მიიმართა ამბა სვიმეონ იერუსალიმად, რამეთუ სურვიელ იყო, რაითა მოილოცნეს წმიდანი ადგილნი. მიიწია იერუსალიმად, ილოცა და აღასრულა ნებაი თვსი და დაყო მუნ სამი დღჱ და ყოველთა დღეთა შევიდოდა წმიდათა ადგილთა, ილოცვიდა და უფროის ამას, რაითა დაფაროს ღმერთმან საქმე მისი წარყვანებამდე სულისა მისისა, რაითა დაიცვეს ცუდად დიდებისაგან, რომელსა მიჰყვანან კაცნი ზუაობად და ამპარტავანებად, რომელმან გარდამოსთხინა ანგელოზნი ზეცით და წარწყმიდნა იგინი. შეისმინა ღმერთმან ლოცვაჲ მისი. ვითარცა წერილი იტყვის, ხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ, უფალმან ისმინა მათი და ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ ყვის. და ამით საცნაურ არს იგი, რამეთუ ქმნნა საკვირველნი მრავალნი და საქმენი დიდ-დიდნი, და არა საცნაურ იქმნა საქმე მისი ვიდრე სიკუდილდმდე. და იქმნა ლოცვანი მისი ვითარცა საბურველი გულსა ზედა ყოვლისა კაცისასა, რომელსა საქმე მისი ეცნა, რაითა არარაი თქუან საქმეთა მისთაგანი, ვიდრე სიკუდილდმდე მისა. და თუმცა ესე არა ეთხოვა ღმრთისაგან, ვითარმცა დაფარულ იყვნეს საქმენი მისნი? რამეთუ ოდესმე ცოფთა განჰკურნებდა და ოდესმე ცეცხლი ხელთა აქუნ, ოდესმე უთხრობნ შორიელთა საქმეთა და ოდესმე განმზადის ტაბლაჲ არარაისაგან, და მრავალნი ჰურიანი და მწვალებელნი მოაქცინა ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა და სნეულნი მრავალნი განკურნა და მრავალნი იხსნა განსაცდელთაგან და მეძავნი მრავალნი მოაქცინა: ზოგნი მონაზონ იქმნეს და ზოგნი იქორწინნეს,....
რამეთუ ღმერთმან ოდესმე გამოაცხადნის საქმენი მონათა თჳსთანი, მანვე დაფარა სათნოებაჲ ამის წმიდისაჲ. და შემდგომად სამისა დღისა, რომელნი დაყვნა იერუსალიმს, გამოვიდა მიერ და წარვიდა ემეწად, რამეთუ მუნ შინა ქმნნა საქმენი სალოსობისანი.
რამეთუ ღმერთმან ოდესმე გამოაცხადნის საქმენი მონათა თჳსთანი, მანვე დაფარა სათნოებაჲ ამის წმიდისაჲ. და შემდგომად სამისა დღისა, რომელნი დაყვნა იერუსალიმს, გამოვიდა მიერ და წარვიდა ემეწად, რამეთუ მუნ შინა ქმნნა საქმენი სალოსობისანი.
ა. პირველი საკჳრველი. და ვითარცა მიიწია კართა ქალაქისათა, პოა ძაღლი მკუდარი, მდებარე. და შეიხსნა საბელი, რომელ ერტყა სარტყლად და მოაბა ფერხსა ძაღლისასა და იწყო სირბილდ, მიითრევდა და შევიდოდა ქალაქად. მიიწია ადგილსა, რომელსა ყრმები ისწავლიდა. და ვითარცა იხილეს იგი მათ, იწყეს ყივილდ და იტყოდეს: მონაზონი ცოფი! მონაზონი ცოფი! სდევდეს უკუანა და სცემდეს ყურიმალსა.
ბ. იყო ხვალისა დღე კვირიაკე. და აიღო ნიგოზი, შევიდა ეკლესიად ჟამისწირვასა და იწყო სისრად კანდლებისა, მოჰლეწდა და სდევდეს უკუანა, რაჲთამცა განაძეს ეკლესიით. იგი აჴდა საფსალმუნეთა ზედა და იწყო სისრად დედათა ნიგუზითა მით. და დიდითა ჭირითა განიყვანეს ეკლესიით. ვითარ-იგი განვიდოდა, დაუქცია ტაბლები მსყიდელთა სპანაქრჱსისათაა. შეიპყრეს იგი და სცეს მას ცემაჲ დიდი. ვითარცა იხილა, რამეთუ შემუსრეს ცემითა მით, ეტყოდა თავსა თჳსსა: მართლიად გეტყვი შენ, უბადრუკო სვიმეონ, უკუეთუ გინებს ესრეთ ყოფის ამათ თანა, ერთ კვირაეცა ვერღარა ცოცხალ ყოფად ხარ ხელითა ამათითა.
გ. იხილა იგი კაცმან, რომელი ჰყიდდა ცერცუსა და არა იცოდა მან, ვითარმედ თავი მოუსულელებიეს. ჰრქუა მას: გნებავსა, უფალო, რაჲთა ნაცვალად რონინებისა ამის შენისა მოხვიდე, დასდგე და ჰყიდდე ცერცუსა ამას? ხოლო მან ჰრქუა მას: ჰე. და დაადგინა იგი. დღესა ერთსა სყიდად იწყო და განუყოფდა ყოველსა გლახაკთა და ჭამდა იგი უწყალოდ, რამეთუ თავადსა მას კჳრიაკესა არა ეჭამა. ჰრქუა ცოლმან ცერცჳსა მის უფლისამან ქმარსა თჳსსა: სადაჲთ მოიყვანე მონაზონი ესე? ჭეშმარიტად გეტყჳ: უკუეთუ ესრეთ ჭამდეს, არღარა გიხმს განსყიდაჲ, რამეთუ მე ვხედევდ, და წამსა ერთსა შეჭამა ფილი სავსე ცერცოთი. და არა ეცნა, ვითარმედ სხუები იგი ფილები განუყოფიეს გლახაკთა ზედა, რამეთუ ეგონა განსყიდაჲ. აღაღეს კიდობანსა და არა პოეს მას შინა არცა ფილი ერთი. მაშინ სცეს მას და დაჰგლიჯეს წუერი მისი და განაძეს. ხოლო იგი არა წარვიდა მათგან მას ღამესა, არამედ მიწვა კართა მათთა თანა. და ვითარცა შემწუხრდა, უნდა კუმევაჲ საკუმევლისაჲ და არა პოა ნატეხი კეცისაჲ. შეყო ჴელი მისი საგზებელსა და აღივსო იგი ცეცხლითა, დაასხა მას ზედა საკუმეველი და იწყო კუმევად.
ინება ღმერთმან მოქცევაჲ ცერცჳსა მის უფლისაჲ, რამეთუ იყო იგი იაკობი. მიხედა და იხილა იგი ცოლმან მისმან, რამეთუ აქუნდა ცეცხლი ხელითა მისითა და აკუმევდა. ჰრქუა მას: ჴელითა აკუმევა, ამბა სჳმეონ? და მან ეგრე ყო თავი თჳსი, ვითარმცა მოსწუა ცეცხლმან მან, შთააგდო იგი ფიჩუსა მას, რომელი ემოსა, და ჰრქუა დედაკაცსა მას: უკუეთუ არა გინებს, რაჲთამცა ვაკუმიე ჴელითა ჩემითა, აჰა ესერა ვაკუმევ ფიჩჳთა ჩემითა. და ვითარცა დაიცვა ღმერთმან მაყუალი იგი ცეცხლისა მისგან და ყრმანი საჴუმილისა მისგან. და ესრჱთ აქუნდა ჩუეულებაჲ, ოდეს ქმნის რაჲმე საკჳრველი ადგილსა ერთსა, მიიცვალის სხუად კერძო ქალაქისა, რაჲთა დაავიწყდეს საქმჱ იგი, რომელ ქმნა. და ოდესმე მუნქუესვე ქმნის რაჲმე საქმჱ უშუერი, რაჲთა დაფაროს სასწაული იგი, რომელ ქმნა.
დ. იყო ოდესმე წმიდაჲ ესე ქულბაგსა შინა მეღჳნისასა და უდუღებნ მათ წყალსა, უზავებნ ღჳნოსა და ასუამნ. ხოლო მათ მისციან მას საზრდელი მისი. იყო მექულბაგჱ იგი უწყალო და მრავალგზის არცაღა საზრდელი მისი მისცის მას. მრავალნი მოვიდოდეს და სუმიდეს მის თანა, რაჲთა სალოსსა ეცინოდიან. დღესა ერთსა შევიდა გუელი ქულბაგად და სუა ჭიქისა ერთისაგან და შთასთხია მას წამალი თჳსი და წარვიდა. ხოლო ამბა სჳმეონ არა დახუდა მუნ. და ვითარ მოვიდა, შევიდა ქულბაგად და იხილა წერილი ჭიქასა მას ზედა ესრჱთ: სიკუდილი. და ცნა მიზეზი იგი წერილისაჲ მის, და აიღო არგანი და განტეხა ჭიქაჲ იგი სავსჱ ღჳნითა. მაშინ მოვიდა უფალი იგი ქულბაგისაჲ მის, მოუღო არგანი იგი ჴელთაგან მისთა და სცა მით, ვიდრემდის დაშურა, და განაძო. ვითარცა იყო ხვალისაგან, მოვიდა ამბა სჳმეონ და დაიმალა ქულბაგისა მის კარსა უკუანა. კუალად შემოვიდა გუელი იგი, რაჲთამცა სუა ჩუელებისაებრ თჳსისა. და იხილა იგი ქულბაგისა მის უფალმან, აიღო არგანი და მივიდა, რაჲთამცა მოკლა იგი. ხოლო გუელსა მას ვერ მიამთხჳა და ჩამოლეწა ყოველი იგი ჭიქები. მაშინ გამოეცხადა ამბა სჳმეონ და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, ცოფო, არა სადამე მე ოდენ ვარ მოცთომილი. და ცნა ქულბაგისა უფალმან, რამეთუ ამის მიზეზისათჳს ყო განტეხაჲ ჭიქისაჲ მის ამბა სჳმეონ, და მიერითგან ჰრწმენა იგი. და უნდა წმიდასა მას, რაჲთა განაქარვოს სარწმუნოებაჲ მეღჳნისაჲ მის მისა მიმართ, რაჲთა არა განაცხადოს საქმჱ მისი.
