საშობაო ეპისტოლე


მართლმადიდებელო ქრისტიანენო,

გავიდა მორიგი წელი და მაცხოვარმა კვლავ გაგვხადა ღირსნი გვეზეიმა სიხარულით სავსე დღესასწაული მისი განკაცებისა, განკაცებისა ჩვენი გულისთვის, ჩვენდა სასიკეთოდ, დღესასწაული მისი ხორციელად შობისა ქალწული მარიამისაგან. ეს არის მოვლენა, რომელმაც ანგელოზები გააკვირვა, მოვლენა, რომელისთვისაც ემზადებოდნენ ძველი აღთქმის მართალნი, ხსნა, რომელსაც მთელი ქმნილება ელოდა და საიდუმლო, რომლის წინაშეც ეშმაკები ძრწოდნენ. რადგან ცხებულის მოსვლით დაიწყო ეშმაკისა და მისი მსახურების ადამიანებზე გრძელი და ტირანული მმართველობის მოშლა, მისი უკანასკნელი დღეების დათვლა, სანამ ის, გველის თავივით, საბოლოოდ არ იქნა გასრესილი მისი ჯვარზე ვნებითა და მკვდრეთით აღდგომით, რომელიც დღეს ბაგაშიჩვრითა შეხვეულიწევს.
ძველი აღთქმის მართალნი წინასწარმეტყველებდნენ, ქადაგებდნენ და გზას უკაფავდნენ ღმერთის განკაცებას და სწორედ მისი მოსვლის რწმენით და ამ რწმენის თანახმად ცხოვრებით გახდნენ გამართლებულნი, განწმენდილნი და მართლებად წოდებულნი. რადგან, როგორც წმ. პავლე მოციქული გვეუბნება, შჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე. (გალატ. 3:11)
ეკლესია კი, მაცხოვრის მოსვლის ამ მოლოდინს ხაზს უსვამს წმინდათა მართალთა მამათა და მამათმთავართა მოხსენიებით შობის წინა და ბოლოსწინა კვირას. შობამდე ორი კვირით ადრე მამათმთავარი აბრაამის ხსენებას ვდღესასწაულობთ, რომელმაც აღთქმა მიიღო, რომ მისი თესლიდან, ანუ ქრისტეში, იკურთხებოდა ყველა ერი; ასევე ვიხსენიებთ ყველა მართალს, ვინც ცხოვრობდა მოსესთვის სჯულის მიცემამდე და მისი მოცემის შემდეგ. შობამდე ერთი კვირით ადრე კი, ვიხსენიებთ ყველა მართალს, ვინც მაცხოვრის მოსვლამდე ცხოვრობდა, დაწყებული პირველი კაციდან, პირველქმნილი ადამიდან. მაგრამ ორივე დღესასწაულში განსაკუთრებული, ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ მოხსენიებული წმინდანების დიდი ნაწილი, ჩვენი მაცხოვრის ხორციელი წინაპარი იყო. ანუ, რომ ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაპრები არიან. რატომ დასჭირდა ეკლესიას ქრისტეს გენეალოგიაზე ყურადღების ორმაგად გამახვილება? პირველი, მისი განკაცების რეალურობის განსამტკიცებლად; რომ ღმერთის განკაცება ზღაპარი კი არ იყო, არამედ ნამდვილი მოვლენა; რომ ის დაიბადა იმ სისხლითა და ხორცით, რომელიც დანარჩენ კაცობრიობას მოსია, იმდენად, რომ ჩვენ იმ კონკრეტულ ადამიანების ახელებიც კი ვიცით, ვისი ხორციელი შთამომავლადაც იშვა მაცხოვარი. მის წინაპართა ჩამონათვალიც ამისთვისაა საჭირო. მეორე, რომ ნათელი იყოს, რომ უფალუ იესო სწორი წინაპრების შთამომავალი იყო, ანუ იმათი, ვისაც ეუწყა, რომ მათი მოდგმიდან მოვიდოდა მესია, კერძოდ - აბრაამის თესლიდან, იუდას ტომიდან, დავითის გვარიდან.
