წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). მოძღვრება კვირიაკესა უძღებისა (სამი სხვადასხვა დროს წარმოთქმული ქადაგება ამ დღესთან დაკავშირებით).

განვიხილოთ, ძმანო ქრისტიანენო, დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი, შევიტყოთ რას ნიშნავს იგი და რას გვასწავლის მით მაცხოვარი.

კაცსა ვისმე, პატიოსანსა და მდიდარსა ესხნენ ორნი ძენი. უმცროსმან ძემან მისმან უთხრა მას ერთ-გზის: მამაო, მომეც მე ჩემი ნაწილი სამკვიდრებელისაგან, რათა წავიდე და ვიცხოვრო მე თვისად. განუყო მას მამამან ნაწილი მისი და არა მრავალთა დღეთა შემდგომ წარიღო მან იგი და წარვიდა ერთ შორს სოფელსა. იქ იწყო მან ცხოვრება არაწმიდებით და მოკლე დროს განაბნია მან ყოველი ქონება თვისი. ამ ჟამად მოხდა იქ დიდი შიმშილი, მოაკლდა მას საზრდო და იძულებულ-იქმნა დადგომად ერთისა მუნ მცხოვრებთაგანისა მოსამსახურედ, რომელმან გაგზავნა იგი მწყემსად ღორთა. და აჰა ესერა წარჩინებულისა მამისა ძე იგი ისრეთსა უკიდურესსა მდგომარეობასა შინა შთავარდა, რომელ გული ეტყოდა მას განძღებად მუცლისა რქისა მისგან,
რომელსა სჭამდნენ ღორნი და ისიცა არავინ მისცის მას. გარნა ბოლოს მოეგო იგი თავსა თვისსა. ესე იგი იფიქრა და მიხვდა ვითარისა მდგომარეობისადმი მიიყვანა იგი ცოდვამან და ურჩებამან მისმან. მან ჰსთქვა: რავდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური და მე აქა სიყმილითა წარვსწყმდები, აღვსდგე და წარვიდე მამისა ჩემისა, და ვრქვა მას: მამაო, ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე, ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი. მაშინ აღსდგა, წარვიდა მამისა მიმართ და ვიდრე შორს-ღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა მას; მირბიოდა და დავარდა ქედსა მისსა ზედა და ამბორს-უყოფდა მას. მამაო, - ჰრქვა ძემან, ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი (ლუკ. იეიჱ, ით, .) მარნა მამასა გაეხარდა მოქცევა მისი; უბრძანა მოსამსახურეთა თვისთა, შემოსონ იგი სამოსლითა ახლითა და შეაცვან ბეჭედი თითსა მისსა; შემდგომ დაუკლა ზვარაკი ჭამებული, მოუწოდა მეგობართა თვისთა და იხარებდა ბრწყინვალედ. ამ ჟამად ძე იგი მისი უხუცესი იყო სხვაგან და მობრუნდა რა სახლსა შინა თვისსა, იხილა სერობა დიდი და განცხრომაჰკითხა ერთს მოსამსახურესა მიზეზი; შეიტყო-რა, გაჯავრდა და არ უნდოდა შესვლა სახლსა; გამოვიდა მამა და სთხოვა მას შემოსვლა, ხოლო მან უპასუხა: მე ყოველთვის შენთან ვიყავ, შენ გმონებდი და ერთხელაც ერთი თიკანი არ მომეც მე, რათა განვიხარო მეგობართა ჩემთათანა; ხოლო ძე ესე შენი, რომელმან შესჭამა ნახევარი საცხოვრებელისა შენისა მეძავთათანა, მოვიდა რა, დაუკალ მას ზვარაკი ჭამებული და გაიხარე. მამანან უპასუხა მას: შვილო, შენ მარადის ჩემთანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს; ხოლო აწ მხიარულება და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმა ესე შენი მომკვდარიყო და განცოცხლდა, წარწყმედულ-იყო და იპოვა.

