წმ. ისააკ ასური. შიშისათვის ღვთისა და მოცალებისათვის საქმეთაგან ამის სოფლისათა და ლოცვისათვის. სიყვარულისათვის ღვთისა.




შიშისათვის ღვთისა და მოცალებისათვის 
საქმეთაგან ამის სოფლისათა და ლოცვისათვის


დასაბამი ყოვლისა სათნოებისა არს შიში ღვთისა. და არს იგი ნაშობი სარწმუნოებისა. ხოლო მაშინ დაითესვის იგი გულსა შინა კაცისასა, რაჟამს გონება მისი განეშოროს ზრუნვისაგან ამის სოფლისა, და შემოიკრიბნეს განბნეულნი გულის სიტყვანი მისნი განცხრომისაგან წვრთისა საუკუნოისა მის ცხოვრებისათა; და დაიდვას საფუძველი სათნოებისა.
მცირედ იპოების კაცი, რომელსა ძალედვას თავსდებად პატივისა და არა აღზევებად. დასაბამი გზისა მის ცხოვრებისა ესე არს, რათა მარადის იწვრთიდეს გონება სიტყვათა ღვთისათა, და იყოფებოდის სიგლახაკითა. რამეთუ წვრთაი სიტყვათა ღვთისათა შეეწევის სიგლახაკისა წარმართებად; ხოლო წარმათება უპოვარებისა მოგცემს შენ მოცალებასა წვრთად სიტყვათა ღვთისათა, ხოლო ამათ ორთავე წარმართება ადრე აღგიყვანებს შენ აღშენებასა მას სათნოებათასა. ვერ ვინ მიეახლების ღმერთსა, უკეთუ არა განაშოროს თავი თვისი სოფლისა. ხოლო განშორებასა ვიტყვი, არა ხორცითა ოდენ გამოსვლასა სოფლით, არამედ გონებითა განშორებასა სრულიად საქმეთაგან მისთა: რამეთუ ესე არს სათნოება, რათა კაცი გონებითა თვისითა განეშოროს საქმეთაგან სოფლისათა. ვიდრე საცნობელნი ჩვენნი გარეგანთა საქმეთა შეიწყნარებდენ, გული ჩვენი ვერ დაწყნარდების, და არცა ხორციელნი ვნებანი განქარდებიან, არცა ბოროტნი გულის სიტყვანი დასცხრებიან, თვინიერ უდაბნოისა. ყოველივე საქმე საზომსა ზედა თვისსა კეთილ არს, ხოლო გარეგან საზომისა თვისისა, რომელნი საგონებელ იყვნენ თუ კეთილ არიან, იგიცა სავნებელ იქმნებიან. კაცისა, რომლისა ცხოვრება შეგინებულ იყოს, მას ესე ცხოვრება სასურველად უჩნს. და ეგრეთვე რომელი შორს იყოს გულის ხმის ყოფისაგან კეთილისა, მასცა ესევე ცხოვრება უყვარს. კეთილად სთქვა ბრძენმან ვინმემ, ვითარმედ შიში სიკვდილისა კაცსა შეაწუხებს, რომელსა ამხილებდეს გონება მისი. ხოლო კაცსა, რომელსა აქვნდეს წამება კეთილი, მას სურის სიკვდილისათვის ვითარცა ცხოვრებისათვის. _ კაცისა რომლისა ამის საწუთროისა ზრუნვასა შექცეულ იყოს გონება მისი, მას ნუ შერაცხავ ჭეშმარიტად ბრძნად. ყოველივე კეთილი და ბოროტი, რომელი ხორცთა შენთა ზედა მოიწეოდის, სიზმრად შეგერაცხენ, რამეთუ ესე ვითარნი საქმენი, არა ოდენ ჟამსა სიკვდილისასა დახსნდებიან, არამედ მრავალგზის უწინარეს სიკვდილისაცა დაგიტეობენ და ივლტიან, უკეთუ კულა საქმეთა მათ აქვნდეს ზიარება სულისა შენისა თანა, უწყოდე, ვითარმედ იგინი არიან შენნი, და ამას საწუთროისა შენთანა არიან, და მას საუკუნესა შენთანავე მივლენ. და უკეთუ კეთილნი იყვნენ, გიხაროდენ, და მადლობდი ღმერთსა გონებითა შენითა უკეთუ კულა ბოროტნი იყვნენ, მწუხარე იყავ და სულთ-ითქვენ მრავლითა ცრემლითა, და ეძიებდი მათგან გამოხსნასა, ვიდრეღა ხორცთა შინა იყო. კურთხეულ არს პატივი უფლისა, რომელი იგი განგვიღებს ჩვენ კარსა წყალობისასა; რათა არა რაი გვაქუნდეს ჩვენ სხვა თხოვა, გარნა მისა მიმართ სურვილი. რამეთუ ესრეთ დაუტევებთ ყოველსა; და განვალს ძიებად მისა გონება ჩვენი. რაჟამს არა გვაქვნდეს, სხვა დამაყენებელი ჩვენი.
