწმუნა, რომ ქვეყნიდან გაეძევებინათ ყველა იუდეველი და მუსულმანი.

კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყველაზე პირქუში და ბარბაროსული, ყველაზე სასტიკ ბოროტმოქმედებათა ეპოქა მაშინ დაიწყო, როცა დასავლეთის ხალხები "წმიდა ინკვიზიციის" დამკვიდრებით გაუგონარი ტირანიის ქვეშ აღმოჩნდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გონებამ დაცემულობის აპოგეას მიაღწია ინკვიზიციის ველურობაში და სისხლისმოყვარებაში, ფეხქვეშ გათელა ბუნების წესები და სინდისის კანონები, თანაც ყოველივე ჩადენილი იქნა ერთმორწმუნეთა და თვისტომთა, უდანაშაულო ადამიანთა მიმართ! ახლაც კი "წმიდა ინკვიზიციის" ხსენებაზე მათ, ვინც იცის მისი მნიშვნელობა, უსიამოვნო განცდა ეუფლება, რადგან ამ სიტყვებზე ყველას ახსენდება პაპიზმის გულქვაობა, ბარბაროსობა, უმეცრება და ბრიყვული ცრუმორწმუნეობა.
ინკვიზიტორთა ზოგიერთი საწამებელი ინსტრუმენტები

ინკვიზიციის საძულველი სასამართლოების გამოგონების ავადსახსენებელი პატივი პაპ ინოკენტი III- (1198-1216) ეკუთვნის. "სასულიერო პირთა გარყვნილებისა და თავად პაპების საქციელის შემხედვარე მრავალი ადამიანი დაბრკოლდა"[1] და რომის ეკლესიას ჩამოშორდა.
ინოკენტი III- ერეტიკოსების (.. ალბიგოელების) გონზე მოსაყვანად და პაპიზმის წიაღში მათ დასაბრუნებლად სხვა საშუალებებთან ერთად "წმიდა ინკვიზიციაც" გამოიგონა და მისი წარმართვა დაავალა იმ ხანად დაარსებულ მქადაგებელ ძმათა ორდენს, რომელსაც შემდგომში "დომინიკანელთა" ორდენი ეწოდა; ძმობამ რომის ეკლესიის მეთაურის არჩევანი სავსებით გაამართლა და სრულიად დააკმაყოფილა პაპის სისასტიკე. მართალია, დასაწყისში ინკვიზიციის მთავარი მიზანი მწვალებლობათა აღმოფხვრა იყო, მაგრამ ინკვიზიციამ იმთავითვე მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მოქმედების არეალი და შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე პაპების მფარველობითა და უფლებების ბოროტად გამოყენებით წარმოუდგენელი ბოროტმოქმედებანი ჩაიდინა.

პაპი ლეონ XIII, რომელიც განსჯის უნარით გამოირჩევა, ნაცვლად იმისა, რომ როგორმე გამოითხოვოს ღვთისაგან შენდობა ინკვიზიციის უკანონო სასამართლოების გამომგონებელი და მხარდამჭერი თავისი წინამორბედი პაპების მძიმე ცოდვებისა, ენციკლიკების შედგენაზე კარგავს დროს და სხვადასხვა საშუალებას მიმართავს თავისი უკანონო ეკლესიის წიაღში ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების მისაზიდად, იმ წმიდა ეკლესიებისა, რომლებიც ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას მტკიცედ იმარხავენ და დღემდე შეურყვნელად ინარჩუნებენ უფლისა და მისი წმიდა მოციქულების სწავლებას. რაც შეეხება პაპებს, მათ შეცვალეს და დაამახინჯეს ეს სწავლება, თუმცა თავიანთ თავს მაინც პეტრე მოციქულის უცდომელ მემკვიდრეებს უწოდებენ. საკმარისია თვალი გადავავლოთ ინკვიზიციის საშინელებათა აღწერას, რომ დავრწმუნდეთ, თუ როგორი უზარმაზარი უფსკრული გააჩინა ინკვიზიციამ ჭეშმარიტ ქრისტიანებსა და პაპისტურ ეკლესიას შორის, რომელიც, თუკი, რა თქმა უნდა, ნამდვილად ერთობა სწადია სხვა ეკლესიებთან და არა მათი დამონება, უპირველეს ყოვლისა ვალდებულია უარყოს და დაგმოს ყველა პაპი, ინოკენტი III-დან დაწყებული უკანასკნელამდე, რომლის დროსაც ჯერ კიდევ მოქმედებდა ინკვიზიცია. სანამ პაპის ეკლესია არ დაგმობს ინკვიზიტორი პაპების არაადამიანურ და ბარბაროსულ ქმედებებს, მას არ ექნება უფლება ეკლესიათა გაერთიანებაზე ისაუბროს. სიცრუის რა იეზუიტური ხრიკებიც არ უნდა იხმარონ პაპისტებმა თავიანთი მიზნების მისაღწევად, მათ ქმედებას შედეგად მხოლოდ განყოფის გაღრმავება მოჰყვება.

