ლავრენტი ბერია და კალენდრის რეფორმა.


კალენდარულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ორი წამყვანი ფიგურა იკვეთება, ორივე საქართველოს კათალიკოს პატრიარქი - წმ. ამბროსი აღმსარებელი (1921–1927) და ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927–1932). ორივეს რთულ ვითარებაში მოუწია მოღვაწეობა, რადგან საქართველოს გასაბჭოებისთანავე დაიწყო ეკლესიის დევნა, ქონების ჩამორთმევით დაწყებული დაპატიმრებებითა და დახვრეტით დამთავრებული. ამბროსი ხელაიამ ამ ძალადობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და 1922 წლის 7 თებერვალს გენუის კონფერენციას წერილი გაუგზავნა, სადაც საბჭოთა ხელისუფლებას ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვასა და მოწმუნეთა უფლებების ტოტალურ შელახვაში სდებდა ბრალს. საბჭოთა ხელისფულებამ აღნიშნული წერილი სილის გაწვნად აღიქვა და 1923 წლის თებერვალში, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით, ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს უმრავლესი წევრი დააპატიმრა....
ამ დროისთვის უკვე ასპარეზზე იყო გამოსული ქრისტეფორე ციცქიშვილი, რომელიც ამბროსის დაპატიმრების დროს ურბნისის ეპისკოპოსის ტახტს (1922 წლის 18 მარტიდან) იკავებდა. საინტერესოა, რომ მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა მოხდა ისე, რომ მონაზვნად აღკვეცილი არ ყოფილა. ამბროსი ხელაიას და სხვა ეპისკოპოსთა დაპატიმრების შემდეგ, გარეთ დარჩენილი ქრისტეფორე სათავეში ჩაუდგა რეფორმატორთა ჯგუფს, რომელსაც საქართველოს ეკლესიის მოდერნიზება ჰქონდა განზრახული. ამ ჯგუფს ზუსტად იგივე მიზნები ჰქონდა, რაც რუს ობნოვლენცებს, რომლებიც, როგორც ზემოთ ითქვა, საბჭოთა ხელისუფლების მეხოტბეები იყვნენ.
ამბროსის პატიმრობის პერიოდში ახლადშექმნილ საკათალიკოსო საბჭოს სათავეში სწორედ ქრისტეფორე ციცქიშვილი მოექცა, რომელმაც გარშემო სხვა რეფორმისტები შემოიკრიბა. ერთ-ერთი მათგანი იყო ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე, რომელმაც უმალ ეკლესიაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე დაიწყო აქტიური პროპაგანდა. 1923 წლის 2 სექტემბერს, სწორედ მისი ორგანიზებით შედგა კრება, რომელზედაც გაკრიტიკებულ იქნა ამბროსი ხელაიას მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი წერილის შინაარსი. ამავე კრებამ განიხილა ამბროსისთან მისი გადადგომის შესახებ მოლაპარაკებების წარმოების საკითხიც (სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია 1917-1952 წლებში, გვ 114-154).
ორი თვის შემდეგ, 1923 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ, ქრისტეფორე ციცქიშვილის თავმჯდომარეობით, თითქოსდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (რომელიც ამ დროს საპატიმროში იმყოფებოდა!) ლოცვა-კურთხევით, გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 1923 წლის 1 ნოემბრიდან უნდა შემოღებულიყო ახალი სტილი (იქვე, გვ. 79). მაგრამ მათ, ვინც ამტკიცებენ, რომ აღნიშნული განჩინება ამბროსის ლოცვა-კურთხევით გამოიცა, ამის არავითარი საფუძველი და სარწმუნო მტკიცებულება არ აქვთ და სხვა მიზნები ამოძრავებთ. საკითხის უკეთ შესწავლის შედეგად მტკიცდება, რომ ეს იყო, უბრალოდ, საპატიმროში მყოფი ადამიანის სახელით თვითნებური მანიპულაცია. ეს კარგად საბუთდება რამდენიმე გარემოებით. 