სწორედ ამიტომ გვთავაზობენ მათე და ლუკა მახარებლები გრძელ გენეალოგიებს, ერთი აბრაამიდან ქრისტემდე, მეორე კი, ქრისტედან ადამამდე. მაგრამ, აქვე ჩნდება სირთულე. დაკვირვებული მკითხველი შენიშნავს, რომ ეს ორი გენეალოგია არ ემთხვევა ერთმანეთს, იმ დონემდე, რომ წმ. იოსებ დამწინდველი ორი სხვადასხვა ადამიანის შვილი გამოდის, იაკობის - მათეს მიხედვით და ელისი - ლუკას მიხედვით! ამას ემატება ის, რომ ორივე გენეალოგია არის ჩამონათვალი წმ. იოსებ დამწინდველის წინაპრებისა, რომელიც მაცხოვრის მამინაცვალი იყო. რატომ მოხდა ასე? როგორც ვიცით, წმინდა სახარება არის შემადგენელი ნაწილი ბევრად უფრო დიდი საინფორმაციო წყაროსი, რომელსაც ეკლესიის საღვთო ტრადიცია ჰქვია და, ამგვარად, რასაც თავად სახარება არ განგვიმარტავს დაწვრილებით, იმას ზეპირისიტყვიერი გარდამოცემა და წმინდა მამათა თხზულებები გვიხსნიან. ამგვარად, წმინდა მამები განმარტავენ , რომ თუ მათე მახარებელი ჩამოთვლის ქრისტეს ბუნბრივ, ბიოლოგიურ წინაპრებს, ლუკა მახარებელი ითვალისწინებს ლევირატ წინაპრებს. მოსეს სჯულის თანახმად, ქვრივი თავის მაზლს უნდა გაყოლოდა ცოლად, რათა გარდაცვლილის გვარი არ გამქრალიყო. სწორედ ეს მოხდა წმ. იოსების შემთხვევაში, წმ. მათეს მიერ ნახსენები იაკობი იყო იოსებ დამწინდველის ბიოლოგიური მამა, რომელმაც ცოლად მოიყვანა თავისი უშვილოდ გარდაცვლილი ძმის - ელის ქვრივი. ანუ, სჯულის მიხედვით, იოსების მამა იყო ელი და სწორედ მისი ხსენება არჩია წმ. ლუკამ. შეუსაბამობა ამით არ მთავრდება. თუ წმ. მათე ჩამოთვლის სოლომონ მეფის, დავით მეფის შვილის, შთამომავლებს, წმ. ლუკა ჩამოთვლის ნათანის, დავით მეფის სხვა შვილის შთამომავლებს. ორივენი წმ. დავითის შთამომავლები იყვნენ, მაგრამ, როდის შეირწყა მათი ხაზები? წმ. მამები გვეუბნებიან, რომ წმ. მათეს მიერ ნახსენები მატთანი (სოლომონ მეფის შთამომავალი) იყო ზემოხსენებული იაკობის მამა. მატთანის სიკვდილის შემდეგ კი, მისი ქვრივი ცოლად გაყვა მელქის, ასევე იუდას ტომელს და დავითის შთამომავალს, ოღონდ, ნათანის გვარიდან, და მისგან ყავდა ვაჟი - ზემოხსენებული ელი. ანუ, იაკობი - წმ. იოსებ დამწინდველის ბიოლოგიური მამა და ელი - მისი მამა სჯულის მიხედვით, იყვნენ ერთი დედის შვილები, სხვადასხვა მამებისგან, ერთი - სოლომონის გვარის და მეორე - ნათანისა.
ასე აიხსნება სახარებაში მოცემული გენეალოგიებში არსებული სხვაობა. მაგრამ, ეს გამმარტების მხოლოდ ნახევარია. რადგან, როგორც ადრე ვთქვით, ორივე გენეალოგია არის წმ. იოსების და არა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. მაშ, რა შეიძლება ამ გენეალოგიებმა გვითხრან ქრისტეს წინაპრების შესახებ, რომელიც არ ყოფილა წმ. იოსების შთამომავალი? წმ. მამები განმარტავენ , რომ ებრაელებში ყველა გენეალოგია დგინდებოდა მამრობითი ხაზით. გაუგონარიც კი იყო, ვინმეს გენეალოგიის დადგენა დედის ხაზით. ამიტომ, მახარებლებს რომ მაცხოვრის გენეალოგია ქალწული მარიამის ხაზით დაეწერათ, მათ სიახლეში, ინოვაციაში დასდებდნენ ბრალს და, ამგვარად, მთელი გენეალოგია საეჭვო გახდებოდა. მაგრამ, რადგან, სჯულის მიხედვით, კაცს ცოლი საკუთარი ტომიდან - შორეული სანათესაოდან