ღვთისწყალობით შევძელით და დავდეთ ელექტრონული ვერსია ფრიად სარგო საღვთისმეტყველო ნაშრომისა „გურდემლი“. როგოროც თვითონ ავტორი უწოდებს: - თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“. ვფიქრობთ საინტერესო იქნება ზოგიერთი მეცნიერის აზრი კათალიკოს ბესარიონთან დაკავშირებით.ამ შეგროვილი მასალისთვის უღრმესი მადლობა მის ავტორ-შემქმნელებს. ვრცელი მიმოხილვაა ბესარიონის შესახებ, მაგრამ ვგონებ საინტერესო იქნება მკითხველისთვის


                                           შესავალი

წინამდებარე ნაშრომის ავტორია XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ცნობილი სასულიერო პირი, დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ლიტერატურული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელი ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, რომელიც ავტორია ქრისტიანული მწერლობის (ჰაგიოგრაფია, ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია, პოლემიკა) მრავალი ნაწარმოებისა. თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში იგი (1724-1737) საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი იყო და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული.
რთულ ვითარებაში მოუხდა მოღვაწეობა ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილს. XVI საუკუნიდან საქართველო ირან-ოსმელეთის სათარეშო ადგილად იქცა. მათი გამუდმებული შემოსევების შედეგად ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ამასიის საზავო ხელშეკრულებით (1555 წ.) აღმოსავლეთ საქართველოს ირანი დაეპატრონა. XVII საუკუნის დასაწყისიდან შაჰ-აბას I-ის (1587-1629) შემოსევების (1614-1617) შედეგად დაზარალდა კახეთი, განსაკუთრებით მძიმე იყო 1616 წლის შემოსევა. ამ შემოსევის დროს აღმოსავლეთ საქართველოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა.
დავით გარეჯის უდაბნომ ქვეყნის ეს საშინელება საკუთარ მხრებზე გადაიტანა. იგი მიწასთან იქნა გასწორებული შემოსეული ურდოების მიერ. ბერებს მუსრი გაავლეს ანტონ I კათალიკოსის (1744-1755; 1764-1788) ცნობით, რომელმაც სპეციალური საკითხავი: „შესხმაჲ და მოთხრობაჲ ღვაწლთა და ვნებათა წმიდათა ღირსთა მოწამეთა გარეჯელთა” უძღვნა 1616 წლის ტრაგედიას გარეჯაში: „მრავალი მათგანი მოჰწყჳდნეს შინაგან წმიდისა ეკლესიისა, რომელნიმე დაჰკლნეს თჳთ წმიდასა ზედა ტრაპეზსა უწყალოდ”. ....
 