ცხად არს, ძმანო ჩემნო, ჰაზრი იგავისა ამის: მამა, რომელსა ესხნენ ორ ძე, ნიშნავს თვით ღმერთსა; ძე უფროსი ნიშნავს კაცსა მართალსა და ღვთის-მოყვარესა, რომელი მარადის იმყოფება სახლსა შინა მამისა თვისისა ზეციერისასა, ესე იგი მარადის აღსრულებს მცნებათა მისთა. ხოლო ძე უმცროსი და ყოველი მოქმედება მისი გამოხატავს ცხოვრებასა კაცისა ცოდვილისასა. კაცი ცოდვილი, მიიღებს რა ღვთისაგან სამკვიდრებელსა თვისსა, ესე იგი ჭკუასა, გონებასა, სიმართლესა, სულსა და ხორცსა და, ყოველსა, რაიცა აქვს კაცსა, განეშორება მამასა თვისსა ზეციერსა და დაღუპავს ამათ ყოველთა ცოდვასა და უსჯულოებასა შინა. უმცროსი იგი ძე, განაბნია რა ყოველი საცხოვრებელი თვისი, შეიქმნა მწყემსად ღორთა და იყო მშიერ და უძღებ. ეს გამოხატავს უკიდურესსა დაცემასა და წახდენასა კაცისა ცოდვილისასა, ოდეს იგი ესოდენ დაემონება უწმიდურთა ვნებათა, რომ შეიქმნება მსგავსი უუწმინდურესისა პირუტყვისა. გარნა უკანასკნელ უძღები იგი შვილი მოეგო თავსა თვისსა. ვიფიქროთ, ძმანო, გულის-ხმიერად; სიტყვათა ამათთვის: მოეგო თავსა თვისსა. მოქცევასა და სინანულსა კაცისასა წინა უძღვის ესე: მოეგო თავსა თვისსა. ესე იგი შთაიხედა გულსა შინა თვისსა და საძაგელ ეჩვენა მას მდგომარეობა თვისი. ცოდვა მხოლოდ იქამდინ უფლებს გულსა შინა კაცისასა, ვიდრემდის კაცს გონება აქვს დაფანტული, ვიდრემდის იგი არ მოეგო თავსა თვისსა. გარნა ამაოდ ცდილობს კაცი ცოდვილი სრულიად დაივიწყოს თავი თვისი და დააჩუმოს სინიდისი; ამაოდ ფიქრობს იგი, რომელ ცოდვა დააკმაყოფილებს მას და სრულიად დაავიწყებს სახლსა და მამულსა მისის მამისასა, რომელსა განეშორა იგი. მოვა ჟამი, ოდეს სული მისი, შექმნილი ხატად და მსგსვსად ღვთისა, იგრძნობს მოწყენასა და მწუხარებასა, შთავარდება საშინელსა შინა შიმშილსა. ცოდვა ვერ გააძღობს და ვერ გააბედნიერებს უკვდავსა სულსა კაცისასა; ცოდვა მხოლოდ ერთს წამს ამხიარულებს კაცსა; გავა წამი და ნაცვლად სიტკბოებისა დარჩა გულსა შინა სიმწარე, მოწყინება და სინანული. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან ჟამსა ამას მოწყინებისა და სინანულისა მსგავსად უძღებისა მის, უთხრას თავსა თვისსა: რათა ვსტანჯავ მე სულსა ჩემსა, რათ ვატყუებ მე უბედურსა გულსა ჩემსა, რისთვის ვკვდები მე შიმშილით, აღვსდგე და მივიდე მამისა ჩემისადმი: იგი მოწყალე არს, იგი კვალად მიმიღებს მე, და მუნ მოვიპოვო მხიარულება და განსვენება სულისა ჩემისათვის.

ესრეთვე ჰქმენი შენცა, ძმაო ჩემო! აღსდეგ და მიიქეც მამისა შენისადმი; იგი არ გაყვედრებს ურჩებასა და ცოდვასა არცა ერთითა სიტყვითა, არამედ მიგიღებს შენ სიყვარულითა და სიხარულითა; იგი შეგმოსავს შენ ახლითა სამოსელითა, ესე იგი მოგანიჭებს ახალსა მადლსა და სათნოებასა სულიერსა; იგი შეგაცვამს თითსა ზედა შენსა ბეჭედსა ძვირ-ფასსა, ვითარცა ნიშანსა შერიგებისა და ღირსებისა შენისასა, იგი დაჰკლავს ზვარაკსა ჭამებულსა, ესე იგი განგაძღებს შენ ნუგეშითა სულიერითა; ანგელოსნი ზეცათანი, ვითარცა თქმულ-არს სახარებასა შინა, განიხარებენ ღვთისა-თანა შენისა მოქცევისა და ცხოვრებისათვის.