რამეთუ რაიზომცა დაუტეოს, საყვარელნო, გონებამან ზრუნვა ხილულთა ამათ საქმეთა, და ზრუნვიდეს იგი საუკუნეთა მათ; და რაიზომცა ამაღლდეს ხორციელთა საქმეთაგან, ეგოდენცა განბრწყინდების სული მისი და რაიზომცა განბრწყინდეს გონება, მერმე ამაღლდების სოფლისა ამისა ამაოისა: და მაშინ პოვებს ხედვად საღმრთოთა მათ საქმეთა. რამეთუ უკეთუ კაცი პირველად არა ღირს იქმნას ხილვად გამოცხადებასა მას ღვთისა მიერსა, ვერ გულის-ხმა-ყოფს მას. და უკეთუ არა მისწვთეს სიწმიდესა, არა განბრწყინდების გული მისი, რათა იხილნეს საქმენი იგი დაფარულნი. და უკეთუ საქმეთაგან სოფლისათა არა განეყენოს, ვერცა ბრძოლათა მათგან განეყენების, და არცა განთავისუფლდების გულის სიტყვათა მათგან სიბნელისათა. და სადა არს სიბნელე, მუნ არიან ვნებანი ბოროტნი.
რამეთუ უკეთუ არა განთავისუფლდეს კაცი ამათ ყოველთა მიზეზთაგან, ვერც ძალუც გონებასა მისსა ხილვად საქმეთა დაფარულთა.
ამისთვის ბრძანა უფალმან, რათა უწინარეს ყოვლისა უპოვარ ვიქმნეთ, და განვეშორნეთ შფოთთაგან სოფლისათა, და ზურნვისაგან კაცთასა, რამეთუ იტყვის, რომელი არა განეყენოს ყოვლისაგან მონაგებისა თვისისა, და უარყოს თავი თვისი, ვერ ძალუძს მოწაფე ყოფად ჩემდა. ხოლო ესე ამისთვის ბრძანა, რათა არა რაის ზედა ევნოს გონებასა: ხედვითა, გინა სმენითა, გინა ზრუნვითა სოფლის საქმეთა; არამედ შევმსჭვალოთ გონება ჩვენი სასოებასა ოდენ მისსა. და მისსა მიმართ იყოს ყოველი ზრუნვა ჩვენი, რათა ამის ყოვლისა მიერ გვსუროდის უბნობად მისა, რომელ არს ლოცვა. ხოლო ლოცვასა უხმს გამოცდილება ფრიადი, რათა მრავალჟამ ყოფითა ჩვენითა მას შინა განბრძენდეს გონება ჩვენი. რამეთუ რაჟამს უპოვარ ვიქმნნეთ, მერმე გვიხმს ლოცვასა შინა ყოფა; რათა ისწაოს გონებამან ჩვენმან მარადის ლოცვა და მივიღოთ გამოცდილება მისი. რამეთუ ლოცვისა წინამძღვარ არს განშორება კაცთაგან, რათა ესრეთ მოვიგოთ სიყვარული ღვთისა: და უწყოდე ეს ძმაო, ვითარმედ კეთილისა საქმე ყოველივე ლოცვასა შინა იპოვების. და ესე არს საზღვარი ყოვლისა კეთილისა. ამის მიერ არს წიგნის კითხვა თითო სახე, და დიდების მეტყველება ღვთისა, და მწუხარება საღმრთო, და მუხლთდრეკა, და გალობა ფსალმუნთა: და სხვანი იგი სახენი კეთილნი ლოცვისაგან იქმნებიან, რომლისაგან იშვების სიყვარული ღვთისა. რამეთუ სიყვარული ღვთისა ლოცვისა მიერ იქმნების. ხოლო ლოცვა, განშორებისა მიერ. ხოლო განშორება ესე არს: რათა გვაქვნდეს ადგილი, რომელსა შინა ჩვენ მხოლონი ვეუბნებოდეთ ღმერთსა. კვალად წინამძღვარ განშორებისა არს გამოსვლა სოფლით. რამეთუ უკეთუ კაცი პირველად არა განვიდეს სოფლით. და მოიცალოს ამის ყოვლისაგან, მარტოებად ვერ შემძლებელ არს. და კვალად წინამძღვარ სოფლით გამოსვლისა არს: მოთმინება _ და მოთმინებისა წინამძღვარ _ სიძულვილი სოფლისა. და სოფლის მოძულებისა წინამძღვარ არს: შიში და სურვილი საუკუნოისა მის ნეტარებისა.
