GNC Text collection: Joh.Chr. Johannes Chrysostomus Book: Comm.Ev.Mt. Commentary on St. Matthew's Gospel (ch. 46-90)

Chapter: 46  
 თავი მვ
Part: T   

სიტყუაჲ ესე: "სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა
სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა
თჳსსა. და ვითარცა დაიძინეს კაცთა, მოვიდა მტერი მისი და
დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა. ოდეს აღმოსცენდა
ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს
მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო,
ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა
ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ
ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან
ჰრქუა: ნუუკუჱ შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ მის თანა იფქლიცა.
აცადეთ იგი თანააღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამამდე მკისა" (13,24-30 ). ....

რაჲ განყოფილებაჲ აქუს ამას იგავსა პირველისა მისგან? მას შინა მათ
მოასწავებს, რომელთა ყოვლადვე არა ისმინეს მისი, არამედ შორს განდგეს
და განმცემელ თესლისა მის იქმნეს. ხოლო აქა კრებულსა მას გუაუწყებს
მწვალებელთასა, რაჲთა ამასცა არა უმეცარ იყვნენ მოწაფენი. რამეთუ
ესეცა ღონეთაგან არს ეშმაკისათა, რაჲთა ჭეშმარიტებასა თანა შეურთოს
საცთურიცა, რაჲთა მსგავსობითა მით აცთუნნეს გონებაცთომილნი. ამისთჳს
არა იტყჳს სხუასა რასმე თესლსა, არამედ ღუარძლსა, რომელი-იგი მიემსგავსე/ბის
იფქლსა მცირედითა რაჲთმე ხილვითა. "და ვითარცა დაიძინეს კაცთა,
მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი." ამით სიტყჳთა დიდსა შიშსა
დასდებს მღდელთა ზედა და მთავართა, რომელნი დადგინებულ არიან მცვე/ლად
საღმრთოჲსა მის სიტყჳსა, რამეთუ შეუნდვეს თესვად ღუარძლისა; და
აჩუენებს, ვითარმედ შემდგომად ჭეშმარიტებისა მოვალს საცთური. ამისთჳს
შემდგომად წინაჲსწარმეტყუელთა მოვიდეს ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და
შემდგომად მოციქულთა - ცრუმოციქულნი და შემდგომად ქრისტეს განკაცე/ბისა
მომავალ არს ანტე. რამეთუ, უკუეთუ არა იხილოს ეშმაკმან პირველად
კეთილი, არა განეწყვების ბრძოლად. ვინაჲთგან იხილა ქრისტეს
განკაცებითა ქმნილნი ესე კეთილნი, შემოიყვანნა მბრძოლნი: მეფენი მეკერპენი,
მოძღუარნი მწვალებელთანი, ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ცრუმოციქულნი
და კუალად ჰმზადებს მოყვანებად ანტესსა. ამისთჳს აქაცა იხილა
რაჲ მტერმან, რამეთუ გამოიღეს ნაყოფი, "რომელმანმე ასი და რომელმანმე
სამეოცი და რომელმანმე ოცდაათი", სხუაჲ გზაჲ მოიპოა საცთურისა თჳსისაჲ.
ვინაჲთგან წარტაცებად ვერ უძლო თესლისა მის, ვერცა შეშთობად,
ვერცა დაწუვად, მაშინ თესლი თჳსისა ღუარძლისაჲ დასთესა შორის მის
თესლისა, რამეთუ ეძინა კაცთა მათ. ამას იტყჳს უფალი, რაჲთა მღჳძარე
ვიყვნეთ ჩუენ მარადის, რამეთუ მტერი ჩუენი ყოვლადვე მოსწრაფე არს
ვნებად ჩუენდა.

თქუას ვინმე, თუ: ვითარ შესაძლებელ არს არადაძინებაჲ? ბუნებითისა
ამის ძილისა არადაძინებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო გონებისაჲ შესაძლებელ
არს მარადის მღჳძარებაჲ. ხოლო თესვაჲ ესე ღუარძლისაჲ, ოდეს აღესრულა
ყოველივე საქმე ყანისაჲ მის, მაშინღა იქმნა, რამეთუ ესრეთ საქმე
მწვალებელთაჲ - არა თუ სარგებელისათჳს ვისამე, არამედ თჳსისა ამპარტავანებისათჳს
სთესვენ ღუარძლსა მას, რომელი-იგი პირველ მცირედ ჩანნ
და მერმე განჰფინის გესლი იგი თჳსისა სიბოროტისაჲ, ვითარცა თქუა,
ვითარმედ: "ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ
გამოჩნდა ბოროტი იგი ღუარძლი". და კუალად გულისსიტყუათაცა ბოროტთა
ღუარძლ ეწოდების, რომელსა დასთესავს ეშმაკი გულთა შინა კაცთასა.
ამისთჳს, რამეთუ ეძინა მცველთა მათ, რომელ არიან სულნი, რომელთა
უჴმდა მღჳძარებაჲ და კეთილისა მის თესლისა ცვაჲ, რომელი დასთესა
უფალმან სულსა შინა კაცად-კაცადისასა მცნებათა თჳსთა მიერ. რამეთუ,
უკუეთუმცა არა მივეცით თავნი ჩუენნი ძილსა დაჴსნილობისასა და უდებ-ვყავთ
კეთილისა მის თესლისა ცვაჲ, ვერცა პოა მთესვარმან მან ღუარძლისამან
ჟამი და ადგილი დათესვად ჩუენ შორის ღუარძლი იგი ცეცხლად
მიცემადი.