"წმიდა ინკვიზიციის" უღმერთო სასამართლოების (მათ არაადამიანურობისა და სისასტიკის მწვერვალს ცნობილი ტორკვემადას დროს მიაღწიეს) დაარსების დროიდან "სასარგებლო" საქმიანობისათვის ფართო ასპარეზი მიეცა ყოველი ჯურის ნაძირალას, რომლებმაც ჯაშუშობას მიჰყვეს ხელი. საკმარისი იყო რომელიმე მათგანი მისულიყო ინკვიზიტორთან და დაესმინა, რომ ადამიანს დაუყოვნებლივ დამნაშავედ ცნობდნენ და გარდა იმისა, რომ ჯოჯოხეთის საუკუნო სატანჯველის ღირსად ჩათვლიდნენ, ინკვიზიციის მიწიერ ტანჯვასაც უმალვე განაცდევინებდნენ. ადამიანები სიკვდილით ისჯებოდნენ რელიგიის ან მის მსახურთა წინააღმდეგ წარმოთქმული რაიმე სიტყვისათვის, ანდა, მაგალითად, როდესაც ინკვიზიციის განაჩენის აღსრულებაზე დასწრებისას თუნდაც უნებლიედ (მიმიკით, სხეულის მოძრაობით და ..) ინკვიზიტორთა გაკიცხვას გამოამჟღავნებდნენ. ძალიან ხშირად ადამიანი ბოროტების მსხვერპლი ხდებოდა თავისი სიმდიდრის, ნიჭიერების, ან სხვა რაიმე თვისების გამო, რაც რატომღაც გულზე არ ეხატებოდათ დომინიკანელთა ორდენის "ღირს" მამებს; საქმის ყოველგვარი გამოძიების გარეშე ასეთ ცოდვილს იჭერდნენ, ართმევდნენ ქონებრივ უფლებებს და შეაჩვენებდნენ არა მხოლოდ მას, არამედ მესამე თაობამდე მთელ მის შთამომავლობას. შემდეგ ასეთ პიროვნებას უსჯიდნენ საშინელ სიკვდილსცოცხლად დაწვას. მოსარჩლეები და მოწმეები არ არსებობდნენ, არ იყო არანაირი კანონიერი საშუალება უდანაშაულოდ მსჯავრდადებულის გასამართლებლად, რადგან ვერავინ ბედავდა სიკვდილმისჯილის სასარგელოდ ხმის ამოღებას; ყველამ წინასწარ უწყოდა, რომ უბედურის დასაცავად წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო, რომ ინკვიზიციის კოცონზე აღმოჩენილიყო თავად ქომაგიც. მოჩვენებითი სასამართლოს ფორმალობათა აღსრულებისა და განაჩენის ხელმოწერის შემდეგ იწყებდნენ მსჯავრდადებულის სიკვდილით დასჯისათვის მზადებას, რათა ეს ცერემონია, მორწმუნეთა ჭკუის სასწავლებლად, რაც შეიძლება საზეიმოდ შეესრულებინათ. ინკვიზიციის ამგვარ საზეიმო სიკვდილით დასჯას ეწოდებოდა "საქმე სარწმუნოებისა" (აუტო-და-ფე) და იგი "უცდომელი" პაპის კურთხევით კვირა დღეს სრულდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით:

