არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი (+1979) |
მამა იუსტინეპოპოვიჩი დაიბადა 1894 წელს ხარება დღეს სერბეთის უძველეს ქალაქ ვრანეში. პაპამისი ალექსი პოპოვიჩების კეთილშობილ საგვარეულოში რიგით მეცამეტე მღვდელი იყო. ბლაგოემ (ასე ერქვა მ. იუსტინეს ბერად აღკვეცამდე) წარმატებით დაამთავრა გიმნაზია და სწავლა ბელგრადის წმ. საბას სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელში გააგრძელა. 1914 წელს, სემინარიის დამთავრების თანავე ბლაგოემ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, მაგრამ იწყება I მსოფლიო ომი და მას ფრონტზე აგზავნია სამედიცინო ნაწილში, სადაც იგი ორი წლის განმავლობაში სანიტრობდა და თავად იყო მოწმე ომის ჭირ-ვარამისა. 1916 წელს მამა იუსტინე უკვე ბერია. იმავე წელს იგი მიემგწზავრება პეტერბურგში და სასულიერო აკადემიის სტუდენტი ხდება. რევოლუციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მ. იუსტინე ახერხებს ინგლისში მოხვედრას და ოქსფორდის თეოლოგიურ კოლეჯში აგრძელებს სწავლას. სამი წლის განმავლობაში მან მთელი ინგლისი შემოიარა და სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოისმინა ცნობილი პროფესორების ლექციები ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. ამ დროს იგი უკვე სრულად ფლობს ძველ-ბერძნულს, ლათინურს და ოთხ ევროპულ ენას.
1919 წელს მ. იუსტინე წერს სადიპლომო ნაშრომს დოსტოევსკის შემოქმედების შესახებ, სადაც მძაფრად აკრიტიკებს დასავლურ ჰუმანიზმს და ანტროპოცენტრიზმს, ასევე კათოლიციზმს. ინგლისელი პროფესორები მისგან ითხოვენ უარის თქმას ამგვარ შეხედულებებზე, რაზეც მტკიცე უარს ღებულობენ და მამა იუსტინე ოქსფორდს უდიპლომოდ ტოვებს.
1919-1921 წლებში იგი უკვე ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია. მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა: “წმ. მაკარი ეგვიპტელის მოძღვება ადამიანის პიროვნებისა და მისი შემეცნების საიდუმლოს შესახებ”. 1921 წელს იგი ბრუნდება სამშობლოში და ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბელგრადში, მოგვიანებით კი ქალაქ კარლოვცის სემინარიაში. აქ ის უახლოვდება რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის დევნილ იერარქებს, რომელთა მიმართაც სიყვარულსა და ერთგულებას სიცოცხლის ბოლომდე ინახავს. აქვე იწერება მისი შრომა “წმ. ისააკ ასურის გნოსეოლოგია”. 1930 წელს მას აგზავნიან ჩეხოსლოვაკიასა და დასავლეთ უკრაინაში, სადაც ის დაუღალავად იბრძვის უნიატობის გავრცელების წინააღმდეგ. აქ მას არწმუნებენ რომ, ეპისკოპოსად უნდა ეკურთხოს, მაგრამ იგი უარს ამბობს ამ პატივზე და სერბეთში ბრუნდება. 1935 წელს იგი გამოსცემს თავის სახელგანთქმულ ნაშრომს “დოგმატიკა”. მ. იუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი ჰიმნოგრაფიული საგალობლები, “წმიდანთა ცხოვრების” 12 ტომი, რომელიც პირველად ითარგმნა სერბულად, მრავალი თეოლოგიური ტრაქტატი.
არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი (+1979) |
1919-1921 წლებში იგი უკვე ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია. მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა: “წმ. მაკარი ეგვიპტელის მოძღვება ადამიანის პიროვნებისა და მისი შემეცნების საიდუმლოს შესახებ”. 1921 წელს იგი ბრუნდება სამშობლოში და ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბელგრადში, მოგვიანებით კი ქალაქ კარლოვცის სემინარიაში. აქ ის უახლოვდება რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის დევნილ იერარქებს, რომელთა მიმართაც სიყვარულსა და ერთგულებას სიცოცხლის ბოლომდე ინახავს. აქვე იწერება მისი შრომა “წმ. ისააკ ასურის გნოსეოლოგია”. 1930 წელს მას აგზავნიან ჩეხოსლოვაკიასა და დასავლეთ უკრაინაში, სადაც ის დაუღალავად იბრძვის უნიატობის გავრცელების წინააღმდეგ. აქ მას არწმუნებენ რომ, ეპისკოპოსად უნდა ეკურთხოს, მაგრამ იგი უარს ამბობს ამ პატივზე და სერბეთში ბრუნდება. 1935 წელს იგი გამოსცემს თავის სახელგანთქმულ ნაშრომს “დოგმატიკა”. მ. იუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი ჰიმნოგრაფიული საგალობლები, “წმიდანთა ცხოვრების” 12 ტომი, რომელიც პირველად ითარგმნა სერბულად, მრავალი თეოლოგიური ტრაქტატი.
1948 წლიდან გარდაცვალებამდე არქიმანდრიტი იუსტინე გამოუსვლელად ცხოვრობს ჩელიეს მონასტერში. ეს იყო იძულებითი შინა პატიმრობა, რომელიც მას სტალინის მეგობრის ბროს ტიტოს (კომუნისტური იუგოსლავიის ხელმძღვანელი) ბრძანებით მიუსაჯეს, იმის გამო რომ იგი უშიშრად ამხილებდა უღმერთო ხელისუფლებას. მას მიმოწერაც კი ჰქონდა აკრძალული და მუდმივად პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
1970 წელს, მას შემდეგ რაც სერბეთის პატრიარქმა საჯაროდ განაცხადა - სერბეთის ეკლესია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანული ნაწილიაო, არქ. იუსტინემ შეწყვიტა მისი მოხსენიება და არც აღუდგენია მასთან კავშირი. “სერბეთის ეკლესიის სინდისი”, “ახალი პალამა” (ასე უწოდებენ მ. იუსტინეს” გარდაიცვალა 1979 წელს. ოცდაათი წელი გაატარა მან ტყვეობაში, მაგრამ იმავდროულად ეს იყო ნაყოფიერი სულიერი ცხოვრების წლები. მ. იუსტინე არასოდეს გრძნობდა თავს მარტოობაში, იგი გონებითა და გულით ყველა დროის ყველა წმინდანთან იყო. “რა არის “წმიდანთა ცხოვრება”? - წერდა მ. იუსტინე - ცხოვრებაში გატარებული დოგმატები. რა არის დოგმატები? განხორციელებული “წმიდანთა ცხოვრება”.
90-იანი წლების დასაწყისში სერბეთის საპატრიარქომ მამა იუსტინე წმიდანად შერაცხა. ჭეშმარიტად განცხადდა მაცხოვრის სიტყვები: “ვაი თქვენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინასწარმეტყველთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, და იტყვით: უკუეთუმცა ვიყვნეთ დღეთა მათ მამათა ჩვენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინასწარმეტყველთასა” (მათე 23,29-30).
ეკუმენიზმი
ისტორიულმა ღმერთკაცმა - უფალმა იესო ქრისტემ ყოველმხრივ გვიჩვენა, რომ ადამიანური არსებისათვის იგი ყოველივეა ცათა შინა თუ ქვეყანასა ზედა - არსიც, არსებაც, ცხოვრებაც, გონიერებაც, გულიც, სინდისიც, სიკეთეც, სიყვარულიც, ხსნაც, ცხოვნებაც, მკვდრეთით აღდგომაც, ზეცად ამაღლებაც, მარადიულობაც და სამოთხეც, თავისი ღმერთკაცობრივი სხეულით - ყოვლადწმიდა ეკლესიით, სამოციქულო ეკლესიით, წმიდა მამათა, წმიდა გადმოცემის ეკლესიით, - ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიით.
ეკლესიის გარეშე, ანუ ღმერთკაცის სხეულის გარეშე მყოფი ადამიანი, ყველა თავისი უძლურებით არსებობს, და არამარტო საკუთარი უძლურებებით, არამედ თავის გარშემო არსებულითაც: ცოდვით, ეშმაკითა და სიკვდილითურთ, ხოლო მათში და მათთან ერთად - ყოველი ბოროტებით, ყოველი ჯოჯოხეთით, ყოველი სნეულებით, მანკიერებით, ტანჯვითა და ნაკლოვანებით. და ასეთ ყოფაში ჩავარდნილი ადამიანი მთელი თავისი საქმიანობით წვალობს და ცდილობს იხსნას თავი, გათავისუფლდეს ამ ტანჯვათაგან, ამ ბოროტებისა და საშინელებისაგან: ცდილობს ამას მეცნიერების მეშვეობით, რწმენის მეშვეობით, ფილოსოფიის, კულტურის, ხელოვნების მეშვეობით, მიწათმოქმედების, მრეწველობისა თუ ტექნიკის მეშვეობით... და ასეთი ადამიანი ყოველთვის იმ ჯვრებზე გაკრულ ტანჯულად წარმოსდგება, თვითვე რომ აღუმართავს საკუთარი თავისთვის და თვითვე რომ მიუმსჭვალია მათზე თავი. ასე, რომ ადამიანს მრავლად გამოუგონია სხვადასხვა შემცვლელიც - სუროგატიც - ჭეშმარიტი ხსნისა იმ მრავალფერი ტანჯვისაგან, რითაც ესოდენ აღსავსეა მისი ცხოვრება ამქვეყნად. მრავლად გამოუგონია მას სხვადასხვა “ჰუმანისტური” თეორიებიც შესახებ იმისა, თუ როგორ უნდა გადაირჩინოს საკუთარი თავი თავისით, საკუთარი ძალებით, და ცხადად გვიდასტურებს, რომ ყოველივე ეს ამაო მცდელობაა, ტყუილი შრომაა: ადამიანთა, და რაც ყველაზე საშინელია, - მონად სიკვდილისა. და ეს უკლებლივ ყოველ ადამიანს შეეხება ღვთის მიერ დაბადებულ ამა ქვეყანაზედ, განსაკუთრებით კი - ევროპელ ადამიანს, ამიტომაც აუცილებელიცაა და მეტად მიზანშეწონილიც თვალი მივადევნოთ ადამიანის მიერ “ჰუმანისტური” თეორიების განვითარებას.