ხოლო ვინ არიან მონანი იგი, რომელნი ეტყჳან უფალსა ღუარძლისა მის
აღმოფხურად? - ძალთა მათ ანგელოზთასა გამოსახავს, რომელნი მარადის
წადიერ არიან ნებასა მას მეუფისასა აღსრულებად; არამედ აყენებს მათ
უფალი და ეტყჳს: "ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა."
ხოლო მტერად კაცად უწესს ეშმაკსა ფრიადისა მის კაცთა მიმართ ბრძოლისა
მისისა, რამეთუ ბრძოლაჲ მისი ჩუენდა მომართ არს. ხოლო დაწყებაჲ
ბრძოლისაჲ არა ჩუენისა ხოლო, არამედ უფროჲსად ღმრთისა მიმართ
მტერობისაგან იქმნა. ამისთჳს საცნაურ არს სიყუარული ღმრთისაჲ კაცთა
მომართ. ხოლო იხილე მონათა მათ მოღუაწებაჲ, ვითარ მოსწრაფე არიან
ღუარძლისა მის აღმოფხურად, რაჲთა თესლსა მას არა ევნოს; არამედ
მეუფე არა შეუნდობს, ნუუკუე აღმოიფხურას იფქლიცა. ესე იგი არს, მო-თუ-სწყუედდეთ
მწვალებელთა, წმიდანიცა ვინმე მოსწყდენ, და კუალად
მათვე ღუარძლთაგან მრავალნი მოქცევად არიან და იფქლ-ყოფად. აწ უკუე
მო-თუ-სწყჳდნეთ პირველ მოქცევისა, სავნებელ იქმნას, ნუუკუე წარიტაცოს
ცოდვილი, რომელსა ეგულებოდა სინანული. რამეთუ ესე პირველითგან ქმნა
ღმერთმან: მრავალგზის მშობელნი იყვნიან ბოროტნი და ეგულებინ შვილისა
კეთილისა შობად, არა მოსწყჳდნის იგინი ღმერთმან, რამეთუ ყოფადსა
მას მეცნიერ არნ, დაღაცათუ ანგელოზნი უმეცარ იყვნიან. არა შეუნდო
აღმოფხურად ესავისა, რაჲთა არა დაეყენოს მისგან შობადი იგი იობ; არა
აღმოფხურა მათე მეზუერეობასა შინა რაჲ იყო, არცა პავლე, სდევნიდა რაჲ
ეკლესიათა, რამეთუ იცოდა, რაჲ ყოფად იყვნეს. ეგრეთვე არცა მწვალებელთა
გჳბრძანებს მოწყუედად, რაჲთა არა ბრძოლაჲ აღვადგინოთ სოფელსა
შინა, არამედ სიტყჳთა მართლმადიდებლობისაჲთა დაყოფად პირთა მათთა
და დაჴსნად კრებულებისა მათისა, ნუუკუე მოიქცენ ვიეთნიმე მათგანნი და
იფქლ იქმნენ. ხოლო უკუეთუ სულგრძელებისა მისგან არაჲ სარგებელ
ეყოს, - იტყჳს უფალი - არცა ღუარძლობისა მისგან მოიქცენ, მაშინ ჟამსა
მას მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: "შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი
და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი. ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ
საუნჯეთა ჩემთა". რაჲსათჳს შეკრებად სცემს პირველად ღუარძლსა? რაჲთა
არა იფქლი იგი შეშინდეს, ვითარმცა მათ თანაშეერთვოდეს. ამისთჳს
ბრძანებს პირველად განრჩევასა ღუარძლისასა და ცეცხლად მიცემასა,
ხოლო იფქლისა მის საუნჯედ თჳსად შეკრებასა.