დანიშნულ კვირა დღეს გამთენიიდან გაისმოდა ზარების საზეიმო რეკვა. ყველას უხმობდნენ ცოდვილის კოცონზე დაწვის ჭკუის სასწავლებელ სანახაობაზე. ამ საშინელ და ამაზრზენ სანახაობაზე დასასწრებლად ბეჯითად და მოწიწებით მიიჩქაროდნენ პირველ რიგში ყველაზე მდიდარი და გამოჩენილი მოქალაქეები, რომ ინკვიზიციის მოწინააღმდეგეებად არ ჩაეთვალათ, რის გამოც თავადაც კოცონზე აღმოჩნდებოდნენ. როდესაც დადგებოდა სიკვდილით დასჯის ჟამი, ციხიდან გამოდიოდა მწყობრი რელიგიური პროცესია. წინ მიდიოდნენ "წმიდა" დომინიკეს ორდენის მონაზვნები, მათ მიჰყვებოდნენ სარწმუნოების წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებში დადანაშაულებული პირები, რომლებიც ჯერჯერობით, მათივე სულიერი გადარჩენის მიზნით, "სინანულის" (მუქარისა და წამების) სხვადასხვა კანონს ექვემდებარებოდნენ; შემდეგ მიჰქონდათ წმიდა ჯვარი, ხოლო ღვთის გულმოწყალებისა და კაცთმოყვარების ამ წმიდა ნიშნის შემდეგ მოდიოდნენ ინკვიზიციის გუშაგებით გარშემორტყმული უბედური სიკვდილმისჯილები, მწუხარებითა და სასოწარკვეთილებით განადგურებულნი, ღონემიხდილნი, ფეხშიშველნი, საგანგებო მოსასხამებში გახვეულნი, თავზე კონუსისებური ქუდით. მათ მოსასხამებსა და ქუდებზე გამოსახული იყო დემონები, ჯოჯოხეთის ცეცხლი და სხვ. შემდეგ მოჰქონდათ იმ მსჯავრდებულთა პორტრეტები, რომელთაც გაქცევით უშველეს თავს, ასევე იმ მსჯავრდებულთა ნეშტებს მოასვენებდნენ, რომლებიც სიკვდილით დასჯამდე გარდაიცვალნენ ინკვიზიციის ციხეებში. შავ კუბოებზე, რითაც ეს ნეშტი მოჰქონდათ, ასევე დახატული იყო ჯოჯოხეთის ნაირგვარი სატანჯველი. ბოლოს მოდიოდნენ სასულიერო პირები და პაპისტური ორდენების ბერ-მონაზვნობა. ამგვარი მწუხარე პროცესია ქალაქის მთავარი ქუჩების გავლით მიემართებოდა ტაძრისაკენ. იქ რომელიმე ფანატიკურად განწყობილი დომინიკანელი თავის მგზნებარე ქადაგებაში ხოტბას შეასხამდა "წმიდა" ინკვიზიციის "კეთილ ნაყოფს" და იმ საძაგელ ცერემონიებს. შემდეგ წარმოთქვამდნენ საშინელ ანათემებს უცოდველი პაპისა და მისი ერთგული მსახურების ყველა მოწინააღმდეგის მიმართ და ყველას გასაგონად კითხულობდნენ საინკვიზიციო სასამართლოს უკანონო განაჩენს. მსჯავრდებულები ხელში ჩამქრალი სანთლებით იდგნენ და განაჩენს ისმენდნენ. განაჩენის წაკითხვის შემდეგ სიკვდილმისჯილებს ხელებს უკრავდნენ და კვლავ მწყობრად ფსალმუნთა და წმიდა საგალობელთა გალობით "ღვთისმოსავი" ხალხით გადაჭედილ ფართო მოედანზე გადიოდნენ; იქ რელიგიური მანიით შეპყრობილ პაპის ეკლესიის მონაზონთა ფანატიკური სიძულვილის უდანაშაულო მსხვერპლთა მისაღებად უკვე გიზგიზებდა კოცონები. მაგრამ მანამდე ყოველგვარ მფარველობასა და ნუგეშისცემას მოკლებულ უბედურ სიკვდილმისჯილებს, ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანებისგანაც მიტოვებულებს (რადგან ადამიანთა ამ მსხვერპლშეწირვის დამსწრეთა ერთი ამოოხვრა, ერთი ცრემლიც კი საკმარისი იყო, რომ თავადაც ისეთივე საშინელი სიკვდილით მომკვდარიყვნენ), თითქოს დაცინვით ეკითხებოდნენსურდათ თუ არა სიკვდილი კათოლიკური სარწმუნოების აღიარებით. ვინც "სიყვარულით აღსავსე" დომინიკანელებს ამ კითხვაზე დადებითად პასუხობდა, იღებდა განსაკუთრებულ უპირატესობასჩამოახრჩობდნენ და შემდეგ ცეცხლში ჩააგდებდნენ. ხოლო ვინც უთანხმოებას გამოხატავდა პაპის ეკლესიისა და მისი უცოდველი მეთაურის მიმართ, მას ცოცხლად წვავდნენ, რაც თავად პაპს და მის გულმოდგინე მსახურებს უდიდეს სულიერ კმაყოფილებასა და სიხარულს ანიჭებდა. ასე მთავრდებოდა ეს საშინელი ცერემონიები, რომლებიც ინკვიზიციის არსებობის მანძილზე მუდამ ერთსა და იმავე არაადამიანურ ხასიათს ატარებდა.