უნდა მოეყვანა, გენეალოგიის მკითხველისთვის იმ წამსვე ნათელი იყო, რომ წმ. იოსების წინაპრების დადგენისას, რომელსაც ცოლად უნდა მოეყვანა ქალწული თავისივე ტომისა და საგვარეულოდან, იგი ასევე ადგენდა თავად წმ. ქალწული მარიამის გენეალოგიასაც, რადგან იოსებს და მარიამს საერთო წინაპრები ჰყავდათ, რომელთა განშტოება მხოლოდ რამდენიმე თაობით ადრე მოხდა. ვიცით კი, როდის მოხდა ეს განშტოება, რათა ღვთისმშობლის უშუალო წინაპრების ვინაობაც გავიგოთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ღვთისმშობლის მშობლები წმ. იოაკიმე და ანნა იყვნენ. წმ. მამათა თხზულებებში კი, ბევრად მეტი ცნობის მოპოვება შეიძლება. წმ. იოანე დამასკელი გვეუბნება , რომ იოაკიმე იყო ვინმე ბარპანთერის შვილი, რომელიც თავისთავად პანთერის ვაჟი იყო, ის კი, იოსების ზემოხსენებული წინაპრის - მელქის ძმა. ასე ირკვევა, რომ იოსების პაპა მელქი და ღვთისმშობლის დიდი-პაპა პანთერი ძმები იყვნენ! აი, რამდენად ახლოა იოსებისა და მარიამის გენეალოგიები, ასე რომ, იოსების წინაპართა ჩამონათვალის კითხვისას, ეგრევე ვიგებთ ქრისტეს წინაპართა ვინაობასაც, გარდა ორი უკანასკნელი თაობისა, როდესაც იოსების და ღვთისმშობლის გენეალოგიები იყოფა. ამგვარად, ვიღებთ უხვ ინფორმაციას იმის დასამტკიცებლად, რომ მაცხოვარი მართლაც დავითის გვარიდან, იუდას ტომიდან და აბრაამის თესლიდან იყო, როგორც უნდა ყოფილიყო კიდეც მესია.
აქამდე ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ეკლესია მაცხოვრის ბიოლოგიურ სანათესაოს, რადგანაც ის ხაზს უსვამს მისი განკაცების სინამდვილეს და იმ წინასწარმეტყველების აღსრულებას, რომელიც გვაუწყებდა, თუ სად უნდა დაბადებულიყო მესია. მაგრამ ეკლესია სხვა რამესაც გვეუბნება გენეალოგიების და წარმომავლობის შესახებ, კერძოდ კი - როგორ არ უნდა შევხედოთ და რა მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ მათ! ერთი შეხედვით, ეს დამაბნეველად ჟღერს და მკითხველმა შეიძლება იკითხოს - განა შეიძლება არსებობდეს მაცხოვრის საგვარეულოს და მასთან ნათესაური კავშირის არასწორი აღქმა. პასუხია - დიახ, შეიძლება, და საკითხავი სახარებიდან, რომელიც წმ. მამებმა მამათმთავართა კვირისთვის შეარჩიეს, სწორედ ამაზე ლაპარაკობს. ეს არის მაცხოვრის იგავი კაცზე, რომელმაც დიდი პურობა გამართა და როდესაც სუფრა მზად იყო, მან მეგობრები მოიწვია. მათ კი, მიზეზები მოიფიქრეს და მოსვლაზე უარი უთხრეს. სახლის პატრონმა კი, დაუძახა ყველას, ვინც ქუჩებში, მოედნებზე და გზაჯვარედინებზე იპოვა, რომ მოსულიყვნენ და მისი სტუმართმოყვარეობის თანამონაწილენი გამხდარიყვნენ, და ეს იმათ სანაცვლოდ, ვინც თავიდან იყო დაპატიჟებული, მაგრამ წვეულების ღირსი არ აღმოჩნდა (ლუკა 14:16-24). წმ. მამები განმარტავენ, რომ ეს იგავი ასახავს ძველ ისრაელს, აბრაამის შვილებს, რომელთაც უარი თქვეს მაცხოვრის მიერ გამზადებულ ზეიმზე - ანუ, მის განკაცებაზე - მოსვლაზე, იმით, რომ არ მიიღეს იგი როგორც აღთქმული მაცხოვარი. მათ მაგივრად, კი, სხვა ერებმა, ანუ წარმართებმა - ხალხმა, რომელიც თავიდანვე არ იყო მოხმობილი ღვთის მიერ, სწორედ მათ მიიღეს მოწვევა და მივიდნენ წვეულებაზე (ანი, იწამეს