ამავე ფაქტს ვრცლად გადმოგვცემს მეფე თეიმურაზ I-ის (1606-1663) ერთი მეტად დაზიანებული დოკუმენტი, რომელიც 1639 წელსაა გაცემული.  ამ დოკუმენტის მნიშვნელობა მარტო შაჰ-აბაზის შემოსევის აღწერით არ შემოიფარგლება. დოკუმენტის მეორე ნაწილის მნიშვნელობა უფრო დიდია, რადგან მასში დაცულია ცნობები გარეჯის უდაბნოს კვლავ აშენებისა და განახლების შესახებ: „ხოლო მრავალმოწყალემან ღმერთმან არა უგულებელს-ყო და არცა სრულიად განგუწირა მოწყალებითა მისითა და შემწეობითა თქუენითა. კუალად გვაგნა მეფობასა და პატრონობასა ჩუენსა ზედა და კუალად ჴელვყავთ აღშენებად უდაბნოთა თქუენთა. განვაგეთ და დავაყენეთ წინამძღურად კაცი ღირსი და ღმრთის მოშიში მარკოზ... აწე იპრიანოს ღმერთმან და ძალმწეობამან თქუენმა, როდესაც აშენდეს ჩუენი საჴელმწიფო და მანდ მდგომნი მონაზონნი განმრავლდნენ, როგორცა ამას წინაჲთ ჴელმწიფეთ პაპათა და მამათა სიგელითა გაურიგებიათ”. 
ციტირებული სტრიქონები მეტად მნიშვნელოვანია იმით, რომ მეფე თეიმურაზ I ჯერ კიდევ თავისი სამეფოდან ექსორიაქმნილი და იმერეთში გახიზნული ზრუნავს და გარკვეულ ნაბიჯებს დგამს დავით გარეჯის მონასტრის წესრიგში მოყვანისათვის. იგი რამდენადაც შეეძლო აწესრიგებს უდაბნოს ორგანიზაციას და ნიშნავს წინამძღვარს.
მიუხედავად დიდი უბედურებისა, რაც გარეჯის უდაბნოში დატრიალდა, სამონასტრო ცხოვრება იქ არ მომსპარა.
მართალია სამონასტრო ცხოვრება გარეჯაში ფრიადნ შესუსტებული იყო, შემცირებული იყო ბერთა რაოდენობა, არ წარმოებდა შემოქმედებითი საქმიანობა, მაგრამ უდაბნო მთლიანად ხანგრძლივი დროით არასოდეს გაუქმებულა. არ შეიძლება აქ არ დავიმოწმოთ ტარასი ალექსი-მესხიშვილის შრომიდან რამდენიმე სტრიქონი, რომელშიც იგივე აზრია გამოთქმული. თხზულებას ეწოდება: „მოკლე აღწერა საქართველოს მონასტერთა”. დავით გარეჯა „მდებარეობს ხევსა შინა საშვალ ხსენებულთა მათ კლდეთასა და ჰგიეს ვიდრე აქამომდე განგრძობასა შინა ათასორასის წლისასა და არაოდეს დაცხრომილ არს მას შინა დიდება ღვთისა, ღვაწლნი, შრომანი, ცრემლთა თხევანი და ოფლთა დენანი წმიდათა მამათა...”. 
XVII საუკუნის 60-იან წლებში დავით გარეჯისადმი დიდ ყურადღებას იჩენს არჩილ მეფე, როდესაც იგი კახეთის სამეფოს განაგებდა (1664-1675) არჩილ მეფემ უპირველეს ყოვლისა თავი მოუყარა გაბნეულ ბერებს, აღადგინა რამდენიმე დანგრეული ნაგებობა და ეკონომიკური საფუძვლების გამაგრება სცადა.
1672 წელს სპეციალური დოკუმენტით (Ad-61) არჩილმა მონასტერს ჯამაგირი გაუჩინა. მანვე სცადა მონასტრის საორგანიზაციო და სამეურნეო საკითხების მოგვარება. 1673 წელს მონასტერი იმდენად გამართული ყოფილა, რომ იქ მთელი დიდი მარხვა გაუტარებია ნინოწმინდელ ეპისკოპოს ნიკოლოზს.
XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან დავით გარეჯის ისტორიაში იწყება ახალი პერიოდი – ოქროს ხანა. დავით გარეჯაში მოღვაწეობას იწყებს წმინდა ონოფრე გარეჯელი (მაჭუტაძე). წმინდანმა თითქმის მიუსწრო არჩილ მეფის მიერ გარეჯაში დადგენილ ბერებს. „იმათ მიცვალებას უკან ჩუენც ზედა მოვესწრენით მონასტერსაო” – წერს წმინდა ონოფრე გარეჯელი (მაჭუტაძე) თავის გუჯარში.
წმინდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) XVII-XVIII საუკუნეების მოღვაწეთა შორის ყველაზე დიდი ფიგურაა დავით გარეჯის ისტორიაში (წმიდა ონოფრე მაჭუტაძე გურული აზნაური იყო. XVII საუკუნის 70-იან წლებში თავის ძმასთან, მაქსიმესთან, ერთად გურიიდან ქართლში გადავიდა, სადაც 1683 წელს ლევან ბატონიშვილმა „სამწევრისის მესთულეობის” სახელო უბოძა. წმინდანი საოცარი სტუმართმოყვარეობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშისცემით გამოირჩეოდა. ოთარს მონაზვნობა სურდა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის ბერული ცხოვრების ძალა.
ერთხელ თავის მეუღლეს უთხრა: „აწ მნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილ მორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქუენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემთა ნებსითთა და უნებლიეთთა”. ქალმა არ დააბრკოლა მეუღლე და შენდობა მისცა. ოთარი ორ უფროს ვაჟიშვილთან ერთად ჩავიდა თბილისში, შვილები დალოცა, დაარიგა და გამოეთხოვა. 
შვილებთან განშორების შემდეგ ოთარმა მიაშურა გარეჯის მონასტერს. იგი არქიმანდრიტმა გერმანემ მიიღო, შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა: „კაცი ესე დიდსა საზომსა მიწევნად არს, რამეთუ აწვე გამოსვლით სოფლით აღესრულებიეს სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსაც ბრძანებს უფალი, „რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილი, ანუ აგარაკი სახელისათვის ჩემისა, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს” – ამას ესე ყოველი აღუსრულებიეს.” წმ. ონოფრე ბერად შედგა დაახლოებით 1683-1690 წლებში.
ერთ-ერთი ჰაგიოგრაფი მას გარეჯის მეორედ აღმშენებელს უწოდებს. მისი ძალისხმევით უდაბნოში კვლავ გამრავლდა ბერ-მონაზვნები; მან ცალკეულ სამონასტრო ერთეულებს – „ლავრას”, „ნათლისმცემელს” და „დოდოს რქას” უკვე დამოუკიდებელი ინტერესები გაუჩინა, რაც გახდა ძირითადი საფუძველი ერთი მონასტრის სამად განშტოებისათვის.
1702 წლის საეკლესიო კრებამ (Ad-340) გარკვეული ფარგლები დაუდო რა სამივე მონასტერს,  მისცა მათ ცალ-ცალკე განვითარების შესაძლებლობა. ამ პერიოდიდან დავით გარეჯის უდაბნოს ისტორია უკვე სამი დამოუკიდებელი მონასტრის – დავით გარეჯის, ნათლისმცემლისა და დოდოს რქის მონასტერთა ისტორიაა. სამივე მონასტერი თავის საკუთარ ეროვნულ და სულიერ ინტერესებს ავითარებდა. დავით გარეჯა ძირითადად სამეურნეო-საორგანიზაციო საქმეში იყო ტონის მიმცემი, ნათლისმცემლის მონასტერში ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლა, ხოლო დოდოს რქის მონასტერი ძირითადად ხელნაწერთა გადაწერას აწარმოებდა.
წმინდა ონოფრე გარეჯელმა სწორედ ნათლისმცემლის მონასტრის ლიტერატურული სკოლის ხელმძღვანელად დანიშნა ბერმონაზონი ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი).
ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მწირი ცნობებია შემორჩენილი. დღემდე არსებული წერილობით წყაროებზე დაყრდნობით მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა მეტ-ნაკლები სისრულით არის შესწავლილი. ბესარიონის ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული შემოქმედების შესწავლას შესანიშნავი ნაშრომები მიუძღვნა მკვლევარმა მ. ქავთარიამ (იხ. ბესარიონ ორბელიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. I, თბ., 1959, გვ. 75-113; მისივე: ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან XVII-XVIII), თბ., 1977, გვ. 171-190); მისივე: დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965, გვ. 110-112) კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ., 1980, გვ. 349-350) და სხვები.
თუ როდის მივიდა ბესარიონი დავით გარეჯის მონასტერში ჩვენთვის უცნობია. უცნობია მისი დაბადების თარიღიც. იგი კუთვნებია ბარათაშვილ-ორბელიშვილთა საკმაოდ გავლენიანსა და კულტურული ტრადიციების მქონე გვარს. 
ბესარიონის მშობლებს რქმევიათ ბეჟანი და მარიამი. მის მიერ 1697 წელს გადაწერილი ხელნაწერის ანდერძში ვკითხულობთ: „დიდება ღმერთსა დაუსაბამოსა, სამებასა წმიდასა, რამეთუ იგი არს მიზეზი ყოველთა კეთილთა, რომლისა ბრძანებითა და ძალითა და თანადგომითა წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა ღირს ვიქმენ მე უღირსი და უცოდვილესი ყოველთა კაცთა ხუცესმონაზონი ნათესავით ბარათაშვილი ტომით ორბელიშვილი ბესარიონ წმიდისა ამის წიგნისა კლემაქსისა, წმიდისა ტიმოთეს საკვირველთმოქმედისა და წმიდისა სვიმეონ საკვირველის ცხოვრებისა აღწერად უდაბნოსა გარეჯისასა, მონასტერსა  წმიდისა იოანე ნათლისმცემელისასა. მეც ამ მონასტერში ვიყავ და ეს წიგნიც ამას მონასტერსა შევწირე. ვინც მიემთხვივნეთ ლოცვაი ყავთ სულიერისა მამისა და წინამძღვრისა ჩუენისა ონოფრესათვის და ჩემ, გლახაკისა მშრომელისა ბესარიონისათჳს,  რათა უფალმან თქუენცა მოგცეს სასყიდელი სიყვარულისაი.
დაიწერა წმიდაი ესე წიგნი წელთა ქრისტეს აქეთ ათას ექუსას ოთხმეოცდაათჩვიდმეტსა.