პაპები, თითქოს ქრისტიანობის უდიდეს მდევნელებსა და მტანჯველებსნერონს, დეკიუსს, მაქსიმიანეს, დიოკლეტიანეს და სხვა რომაელ დესპოტებს ეჯიბრებიანო, ცდილობდნენ გადაეჭარბებინათ მათი სისხლიანი ტრიუმფებისთვის, ამ მტანჯველებს სისასტიკეში ბაძავდნენ და მრავალმხრივ გადაამეტეს კიდეც მათ, რადგან უფრო არაადამიანურები აღმოჩნდნენ. რომაელი იმპერატორები თავიანთი მშობლიური ღმერთებისა და კერპებისათვის პატივის მიგების მიზნით აწამებდნენ ქრისტიანებს, ხოლო პაპებს რით შეუძლიათ გაამართლონ თავიანთი სასტიკი და სისხლიანი საქმეები, ქრისტეს სახელით რომ აღასრულეს? უფალმა ხომ სიყვარული, მორჩილება და თავმდაბლობა მოგვცა მცნებად. უსჯულოების მოქმედი პაპები იქადიან კიდეც, რომ ყოველივე უცდომელად მოიმოქმედეს! მართლაც, რით გაამართლებს პაპი ლეონ XIII თავისი წინამორბედების მიერ უდანაშაულო ადამიანების მიმართ საშინელ შეჩვენებებს, რით გაამართლებს დევნას, ქონების ჩამორთმევას, შემაძრწუნებელ წამებას, რით გაამართლებს ადამიანთა კოცონზე დაწვას მხოლოდ იმის გამო, რომ მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის[2] წინაშე.

...



...მართალია უცოდველი არ საჭიროებს სხვა ადამიანთაგან რჩევის მიღებას, პაპმა მაინც გადაწყვიტა რომში მოეწვია "საეკლესიო კრება", რათა განეხილა საკითხი თავისი ეკლესიის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საერთოდ და განსაკუთრებით იმის თაობაზე, თუ როგორ მიაღწიონ აღმოსავლეთის ეკლესიების რომთან "გაერთიანებას". მსოფლიოს ყველა კუთხიდან ვატიკანში შეიკრიბნენ პაპის ეპისკოპოსებიგანსხვავებული დოგმატური შეხედულების მქონენი, სამაგიეროდ ერთსულოვანნი პაპის პირველობისა და უცოდვლობის აღიარებაში, რაც პაპისტების სწავლებით, ცხონებისათვის ყველაზე აუცილებელი დოგმატია. ცხადია, არაფერია უცნაური იმაში, რომ ოდესღაც, ცოდვით დაცემის შემდეგ, წარმართებმა ნაბუქოდონოსორის ოქროს კერპს სცეს თაყვანი. არაფერია გასაკვირი იმაშიც, რომ მღვდელმთავართა ეს დასი დედამიწის ყველა კუთხიდან შეიკრიბა, რათა მთელი გულით ღვთაებრივი პატივი მიეგოთ რომის ეკლესიის მეთაურისათვის...