გარნა რასა ნიშნავს და რას გვასწავლის ჩვენ, ძმაო, სიტყვა იგი უფროსისა ძმისა, რომელსა ეწყინა მობრუნება უძღებისა ძმისა და მოწყალება მისდამი მამისა თვისისა?

შეიძლება, რომ ამ სოფლად იყოს კაცი ვინმე ღვთის-მოყვარე, რომელი მარადის ემსახურგბა ღმერთსა და მარადის აღასრულებს მცნებათა მისთა, გარნა ითმენდეს ჭირსა და განსაცდელსა. შეიძლება, რომ მან ოდესმე იფიქროს გულსა შინა თვისსა: ღმერთო! მე ყოველთვის შენ გემსახურები, ყოველთვის ვასრულებ მცნებათა შენთა, გარნა არცა ერთი ნუგეში არ მომეც ქვეყანასა ზედა: ესოდენი წელნი გმონენ შენ და არა სადა მცნებასა შენსა გარდავხედ და მე არა-სადა მომეც ერთი თიკანი, რათამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. უკეთუ ესრეთი ჰაზრი გაუჩნდა გულსა შინა თვისსა რომელსამე ღვთისმოყვარესა კაცსა, მაშინ მოაგონდეს მას პასუხი მამისა: შვილო, შენ მარადის ჩემთანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს. რომელიღა ამაზედ უდიდესი ნუგეში გინდა შენ, ძმაო ჩემო, უკეთუ ჭეშმარიტად ხარ ძე ღვთისა და არა-ოდეს არ განეშორე მას? თუმცა ხარ შენ გაჭირვებული ამ სოფელში და მოკლებული ყოვლითა ნუგეშითა, ნუ გეშინის; იცოდე, რომ ღმერთი უმჯობესს რამეს ამზადებს შენთვის. იფიქრე, რაი არს უმჯობეს შენთვის? აქ, ამ მოკლე ცხოვრებაში, მოგცეს ღმერთმან მხიარულება და კმაყოფილება, ანუ მიგიტეოს შენ აქ ჭირსა და განსაცდელთა, ხოლო მომავალსა საუკუნესა შინა მოგცეს დაუსრულებელი ნეტარება? გარნა რას ვიტყვი: თვით აქაც, ამ სოფელში, თუმცა გაკლია ხშირად სოფლიური კმაყოფილება, გარნა შინაგანი შენი კაცი, წმიდა სინდისი, კეთილი გრძნობა, სულიერი კმაყოფილება ას-წილ გყოფენ შენ უუბედნიერეს, ვიდრე ნუგეში ამის სოფლისა. ეს უნდა გახსოვდეს და ამით უნდა ნუგეშს სცემდე თავსა შენსა, ძმაო კეთილ-მსახურო!

გარნა ვინ გაბედავს და გინ იტყვის წუთ სოფელში, რომ იგი იყოს უცოდველი და ემსგავსებოდეს უფროსსა ძმასა? ჩვენ ყოველნი ცოდვილნი ვართ, ძმანო ჩემნო, და უმეტესად ვემსგავსებით უმცროსსა მას ძესა; ხშირად განვეშორებით მამასა ჩვენსა ზეციერსა, გარნა ვისწრაფოთ და ვბაძვიდეთ მისსა მონანებასა და მოქცევასა. ამისათვისაც ჰსთქუა მაცხოვარმან იგავი ესე, რათა განაღვიძოს გულთა შინა ჩვენთა მონანება, რათა მოვიძაგოთ ცოდვნა და ვნება და ვისურვოთ სულითა მიქცევა მიმისადმი ჩვენისა ზეციერისა, რომელი და მოგვცეს ჩვენ ღმერთმან. - ამინ.


სიტყვა კვირიაკესა უძღების შვილისასა

ლუკ. 15. 11-32

ვგონებ, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, რომ თქვენ ყოველთა ყურადღებით მოისმინეთ დღეს წაკითხული სახარებისაგან იგავი უძღებსა შვილსა ზედა და გახსოვსთ, რა იყო თქმული მას შინა. ამისთვის არ გავიმეორებ მას ეხლა თქვენს წინაშე, არამედ ვეცდები გამოვიყვანო მისგან ის საწავლა, დარიგება, რომელსა ჩვენ იმითი გვაძლევს მაცხოვარი.