მივიდა დღესა ერთსა, სადა წვა ცოლი მექულბაგისაჲ მის და ეძინა. განიძარცუვიდა სამოსელსა თჳსა, რაჲთამცა დაწვა მის თანა. ჴმა-ყო დედაკაცმან მან. და ესმა ქმარსა მისა და მოვიდა. ჰრქუა მას ცოლმან მისმან: განაძე ჩუენგან წყეული ესე, რამეთუ ბოროტი საქმჱ ჩემ თანა უნდა ყოფად. სცა მას კისერსა და განაძო ქულბაგით და იქმნა იგი მიერ დღითგან ქულბაგისა მის უფლისა თანა ვითარცა კაცი მოცთომილი და ბოროტის მყოფელი. და ოდეს ვისგანმე ესმინ, იტყჳედღა ამბა სჳმეონისთჳს, ვითარმედ თავი მოუსულელებიეს, იგი ეტყჳნ მათ: ჭეშმარიტსა გეტყჳ ვითარმედ ცოფი არს, და რომელი მე თჳთ მიხილავს მის თანა, ვერვინ განმამტყუვნებს მას ზედა, რამეთუ უნდა განრყუნაჲ ცოლისა ჩემისაჲ, უკუეთუმცა ვითარ შეეძლო, და ჭამს ჴორცსა, ვითარცა ვის ღმერთი არა უვინ. რამეთუ ოდესმე ჭამის წმიდამან მან ჴორცი და კჳრიაკჱ ერთი მივლის ყოვლად უჭმელად. ჭამასა მას ჴორცისასა ხედვიდიან, რამეთუ განზრახვით იქმნ მას, რაჲთა არავის აქუნდეს სარწმუნოებაჲ მისა მიმართ. ხოლო მარხვაჲ იგი მისი არა იცოდეს.
ე. იყო ვითარცა კაცი უჴორცოჲ და არარაჲ ჰგლოდა, რაჲცამცა ყო წინაშე კაცთა. და ოდეს გარე განსულის უნებნ, დაჯდის, სადაც დაემთხჳს წინაშე კაცთა, შორის უბანთა. ხოლო ამისთჳს ყვის ესე, რაჲთამცა არწმუნა კაცთა, ვითარმედ უგუნური არს იგი.
ვ. და სულსა წმიდასა, რომელსა დაემკჳდრა მის თანა, განეცივნეს ჴორცნი მისნი, ვიდრემდის არღარა იყო მის თანა აღძრვაჲ ჴორცთა ბუნებისაჲ. იმღერინ იგი დედათა თანა, და ყოვლადვე არაჲ ევნებოდა.
იყო ემეწას შინა დიაკონი, კაცი წმიდაჲ, სახელით იოვანე. და უყუარდა იგი წმიდასა მას სიკეთისა მისისათჳს და გამოუცხადა მას ყოველი საქმჱ მისი. და მან გჳთხრა ყოველი, ვითარ-იგი ეთხრა მისდა წმიდასა მას. იხილა იგი დღესა ერთსა, რამეთუ განმჴმარ იყო იგი მარხვითა, რამეთუ დაეყვნეს თავადნი იგი მარხვანი უჭმელად ყოვლადვე. შეეწყალა იგი დიაკონსა მას და უნდა, რაჲთამცა განუსუენა მას. ჰრქუა მას: მოხუედია აბანოდ, სალოსო? მან ჰრქუა მას: ჰე, და იცინოდა. გუალე, წარვიდეთ! და მუნქუესვე განიძარცუა სამოსელი თჳსი და დაიკრიბა იგი თავსა თჳსსა. ჰრქუა მას დიაკონმან მან: შეიმოსე სამოსელი შენი, უკუეთუ არა, არა მოვალ შენ თანა. ჰრქუა მას სჳმეონ: წარვედ, მოცთომილო, მე მიქმნია საქმჱ პირველ საქმისა. უკუეთუ არა მოხუალ ჩემ თანა, მე წინარე წარვიდე. დაუტევა იგი და წარვიდა.
იყო ადგილსა მასთანაჲსთანა ორი აბანოჲ: ერთი დედათაჲ და ერთი მამათაჲ. დაუტევა სალოსმან ნეფსით მამათა აბანოჲ და შევიდა დედათასა. ჴმა-უყო მას დიაკონმან მან და ჰრქუა: ვიდრე ხუალ, სალოსო, დადეგ, რამეთუ ეგე აბანოჲ დედათაჲ არს . მოექცა იგი და ჰრქუა მას: კმა ყავ, მოცთომილო, აქაცა წყალი ცივი და ტფილი არს და მუნცა ეგრევე და არარაჲთ ჰმატან ერთმანეთსა. შესდვა და შევიდა შორის დედათა. შეაკრბეს იგინი მას ზედა და სცეს მას ცემითა დიდითა და გამოაძეს. და ამისა შემდგომად განიყვანა იგი დიაკონმან მან მარტოდ და ჰრქუა: გაფუცებ შენ ღმერთსა, მამაო, მითხარ, ვითარ აგრძნობდ თავსა შენსა, რაჟამს-იგი დედებსა მას შორის შეხუედ? მიუგო მას და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ, შვილო ჩემო, ვითარცა არნ შეშაჲ შეშასა შორის, ეგრე ვიყავ მე მათ შორის და არა ვხედევდ, ვითარმედ ჴორცნი ასხენ, რამეთუ ყოველი გონებაჲ ჩემი იყო ღმრთისა თანა და არა განვეშორე. და რომელსამე იქმნ ესე წმიდაჲ კაცთა სარგებელისათჳს და რომელსამე, რაჲთა დაფარნეს საქმენი თჳსნი, რაჲთა არა საცნაურ იქმნას.
ზ. დღესა ერთსა იმღერდეს კაცნი ვინმე გარეშე ქალაქისა. და იყო მათ თანა ძჱ ამის დიაკონისაჲ პირველ მოჴსენებულისაჲ, სალოსისა მეგობრისაჲ. და ყრმაჲ იგი უწინარჱს მცირედთა დღეთა დაცემულ იყო სიძვითა ქმრის ცოლსა დედაკაცისა თანა. და ვითარცა გამოვიდა მისგან, შეემთხჳა მას სიცოფჱ, და არღა ეცნა იგი მას. უნდა წმიდასა მას, რაჲთა განსწავლოს იგი და განკურნოს. ჰრქუა მათ, რომელნი-იგი იმღერდეს: უკუეთუ არა მიტეოთ სიმღერად თქუენ თანა, არცა თქუენ გიტევნე სიმღერად. იკრიბნა ქვანი და იწყო სისრად მათა. ჰრქუეს მათ: მოვედ, იმღერდი! და უნდა დიაკონისა მის ძესა, რაჲთამცა მის კერძო შეერთო იგი, და არა ერჩდა მას. და ვითარ იგი რბიოდეს სირბილით, მიიეწია წმიდაჲ იგი ყრმასა მას, ძესა დიაკონისასა, სცა ყურიმალსა და ჰრქუა: ნუღარა კუალად ისიძავ, ჰოი, უბადრუკო, და არა მოგეახლოს შენ ეშმაკი. მუნქუესვე დასცა იგი ეშმაკმან და შემოაკრბა ერი მას ზედა. ვითარ იგი იდვა და პეროოდა, იხილა სალოსი, რამეთუ განაძებდა იგი მისგან ძაღლსა შავსა და სცემდა მას ჯუარითა შეშისაჲთა, და შემდგომად ჟამისა ერთისა მოიქცა. მაშინ ჰკითხეს მას: რაჲ შეგემთხჳა? და ვერ უძლო აღმოთქუმად, გარნა ესე ხოლო, ვითარმედ: კაცმან ვინმე მრქუა: ნუღარა ისიძავ და ნუ გეშინინ. და შემდგომად წმიდისა მის შესუენებისა განეღო გონებაჲ მისი და თქუა, რაჲ-იგი ეხილვა.
იმღერდეს ოდესმე სამღერელსა მათსა და ერთი მათგანი იმღერდა მედგრითა სიმღერითა. და უნდა წმიდასა მას, რაჲთამცა განაშორა სიმღერისა მისგან, რამეთუ ჰქონდეს მცირედნი საქმენი კეთილნი. და შთავიდა ადგილსა მას, სადა-იგი იმღერდეს, აღიღო ქვაჲ მცირჱ, დასწერა ჯუარი მას ზედა, სტყორცა, და ეცა ჴელსა მარჯუენესა მის კაცისასა. განუჴმა იგი და არავინ იცოდა, თუ ვინ სტყორცა ქვაჲ იგი. ეჩუენა წმიდაჲ იგი კაცსა მას ძილსა შინა და ჰრქუა მას: ესე შეგუხუდა ტყორცებითა ჩემითა და, უკუეთუ არა მეფუცო, რაჲთა განეყენო სიმღერისა მისგან, არა განგეკურნოს. და ეფუცა იგი წმიდასა ღმრთისმშობელსა მარიამს, ვითარმედ არღარა იმღერდეს მით სიმღერითა დღეთა ცხორებისა მისისათა. და ვითარ განიღჳძა, იყო ჴელი მისი ცოცხალ ყოვლადვე, და უთხრობდა, რაჲ-იგი იხილა. ხოლო ესე ვერ შეუძლო თქუმად, ვითარმედ სალოსი მეტყოდა ამას. არამედ ამას ოდენ იტყოდა, ვითარმედ: მეჩუენა მონაზონი, რომელსა ემოსა გჳრგჳნი ბაიაჲსაჲ.