1925 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს ეწვია ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ კალინინი, რომელმაც საქართველოს სსრ ხელისუფლებას მოუწოდა ამნისტია გამოეცხადებინა 1924 წლის აჯანყებაში მონაწილე მსჯავრდებულთათვის და ასევე, შეეწყვიტა რელიგიური დევნა (Lasha Tchantouridze. Russia Annexes Georgia. Georgian Patriarch’s Letter to the 1922 Genoa Conference. The Canadian Journal of Orthodox Christianity. Volume III, No 3, Fall 2008 ). შედეგად, 1925 წლის 8 მარტს, ამბროსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს (სერგო ვარდოსანიძე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი (1921-1927 წწ.), საარქივო მოამბე, N8, 2010, გვ. 20) და პირველი, რაც მან გააკეთა იყო ის, რომ 11 მარტს, გათავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ, ქრისტეფორე ციცქიშვილის განჩინება ახალი სტილის შესახებ გააუქმა.
გარდა ამისა, საქართველოს შსს არქივში დაცულია საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მოადგილის, საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსის, ლავრენტი ბერიას წერილი საქართველოს კომპარტიის ცკ- მდივნის, კახიანისადმი; წერილი დათარიღებულია 1926 წლის 27 მარტით. ამ მრავალმხრივ საინტერესო წერილში გაანალიზებულია 20-იანი წლების საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა, შესწავლილია მთავარი მოქმედი პირები, მათი ხასიათი, მიდრეკილებები; საკათალიკოსო საბჭოში შემავალი სასულიერო პირები დაყოფილია კატეგორიებად: რეაქციონერი, მერყევი, პროგრესისტი. ამავე წერილიდან ჩანს, რომ ბერიას უშიშროების სამსახურს უკვე გადაბირებული ჰყავდა .. პროგრესისტი სასულიერო პირები, რომლებიც, ბერიას სიტყვებით, მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, პერიოდულად, შესაბამის პასუხისმგებელ ამხანაგებთან შეხვედრებს მოითხოვდნენ (“как показала практика бывали моменты, когда некоторые представители прогрессивного духовенства добивались, в целях получения поддержки, переговоров с ответственними товарищами.” (იხ. ნინო ყიფშიძე, ლავრენტი ბერიას პასუხი საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას ცნობილ მემორანდუმზე, საარქივო მოამბე, N8, 2010, გვ. 100). მართალია, ბერია სახელდობრივ არ ასახელებს ამ პროგრესულ სასულიერო პირებს, ვინც შეხვედრებს მოითხოვდნენ საბჭოთა უშიშროების წარმომადგენლებთან, მაგრამ ამგვარ პირთა ჯგუფის გამოყოფა ძალიან ადვილია, რადგან ამავე წერილში მოყვანილ მოქმედ იერარქთა სიაში პროგრესისტებად მოიხსენიებიან მხოლოდ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი და ქუთათელ-გაენათელი დავით კაჭახიძე (ბოდბელ სტეფანე კარბელაშვილზე შენიშნულია - одно время был прогресистом).
ზემოთ თქმულიდან არც ისაა გასაკვირი, რომ ახალი სტილის საკითხს სწორედ ქრისტეფორე და დავითი ლობირებდნენ და როგორც ბერიას წერილიდან ირკვევა, 1923 წლის 24 ოქტომბერის განჩინება, ახალი სტილის შემოღების თაობაზე, სწორედ მათი შემოქმედებაა და ამ საკითხში ამბროსი ხელაის ხელი, მითუმეტეს ლოცვა-კურთხევა, არ ურევია. კერძოდ, ბერია წერს: “после осуждения Амвросия и части членов католикосского совета, ... (ჩამოთვლილია დაჭერილთა სია; ..) во глове церкви в качестве патриаршего местоблюстителя стал митрополит Христофор (Цицкишвили). ... С этого момента, католикосский совет во глове с Христофором определенно стал на путь проведения в церкви реформ. В первую очередь был введен новый стиль...” (ნინო ყიფშიძე, ლავრენტი ბერიას პასუხი საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას ცნობილ მემორანდუმზე, საარქივო მოამბე, N8, 2010, გვ. 93).

(ფრაგმენტი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის წერილიდან ''არის თუ არა ძველი სტილით შობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერა'')

No comments:

Post a Comment