იგავი ესე ვრცელი, მშვენიერი და ფრიად აღმაშენებელი, უწინარეს ყოვლისა შეგვაგონებს ჩვენ რა სახით, რა ზომად დაეცემა, გაფუჭდება ცხოვრება და ზნეობა კაცისა მის, რომელი გაშორდება ღვთისაგან, არ ემორჩილება მის სჯულსა, არამედ დაემონება ყოველთა ცოდვათა და ვნებათა, ერთი სიტყვით სცხოვრობს უღმერთოდ. როგორადაც უძღები იგი შვილი, გამოართვა რა მამასა თვისსა ყოველი ნაწილი, რაიცა მას ერგებოდა სამკვიდრებელისაგან, წავიდა შორს ქვეყანას, დაიწყო მუნ გარყვნილი და უწმინდური ცხოვრება, დააბნია ყოველი-ფერი თვისი ქონება, მერმე ისე დაგლახაკდა სულითაც და ხორციელად, რომელ ღორების მწყემსად დააყენეს. მზგავსადვე კაცი, რომელი განეშორება ზეციერსა მამასა, აიგდებს უღელსა საღმრთოისა სჯულისასა, დაგლახავდება, დაეცემა და დამახინჯდება სულიერად, მოაკლდება ყოველსა სულიერსა ნიჭსა და მადლსა ღვთისაგან მინიჭებულსა, და დაემზგავსება უწმინდურსა პირუტყვსა.

გარნა, ძმანო ჩემნო, თუ ვისურვებთ, რომ ამ იგავისაგან სრული და შესაფერი ჩვენთვის სწავლა გამოიყვანოთ, ერთს მის აზრზედ, ანუ კერძოზედ უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. ამ იგავში გამოხატულია ერთობ და ნამეტნავად, გაფუჭებულის და გარყვნილის კაცის მდგომარეობა, უკიდურესი დამახინჯება და დაცემა კაცისა. ეს ამისთვის, რათა უფრო მტკიცედ აღიბეჭდოს ჩვენს გულში, რა სახით წაახდენს და გააფუჭებს ცოდვა და ღვთისაგან გაშორება კაცსა. გარნა ამ სახით გაფუჭებულნი და დაცემულნი კაცნი, როგორადაც უძღები შვილი, გამოყვანილი იგავსა შინა, მრავალნი არ არიან და ნურცა ქმნას ღმერთმან, რომ იყვნენ ქრისტიანეთა შორის. ახლანდელი ქრისტიანების ზნეობითი მდგომარეობა უფრო სხვა არის, იგი საშუალია, ესე იგი: უმეტესი ნაწილი აწინდელთა ქრისტიანეთა შორის არ არიან ისრე განშორებულნი ზეციერისა მამისაგან, როგორც უძღები შვილი, გარნა არც ის ითქმის მათზედ, რომ იგინი იყვნენ ახლო ღმერთთან, ანუ იყვნენ მის სახლში. ამაზედ უნდა დაფიქრდე შენ, ძმაო, და ეს უნდა კითხო შენს თავს: იმყოფები თუ არა თვით სახლსა შინა მამისა შენისასა? იქნება მზგავსად უძღებისა შვილისა არ წასრულხარ შორეულს ქვეყანაში, არ დაგიბნევია ყოველიფერი შენი სულიერი ქონება, გარნა იქნება არც ღვთის სახლში ხარ და არც მისი სახლის ეზოში, არამედ გარეშე ეზოისა, ესე იგი: არც თბილი ხარ, არც ცივი, არამედ გრილი, ვითარცა აყვედრებდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი ზოგიერთთა ქრისტიანეთა ესრეთი მდგომარეობა, ჩემის აზრით, უფრო საშიშოა და საეჭვო, იგი ატყუებს კაცს: უძღები შვილი, თუმცა შთავარდა უკიდურესსა მდგომარეობასა შინა, გარნა, ბოლოს, თვით ამ საშინელმა მისმა მდგომარეობამ მოიყვანა იგი გონზედ, შეაშინა, გააღვიძა, აიძულა შენანებად და მოქცევად მამისა მიმართ მისისა. შენ კი, იქმნება, ისე არა ხარ დაგლახაკებული სულიერად, როგორც იგი უძღები და გგონია, რომ არცა ხარ ღვთისაგან განშორებული, იმყოფები ზეციერსა მამასათანა, მაშინ როდესაც ხარ ღმერთთან ახლო, არა ხარ თვით მის სახლში. იმას კი არ ვამტკიცებ, რომ უკიდურესი წახდენა უძღები შვილისა უმჯობესია, ვიდრეღა შენი საშვალი მდგომარეობა, არამედ იმას შეგაგონებ, რომ კარგად შეიტყო, ხარ შენ თვით შინაგან სახლისა უფლისასა, ანუ მხოლოდ ეზოსა შინა, ანუ იქმნება სულ გარეშე ეზოისა. ვაი, თუ ატყუებ შენს თავს, ვაი, თუ ცრუ რაიმე იმედი გაქვს და მით დაძინებულია შენი სინიდისი. მართალია, ხან-და-ხარ მიხვალ ეკლესიაში, რომელიც არის ღვთის სახლი, ხან-და-ხან ეზიარები, დიდი რამე და მძიმე ცოდვა არ შეგმთხვევია, კაცის მკვლელი არა ხარ, მაგრამ მაინც არა ხარ უმჯობესი სხვათა კაცთა, არამედ ვითარცა ერთი ათასთა და ბევრეულთა სოფლის კაცთა შთაფლულთა სოფლის ამაოებასა შინა. ეს არ არის საკმაო, ვერ შეხვალ ამით სასუფეველსა შინა! აბა, როდის იქმნები შენ ღვთის სახლში. რა უნდა ჰქნას კაცმა, რომ იგი სწორედ იყოს სახლსა შინა ღვთისასა დამყარებული? იგი უნდა ეცადოს და ყოველი ღონე უნდა მოახმაროს, რომ თვით მისი სული და გული, და, ბოლოს, თვით სხეული გარდაიქცეს ღვთის ტაძრად და სადგომად, მან უნდა შეამკოს თავი თავისი სათნოებითა, სიწმინდითა, სასოებითა და უმეტესად სიყვარულითა. და მხოლოდ მაშინ შეიქმნება იგი ღვთის სადგურად სიტყვისამებრ უფლისა: უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე და სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი და მოვიდეთ მისსა და მისთანა დავადგრეთ (იოან. 14, 23).