ჱ. ცნა ოდესმე წმიდამან სულითა, რომელი დამკჳდრებულ იყო მის თანა, ვითარმედ ძრვაჲ დიდი მოწევნად არს მას ქალაქსა დღეთა მავრიკ მეფისათა, და მოვიდა სამოძღუროსა ყრმათასა, აღიტაცა შოლტი იგი ყრმათაჲ და იწყო მით ცემად სუეტებსა. და ეტყჳნ, რომელსა-იგი უხეთქნის: თქუა უფალმან შენმან: ნუ შეიძრვი. და ვითარცა მოიწია ძრვაჲ იგი, არა შეიძრა არცა ერთი სუეტი, რომელსა-იგი ეხეთქნა. და ერთისა სუეტისა ეგრე ერქუა: შენ ნუცა სდგა და ნუცა დაეცემი. და განიპო სუეტი იგი ძრვისა მისგან ზჱთგან ვიდრე ქუემდე და მიდრკა. და მას ზედა დაადგრა და ვერ ცნეს, რაჲ-იგი ყო წმიდამან მან, გარნა უკუანაჲსკნელ.
თ. კუალად ცნა, ვითარმედ სიკუდილი მოწევნად არს მას ქალაქსა. და მიჳდა ყოველსა ადგილსა, სადა ყრმები ისწავლიდა, და ამბორს-უყოფნ ყრმებსა მას, განსცხრებინ და ეტყჳნ: წარვედ მშჳდობით, შვილო ჩემო. და არა ყოველსა ყრმასა აკოცებნ, არამედ მათ ხოლო, რომელთაჲ ეცნა სულითა, ვითარმედ მოკუდომად არიან. და ეტყჳნ მოძღუართა მათა: ღმრთისათჳს, ნუ სცემთ ყრმებსა ამას, რომელთა მე ამბორს-უყოფ, რამეთუ შორსა გზასა წარმავალ არიან, ხოლო მოძღუართა მათ ოდესმე სციან მას შოლტითა და ოდესმე უბრძანის ყრმათა და უკუნჰკრიან იგი სუეტსა. და ვითარ სიკუდილი მოიწია, არა დარჩა არცა ერთი ყრმაჲ, რომელსა-იგი ამბორს-ეყო, რომელი არა მოკუდა.
ი. ჩუეულებაჲ აქუნდა ამას წმიდასა აღსლვად სახლებსა მდიდართასა, იმღერინ და ოდესმე აკოცებნ ქალებსა მათსა. დღესა ერთსა ისიძვა ვინმე ქალსა თანა ერთისა მდიდართაგანისასა, და მიუდგა იგი. ჰკითხა მას დედოფალმან მისმან: ვინ უძლებ გქმნა? ხოლო მას არა უნდა თხრობად, რომელმან-იგი ყო მის თანა და თქუა: სჳმეონ სალოსმან უძლებ მქმნა. ხოლო იგი მოვიდა ჩუეულებისაებრ მათა. ჰრქუა მას დედოფალმან მის ქალისამან: კეთილად ჰყავა, ამბა სჳმეონ, რამეთუ განჰრყუენ ქალი ჩემი და უძლებ ჰქმენ? ხოლო მან იწყო სიცილად, ჰრიდა თავსა, ჴელითა ტყუელვიდა და იტყოდა: ნუ გლიან, ურვილაკაო, გიშვეს მცირჱ სჳმეონ. და მიერ დღითგან მოართუამნ სიმინდსა, ჴორცსა და თევზსა და სხუასა მრავალსა და ეტყჳნ მას: ჭამდი, დედაკაცო. ვითარცა მოიწია შობაჲ, დაყო სამი დღჱ, იჭირვოდა იგი ტკივილითა დიდითა და არა ჩამოვიდოდა ყრმაჲ, ვიდრემდის მიიწია სიკუდილდ. მაშინ ჰრქუა დედოფალმან მისმან სალოსსა: ლოცვა ყავ, ამბა სჳმეონ, რამეთუ ცოლი შენი მოკუდების და ვერ შვა ყრმაჲ. იწყო როკვად, ტყუელვიდა ჴელითა და იტყოდა: არა, იესუ ქრისტემან, ურვილაკაო, არა ჩამოვიდეს ყრმაჲ მუცლისა მისისაგან, ვიდრემდის არა აღიაროს მამაჲ მისი. ვითარცა ესმა ესე ქალსა მას, აღიარა და თქუა, ვითარმედ: სხუამან უძლებ მქმნა და სალოსი ჩემგან უბრალოა. და მუნქუესვე შვა. და დაუკჳრდა ყოველთა შინა მყოფთა. ზოგნი იტყოდეს, ვითარმედ: წმიდაჲ არს იგი და ზოგნი ვითარმედ: ეშმაკისაგან იქმს ამას და არა მრთელი არს.
ია. იყო ოდესმე სიტყჳსგებაჲ შორის ორთა მონაზონთა ევარგენჱსთჳს (ორიგენე) და იყვნეს იგინი ერთსა მონასტერსა, რომელნი არიან გარემო ემეწასა, და თქუეს: რაჲსათჳს შევარდა იგი წვალებასა ესევითარი კაცი ბრძენი და მოძღუარი? და ერთი მათგანი იტყოდა, ვითარმედ მოძღურებაჲ იგი მისი არა ღმრთისაგან იყო, და მეორჱ იტყოდა, ვითარმედ არავინ მისწუდების ამას საზომსა მოძღურებისასა თჳნიერ ღმრთისა მადლისა, იყო მათ შორის ამას ზედა ცილობაჲ დიდი, და არა ირწმუნეს ერთმანეთისაჲ. ჰრქუა ერთმან მეორესა: აჰა ესერა გუესმის, ვითარმედ არიან იორდანისა უდაბნოსა მონაზონნი წმიდანი. არამედ გუალე, ვილოცოთ იერუსალჱმს და მერმე მივიდეთ ერთისა მათგანისა და ვჰკითხოთ ამისთჳს. და მივიდეს იერუსალჱმს, ილოცეს და განვიდეს ზღჳთ მკუდრით კერძო ადგილსა, რომელსა იყვნეს იოვანე და სჳმეონ. და ენება ღმერთსა, რაჲთა არა ცუდ იქმნეს შრომაჲ იგი მათი, და მიემთხჳნეს იოვანეს, რამეთუ მიწევნულ იყო იგი დიდსა საზომსა მონაზონებისასა. და ვითარ იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: კეთილად მოხუალთ, რომელთა დაგიტევებიეს ზღუაჲ, რაჲთამცა ივსეთ მისგან და მოსრულ ხართ ვსებად ტბისაგან განმხმარისა. და ვითარ იკურთხნეს მისგან, იყო მათ შორის სიტყუაჲ სულიერი განგრძობილად. და მისა შემდგომად უთხრეს მას საქმჱ იგი, რომლისათჳს კითხვად მისრულ იყვნეს. ჰრქუა მათ: არღა მიწდომილ ვარ მე, მამანო, ვიდრე აქამომდე, ვითარმცა ვიცოდე სარჩელი ღმრთისაჲ, არამედ მივედით სჳმეონ სალოსისა, რომელი არს ქალაქსა თქუენსა, და მან გითხრას ესე და ყოველი, რაჲცა გინდეს, და არქუთ მას: ლოცვა ყავ იოვანჱსთჳს, რაჲთა იგიცა მიიწიოს ათსა მას.
და ვითარ მიიწინეს იგინი ემეწად, მოიკითხეს სჳმეონ, რომელსა უწოდიან სალოს. და ყოველსა რომელსა ესმის მათი, იკითხვედ რაჲ სალოსსა, ჰბასრობნ მათ. და სხუანი ეტყჳედ: რაჲ გინებს მის კაცისაგან, მამანო, რამეთუ ეკიცხევს იგი და ემღერის ყოველთა, რომელნი მივლენ მისდა, და უფროჲს ხოლო მონაზონთა. პოვეს იგი ქულბაგსა მეცერცჳსასა, და ჭამდა იგი ცერცუსა, ვითარცა დათჳ. ვითარ იხილეს იგი, ერთი მათგანი შეორგულდა და თქუა გულსა თჳსა: კეთილისა მოძღურისა მოვედით კითხვად, ფრიად არიან ამის თანა საქმენი მტერისანი. მიეახლნეს მას და ჰრქუეს: გუაკურთხენ, მამაო! მიუგო მათ და ჰრქუა: ნუმცა ხართ კურთხეულ თქუენ და იგი ცოფი, რომელმან მოგავლინნა. შეუპყრა ყური, რომელ-იგი შეურგულდა მისა მიმართ, სცა ყურიმალსა, და აჩნდა გერში მისი სამსა დღესა. და ჰრქუა მას: რაჲსათჳს აბრალებ ცერცუსა ამას, ორმოცსა დღესა დამბალ არს, და ევარგენე არა ჭამს ამას, რამეთუ შევიდა იგი ზღუასა და ვერ უძლო გამოსულად და დაითქა უფსკრულსა. ხოლო მათ დაუკჳრდა, რამეთუ უთხრა, რომელ-იგი ეგულებოდა კითხვად მისა, ვიდრე მათა კითხვამდე. კუალად ჰრქუა მათ: და მას ცოფსა, მსგავსსა თქუენსა, რაჲ ათი უნებს, მიღებად უც გუემაჲ ნაცვალად გუემისა. ჰე, ჰე, წარვედით, მოცთომილნო, აღიღო ქუაბი მჴურვალჱ და მოსწუნა მათ ბაგენი მათნი, რაჲთა არავის უთხრან, რომელსა-იგი ეტყოდა.
