წმ. ამონიუსი. ცხორებაჲ წმიდათა და ნეტართა მამათაჲ, რომელნი მოისრნეს მთასა სინასა და რაითს ბარბაროსთაგან.

მომიჴდა ოდესმე გულსა, ძმანო ჩემნო, დღესა ერთსა ვჯედ რაჲ სენაკსა ჩემსა, მახლობელად ალექსანდრიასა, ადგილსა, რომელსა ჰრქჳან კანოპე, რაჲთა წარვიდე პალესტინედ, რამეთუ ვერ დაუთმობდი ხილვად ჭირთა და განსაცდელთა, რომელნი შეემთხუეოდეს მარადღე ძმათა ჩემთა ქრისტიანეთა ალექსანდრიას შინა უღმრთოთაგან კერპთ-მსახურთა.
და ნეტარი მამაჲ ჩუენი პეტრე, მამათ-მთავარი ალექსანდრიისაჲ, ივლტოდა და იმალვოდა ადგილითი ადგილად და ვერ შემძლებელ იყო მწყსად საწმყსოსა მისსა განსუენებით, ვითარ-იგი მას უნდა. და კუალად გულმან მითქუა ლოცვად ადგილთა წმიდათა, რაჲთა თაყუანის-ვსცე საფლავსა და აღსადგომელსა ცხორების მომცემელსა და რაჲთა მოვიხილნე ადგილნი, რომელთა შინა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იქმოდა საკჳრველთა დიდ-დიდთა, და ვითხოვდ ღმრთისაგან შეწევნასა ამისთჳს, და მომმადლა მე ესე უფალმან ჩუენმან, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნისამდე.
და ვითარცა მივედ ელიად და მოვილოცენ წმიდანი ადგილნი და აღვისრულე ნებაჲ ჩემი, ვითარცა გული მითქუმიდა, მადლი მივეც ქრისტესა, უფალსა ჩემსა, რომელმან განმიმარჯუა ესე ყოფად წყალობითა მისითა. და მერმე კუალად გულმან მითქუა ლოცვად მთასა სინასა და მომცნა მე ღმერთმან კეთილნი მოყუასნი კაცნი ქრისტიანენი.
და ვითარ გამოვედით ელიაჲთ, წარვედით გზასა უდაბნოჲსასა და მივიწიენით მთასა სინასა მეათრვამეტესა დღესა და მოვილოცეთ წმიდაჲ იგი ადგილი და დავყვენ მუნ მცირედნი დღენი, რაჲთამცა ვიკურთხე წმიდათა მამათაგან და სულიერთა და მოვიღე ლოცვისაგან მათისა. რამეთუ მივიდი მე სენაკებსა მათსა ყოველთა დღეთა, და სარგებელ მეყვის კეთილისაგან სწავლისა მათისა. ხოლო თავადსა კჳრიაკესა სხენედ იგინი სენაკებსა მათსა, გარემო მთასა მას წმიდასა. და რაჟამს მოიწიის შაბათი მწუხრი, შეკრბიან ეკლესიად და ერთბამად აღასრულიან ლოცვაჲ კჳრიაკისა ღამისაჲ და განთიადისაჲ. და რაჟამს ეზიარნიან, მიიქცის თითოეული მათი სენაკადვე თჳსა მთად.
და იყვნეს იგინი ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა. და პირნი მათნი ყჳთელ იყვნეს და ჴორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა, რეცა ვითარცა უჴორცონი, და არარას ზრუნვიდეს განსასუენებელსა ამის სოფლისასა - არცა ღჳნოსა და არცა ზეთსა, არცა პურსა, არამედ მცირედ დანაკისკუდსა და ხილსა განჴმელსა საჴმრად ჴორცთა. ხოლო მამასახლისსა უცნ მცირედ პური უცხოთათჳს, ლოცვად მომავალთა.
და ვითარ გარდაჴდეს მცირედნი დღენი, მოკუდა მთავარი სარკინოზთაჲ, და დაგუესხნეს ჩუენ ზედა ერი მრავალი უგრძნულად სარკინოზთაჲ. და რომელნი პოვნეს მთასა გარე მონაზონნი სენაკებსა შინა, მოწყჳდნეს; და რომელნი კოშკსა მას შინა იყვნეს მახლობელად ეკლესიასა, და ვითარ აგრძნეს, ივლტოდეს და შევიდეს კოშკსა მამასახლისსა თანა წმიდასა ამბა თევდოლოსს, ჭეშმარიტად მონაჲ იყო იგი ღმრთისაჲ, რამეთუ უმშჳდეის იყო იგი ყოველთა კაცთა და უსულგრძელაჲს. ამისთჳს უწოდეს მეორე მოსე.
ხოლო რომელნი იყვნეს მონაზონთაგანნი სერგის წმიდას, ანუ ჯეთრეს, გინა თუ ქორებს. გინა სხუათა ადგილთა და ჴევთა, მოწყჳდნეს და მოაწიეს ვიდრე კოშკადმდე. და მცირედღა და მო-მცა ვიდრემე-ვეკლენით ჩუენცა თჳნიერ ყოვლადვე წინა-აღდგომისა, გინა სიტყჳსაცა ერთისა მიგებისა. არამედ მოწყალემან ღმერთმან, რომელმან არა უგულებელს-ყვის თხოვაჲ, რომელნი ითხოვედ მისგან ყოვლითა გულითა, აჩუენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაჲ კუმოდა, და ცეცხლი იგი აღიწეოდა ვიდრე ცადმდე. ხოლო ვითარ ესე ვიხილეთ, შიშმან და ძწოლამან დიდმან შემიპყრნა ჩუენ, და დავცჳვენით პირთა თჳსთა ზედა თაყუანის-ცემად უფლისა და ვევედრებოდეთ, რაჲთა გჳჴსნეს ჭირისა მისგან, რომელსა შინა ვიყვენით.