რამეთუ უკეთუ პირველად არა მოიგოს ესევითარი იგი შიში და სურვილი; ვერ მოიგებს სიძულილსა სოფლისასა. და უკეთუ არა მოიძულოს იგი, ვერ მოითმენს თვინიერ განსვენებისა მისისა. და უკეთუ მოთმინება არა მოიგოს, ვერ ძალუძს ყოფად ადგილსა ფიცხელსა და უდაბნოსა. და უკეთუ უდაბნოსა არა იყოფოდის, ლოცვასა ვერ მოიგებს. და უკეთუ ლოცვა არა მოიგოს, და არა შევიდეს გონება მისი ძალსა შინა ლოცვისასა, ვერ მისწვდების სიყვარულსა.
ამიერიგან უწყოდეთ, ვითარმედ სიყვარული ღვთისა _ ლოცვისაგან იშვების. და ლოცვა - დაყუდებისაგან. და დაყუდება _ უპოვარებისაგან. და სიძულვილი სოფლისა _ შიშისაგან სატანჯველთასა და სურვილისაგან სასუფეველისა. რამეთუ იგი მოიძულებს გულის თქმათა, რომელმან უწყოდის, თუ რომელთა სატანჯველთა წინამძღვარ არიან გულისთქმანი; ანუ რომელთა კეთილთაგან გამოახუებენ კაცთა.
ესრეთ ყოველნი სათნოებანი, ერთმანეთისაგან იშვებიან. და უკეთუ ერთიცა მათგანი მოაკლდეს, სხვათა მათ ვერ მოიგებ.
ხოლო რაჟამს გენებოს დაწყებად საქმესა კეთილსა, პირველად განმზადე თავი შენი განსაცდელთა მიმართ, და ნუ ორგულ ხარ ჭეშმარიტებისა მიმართ. რამეთუ აქვს ჩვეულება ეშმაკსა, რათა რაჟამს იხილოს კაცი მხურვალედ შესრული მოღვაწებასა, შეემთხვევის მას მრავალ ფერითა განსაცდელითა: რათა ესრეთ შეეშინოს და განხმეს მხურვალება იგი მისი: _ გარნა არათუ ესევითარი ძალი აქვს წინააღმდგომსა, თუ არა, ვერ ვინმცა შემძლებელ იყო ქმნად კეთილისა. გარნა მიუშვებს მას ღმერთი, ვითარცა იგი იობს ზედა მართალსა. ხოლო შენ განმზადე თავი შენი განსაცდელთა მიმართ, და ესრეთ იწყე სათნოებათა აღსრულებად. რომელი მცირესა ზედა უმადლო იყოს, იგი დიდსაცა ზედა მტყუარ და უმადლო არს, რომელი უძლურ იყოს, და უწყოდის უძლურება თვისი, მისი კურნება ადვილ არს. _ და რომელი აღიარებდეს ტკივილსა თვისსა, მას ადრე ელხინოს.
გულისა ფიცხისა ტკივილნი განმრავლდებიან; და სნეული რომელი მკურნალსა წინა აღუდგებოდის, მისი სენი უფროსად განძლიერდების.
არა არს ცოდვა შეუნდობელი უკეთუ ოდენ ინანდე.
იხსენებდი მარადის მათსა, რომელნი იგი უზეშთაეს შენსა არიან სათნოებითა; რათა მარადის უწყოდე ნაკლულევანება შენი. _ მოიხსენე დაცემა იგი ძლიერთა, რათა დამდაბლდე სათნოებათა შინა შენთა. და სდევნიდი თავსა შენსა, და განიდევნოს მტერი შენგან. _ ჰყავ მშვიდობა შორის თავისა შენისა, რათა მშვიდობა ჰყოს შენთანა ცამან და ქვეყანამან. _ დაშვერ წინაშე ღვთისა დგომითა, გონებითა წმიდითა და ლმობიერითა, რათა დაიცვას ღმერთმან გონება შენი შეგინებულთა გულის სიტყვათაგან; რათა გზა იგი ღვთისა არა იგმობოდის შენ შორის. _ უჩვენე უძლურება შენი ღმერთსა, და არა ოდეს გამოიცადო შენ მტერთაგან.