იბ. ხოლო ვითარ იგი იყოფოდა ქულბაგსა მას მეცერცჳსასა, დღესა ერთსა აღიღო სტჳრი და იწყო სტჳნვად მით ერთსა ფოლოცთაგანსა. და ადგილსა მას იყოფოდა ეშმაკი და სტჳრსა მას სცემდა, ვითარ გჳთხრა დიაკონმან მან, მეგობარმან მისმან, ლოცვასა მას, რომელი ასწავლა ნიკონ მამასახლისმან, რაჲთა განჴადოს ადგილისა მისგან ეშმაკი იგი, რომელი იყოფოდა მას შინა, რამეთუ ფრიად ავნებდა იგი კაცთა. მაშინ ივლტოდა ეშმაკი იგი მისგან. ეჩუენა იგი მსგავსად ჰინდოჲსა და შევიდა მეცერცჳსა მას ქულბაგსა და დაულეწა ყოველი ჭურჭელი მისი. მაშინ მოვიდა წმიდაჲ იგი და ჰრქუა ცოლსა მის მეცერცჳსასა: ვინ მოლეწა ჭურჭელი ესე? და მან თქუა: ჰინდოჲ ერთი მედგარი მოვიდა და მან დალეწა, რომელსა-ესე ხედავ. იგი ეცინოდა და ეტყოდა: მოკლე კაი იყო, მოკლე კაი, არა? და მან თქუა: ჰე, სალოსო. და მან მიუგო: მართლიად გეტყჳჲ, მე მოვავლინე, რაჲთა დალეწოს. ხოლო მას უნდა, რაჲთა სცეს სჳმეონს. ხოლო მან აღიღო მტუერი და შესტყორცა იგი პირსა მის დედაკაცისასა, და მუნქუესვე დაუდგეს თუალნი მისნი. ჰრქუა მას: არა მიცია, მართლიად გეტყჳ, უკუეთუ არა ეზიარებოდი ეკლესიასა ჩემსა, რაჲ დღე მოვიდოდეს ჰინდოჲ იგი და დაჰლეწდეს ჭურჭელსა თქუენსა, რამეთუ იყვნეს იგინი იაკობნი* და დაუტევა იგი და წარვიდა. და ვითარცა იყო ხვალისა დღე, მასვე ჟამსა მიუჴდა ჰინდოჲ იგი ცხადად და კუალად დაულეწა ყოველი ჭურჭელი მათი. მაშინ შეჰჭირდა მათ და იქმნეს იგინი მართლმადიდებელ. ხოლო სჳმეონ შეერაცხა მათ გრძნეულად და ვერვის უთხრეს, რაჲ-იგი ყო მან მათ თანა.
იგ. ერთმან მექულბაგეთაგანმან იხილა წმიდაჲ ესე, იბანებოდა რაჲ იგი, და ორნი ანგელოზნი ზრახვიდეს მას. და იყო მექულბაგჱ იგი შჯულითა ჰურიაჲ და ჰგმობდა იგი ქრისტესა ფრიად და უნდა მითხრობაჲ, რაჲ-იგი იხილა. მაშინ ეჩუენა მას წმიდაჲ იგი ძილსა შინა და ჰრქუა: იხილე, ნუვის უთხრობ, რაჲ-იგი იხილე, ხოლო მან არად შეჰრაცხა სიტყუაჲ იგი მისი, გამოვიდა ხვალისაგან სახლით თჳსით, რაჲთამცა განაცხადა საქმჱ მისი. შეემთხჳა მას წმიდაჲ იგი, დასწერა ჯუარი ბაგეთა მისთა და დაუყო მას პირი, და იქმნა იგი უტყუ. მისდევდა იგი წმიდასა მას და ეტყოდა ჴელითა, რაჲთა განჴსნას იგი. იწყო წმიდამან მან მიმოსლვად, იმღერდა რეცათუ და ეტყოდა მას: ჯუარი დაიწერე პირსა თჳსსა, ხოლო ჰურიამან მან არა ინება ჯუარისა დაწერაჲ და დაადგრა ეგრჱთვე. და ვითარ დაღამნა, ეჩუენა მას წმიდაჲ იგი ძილსა შინა და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ, უკუეთუ არა ნათელ-იღო, ესრევე ყოფად ხარ, ხოლო მან არა ისმინა მისი და ეგრჱთვე დაადგრა უტყუად, ვიდრემდის შეისუენა ამბა სჳმეონ. და ვითარ განცხადნეს საკჳრველთა საქმენი მისნი, მაშინღა ნათელ-იღო მან და ყოველმან სახლმან მისმან. და ვითარ აღმოჴდა იგი ემბაზისა მისგან, იწყო სიტყუად და უთხრობდა, რაჲ-იგი უყო წმიდამან მან. და რაჲ წელიწად აღასრულებდა იგი დღესასწაულსა მისა და განუსუენებდა გლახაკთა.
იდ. ხოლო ოდესმე აღდგის წმიდაჲ ესე და იმღერინ მეძავთა თანა ქალაქისათა. და შეიპყრის ერთი ერთითა ჴელითა და მეორჱ მეორითა ჴელითა. იწყის როკვად მათ თანა წინაშე კაცთა. და ოდესმე შთაუყვიან ჴელი საყელესა და სტანჯვედ მას და სცემედ ყურიმალსა. ხოლო ბერი იგი იყო, ვითარცა ოქროჲ, წმიდაჲ და არარაჲ ევნებოდა მას, რამეთუ ვითარ-იგი თქუა, რაჟამს იყო იგი უდაბნოს, დიდი ბრძოლაჲ აუდგა ჴორცთა მისთაგან. მაშინ ილოცა და ითხოა ღმრთისაგან, რაჲთა აღიღოს იგი მისგან. მოეჴსენა წმიდაჲ იგი მამასახლისი და ევედრებინ მას ლოცვასა შინა თჳსა, რაჲთა მეოხ ექმნეს იგი წინაშე ქრისტეჱსა და აიღოს მისგან ბრძოლაჲ იგი სიძვისაჲ. ეჩუენა მას მამასახლისი და ჰრქუა: ვითარ ხარ შენ, სალოსო? ჰრქუა მას სჳმეონ: ურვილად ვარ მე, უკუეთუ არა მეწიო, რამეთუ ჴორცნი ჩემნი მაწყინებენ მე, არა ვიცი, რაჲსაგან. განიღიმა ბერმან მან დიდმან, ნიკონ მამასახლისმან, და მოიღო წყლისაგან იორდანისა, დაასხა იგი უპესა ზედა სჳმეონისა და დაჰბეჭდა მას ზედა ნიშითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა და ჰრქუა მას: ამიერითგან განიკურნე ამის ვნებისაგან. და მიერ დღითგან არღარა შეემთხჳა მას აღძრვაჲ ჴორცთაჲ და არცაღა აგრძნობდა იგი მჴურვალებასა არცა მძინარჱ, არცა მღჳძარჱ. და მაშინღა კადნიერ იქმნა სოფლად შესლვად, რაჲთა იჴსნნეს, რომელნი-იგი ღუაწლსა შინა არიან.
იე. ჰრქჳს ოდესმე წმიდამან მან მეძავთა მის ქალაქისათა: გინებსა, რაჲთა იყო მეგობარ ჩემდა და მე მიგცე შენ ასი დრაჰკანი? ხოლო მათ ხუეჭისათჳს ნება სციან მას და უჩუენის მათ დრაჰკანი იგი, რამეთუ ღმერთი მოსცემდა მას ყოველი რაჲცა უნებნ. და აფუცის, რომელმან-იგი ნება სცის, რაჲთა არღარა ცოდოს ნეშტთა მათ დღეთა ცხორებისა მისისათა, და მისცის მას დრაჰკანი იგი. და ამათ რაჲ საქმეთა იქმნ, როკავნ იგი და ცოფობნ და შეიმოსნ სახესა, რომელი ვერვის ძალ-უც მითხრობად. ოდესმე როკავნ და ოდესმე ხლდებინ, ოდესმე ცურავნ იგი გულთა თჳსთა ზედა, ვითარცა ქუემძრომელი. და რაჲ მთოვარისა მოქცევა, რაჟამს იხილის მთოვარჱ, დააგდის თავი თჳსი ქუეყანასა ზედა, ირჩვებინ, პეროვინ და იტყჳნ სიტყუათა, ვითარღამცა ეშმაკი ზრახვიდა მის გამო. და თქჳს წმიდამან მან, ვითარმედ ესე: სახჱ უღირს შემოსად, რომელთა ყვნენ თავნი თჳსნი ღმრთისათჳს ცოფ.
ივ. და რაჟამს ეცრუვის ვინმე მეძავთა მათგანი, რომელსა აღუთქუამნ, რაჲთა არა ცოდოს, ცნის მან სულითა ღმრთეებისაჲთა, ვითარმედ უსიძავს. მაშინ მივიდის მისა, იწყის ყივილდ და ეტყჳნ: მეცრუვეა, მეცრუვე? უფალო, მიეც, ვითარცა-იგი უქმნიეს, და მიავლინე მათ ზედა სალმობაჲ, და უკუეთუ დაადგრის ცოდვასა მას ზედა, მიავლინის მის ზედა ეშმაკი. და ამის გამო ეშინინ მისგან, რომელთა-იგი აღუთქუამნ არა ცოდვაჲ, და ეკრძალებიედ მას.