ქრისტე). რის ჩვენებას ცდილობს ეკლესია მამათმთავართა კვირას სწორედ ამ საკითხავის დაწესებით? ის გვასწავლის, რომ ებრაელებს არაფერში გამოადგათ აბრაამის შვილობით ტრაბახი, თუ მათ აბრაამის კეთილი საქმეები აკლდათ, და თუ თან ვერც იმას ხვდებოდნენ, რომ ღვთის მიერ რჩეულ ერად იმიტომ კი არ იწოდებოდნენ, რომ მათში, სხვა ერებთან შედარებით, არსებითად უკეთესი იყო რამე, არამედ იმიტომ, რომ მათ შორის დაიბადებოდა ის, ვინც მესიის დედა გახდებოდა - ქალწული იმდენად სუფთა, იმდენად უცოდველი, წმინდა და მშვენიერი, რომ მთელი კაცობრიობიდან, ღმერთი სწორედ მას აირჩევდა, რომ ყოფილიყო მისი ხორციელი დედა, მისი წმინდა სამყოფელი ადამიანთა შორის. მართლაც, წმ. გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომმთელი ღვთივ-შთაგონებული წმინდა წერილი [ძველი აღთქმა] დაიწერა ქალწული ღვთისმშობლის გამო.“ მამათმთავრებს, წინასწარმეტყველებს, მართლებს და იმ ისრაიტელებს, რომლებმაც ყურად იღეს მათი ქადაგება, ესმოდათ ეს და ამიტომ, არც იყო მათ შორის ტრაბახი და ქედმაღლობა იმ ფაქტის გამო, რომ ისინი აბრაამის შვილები იყვნენ, არამედ უმეტესად შემუსვრილება გულისა და სიმდაბლე სულისა და ძრწოლა ასეთი მაღალი მოწოდებისგან და გრძნობა სრული უღირსებასა, შეესრულებინათ ასეთი დავალება - რომ ღმერთი უნდა დამკვიდრებულიყო მათი მონათესავედან ერთ-ერთში და მისი მეშვეობით, გამხდარიყო მთელი კაცობრიობის ნათესავი! ზუსტად ამას აცხადებს მამათმთავართა კვირის ტროპარი:
სარწმუნოებით მამათ-მთავარნი განამართლენ, და მათ მიერ წინასწარვე წარმართთა ეკკლესიაჲ მოასწავე, იქადიან წმინდანი იგი დიდებითა, რამეთუ თესლითა მათისაგან აღმოსცენდა ნაყოფად უთესლოდ მშობელი შენი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.“
ისრაიტელთა დანარჩენი ნაწილი კი, რომელმაც საბოლოოდ უარყვეს ქრისტე, ტრაბახობდა იმით, რომ აბრაამის შვილი იყო, მაღალი წარმომავლობის, რჩეული ერი. და სწორედ ეს თავდაჯერებულობა-თვითკმაყოფილება, თვითგამართლება და აღმატებულების გრძნობა იყო ის, რამაც დააბრმავა ეს ხალხი მესიის შეცნობა იმ მშვიდ და უბრალო კაცში, რომელიც ასწავლიდა თავმდაბლობას, სიმშვიდეს და პატიებას, რომელიც საყვედურობდა მათ მათი სიამაყისთვის და აბრაამის შვილობით ტრაბახისთვის აბრაამის საქმეების გარეშე, და რომელიც უქადაგებდა ზეციურ სამეფოს იმ ხალხს, რომელიც მესიისგან მიწიერ სამეფოს ელოდა:
მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.“ (იოანე 8:39-40)
წმ. იოანე ნათლისმცემელმაც იგივე უთრა მათ: „და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.“ (მათე 3:9)
აი, ეს არის დიდებული გვარიშვილობის არასწორი გამოყენება. მაცხოვართან ასეთ ნათესაურ კავშირს არავითარი შედეგი არ მოაქვს. ასე შეიძლება გენეალოგია გახდეს სულისთვის მავნე, იმდენად, რომ წმ. პავლე თავის ეპისტოლეებში წმ. ტიმოთესა და ტიტეს მიმართ აფრთხილებს ქრისტიანებს:
ხოლო სიცოფისათა მათ ძიებათა და ტომის რაცხათა და ჴდომათა და ლალვათა შჯულისათა განეშორე, რამეთუ არიან ურგებ და ამაო.“ (ტიტე 3:8)
წმ. იოანე ოქროპირი კი, განმარტავს:
