წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). - მოძღვრება ქრისტეს შობის წინა-კვირიაკესა ზედა.

შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის,
ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის (გალ. ით).

მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!
წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, მიგებებად ქრისტეს შობის დღესასწაულისა. მრავალის დღის მარხვა მისთვის დააწესა წმიდამან ეკლესიამა, რათა ჩვენ, განწმედილნი სულითა და ხორცითა, ღირსებით შევეგებოთ ქრისტესა, ქვეყნად მომავალსა. ყოველნი საღმრთონი საკითხავნი, საგალობელნი, ლოცვანი, რომელნი გესმოდათ თქვენ ეკლესიასა შინა განმავლობასა შინა ამა მარხვისასა, წინადვე გვახარებდენ, მოასწავებდნენ და მოგვამზადებდენ ჩვენ, ქრისტეს შობას. მაშასადამე, .... უკეთუ წმიდა ეკლესია ესრედ ჰცდილობს ჩვენსა მომზადებასა, ჩვენც ჩვენითა მხრითაც უნდა ვეცადოთ და განვამზადოთ გული და გონება ჩვენი მიღებად ქრისტესა გულთა შინა ჩვენთა. მოვიხმაროთ აწ რაოდენიმე წამი განზრახვად და გამოკლევად აზრისა მის, რომელსა მოგვცემს ჩვენ წმიდა მოციქული პავლე ამ სიტყვებში: შვილნო ჩემნო საყვარელნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოისახოს ქრისტე თქვენ შორის. როგორ უნდა გამოისახოს ქრისტე ჩვენს გულში? ანუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს ქრისტიანესა და იესო ქრისტეს შორის?
როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთხელ იშვა ქალწულისაგან ბეთლემს, მერმე აღიზარდა, შემდეგ იწყო სწავლა და ქადაგება, იქმოდა მრავალთა სასწაულთა, ბოლოს ივნო, ჯვარს ეცვა, მოკვდა, დაიმარხა, აღსდგა მკვდრეთით და ამაღლდა ზეცად, მსგავსად ამისა იგივე ჩვენი უფალი იესო ქრისტე ხელ-ახლა ყოველი ქრისტიანე კაცის გულში უნდა იშვას, აღიზარდოს, იწყოს სწავლა და ქადაგება, სასწაულები ქმნას, ივნოს, ჯვარს ეცვას, აღსდგეს მკვდრეთით და ამაღლდეს ზეცად.
შენ ქრისტიანე ხარ, ძმაო ჩემო, და უეჭველია არა ერთგზის გიფიქრია იესო ქრისტეზე, ათასჯერ გილოცავს მის სახელზე, გარნა ნუ გაგიკვირდება, თუ გითხრა რომელ იესო ქრისტე, იქნება, ჯერ არც კი დაბადებულა შენთვის, ანუ შენს გულში. როდის დაიბადება, ანუ რა სახით დაიბადება ქრისტე კაცის გულში, გკითხავ მე შენ? მხოლოდ იმ წამს, ძმაო, როდესაც შენ იგრძენ ჭეშმარიტი და ნამდვილი სიყვარული იესო ქრისტესი. რა სიყვარული არის ეს, იფიქრებ შენ. მე მეგონა, რომ კიდეც მიყვარდა იესო ქრისტე? როგორ აგიხსნა მე, ძმაო, რა არის სიყვარული? სიყვარულს კაცი ვერ ახსნის სიტყვითა, თუმცა გულში კი გრძნობს. მაგრამ, იქმნება, რომლითამე მაგალითითა გაცნობო, რა არის სიყვარული: იქმნება შენ ვინმე გყავდეს ყოველთა უსაყვარლესი პირი, ანუ მეუღლე, ანუ შვილი, ანუ მეგობარი. წარმოიდგინე, რომ იგი დიდი ხანი არ გენახოს და მერმე უცებ დაინახო, რას გრძნობ მაშინ? გული დაიწყებს ძგერასა; სული გაგინათლდება; რაღაცას გამოუთქმელს სიხარულს იგრძნობ. სწორედ ეგრედვე უნდა იგრძნოს ერთხელ მაინც კაცმა, როდესაც იგი იფიქრებს იესო ქრისტესა ზედა, და მაშინ მხოლოდ დაიბადება ანუ გამოისახება ქრისტე მის გულში. უკეთუ ესრედი გრძნობა არ გაუჩნდა კაცს გულში, მისთვის ქრისტე არ არის დაბადებული.
როდესაც ესრედ ქრისტე გამოისახა, ანუ დაიბადა სიყვარულის საშუალებითა შენს გულში, მერმე იგი უნდა გადიდდეს, ანუ გაიზარდოს მუნვე. იგი გაიზრდება მაშინ, როდესაც შენ ფიქრობ მას ზედა სიყვარულითა და ლმობიერებითა. როგორადაც კაცი კაცს დაუახლოვდება, მაშინ იგი შეიტყობს მისსა ხასიათსა, მისთა აზრთა, სურვილთა, ერთი სიტყვით, იცნობს მას და ყოველთა მისთა თვისებათა, ეგრედვე უნდა ეცადო და გაიცნო იესო ქრისტე. როდესაც კაცს გაიცნობ და დაუახლოვდები, ამ ორში ერთი მოხდება: ან შეატყობ, რომ იმ კაცს ბევრი ცუდი თვისება აქვს და ბევრი ცუდი ხასიათი, და შეწუხდები ამაზე და აღარ შეიყვარებ, ან შეატყობ, რომ ის კაცი კეთილი არის, მრავალი კარგი თვისება აქვს და უმეტესად შეიყვარებ მას და მიუახლოვდები. მზგავრად ამისა, ოდეს ხშირად ფიქრობ და მახლობლად გაიცნობ იესო ქრისტესა, იცნობ, ვითარი განუსაზღვრელი ღვთაებრივის სიკეთისა და სისრულის სახე იყო იესო ქრისტე, რასაკვირველია, უმეტესად შეიყვარებ მას, და ესრედ, ღვთაებრივი მისი სახე გადიდდება და გაიზრდება შენს გულში.
ესრედი დაახლოება და გაცნობა იესო ქრისტესი, რასაკვირველია, არ დარჩება უქმად შენს გულში; იგი იწყებს სწავლასა და ქადაგებასა შენს შორის. ჰოი, ვითარცა სიტყვათა გეტყვის იგი! ვითარცა გრძნობასა გააჩენს იგი შენს გულში: იგი იწყებს სწავლასა და ქადაგებასა შენს შორის. ჰოი, ვითარცა სიტყვათა გეტყვის იგი! ვითარცა გრძნობასა გააჩენს იგი შენს გულში! ვითარცა გაუმაძღარსა წყურვილსა ღვთაებრივისა მადლისასა, ვითარცა მისწრაფებასა, ვითარცა ნუგეშსა, ვითარცა მწუხარებასა, ვითარცა ნეტარებასა! მწუხარებას -მაშინ, უკეთუ შენ შთავარდი ცოდვაში და უღალატე მას; ნეტარებასა - მაშინ, როდესაც შენ ჰგრძნობ მისსა სიახლოვესა. ქრისტე ღმერთი დაუცხრომელად ქადაგებს გულსა შინა მოყვასისასა; ასწავლის მას, ანათლებს, სწმედს მისსა ზნეობასა და ყოფაქცევასა. როგორადაც რომელმანმე ბრძენმა მოძღვარმა აიყვანოს ჭაბუკი მცირეწლოვანი, შეუდგეს მისსა სწავლასა და განათლებასა, დღითი დღე აღიყვანდეს მას ხარისხისთგან ხარისხამდე, გაშლიდეს მისსა ჭკუასა, მართავდეს მისსა ზნეობასა, ვიდრემდის შეიყვანოს იგი სრულსა ჰასაკსა შინა, ეგრედვე ქრისტე ღმერთი ზრდის სულსა იმ კაცისასა, რომლის გულში იგი გამოისახა და იზრდება.