იზ. შევიდა ოდესმე ჰემეწად ერთი მდაბიოჲ წარჩინებულთაგანი. და ესმა ამის წმიდისათჳს და თქუა: ჭეშმარიტად ვიტყჳ, უკუეთუ, ვითარ ვიხილო მე იგი, ვცნა, უკუეთუ ნამდჳლვე ცოფი არს, გინათუ ნეფსით ეგრე ზამს. ეძიებდა მას და, ვითარ პოვა იგი, იხილა, რამეთუ დედაკაცსა მეძავთაგანსა აეკიდა იგი, და მეორჱ სცემდა ქოქითა. მაშინ შეეჭუდა კაცი იგი და თქუა გულსა თჳსა: რომელი ეშმაკი არა ეჭუდეს, ვითარმედ ესე მედგარი მონაზონი არა ისიძავს ამათ თანა? და მუნქუესვე დაუტევნა იგინი წმიდამან მან და მივიდა კაცისა მის, რამეთუ იყო იგი შორს მისგან, სცა მას ყურიმალსა და წინაამოიკრიბა სამოსელი თჳსი, როკვიდა და ჰრქუა მას: მოვედ, უბადრუკო, ვიმღერდეთ, რამეთუ არარაჲ არს აქა ზაკუვისაგანი. და გულისხმაყო კაცმან მან, ვითარმედ წმიდასა მას უცნობია განზრახვაჲ მისი, რომელსა მისთჳს იტყოდა, დაუკჳრდა და რავდენგზისცა უნდა, რაჲთა უთხრას საქმჱ იგი, შეიკრის ენაჲ მისი და ვერ თქჳს.
იჱ. აქუნდა წმიდასა მას მადლი და მოთმინებაჲ მარხვასა ზედა უფროჲს მრავალთა სრულთა მონაზონთასა. და ოდეს მოიწიის კათოლიკჱ მარხვაჲ, არარაჲ ჭამის ყოვლადვე, ვიდრე დიდად ხუთშაბათამდე. და ხუთშაბათსა დღესა დაჯდის დილეულითგან, ჭამნ. და რომელთა იხილიან იგი, შეორგულდიან და თქჳან: იხილეთღა ბერი ესე მედგარი, რამეთუ არცაღა ხუთშაბათსა დღესა დასთმობს. იხილა იგი ოდესმე იოვანე დიაკონმან, რომელმან-იგი საიდუმლოჲ მისი ყოველი იცოდა, ჯდა რაჲ იგი ხუთშაბათსა დიდსა და ჭამდა. ჰრქუა მას: რაჲსა გიყიდია ესე, სალოსო? მიუგო წმიდამან მან და ჰრქუა: ორმოც ფოლად, ჰოი, მოცთომილო. ამით აუწყებდა, რამეთუ ორმოცი დღჱ არს, ვინაჲთგან პური არა უჭამია.
ით. იყოფოდა ეშმაკი ერთსა მას ფოლოცთაგანსა მის ქალაქისასა. და იხილა იგი წმიდამან მან, დღესა ერთსა დგა და უმზირდა, რაჲთა, თუ ვინმე თანაწარჰვიდოდის, შევიდეს მისა. იკრიბა წმიდამან მან ქვები უბეთა თჳსთა და ესროდა კაცთა, რაჲთა არავის უტეოს განსლვად ფოლოცი იგი. და ვითარ იგი ესროდა კაცთა, განვლო ფოლოცი იგი ძაღლმან. სცა მას ეშმაკმან მან, დაეცა იგი და იწყო ყჳრილად. მაშინღა ჰრქუა კაცთა წმიდამან მან: განვლეთ აწ, მოცთომილნო! და ამისთჳს აყენებდა მათ განსლვად მას ადგილსა, რაჲთა არა დასცეს მათ ეშმაკმან, ვითარ-იგი ძაღლსა მას დასცა.
კ. განვიდა ოდესმე წმიდაჲ ესე არესა ერთსა ქალაქისასა და მიხუდა იგი ქალებსა, რომელნი როკვიდეს და იმღერდეს. და ვითარ იხილეს იგი, იწყეს სიმღერად და შესხმად მონაზონთა. და უნდა წმიდასა მას, რაჲთამცა განსწავლნა იგინი. ილოცა და იქმნა თუალები ყოვლისა მის ქალებისაჲ მრუდ. ვითარ მიხედნეს ერთმანეთსა, გულისხმა-ჰყვეს, ვითარმედ სალოსმან უყო იგი მათ. მისდევდეს მას ტირილით და ეტყოდეს: განჴსენ, სალოსო, განჴსენ, რომელ ესე ჰყავ. და ეგონა მათ, ვითარმედ გრძნებითა ყო იგი. ეწინეს და დაეკიდნეს მას და აფუცებდეს, რაჲთა განჴსნას, რაჲ-იგი ყო. ჰრქუა მათ განცხრომით: რომელსა უნდეს თქუენგანსა განკურნების, მიტევენ, რაჲთა ვაკოცო თუალსა მრუდსა, და განიკურნოს. და რომელთაჲ-იგი ჯერ-უჩნდა ღმერთსა განკურნებაჲ, უტევეს. და აკოცა მათ, და განიკურნეს. და სხუანი იგი დაადგრეს ეგრჱთვე. და ვითარ მცირედ წარვლო, მისდევდეს მას და ეტყოდეს: გუელოდე, სალოსო, რაჲთა ჩუენცა ამბორს გჳყო და განვიკურნნეთ. ხოლო მან არა ნება სცა და ეგრჱთვე დაადგრეს იგინი. და წმიდაჲ იგი იტყჳნ: უკუეთუმცა ღმერთსა ესე არა მოეწია მათ ზედა, წარ-მცა-ემატა ყოველთა დედათა ქუეყანისა ჰემეწელთა უშჯულოებითა.
კა. მოუწოდა ოდესმე პირველმოჴსენებულმან მან დიაკონმან ამას წმიდასა, რაჲთა პირ-იჴსნას მის თანა. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ მისა, პოვა ჴორცი აპოხტი. აღიღო დანაკი, იწყო ჭრად და ჭამად. და ვითარცა იხილა იგი იოვანე დიაკონმან პატიოსანმან, მიეახლა და ჰრქუა მას ყურისყურ, რაჲთა არავის ესმეს მუნ შინა მყოფსა: მართლიად გეტყჳ, ვითარმედ ვერ შემაეჭუებ შენდა მიმართ, დაღაცათუ აქლემისა ჴორცი შჭამო. რამეთუ იცოდა სიმრავლჱ სათნოებათა მისთაჲ, და არცა ნეტარი ესე რას დაუფარვიდა მას საქმეთა მისთაგანსა სიკეთისა მისისათჳს და კეთილად სლვისა.
კბ. მივიდეს ოდესმე იერუსალჱმდ კაცნი ჰემეწელნი, რაჲთა ილოცონ დღესასწაული აღვსებისაჲ. და ერთი მათგანი ჩავიდა იორდანედ, რაჲთა მუნცა ილოცოს. და მოჰვლიდა იგი მონაზონთა, რომელნი იყვნეს უდაბნოს, და მისცემდა მათ ევლოგიასა. და ნებითა ღმრთისაჲთა შეემთხჳა იოანეს, ძმასა ამის ნეტარისა სჳმეონისა. და ვითარცა იხილა იგი, მოდრკა მის წინაშე თაყუანისცემით და ითხოვდა მისგან ლოცვასა. ჰრქუა მას იოანე: სადაჲ ხარ შენ? მიუგო მან და ჰრქუა: მე, მამაო, ჰემეწელი ვარ. და კუალად ჰრქუა მას იოანე: შენ დაგიტევებია ქალაქსა შენსა ამბა სჳმეონ, რომელსა უწოდიან სალოს, და მოსრულ ხარ და ითხოვ ჩემ გლახაკისაგან ლოცვასაა? მე და ყოველთა კაცთა გჳჴმს ლოცვაჲ მის წმიდისაჲ. წარიყვანა კაცი იგი თჳსა ქუაბად და დაუგო მას ტაბლაჲ, სავსჱ ყოვლითა კეთილითა, რამეთუ მოსცემდა მას ღმერთი ყოველი რაჲცა უნებნ. უკუეთუმცა არა, სადაჲთ იპოვა უდაბნოსა მას ჴმელსა სიმინდი ლბილი, წმიდაჲ თევზი, ტაფაკითა შემწუარი, მჴურვალჱ, და ჭიქაჲ, სავსჱ ღჳნითა ჰამოჲთა?!
ვითარ ჭამეს და განძღეს, მისცნა მათ სამნი პურნი ტფილნი და ჰრქუა მას: მიიხუენ ესე და მისცენ სჳმეონ სალოსსა და არქუ მას: ლოცვა ყავ ძმისა შენისა იოვანჱსთჳს. და ვითარ მოვიდა კაცი იგი ემეწად, შეემთხჳა მას სალოსი ქალაქისა კართა ზედა და ჰრქუა მას: რაჲ არს, ცოფო, ვითარ არს იგი ცოფი შენებრი ამბა იოვანე, ანუ შეშჭამეა ევლოგიაჲ იგი, რომელ მოგცა? მართლიად გეტყჳ, უკუეთუ შეგიჭამიან, ურვილად მოდნობად გისხენ. დაუკჳრდა კაცსა მას სიტყუათაგან მისთა. და წარიყვანა იგი სალოსმან საყოფლად თჳსა და დაუგო მას ტაბლაჲ. კაცი იგი ფიცვიდა და იტყოდა: ყოველი, რომელი იოვანე დამიგო უდაბნოს, ეგეთივე ამან დამიგო, ვიდრემდის ჭიქაჲცა ეგეზომივე იყო სიდიდითა და ჰგვანდა მას. და ვითარცა ვისამხრენით, მივეც მას ევლოგიაჲ იგი და წარმოვედ სახიდ ჩემდა. ხოლო მე მრცხუენოდა თხრობად ვისამე, რამეთუ ყოველთა კაცთა შეერაცხა იგი ცოფად.
კგ. შევარდა ოდესმე იოვანე, მეგობარი ამის წმიდისაჲ, რომელი ზემოთ ვაჴსენეთ, დიდსა განსაცდელსა. და ღმერთმან იჴსნა იგი ამის წმიდისა ლოცვითა, რამეთუ კაცთა ვიეთმე უკეთურთა კაცი მოკლეს და გუამი მისი აღიღეს და სარკუმლით შთააგდეს ამის დიაკონისა სახლსა. და ვითარ მიიწია საქმჱ იგი ჴელმწიფისა, ბრძანა დიაკონისაჲ მის ძელსა აბმაჲ. და რაჟამს იგი მიჰყვანდა ძელად, ესრჱთ ილოცვიდა: უფალო ღმერთო, ლოცვითა სჳმეონ სალოსისაჲთა მიჴსენ და განმარინე ჟამსა ამას! და ინება ღმერთმან ჴსნაჲ მისი.