გარნა ეს ძვირად მოხდება, რომ ვინმე ამ წუთს და ამაო სოფელში ეღირსოს ამისთანა მადლსა, აღვიდეს ესრეთსა დიდსა ხარისხსა სათნოებისასა, რომ შეიქნეს ტაძარი ცხოველი ღვთისა. მაშასადამე ჩვენ ყოველთა ერთიღა დაგვრჩა საშუალება. თუ გსურს, ძმაო, არ დაემზგავსო უძღები შვილის დაცემასა და დაგლახაკებასა, ჰბაძევდი მისსა მოქცევას და სინანულსა; შეიძინე სინანული, გული შემუსვრილი და მდაბალი სული. ეცადე, რომ მარადის იყოს შენს შორის ცხოველი გრძნობა სულიერისა უღირსებისა, ეცადე, რომ ყოველთვის ცრემლით ევედრო ღმერეთსა, ვითარცა უძღები იგი: მამაო, ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და აღარა ვარ ღირსი ძედ წოდებად შენდა, მყავ მე ვითარცა ერთი მონათა შენთაგანი. ამინ.


სიტყვა უძღების კვირიაკესა ზედა

და აღსდგა და მივიდა იგი მამისა თვისისა (ლუკ. 15. 20)

აწინდელი სახარება გვიქადაგებს ჩვენ სინანულსა, მით რომ დაგვიხატავს ცხოველად სინანულსა უძღებისა შვილისასა. არ შეგვიძლია ჩვენ დღეს ვრცლად, ყოვლის კერძოდ, ავხსნათ მშვენიერი ესე იგავი, თქვენს წინაშე წაკითხული, მხოლოდ აღვწერ ერთსა კერძოსა სინანულისასა.

სინანული იგი უძღებისა შვილისა იყო გულ-წრფელი, გადაწყვეტილი და ნამდვილი. მან სრულიად შეიგნო თავისი ცოდვა, სიმდაბლით აღიარა იგი ღვთის წინაშე, და მერმე თვით საქმით აღასრულა სინანული, .. უარ-ჰყო, უკუ აქცია თავისი ცოდვა, გამოიცვალა ცხოვრება. ამისთვის მამაც სიხარულით მიიღებს მას, ივიწყებს ყოველთა მისთა ცოდვათა, მოუწოდებს ყოველთა მისთა მეგობართა, რათა მონაწილე იქმნენ მისისა სიხარულისა, რამეთუ ძე იგი მისი მომკვდარიყო და განცოცხლდა, წარწყმედილი იყო და იპოვა.