ხოლო უწინერეს ამისსა აღვწერე წიგნი ეფრემ ასურისა, ორთავე სრულებით და ლავსაიკონი და კასიანეს თქმული რვათა გულისსიტყვათათვის და ეგვიპტისა და აღმოსავლეთის მონასტერთა განგებაჲ. ესეები კიდევ ერთად შეკრული ესეც ამავე ნათლისმცემლის მონასტერს დავდევ სულისა ჩემისა საოხად და მშობელთა ჩემთა ბეჟანისა და მარიამისა მოსახსენებლად”. 
მშობელთა სახელის დადგენის გარდა, ეს ანდერძი გვატყობინებს, რომ ბესარიონის მოძღვარი ყოფილა წმინდა ონოფრე გარეჯელი (მაჭუტაძე) და რომ მას გადაუწერია: იოანე სინელის „კლემაქსი”, რომელსაც ამ შეგონებით იწყებს: „ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რომელნი იკითხვიდეთ ანუ სწერდეთ წმიდასა ამას წიგნსა წმიდანო, ღირსნო; ვითარმედ ნეტარსა მას მამასა, რომელსაც ესე სულთა განმანათლებელი წიგნი უთქუამს არა თუ „კლემაქსი” ეწოდების – ნუ იყოფინ, არამედ იოანე არს სახელი მისი, ხოლო „კლემაქსი” წიგნსა ეწოდების და არს „კლემაქსი” ბერძნულითა ენითა ვითარმედ „კიბე”, „წმიდა ტიმოთე საკვირველისა” და „წმინდა სვიმეონ საკვირველის ცხოვრება”, ხოლო მანამდე „აღუწერია” „წიგნი ეფრემ ასურისა” (ორთავე სრულებით), „ლავსაიკონი” და კასიანეს თქმული „რვათა გულისსიტყვათათჳს” და „ეგვიპტისა და აღმოსავლეთის მონასტერთა განგებაჲ” და კიდევ „ესეები” ერთად შეკრული.
მასვე დაუწყია გადაწერა წმინდა გრიგოლ საკვირველის ცხოვრებისა (A-121 ხელნაწერი) 1r-114r-მდე. სახელწოდებით: „ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ჰრომთა პაპისაჲ”. წიგნი ასე იწყება: „გვაკურთხენ მამაო”. შემდეგ: „ქრისტე შეიწყალენ ბესარიონ”. პირველი გვერდის ბოლოს აქვს მხედრული მინაწერი: „მრავალმთის იოანე ნათლისმცემლის უდაბნო”. 114r-დან 235v-მდე, ანუ ბოლომდე დაუსრულებია წინამძღვარ იობს. მას ბოლოში გაუკეთებია საინტერესო მინაწერი: „წმინდანო ღმერთშემოსილნო მამანო და ძმანო, მკჳდრნო დავით გარეჯას უდაბნოჲსა ნათლისმცემელისანო, მომიხსენეთ ცოდვილი უღირსად წინამძღუარი გლახაკი იობ, რომელმან ბრძანებითა და მორჩილებითა მამისა ბესარიონისაჲთა აღვწერე ([ამ შემთხვევაში გავაგრძელე]) სულთა განმანათლებელი კერძო   ([ნაწილი]) წიგნისა ამის შესანდობელად ცოდვათა ჩემთა, რათა დიაკონისა თქუენისა მიერ მოიხსენებოდეს უღვაწი სული ჩემი”. სჩანს ბესარიონს ვერ მოუსწრია აღნიშნული ხელნაწერის დასრულება (ალბათ იმიტომ, რომ მღვდელმთავარი გამოირჩიეს) და ეს საქმე დაუვალებია წინამძღვრად დანიშნული იობისათვის.
ამ სახის ხელნაწერთა მიმართ დაინტერესებით იკვეთება მისი ინტერესის სფერო.
ბესარიონის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაძლევს ღირსი გაბრიელ მცირე წიგნში: „ღვთივსულიერი თხრობანი”, როდესაც ის პასუხობს იეროდიაკონ პროხორეს კითხვაზე: „– ჩვენსაცა ამას მონასტერსა ყოფილა ვინმე ეგევითარი ნიშებშემოსილი მღვდელმთავარი და საღმრთო მოქალაქეობითა მცხოვრები?” 
გაბრიელ მცირემ (სტავროფორემ) სთქვა: „ესე მონასტერი განაახლა კაცმან ღმრთისაგან ბესარიონ, რომელი შემდგომად იქმნა მამამთავარ. იყო იგი ვითარცა ახალი ოქროპირი – მქადაგებელი მადლითა ღმრთივმოცემულითა და ჭეშმარიტებისა გამომეტყველ, რომელმან, ვიდრე-ღა მღვდელმონაზონ იყო, აღწერა (დაწერა) წიგნიცა მართლისა სარწმუნოებისა, სამხილებელად ლათინთა „გრდემლად სახელდებული”.
მის ნეტარისათვის მასმიეს, ვითარმედ მღვდელსა ვისმე პატიოსანსა ასმიოდა საღმრთო მოქალაქობა ღირსებისა მისისა და ღამესა ერთსა მის თანა სენაკსა შინა სავანეობად დაემთხვია. ხოლო მღვდელი იგი ვინაჲთგან სურვიელ იყო მოქალაქეობისა მისისა ხილვად, განამკაცრა და არა დაიძინა. ამან ნეტარმან პირველად წმინდათა წიგნი იკითხა მრავალჟამ და მერე დაავსო სანელი და იწყო ლოცვად ზეპირით მრავლითა ლმობიერებითა და შემუსვრილის გულითა; და შემდგომად ინება სანთლისა აღნთება. არცა ცეცხლი აქვნდა, არცა დააკვესა, მეყსეულად სანთელი აღანთო. 
ესე რა იხილა მღვდელმან მან, განკვირვებულ იქნა. და ოდეს განთესნა, იხილა მარტომან ნაცარი იგი, რომელ ცეცხლი ყოვლადვე არა იყო, არამედ სანთელი იგი ჯვრის სახეთ განევლო ნაცარსა მას შინა და აღენთო.
ესე თვით მან პატიოსანმან მღვდელმან გამოაცხადა შემდგომად და ადიდებდა საკვირველებასა ღვთისასა. 
პორფირი სთქუა: ნამდვილვე ჭეშმარიტ არს, მამაო, რომელსაც იტყვის წერილი, ვითარმედ ამბავმან კეთილმან განაპოხნის ძვალნი კაცთანი. რამეთუ ღმრთივსულიერთა ამათ თხრობათა განანათლეს ძალი სულისა ჩემისა”. 
დავით გარეჯის სკოლას არც XVIII საუკუნის დასაწყისში ჰქონია ნორმალურად არსებობისათვის აუცილებელი პირობები. პირიქით, საქართველოს ისტორიის ეს მეტად რთული და დაძაბული პერიოდი თავისებურ დაღს ასვამდა სამონასტრო ცხოვრებასა და შემოქმედებით საქმიანობას. ქვეყანა ლეკთა თარეშის შედეგად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჭარელი ლეკები. მათი ხშირი თავდასხმების შედეგად ბევრი სოფელი გაპარტახდა და ნასოფლარად იქცა. ლეკიანობამ საგრძნობლად შეაფერხა სამონასტრო მოღვაწეობა.
1713 წელს ლეკთა თარეშის შესახებ გადმოგვცემს A-100  ხელნაწერი: „ამ ქორონიკონსა ოა [1713] ქართლმ[ა] და კახეთმა ოჴრებაჲ დაიწყო. უდაბნოც სუსტდებოდა, ხან ოსმალოს ეჭირა, ხან ყიზილბაშს ცოდვათა ჩემთა [გამო], ამ წიგნის წერასა ავიყარენით ამ მონასტრიდამ და ჰლეკი[ს] შიში შეიქნა. გავიყავით, ნახევარი მამანი და ძმანი აქ დადგენ – თჳთ დიდი ბესარიონ და მისი კრებული. ზოგნი ქალაქსა, სასახლე გუქონდა – დიდი ილარიონი იქ იყოფებოდა, ზოგნი გრკონსა, ზოგნი ყინცვის წმიდისა ნიკოლოზის ტაძარში”.
მიუხედავად ამისა ბესარიონი არ ეპუება ამ მძიმე გარემოებას და აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას. ის ახლო ურთიერთობასა და შემოქმედებით კონტაქტშია ქართული კულტურის ბევრ მესვეურთან, იგი წარმოგვიდგება, როგორც დამკვეთი, მეცენატი, გადამწერი და შემკაზმველი. მას, სანამ იგი საკუთარი შემოქმედებით წარდგებოდა იმდროინდელი საზოგადოების წინაშე, საინტერესო გზა გაუვლია მწიგნობრისა. 
ბესარიონს დაუწერია „კანონი სავედრებელი მღვდელმთავრისა” – ისე წილკნელისა, „კანონი საგალობელი საუფლოჲსა კუართისა” და „კანონი საგალობელი პირველმოწამისა რაჟდენისა”.
 საყურადღებოა ბესარიონის მუშაობა ჰაგიოგრაფიის დარგში. მის დროს იწყება შედგენა ქართული ჰაგიოგრაფიული კორპუსისა, ესე იგი, ისეთი კრებულისა, რომელშიაც თავმოყრილი იქნებოდა ქართველ წმინდანთა ცხოვრება-მარტვილობანი და მისი შევსება იმ წმინდანთა ცხოვრებით, რომელთა ცხოვრება მანამდე დაწერილი არ ყოფილა. მას დაუწერია მეტაფრასული მარტვილობა რაჟდენ პირველმოწამისა, არჩილ მეფისა, ლუარსაბ მეფისა, ბიძინა ჩოლოყაშვილისა, შალვა და ელიზბარ ერისთავებისა და ცხოვრება ისე წილკნელისა (S-3269) კათალიკოსი ანტონ  I მის ჰაგიოგრაფიულ შრომებს „ქართველ წმინდანთა მოთხრობა-ისტორიას” უწოდებს.  სწორედ ბესარიონის პატრიარქობის დროს მოხდა წმინდანთა დასში კანონიზირება ეროვნულ მოღვაწეთა – სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა შალვა, ბიძინა და ელიზბარისა, არჩილისა და ლუარსაბისა. მოგეხსენებათ მაშინდელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მდგომარეობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა ბესარიონი ამბიონიდან არ ერიდება, არამედ ცდილობს ქართველთა ეროვნული სულისკვეთების გაღვიძებას და წმინდანად რაცხავს ზემოდხსენებულ სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილებს. მიხეილ საბინინი წიგნში „საქართველოს სამოთხე” აღნიშნავს: „ღვაწლი მათი ავტორს აღუწერია, რათა ეს გმირები შემდგომთათვის სიმხნისა და ახოვანების ძეგლ იქმნეს და ჩუენ გვიტევეს ვითარცა ხატი და სახე აღუხოცელი სიქველისა მათისა”. 
პირველი ქართველი მოღვაწე, რომელიც შეეცადა ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილის ცხოვრება-შემოქმედებისა და საზოგადოებრივი პროფილის ჩვენებას, იყო კათალიკოსი ანტონ I. „წყობილსიტყვაობაში” იგი სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ასახელებს ბესარიონს, რომლის შესახებაც წერს:
ბესარიონმან, კაცმან მაღალ გონებამ.
მონაზონებრთა, შრომათაგან ნეტარმან,
მმწყსა ეკლესია, ქრისტესი წესიერად,
სიტყვით მგელთაგან, სიტყვით სცვიდა სამწყსოსა,
ლათინთ მეხ-იქმნა, მზე სამწყსოსა თვისისა.