თქვეს პირველთა მამათა, ვითარმედ ვიდრეღა საცნობელნი უძლურებასა შინა იყვნენ: უკეთუ ეცადოს გონება აღსვლად ჯვარსა ზედა, რისხვა ღვთისა მოვალს მის ზედა. _ ხოლო ჯვარცმასა არა პირველსა მას საზომსა იტყვის, რომელ არს მოთმინებითა ჭირთათა, რამეთუ ესე ხორცითა ჯვარცმა არს: არამედ მეორესა ამას საზომსა იტყვიან, რომელ არს შინაგანი ხედვა. რამეთუ ესე შემდგომად განკურნებისა სულისა მოვალს, რომლისა გონება შეგინებულ იყოს ვნებათა მიერ. და ეძიებდეს იგი მიწთომად ესე ვითართა საქმეთა, პირი მისი რისხვით დაიყოფის; რამეთუ პირველ არა განწმიდნა გონება მისი შრომითა და არა დაიმონნა გულისთქმანი ხორცთანი, არამედ სმენითა და კითხვითა რბიოდა გზასა მას სავსესა ნისლითა, და იგი ბრმა იყო თვალითა.
რომელნი იგი ხედვენ და სავსე არიან ნათლითა, და ჰყავს წინამძღვარი მადლისა_იგინი ჭირსა შინა არიან ღამე და დღე; და თვალნი მათნი სავსე არიან ცრემლითა და ლოცვითა და ტირილითა იყოფებიან ღამე და დღე, შიშისა მისთვის მის გზისა; და ძნელოანთა მათ კაპანთათვის, რომელნი შეემთხვევიან მათ. _ უკეთუ თვალი შენი არა წმიდა იყოს, ნუ იკადრებ მიხედვად თვალსა მზისასა; რათა რომელი გაქვს ნათელი, იგიცა არა მიგიღოს, რომელ არს სარწმუნოება ეგე მართალი და სიმდაბლე, და აღსარება გულითადი, და მცირედი ეგე შრომა ძალისაებრ შენისა, და განვარდე შენ ბნელსა მას გარესკნელსა, ვითარცა რომელმან იკადრა შესვლად ქორწილსა მას სამოსლითა შეგინებულითა. შრომისაგან და დაცვისა იშვების დაცვა გულის სიტყვათა _ სინათლე გონებისა. და ესრეთ მადლითა ღვთისათა მიიწევის გონება საქმესა მას, რომელსა თვისითა ძალითა ვერ მისწვთების, და ვერცა ვის ასწავლის. ვერცა სხვისაგან ისწავლის საქმესა მას. _ ხოლო მცირედნი ესე სიტყვანი ამის თავისანი კმა არიან განათლებად გონებასა დაყუდებულისასა მრავალთა წიგნთა წილ.
ხოლო თანა აძს მონაზონსა, რათა მოიძულოს ყოველივე საქმე ამის სოფლისა, მავნებელი სულისა; და რათა ესე ვითართა საქმეთა შინა, ყოვლადვე არა იყოფოდეს, არამედ რათა აქვნდეს ცხოვრება კეთილი და საღმრთო. და რათა განსდევნოს თავისა თვისისაგან ყოველივე ხსენება პირველთა ბოროტთა; და რათა არა თითო ფერთა ოდენ ჭამადთა არა მიიღებდეს, არამედ რათა პურითაცა არა განძღებოდის. და რათა არა ღვინოსა ოდენ ეკრძალებოდის, არამედ წყალითაცა არა განძღებოდის.