რას ნიშნავს ეს გენეალოგიები? ალბათ... ებრაელებს გულისხმობს, რომელნიც, ამაყობდნენ რა აბრაამის წინაპრად ყოლით, საკუთარ თავზე არ ზრუნავდნენ. ამიტომაც ეძახის გენეალოგიებს როგორც სულელურს, ისე ფუჭს; რადგან სისულელეა ფუჭ რამეზე ნდობის დამყარება.“
ასევე, ტიმოთეს მიმართ:
არცა ერჩდენ ზღაპართა და ტომის-რაცხათა დაუსრულებელთა.“ (1 ტიმოთე 1:4)
და, კვლავ, წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს:
ზღაპრებში ის არ გულისხმობს სჯულს - არამც და არამც - არამედ ცრუ გარდამოცემას, გაუკუღმართებულ და არასწორ რწმენა-წარმოდგენებს. რადგან, როგორც ჩანს, იუდეველები დროს ტყვულად კარგავდნენ უაზრო საგნებზე საუბრით, როგორიცაა მამა-პაპათა ჩამოთვლა, რათა გამოევლინათ ისტორიის ცოდნა და ამით სახელი გაეთქვათ.“
მამათმთავართა კვირას კი, სახარების ამ საკითხავით, ეკლესია გვაფრთხილებს ჩვენ, ახალ ისრაელს, რომ იგივე განსაცდელში არ ჩავარდეთ, რომელშიც ძველი ისრაელი ჩავარდა, რადგან ასეთი განსაცდელი ნამდვილად არსებობს. თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება ცდუნდეს და საკუთარ ერზე დაკვირვებისას, სიამაყით აივსოს ერის დიდებული ისტორიის გამო, მისგან გამოსული თვალსაჩინო ადამიანების გამო, წმინდანთა სიუხვის გამო, რომლითაც ამ ერმა ეკლესია გაამდიდრა, უთვალავი მოგებული ომის გამო, მრავალი ეკლესია-მონასტრის გამო, რომლითაც მორთულია იგი, მისი ენის სილამაზის, ხელოვნების, არქიტექტურის გამო და .. ეს ყველაფერი ძალიან კარგი და ლამაზია სააქაოში, მაგრამ ვერაფრით დაგვეხმარება მაშინ, როდესაც საშინელ სამსჯავროზე ქრისტეს ტახტის წინაშე წარვსდგებით. უფრო მეტიც, როდესაც ეს ტრაბახი რელიგიურ განზომილებაშიც იჭრება, ის სულისთვის ძალიან მავნე ხდება. რადგან, ამ აღფრთოვანებამ იმდენად შეიძლება გაიტაცოს ადამიანი და გულის სიღრმეში ისეთ ცრუ დასკვნამდე მიიყვანოს, რომ მას საკუთარი ერი რაღაც განსაკუთრებული ზეციური მისიის შემსრულებლად მოეჩვენოს კაცობრიობის ისტორიაში და, ამგვარად, ღვთის რჩეულ ერად. ამ აზრმა კი, ისე შეიძლება გაიდგას ფესვები ადამიანის გონებაში, იმდენად დომინანტური გახდეს მის აზროვნებაში და გაბატონებული მის ემოციებზე, რომ, საბოლოოდ, ის ამ ადამიანის რელიგიური ცხოვრების ცენტრალურ მოტივად იქცევა. ასეთმა ადამიანმა შეიძლება წლობით იაროს ეკლესიაში და გააზრების გარეშე, მთელი ამ დროის განმავლობაში, მისი რელიგიური ცხოვრება ქრისტეზე კი არ იყოს ორიენტირებული, ან მისი მცნებების აღსრულებაზე, ეკლესიის სწავლების შემეცნებაზე, წმინდანთა ცხოვრებაზე, სინანულზე, ცრემლებზე, სინდისი ქენჯნაზე, სიკვდილზე ფიქრზე, და ღვთის სამეფოს მოლოდინზე, არამედ მისი ერის დიდებულ საქმეებზე წარსულში და განსაკუთრებულ ზეციურ მისიაზე მომავალში. ამ სახის აზროვნება, საყვარელნო, ძველი ისრაელის ეს ცდუნება, ჩვენში, მართლმადიდებელ ქრისტიანებში - ახალ ისრაელში, განსაკუთრებით კი მრავალი ჩვენთაგანის ისტორიულად და ნომინალურად მართლმადიდებლურ სამშობლოებში, სულ უფრო და უფრო მეტად ვრცელდება. და იმაში, რომ ეს ცდუნებაა და არა სათნოება, არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს. ამ ცდუნებას ფილეტიზმი ქვია - ერესი, რომელიც ეკლესიამ დაგმო - რელიგიად გადაცმული ეთნიკური