მო-ვინმე-ვიდა კაცი ამბა სჳმეონისა და ჰრქუა: უბადრუკო სალოსო, მოყუარჱ შენი წარიყვანეს, იოვანე, ძელსა აბმად. და ჭეშმარიტსა გეტყჳ, უკუეთუ მოიკლას, შენ შიმშილითა მოჰკუდე და არღარავინ გესუას მზრუნველი. ხოლო ნეტარმან მან თავი მოისულელა, დაუტევა იგი და წარვიდა ადგილსა მას ფარულსა, რომელსა შინა ჩუეულებაჲ აქუნდა ლოცვისაჲ. და არავინ იცოდა ადგილი იგი, გარნა დიაკონმან მან მარტოდ. მოდრკა თაყუანისცემით წინაშე ღმრთისა და იწყო ვედრებად მისა, რაჲთა იჴსნას მონაჲ თჳსი ჭირისა მისგან. ვითარცა მიიყვანეს იგი ადგილსა მას, უნდა, რაჲთამცა აღამაღლეს ძელსა მას ზედა. მუნქუესვე მჴედარი მოარბევდა სწრაფით და თქუა: განუტევეთ ეგე, რამეთუ ვპოვენით, რომელთა კაცი იგი მოკლეს.
და ვითარ განუტევეს, წარ-ხოლო-ვიდა ადგილსა მას, რამეთუ იცოდა, სადა წმიდაჲ იგი ილოცვიდა. და შორით იხილა იგი. ჴელნი ზე აღეპყრნეს, ხოლო ფუცვიდა დიაკონი იგი და იტყოდა, ვითარმედ: ვიხილე, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისაჲ გარდამოვიდოდა პირით მისით და ზეცად აღვიდოდა და გარემოჲს მისა, ვითარცა თორნჱ ცეცხლისაჲ, ეგზებოდა, ხოლო მე შემეშინა და ვერ უძლე მიახლებად მისა, ვიდრემდის დაასრულა ლოცვაჲ მისი. და ვითარცა დაასრულა, მომხედა მე და მრქუა: რაჲ არს, მამაო დიაკონ, კნინ ერთღა და შე-მცა-გესუა სასუმელი იგი. არამედ წარვედ და ილოცე. ხოლო ესე ამისთჳს შეგემთხჳა, რამეთუ გუშინ მოვიდეს შენდა ორნი გლახაკნი და ითხოვდეს შენგან ქველისსაქმესა. და გაქუნდა შენ, უკუე-თუმცა გინდა მისაცემელი. არამედ არა ინებე, რაჲ არს, ძმაო, ანუ შენისა ხუასდაგისაგან მისცემ, ანუ არა გრწამს, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: ასი წილი მიგცე ამას სოფელსა და საუკუნესა ცხოვრებაჲ დაუსრულებელი. უკუეთუ გრწამს, მიეც, და უკუეთუ არა მისცემ, ამით აუწყებ, რამეთუ არა გრწამს უფალი. ესე სიტყუანი არა სალოსისანი არიან, არამედ ბრძნისანი.
კდ. ოდეს მარტოჲ იყოფინ მის თანა ესე დიაკონი სარწმუნოჲ, არა ლაღობნ, არამედ ზინ ყუდროდ და დაწყნარებულად მგლოვარედ. და ოდესმე გამოჴდის პირისა მისისაგან სული, ვითარცა მუშკისაჲ. ხოლო დიაკონი იგი ფიცით იტყჳნ. ვითარმედ: ოდეს-იგი ვხედვიდი ყუდროებასა მისა და კეთილად ზრახვასა, მიკჳრნ და შეორგულდი, ვითარმედ არა ესე არს, რომელი-იგი მათ საქმეთა იქმს?
კე. და ოდესმე წმიდამან ამან დღეთა კჳრიაკეთა მოიღის სარსიკი, აღიდგის მჴარსა და მარცხენესა ჴელსა მდოგჳ იპყრის. იწებნ სარს იკსა მას მით და ჭამნ დილეულითგან და ვალნ. მრავალგზის აღიღის მდოგჳ იგი და უკუნ ასხის თუალთა, რომელნი-იგი მას ჰლაღობედ. მოვიდა მისა კაცი ერთი მდაბიოჲ, რომლისა ორთავე თუალთა თეთრი იყო. და მოიღო წმიდამან მდოგჳსა მისგან და სცხო თუალთა მისთა.
შეუჴდა იგი და იწყო კაცმან მან ყივილდ. მაშინ ჰრქუა მას ნეტარმან მან: წარვედ, მოცთომილო, შენ და მოიბანენ თუალნი შენი ძმრითა და ნიორითა და განიკურნო. ხოლო მან შეურაცხ-ყო სიტყუაჲ მისი და მივიდა მკურნალთასა. და რავდენ ჰკურნებდეს, იგი უფროჲს განძჳნდებინ. მაშინ იწროებისა მისგან და ჭირისა თქუა: ვფუცავ ღმერთსა, ვყო, რაჲ-იგი მოცთომილმან მან მრქუა, დაღაცათუ ორნივე თუალნი წარმომცჳვენ. წარვიდა და დაიბანნა თუალნი თჳსნი, ვითარცა-იგი ჰრქუა მას ბერმან. და მუნქუესვე ელხინა, და განწმდეს თუალნი მისნი, და ხედვიდა. ამისა შემდგომად შეემთხჳა მას წმიდაჲ იგი და ჰრქუა: აჰა ესერა განიკურნე, ნუღარა იპარავ საცხოვართა მოძმისა შენისათა.
კვ. მოჰპარეს ვისმე კაცსა ჰემეწელსა ხუთასი დრაჰკანი. და ვითარ-იგი ეძიებდა მას, შეემთხჳა წმიდასა ამას და ჰრქუა: შემძლებელ ხარა, სალოსო, რაჲთა ჰყო რაჲმე, რომლითა ვპოვო დრაჰკანი ჩემი? ხოლო მან ჰრქუა მას: უკუეთუ გინებს, მე ვყო. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა: მე მნებავს, ყავ და მიგცე მისგან ასი დრაჰკანი. ჰრქუა მას სჳმეონ: აღმითქუ წინაშე ღმრთისა, ვითარმედ, რაჲცა გრქუა, მერჩდე, და მე გაპოვნიო იგი ამას ღამესა კიდობანსა შენსა შიდა. და აღუთქუა კაცმან მან, ვითარმედ, რაჲცა ჰრქუას მას, ყოს, თჳნიერ თუ უშუერი რაჲმე არა ჰრქუას. მაშინ ჰრქუა მას წმიდამან მან: წარვედ, რამეთუ მონამან შენმან მეწყლემან წარიღო დრაჰკანი შენი. არამედ აღმითქუ, რაჲთა არა სცე და არცა სხუასა ვის სახლისა შენისასა. ხოლო იგი წარვიდა და პოვა ყრმისა მის თჳსისა თანა. ხოლო კაცსა მას ეგონა, ვითარმედ დრაჰკნისა მისთჳს ხოლო უბრძანა არა ცემაჲ წმიდამან მან. არამედ ნეტარმან მან ყოვლადვე დააყენა ცემისაგან, რამეთუ ფრიად მცემარ იყო იგი სახლეულთა თჳსთა. და მიერ დღითგან ოდეს ვისიმე უნებნ ცემაჲ, ჴელი მისი დაუბუშდის და ვერ შეუძლის ცემაჲ. ცნა, ვითარმედ ესე მის წმიდისა სიტყჳთა შეემთხჳა. მივიდა მისა და ჰრქუა: განჴსენ, სალოსო, აღთქუმაჲ იგი, რომელსა ზედა აღგითქუ. ხოლო წმიდამან მან თავი მოისულელა, რეცათუ არა იცის, რასა-იგი ეტყოდა. და ვითარ აიძულებდა მას მრავალ ჟამ, ეჩუენა მას ძილსა შინა და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ, უკუეთუ აღთქუმაჲ იგი განჰჴსნა, კუალად განვჴსნა შენიცა ხუასდაგი და განვაბნიო ყოველი, რაჲ არს სახლსა შენსა. არა გრცხუენისა, რაჲსათჳს სცემ სახლეულთა შენთა? და იგინი უმჯობჱს არიან შენსა წინაშე ღმრთისა. და ვითარ იხილა ესე კაცმან მან, შეეშინა და სული დაიღო.
კზ. ხოლო წმიდაჲ ესე ფრიად სწყალობნ, რომელთა სიცოფჱ შემთხუეულ არნ. და მივიდის იგი ადგილსა, რომელსა იგინი იყოფიედ. და თავი თჳსი ყვის, ვითარცა ერთმან მათგანმან, და ილოცავნ, ვიდრემდის განკურნის ვინმე მათგანი. და მრავალგზის ეშმაკნი აზრახდიან განცოფებულთა მათ პირითა და იტყჳედ: ვაჲ ჩუენდა, სალოსო, შენ მიერ, არა კმა გეყოა, რომელ კაცთა ეკიცხევ, არამედ ჩუენდაცა ტანჯვად მოხუედ. წარვედ ამიერ, რაჲსათჳს გუტანჯავ ღამე ყოველ და დაგუწუავ ცეცხლითა? და ოდეს მათ თანა არნ, ეგრევე ზრახავნ, ვითარცა-იგი ცოფნი, და უთხრობნ, ვითარმედ მან ვინმე იპარაო, და სხუამან ისიძვაო, და სხუამან სხუაჲ ცოდვაჲ ქმნაო, ვიდრემდის მოქალაქეთაცა ეშინოდა ცოდვისა საქმედ, რაჲთა არა საკიცხელ იქმნენ იგინი მის მიერ.