ქადაგებანი, შენნი ნეტარ მამაო,
წრფელნი ნაუბნი, გარნა მსგავსებნი პავლეს,
ქართუელთა წმიდათა, მოთხრობა ისტორია,
მახსოვან რომელ, საწად-იყუნეს მჰსმენელთა,
თან-რესებულ-ხარ, გუნდთა მოციქულთასა.
ბესარიონის ქმნილილი, კანონი კუართის,
არის სულით თქმული, ღუთისმეტყველ რიტორებრი,
ტიპიკონთ პოვნა, მკობა დღესასწაულთა,
ლათინთა მიმართ, გურდემლი განუჭედელი,
დამხობად მათდა, საქებელ-არს ბრძენთაგან.

მიუხედავად იმისა, რომ ციტირებულ სტრიქონებში ბესარიონის ბიოგრაფიიდან არცერთი ფაქტი არაა მინიშნებული, იგი მაინც  საყურადღებოა. მასში, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში დაფასებულია ღვაწლი ბესარიონისა, როგორც XVII-XVIII საუკუნის საზოგადო მოღვაწისა.
ანტონ კათალიკოსის მითითებით:
1. ბესარიონი იყო ჯერ მონაზონი, შემდგომ კათალიკოსი – „კაცი მაღალი გონებით”.
2. როგორც კათალიკოსმა „მწყსა ეკლესია ქრისტესი წესიერად”.
3. იყო ნიჭიერი ორატორი და მქადაგებელი.
4. დაამუშავა „ქართველთ წმინდანთა მოთხრობა-ისტორია”.
5. ბესარიონს ეკუთვნის „კანონი კვართისა”.
6. მონაწილეობდა ტიპიკონის დადგენა-გამართვაში.
7. ბესარიონს ეკუთვნის „გრდემლი” თხზულება მიმართული კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ.
ბესარიონ კათალიკოსს საპატრიარქო მოღვაწეობა მეტად რთულ პერიოდში მოუწია. ის საქართველოს ეკლესიას იბარებს სწორედ მაშინ, როდესაც მეფე ვახტანგ VI (1716-1724) 1724 წელს რაჭიდან, გურძიევსკის უღელტეხილის გავლით ტოვებს საქართველოს და ემიგრაციაში მიდის რუსეთში. მეფის თანადროულად საქართველოს ტოვებს კათალიკოსი დომენტი, რომელმაც თავი ოსმალეთს შეაფარა. სულთნის განკარგულებით 1727 წლის დეკემბერში დომენტი კათალიკოსი დააპატიმრეს და ექსორიად გაამწესეს სტამბულის მახლობლად მდებარე კუნძულ ტენედოზზე. ამ ტყვეობიდან იგი საქართველოში 1739 წელს ბრუნდება. 
ზოგი მეცნიერი ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილის პატრიარქად არჩევის თარიღად მიიჩნევს 1724 წელს, ზოგი კი 1727 წელს. სჩანს მეუფე ბესარიონი იყო დომენტი კათალიკოსის მოსაყდრე, დომენტის წასვლის შემდეგ ის ავტომატურად განაგებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ თავისი თავმდაბლობით ის სამი წლის მანძილზე ელოდებოდა „ექსორიაქმნილ” კათალიკოსს, მაგრამ, უშედეგოდ (რადგან დომენტი კათალიკოსი თურქეთში დააპატიმრეს). ხოლო რაც შეეხება პატრიარქის ტიტულს, ბესარიონმა ის მიიღო 1727 წელს. ქუთაისის მუზეუმში დაცულ #28 ხელნაწერს აქვს შემდეგი მინაწერი: „ყველიერის შაბათს აკურთხეს ქართლისა და კახეთის მიტროპოლიტებმა და ეპისკოპოსებმა, თებერვლის 7-სა”-ო.
ბესარიონ კათალიკოსის მიმართ არ ერიდებიან მკაცრ ბრალდებებს. პოლევქტოს კარბელაშვილი (1855-1936) წერს: „ბესარიონი დიდი მეგობარი იყო იასე [(იესე ზ. მ.)] მეფისა და ვახტანგ VI-ს მტრობდა. ამიტომ 1727 წელს იასეს დახმარებით ნელ-ნელა მოიმხრო ისაყ ფაშა, შეაპარა ქრთამი და მიიღო კათალიკოზობა. ასე 1728 წლის ნახევარში”.
იესე მართლაც მტრობდა ვახტანგ VI-ს (ამიტომაც მიატოვა ქვეყანა ვახტანგ მეფემ). დომენტი კათალიკოსმა კი თავისი ნებით დატოვა საკათალიკოსო ტახტი.   იესეს ბესარიონი გამიზნულად  არ დაუსახელებია პატრიარქად იმის გამო, რომ ის ხელს შეუწყობდა საქართველოს სულიერ დაცემას ან მისი მხარდამჭერი იქნებოდა, რადგან ბესარიონის ქველი საქმეები და ის დიდი მამულიშვილური ღვაწლი ამის გაფიქრების საშუალებას არ გვაძლევს. თანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბესარიონი მოსაყდრე იყო დომენტი კათალიკოსისა და მას ავტომატურად ერგებოდა საპატრიარქო ტახტის განგება მანამდე მაინც, სანამ ახალ პატრიარქს არ აირჩევდნენ. პირადად მე არსად დოკუმენტებზე მუშაობისას არ შემხვედრია მასალა, რომ თითქოს ბესარიონს კათალიკოსობა ქრთამით მიეღოს.  ალბათ პ. კარბელაშვილმა ქუთაისში დაცულ #28 ხელნაწერის საფუძველზე ყოველივე ეს, რადგან იქ მართლაც ჩანს იასე ფაშას როლი ბესარიონის კათალიკოსად არჩევაში, მაგრამ ქრთამის შესახებ არაფერია ნახსენები. შემდეგ იგივე პ. კარბელაშვილი ბესარიონს მოიხსენიებს, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი ამაგი დასდო დავით გარეჯის უდაბნოს ამაღლებას,  შემდეგ კი დასძენს: „იყო კაცი ფრიად განათლებული, შეადგინა მშვენიერი „ქართველთა წმინდანთა ცხოვრება”, სვეტიცხოვლის „სვინაქსარი”, „გრდემლი”, რომლის დაწერაში ეხმარებოდა ფრანგის ბერი ფრანჩესკო. ებრძოდა სომხებსაც”.
არსებობს დომენტი კათალიკოსის წერილი, რომელშიც ბრალს სდებს ბესარიონს ტყვეთა სყიდვის ხელის არშეშლაში და ეკლესიის სუსტად მართვაში, დომენტი კათალიკოსის მიერ წამოყენებული ბრალდება უაღრესად მძიმეა და ამავე დროს სამარცხვინოც, მაგრამ, მკვლევარი მიხეილ ქავთარია მიიჩნევს, რომ დომენტი კათალიკოსის ამ ეპისტოლეში ჩანს ფაქტის გაზვიადება და ტენდენციურობა. 
ბესარიონის საზოგადო მოღვაწეობის მანიშნებელი დოკუმენტები თითქმის არ შემონახულა. ერთი კია, რომ მას მეტად რთულ პერიოდში უხდება მოღვაწეობა. ოსმალობა საქართველოსთვის ძნელბედობის ხანა იყო. თქმა არ უნდა, ბესარიონი – საჭეთმპყრობელი ქართული ეკლესიისა – მეტისმეტად შეზღუდული და დაბორკილი უნდა ყოფილიყო. იმ ფრაგმენტებიდან, რასაც ჩვენამდე მოუღწევია, ჩანს, რომ ბესარიონი მთლად გულხელდაკრეფილი არ ყოფილა. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ გამოქვეყნებული აქტების პირველ ტომში დაცულია დოკუმენტი, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისს ეხება და რომელშიც ვკითხულობთ:
„შუობითა და შუამდგომლობითა ესე ფიცი, პირი და წიგნი მოგეცი ჩუენ, გურიელმან პატრონმან მამია,”  შენ – გარეჯისა ნათლისმცემელისა უდაბნოთაგან ბრძანებითა ღმრთისაჲთა მოსაქცეველად ჩუენთვის წარმოგზავნილსა, მამასა ჩუენსა წმინდასა ბესარიონს, ამა პირსა ზედან, რომე ჩუენს საბატონოშიდ მოხველით და ტყვის აღთქმისა დადება გვიქადაგეთ; ჩუენცა შევისწავეთ და ჩუენსა საბატონოსა კაცსა გასყიდველობისა აღთქმისა და საფიცარი გამოვართვით, რომ ჩემმა საბატონოს კაცმა ტყვე ვეღარ გასყიდოს, და ჩუენცა ესე აღთქმა დაგვიც: დღეს ამას იქეთ ჩვენთვის საქონლად და სასარგებლოდ რომ მოიხმარებოდეს და ან საჭმელ-სასმელში და ჩუენ ტყვე აღარ გავსყიდოთ”.   თუ კი დავით გარეჯის მონასტრის ბერი ბესარიონი ასე აქტიურად მონაწილეობს ამ ეროვნულ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხის მოგვარებაში, რაღა თქმა უნდა, იგი უფრო აქტიური და ფრთაგაშლილი უნდა ყოფილიყო, როდესაც საქართველოს ეკლესიის საჭე ეპყრა ხელთ, მაგრამ, ჩანს, ობიექტური პირობები არ აძლევდა ბესარიონს საშუალებას ფართო მასშტაბით ეწარმოებინა ბრძოლა ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. „ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ დომენტი კათალიკოსის საყვედური და ბრალდება არის ტენდენციური და საქართველოს პოლიტიკური მდგომარეოიბს გაუთვალისწინებლობის შედეგი”. 