ჰუმანისტური და ღმერთკაცობრივი პროგრესი
აბა, განიხილეთ უმთავრესი პრინციპები ევროპული ჰუმანისტური ცხოვრებისა, და მაშინვე თვალში გეცემათ ის გარემოება რომ ევროპული კულტურა სისტემატურად აჩლუნგებს ადამიანში უკვდავების გრძნობას, იქამდე, სანამ მთლიანად არ განუქარვებს მას, და ევროპული კულტურის მქონე ადამიანიც, ნიცშეს კვალობაზე, უკვე გადაჭრით ამტკიცებს - მე მხოლოდ სხეული ვარ და არაფერი სხვა რამ ამ სხეულის გარდაო და რაკი ასეა,მხოლოდ მოკვდავი არსება ვარ, და სხვა არაფერი ამ მოკვდავი არსების გარდაო. აი, ასე იწყო ბატონობა “ჰუმანისტურ” ევროპაში ამ დევიზმა - “ადამიანი - მოკვდავი არსებაა”. ეს არის ჰუმანისტური ადამიანის ფორმულა. ამაშია მისი პროგრესის არსი, თავდაპირველად - ქვეცნობიერად, შემდეგ კი წინასწარი განზრახვითა და სისტემატურობით შთაუნერგეს ევროპელს ადამიანს - მეცნიერებით, ფილოსოფიითა და კულტურით - შეგნება იმისა, რომ ადამიანი მთლიანად მოკვდავია, მთელი თავისი არსებით განქარვებადი - სულითაც და სხეულითაც. ეს შეგნება თანდათანობით ჩამოყალიბდა მტკიცე დაჯერებულობად, რომელიც ღაღადებდა: სიკვდილი აუცილებლობაა! სიკვდილი უსათუოდ ესაჭიროება ადამიანს!.. შესაძლებელია განა უფრო მეტი საშინელების, შეურაცხყოფისა და უფრო გესლიანი დაცინვის წარმოდგენა, ვიდრე ისაა, რომ სიკვდილი - უმთავრესი მოწინააღმდეგე ადამიანისა - თურმე, საჭირო, აუცილებელი რამ ყოფილა მისთვის?! მითხარით, თუ არის აქ რაღაც ლოგიკა?! თუ არის აქ თუნდაც ნასახი ლოგიკისა?! თუნდაც ბავშვური, ანდა მწერებისეული ლოგიკა?!.. ხომ არ დაკარგა ევროპელმა ადამიანმა - გასრესილ_დაფქულმა სიკვდილის ამ წისქვილში (როგორც ჩვენს დედამიწას უწოდებენ ხოლმე) - უკანასკნელი ნიშან_წყალიც გონიერებისა, და უაზრო ბოდვა ხომ არ დაიწყო?.. გაცამტვერებულია, საშინლად არის გაცამტვერებული თანამედროვე ადამიანი, რადგანაც იგი გამოფიტულია პირადი უკვდავების შეგნებისა და გრძნობისაგან. უამისოდ კი განა შეიძლება ადამიანს სრულფასოვანი, მვლიანი არსება ვუწოდოთ? - ჰოი, როგორ მძიმედ გაუსრესიათ, როგორ საშინლად დაუსახიჩრებიათ თანამედროვე ადამიანი! იგი ქონდრისკაცად უქცევიათ, ნატეხად ადამიანისა, რამეთუ მისგან გამოუდევნიათ ყოველგვარი გრძნობა და შეგნება მარადიულობისა. ხოლო დაუსრულებლობის შეგრძნების გარეშე განა შეუძლია ადამიანს, საერთოდ, იარსებოს როგორც ადამიანს - გონიერ არსებას?! და თუკი შეუძლია კიდეც რაღაცნაირად, მაშინ განა აქვს აზრი მის ამგვარ არსებობას?! განა უსასრულობის გრძნობის გარეშე მკვდარ, უსულო რამ საგანს არ წარმოადგენს იგი ასევე მკვდარ და უსულო ნივთებს შორის? განა წარმავალ პირუტყვს არ წარმოადგენს - პირუტყვთა შორის?!.. წარმოვიდგინოთ, ასეთი პარადოქსი: მე ვამტკიცებ, რომ ზოგიერთ პირუტყვს უფრო “ამაღლებული” გრძნობები აქვს, უფრო “უკვდავი” სურვილები ამოძრავებს, ვიდრე თანამედროვე ადამიანს-მეთქი, - პროდუქტს ევროპული პროგრესისა! და იგიც, თავისი გონებით მიწას, ყოველივე ამქვეყნიურს მიჯაჭვული და ყოველივე მატერიალურში ჩაფლული ადამიანი, სავსებით მართალია, როცა თავისი “ბრძენკაცების” ბაგეებით ამტკიცებს, მაიმუნისაგან ვარ წარმოშობილიო. და თუკი წარმოშობით უთანაბრებს თავს პირუტყვებს, მაშ, ზნეობის მხრივაც რატომღა არ უნდა გაუთანაბროს?! და განა თანადროულ მართლმსაჯულებაშიც ცოდვა - დანაშაული სულ უფრო და უფრო არ არის აღიარებული ყოვლადდაუცილებელ და გარდუვალ საჭიროებად ადამიანური ბუნებისათვის, მისი სოციალური გარემოსათვის? და რამდენადაც ადამიანში, თურმე, არაფერი უკვდავი არა ყოფილა, როგორც ამას თანამედროვე ევროპელი ამტკიცებს, - ამდენად მთელი ეთიკაც, საბოლაოდ, ინსტიქტურ მსწრაფებებამდე დაიყვანება. და თუკი ეთიკაში ადამიანმა თავის “წინაპრებს” გაუთანაბრა თავი - მაიმუნებსა და სხვა ცხოველებს, მაშინ მთელს მის ცხოვრებასაც ეს პრინციპი დაუფლებია - ადამიანი ადამიანისათვის მგელია. სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან მხოლოდ საკუთარი უკვდავების შეგნებას ეფუძნება ადამიანის ზნეობა, რითაც ის არის კიდეც პირუტყვებზე აღმატებული. ხოლო თუკი არ არსებობს უკვდავება და მარადიული ცხოვრება არც ადამიანისათვის და არც მისი გარემომცველი სამყაროსათვის, მაშინ ასეთი ადამიანისათვის - პირუტყვ ცხოველს მიმსგავსებულისათვის - სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია ასეთი ზნეობაც: “რაი-მე სარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ? - ვჭამოთ და ვსვათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით” (I კორინთ. 15,32).
ფარდობითობა ევროპული ჰუმანისტური პროგრესის ფილოსოფიაში მიზეზი უნდა შექმნილიყო ფარდობითობისა ცხოვრებაშიც, ხოლო ნებისმიერი ფარდობითობა დედაა ანარქიზმისა და ნიჰილიზმისა; მაშასადამე, მთელი ეს პრაქტიკული ეთიკაც ჰუმანისტური ადამიანისა ანარქიზმსა და ნიჰილიზმს წარმოადგენს, რამეთუ ანარქია და ნიჰილიზმი გარდუვალი, დამაგვირგვინებელი, აპოკალიპსური ფაზებია ევროპული პროგრესისა. იდეურ ანარქიზმსა და იდეურ ნიჰილიზმს ევროპული კაცობრიობის ცხოვრებისა და საქმიანობის გახრწნა, მისი განვითარების, პროგრესის კრიზისი უნდა გამოეწვია. დაგანა ჩვენ, მართლაც, თვითმხილველნი არა ვართ ყოველნაირი - იდეურ-პრაქტიკული ანარქიზმისაც და ნიჰილიზმისაც, ერთიანად რომ აჩანაგებენ ევროპული კონტინენტის სულიერებას? ევროპული პროგრესის შესაკრებელნი იმგვარნია, რომ როგორადაც არ უნდა გადავაადგილებდეთ მათ, ჯამი ყოველთვის ანარქიზმსა და ნიჰილიზმს გვაძლევს. დამამტკიცებელი საბუთი გნებავთ? - ინებეთ: ორი გამანადგურებელი მსოფლიო ომი, რომლებიც, სინამდვილეში, ევროპული ომები იყო.
უგუნური გამხდარა ევროპელი ადამიანი, კატასტროფულად უგნური, რაკი შეუძლია არა სწამდეს ღმერთი, სულის უკვდავებაბ და ამის სანაცვლოდ მხოლოდ ე.წ. პროგრესი სწამდეს როგორც აზრი თავისი ცხოვრებისა, და მხოლოდ მისთვის დაშვრებოდეს ამქვეყნად. მაგრამ ერთი ესეც ვიკითხოთ: რაში მჭირდება მე პროგრესი, თუკი მის იქით მე მიკვდილი, სამუდამო გაქრობა მომელის?! რაში მჭირდება შორეული სამყაროები, თანავარსკვლავედები, კულტურები, თუკი მათს მიღმა მე მიკვდილი, სამუდამო გაქრობა დამდარაჯებია და ადრე თუ გვიან მთლიანად უნდა შთანმთქას?! - რამეთუ სადაც სიკვდილია, იქ არანაირი პროგრესი არ შეიძლება იყოს. ხოლო თუკი მაინც არის რაღაც პროგრესი არ შეიძლება იყოს. ხოლო თუკი მაინც არის რაღაც პროგრესი, ეს - დაწყევლილი პროგრესია სიკვდილის წისქვილში, და ამიტომაც იგი სრულად და საბოლაოდ უნდა მოისპოს.
ეს ტანჯვა-წამება ევროპული პროგრესისა კარგად დაინახა გამოჩენილმა ჩეხოსლოვაკიელმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა და გამოხაა კიდეც იგი თავის ტრაგედიაში - “გონიერი უნივერსალური რობოტი”. მის გმირებს - ალკვისტსა და ელენეს შორის ასეთი დიალოგი იმართება:
“ალკვისტი: თუ აქვს ნანას რომელიმე ლოცვანი?
ელენე: აქვს ერთი, ძალზე დიდი.
ალკვისტი: და მასში, ალბათ, ნამდვილად არის ლოცვები სხვადასხვა ცხოვრებისეული შემთხვევებისათვის - ავდრის საწინააღმდეგოდ, სნეულებათა და უბედურებათა თავიდან ასაცილებლად?
ელენე: დიახ, არის ასეთი ლოცვები სხვადასხვა საცთურისა და განსაცდელის საწინააღმდეგოდ...
ალკვისტი: მაგრამ თუ არის ამ ლოცვანში ლოცვები პროგრესის საწინააღმდეგოდ?!..
ელენე: არა, პროგრესის საწინააღმდეგო ლოცვები მასში, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ არის.
ალკვინისტი: ეჰ, რა დასანანია!..”