და რათა ჟამსა ლოცვისასა შემოიკრიბოს გონება თვისი წინაშე ღვთისა. ხოლო ხსენებასა ღვთისასა, და ფსალმუნებასა ყოვლადვემცა ნუ დაუტეობს: გინათუ ჯდეს, გინათუ დგეს; და ყოველსავე საქმესა წინა-აღმდგომსა სათნოებისასა განეშორენ: რამეთუ დაჭირება არს იგი სულისა. და მცირედსაცა ზედა ჭეშმარიტსა იტყოდენ, და ყოველსავე დიდებად ღვთისა იქმოდენ და იტყოდენ, რომლისა მიერ მოვედით კეთილსა დღესა მას სასჯელისასა. _ და ნურასაცა იქმს საჩვენებელად კაცთა. ხოლო ჯერ არს კვალად, რათა უნებლიედცა ცოდვასა ხსენება გულსა შინა აქვნდეს, გლოვით და სულთქმით და ტირილით. _ რათა უწყოდის თუ ვითარნი სატანჯველნი მოწევნად არიან ესე ვითართა საქმეთათვის. და რათა შევიდოდის წინაშე პირსა უფლისასა აღსარებით; და რათა არა დასცხრეს ტირილისა და გლოვისაგან, ვიდრე მოენიჭოს მოტევება. გარნა პირველთა ცოდვათა ნუმცა უდებ ყოფს, ვითარმცა ფრიად შეენანნეს იგინი, ვიდრემდე იხილოს ვითარმედ უმრავლესი სიმართლე უქმნიეს, ვიდრეღა ცოდვანი. ხოლო ქებასა ზედა კაცთასა ნუმცა უხარის, ნუცამცა იმკვების, ვითარცა იგი ერის კაცნი; არამედ ეშინოდენ მიმოტაცებისაგან უბადრუკისა ამის გონებისა ჩვენისა. ევედრებოდე ღმერთსა მარადის რათა შეგეწიოს. რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე ამინ.
რათა დავიცვნეთ თავნი ჩვენნი 
დახსნილობისაგან და უდებებისა

რომელი აყენებდეს პირსა თვისსა ზრახვისაგან, იგი დაიცავს გულსა თვისსა ვნებათაგან, და რომელმან განიწმიდოს გული თვისი ვნებათაგან, იგი ყოველსა ჟამსა ხედავს უფალსა. რომლისა გონება მარადის უფლისა თანა არს, იგი განიოტებს ეშმაკთა თავისა თვისისაგან და აღმოფხვრის თესლსა მას უკეთურებისა მათისასა.
რომელი მარადის ეკრძალებოდეს სულსა თვისსა, მისი სული მხიარულ არს გამოცხადებათა შინა. და რომელმან გონება თვისი შემოიკრიბოს შინაგან თვისსა, მან იხილოს თავსა შორის თვისსა ბრწყინვალება წმიდისა სულისა.
რომელმან მოიძაგოს ყოველივე განცხრომა, მან იხილოს მეუფე თვისი, შინაგან თვისისა გულისა. _ უკეთუ გიყვარს სიწმიდე, ნუ ვის განიკითხავ, და ნუცა ძვირსა უზრახავ და ნუცა სხვისა ძვირის _მზრახველისასა ისმენ.
უკეთუ იბრძოდინ ვინმე წინაშე შენსა, და გესმენ სიტყვანი რისხვისანი, დაიყვენ ყურნი შენნი, და ივლტიდე მის ადგილისაგან, რათა არა მოკვდეს სული შენი.
გული მრისხანისაი ცალიერ არს საიდუმლოთაგან ღვთისათა: ხოლო მშვიდი და მდაბალი წყარო არს საიდუმლოთა მისთა.
აჰა ესერა ცაი შინაგან შენსა არს, უკეთუ წმიდა იყო, და ანგელოსნი შორის შენსა იხილნე, ნათლითა მით მათითა და მეუფე მათი შორის მათსა.
რომელი ღირსად იქებოდის, არა რაი დასჭირდების მას: _ უკეთუ კულა ქება იგი დაუტეობს მას, მიერიდგან არს იგი მუშაკი უსასყიდლოი.
საუნჯე მდაბლისა შინაგან მისსა არს, რომელ არს უფალი.
პირი მდუმარი გამოსთარგმნის საიდუმლოთა ღვთისათა. _ ხოლო მრავალმეტყველი განაშორებს თავსა თვისსა დამბადებელისაგან თვისისა.
უკეთუ დაიცვა პირი შენი ძმაო, მოგეცეს შენ ღვთისა მიერ მადლი ლმობიერებისა: რამეთუ მის მიერ შეხვიდე სიხარულსა მას სულისა წმიდისასა.
უკეთუ კულა ენამან შენმან გძლიოს შენა, გრწმენინ ჩემი, ვერ ოდეს განერე სიბნელისაგან. უკეთუ არა გაქვს გული წმიდა, გაქვნდინ პირი წმიდა.
ხედვა ერისკაცთა შეაშფოთებს სულსა საქმისაგან ღვთისა _ და სულიერთა ძმათა დაუცადებელი უბნობა ავნებს, ხოლო ერისკაცთა ოდენ ხედვა.