ბესარიონ კათალიკოსი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე

შემონახული მასალებით ბესარიონ კათალიკოსის პოლიტიკური მოღვაწეობა არ ჩანს, მაგრამ რამოდენიმე ფრაგმენტის გათვალისწინების შემდეგ მაინც შესაძლებელი ხდება ზოგიერთი მომენტის მინიშნება. შემონახულია ბესარიონ კათალიკოსის წერილი ასტრახანში მყოფ ვახტანგ VI-სადმი. წერილი, რომელიც 1733 წელსაა დაწერილი, ბესარიონ ქართლის ბედზე მზრუნველი კათალიკოსად წარმოგვიდგენს. ასევე გვიჩვენებს ბესარიონ კათალიკოსის პოლიტიკურ აზროვნებას და მის სტრატეგიულ გეგმას ქვეყნის გამთლიანებისათვის. 
უმეფოდ დარჩენილი ქართველობა ბესარიონის უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში იწვევდა ვახტანგ VI-სა და მის ძე ბაქარს.  ბესარიონის წერილში მთელი სერიოზულობით არის გათვალისწინებული იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაცია. აუღო რა შექმნილ ვითარებას სწორად ალღო, ბესარიონმა ვახტანგ VI-ს მიწერა: „ამ ქვეყანას ვის ამწყრალებთ, ამისთანა დრო ქვეყნის მოხმარებისა და დაჭერისა არ ყოფილა არას ხელმწიფის ჟამში. წინანდელ ხელმწიფეთა და თქვენს მამა-პაპათა სიზმარითაც ენატრებოდა, მაგრამ ვინ აღირსებდა, ახლა რომ თქვენ დრო და საქმე გაქუსთ. თუ მოინდომებთ მარტო ქართლს არა და ძველითგან სამზღვრებს სულ შემოიკრებთ. წინააღმდეგი არავინ სჩანს ასეთი, რომ შეეძლოს რამე. ღმერთმან იცის, ამათ, ვისაც ეს ტვეყანა დაუგდევით, თავი ხელთ აღარა აქვსთ. შენი მეზობელი რომ არის, არაფერი შეუძლიან, თუმცა შეუძლოს რამე, რადგან თქვენ ამ ქვეყანას ასე უინადეთ და აღარ ინაღვლეთ რა, ის დაიჭერდა; არცა რას ქართველნი ინაღვლიდნენ, ასე თავი მოსძულდათ. თუ ქართველთას ბრძანებ, ღმერთმან იცის, ყოველს კაცს უნდა მანდედამ შეწევნა. ერთმანერთი აღარაფერი სამდურავი არის, ყოველმა კაცმან თქვენს ერთგულობაზედ პირი შეკრვეს კიდეც. ვისმე არ უნდოდეს, არას კაცს თქვენი წინააღმდეგობა არ შეუძლია. თქვენგან ცდა და გაბედვა და ყოვლის კაცის დამონება სწორე იქნება. სამი-ოთხი პოლკიონი გამოითხოვეთ და სხვა არც კი გინდათ, ამათიც საჭმელიც და საქმეც ამათ დაადევით. თუ გინდათ, ეს არის. თუ არ გინდათ მანდ სხდომა,  და ბატონი ბრძანდებოდეთ, ბოლოს რაც მოხდეს, ნურავის დააბრალებთ, არც ღმერთთან გექნებათ პასუხი, არც კაცთან. ამ ქვეყნის სისხლსა და წახდენას თქვენგან იძევს ღმერთი. და შვილისშვილიც ვეღარ იშოვნის ამ ადგილსა. ამას რატომ ვერ ხედავთ, თუ ყეენი გაძალიანდა, თქვენ აღარ შეგეხვეწებათ, არც ამას მოგცემთ, თუ დიდის ხვეწნი(თ) და შუამავლობით მოგცესთ, რაც უწინ იყო, უარესობა იქმნება. და თუ მაგათ ეს მთის ადგილები უთქვენოდ დაიჭირეს, და რადგან ხელი მიყვეს, კიდეც დაიჭერენ, კიდევ უფრო გასუბუქდებით და მაგდენი ყურის მოგდებაც არა იქნება რა. ეს არის დრო თუ გინდათ, არას ხელმწიფეს ეს დრო არ ქონიათ. ადეგით, ადეგით, ნუ ჰყოვნით! თავად ორივ წამობრძანდით უმჯობესია, თუ არა, შვილი გამოგზავნე. წინააღმდეგი აღარავინ არის; ეგ მთის ადგილი დაიჭირეთ, იქიდამ მთა და ბარი ხელთ დაგრჩებათ, ვერცა რას ყეენი დაგაკლებთ, ვერცა რას ხვანთქარი და მაგათაც პირ-ნათლად დარჩებით, სამიდღემშიოდ ეგენი ზურგად გეყოლებიან. ეს არის დრო და ჟამი. ამილახორს კიდევ უფრო გულით უნდა, აქეთ რომ დიდი კაცი არის. თუ თავის მამულის ფიქრი გაუქარვეთ, ამათ უფრო გულით უნდათ ამა ადგილის თქვეგან დაჭერა, და ადვილიც არის ეს. ეს არის მოგვიხსენებია, თუ კიდევ არა ჰქენით, ჩვენმცა უბრალონი ვართ, და სინანული ნუღარ იქნება. თუ საქმე არ წარგემართოსთ, მე თავი გამაგდებინეთ! ეს არის, მოგვიხსენებია დრო და ჟამი. აღდეგით, თუ არა ამის უკეთეს დროს ვერ იშოვნით”. 