ამგვარი სულისკვეთებით ევროპული პროგრესის მიმართ ბევრი სხვაც არის განმსჭვალული...
ჰუმანისტურ კაცობრიობას და მისმიერ პროგრესს უპირისპირდება ქრისტესმიერი კაცობრიობა თავისი ღმერთკაცობრივი განვითარებით. უმთავრესი პრინციპი ამ ქრისტესმიერი პროგრესისა შემდეგია: ადამიანი მხოლოდ ღმერთით არის ნამდვილი ადამიანი, - ანუ მხოლოდ ღმერთკაცითაა და ღმერთკაცისმიერაა იგი ნამდვილი ადამიანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი მხოლოდ უკვდავების ძალით არის ნამდვილი ადამიანი, ანუ დაძლევით ყოველივე მოკვდავისა, სიკვდილს დაქვემდებარებულისა, - მხოლოდ გამარჯვებით სიკვდილზე. როცა ცოდვასა და ბოროტებას სძლევს საკუთარ თავში, ამით ქრისტეს ადამიანი სიკვდილსაც სძლევს თავის ცნობიერებაში, და უკვდავ ღმერთკაცთან - იესო ქრისტესთან შეაერთებს თავის არსებას, მასთან შეერთებული კი ამქვეყნადვე უკვდავი შეიქნება, რამეთუ მისი გონება უკვე ქრისტეს გონებით იაზროვნებს, - უკვდავი და მარადიული გონებით; მისი გულიც უკვე, სრულად შეიგრძნობს საკუთარ არსებაში ქრისტესმიერ ცხოვრებას - საუკუნო ნეტარ ცხოვრებას...
ეს კი მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს რწმენით მიიღწევა. როგორც კი ადამიანი მთელი გულით, წრფელად ირწმუნებს მკვდრეთით აღმდგარ ღმერთკაცს, მის სულში მაშინვე იშვება გრძნობა საკუთარი უკვდავებისა, მკვდრეთით აღდგომისა, სიკვდილზე, ცოდვასა და ბოროტებაზე გამარჯვებისა. ეს გრძნობა ყველა სხვა სახარებისეული ღვაწლისათვისაც განამხნევებს ქრისტიანს, ჟა იგი სიხარულით აღასრულებს ქრისტეს მცნებებს, და ამ სიხარულით აღსავსე, ღვთის შეწევნით გაივლის გზას არარსებობიდან - არსებობისაკენ, სიკვდილიდან - უკვდავებისაკენ. როგორც რიცხვი ნულია არარა და ძალუძს არარადან უსასურლობამდე გაიზარდოს, ასევეა ადამიანიც, რომელიც ღმერთკაცით იზიდება: იგი მთელი თავისი არსებით განიმსჭვალება ღვთაებრივი დაუსრულებლობით, და მთელს თავის არსებაში უკვდავად და დაუსრულებლად გრძნობს თავს. ასე, რომ ზემოხსენებული ტრაგიკული პრინციპი ჰუმანისტური პროგრესისა - სიკვდილი აუცილებლად ესაჭიროება ადამიანსო, - შეიცვლება სასიხარულო, მაცხოვნებელი პრინციპით ღმერთკაცობრივი პროგრესისა: უკვდავება წარმოადგენს აუცილებლობას, მარადიულობაა ადამიანის ხვედრი!
ღმერთკაცობრივ პროგრესს თავისი ღმერთკაცობრივი ზნეობა აქვს: მასში მთელი ადამიანური ცხოვრება ერთი წინამძღვრის მიერ წარიმართება - ღმერთკაცის - ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. სიკეთე მხოლოდ ისაა, რაც ქრისტესია, რაც ქრისტესმიერია, - თვინიერ ამისა არ არსებობს ჭეშმარიტი სიკეთე. უკვდავება უმთავრესი ნიშან-თვისებაა ქრისტესმიერი სიკეთისა, და ამიტომაც იგი აუცილებელი რამ არის ქრისტეს ადამიანის ზნეობაში როგორც გრძნობა, როგორც შეგნება, როგორც ქმედება და როგორც განხორციელება. უფალ იესო ქრისტეს შეგრძნება როგორც სულისა - საკუთარი სულისათვის და როგორც ცხოვრება - საკუთარი ცხოვრებისათვის, - აი, ეს არის სწორედ ადამიანის უკვდავება, ამის მეშვეობით კი მას მოენიჭება, მონიჭებული ჰქონდა და ექნება დაუსრულებლობა აზროვნებისა, გრძნობისა, ცხოვრებისა. ნამდვილი ქრისტიანისათვის უკვდავება სავსებით უბნებრივი და ლოგიკური რამ არის, უკვდავების კვალობაზე კი - მარადიულობაც. სწორედ ეს იძლევა შესაძლებლობას მიმდინარეობდეს პროცესი დაუსრულებელი ზნეობრივი სრულყოფისა, - ანუ ჭეშმარიტი პროგრესისა ღმერთისაკენ მიმარვალ, გზაზე, - ღმერთისა, რომელიც არის აღვსება ყოველთა სრულყოფილებათა და დაუსრულებლობათა. ამიტომ სავსებით ლოგიკურია და ბუნებრივიც ღმერთკაცობრივი პროგრესის კატეგორიული იმპერატივი: “იყვნეთ თქვენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქვენი ზეცათაჲ სრულ არს” (მათე 5,48).
ქრისტეს ადამიანი ღვთაებრივი სრულყოფილების გზას ადგას, რომელზეც იგი სახარებისმიერი სათნოებით სძლევს ცოდვასა და ბოროტებას საკუთარ თავშიც და მთელს გარემომცველ სამყაროშიც. იგი ყოველთვის იზრდება სიკეთიდან - სიკეთემდე, მცირეთაგან - დიდამდე, და ამასთან, არასდროს არ ჩერდება ამ გზაზე, რადგანაც ყოველგვარი შეყოვნება, თუნდაც სულ მცირე, სულიერ სიკვდილს მოასწავებს. ყოველი უზაკველი აზრის, ყოველი წმიდა გრძნობის, ყოველი კეთილი სურვილისა და ქველი სიტყვის მეშვეობით იგი აღორძინდება და იზრდება მკვდრეთით აღდგომისაკენ, უკვდავებისაკენ და საუკუნო, მარადიული ნეტარი ცხოვრებისაკენ.
ცოდვისა და სიკვდილის დაძლევით ქრისტესმიერი ადამიანი ქრისტიანული ევოლუციის სამ უმთავრეს ეტაპს გაივლის ამქვეყნიურ ცხოვრებაში: შობას ქრისტეში და ქრისტეს მიერ, გარდაქმნა - ფერიცვალებას ქრისტეში და ქრისტეს მიერ და მკვდრეთით აღდგომას ქრისტეში და ქრისტეს მიერ. საბოლოო მიზანი მისი ბრძოლისა ის არის, რომ ქრისტესთან ერთად მკვდრეთით აღდგეს და ამით სიკვდილი დაამარცხოს. მაშ, იცოდე, რომ შენ უკვე გიძლევია სიკვდილისათვის, თუკი მთელის სულითა და გულით გირწმუნია მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცი იესო ქრისტე, რამეთუ თვით მას ასე უთქვამს: “...რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი”, და “გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან - ცხოვრებად” (იოანე 6,47; 5,24).
ასე, - რწმენით მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცისა, - იწყებს ადამიანი ნამდვილ ადამიანობას, რამეთუ ამ რწმენის ძლით იგი თავისუფლდება ცოდვისაგან და სიკვდილისაგან, და მისივ ძლით შეიძენს შეგნებასა და გრძნობას უკვდავებისა. ცოდვა - სნეულებაა, რომელიც აჩლუნგებს, ადამბლავებს ადამიანში უკვდავების შეგრძნებას, და მაშინ ადამიანს არც აზრით, არც გრძნობით არ ძალუძს ამაღლება მარად ცხოველი ჭეშმარიტი ღმერთის შეგნებამდე და განცდამდე. ასეთი ადამიანი - დასახიჩრებული ადამიანია, ანუ ნახევრად-ადამიანია, უფრო სწორად - არა-ადამიანია, ღმერთკაცმა თავისი მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა ცოდვა და სიკვდილი, რათა გამოეღვიძებინა ადამიანი უკდავებისა და მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის: რათა აქამდე მომკვდარი თუ პარალიზებული გრძნობა უკდავებისა კვლავ გაცოცხლებულიყო ადამიანში და გაახალგაზრდავებულიყო; რათა ადამიანს შეეგრძნო ღმერთი და საუკუნო ცხოვრება როგორც ადამიანური ცხოვრების აზრი ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, ცათა შინა, მართლაც, ღმერთკაცობრივი ეკლესია ერთგვარი ღვთაებრივი სახელოსნოა, რომელშიც განუწყვეტლივ განახლდება და განმტკიცდება ადამიანური შეგნება პიროვნული უკვდავებისა და დაუსრულებლობისა. განა ლოცვა დაუსრულებელ რაიმედ არ გადააქცევს ადამიანის სულს, როცა ღმერთთან შეაერთებს მას? განა სიყვარულიც უკვდავად არ შექნის ადამიანის სულს, როცა ღმერთთან აღამაღლებს მას? განა მოწყალება, გულკეთილობა, სიმდაბლე, სიმართლე და სხვა საღმრთო სათნოებანი უკვდავებისათვის არ აღაშენებენ ადამიანს ქრისტესიმრეი ჭეშმარიტების მეუფებაში? - ყოველი სახარებისეული სათნოებით ადამიანი თანდათანობით დასძლევს საკუთარ თავში სიკვდილს, სანამ, ბოლოს, მთლიანად არ დაამარცხებს მას და თავის უკვდავებასა და საუკუნო ცხოვრებას არ მიაღწევს.
ღმერთკაცობრივ პროგრესში ადამიანი თანდათანობით მიჰყვება ქრისტეს გზას როგორც ღვთაებრივს, რომელიც საღმრთო ჭეშმარიტებით მიიყვანს მას საუკუნო ნეტარ ცხოვრებად. და ყოველივე ეს ადამიანთა მოდგმას სწორედ თავისი მკვდრეთით აღდგომით მოანიჭა ღმერთკაცმა იესო ქრისტემ. მთელი ჭეშმარიტება ცათა და ქვეყნისა, მთელი აზრი ქმნილებისა, სრული სიხარული ყოველთა არსებათა - ყოველივე ეს ადამიანს მოენიჭა იესო ქრისტეს - ღმერთკაცის - მკვდრეთით აღდნგომით, და ამიტომაც ქრისტეს აღდგომა უმთავრესი, გადამწყვეტი მოვლენაა მთელს მსოფლიო ისტორიაში: მასზეა დამოკიდებული და მისგანაა განპირობებული წარუვალი, ღვთაებრივი ფასეულობა ყველა ადამიანისა - ერთობლივ, და თითოეული მათგანისა - ცალკე.