სული კეთილი ბრწყინავნ უფროს მზის თვალისა; და ყოვლადვე ხედვითა გამოცხადებათაითა იშვების.
რომელი შეუდგეს მოყვარესა ღვთისასა, იგი განმდიდრდეს საიდუმლოითა ღვთისათა; ხოლო რომელი შეუდგეს კაცსა უსამართლოსა და ამპარტავანსა, განეშოროს იგი ღმერთსა, და მოძულებულ იქმნას იგი მოყვარეთაგან მისთა.
კაცმან მდუმარემან მოიგოს სიმდაბლე. და ესრეთ თვინიერ შრომისა ეუფლოს იგი ვნებათა.
ვნებანი განიდევნებიან დაუცადებელითა ხსენებითა ღვთისათა, და ესე არს მახვილი მომსრველი მათი.
რომელსა ნებავს ხილვა უფლისა, განიწმიდენ გული მისი ხსენებითა მისითა; და ესრეთ ბრწყინვალებითა გონებისა მისისათა ყოველსა ჟამსა იხილოს უფალი.
ვითარცა თევზი გარეგან წყლისა ვერ ცხონდების, ეგრეთვე გონება გარეგან ხსენებისა ღვთისა მოსწყდების.
რაიზომცა განეშოროს კაცი უბნობისაგან კაცთასა, ეგოდენცა, კადნიერ იქმნების გონება მისი ღვთისა მიმართ. _ და რაიზომცა მოიწყვიდოს თავი თვისი ნუგეშინისცემისაგან სოფლისა, ეგზომცა ღირს იქმნას მადლსა ღვთისასა სულითა წმიდითა.
ვითარცა თევზნი წარსწყმდებიან მოკლებითა წყლისათა, ეგრეთვე გონება მონაზონისა წარსწყმდების უბნობასა შინა ერისკაცთასა.
რამეთუ მითხრა მე ვინმე ღმერთ შემოსილთა მამათაგანმან, ვითარმედ ესე სასწაული დავიდევ: რომელსა დღესა აღვერიი კაცთა, ვჭამი სამი პაქსიმადი ანუ ოთხი, და დაღაცათუ ვაიძულე თავი ჩემი ლოცვად, გონებასა ჩემსა არა აქვნ კადნიერება ღვთისა მიმართ: ვერცა შემეძლოს მიხედვად მისა. _ ხოლო რაჟამს განვეშორე მათგან, პირველსა დღესა ვაიძულო თავი ჩემი ჭამად ერთსა და ნახევარსა; _ ხოლო მეორესა დღესა ვჭამი ერთი; და რაჟამს დაემტკიცის გონება ჩემი დაყუდებასა შინა, მაშინ აღვიძულებდი თავსა ჩემსა ჭამად ერთისა პაქსიმადისა, და ვერ შეუძლო; და გონება ჩემი დაუცადებელად კადნიერებით ეუბნებიან ღმერთსა უჭირველად და ბრწყინვალება მისი დაუცადებელად განმანათლებნ მე, და ვიხარებდი მე შვენიერებითა მის ნათლისათა. ხოლო უკეთუ კვალად მოვიდის და ვეუბნი მას ერთსაცა ჟამსა, შეუძლებელ არს თუმცა არა შევსძინე ჭამასაცა. და არამცა დავაკლე კანონიცა ლოცვისა ჩემისა. და არამცა გამოვეხვი საღმრთოისა მის ძალთაგან.
აწ უკვე იხილეთ, ძმანო, თუ ვითარ სარგებელ არს მოთმინება და მარტოება; და ვითარსა ძალსა მიანიჭებს მოღვაწეთა.
ნეტარ არს, რომელი ღვთისათვის მოითმენდეს დაყუდებასა შინა, და ჭამდეს მარტოებით თვისსა პურსა. რამეთუ ესე ვითარი ესე მარადის ღმერთსა ეუბნების:
ისმინეთ, რომელსაცა იკითხავთ: რამეთუ უკეთუ არა იღვაწოთ ვერ პოოთ; და უკეთუ არა რეკდეთ კარსა მას მხურვალედ, არა განგიღოს თქვენ.
არცა რაი ესრეთ დაავსებს ცეცხლსა მას სულისა მიერ წმიდისა აღგზებულსა სულსა შინა, ვითარ მრავალთა თანა აღრევა; და მრავალ-მეტყველება, თვინიერ უბნობისა მის საღმრთოისა, რომელი იყოს სარგებელ სულისა; რამეთუ ესე ვითარი უბნობა უფროსად განაღვიძებს სულსა, და უფროსად აღმოფხვრის ვნებათა, უფროს ყოველთა სათნოებათასა.