აქ მხოლოდ ერთი რამ იწვევს გაოცებას. ჩვენ ვთქვით, რომ რომში შეკრებილი სხვადასხვა დოგმატური შეხედულებების მქონე ყველა ეს ეპისკოპოსი სრულიად ეთანხმებოდა ერთმანეთს პაპის პირველობისა და უცდომელობის აღიარებაში. მაგრამ თუკი პაპი უცდომელია, ხოლო შეკრებილი ეპისკოპოსები, ცხადია, შესაძლოა შეცდნენ და მსჯელობისას შესცოდონ (რამდენადაც, საერთო ქრისტიანული ცნობიერებით, ყველა ადამიანი ცოდვილია, როგორც მოწმობს წმიდა წერილი: "ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაჲ სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლითსიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ.5,12), მაშ რაღა საჭიროა ცოდვილი და შემცდარი ეპისკოპოსების რომში თავმოყრა? როგორ გაბედეს მათ თუნდაც შეეხედათ უცდომელი პაპისათვის! ან თავად პაპს რატომ უნდა დასჭირვებოდა ეს ცოდვილი ხალხი, მსოფლიოს ყველა კუთხიდან რომ მოიხმო რომში? დავუშვათ, კრებაზე მიწვეულმა ეპისკოპოსებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს რაიმე სარწმუნოებრივ საკითხზე და პაპი დაეთანხმა მათ შეხედულებას, განა ეს იქნება თანხმობა პაპის უცდომელობასთან? განა ჩრდილი არ მიადგება პაპის უცდომელობას, თუ იგი ცოდვილი და შემცდარი ადამიანების შეხედულებებს მიიღებს? თუკი ყურადღებით და მიუკერძოებლად განვსჯით, ნათელი გახდება, რომ სრულიად უადგილოა და ზედმეტი ის კრება რომში, რომელზეც საუბარია, და არა მხოლოდ ეს კრება, არამედ პაპის ეკლესიაში მოწვეული სხვა მსგავსი კრებებიც, რომლებზეც თავმჯდომარეა ადამიანი, საკუთარ თავს უცდომელ არსებად რომ ასაღებს.