ჰუმანისტური და ღმერთკაცობრივი კულტურა
ევროპულ კულტურას თავის საფუძვლად ადამიანი ჰყავს დადებული. ადამიანით ამოიწურება მისი პროგრამა თუ მიზანი მისი საშუალებანი თუ შინაარსი. ჰუმანიზმია მისი მთავარი არქიტექტორი, და მთლიანადაც იგი ამ სოფისტურ პრინციპზეა დაშენებული: ადამიანი და მხოლოდ ადამიანია ყოველთა საგანთა საზომიო, - და ამასთან, ეს - ევროპელი ადამიანია! იგია სწორედ უმაღლესი შემქმნელიც და განმანაწილებელიც ფასეულობებისა. ჭეშმარიტებაც მხოლოდ ის არის, რასაც ეს ადამიანი გამოაცხადებს ჭეშმარიტებად; ცხოვრების აზრიც მხოლოდ ის არის, რასაც იგი აცხადებს ცხოვრების აზრად და დანიშნულებად; და ბოლოს, სიკეთეცა და ბოროტებაც სწორედ და მხოლოდ ის არის, რასაც ეს ადამიანი მიიჩნევს სიკეთედ და ბოროტებად. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპელმა ადამიანმა საკუთარი თავი ღმერთად გამოაცხადა! და ნუთუ ცხადად არა ჩანს, თუ როგორ განუზომლად უყვარს მას ცხოვრება ღმერთივით - ცხოვრება როგორც ღმერთს მეცნიერებითა და ტექნიკით, ფილოსოფიითა და კულტურით, რელიგიითა და პოლიტიკით, ხელოვნებითა და მოდით; ცხოვრება ღმერთივით ნებისმიერ ფასად, დაე, თუნდაც ეს ინკვიზიციისა თუ პაპიზმის ფასად იყოს, დაე, თუნდაც ეს ცეცხლის, მახვილისა და კაციჭამიობის ფასად ხდებოდეს?! თავისი ჰუმანისტურ-პოზიტივისტური მეცნიერების ენით ამ ადამიანმა გამოაცხადა, რომ ღმერთი არ არსებობს, და ამ ლოგიკით აღძრულმა გაბედულად გამოიტანა ასეთი დასკვნაც: რაკი ღმერთი არ არსებობს, ღმერთი თვით მე ვყოფილვარო!..
არაფერი იმაზე მეტად არ უყვარს ევროპელ ადამიანს, როგორც ღმერთად წარმოჩენა, საკუთარ თავისა, თუმცა კი ამქვეყნიურ სამყაროში იგი ისე სავალალოდაა დატყვევებული ცოდვისა და სიკვდილის მიერ, როგორც თაგვი სათაგურში. და იმისთვის, რომ თავისი ღვთაებრიობა, თავისი ღმერთობა დაემტკიცებინა, ევროპელმა ადამიანმა ისიც გამოაცხადა, რომ არ არსებობს იმქვეყნიური ცხოვრება, და მაშასადამე, აქედან გამომდინარე, არც ღმერთი არსებობს და არც სხვა ზეციური არსებანიო. ევროპელ ადამიანს სურს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ნებისმიერი სახით დაეუფლოს ბუნებას, გაბატონდეს მასზე, თავის ნებას დაუქვემდებაროს იგი, და ამ მიზნით სისტემატური ლაშქრობა მოაწყო ბუნების წინააღმდეგ, რასაც კულტურა უწოდა. ამ ლაშქრობის უღელში შეაბა მან თავისი ფილოსოფიაც, თავისი მეცნიერებაც, თავისი რელიგიაც, ეთიკაც, პოლიტიკაც და ტექნიკაც... მან მოახერხა გარკვეული მონაკვეთი როგორღაც დაეხვეწა და შეელამაზებინა კიდეც ამ მატერიალურ სამყაროში, მაგრამ ვერ შესძლო მისი გარდაქმნა. ბუნებასთან ამ ბრძოლაში ევროპელმა ადამიანმა ვერ მოახერხა მისი გაადამიანურება”, მაგრამ , სამაგიეროდ, შესძლო შეეზღუდა, “დაემიწებინა”, “გაენივთებინა” თვით ადამიანი, ანუ საკუთარი თავი, რაკი მატერიამდე დაიყვანა იგი, და ახლა საკუთარ თავს შეიმეცნებს როგორც მხოლოდ მატერიას. მაგრამ ვინ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში? - რა თქმა უნდა ირონიამ, რამეთუ ასეთმა კულტურამ ადამიანი მატერიის მონად გადააქცია, ნივთების მონად, გახრწნილების მონად. და ახლა ცხადზე უცხადესია ასეთი მდგომარეობა: ევროპელი ადამიანი “ღმერთი” კი არ არის, არამედ უბადრუკი მონაა ნივთებისა, ყოველივე მატერიალურისა! ეს თვითმარქვია “ღმერთი” საგნებისა და კერპების წინაშე დაფუსფუსებს, რომლებიც თავისი ხელითვე შეუქმნია. თავის გალაშქრებაში ყოველივე ზებუნებრივის წინააღმდეგ მან ჰუმანისტური კულტურის ე. წ. მიღწევებით - ანუ მოტყუებით შეცვალა ყოველივე სულიერი: ცანი, სული, უკვდავება, მარადიულობა, ცხოველი და ჭეშმარიტი ღმერთი. და კულტურაც მან “ღმერთად” გამოაცხადა, რადგანაც ამ ჩვენს ბნელით მოცულ პლანეტაზე ადამიანი ვერ სძლებს ღმერთის გარეშებ ვერ სულდგმულობს ნებისმიერი “ღმერთის” გარეშე, დაე, თუნდ ეს ცრუღმერთიც იყოს, - აი, ასეთია ევროპელი ადამიანის ფატალური ირონია.
განა ცხადი არ არის, რომ თავისი კულტურომანიით ევროპელმა ადამიანმა კერპების დამამზადებელ ფაბრიკად გადააქცია მთელი ევროპა?! თითქმის ყოველი მიღწევა კერპად არის გადაქცეული; ამიტომაც ჩვენი დრო, პირველ ყოვლისა, სწორედ კერპთაყვანისმცემლობის დროა. არც ერთი სხვა კონტინენტი არ არის ისე წალეკილი კერპებით, როგორც ევროპა. არსად ისე არ ქვემძრომობენ კერპების წინაშე და არსად ისე არ ცხოვრობენ მხოლოდ ნივთებით და მხოლოდ ნივთებისათვის, როგორც ევროპაში. და ეს - ნამდვილი კერპთთაყვანისმცემლობაა მის ყველაზე ცუდ ფორმაში, რადგან წარმოადგენს მიწის, თიხის თაყვანისცემას. მართლაცდა, განა ვარდისფერ თიხას არ ეთაყვანება ადამიანი, როცა აცთუნებს და სიყვარულით დაჰფუფუნებს თავის მიწიერ, გახრწნად სხეულს; როცა ჯიუტად სულ ამას ამტკიცებს - მე მხოლოდ ხორცი, სხეული ვარ, და სხვა არაფერი ამ ხორცის გარდაო?! მითხარითბ განა ვარდისფერ თიხას არ ეთაყვანება ადამიანი, როცა თავის იდეალად აცხადებს ერთ რომელიმე კლასს, ანდა ხალხსა თუ მთელს კაცობრიობას?!
უეჭველია, ევროპა ათეიზმისაგან კი არ ევნება, არამედ მრავალღმერთიანობისაგან! რაკი ჭეშმარიტი ღმერთი დაჰკარგა, მან ისურვა მრავალი ცრუ-მერთისა და კერპის შექმნით მოეკლა თავისი უღმერთობისმიერი შიმშილი; კერპები კი ყველაფრისაგან შეჰქმნა: მეცნიერებებისაგან - სხვადასხვა ჰიპოთეზებისა თუ აღმოჩენებისაგან, ტექნიკისაგან, სხვადასხვა ცრუ-რელიგიისაგან თუ მათი წარმომადგენლებისაგან, პოლიტიკისაგან თუ მისი წარმომადგენლებისაგან და პარტიებისაგან... და ყველა ამ კერპის შუაგულში - ეს ევროპელი დალაი-ლამა!..
არსებითად, ევროპული კულტურა - ეს ვამპირების ფეტიშიზმია, - ის ფეტიშიზმი, რომელიც თანამედროვე ევროპულ კოსტუმშია გამოწყობილი. გამოდევნება ნივთებისა - აი, ეს არის ევროპელი ადამიანის კულტურისა პრაქტიკულად არის გამოხატული ფეტიშისტურ ეთიკაში. ძველი, წარმართული ფეტიშიზმი, როგორც ცნობილია, კაციჭამიობით გამოირჩეოდა. და განა ახალ - ევროპული ფეტიშიზმიც იგივე კაციჭამიობით არ გამოირჩევა, - ოღონდ შენიღბული, “კულტურული” კაციჭამიობით?! განა ევროპულმა კულტურამ თვითვე არ გამოაცხადა ცხოვრების ერთადერთ პრინციპად ბრძოლა თვითშენარჩუნებისათვის, და თუ საჭირო შეიქნა - კაციჭამიობითაცო?! მთავარი ხომ მხოლოდ ის არის, რომ საკუთარი თავი შეინარჩუნოცხოვრებაში?! და ის კი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს მან თავი, არ წარიმართება სინდისის კონტროლით; ცხოვრება - სასაკლაოაო, სადაც ბატონობს უფლება უფრო სუსტის დაკვლისა, და სადაც უძლური ადამიანები მხოლოდ მასალას წარმოადგენენ ძლიერისთვისო; და რამდენადაც არც ღმერთი არსებობს და არც უკვდავება, ამდენად ადამიანისათვის ყველაფერია ნებადართული, ოღონდ კი თავი შეინარჩუნოსო - ნებადართულია ცოდვაც, ბოროტებაც და დანაშაულიც... პოზიტივისტურმა მეცნიერებმა გამოაცხადა, რომ ყოველივე, რაც კი ამქვეყნად ხდება, ბუნების კანონთა მიხედვით აღესრულება, ხოლო უმთავრეს კანონს ბუნებაში წარმოადგენს აუცილებლობის კანონი, რომელიც ამჟამად ბატონობს კიდეც ადამიანებზე - მათს აზრებზეცბ გრძნობებზეც, მისწრაფებებზეც, საქციელზეც... ასე, რომ როცა ევროპელი ადამიანი სცოდავს, ის, თურმე, მხოლოდ აუცილებლობის გამო იქმს ამას! ჰოდა, ასეც ეუბნებიან ყველას: ადამანო, შენ ბრალი არა გაქვს თვით უდიდესი ცოდვის ჩადენისაც კი, რადგან ყველაფერ მხოლოდ ბუნებრივი აუცილებლობის გამო იქმო!.. ნუ გავიკვირვებთ ამას, რადგან ცოდვა არ შეიძლება არსებობდეს იმ ადამიანისათვის, რომელსაც ღმერთი არა სწამს, რომლისთვისაც არ არსებობს არც ღმერთი და არც მარადიული ცხოვრება; ცოდვა ხომ ღმერთის წინაშეა დანაშაული, და თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ არც ცოდვა არსებულა, არც ბოროტება და არც არანაირი დანაშაული!