რაიზომცა ენა მრავალ მეტყველებისაგან განეშოროს, ეგზომცა განათლდების გონება, რამეთუ მრავალ მეტყველებისაგან გონებაიცა დაბნელდების.
რომელი მხურვალითა შურითა აღმოფხვრიდეს გულისაგან თვისისა ყოველთა გულის სიტყვათა, ეშმაკისა მიერ დანერგულთა, ეგე ვითარი იგი საშინელ არს წინაშე ეშმაკთა; და სასურველ არს ღვთისა და ანგელოსთა მისთა.
რომელი წმიდა იყოს სულითა, მისი ქვეყანა შინაგან მისსა არს. და მზე, რომელი მის შორის ბრწყინავს, იგი არს ნათელი წმიდისა სამებისა. და ჰაერი მისი არს ნუგეშინის-მცემელი იგი და ყოვლად წმიდა სული; და მისთანა მსხდომარე არიან წმიდანი იგი უხორცოთა ბუნებანი. და ცხოვრება და სიხარულ მისა არს ქრისტე, ნათელი იგი გამოსრული ნათლისაგან მამისა; ესე ვითარი იგი ხედვასა მას შინა სულისა მისისასა მარადის იხარებნ, და უკვირს შვენიერება იგი თვისი, რომელი შვიდ წილ უბრწყინვალეს არს მზისა.
ესე არს იერუსალიმი იგი და სასუფეველი იგი შორის ჩვენსა, დაფარული, სიტყვისა მისებრ უფლისა. ესე არს ქვეყანა იგი, სადა არს ღრუბელი იგი დიდებისა ღვთისა, რომელსა შინა შევიდენ წმიდანი გულითა ოდენ, ხილვად პირსა მას მეუფისა თვისისასა, და განათლებად ნათლითა მისითა. 
ხოლო კაცი მრისხანე და დიდების მოყვარე, და ნაყროვანი და ანგაარი, და ერისკაცთათა აღრეული და ბევრეულითა ვნებითა შებღალული, და ნებისა თვისისა აღმასრულებელი, ეგე ვითარი იგი მარადის ბნელსა შინა ვალს, და გარეგან არს სოფლისა მისგან ცხოველთასა. რამეთუ იგი სოფელი განმზადებულ არს სახიერთათვის და მდაბალთა და წმიდათა გულითა.
ვერ ძალ-უძს კაცსა ხილვად შვენიერებისა მის, რომელი იგი არს შინაგან მისსა, ვიდრემდე მოიძაგოს ყოველივე შვენიერება გარეგანი. და ვერ შემძლებელ არს მიხედვად ღვთისა, ვიდრემდე უარყოს ყოველივე სოფელი სრულიად.
რომელსა შეერაცხოს თავი თვისი უმეცრად, განაბრძნოს იგი უფალმან. _ და რომელი ხედვიდეს თავსა თვისსა ბრძნად, იგი სიბრძნისაგან ღვთისა დაეცეს.
რომელ დაგლახაკნეს საქმეთაგან სოფლისათა, იგი გამდიდრდეს ღვთისა მიერ. _ და რომელი იყოს მოყვარე სიმდიდრისა, იგი დაგლახაკნეს საქმეთაგან საღმრთოთა.
რომელი იყოს წმიდა ხორცითა, მდაბალ გონებითა, და მოძულე კადნიერებისა, და შორს გულის-წყრომისაგან: მე მრწამს, ვითარმედ ესე ვითარი იგი, რაჟამს აღსდგეს ლოცვად, იხილავს სულსა შორის თვისსა ნათელსა მას სულისა წმიდისასა, და იხარებს იგი ხილვითა დიდებისა მისისათა არა თვისითა შეცვალებითა მსგავსებად მისა.
არა არს სხვა საქმე, რომელსა ძალ ედვას დაყენებად კრებულისა მის ეშმაკთასა ჩვენგან, ვითარ ხედვაი საღმრთო.
