სიტყვა მიგებების დღესასწაულისა. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)



დღეს, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამი, ჩვენ ვდღესასწაულობთ მირქმასა, ანუ მიგებებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა მოხუცებულის სვიმეონ მართლისაგან. ძველს სჯულში იყო დაწესებული, რომელ მეორმოცეს დღესა, მშობელნი პირმშოსა თვისსა შვილსა მიიყვანდნენ ტაძრად და შესწირვიდენ ღმერთსა, ვინც მდიდარი იყო მდიდარსა შესაწირავსა და ღარიბი კაცი ორსა მტრედის მართვესა. ეს სჯული აღასრულეს მშობელთა იესო ქრისტესა. როდესაც განვიდა ორმეოცი დღე შემდგომად იესო ქრისტეს შობისა, მიიყვანეს იგი ტაძრად. ილოცეს და შესწირეს ღარიბის კაცისათვის დადებული შესაწირავი, რადგან ისინი იყვნენ ღარიბნი, ორნი მართვენი ტრედისანი. როდესაც ყოვლადწმიდა მარიამი და იოსები შევიდნენ ტაძარში, მიეგება მათ ერთი უკიდურესსა მოხუცებულებასა შინა მყოფი კაცი, მართალი სვიმეონ. ამას სულისა წმიდისაგან ჰქონდა გამოცხადებული, რომელ იგი არა იხილავდა გემოსა სიკვდილისასა, ვიდრემდის თვალითა თვისითა არ ნახვიდა მაცხოვარსა სოფლისასა, იესო ქრისტესა. მან მიიღო ჩჩვილი იესო მკლავთა ზედა თვისთა, აკურთხა ღმერთი, დალოცა მშობელნი მისნი და ბოლოს წარმოსთქვა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფე, მშვიდობით.
ამაში მდგომარეობს, ძმანო ჩემნო, აწინდელი დღესაწაული. იგი გვაძლევს ჩვენ მრავალთა ზნეობითთა სწავლათა. არამედ მიხედე, ძმაო, რა ბეჯითად და მტკიცედ ასრულებენ მშობელნი ქრისტესნი ყოველთა წესთა და საღმრთოთა ჩვეულებათა. მაცხოვარი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა; მისთვის რა საჭირო იყო მისვლა ტაძარში და შეწირვა მსხვერპლისა?! გარნა ეს ჰქმნა მან, რათა მოგვცეს ჩვენ სახე, რათა ჩვენ გვახსოვდეს ყოველნი სჯულის დებანი და საღმრთონი ჩვეულებანი და მტკიცედ ვასრულებდეთ მას. გარდა ამისა ეს ჰაზრიც დაუმატე: იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვენ ახალი უწმიდესი და უმაღლესი სჯული. გარნა, ვიდრემდის გამოაცხადებდა იგი ახალსა ამა საღმრთოსა სჯულსა, მან იწყო და შეუდგა აღსრულებად ყოველთა ძველის სჯულის ბრძანებათა. დიდება სულგრძელებასა და გარდამოსვლასა შენსა, უფალო! შემოქმედი ცისა და ქვეყნისა მიიღებს უძლურსა ბუნებასა მონისასა; უწმიდესი და გამოუცდელი ყოვლისა ცოდვისა მერვესა დღესა იქმნების წინადაცვეთილ, ვითარცა ერთი ცოდვილთაგანი კაცი. მპყრობელი ცისა და ქვეყნისა მეორმოცესა დღესა შინა, ვითარცა უსუსური ყრმა, ყოვლად წმიდისა დედისა თვისისაგან იქმნების მიყვანილ ტაძრად და შესწირავს შესაწირავსა ღარიბთა კაცთა, ორსა მართვესა მტრედისასა. ესრეთ დაიმდაბლა მან თავი თვისი, რათა გვასწავლოს ჩვენ სიმდაბლე; ესრეთ დაემორჩილა იგი სჯულსა, რათა გვასწავლოს ჩვენცა მორჩილება სჯულისა.