და ეს მეტაფიზიკური ნიჰილიზმი ევროპული კულტურისა, გამოხატული ამ პრინციპით - არ არსებობსო ღმერთი - მიზეზი უნდა შექმნილიყო პრაქტიკული ნიჰილიზმისაც, რომლის პრინციპი ასეთია: არ არსებობს ცოდვა, - ყოველივე ნებადართულია, ყველაფერი დაშვებულია! ყურადღება მივაქციოთ ამგარემოებას: თავისი ფილოსოფიით, მეცნიერებით, ტექნიკით და ა.შ. ევროპული კულტურა სისტემატურად განდევნის ადამიანისაგან ყოველივე მარადიულსა და უკვდავს; ვრტუოზულად ადამბლავებს მასში გრძნობას უკდავებისა, მძიმედ აწვება და შეაჭირვებს მის სულს მანამდე, სანამ არარაობად არ აქცევს, სანამ სულ არ გამოფიტავს ყოველივე ღვთაებრივისაგან.
“საჭიროა გათავისუფლება ღმერთისაგან!” - აი, აშკარა შეფარული სურვილი ევროპული კულტურის მრავალი “შემოქმედისა”. მათ სურთ ეს ჰუმანიზმისა და რენესანსის მეშვეობით განახორციელონ, - რუსოსმიერი ნატურალიზმისა და შეფერთხილ-შელახული რომანტიზმის მეშვეობით, პოზიტივიზმისა და აგნოსტიციზმის მეშვეობით, რაციონალიზმისა და ვოლუნტარიზმის მეშვეობით. ხოლო ყველაზე გაბედულებმა და უტიფრებმა მათგან მოიგონეს ასეთი ლოზუნგიც: საჭიროა მოკვდა ღმერთისა! და ბოლოს, ყველაზე გულწრფელმა “შემოქმედმა” და “აღმსარებელმა” ევროპული კულტურისა - ნიცშემ ადამიანომანიისა თუ ეგოიზმის პირამიდის მწვერვალიდან ასეც კი გამოაცხადა - ღმერთი მოკვდაო!
როცა ადამიანისათვის არ არსებობს არც საუკუნო ღმერთი და არც უკვდავი სული, მაშინ მისთვის არც რაიმე აბსოლუტური არსებობს. ყოველადღირებული, და ამიტომ ყველაფერი მისთვის შეფარდებითია, მოკვდავია, წარმავალი და განხრწნადია. და მართლაც, ევროპულ კულტურაში უარყოფილიაბ უკუგდებულია აბსოლუტური ფასეულობანი და გაბატონებულია შეფარდებითი ფასეულობანი. უეჭველია, რომ ეს შეფარდობითობა არის კიდეც ჰუმანიზმის ლოგიკა, ბუნება და სული, აინშტაინის ფარდობითობის თეორია წარმოადგენს საბოლოო შედეგს ჰუმანიზმისა და მისი ყველანაირი განშტოებისა - ფილოსოფიურისა, მეცნიერულისა, ტექნიკურისა თუ პოლიტიკურისა. და არამხოლოდ ამით, არამედ თავისი სულ უკანასკნელი კონკრეტული გამოხატულებითაც ჰუმანიზმი, არსებითად, სხვა არაფერია, თუ არ ეს ნიჰილიზმი, - უარმყოფელი ყოველივე ღვთაებრივისა და მარადიულისა.
ევროპული სულის კრიზისს შემდეგნაირად აღწერს გერმანელი ფილოსოფოსი კარლ იოილი: “ჩვენს თვალსაზრისს სამყაროს შესახებ აკლია მისწრაფება მთლიანისადმი, საერთოდ, და აბსოლუტურისადმი. ჩვენ გვაკლია ძალა დაჯერებისა, და, მასთან ერთად, ძალაც რწმენისა; ჩვენს ზნეობაში არ არის დიდი ხასიათები; ჩვენს ისტორიაში არ არიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც უწყვეტ კავშირში გამოხატავდნენ დროისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენ არა გვაქვს დიდი პოეზია, იმიტომ, რომ ჩვენი ფანტაზია, მოწყვეტილი კოსმიურ მთელს, მხოლოდ უმნიშვნელოს ეჭიდება, დიადს კი ისე ექცევა, როგორც გასართობს რასმე, და ეს იმის გამოც ხდება, რომ ჩვენს პოეტებს უკვე აღარ აქვთ ის კოსმიური გრძნობა კლასიკოსებისა, რომელიც მათს პოეზიას უმაღლეს ჟღერადობას ანიჭებდა, მათს მხატვრულ სახეებს კი შინაგანი აუცილებლობით მსჭვალავდა. გვაქვს ოდენ გამაბრუებელი მხატვრულობა ტონისა მელოდიურობის გარეშე; გვაქვს ოდენ ჭრელ-ჭრელი ილუსტრირება და ინსცენირება სულის გარეშე; გვაქვს ოდენ მდიდარი და ცოცხალი სცენა მსახიობების გარეშე, რომლის გმირებიც მხოლოდ მასები და მარიონეტები არიან: გვაქვს ოდენ რეჟისურა როგორც მოვლენათა წარმართვის ხელოვნება - არსის გარეშე” და ბოლოს, გვაქვს ოდენ გარეგნულად მდიდრული ცხოვრება, ისე მდიდრული, როგორც არასდროს, ოღონდ სიმშვიდის გარეშე, შინაგანი ჰარმონიის გარეშე, რადგან ამ ცხოვრებას აკლია მისწრაფება მთლიანობისაკენ, აბსოლუტურობისაკენ, სამყაროსა და ადამიანის აზრის განსაზღვრებისაკენ, აი, ასე გარდაიქმნება ფილოსოფიის კრიზისი - დროის კრიზისად”.
ასე, რომ ჰუმანიზმი უსათუოდ უნდა გადაზრდილიყო ნიჰილიზმში. და ადამიანიც უსათუოდ ნიჰილისტად იქცევა, თუკი არ აღიარებს არანაირ აბსოლუტურ ფასეულობას. თუკი ამ ლოგიკას მივჰყვებით, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ შეფარდობითობა - ანარქიის დედა ყოფილა, რადგანაც თუკი ყველა არსება ფარდობითია, მაშინ არც კრფ მათგანს არ ჰქონია უფლება იმისა, რომ აბსოლუტურ არსებად წარმოუდგინოს თავი სხვებს, და თუკი მაინც შეეცდება ამას, მაშინ მისთვის აუცილებელია ბრძოლა ბოლომდე, მოსპობამდე; და თუკი ყველა ფასეულობაცშეფარდებითია, მაშინ რა უფლება აქვს ერთს მათგან უზენაეს ფასეულობად გამოაცხადოს თავი?! რამდენადაც ადამიანურ სამყაროში, თურმე არაფერი ყოფილა აბსოლუტური, მაშინ არ არსებულა არც იერარქია ცოცხალი, გონიერი არსებებისა და არც ფასეულობებისა, და არსებულა მხოლოდ ანარქია.
და მართლაც, ნიჰილიზმი და ანარქიზმი ლოგიკური ფინალია ევროპული ჰუმანიზმისა და რელატივიზმისა. ჰუმანიზმი უთუოდ გადაიზრდება თავისი განვითარებისას, ათეიზმში, გაივლის ანარქიზმის სტადიას და ნიჰილიზმით დასრულდება. თუკი დღეს მავანი - ათეისტია, იცოდეთ, რომ ხვალ იგიბ თუკი მართლაც თანმიმდევრული და ბუნებრივია თავის განვითარებაში, ანარქისტი შეიქნება, ზეგ კი - ნიჰილისტი. და თუკი ვინმე დღეს არის ნიჰილისტი, დარწმუნებული იყავით, რომ თავის ამ მდგომარეობამდე - ყოვლის უარყოფამდე იგი ჰუმანიზმიდან მისულა ათეიზმის გზით.
რა რჩება ადამიანისაგან, როცა სული მისი სტოვებს სხეულს? - მხოლოდ გვამი, უსიცოცხლო და გახრწნადი სხეული. ხოლო ევროპული ადამიანისაგან რა დარჩება, თუკი მის სულს ღმერთი მოშორდება? - არარაობა. და თვით ევროპის სხეულისაგანაც, უღმერთოდ, მხოლოდ უსიცოცხლო გვამია დარჩენილი. აი, განდევნეს კოსმოსიდან ღმერთი. და რა დარჩა მისგან? - განა მხოლოდ უსიცოცხლო სივრცე არ დარჩა?! - სხვას არაფერს, თვინიერ ტანსაცმლით შემოსილი თიხისა, მოსიარულე და მოლაპარაკე თიხის კუბოსი. და შედეგიც ამისა შესაზარია: ნივთების მოყვარული ევროპელი ადამიანი თვითონაც ნივთად გადაიქცა. პიროვნება გაუფასურებული და გაცამტვერებულია ევროპაში, დარჩა ოდენ უსიცოცხლო, უსულგულო ადამიანი - ნივთი. აღარ არსებობს მთლიანი, უკვდავი, ღვთისმსგავსი ადამიანი, - დარჩა მხოლოდ ნამსხვრევები ადამიანისა, მხოლოდ სხეულებრივი ჩენჩო, რომლისაგანაც განუდევნიათ სული. მართალია, ეს ჩენჩო დახვეწილია, გარანდულია, ელვარებამდეა გაპრიალებული, მაგრამ ის მაინც ჩენჩოა მხოლოდ, და მეტი არაფერი. ევროპულმა კულტურამ სულისაგან განძარღვაბ გაანივთიერა, გაამატერიალურა ადამიანი, რაღაც საშინელ მანქანად გადააქცია იგი; და აი, ევროპული კულტურა ახლა ურჩხულისმაგვარ საზარელ მანქანა წარმოსდგება ჩვენს წინაშე, რომელიც შთანთქავს ადამიანებს და ნივთებად გადაამუშავებს მათ. და ფინალიც ამისა მძიმე და ტრაგიკულია: ადამიანი უსულო საგნად ქცეულა უსულო საგნებს შორის.