ბესარიონ კათალიკოსის გარდაცვალების შესახებ

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული H-2077 ხელნაწერი, რომელიც დაიწერა ქრისტეს აქეთ 1735 წელს, ეკლესიის მოქმედ მამამთავრად ასახელებს კათალიკოს ბესარიონს.  ცენტრალური არქივის 1448 ფონდის, საქმე #2771, რომელიც დაიწერა თვესა მარტსა, ქრისტეს აქეთ ჩღლვ (1736) ბესარიონს ასახელებს, როგორც მოქმედ კათალიკოსს. დოკუმენტს აზის (დოკუმენტზე დასმულია) ბესარიონის ბეჭედი. 
სავარაუდოდ ბესარიონ კათალიკოსი უნდა გარდაცვლილიყო 1737 წლის მიწურულისათვის, რადგან 1738 წლის 2 თებერვალს გაცემულ დოკუმენტს (რომელიც გამოქვეყნებულია პროფ. ნ. ბერძენიშვილის მიერ „ჩვენ ყოვლისა საქართველოს კათალიკოზი კირილე ამ ნასყიდობას ვამტკიცებ...”),  უკვე მისი მოსაყდრე კირილე აწერს ხელს, როგორც მოქმედი კათალიკოსი.
ვახუშტი ბატონიშვილი ბესარიონ კათალიკოსის გარდაცვალებას ურთავს იქ, სადაც საუბრობს ვახტანგ VI-ის გარდაცვალებაზე. დასახელებულია 1737 წელი, ქორონიკონი 425, როგორც ვახტანგ VI-ის გარდაცვალების აღმნიშვნელი თარიღი და აქვე ჩართულია „ხოლო მოკუდა ბესარიონ კათალიკოსი”.  
ბესარიონ კათალიკოსი დაკრძალულია სვეტიცხოველში, წმინდა ნიკოლოზის ეკვდერის შესასვლელთან სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
მართლაც დიდი პიროვნება იყო კათოლიკოსი ბესარიონი,  ლიტერატურის ისტორია და საერთოდ ისტორია გვერდს ვერ აუვლის ჩვეულებრივ მოღვაწეებს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ტალანტებით. წმ. ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს „საზოგადოება მხოლოდ იმას უნდა ეძახოდეს „ჩვენგანს”, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის სიტყვით თუ საქმით, და თუ ეს ღვაწლი გაბრწყინვებულია, შუქშემოსილია, აქ სულერთია თქმაა ეს ღვაწლი თუ ქმნა არის რა თქმა უნდა, ერთნაირის უხვებით არ არის ყველა ამ მადლით მიმადლებული, ამად არის დიდ-პატარაობა მაგრამ დიდი თუ პატარაა, რაკი ცოტა თუ დიდად ამ მადლის მქონეა, იგი რჩეულია მრავალთა შორის და ეს რჩეულობა არის სამართლიანი მიზეზი და საბუთი, რომლის ძალითაც ერს შეუძლია თავმომწონებით სთქვას – ეს კაცი ჩვენგანიაო”.
წყაროებში ბესარიონი დავით გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის „მოძღვრისა და მასწავლებლის” სახელით არის ცნობილი. მან ხელი მოჰკიდა ჰაგიოგრაფიული ხასიათის სრული კრებულის შედგენას, რადგან მანამდე იქ შექმნილი კრებულები არ იყო სრული სახით. ბესარიონი ავტორია რამდენიმე ჰაგიოგრაფიული ლიტერატურული ნაწარმოებისა. წარმოგიდგენთ ზოგიერთი მათგანის მოკლე მიმოხილვას.
რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობა. წმინდა რაჟდენი წარმოშობით სპარსი, რომელიც მოვიდა ქართლში ვახტანგ გორგასლის დროს, აწამეს სპარსელებმა ქრისტიანობის მიღებისათვის. როგორც ამ მარტვილობიდან ჩანს, წმ. რაჟდენის თავდადება და მოთმინება ძველად აღწერილი არ ყოფილა, ამიტომ ბესარიონს ძველი მასალა კი არ გადაუკეთებია, არამედ სულ ახალი შრომა დაუწერია. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ანტონ კათალიკოსის სიტყვები „მარტირიკაში”: „ღუაწლსა პირველმოთხრობილსა განგვიახლებს ნეტარი ბესარიონ მამამთავარი”. რას ნიშნავს განგვიახლებს? აქ იგულისხმება განახლება იმ მოთხრობისა წმინდა რაჟდენის შესახებ, რომელიც მოცემულია ვახტანგ გორგასლის ისტორიაში.  ვრცელი შესავალი, პათოსური ადგილები და მოთხრობების თემიდან გადახვევ-გადმოხვევა დამახასიათებელი თვისებაა მისი, როგორც ყველა მეტაფრასული ნაწარმოებისა. ავტორს ხელთ ჰქონია ცხოვრებანი ქართველთანი, რომელსაც ის აგრეთვე „ძველს მატიანეს ეძახის”. აქედან მას ამოუღია უმთავრესი ფაქტები წმინდა ვახტანგ გორგასლის და სპარსელების ურთიერთშორის დამოკიდებულებისა. მას აგრეთვე ხელთ ჰქონია დავით და კონსტანტინეს მარტვილობა, ბასილი დიდის სიტყვა 40 სებასტიელი მოწამის შესახებ და ადრიანეს და ნატალიას ცხოვრება. ესენი ყველა დამოწმებულია თვით თხზულებაში. გამოცემულია თხზულება მ. საბინინის „საქართველოს სამოთხეში”  და თარგმნილია ლათინურად პ. პეტერსის მიერ. 
ისე წილკნელის ცხოვრება. ისე წილკნელის შესახებ ბესარიონ კათალიკოსამდე ჩვენ ვიცოდით მხოლოდ ის, რაც გამოცემულია ასურელ მამათა ცხოვრებაში მ. საბინინის მიერ.  თავისებური აკროსტიკით შეუმკია ისე წილკნელი მეჩვიდმეტე საუკუნეში ქსნის ერისთავს იესეს.  ჩანს, ეს ცნობა არ აკმაყოფილებდა მკითხველ საზოგადოებას. ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილებია ბესარიონს, რომელმაც გამოიყენა ის მასალა, რაც მის დრომდე იყო ცნობილი და ზოგი რამ თვითონაც დაუმატა. პოლემიკა, რომელსაც წმინდა ისე წილკნელი აწარმოებს ცეცხლთაყვანისმცემლების წინააღმდეგ და მისიონერული საქმიანობა, რომელსაც ის მთებში ეწევა, ამ შრომას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებად ხდის ქართულ მწერლობაში. ბესარიონის ეს ცნობა აღნიშნული საკითხით დაინტერესებული მკვლევარებისათვის უცნობია. 
წმ. ლუარსაბ მეფის მარტვილობა. ლუარსაბ მეფე, როგორც ცნობილია, გახდა მსხვერპლი შაჰ-აბაზ პირველის ცბიერების და ძალადობისა, რომელმაც ის შირაზის ციხეში 1622 წელს მშვილდის საბლით მოაშთო. ბესარიონამდე ჩვენში არსებობდა სვინაქსარული რედაქცია წმ. ლუარსაბის მარტვილობისა, რომელშიაც მოკლედ იყო აღწერილი ლუარსაბის ღვაწლი („საქართველოს სამოთხე”, გვ. 580-582). ეს ღვაწლი იმდენად დიდი, დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი იყო ქართველების ცხოვრებაში, რომ საჭირო გამხდარა მისი დაწვრილებითი გაშუქება, როგორც ფაქტიური, ისე იდეური მხარით, და აი, ბესარიონს უკისრია ამგვარი შრომის დაწერა.  ის შეიცავს მეტად საყურადღებო ცნობას შაჰ-აბაზის შემოსევის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოში. ამ ცნობათაგან ბევრი რამ უცნობია ისტორიისათვის, ზოგი რამ შესამჩნევად განსხვავდება არსებული ცნობებისაგან.  თხზულება იწყება საკმაოდ ვრცელი შესავლით, რომელიც აზრებითაც და ფრაზეოლოგიითაც მოგვაგონებს ბესარიონის სხვა აგიოგრაფიულ თხზულებას – რაჟდენ პირველმოწამის და არჩილ მეფის „მარტვილობას”.  ანტონ კათალიკოსამდე ლუარსაბის ხსენებას დღესასწაულობდნენ ან 1, ან 20 მარტს. ანტონს ის გადმოუტანია 21 ივნისს, რადგან დიდ მარხვაში, რომელიც მარტსა და აპრილში მოდის, ეკლესიის მამებს არ განუწესებიათ წმინდანთა და მარტვილთა ხსენება. 