სამწუხაროდ, არა ყოველთვის ესრეთი გულწრფელი და ჭეშმარიტი არის სინანული აწინდელთა ქრისტიანეთა. საუბედუროდ, მრავალ გზის სინანული აწინდელთა ქრისტიანეთა არის ცრუ და უნაყოფო. რომელი სინანული არის ცრუ და უნაყოფო? ის, როდესაც კაცი ნანობს გარეგანობით, საჩვენებელად კაცთა, ანუ უბრალო ჩვეულებისამებრ. მეფემან და წინასწარმეტყველმან დავით, მსგავსად უძღებისა შვილისა მის, მიიღო შენდობა ცოდვისა მისთვის, რომ სინანული მისი იყო გულწრფელი და ღრმა: შენ მხოლოსა შეგცოდე. ღაღადებდა იგი წინაშე ღვთისა, დავშვერი სულთქმითა ჩემითა, დავალბე ცხედარი ჩემი ცრემლითა...

საულ მეფემ არ მიიღო ღვთისაგან შენდობა, თუმცა მანცა სთქვა წინაშე სამუელ წინასწარმეტყველისა: შევცოდე! მისთვის, რომ მან არა გულწრფელად სთქვა ეს სიტყვა, არამედ ეშინოდა არ მოაკლდეს პატივი წინასწარმეტყველისაგან და არ შერცხვეს წინაშე ერისა. აწინდელიცა ქრისტიანენი ხშირად ემზგავსებიან მას, მრავალნი მათგანი ეკლესიაში დადიან, აღსარებას იტყვიან, ეზიარებიან, მაგრამ ამას იქმენ საჩვენებლად კაცთა: ქვეყანამ არ დამძრახოსო! რამდენჯერ ზოგიერთი კაცი, თუმცა დიდ ცოდვაში ჩავარდება, მაგრამ სრულიად არ შესწუხდება, არ შერცხვება, ვიდრემდის მისი ცოდვა დაფარული არის, არავინ არ იცის. გარნა როდესაც ქვეყანამ შეიტყო, და იწყო მისი განმტყუნება და განკითხვა, მაშინ კი შერცხვა, შეწუხდა, ერთი სიტყვით, შევიდა სინანულში, მაგრამ ამისთანა სინანული არის ცრუ და უნაყოფო. ის იმისთვის კი არ სწუხს, რომ შესცოდა წინაშე ზეციერისა მამისა; ის სწუხს იმას, რომ ქვეყანამ შეიტყო, საზოგადოებაში შერცხვა.

უძღები შვილი იტყოდა: ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არა ღირს ვარ წოდებად შვილ შენდა. ის სწუხდა იმაზედ, რომ ზეციერსა მამას განეშორა და მოაკლდა მის სიყვარულს, მამა-შვილობას.

ზოგჯერ სინანული გაუჩნდება კაცს მარტო შიშისაგან, ეშინია, ღმერთმა არ დამსაჯოს ჩემი ცოდვებისათვის და ჯოჯოხეთში არ ჩამაგდოსო. რა უნდა ვსთქვათ ამისთანა სინანულზედ? - ისა, რომ დასაწყისში ესეც კარგია.

საღვთო წერილიც შეგვაშინებს ჩვენ საუკუნოისა სასჯელსა, იგი გვაშინებს ღვთის განრისხებითა და ჯოჯოხეთის სასჯელითა: გარნა მარტო შიშით არ უნდა იყოს სინანული. უმეტესად ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სინანული სიყვარულითგან იშობა. თუ გსურს, ძმაო ჩემო, რომ სინანული შენთვის იყოს მეორე შობა, მზგავსად ნათლის-ღებისა, ეცადე რომ შენი სინანულიც იყოს ნაყოფი სიყვარულისა, სწუხდე და სტიროდე, რომ განეშორე ზეციერსა მამასა.