აი, ასეთია, ზოგადი მონახაზით, ევროპული ადამიანის კულტურა. და ახლა ისიც ვნახოთ, თუროგორია სახარებისეული კულტურა ისტორიული ღმერთკაცის - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი. რაზეა დაფუძნებული ეს კულტურა? - იგი დაფუძნებულია პიროვნებაზე ღმერთკაც იესო ქრისტესი. ღმერთი ხორციელ-იქმნა, განკაცდა, ადამიანად მოგვევლინა, რათა ადამიანიც განედიდებინა და ღმერთად ექცია მადლის მიერ. აი. ის დასაბამი და დასასრული, რომელთა შორისაც მოძრაობს და ვითარდება მართლმადიდებელი ღმერთკაცობრივი კულტურა. მისი დევიზი შემდეგია: დაე, ღმერთკაცი იყოს პირველ ადგილზე ყოველივეში, - არა ღმერთი მხოლოდ, და არა ადამიანი მხოლოდ, არამედ სწორედ ღმერთკაცი - სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი ერთსა და იმავ დროს. აქ უმჭიდროესი ერთიანობაა განხორციელებული ღმერთისა და ადამიანისა. აქ მიიღწევა იდეალური წონასწორობა და აქ ხორციელდება სრულყოფილი ჰარმონია ღმერთსა და ადამიანს შორის. თავისი პიროვნების მთლიანობასა და სრულყოფილებას ადამიანი მხოლოდ ღმერთკაც იესო ქრისტესთან შეერთებით აღწევს მის ეკლესიაში - ქრისტეს ღმერთკაცობრივ სხეულში. ღმერთკაცობა - ეს ერთიანი კატეგორიაა, რომლის მეშვეობითაც სრულად ვლინდება მთელი ეს მრავალმხრივი მოქმედება მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურისა, რომელიც ღმერთკაციდან იწყება და ადამიანით დასრულდება - სრულყოფილი, განღმრთობილი ადამიანით. ყოველთა სამყაროთა ცენტრში დგას ღმერთკაცი იესო ქრისტე, - უმთავრესი ღერძი, რომლის გარშემოც იქცევიან ყველა ქვეყნიური და ზეციური სამყარონი. იგია სწორედ მიზანიც დაწყაროც ყველა შემოქმედებითი ძალისათვის მართლმადიდებელი ღმერთკაცობრივი კულტურისა. აქ ღმერთი იღვწის და ადამიანი თანამოღვაწეობს. მასთან, ღმერთი ადამიანს შექმნის, აღაშენებს, ააღორძინებს, და ყოველი ადამიანიც, ნაწილი მისი ღმერთკაცობრივი სხეულისა, ღმერთით და ღმერთისაგან იზრდება და აღეშენება: აქ კვლავაც გრძელდება საღმრთო შემოქმედება ადამიანის მეშვეობით. ამისთვის ადამიანი თავის არსებაში შთადებულ ყოველივე ღვთაებრივს აამოქმედებს, შემოქმედება და ცხოვრებად მიმართავს. ამასთანავებ ამ შემოქმედებითი ქმედებისას ყოველივე ღვთაებრივი არამარტო ადამიანშია დამკვიდრებული, არამედ - მთელ მის გარემომცველ სამყაროშიც, და ყველგან სწორედ ადამიანის მეშვეობით პოულობს თავის გამოხატულებას, მისით და მის მიერ წარიმართება მოქმედებისათვის: ყოველივე ღვთაებრივი, ამგვარად, შრომობს, იღწვის, ყოველივე ადამიანური კი - თანა-მოღვაწეობს, თანა-მოქმედებს მასთან. მაგრამ იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, ადამიანმა უნდა ისწავლოს ღმერთით და ღმერთის მიერ აზროვნება, - გრძნობა, ცხოვრება და შემოქმედებითი საქმიანობა კვლავაც და კვლავაც ღმერთით და ღმერთის მიერ. ყოველივე ამაში განცხადებულია მიზანი მართლმადიდებელი კულტურისა.
რა არის ეს მიზანი მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურისა? - ის, რომ რაც შეიძლება მეტი ღვთაებრივი რამ შესძინოს ადამიანს, ყოველივე საღმრთო განახორციელოს მასშიც და მის გარემომცველ სამყაროშიც: ხორციელ-ქმნას ღმერთი ადამიანში და მის გარემომცველ სამყაროში, - ამიტომაც მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურა არის განუწყვეტელი მსახურება ღმერთისა, დაუსრულებელი აღსრულება ღვთისმსახურებისა: ადამიანი ღმერთს ემსახურება საკუთარი არსების მეშვეობით და მთელი ქმნილების მეშვეობითაც, მის გარემომცველ სამყაროში რომ არსებობს: ადამიანს სისტემატურად, გეგმაზომიერად შეაქვს ყოველივე ღვთაებრივი თავის ყველა სახის ქმედებაში - შრომასა თუ შემოქმედებაში; იგი განაღვიძებს ყოველივე ღვთაებრივს გარემო ბუნებაში, რათა მთელი ბუნებაც მისი - ადამიანის - წინამძღვრობით ღმერთს ემსახურებოდეს, და, ამგვარად, მთელი ქმნილებაც მონაწილეობდეს საყოველთაო ღვთისმსახურებაში, რადგან მთელი ბუნებაც სწორედ ღმერთის მსახურ ადამიანს ემსახურება, მისთვის, მისი ხსნისათვის არის შექმნილი.
ღმერთკაცობრივი კულტურა შიგნიდან გარდაქმნის ადამიანის ბუნებას, ამის მეშვეობით კი მის გარეგნულ მდგომარეობაზეც ახდენს ზეგავლენას, - ანუ ჯერ სულს გარდაქმნის, სულით კი - მის სხეულსაც უცვლის ფერს. ამ კულტურისათვის სხეული - სულის ტაძარია, ის ტაძარი, რომელიც სულით ცხოვრობს, სულით მოძრაობს, მომედებს, და საერთოდ, არსებობს. წაართვით სხეულს სული, და მაშინ სხვა რა დარჩება, თვინიერ ხრწნადი, მყრალი გვამისა?! ღმერთკაცი იესო ქრისტე, უპირველესად, ადამიანის სულს გარდაქმნის, მერმე კი - სხეულსაც. და ეს გარდაქმნილი, ფერცვალებული სული სხეულსაც შესცვლის, მატერიასაც გარდაქმნის.
ღმერთკაცობრივი მართლმადიდებელი კულტურის მიზანია არამხოლოდ ადამიანისა და მთელი კაცობრიობის გარდაქმნა, არამედ - მთელი ბუნებისაც მათი მეშვეობით. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს? - მხოლოდ ღმერთკაცობრივი საშუალებებით: სახარებისეული წმიდა სათნოებებით - რწმენითა და სიყვარულით, სასოებითა და ლოცვა-ვედრებით, მარხვითა და სიმდაბლით, სიმშვიდითა და თანალმობით, გულმოწყალებითა და ღვთისმოშიშებით, სიყვარულით ღმერთისა და მოყვასისადმი. სწორედ ამ სათნოებათა მეშვეობით იზრდება და აღეშენება ღმერთკაცობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურა. ამ სათნოებათა მოღვაწებით ადამიანი გარდაქმნის თავის უსახურ სულს, მოკლებულს ღვთისმსგავსებას - ცოდვიანისაგან წმიდად შეცვლის, ბნელით მოცულისაგან - ნათლით შემოსილად აქცევს და ღმერთის მსგავსებას დაუბრუნებს. ამით კი თავის სხეულსაც იმ ტაძრად შექმნის, რომელსაც მისი ღმერთისმსგავსი სულის დატევნა შეუძლია.
სახარებისეული სათნოებების მოღვაწებით ადამიანი საკუთარ თავზეც შეიძენს ხელმწიფებას და მთელს გარემომცველ ბუნებაზეც. განდევნის რა ცოდვას თავისი თავიდანაც და გარემომცველი სამყაროდანაც, ამით ადამიანი ველურ, გამაჩაენაგებელ ძალსაც იშორებს, რითაც მთლიანად გარდაქმნის საკუთარ თავსაც და გარემომცველ სამყაროსაც, დაიურვებს ბუნებას საკუთარ თავშიც და გარემო სამყაროშიც. ამის საუკეთესო მაგალითნი ეკლესიის წმიდანები არიან: რაკი საკუთარი თავი განუნათლებიათ და გარდუქმნიათ წმიდა სათნოებათა მოღვაწებით, ისინი მერმე ბუნებასაც გარდაქმნიან ხოლმე და განანათლებენ თავიანთ გარემომცველ სამყაროში. ბევი არსებულა ისეთი წმიდანი, რომელთაც გარეული მხეცებიც კი ემსახურებოდნენ, და რომელნიც მხოლოდ თავიანთი გამოჩენით ათვინიერებდნენ მძვინვარე ლომებს, დათვებსა თუ მგლებს. მათი მიმართება ბუნებისადმი ლოცვითია, მშვიდი, უწყინარი, თანალმობით აღსავსე, ნაზი დმ მრმ - უხეში, არა - მკაცრი, არა - მტრული, არა - ველური.