სახარებაჲ: "სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს
სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელ მოიღო კაცმან და
დასთესა თჳსსა მტილსა, რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა,
ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და
იქმნის იგი ხე დიდ, ვითარმედ მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან
რტოთა მისთა" (13,31-33).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ თესლისა მისგან სამი
ნაწილი წარწყმდა და ერთი ცხონდა და ცხოვნებულსა მასცა შორის
მტერმან ღუარძლი დასთესა, რაჲთა არავინ თქუას, თუ მცირედ სადმე და
უნდო ყოფად არს კრებული იგი მორწმუნეთაჲ, ამისთჳს შემოიღო იგავი ესე
მდოგჳსაჲ, რაჲთა იჭჳ იგი განაქარვოს და გულისჴმა-უყოს, ვითარმედ
დიდად აღორძინებად არს ქადაგებაჲ იგი სასუფეველისაჲ. რამეთუ, ვითარცა
მარცუალი იგი მდოგჳსაჲ ფრიად მცირე არს, ხოლო აღიზარდის რაჲ,
უფროჲს ყოველთა მხალთასა იქმნის, ეგრეთვე ქადაგებაჲ ესე სახარებისაჲ.
დაღაცათუ მცირედ არიან რიცხჳთა მოწაფენი და შეურაცხ კაცთაგან, არამედ
ძალითა ჩემითა ესოდენ აღორძნდეს ქადაგებაჲ მათი, ვიდრეღა ყოველი
სოფელი დაიპყრას და აჩრდილსა მისსა ყოველნი კაცნი მიივლტოდინ.

სახარებაჲ: "მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა:
მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და
შერთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვ/ლად" (13,33).

თარგმანი: ესეცა იგავი პირველსა მასვე სახესა დაამტკიცებს:
ვითარცა ცომი ყოველსა მას აღსუარულსა თჳსისა მიმართ ძალისა შესცვალებს,
ეგრეთვე მოციქულთა ყოველი სოფელი შეცვალონ და მოიყვანონ
სარწმუნოებად. ამისთჳსცა სიბრძნით ბუნებითთა საქმეთა მოიღებს იგავად,
რაჲთა გამოაჩინოს, რამეთუ, ვითარცა იგინი უეჭუელად აღესრულებიან,
ეგრეთვე ესე უეჭუელად იქმნას. დაღაცათუ ათორმეტნი არიან მოწაფენი,
არამედ აღერინენ რაჲ სოფელსა, არა ესენი სიმრავლისა მის წესსა მიემსგავსნენ,
არამედ იგინი თჳსსა წესსა და მოძღურებასა მოიყვანნენ, ვითარცა
ცომი შეერთის რაჲ აღსუარულსა მას, არა წარწყმიდის ძალი თჳსი, არამედ
მცირედმან მან ყოველივე აღაფუვნის, ეგრეთ იყოს ქადაგებაჲ მოციქულთაჲ.
რამეთუ, ვინაჲთგან წყალობისა ჩუენისათჳს განჴორციელდა უფალი ჩუენი
და ბუნებაჲ ჩუენი საშოჲსაგან ქალწულისა ერთგუამებად თავისა თჳსისა
თანა შეაერთა და ორითა მით ბუნებითა იხილვა ქუეყანასა ზედა და კაცთა
შორის იქცეოდა, შერთო თჳსი იგი მადლი თბესა მას კაცთა ბუნებისასა და
ყოვლითურთ განაახლა იგი. და მერმე განავლინნა ქადაგებად მოციქულნი
კაცად-კაცადისა მიმართ, რაჲთა ყოველნივე შეიკრიბნეს თავისა თჳსისა
სახიერმან მან. რომელთა არა მსგავსად ჰურიათასა დაიყვნეს ყურნი სმენად
და დაიჭუხნეს თუალნი ხილვად, ყოველნივე მოვიდეს სარწმუნოებასა და
იქმნეს ასოებ ეკლესიისა, რომლისა თავი ქრისტე არს.

ხოლო სამი საწყაული რაჲ თქუა, სიმრავლე მოასწავა, რამეთუ მრავალგან
ჩუეულებაჲ არს წერილისაჲ ამის რიცხჳსა სიმრავლისა ადგილსა
თქუმად. ხოლო ესე ნუ გიკჳრს, რომელ სასუფეველისათჳს იტყოდა და
სახედ მდოგჳ და ცომი მოიღო, რამეთუ კაცთა მიმართ უმეცართა და
უგულისჴმოთა იყო სიტყუაჲ მისი, რომელნი ამათცა იგავთა ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს
და ჯერ-იყო მათდა მიმართ კაცობრივთა სახეთა შემოღებად.
სადა არიან წარმართთა სიბრძნისმეტყუელებანი? ისწავედღა ძალი ქრისტესი
ჭეშმარიტებისაგან საქმეთაჲსა და თაყუანის-ეცინ მას, რამეთუ, რაჲ-იგი
თქუა, ყოველივე აღასრულა და მან მისცა ცომსა მას ქადაგებისასა ძალი
აღფუვნებად ყოვლისავე შესუარულისა.

No comments:

Post a Comment