კჱ. იყო მასვე ქალაქსა შინა დედაკაცი ერთი მისანი. შეულოცვიდა იგი და დაუწერდა, დაწერილსა კაცსა მკერდსა მოჰკიდებდა. მაშინ ღონისძიებით დაიმოყურა იგი წმიდამან მან და მიართუამნ მას, რაჲცა პოვის საჭმელი გინა სასუმელი რაჲმე. და ჰრქუა მას დღესა ერთსა: გინებსა, რაჲთა მე კულა შენ დაგიწერო წიგნი, რაჲთა არა ირთუანო? მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: ჰე. მაშინ წარვიდა და დაუწერა წიგნი ესრე სახედ: ღმერთმან წარწყმიდნეს საქმენი შენნი ბოროტნი და საცთურნი, რომლითა კაცთა აცთუნებ. და დღით, რომლითგან ჩამოიკიდა წიგნი იგი, ვერღარა შეუძლო გრძნებისა მის საქმედ და ვერცა მისნობისა.
კთ. ჯდა ოდესმე დღესა ერთსა წმიდაჲ ესე გლახაკთა ვიეთმე თანა მახლობელად საგზებელსა მეჭიქისასა და ტფებოდეს. ხოლო მეჭიქჱ იგი იყო ჰურიაჲ. ჰრქუა ნეტარმან მან გლახაკთა, რომელნი მის თანა იყვნენ: განცხრომისა სახედ გინებსა, რაჲთა გაცინებდე? ყოველი ჭიქაჲ რომელი შექმნას მეჭიქემან, მე ჯუარი დავსწერო და განტყდეს. და განტეხა შჳდი ზედაჲსზედა. და გლახაკთა მათ იწყეს სიცილად და უთხრეს მეჭიქესა მას საქმჱ იგი. ხოლო მან განაძო იგი და რკინითა მოსწუა პირი მისი. იგი წარვიდა და იტყოდა: მართლიად გეტყჳ შენ, მამძირო, უკუეთუ არა დაიწერო ჯუარი შუბლსა შენსა, ყოველი, რაჲცა ჰქმნა, დაგელეწოს. და მისა შემდგომად შექმნა ცამეტი მიწყობით, და ყოველი დაელეწა. და განძჳნდა იგი გულისწყრომითა, იიძულა უნებლიაჲთ და ჯუარი დაიწერა შუბლსა თჳსა. და ვითარ ჯუარი დაიწერა, არღარა განუტყდა. და ამის მიზეზისთჳს წარვიდა და ნათელ-იღო.
ლ. იყო ჰემეწას შინა კაცი ერთი საჴედართა მამიზდებელი. და მოწყალჱ იყო იგი. და ვითარ დაგლახაკნა, დღესა ერთსა განიზრახა, რაჲთამცა ღჳნოჲ მოიღო საჴმარად თავისა თჳსისა და სასყიდელადღა. შეემთხჳა მას წმიდაჲ იგი და ჰრქუა: ვიდრე ხუალ, ცოფო, შენ? მიუგო კაცმან მან მას: ღჳნისა მოღებად წარვალ, სალოსო. მიუგო სჳმეონ და ჰრქუა: მო-რაჲ-იქცე, კურნიაჲ მიტანე. და არს იგი მდელოჲ, რომელი ერთჳს ძმარსა. ხოლო კაცმან მან შეიჰავა იგი და იტყოდა მგზავრ: რამან ეშმაკმან მომახუედრა მონაზონი ესე დილითგან, და მეტყჳს თუ: კურნიაჲ მიტანე. მეშინის, თუ გულისკლებაჲ რაჲმე შემთხუევად-არს ამას ღჳნოსა ზედა ანუ დაძმარდეს, ანუ განირყუნას. წარვიდა და მოიღო ღჳნოჲ ჰამოჲ და სიხარულითა დაავიწყდა კურნიაჲ იგი. კუალად შეემთხჳა მას წმიდაჲ იგი ქალაქისა ბჭეთა ზედა, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი. ჰრქუა მას: რაჲ არს, ცოფო, შენ მოიღეა კურნიაჲ იგი? მიუგო კაცმან მან და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ, დამავიწყდა. მაშინ ჰრქუა მას წმიდამან მან: წარვედღა, განშორებულ არს შენი საქმჱ.
და ვითარ ჩაასხმიდა ღჳნოსა მას, პოვა იგი, რამეთუ გარდაქცეულ იყო ძმრად ბოროტად, რომლისა ვერვინ გემოსა იხილვიდა სიბოროტითა. მაშინ თქუა: ესე სალოსისა საქმჱ-ა და წარვიდა იგი სწრაფით ბერისა, რამეთუ ეგონა, ვითარმედ თუალთა ქცევითა რაჲმე ყო, ვითარ-იგი თუალთა მაქციერთა ყვიან. ევედრებოდა მას და ჰრქუა: განჴსენ ღმრთისათჳს, რომელ-ესე ჰყავ, სალოსო. მიუგო მას ბერმან: და რაჲ ვყავ? ჰრქუა მას კაცმან მან: ღჳნოჲ კეთილი მოვიღე და ერთსა ჟამსა გარდაიქცა იგი ძმრად. ჰრქუა მას ბერმან: ნურაჲ გლის, ამას წელიწადსა ძმარსა ჰყიდდი, რამეთუ უმჯობჱს არს შენდა. და უნდა ბერსა, რაჲთამცა ღმერთმან აკურთხა მის კაცისა საქმჱ, რამეთუ მოწყალჱ იყო იგი და არა უნდა თხრობად მისა სიტყჳთა ცხადითა, თუ ესრე და ეგრე ყავ, არამედ განწყრომის და კიცხევის სახედ ეტყჳნ მას. და კაცი იგი განსთქდებინ გულისწყრომითა და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი, რამეთუ ვიყო მე წელიწადსა ამას მეძმრე. და ყო ეგრჱთ. აკურთხა ღმერთმან შრომაჲ მისი, და განმდიდრდა. და ამას ყოველსა თანა ბერისა გული უწყრებოდა და არა უწყოდა, რამეთუ იგი ექმნა მას მიზეზ კეთილისა. და ესეცა ღმრთისა მიერვე განგებაჲ იყო, რომელი ჰფარვიდა საქმეთა ბერისათა.
ლა. ჩუეულებაჲ აქუნდა წმიდასა ამას აღსლვად სახლსა კაცისა ერთისა წარჩინებულისა ქალაქსა მას შინა. დასნეულდა კაცი იგი სნეულებითა, რომელსა შინა სიკუდიდ მიიწია. იხილა ძილსა შინა, ვითარმცა შავსა ვისმე ჰინდოსა ტაბლით ემღერდა. ხოლო ჰინდოჲ იგი იყო სიკუდილი. და აჯობებდა მას სიკუდილი იგი. ერთი ჯერი უნდაღა ექუსთა წარმოყრაჲ და ეჯობნამცა. მაშინ ეჩუენა კაცსა მას წმიდაჲ იგი ძილსა შინა და ჰრქუა მას: რაჲ არს, ცოფო, შენ აწვე ესერა გაჯობებს ჰაბაში ესე? არამედ აღმითქუ, რაჲთა არა შეაგინო საწოლი ცოლისა შენისაჲ, და მე ვყო, რაჲთა ვერ გაჯობოს. და ეფუცა მას კაცი იგი. მაშინ მოუხუნა წმიდამან მან ასკნი ჴელთაგან მისთა, წარმოყარნა და აჯობა ჰინდოსა მას. და ვითარ განიღჳძა კაცმან მან ძილისაგან თჳსისა, მუნქუესვე აღვიდა მისა წმიდაჲ იგი და ჰრქუა მას: ვითარ ვნახე, წარმო-ღა-ვყარენ, ვითარ ვაჯობე შავსა მას. მართლიად გეტყჳ, უკუეთუ ეცრუვო აღთქუმასა, რომელი აღუთქუ, მანვე შავმან მოგარჩოს. და აგინა მას და შინათა მისთა და ჩამოჴდა მუნით. და განცოცხლდა კაცი იგი და ჰმადლობდა ღმერთსა.
ლბ. არარაჲ ედვა წმიდასა მას ფარულსა მას საყოფელსა მისა, გარნა ძნაჲ ერთი ნასხლევი ვენაჴისაჲ. და ამისთჳს იძია ადგილი იგი, რაჲთა მას შინა ფარულად ილოცვიდეს. და ოდესმე დაყვის ღამე ყოველ, ილოცავნ და დაალტობნ ქუეყანასა ცრემლითა თჳსითა. და, ვითარ განთენის, გამოვიდის და მოიღის ზეთისხილისა ფურცელი, გინა თივაჲ და შეთხზის მისგან გჳრგჳნი და შეიმოსის. და ერთი რტოჲ ჴელთა აქუნ წმიდასა და უკუვალნ, ჴმობნ და იტყჳნ: ძლევაჲ მეფესა და ქალაქსა. ხოლო იტყჳნ ქალაქად სულსა და მეფედ გონებასა.
ლგ. ელოცა წმიდასა ამას ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა მოეტევნენ თმანი თავისა თჳსისანი და აიძულოს მოპარსვად და მისგან საცნაურ იქმნეს საქმჱ მისი. დადგრეს ყოველთა დღეთა მისთა და არა მოჰგრძელდეს თმანი მისნი და არცა მოპარსვაჲ უჴმდა.