ცათა სასუფეველსაც ამქვეყნად გარეგანი, ძალდატანებითი და მექანიკური ძალისხმევა კი არ აღაშენებს, არამედ შინაგანი, ნებაყოფლობითი, პიროვნული გათავისება უფალ იესო ქრისტესი, რაც შესაძლებელია განუწყვეტელი მოღვაწებით ქრისტიანული სათნოებებისა. სწორედ ეს შექმნის მართლმადიდებელ ქრისტიანულ კულტურას, რადგან ცათა სასუფეველი გარეგანი, ხილული გზით კი არ მოვალსბ არამედ შინაგანი, სულიერი, უხილავი გზებით. აკი მაცხოვარიც იტყვის: “არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაი ზმნით (ანუ აშკარად, განცხადებული სახით); არცა თქვიან: აჰა, აბა, ანუ - იქი. რამეთუ აჰა. ეგერაბ სასუფეველი ღმრთისაი შორის თქვენსა არს” (ლუკა 17,20-21), - იგი ადამიანის სულის სიღრმეშია, სულისა, რომელიც ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და რომელიც სულიწმიდის მიერ არის განათლებულ-კურთხეული, - “რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაი საჭმელ და სასუმელბ არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა” (რომ. 14,17), - დიახ, სულიწმიდით, და არა ადამიანის სულით. ცათა სასუფეველი მხოლოდ იმ ზომით შეიძლება ადამიანის სულში იყოს, რა ზომითაც ის სულიწმიდით აღივსებს თავს წმიდა სათნოებათა მოღვაწებით. ამიტომაც უპირველესი და უდიდესი მცნება მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურისა ეს არის: “ძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ” (მათე 6,33), ანუ ყველაფერ იმასაც მიიღებთ, რაც კი სხეულებრივი სიცოცხლის განგრძნობისათვის არის აუცილებელიო - საზრდოს, შესამოსელს, საცხოვრებელს და ა. შ. (იხ. მათე 6, 25-32). ყველაფერი ეს მხოლოდ დანამატია ცათა სასუფეველისა. და დასავლეთის ჰუმანისტური კულტურაც, უპირველესად, სწორედ ამ დანამატს ეძიებს. ამაში მდგომარეობს მისი წარმართული ბუნებაბ რადგანაც, მაცხოვრის სიტყვისაებრ, წარმართები სწორედ ამას იქმან - მხოლოდ სხეულებრივი სიცოცხლის განგრძობისათვის აუცილებელს ეძიებენ და სასოებენ. აი. ამაშია კიდეც დასავლეთის კულტურის მთელი ტრაგიზმიც, რადგან მან გამოიფიტა სული ამ გამუდმებული ზრუნვით ყოველივე ამაქვეყნიურისათვის, ნივთიერისათვის, ნივთებისათვის. უცოდველმა ღმერთკაცმა იესო ქრისტემ კი ერთხელ და სამუდამოდ ეს გვიბრძანა: “ნუ ჰზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რაი სჭამოთ, და რაი ჰსუათ, ნუცა ხორცთა თქვენთათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არსა საზრდელისა და გუამი სამოსლისა?.. ნუ ჰზრუნავთ და იტყვით: რაი ვჭამოთ, ანუ რაი ვსუათ. ანუ რაი შევიმოსოთ? - რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ; რამეთუ იცის მამამან თქვენმან ზეცათამან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ” (მათე 6, 25. 32-33; ლუკა 12, 22-31).
ვეებაა მოთხოვნილებათა ის მოცულობა, რომელსაც ვნებიანი ჟინით გამოიგონებს თანამედროვე ადამიანი. ამ ყოვლადუაზრო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად ადამიანებმა იმდენი ქნეს, რომ ჩვენი ეს საუცხოო, ღვთაებრივი პლანეტა სასაკლაოდ გადააქციეს. ხოლო კაცთმოყვარე უფალმა დიდი ხანია განგვიცხადა, თუ რა არის “ერთისა სახმარ” ყოველი ადამიანისათვის და მთელი კაცობრიობისათვის. კერძოდ კი, თვით ღმერთკაცი იესო ქრისტეა ადამიანისათვის საჭირო და ყოველივე ის, რაც მას მოაქვს თან: საღმრთო ჭეშმარიტება, საღმრთო სამართლიანობა, უკვდავება და მარადიულობა, საერთოდ, ყველა სხვა ღვთაებრივი სრულყოფილება. აი, სწორედ ეს არის ის ერთადერთი რამ - “ერთისა სახმარ”, - რაც ადამიანსა და კაცობრიობას ესაჭიროება, ხოლო ყველა სხვა ადამიანური მოთხოვნილება, ამ უზენაეს მოთხოვნილებასთან შედარებით, იმდენად უმნიშვნელოა, რომ ისინი თითქმის არც ესაჭიროება ადამიანს (იხ. ლუკა 10,42).
როცა ადამიანი ღრმად - სახარებისეული სიბრძნით ჩაუფიქრდება თავისი ცხოვრებისა და, საერთოდ, მთელი გარემომცველი სამყაროს საიდუმლოს, ყველა სხვა ადამიანის საიდუმლოს, მთელი კაცობრიობის არსებობასბ მაშინ ის უსათუოდ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე არსებითი საჭიროება და მოთხოვნილება მისთვის არის უარის-თქმა ყველა ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე და შედგომა იესო ქრისტესი, ანუ შეერთება მასთან, ღმერთკაცთან, სახარებისეულ ღვაწლთა მოქმედებით. და თუ ის არ მოიმოქმედებს ამას, ყოველთვის სულიერად უნაყოფო იქნება. ბეწვიბ უაზრო, უსიცოცხლო: სული ასეთი ადამიანისა განხმება, გამოიფიტება, განიბნევა, დაიშლება და თანდათანობით კვდომას დაიწყებს, სანამ ბოლოს მთლიანად არ მოკვდება№ თავის ყოველ ნაწილში, რამეთუ იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბაგეთ ასე უთქვამთ: “...ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერხელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე - არცა თქვენ, უკუეთუ არა დადგრეთ ჩემ თანა, და მე - თქვენ თანა, მე ვარ ვენახი, და თქვენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა და მე - მის თანა, ამას მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა. განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი და განხმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწვას” (იოანე 15,4-6).
მხოლოდ ღმერთკაც იესო ქრისტესთან სულიერი ორგანული ერთიანობით ძალუძს ადამიანს თავისი სიცოცხლე საუკუნო ნეტა ცხოვრებაში გააგრძელოს და თავისი არსება - მარადიულ არსებად გადააქციოს. ღმერთკაცობრივი კულტურის ადამიანი არასდროს არ არის მარტოსული: როცა ის აზროვნებს, - ქრისტეთი აზროვნებს; როცა მოქმედებს, - ქრისტეთი მოქმედებს, როცა გრძნობს, - ქრისტეთი შეიგრძნობს. ერთის სიტყვით, იგი განუწყვეტლივ ქრისტე-ღმერთით ცხოვრობს და მოქმედებს. რამეთუ განა რა არის ადამიანი ღმერთის გარეშე? - თავიდან ნახევრად - ადამიანია, ბოლოს კი - სულაც არაადამიანი. მხოლოდ ღმერთკაცში ჰპოვებს ადამიანი სრულყოფილებას თავისი არსებისა, - თავის პირველსახეს, თავის დაუსრულებლობასბ უკვდავებასა და მარადიულობას, ანუ თავის აბსოლუტურ ღირებულებასა და დანიშნულებას. უფალი იესო ქრისტე ერთადერთია ადამიანებსა და ყველა სხვა გონიერ არსებებში, ვინც ადამიანის სული ყველაზე დიდ ღირებულებად გამოაცხადა ყველა სამყაროთა - ზენათა თუ ქვენათა: “...რაი სარგებელ ეყოს კაცსა, - ამბობს მაცხოვარი. - უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თვისისა?” (მათე 16, 26), ანუ ყველაზე ძვირფასი მას საკუთარი სული აქვსო.
მთელი სამყარო, ყველა ვარსკვლავი და პლანეტი არ წარმოადგენს იმგვარად დიდ ფასეულობას, როგორსაც - ერთი ადამიანის სული. თუკი ადამიანი ცოდვებსა და ბიწიერებებში ხარჯავს თავის სულს, იგი ვერაფრით ვეღარ შესძლებს მის გამოსყიდვას, დაე, თუნდ ვარსკვლავთა მთელი სისტემების მფლობელი შეიქნას. აქ მას მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება თავის გადასარჩენად: ღმერთკაცი იესო ქრისტე - ერთადერთი, ვინც უკვდავებას ანიჭებს ადამიანის სულს. ხოლო ნივთებით, მათი სიყვარულითა და შეძენით სიკვდილისაგან კი არ დაიხსნება ადამიანის სულიბ არამედ, პირიქით, დაემონება სიკვდილს, და მხოლოდ ღმერთკაცს ძალუძს ადამიანის გათავისუფლება ნივთთა მიმძლავრებისაგან, მატერიალურის ტირანიისაგან. ნივთები ვერ ხელმწიფებენ ქრისტეს ადამიანზე, პირიქით - იგი უფლებს მათზე. ყველა ნივთსა და საგანს სწორედ იგი განუსაზღვრავს ნამდვილ ღირებულებას, რადგან ისე აფასებს მათ, როგორც ქრისტე იქმდა ამას. ხოლო რამდენადაც, ქრისტეს სახარების მიხედვით, ადამიანის სულს შეუდარებლად უფრო დიდი ღირებულება აქვსბ ვიდრე ყველა სხვა არსებასა თუ საგანს ქმნილ სამყაროში, ამიტომ მართლმადიდებელი ადამიანიც მთელ თავის ზრუნვასა და ყურადღებას სწორედ სულს უთმობს, და მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურაც, უპირველესად, სწორედ სულის კულტურაა.
ადამიანი მხოლოდ ღმერთით არის დიდი და ძლიერი, - აი, ესაა ღმერთკაცობრივი კულტურის ლოზუნგი, უღმერთოდ ადამიანი მხოლოდ *_-იოდე კილოგრამი სისხლიანი თიხაა, და მეტი - არაფერი; ასეთი ადამიანი საფლავია ამ სიცოცხლეშივებ საფლავად შთადებამდე. ევროპელმა ადამიანმა სასიკვდილოდ განიკითხა ღმერთიცა და სულიც, ყოველივე ღვთაებრივიცა და სულიერიც. მაგრამ ამით მან მხოლოდ საკუთარი თავი განიკითხა სასიკვდილოდ, - განიკითხა ისეთი სიკვდილისათვის, რომელსაც უკვე აღარ მოსდევს მკვდრეთით აღდგომა! და თუკი მიუკერძოებლად ჩაუკვირდებით არსს ევროპული ფილოსოფიისა, მეცნიერებისა, პოლიტიკისა, კულტურისა, საერთოდ, არსს ევოპული ცივილიზაციისა, მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ ევროპელ ადამიანში მოუკლავთ ღმერთი და სულის უკვდავება. ასევე, თუკი სერიოზულად ჩავუფიქრდებით კაცობრიობის ისტორიის ტრაგიზმს, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღმერთის მკვლელობა ყოველთვის თვითმკვლელობით მთავრდება. გაიხსენეთ იუდა ისკარიოტელი. მან ჯერ ღმერთი გაიმეტა სასიკვდილოდ, შემდეგ კი საკუთარი თავიც მოსპო, და ეს გარდუვალი კანონია ჩვენი პლანეტის ისტორიისა.