ხშირად მოხდება კიდეც, რომ კაცი მონანული მიზეზობს, სხვა და სხვა გარემოებას მოიყვანს შესანდობლად მისთა ცოდვათა. ეშმაკმა მაცდუნა, ამხანაგმა ამიყოლიაო. ქურდები იტყვიან: სიღარიბისა გამო ვქენიო. გემტერება შენ ვინმე და მას იხსენებ - მისი ბრალი არისო, იმან არ მომასვენაო, და სხვა ამისთანა მიზეზებს მოიყვან. აღსარებაშიც წინაშე მოძღვრისა ზოგიერთი ნაცვლად მისა, რომ გულწრფელად აღიაროს ცოდვილი ვარო, ჩემი ბრალი არისო, მრავალ მიზეზს მოიყვანს შესანდობლად თვისისა ცოდვისა. განა არ შეეძლო დავით მეფესაც მოეყვანა მიზეზები თვისი ცოდვისა, გარნა არა! იგი იტყოდა: შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ, ცოდვა ჩემი მარადის ჩემს წინაშე არს, მან უწყოდა, რომ გული შემუსვრილი და სული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არ შეურაცხ-ჰყოს, და შეიმუსრა სული, შეიწუხა გული, დაემხო ღვთის წინაშე სიმდაბლით.

ხშირად მოხდება ისიც, რომ კაცს აქვს ერთი რომელიმე ცოდვა დაჩემებული და შეყვარებული; თუმცა ნანობს, მაგრამ არ შეუძლია იმ ცოდვის დატოვება. ნიშანი ჭეშმარიტისა სინანულისა ის არის, რომ კაცმა დატოვოს და მოიძულოს მისგან შეყვარებული და შეჩვეული ცოდვა. დავით წინასწარმეტყველს ფრიად უყვარდა ერთი მისი შვილი, აბესალომი, თუმცა ეს აბესალომი იყო უღირსი და ბოროტი. მან უღალატა მამას, გადიბირა მრავალნი მისი ქვეშევრდომნი, აღსდგა მასზედ, სურდა მისი მოკვლა და მიღება მისის სამეფოისა. დავით მეფემ გაგზავნა მაზედ მხედრები საომრად, მაგრამ მხედართმთავარსაც და მხედრებსაც დააბარა, რომ აბესალომს არ შეეხონ. ვინც აბესალომისაგან იყვნენ შეცდომილნი, მოტყუებულნი, ისინი კი უნდა დაეხოცათ, და მაცდური, თავი ცოდვისა, აბესალომი, უნდა დაეზოგათ. მზგავსადვე ვიქცევით ჩვენცა, აწინდელნი ქრისტიანენი? ხშირად ვნანობთ სხვა და სხვა წვრილ-წვრილ ცოდვებს, და კიდეც მოვიშლით მათ, მაგრამ რომელიც არის ფესვი და თავი ცოდვისა იმას არ შევეხებით, იმას დავზოგავთ, ის არის ჩვენი აბესალომი, შეყვარებული.

აღსარებაში ხშირად აღვიარებენ ქრისტიანენი: სიცრუე გვითქვამსო, ჩხუბით ბევრს ვაწყენინეო, და ეს ცოდვები სიდგან დაიბადენ, ის კი დაავიწყდათ, ამპარტავანი რომ არის, და ანჩხლი, ის არ აღვიარა. აბესალომი დაზოგა და მისგან შობილი ცოდვა მოსპო. ზოგიერთის კაცის გულში მთავრობს განუზომელი სიხარბე, ანგაარება; ყოველი მისი ცოდვები აქეთგან წარმნოსდგებიან. რამდენი კაცი დასჩაგრა, რამდენისაგან ქრთამი მიიღო, ეკლესიის ქონებაც არ დაზოგა, გარნა იგი არაოდეს არ აღიარებს ანგაარი ვარო, ხარბი-ვარო: აბესალომს, მიზეზს ყოველთა თვისთა ცოდვათა ჰფარავს, და სხვა რომელიც წვრილი ცოდვები იშვა აბესალომისაგან, ცალ-ცალკე აღიარებს. ყოველი მავნებელი მცენარე ფესვიანად თუ არ ამოსთხარე, ძმაო, მიწითგან ისევ აღმოსცენდება, უფრო გაღონიერდება. ვეცადოთ, ძმაო ჩემო, გულწრფელი და სრული გონიერი სინანული მივართვათ უფალსა მომავალსა ამას დიდ მარხვასა შინა. ამინ.


No comments:

Post a Comment