ბიძინა, შალვა და ელიზბარის მარტვილობა. ამ თხზულებაში აღწერილია ის უბედურება, რაც თავს დაატყდა აღმოსავლეთ საქართველოს მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, შაჰ-აბაზ მეორეს შემოსევის გამო. აქ მრავალი საყურადღებო ცნობაა ამ უბედურების შესახებ, რაც ოფიციალურმა ისტორიამ არ იცის. დამშვიდებით არ შეიძლება დახედოს კაცმა იმ გულშემზარავ სურათს ქვეყნის გავერანებისა და ამ სამი თავდადებული პატრიოტის ტანჯვა-წამებისას, რომელიც აქაა მოცემული. ამ სამმა გმირმა თავი დასდო სამშობლოსათვის.  ავტორს, მის დროს არსებული საისტორიო მასალების გარდა შედარების მიზნით გამოუყენებია, აგიოგრაფიული ლიტერატურის ფაქტები, მაგალითად, ბიძინას გვამს ასო-ასოდ დაჭრა მას აგონებს „იაკობ დაჭრილს”, რომელი „გამობრწყინდა მათვე სპარსთა შორის”,  შალვას შვილისშვილს იესეს  შეუდგენია მათი „აკოლოთია” ეკლესიაში სახმარებლად. 
ჩამოთვლილი აგიოგრაფიული თხზულებანი ბესარიონისა დაწერილია ერთი და იმავე სტილით, რომელიც მიზნად ისახავს არა ენაწყლიანობას, არამედ ისეთი სურათების დახატვას, რომელიც ადამიანის სულსა და შეგნებას აღელვებს სამშობლო ქვეყნის უბედურების წარმოდგენით. ავტორს ეს ზედმიწევნით ეხერხება (მოუხერხებია). მისი ენა არის ეპიური, დარბაისლური, რომელსაც ალაგ-ალაგ ელეგიური კოლორიტი დაჰკრავს, განსაკუთრებით ქვეყნის რბევა-აოხრების და ადამიანთა ტანჯვა-წამების აღწერისას. ავტორი დიდად ნაკითხი და მცოდნე ყოფილა აგიოგრაფიული ლიტერატურისა. მის მოთხრობა-მსჯელობაში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით აგიოგრაფიული ნაწარმოებისათვის დამახასიათებელ ფრაზებს, აზრებს და წინადადებებს, აგრეთვე მხატვრული ენის აქსესუარებს და მხატვრულ სახეებს, უსაზღვრო პატრიოტიზმს. ავტორი ამ შრომების ფაქტიურ მხარეზე ამყარებს თავისი ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებების მონაცემებს, როგორც რაჟდენ პირველმოწამისა და ისე წილკნელის სახელობის „კანონებში”.
ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილის კალამს ეკუთვნის შრომა „შესხმაჲ და წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისა”, რომელიც VIII საუკუნეში არაბთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა.
ბესარიონის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლემიკური ხასიათის თხზულებას „გრდემლი”, რომლის სრული სახელწოდებაა:
სიტყვისგებაჲ ლათინთა მიმართ ჩვენ მართლმადიდებელთა მიერ, თუ რაჲ არს ჩუენგან მათი განყოფილება, თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ, რომელი იყო უდაბნოჲთ გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი”.
„გრდემლი”, როგორც თვითონ ავტორი უწოდებს შემოკლებით წარმოადგენს პოლემიკურ თხზულებას, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული განსხვავებები მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის. იგი არის (შეიძლება თამამად ითქვას) პირველი ოფიციალური, ორიგინალური, პოლემიკური თხზულება მიმართული კათოლიციზმის წინააღმდეგ. 
„გრდემლმა” ჩვენამდე მრავალი ხელნაწერის სახით მოაღწია. ჩვენ ვისარგებლეთ მისი ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი რედაქციით S-3269.
ნაწარმოები შედგება 38 თავისაგან და ფაქტიურად წარმოადგენს 38 ბრალდებას კათოლიციზმის მიმართ. თხზულება კომპოზიციურად კარგად არის მოფიქრებული. იგი იხსნება ვრცელი შესავლით, რომელშიც ზოგადად ლაპარაკია ყველა იმ მწვალებლობათა შესახებ, რომელიც იცის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. მწვალებლობების განხილვას ბესარიონი ანგელოზის დაცემიდან იწყებს. შესავალს ასრულებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების განსხვავებების აღნიშვნა, როგორც დოგმატურ, ისე საღვთისმსახურო საკითხებზე. შემდგომი და ძირითადი ნაწილი თხზულებისა წარმოადგენს რომის ეკლესიის მიერ აღიარებული დოგმატების გაბათილებასა და განქიქებას. ზუსტად ეს ნაწილი აძლევს „გრდემლს” დოგმატურ-პოლემიკური სახელმძღვანელოს ხასიათს. ამავე დროს, იგი უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის თხზულებაცაა, რომელმაც შეასრულა  თვალსაჩინო ისტორიული მისია ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში და ეროვნული თვითშეგნების დაცვა-გაღვივების საქმეში. 
ბესარიონი საცილობელი დებულების დასამტკიცებლად ჭარბად იყენებს როგორც „წმინდა მოციქულთა” ქადაგებებს, ისე „ღმერთშემოსილთა კაცთა” თხზულებებს. განსაკუთრებით იხსენიებს ბესარიონი გრიგოლ საკვირველთმოქმედს, ბასილი დიდს, ათანასე დიდს, „ყოვლისა მნათობს” იოანე ოქროპირს, იოანე დამასკელს, იგივე „ოქრონექტარს” და სხვათა, მაგრამ ის განსაკუთრებულად უხმობს მოციქულებს: პავლეს, პეტრეს, იუდას (არა იმას რომელმაც გასცა იესო), იაკობს და ა. შ. საგულისხმოა ასევე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებები, განსაკუთრებით კი დავით მეფსალმუნე. ბესარიონი გვაძლევს წმინდა წერილის ზოგიერთი მუხლის ისეთ განმარტებებს, რომლებიც სხვა განმმარტებლებთან არ გვხვდება. საყურადღებოა, რომ ბესარიონი იჩენს ორიგინალობას და მისი შრომა არ არის დამყარებული ფოტი პატრიარქის ან სხვა მოკამეთეების შრომებზე, ამ სიტყვის ძალზე ვიწრო გაგებით. ბესარიონის ნაშრომი არ წარმოადგენს გამეორებას, ან, უკეთეს შემთხვევაში, პერიფრაზს სხვა რომელიმე სპეციალური თხზულებისას.
იძლევა რა საღმრთო წერილის სხვადასხვა ადგილების საკუთარ განმარტებებს და იმოწმებს საეკლესიო ავტორიტეტებს, ბესარიონი კატეგორიულად აცხადებს, რომ „ხოლო ძისაგან გამოსვლით არა თქმული არს, არცა ვის აღწერით დაუტევებიეს, არამედ მამისაგან, ვითარცა შობა ძისა, ეგრეთვე გამოსვლა სულისა მისგანვე მამისა, რამეთუ მამა არს მიზეზი შობისა და გამოსვლისა”-ო.
აღსანიშნავია, რომ თქმულის დასადასტურებლად ბესარიონი იმოწმებს და განმარტავს სახარების სწორედ იმ მუხლებს, რომლებსაც იმოწმებენ ლათინთა თეოლოგები, როგორც მათთვის საიმედო არგუმენტს.
ავტორი იყენებს აგიოგრაფიის ისტორიიდან ყოველგვარ ცნობას, რომელსაც გარკვეული წონა ენიჭება საკამათო თეზისის დადებითად გადასაჭრელად. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებით, ცხოვრებით გრიგოლ აკრაკანტელისა, გრიგოლ ღვთისმეტყველის შესხმით და სხვათა მოხმობით „გრდემლში” დარღვეულია რომის ეპისკოპოსის განდიდების სურვილი და მანია. ბესარიონი საფუძვლიანად და ამომწურავად განიხილავს საკითხს რომის პაპის პრიმატობის თაობაზე. მას მაგალითად, რამდენიმე ხვა მაგალითთა შორის, მოჰყავს გიორგი მთაწმინდელის დისპუტი ანტიოქიის პატრიარქთან. საერთოდ უნდა აღინიშნოს ავტორის ტენდენცია – ყოველთვის სიამოვნებით გამოიყენოს და წინა პლანზე წამოწიოს ყოველივე, თუკი შესაძლებელია რაიმე დებულების გაკრიტიკება ან დადასტურება ქართული ეკლესიის ისტორიიდან და პრაქტიკიდან.
ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობასთან ერთად ბესარიონი დიდი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. ქართულ წერილობით წყაროებში იგი „ნეტარად” და „სანატრელად” იხსენიება. ასეთი ეპითეტით მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი საქართველოს ეკლესიის წმინდანებისადმი მიძღვნილ ნაშრომში („მარტირიკა”) მოიხსენიებს. 