ნეტარ არს კაცი, რომელი იხსენებდეს განსვლასა მისსა ამის ცხოვრებისაგან, და განეშოროს იგი ყოვლისაგანვე შვებისა, რამეთუ მრავალ წილ იყოს ნეტარება მისი ჟამსა მას განსვლისა მისისასა. და არა მოაკლდეს მას ნეტარება იგი: ესე არს ღვთისაგან შობილი იგი და სული წმიდა არს მზრდელი მისა, და წიაღთა მისთაგან აწოებს საზრდელსა მას ცხოვრებისასა, და ეყნოსების მას სულნელებისაგან მისისა სიხარულად. _ ხოლო რომელი აღრეულ იყოს ერის კაცთა და შემსჭვალულ იყოს საქმეთა სოფლისათა და უყვა¬რდეს განსვენება და უბნობა, იგი გამოხვებულ არს ცხოვრებისაგან; და არა ვიცი, თუ რაი ვსთქვა მისთვის; გარნა რათა გლოვით ვიტყოდი და ვსტიროდი მას, გოდებითა მით, რომლისა ხმა შემუსრავს გულსა მათსა, რომელთა ესმოდის: ბნელსა შინა მსხდომარენო, აღიმართენით თავნი თქვენნი, რათა გამობრწყინდნენ პირნი თქვენნი ნათლითა. გამოვედით ვნებათაგან სოფლისათა. რათა გამოვიდეს შემთხვევად თქვენდა ნათელი იგი მამისაგან გამომავალი, და უბრძანოს მსახურთა მათ საიდუმლოთა მისთასა განხსნად თქვენდა საკვრელთა თქვენთაგან, რათა ხვიდოდით კვალად ზედა მისთა მამისა მიმართ: ვითარითა საკრველითა შეკრულ ვართ, და ვითარსა ნათელსა ვერ ვხედავთ, და დიდებასა მას მისსა დიდსა. ნეტარ, თუმცა განიკვეთნეს საკრველნი ესე ჩვენნი, რათამცა მოვიძიეთ, და ვპოვეთ ღმერთი ჩვენი. კაცი წმიდა სულითა, და წესიერი ცხოვრებითა მარადის დაწყნარებულად იტყვინ სიტყვათა სულისა წმიდისათა ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ


სიყვარულისათვის ღვთისა

სიყვარული ღვთისა ბუნებით მხურვალე არს, და რაჟამს მოიწიოს კაცსა ზედა უზომოებით, ჰყოფს სულსა მისსა, ვითარცა გონებისაგან თვისისა განსრულსა. და მერმე საზომისაებრ ძალისა მისისა მოვალს მის ზედა შეცვალებაი უცხო. და ესე არიან სასწაულნი მისნი ხილულნი. _ სასწაულნი სანატრელისა სიყვარულისანი, იქმნების პირი კაცისა ბრწყინვალე, მხიარულ, და გვამი მისი განხურდების. განეშორების მისგან შიში და სირცხვილი, და იქმნების ვითარცა აღტაცებული გონებითა, და ძალი იგი შემკრებელი გონებისა ივლტის მისგან, და იქმნების ვითარცა წარტყვენული; და შიში იგი სიკვდილისა შეერაცხოს მას სიხარულად. და ხედვა იგი გონებისა მისისა არღარა მოსწყდების საქმეთა მათგან ზეცისათა; გულის ხმის ყოფა და ხედვა მისი ბუნებითი წარხდების, და ხილულთა მათ საქმეთა შინა არღარა იხილვების იგი და მარადის ვითარცა სხვასა ვისთანამე უბნობს. ამით ესე ვითართა საქმითა დაითრვნეს მოცი¬ქულნი და მოწამენი. და მოციქულთა მოვლეს ყოველი სოფელი. და დაშვრეს და იგვემნეს მრავალ გზის. და ეგრეთვე მოწამენი მსგავსად მათსა; და მთათა შინა იქცეოდეს უპატიოებით, რომელნი იგი სავსე იყვნეს ყოვლითავე პატივითა; და ბრძენნი იგი უგუნურად შერა¬ცხილ იყვნეს. ამას უგუნურებასა ღმერთმან ღირს მყვენ მიწდომად.
ვიდრეღა არა შესრულ იყო ქალაქსა მას სიმდაბლისასა, უკეთუ იხილო, ვითარმედ დაცხრომილ არიან ვნებანი შენ შორის, ნუ ირწმუნებ; რამეთუ ღონე არს მტერისა და მოელოდე შემდგომად მის განსვენებისა შფოთსა დიდსა. რამეთუ რაჟამს წარვლნე სავანენი იგი სათნოებათანი, ვერ პოებ განსვენებასა, ვიდრე მიიწიო სავანესა მას სიმდაბლისასა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" VIტ.

No comments:

Post a Comment