ამრიგად, რომში მოწვეულმა კრებამ უცდომელი პაპისა და ცდომილი აზროვნების მქონე ეპისკოპოსების, ასევე სხვა სასულიერო პირთა საერთო გადაწყვეტილებით, დაადგინა: რადაც უნდა დაჯდეს, გაერთიანდნენ ეკლესიებიო. ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად საუკეთესო საშუალებად აღიარეს არა ინკვიზიცია, როგორც ძველად იყო დასავლეთში, არამედმზაკვრობა და ტყუილი: ხომ არის ცნობილი, რომ [პაპისტურ-იეზუიტური სწავლებითრედ. შენ.] "მიზანი ამართლებს საშუალებას". რომში შეკრებილ ეპისკოპოსებს არც კი უფიქრიათ განეხილათ პაპის ეკლესიის დოგმატური სწავლება და გაეწმინდათ იგი ადამიანური უმეცრებითა და ღვარძლით შედგენილი ღვთის საწინააღმდეგო სიახლეებისაგან. ასევე არ განუხილავთ სხვა არსებულ ეკლესიათა დოგმატები, რადგან მაშინ ხომ ყველასათვის ცხადი შეიქნებოდა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას უპყრია დოგმატები იმ სახით, როგორც ქრისტიანობის ღვთაებრივმა ფუძემდებელმა და მისმა წმიდა მოციქულებმა იქადაგეს, მაშინ პაპისტები იძულებულნი გახდებოდნენ მოჩვენებითი სირცხვილის გარეშე მიეღოთ მართლმადიდებლური დოგმატები და უარი ეთქვათ საკუთარ ცდომილებებზე. მათ ეს არ გააკეთეს. კრების მონაწილეებს არც კი უფიქრიათ განეხილათ ნამდვილი მიზეზები აღმოსავლეთის ეკლესიისაგან დასავლეთის გამოყოფისა, ასევე არ განუხილიათ თავად პაპის ეკლესიის შიგნით არსებული დანაწევრების მიზეზები, მისგან პროტესტანტებისა და თუნდაც დღევანდელ ძველკათოლიკეთა გამოყოფა, რომ ამ მიზეზთა მიკვლევით მშვიდობისა და ერთობის აღსადგენად შესაბამისი საშუალებანიც გამოენახათ. იტალიაში და სხვა კათოლიკურ ქვეყნებში სასულიერო პირთა კრებულსა და მრევლს შორის დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო მწვავდება და მტრული ხდება. ზემოხსენებული კრების მონაწილეებს კი აზრადაც არ მოსვლიათ ეზრუნათ, ამ მხრივ დაემყარებინათ მშვიდობა და თანხმობა. სამაგიეროდ გამოიგონეს სიცრუის ისეთი საშუალებანი, რომ პაპის თვითმპყრობელობის ბადეში გაეხვიათ არა თავიანთი ძმები იტალიაში, ან ძველკათოლიკეები, ჯერ კიდევ გუშინ პაპიზმის წიაღში რომ იმყოფებოდნენ, ან პროტესტანტები, არამედ აღმოსავლეთ ქრისტიანები, სომხები, კოპტები და, განსაკუთრებით, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, რომელმაც დღემდე უცვლელად შეინარჩუნა სახარების სწავლება და წმიდა მოციქულთა გადმოცემააღმოსავლეთის ქრისტიანებზე პაპის ზრუნვა გულწრფელი რომ ყოფილიყო, მართლა რომ ეძიებდეს პაპი სხვადასხვა ეკლესიების ქრისტიანებს შორის მშვიდობასა და ძმური ერთობის აღდგენას, იგი დაიმსახურებდა უდიდეს მადლიერებას, როგორც ადამიანი, მთელი მსოფლიოს გადარჩენისათვის რომ იღწვის. მაგრამ გადარჩენა როგორც მსოფლიოსთვის, ასევე თითოეული ადამიანისათვის არის "საუკუნო ცხოვრებაში". ხოლო "საუკუნო ცხოვრების" დამკვიდრება შესაძლებელია არა პაპის პირველობისა და უცდომელობის აღიარებით, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შევიცნობთ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც დედამიწაზე მოავლინა თავისი ძეუფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამიტომაც თავისი პირველობის საყოველთაო ქადაგების გზით მსოფლიო გაერთიანებისა და გადარჩენის მოსურნე ლეონ XIII აშკარა ცდომილებაშია და სახლს ქვიშაზე აგებს. ის ეკლესიები ან ცალკეული პირები, რომლებიც პაპისადმი მონური მორჩილების პირობით მასთან გაერთიანდებიან, არა თუ ვერ ცხონდებიან, არამედ მათ, როგორც მოღალატეებს და გამცემლებს, საშინელი სამსჯავროს დღეს უფლის წინაშე მოუწევთ პასუხი აგონ იმის გამო, რომ არ შეინარჩუნეს მათთვის მინიჭებული სარწმუნოების ღვთაებრივი საწინდარი, აჰყვნენ ადამიანურ ჩაგონებებს და სახარების ჭეშმარიტების გარდამაქცევლებს.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ვატიკანის კრებამ ეკლესიათა სავარაუდო გაერთიანების მისაღწევად ყველაზე შესაფერის საშუალებად აღიარა სიცრუე, რადგანაც პაპის ეპისკოპოსებმა სრულიად აუარეს გვერდი საკუთრივ განყოფის მიზეზებს. ამრიგად, განხეთქილების ჭრილობის სამკურნალოდ პაპისტებმა ინკვიზიციაზე უფრო დამღუპველ საშუალებას მიმართეს: თუკი ინკვიზიციის დროს ტანჯვა-წამებით პაპიზმის მოწინააღმდეგეთა მარტოოდენ სხეულებს ანადგურებდნენ, ახლა ზემოხსენებულ კრებაზე გადაწყდა დაიწყონ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულების დაღუპვა და საიდუმლო მოწამვლა. სწორედ ამ მიზნით იქვე ჩაიფიქრეს აღმოსავლეთი დაფარონ ვაჟთა და ქალთა პაპისტური სკოლების მთელი ქსელით, ხოლო კონსტანტინოპოლში დააარსონ პაპისტური უნივერსიტეტიც.