ავტორები:

[1] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ.VI, თბ., 1980, გვ. 186
[1] საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი სცსა), ფონდი 1448, 1037. არქივშივე გვხვდება ამ საბუთის პირი, ფონდი 230(5), დავთარი 1, განყოფილება 12, რიგის 14, გვ. 138
[1] აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნებული აქვს პ. ცხვილოელ-კარბელაშვილს „გუჯერები დავით გარეჯის უდაბნოსი”, „ივერია”, 1893, #88

 [1] ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Q – 135, 65r.


[1] ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-105.
[1] გაბრიელ მცირე მანამდე იეროდიაკვან პროხორეს უყვებოდა პატერიკებს წმინდა მამათა მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ.

 [1] იქვე, გვ. 300-301
[1] ანტონ ბაგრატიონი, „წყობილსიტყვაობა”, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ლექსიონი დაურთო ივ. ლოლაშვილმა, თბ., 1980, გვ. 255

[1] მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე, პეტერბურგი, 1882, გვ. 332

[1] ალბათ იმიტომ, რომ მას ეშინოდა მეფედ მოსული გამუსლიმანებული თავისი ძმის.
[1] პ. კარბელაშვილი, „იერარქია საქართველოს ეკლესიისა: კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი”, თბ., 1900, გვ. 139-140

[1] უეჭველია, დოკუმენტი მამია III, გიორგი მესამის ძეს ეკუთვნის. მამია მესამე გარდაიცვალა 1714 წელს, მამია  IV გიორგი მეოთხის ძე 1747 წელს იქნა გაძევებული სამთავროდან. მის დროს ბესარიონი უკვე მიცვალებულია. შენიშვნა ამოღებულია აქტებიდან.
[1] АКТЫ. ტ. I, გვ. 52
[1] მ. ქავთარია, ბესარიონ ორბელიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. I, თბ., 1959, გვ. 83

[1] გულისხმობს სამეფო ტახტს.
[1] Переписка груз. Царей с российск. Государями от 1659 г. по 1770 г., С.-Петербург, 1861,  გვ. 198-200. რამდენიმე სტრიქონი ამ წერიილდან დაბეჭდილი აქვს გ. ლეონიძეს (შდრ.„ლიტერატურული გაზეთი”, 1955, 22 იუვლისი, #29 (939).
[1] H ფონდის ხელნაწერთა აღწერილობა. თბ., ტ. V, გვ. 47

[1] დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბ., 1940, ტ. I, გვ. 275
[1] საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, თბ., 1913, გვ. 141
[1] ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლისეული, ე. თაყაიშვილის რედაქციით, თბ., 1906, გვ. 197-180

[1] შემოკლებით გამოცემულია სოლ. ყუბანეიშვილის მიერ. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია. ტ. I, თბ., 1946, გვ. 233-240.
[1] Analecta Bollandiana, ტ. XXXIII, გვ. 294-317
[1] საქართველოს სამოთხე, გვ. 209-211.
[1] იქვე. გვ. 211-212
[1] გამოცემულია სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია. ტ. I, გვ. 407-416.
[1] შეადარეთ კ. კეკელიძე, ქართველი ქალები შაჰ-აბაზ პირველის კარზე, ეტიუდები, ტ. IV, თბ., 1957, გვ. 217-226.
[1] საქართველოს სამოთეხ, გვ. 169
[1] კ. კეკელიძე, ანტონ კათალიკოსის ლიტურგიკული მოღვაწეობიდან, ეტიუდები, ტ. IV, თბ., 1957, გვ. 181

[1] საქართველოს სამოთხე, გვ. 607-608
[1] გარდაიცვალა 1739 წ.
[1] თხზულება დაბეჭდილია სოლ. ყუბანეიშვილის ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია. ტ. I, გვ. 407-416.
[1] კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. I,

[1] ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთეს ე. გაბიძაშვილმა და მ. ქავთარიამ. თბ., 1980 წ. გვ. 34, 49, 54-59.


1 comment:

  1. „ქარუმიძე ონოფრე იყო ერისკაცობასა შინა სამხედრო საქმისა მოყვარულ, და ამან მონასტერსა ინება წარსლვად მოსალოცველად. ოდეს იხილა წმიდანი ესე ადგილნი, მაშინ წარმოსულმან მისცა განგება სახლეულებათა თვისთა და თვით იდუმალ მოვიდა გარესჯის მონასტერსა შინა და იქმნა მონაზონ. და მერმე რაოდენისამე ხანისა შემდგომად შთავიდა მღვიმესა შინა დავით-გარესჯისასა, სადაცა ასაფლავია წმიდა იგი, მუნ დაყუდებით სცხოვრებდა შვიდეულისა და ორმეოცისა დღისა მარხულებითა. და ესეცა მოიწია მადლსა სასწაულთ-მოქმედებისასა. და ესრეთ სიწმიდით დაასრულა ცხოვრება თვისი (იოანე ბაგრატიონი, მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის, გამ. „მეცნიერება“, გვ. 200, 1982 წ.).
    ოთარ მაჭუტაძე და ოთარ ქარუმიძე სხვადასხვა პიროვნებები არიან.

    ReplyDelete