ესრედი ქადაგება, სწავლა და ხელმძღვანელობა ქრისტეს მადლისა არაოდეს არ დარჩება უნაყოფო კაცისათვის. კაცის გული და ზნეობა ცოტ-ცოტათი იცვლება, და კეთდება. აქ, ძმაო, ქრისტე ღმერთი იწყებს სასწაულის-მოქმედებასა შენს ბუნებაში. სასწაული არ არის ის, ძმაო, რომ გაგანათლოს შენ სწავლითა ანუ აღგიხილოს გონიერი თვალი, ვითარცა მან ოდესმე აღუხილა ხორციელი თვალი შობითგან ბრმასა: ანუ ოდეს ქრისტე ღმერთი მადლითა თვისითა კაცსა, ცოდვასა შინა შთაფლულსა, აღადგინებს, გააცოცხლებს, ცოდვას მოაძულებს და კეთილს საქმეს შეაყვარებს: ვგონებ, რომელ ეს იქნება ამის მზგავსი სასწაული, როგორადაც მან ააყენა ოდესმე ოთხის დღის მკვდარი ლაზარე.
გარნა, ძმაო ჩემო, მოქცევა კაცისა ცოდვილისა არ არის ადვილი, ერთობ ძნელი არის ყოვლისა კაცისათვის დასტოვოს ცოდვა, რომელსა იგი მიეჩვია, რომელი გარდაიქცა თითქმის მისდა ბუნებად, და მიიქცეს კეთილისა ყოფაქცევადმი. დიდად უჭირს მას ეს: დიდსა მწუხარებასა ჰგრძნობს იგი, ოდესაც სურს დაივიწყოს თვისი საყვარელი ცოდვა და დაიწყოს წმინდა და პატიოსანი ცხოვრება. უკეთუ შენ ჰგრძნობ, ძმაო, გულში ესრედსა მწუხარებასა, გარნა, არა მიმხედველი ამისა, ჰცდილობ იწყო წმინდა ცხოვრება და ყოველსავე სულგრძელად ითმენ უფლისა იესო ქრისტესათვის, იცოდე, რომ თვით უფალმა იესო ქრისტემ იწყო შენს გულში ეს მწუხარება და ვნება.
გარნა, ოდეს შენი მწყხარება და თმენა ერთობ გადიდდა, ოდეს ცოდვამან ერთობ იწყო ძალადობა გულში და ტანჯვა შენი, გარნა შენ არა მიხედე ამას, არამედ სძლიე ცოდვასა, მაშინ შენ ჯვარცმულ ხარ უფლისა იესო ქრისტესთანა: სოფელი შენიდამო ჯვარცმულ არს და შენ სოფლისათვის, ვითარცა იტყვის პავლე მოციქული; ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯვარს აცვეს ვნებითურთ და გულისთქმით; გარნა უკეთუ შენ ქრისტესა თანა ჯვარცმულ ხარ, უთუოდ რომ ქრისტესთანა აღსდგები მკვდრეთით.
აჰა, ძმანო, რას ნიშნავს სიტყვა პავლე მოციქულისა: ვიდრემდის გამოისახოს ქრისტე თქვენს შორის. იგივე წმინდა მოციქული პავლე იტყვის: თუ ცოცხალი ვარ ახლა, ჩემით არ ვარ ცოცხალი, არამედ ქრისტე სცხოვრებს ჩემს შორის. შენს გულშიდაც უნდა სცხოვრებდეს ქრისტე! ცხოვრება მისი ხელახლად უნდა განმეორდეს შენს გულში ნაცვლად საკუთარისა ნებისა, ცოდვის უწმიდურის სურვილისა, ქრისტეს ნება, ქრისტეს სურვილი, ქრისტეს ნათელი ჰსუფევდეს შენს გულში, ერთი სიტყვით, ქრისტეს ტაძრად, ქრისტეს სადგურად უნდა გახდეს შენი გული, რომელიც და ინებოს ქრისტემან. ამინ.

                 




No comments:

Post a Comment