მეორედ, განიხილე, ძმაო, და იფიქრე რა დიდი სასარგებლო და მიუწთომელი საქმე ყოფილა ხშირად სიარული ტაძარში ლოცვისა და მსხვერპლისა შესაწირავად. ღვთის მშობელი მარიამ იყო უზენაესი ქერუბიმთა; სვიმონ მოხუცებულა იყო კაცი მართალი და წმიდა; ანნა წინასწარმეტყველი, რომლისა სახელი უთუოდ გესმა სახარებისაგან, თუ იყავი ცისკარზედ, იყო ძლიერ მოხუცებული და უძლური; აჰა ესერა ამათ ყოველთა ვხედავთ დღეს შეკრებილთა და მლოცველთა ტაძარში. თუმცა დღე ესე არ იყო მათთვის დღესასწაული, არამედ უბრალო, ნიადაგი დღე. გარნა შენ, რომელი ხარ კაცი ცოდვილი, რომლისათვის ფრიად საჭიროა განწმედა სინიდისისა მრავლითა და ხშირითა ლოცვითა, შენ არათუ უბრალო დღეს, არამედ მრავალ გზის დღესასწაულშიდაც დააკლდები წირვა-ლოცვასა, რომელთამე უბრალოთა და არა პატივსაცემელთა მიზეზთა გამო და ხანდისხან გარეშე ყოვლისა მიზეზისა. ნუთუ შენ უწმიდესი ხარ ყოვლად წმიდისა დედოფლისა, ნუთუ შენ უმართლესი ხარ მართლისა სვიმეონისა, რომელნი არაოდეს არ დააკლდებოდენ ეკლესიურსა ლოცვასა? ნუ იქმნები მცონარე! ნუ სჩაგრავ სულსა შენსა! რა იცი, რა დროს მოგივა შენ მადლი ლოცვისა? რა იცი, რომელს დღეში უმეტესად შეიწყნარებს ღმერთი ლოცვასა შენსა? იქმნება იმ დღეს, როდესაც შენ დაგეზარა ეკკლესიაში წასვლა, რომ წასულიყავი საყდარში, მადლი სულისა წმიდისა შეეხებოდა გულსა შენსა; იქმნება იმ დღეს მოელოდა სული შენი განმართლებასა და ცხონებასა; იქმნება იმ დღეს, მსგავსად სვიმეონ მართლისა, შეიძლებოდა შენი გულის სიღრმისაგან წარმოთქმად წინაშე ღვთისა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი.


ნუ დაუტევებ აგრეთვე შეუნიშვნელად, რა საკვირველი ღვთის მოყვარე და მსასოებელი იყო წინასწარმეტყველი ანნა, რომლისა სახელსა ახსენებს დღევანდელი სახარება. იგი იყო ქვრივი ოთხმოცდა ოთხის წლისა, ქმართან სცხოვრებდა მხოლოდ შვიდი წელი. დანარჩენი ცხოვრება თვისი გაატარა ტაძრის ეზოში, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე და ღამე, იტყვის დღევანდელი სახარება (ლუკ. , ლზ.). ნეტავი ერთი მაინც მსმენელთაგანი ქალი ერთ წამს დაფიქრდეს და ჰკითხვიდეს თავის გულში თავის თავს: რომელი ცხოვრება სჯობს, მისი დაფანტული, ამაო, აღელვებული, ჭორითა და ბოროტ სიტყვაობითა აღვსებული, ანუ ანნა ქვრივისა, რომელი დღე და ღამე არ განეშორებოდა ტაძარსა ლოცვითა, ვედრებითა და მსახურებითა? ამას რომ ჰკითხვიდეს ვინმე თავის თავს, მისი სინიდისი და გული შეატყობინებდა, რა საშინელი და სამწუხარო განსხვავება არის შორის მისა და ანნა წინასწარმეტყველსა, და მიიღებდა იგი დიდსა სწავლასა და მხილებასა. ამინ

No comments:

Post a Comment