ნაციონალიზმის იდეოლოგია, სადაც თაყვანისცემის ობიექტი ღმერთი კი არაა, არამედ ჩვენი სისხლი, მოდგმა, ეთნიკურობა და ყველანაირი გარეგნული გამოვლინება რაც მათ ახასიათებთ; ეს არის სწავლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ წარმომავლობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ჩვენს წევრობას იმ ერთ განსაკუთრებულ ერში, რომელიცაანათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული“ (1 პეტრე 2:9), .. ახალი ისრაელი, მართლმადიდებელი ეკლესია, რომლისკენაც ყველანი უნდა მივისწრაფოდეთ. ფილეტიზმი არის სულიერი ხიბლი და კერპთაყვანისმცემლობა, რომელსაც თავისი მსხვერპლისდა შეუმჩნევლად, გადააქვს ადამიანის მოლოდინი და სასოება იმ ერთადერთი სამეფოდან, რომელსაც, მაცხოვრის სწავლებით, უნდა ველოდოთ, ანუ ზეციური სამეფოდან, რაღაც დიდებულ და ტრიუმფალურ მიწიერ სამეფოზე სადაც, ვითომდა, მართლმადიდებელი ქრისტიანები ბოლოს და ბოლოს შეძლებენ ბედნიერად ცხოვრებას. ნუთუ მაცხოვარი შეგვპირდა მსგავს რამეს? არა, ის შეგვპირდა დევნასა და იწროებას ამა სოფელში, რომელიცბოროტსა ზედა დგას“ (1 იოანე 5:19), შეგვპირდა, რომ ჩვენ მუდამ უცხოები ვიქნებოდით დედამიწაზე, მაშინაც კი, როდესაც მრავალ ქვეყანას ქრისტიანი მეფე-იმპერატორები მართავდნენ; მაცხოვარმა გვთხოვა, რომ გვეძებნა ზეციური სამეფოს მოქალაქეობა, რადგან მისი სამეფო ამქვეყნიური არაა. მაგრამ არსებობს ისეთი ვინმე, ვინც გამარჯვებულ და დიდებულ, მაგრამ მიწიერ სამეფოს გვპირდება, ეს არის ანტიქრისტე - და მან ძალიან კარგად იცის, როგორ გახადოს თავისი სამეფო მიმზიდველი და მაცდუნებელი იმ მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, რომლებმაც გულის სიღრმეში შეწყვიტეს ზეციური სამეფოს ძიება და მის სანაცვლოდ მიწიერი სამეფოს მაძიებლებად იქცნენ. რადგან, წარწყმედის შვილის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ თუ შეუძლია, რჩეულებიც კი შეცდომაში შეიყვანოს და აცდუნოს. (მათე 24:24)
და ამიტომ, ძმებო და დებო, მოდით, მაცხოვრის შობის ამ წმინდა დღეებში, ახალშობილ მეფეს მისი შესაფერისი ძღვენი მივართვათ, ძღვენი, რომელიც მისთვის მისაღები და სასიხარულოა: შემუსვრილი და სუფთა გული, და მდაბალი და მონანული სული, ოღონდ არა ტრაბახი, „გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“ (გალატელთა 6:14). ყოველთვის მოვუსმინოთ და დავუჯეროთ წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, წმიდა მამებსა და ყველა წმინდანს და მათი სწავლებისა და პირადი მაგალითის მიხედვით ვიაროთ. „ზღაპრებივითგავაძევოთ ჩვენი გულებიდან და გონებიდან ყველაფერი, რაც ეკლესიას არ უსწავლებია ჩვენთვის, თუნდაც ეს უვნებელი და, ზოგჯერ, სათნოც კი ჩანდეს. ქრისტეს მცნებების აღსრულებას ვესწრაფოთ და ერთადერთ და სანდო წინამძღოლად დავიდგინოთ წმიდა მამათა სწავლება და წმინდანთა ღვთისმოსაობა, რომლებიც ჩვენს ერთადერთ და ჭეშმარიტ სამშობლოში - ზეციურ იერუსალიმში მიგვიყვანენ. ამინ.
ქრისტე იშვა! ადიდებდით მას!
ქრისტეს წინაშე თქვენთვის მხურვალედ მლოცველი,
+ გრიგოლი, ბოსტონის მიტროპოლიტი.

მაცხოვრის შობა, 2015.


No comments:

Post a Comment