აღმოსავლეთში იეზუიტების თუ სხვა ლათინი მონაზვნების მიერ სხვადასხვაგვარი სკოლების მოწყობა სიახლეს არ წარმოადგენს. ოღონდ ამჟამად ამ ქსელის გამოყენება სურთ დაჟინებული და გადამწყვეტი ღონისძიებებით, რათა მართლმადიდებელი აღმოსავლეთის რაც შეიძლება სწრაფი დაპყრობის ჩანაფიქრი განახორციელონ. განვლილი ათწლეულების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პაპისტების საქმიანობამ მართლმადიდებელი ბერძენი ხალხის მისამართით ძირითადად უშედეგოდ ჩაიარა. სამწუხაროდ, კათოლიკეებმა სხვა ხალხებში ამ მხრივ გარკვეული წარმატება მოიპოვეს. ამის შედეგად არსებულ ეკლესიებს აღმოსავლეთშიმართლმადიდებლურს, სომხურსა და კოპტურს ახლა დაემატასომხურ-კათოლიკური, სირიულ-კათოლიკური, უნიატური, ბერძნულ-კათოლიკური და სხვ. ეკლესიები, რომლებიც ერთმანეთისაგან წეს-ჩვეულებითაც განსხვავდებიან და სწავლებითაც, მაგრამ ერთხმად აღიარებენ პაპის პირველობასა და უცდომელობას, რაც საკმარისია იმისთვის, რომ პაპმაც თავის მხრივ აღიაროს თავისი პიროვნების ეს მოწიწებული თაყვანისმცემლები ჯოჯოხეთის სატანჯველთაგან გადარჩენილებად და საუკუნო ცხოვრების ღირსებად.

პაპისტების ამ წარმატების ახსნა ძნელი არ არის. პაპისტური სკოლების დაარსება თავდაპირველად შესაძლოა აღიქვან როგორც ქველმოქმედება ხალხისადმი, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც განათლება ძალიან დაბალ დონეზეა. სწორედ ასეთ ადგილებში ზეიმობს პაპისტური პროზელიტიზმი.

როდესაც სადმე სკოლას დააარსებენ, თავიდან პაპისტები ძალიან ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს და აცხადებენ, რომ მხოლოდ განათლების შეტანა სურთ ხალხში და რომ სულაც არ აინტერესებთ, მოსწავლეთაგან ვინ რომელ აღმსარებლობას ეკუთვნისოღონდაც ქრისტიანები იყვნენ. სწავლების დაბალი ქირით შემცდარი ხელმოკლე მშობლები სიამოვნებით ანდობენ სხვას თავიანთ შვილებს და სრულიად არ ესმით, რომ ამით მსხვერპლად სწირავენ თავიანთი ვაჟებისა და ქალიშვილების სულებს, რადგანაც ლათინური სკოლების "უანგარო" დამრიგებლები უკვე შეუზღუდავად განაგრძობენ მუშაობას. დასაწყისში სხვა აღმსარებლობის მქონე თავიანთი აღსაზრდელების რელიგიური განათლების მიმართ თითქოს სრულიად გულგრილი კათოლიკეები შემდგომში ნელ-ნელა საკუთარ ქსელში აბამენ უმანკო და მიმნდობ ბავშვურ სულებს და მართლმადიდებლებს თუ სომხებს, კოპტებს თუ სხვებს ფანატიკოს-პაპისტებად აქცევენ. როდესაც უბედური მშობლები ბოლოს და ბოლოს შენიშნავენ, რა საშინელი უბედურება დაატყდათ თავს, ჩვეულებრივ უკვე გვიანაა, რადგან თავისთავად ეგოდენ ძლიერმოქმედი ლათინიზმის შხამით უკვე გაჟღენთილია ყმაწვილის მთელი სულიერი ძალები. ამ შხამისაგან მოზარდის გათავისუფლებისათვის ძალზე დაძაბული შრომა და ღვაწლია საჭირო, თუმცა მაშინაც კი ადამიანში მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩება მისი მოქმედების კვალი.


[1] ენციკლ. ლექსიკონი d’Arteau. სიტყვა Inquisition.


[2] 1198 წელს ინკვიზიციის დაარსებიდან XX საუკუნის დასაწყისამდე მარტო ესპანეთში მსჯავრდადებული იქნა 341 027 მოქალაქე, მათგან 31 912 ცოცხლად დაწვეს, 17 659 გაქცეულის პორტრეტი ცეცხლს მისცეს, 291 456- მიუსაჯეს სხვადასხვა მძიმე სატანჯველი და სიკვდილი. გერმანიის მუზეუმებში ინახება ინკვიზიციის წამებისა და სიკვდილით დასჯის მრავალი საშინელი იარაღი, მათ გამომგონებელთა სამარცხვინოდ და რომის ეკლესიის ‘"სადიდებელად"(!)


No comments:

Post a Comment