ასე, რომ ევროპული კულტურის შენობა, აგებული ქრისტეს გარეშე, უნდა დაინგრესო, ძალზე მალე უნდა დაინგრესო, - ასე წინასწარმეტყველებდნენ თ. დოსტოევსკი 100 წლის წინათ და დამწუხრებული ნ8 გოგოლი 100-ზე მეტი წლის წინათყყყ და აი, ჩვენს თვალწინბ ახლა აღსრულდება ეს წინასწარმეტყველება. 10 საუკუნეა ინტენსიურად შენდება ევროპის ბაბილონის გოდოლი, და ამჟამად ჩვენს წინაშეა ტრაგიკული სურათი: აგებულია ვეება ნული, არარაობა! დაწყებულია საყოველთაო დაბნეულობა: ადამიანს არ ესმის მეორე ადამიანისა, სულს - სულისაბ ერს - მეორე ერისა. ადამიანი - ადამიანის წინააღმდეგ აღმდგარა, ერთი სამეფო - მეორე სამეფოს წინააღმდეგ, ერთი ერი - სხვა ერის წინააღმდეგ, და თვით კონტინენტიც კი - მეორე კონტინენტის წინააღმდეგ!
ევროპელმა ადამიანმა თავისი ბედის განმსაზღვრელ და თავბრუდამხვევ სიმაღლეს მიაღწია. ამ ბაბილონის გოდოლის მწვერვალზე მან ზე-ადამიანი დააყენა და სურდა მისით დაეგვირგვინებინა შენობის მშენებლობა, მაგრამ სულ ბოლოს, თხემს მიღწეული ზე-ადამიანი გონებას გადასცდა და გოდოლიდან ჩამოვარდა, დაიმსხვრა, თვით გოდოლი კი ამის შემდეგ სულ ირღვევა და იქცევა ომებისა თუ რევოლუციების გამო. ევროპელი ადამიანი ჭკუაზე უნდა შეშლილიყო თავისი კულტურის განვითარების დასასრულს: ღმერთის მკვლელი - თვითმკვლელიც უნდა გამხდარიყო! უკუნი, მძიმე ღამე გადასწოლია მთელს ევროპას. იმსხვრევა ევროპის კერპები, და შორს არ არის ის დღე, როცა ქვა - ქვაზედ აღარ დარჩება ევროპული კულტურისაგან, რომელიც უსულო ქალაქებს აღაშენებდა, ადამიანთა სულებს კი - აჩანაგებდა; ქმნილებებს განაღმრთოვებდა, მათს შემოქმედ ღმერთს კი - უარყოფდა... ცრუ-მოძღვრებებს იგონებდა, ჭეშმარიტ სარწმუნოებას კი განეშორებოდა...
ევროპის მოყვარე რუსი მოაზროვნე ა. გერცენი დიდხანს ცხოვრობდა მის წიაღში, მაგრამ უკვე თავისი ცხოვრების მიწურულს, ამ ასიოდე წლის წინათ, წერთა: “საკმარისად დიდხანს შევისწავლიდით ჩვენ ევროპის ჭიანაჭამ ორგანიზმს: ყველა ფენაში, ყველგან მისი სიკვდილის ნიშნებს ვამჩნევდით... ევროპა საშინელ კატასტროფას უახლოვდება... პოლიტიკური რევოლუციები ირღვევა საკუთარი უძლურების სიმძიმის ქვეშ; მათ დიდი საქმენი მოიმოქმედეს, მაგრამ ვერ შეასრულეს თავიანთი ამოცანა: დაანგრიეს სარწმუნოება, მაგრამ ვერ უზრუნველჰყვეს თავისუფლება; ისეთი ნდომა-სურვილნი აღაგზნეს ადამიანთა გულებში, რომელთაც აღსრულება არ ეწერათ.. მე პირველი ვფითრდები და შიშით აღვივსები მოახლოებული ღამის წინაშე... მშვიდობით, მომაკვდავო სამყაროვ! მშვიდობით, ევროპავ!..”
დაცარიელებულა ევროპელი ადამიანისათვის ზეცა - მას შინა აღარ არის მისთვის ღმერთი; დაცარიელებულა დედამიწაც, - მას ზედა აღარ არის მისთვის ადამიანის უკვდავი სული: ევროპულმა კულტურამ ყველა თავისი მონა მკვდრებად აქცია და თვითონაც დიდ სასაფლაოდ გადაქცეულა. “მე ევროპაში გამგზავრება მსურს, - ამბობდა როგორღაც თ. დოსტოევსკი, - და ვიცი, რომ სასაფლაოზე მივემგზავრები!..” (“ზამთრისეული ჩანაწერები ზაფხულისდროინდელ შთაბეჭდილებებზე”).
პირველ მსოფლიო ომამდე ევროპის დაღუპვას მხოლოდ მელანქოლიური სლავი მწერლები გრძნობდნენ და წინასწარმეტყველებდნენ: ომის შემდეგ კი ამას ზოგიერთი ევროპელიც ხედავს და გრძნობს. მათს შორის ყველაზე გაბედული და გულწრფელიბ უთუოდ, ოსვალდ შპენგლერი იყო, რომელმაც მთელი მსოფლიო შესძრა თავისი წიგნით “ევროპის დაისი”. მასში შპენგლერი ყველა იმ საშუალებით, რისი მიცემაც მისთვის შეეძლო ევროპულ მეცნიერებას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, ტექნიკას, ხელოვნებას, რელიგიას და ა.შ., აჩვენებს, რომ დასავლეთი იღუპება. პირველი მსოფლიო ომიდან დაწყებული, ევროპას სიკვდილისწინა აგონიის ხრიალი აღმოხდება. დასავლეთის, ანუ ფაუსტური კულტურა, რომელიც შპენგლერის შეხედულებით, X საუკუნეში იღებს დასაბამს, ამჟამად იღუპება, ირცვევა, რათა მომავალში საბოლოოდ მოისპოს (ჩვენის მხრივ დავსძენთ, რომ ეს პროცესი ამჟამად აშკარად დაჩქარებულია). ევროპული კულტურის შემდეგო, - ასე თვლის ო. შპენგლერი. - დგება დრო დოსტოევსკისეული კულტურისა, ანუ მართლმადიდებლური კულტურისა!..”
ყოველ ახალ კულტურულ აღმოჩენასთან ერთად ევროპელი ადამიანი სულ უფრო მეტის აჩქარებით კვდებოდა, სიკვდილისაკენ მიექანებოდა. ევროპელ ადამიანთა სიყვარული საკუთარი თავისადმი იყო და არის ის საფლავი განგოზილი, რომლიდანაც მკვდრეთით აღდგომა მათ აღარ სურთ, და ამიტომ არც ძალუძთ ეს; ტრფიალება საკუთარი გონიერებისადმი, - აი, ის საბედისწერო ვნება, რომელიც აჩანაგებს ევროპელ ადამიანებს. ერთადერთი ხსნა ყოველი ამისაგან იესო ქრისტეა! - ამბობს ნ8 გოგოლი. მაგრამ იმ სამყაროს, რომელშიც “მილიონობით მბრწყინავ-მოელვარე საგანია გაბნეული, ყოველი მიმართულებით რომ ავრცელებენ აზრებს, - ასეთ სამყაროს ძალა არ შესწევს უშუალოდ შეეგებოს ქრისტესბ კვლავ მიიღოს იგი”.
ევროპული ადამიანის ტიპმა ფარხმალი დაყარა თავისი ცხოვრების უმთავრესი პრობლემის წინაშე; ღმერთკაცმაკი ყველა ეს პრობლემა ერთიანად გადაწყვიტა. ევროპელმა ადამიანმა ცხოვრების პრობლემის გადაწყვეტა ნიჰილიზმით - ყოველივეს უარყოფით - სცადა. ღმერთკაცმა კი - საუკუნო ნეტარი ცხოვრებით გადაწყვიტა ისინი! ევროპელი - დარვინულ-ფაუსტური ადამიანისათვის ცხოვრებაში უმთავრესია საკუთარი თავის შენარჩუნება, გადარჩენისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა; ქრისტეს ადამიანისათვის კი - თავგანწირვა, სხვისთვის თავის დადება! პირველი ასე იტყვის ხოლმე - სხვები გაიღე მსხვერპლად საკუთარი თავისთვისო! მეორე კი სულ ამას ღაღადებს - საკუთარი თავი გაიღე მსხვერპლად სხვებისთვის. მოყვასისთვისო!.. ევროპელმა ადამიანმა ვერ გადაწყვიტა ის ავბედითი პრობლემა სიკვდილ-სიცოცხლისა, ყველაზე მეტად რომ აწუხებს ყველა ცოცხალ არსებას, ღმერთკაცმა კი სრულიად გადაწყვიტა იგი თავისი და ყოველთა მკვდრეთით აღდგომით!
უეჭველია, რომ ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის პრინციპი - ღვთისმბრძოლი პრინციპია. დდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა ევროპელი ადამიანის ტიპი სანამ მან ღმერთკაცი იესო ქრისტე არ შესცვლა თავისი ფილოსოფიითა და მეცნიერებით, თავისი პოლიტიკითა და ტექნიკით, თავისი “რელიგიითა” თუ ეთიკით... ევროპამ ქრისტე გამოიყენა “მხოლოდ როგორც დიდი უკულტურო ბარბაროსობიდან - კულტურული ბარბაროსობისაკენ, ანუ უხეში ბარბაროსობიდან - დახვეწილი, ნატიფი ბარბაროსობისაკენ” (ეპისკოპოსი ნიკოლოზი. “სიტყვა ყოვლადადამიანზე”).
ჩემს ამ დასკვნებში ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის შესახებ ბევრი რამაა სამძიმო და კატასტროფული ადამიანის სულისათვის. მაგრამ, დაე, ნუ გაგაკვირვებთ ეს, რამეთუ ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე კატასტროფულ პერიოდზე კაცობრიობის ისტორიაში, ევროპის აპოკალიპსისზე, - იმ კონტინენტისა, რომლის სხეულსაც და სულსაც საშინელებანი ფლეთენ. უეჭველია, რომ ევროპაში ვულკანისებრი წინააღმდეგობებია შთადებული, რომლებიც, თუკი მათ არ გაუვნებელ-ჰყოფენ, შესაძლოა, ევროპული კულტურის საბოლოო განადგურებით დასრულდეს.
No comments:
Post a Comment