ლდ. მრავალგზის მარტოდ წარიყვანის დიაკონი იგი პატიოსანი და ეტყჳნ სიტყუათა სულისა სარგებელისათა და ჰრქჳს: ეკრძალე, ნუვის უთხრობ და ნუცა გამოუცხადებ სიტყუათა ჩემთა ცხორებასა ჩემსა. უკუეთუ არა, ფიცხელი პატიჟი მოიღო ღმრთისაგან. და პირველ გარდაცვალებისა მის წმიდისა ორით დღით უთხრა მას ყოველი საქმჱ თჳსი, ვინაჲთგან მონაზონებად განვიდა ვიდრე დღემდე აღსრულებისა თჳსისა. და ჰრქუა მას: დღეს მივედ ძმისა ჩემისა იოვანჱსა და ვპოვე იგი მადლითა ღმრთისაჲთა მიწევნული თავსა სათნოებისასა და განვიხარე ფრიად და ვიხილე, რამეთუ ემოსა მას გჳრგჳნი, რომელსა ზედა წერილ იყო: გჳრგჳნი უდაბნოჲსა მოთმინებისაჲ. და მან კურთხეულმან მრქუა მე, ვითარმედ: ვიხილე კაცი, რომელი გეტყოდა: მოვედ, სულელო, მოვედ და მოიღე არათუ ერთი გჳრგჳნი, არამედ გჳრგჳნები რიცხუად სულთა მათ, რომელნი აცხოვნენ. და მე მგონიეს, ვითარმედ ესევითარი არარაჲ უხილავს, არამედ სიტყუად ოდენ მრქუა, რამეთუ კაცსა სალოსსა და მოცთომილსა რაჲმცა მადლი ჰქონდა ვისგანმე?
ლე. ხოლო მე გევედრები, უფალო დიაკონ პატიოსანო, რაჲთა არა შეურაცხ-ჰყოდი გლახაკი და უფროჲსღა მონაზონი. მართლიად გეტყჳ, რამეთუ არიან გლახაკთა შორის, და უფროჲსღა ბრმათა, კაცნი უბრწყინვალჱს მზისთუალისა, რომელნი განწმედილ არიან ჭირითა და მოთმინებითა. რავდენნი მდაბიონი მიხილვან, რომელნი შემოვიდიან ქალაქად და მოვიდოდიან ეკლესიად ზიარებად, უწმიდჱს არიედ იგინი უფროჲს ოქროჲსა პატიოსნისა მცირედ ბოროტებისა მათისათჳს. და რამეთუ ოფლითა პირისა მათისაჲთა ჭამედ პურსა მათსა, და ნუ მაბრალებ მე, რომელ-ესე ვიტყოდე შენ თანა, რამეთუ გარდარეულითა სიყუარულითა ჩემითა შენდა მიმართ გამოგიცხადე ყოველი საქმჱ ჩემი. და უწყოდე, რამეთუ შენცა ადრე წარჰყავ ღმერთსა ამიერ სოფლით, არამედ რავდენ შეუძლო, მოსწრაფე იყავ სულისა თჳსისა ცხორებასა, რაჲთა შეუძლო განრინებად ყოველთაგან საფრჴეთა მტერთაჲსა, რომელნი არიან ჰაერთა ზე. ხოლო უფალი მეწამების, რამეთუ დიდსა ზრუნვასა შინა ვარ, ვიდრემდის განვლნე იგინი. და განვაგდო ჩემგან ურვაჲ მათი, რამეთუ ესე არს დღჱ იგი ჭირისაჲ, რომელსა მოციქული იტყჳს. და მე გევედრები, შვილო ჩემო და ძმაო იოვანე, რაჲთა იწრაფდე ყოვლითა ძალითა შენითა შეყუარებად მოყუსისა შენისა და რაჲთა სწყალობდე მას. ესე სათნოებანი უფროჲს ყოვლისა საქმისა კეთილისა შემძლებელ არიან ჴსნად ჩუენდა მას დღესა შინა, ვითარცა თქუმულ არს: ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისაჲ, დღესა ბოროტსა იჴსნეს იგი უფალმან. და კუალად გევედრები, რაჲთა არა წარსდგე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, და გაქუნდეს გულსა შენსა ძჳრი ვისდამე, რაჲთა არა დააკლო თავი შენი მადლსა ღმრთისასა.
ამას და ესევითარსა ეტყოდა წმიდაჲ იგი პირველ სიკუდილისა და ჰრქუა: ამათ სამთა დღეთა შინა წარიყვანოს უფალმან სული ჩემი, სალოსისაჲ და გლახაკისაჲ, და სული ძმისა ჩემისა იოვანჱსი. ამისთჳს მივედ, ვახარე და ვარქუ მას: გუალე, წარვიდეთ, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი წარსლვისა ჩუენისაჲ. და ორისა დღისა შემდგომად მოვედ საყოფლად ჩემდა და წარიღე, რაჲ-იგი ჰპოვო მუნ, რამეთუ მინებს, რაჲთამცა იყო შენ თანა საჴსენებელი სალოსისა და გლახაკისაჲ.
ლვ. და ვითარ ესე სიტყუანი დაასრულნა მისა მიმართ, წარვიდა საყოფლად თჳსა. და რაჟამს სიკუდილი შეიცნა თავისა თჳსისა, ენება, არცაღა რაჲთა შემდგომად სიკუდილისა იდიდოს კაცთაგან. შევიდა ძნასა მას ნასხლევისასა ქუეშე და მუნ შეჰვედრა სული თჳსი უფალსა.
ლზ. ხოლო ვითარ ითუალეს იგი მოყუასთა მათ თჳსთა, ორ დღე ელოდეს და არა იხილეს იგი, თქუეს ურთიერთას: გუალე და ვიხილოთ, სალოსი იგი რაჲძი იქმნა, ნუუკუე სნეულ არს. და მი-რაჲ-ვიდოდეს საყოფელსა მას მისა, პოვეს იგი: ქუეშე ძნასა მას ნასხლევისასა გარდაცვალებულ იყო. და თქუეს ურთიერთას: აწ არღარავე ჰრწმენესა ყოველსა კაცსა, ვითარ უგუნური იყო ესე, რამეთუ სიკუდილიცა მისი აუწყებს ამას? და აღიღეს ორთა მათ ერისგანთა თჳნიერ დაბანისა და თჳნიერ ჟამობისა წესისაებრ და მიიღეს იგი უცხოთა სამარესა და დაჰმარხეს მას შინა. და ვითარ იგი მიაქუნდა, თანა წარვლეს სახლი ჰურიისაჲ მის, რომელი მის მიერ მონათლულ იყო. და ესმა ჰურიასა მას ჟამობაჲ, რომელ არასადა ესმინა ეგევითარი, არცა სიმრავლჱ ეხილვა ეგევითარი. განკჳრდა სიმრავლისა მისგან და ტკბილად ჟამობისა. მაშინ გარდაიხედნა სახლით თჳსით, რაჲთა იხილოს, რაჲძი არს. და არარაჲ იხილა, გარნა ორნი იგი ოდენ კაცნი, რომელთა მიაქუნდა წმიდაჲ იგი. და თქუა კაცმან მან: ნეტარ ხარ შენ, სალოსო, რამეთუ ოდეს კაცნი არა დაგუხუდეს დაფლვასა შენსა მეტყუელად, ანგელოზნი დაგუხუდეს. მწრაფლ ჩამოვიდა და თჳსითა ჴელითა დაჰმარხა იგი და თქუა, რაჲ-იგი იხილა. ესმა დიაკონსა იოვანეს სიკუდილი მისი, გამოვიდა იგი და სხუანი ვინმე მის თანა, სრბით მივიდეს ადგილსა მას, რომელსა დაჰმარხეს იგი, და არა პოვეს გუამი მისი, რამეთუ ღმერთსა აეღო იგი ქუეყანით. მაშინ იქმნეს, ვითარცა კაცნი, რომელთა ძილისაგან განიღჳძიან. და თითოეული მათი იტყოდა, რომელ-იგი საკჳრველი ეხილვა. და ყოველთა ცნეს, რამეთუ ნეფსით მოესულელა თავი თჳსი.
ლჱ. ესე არს ცხორებაჲ და განგებაჲ სჳმეონ საკჳრველისა კაცისაჲ. ესე არს სრბაჲ მისი ცად მიმართ, რომელ-იგი არა ჩნდა და მკუეთრ ყოველთაგან საცნაურ იქმნა, აღვწერე ყოველი, რომელი მესმა საქმეთა მისთაჲ. და მრავალნი საქმენი უქმნიან, რომელნი ჩუენ არა ვიცნით. და ესე რომელი აღვწერე სარგებელად მკითხველისა და მსმენელისა. ხოლო მას არა უჴმს ქებაჲ ჩუენი და ვერცა შემძლებელ ვართ ქებად მისა, ვითარ-იგი ღირს არს. და ვითარ შეუძლოს კაცმან ქებაჲ ბაგითა ჴორციელითა, რომელ-იგი ცხონდებოდა ჴორცითა, ვითარცა უჴორცოჲ? და ვითარ სიბრძნემან ენისამან თქუას მისთჳს, რომელმან-იგი სისულელითა სძლო ყოველსა სიბრძნესა? ჭეშმარიტად არა ვითარ ღმერთი ხედავს, ეგრეცა კაცნი, და არავინ იცის კაცისაჲ, გარნა სულმან, რომელი დამკჳდრებულა მის თანა. არამედ გჳღირს ჩუენ, საყუარელნო, რაჲთა არავის განვიკითხვიდეთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი და გამოაცხადნეს საქმენი კაცთანი, და შევიწყნაროთ სწავლაჲ მისი, რომელმან გუაზრახა და თქუა: თავისა თჳსისათჳს ზრუნევდით და ნუ სხჳსა საქმეთა გამოეძიებთ, რამეთუ თითოეულსა თჳსი ტჳრთი ეკიდოს და მიიღოს სასყიდელი საქმეთა თჳსთაებრ მეუფისაგან ცათაჲსა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსგან, რომლისაჲ არს დიდებაჲ, თაყუანისცემაჲ და ძალი თანა მამით და სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
No comments:
Post a Comment