და ვითარცა იხილეს სარკინოზთა მათ ცეცხლი იგი, შეეშინა შიშითა დიდითა და ივლტოდეს და ზოგი აქლემებისა მათისაჲ და საჭურველისა მათისაჲ დაყარეს შიშისაგან. და ჩუენ მადლი შევწირეთ უფლისა და გარდამოვედით მიერ კოშკით და ვიწყეთ სლვად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა და ვეძიებდით, ვინ-ძი მათგანი მოუკლავს. და ვპოვეთ ოც და ათრვამეტი კაცი მოკლული. და იყო ჴორცთა მათთა მრავალი წყლულებაჲ, და არავინ ვპოვეთ, რომელმანმცა გჳთხრა, თუ ვითარ სახით მოწყჳდნეს იგინი, რამეთუ არავინ დახუდა მათ. და ამათ ოც და ათრვამეტთაგან ვპოვენით ჯეთრეს ათორმეტნი. და კუალად ვპოვენით ორნი სხუანი ცოცხალნი, არამედ იგინიცა წყლულ იყვნეს. სახელი ერთისაჲ მის ამბა ესაია და მეორისაჲ მის ამბა საბა. და დავჰფლენით წმიდანი იგი და ვიწყეთ კურნებად წყლულთა მათ წუხილითა დიდითა და ტირილითა მწა¬რითა.
ვინმცა იყო გულ-ფიცხელი, გინა უწყალოჲ და არამცა ტიროდა და წუხდა, ხედვიდა რაჲ კაცთა მათ მოხუცებულთა და ღმრთის მსახურებასა შინა დაბერებულთა მარხვითა და ლოცვითა და მრავლითა მღჳძარებითა და ვედრებითა დღე და ღამე, ხედვიდა რაჲ მდებარეთა მოკლულთა! რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა; და სხუაჲ ყოვლადვე ორად განკუეთილი იდვა და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცჳვნებულ იყვნეს: და სხუაჲ ჴელით და ფერჴით დაჭრილი იდვა ვითარცა ჴუნდი. და რაჲსაღა განვაგრძნობდე სიტყუასა, ძმანო ჩემნო საყუარელნო? ვერვინ შემძლებელ არს მოთხრობად, რომელი იხილეს თუალთა ჩემთა, რაჟამს განვიხილევდით ჴორცთა წმიდათა მათ მოწამეთასა.
ხოლო ამბა საბა საგონელ იყო, თუ განერეს, რამეთუ წყლული მისი არა ეგოდენ ფიცხელ იყო, და ჰმადლობდა ღმერთსა შემთხუევასა მას ზედა და მწუხარე იყო არა სიკუდილისათჳს მოყუასთა მისთა თანა და ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაჲ მე, ცოდვილსა ამას, რომელი არა ღირს ვიქმენ შერაცხად მამათა ჩემთა თანა, რომელნი მოწყდეს სიყუარულისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისა, არამედ ვიპოვე მე მეათერთმეტისა ჟამისათა თანა; ვაჲ მე, რომელმან ვიხილე ნავთ-სადგური მეუფისაჲ და ვერ შევედ მას შინა.
და ესრეით ილოცვიდა და იტყოდა: უფალო, ყოვლისა მპყრობელო, შენ, რომელმან ვითარცა ინებე, მოავლინე ძეი შენი მხოლოდ-შობილი ჴსნისათჳს შვილთა ადამისთა, შენ მხოლოო მოწყალეო და მაცხოვარო, ნუ განმაშორებ მამათა ჩემთაგან წმიდათა, რომელნი მოწყდეს სახელისა შენისათჳს, არამედ აღასრულე რიცხჳ წმიდათა შენთა ორმეოცთაჲ ჩემ ცოდვილისაგან წყალობითა შენითა, ქრისტე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ შეგიდეგ და შეგიყუარე სიყრმით ჩემითგან. ესრეით იტყოდა ყოვლითა გულითა თჳსითა.
და შეისმინა მისი ღმერთმან და შეიწყნარა კეთილი გულს-მოდგინებაჲ მისი და შეივედრა სული მისი დღესა მეოთხესა, შემდგომად მოწყუედისა მათ წმიდათაჲსა. და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხჳ მათი რიცხჳსაებრ წმიდათა ორმეოცთაჲსა. და იყო მოწყუედაჲ მათი ოც და რვასა დეკენბერისასა, შემდგომად ქრისტეშობისა სამითა დღითა.
და ვიდრე ჩუენ ამასღა შინა ვიყვენით და მწუხარებაჲ სულთა ჩუენთაჲ და ცრემლი თუალთა ჩუენთაჲ წმიდათა მათთჳს, და აჰა ესერა მოიწია ჩუენდა კაცი, ისმაელის შვილთაგანი და გჳთხრა ჩუენ, ვითარმედ: ჰაბაშნი გამოვიდეს ზღუასა მეწამულსა და მოკლეს ყოველი, ვინცა იყო მონაზონთაგანი რაითს.
და შორის რაითსა და შორის მთასა სინასა არს ორის დღის სავანე პირსა ზღჳსა მეწამულისასა, სადა-იგი არს ათორმეტი წყაროჲ და სამეოც და ათი დანაკისკუდი, ვითარცა წიგნი იტყჳს, - ხოლო დღეს დანაკისკუდი მრავალ არს, - და ვჰკითხეთ კაცსა მას; ვითარ სახით მოწყჳდნეს? ანუ რავდენი მოკლეს? და რაჟამს მოიკლნეს? და მან თქუა: არა ვიცი, არამედ მესმა, ვითარმედ: მონაზონნი, რომელნი იყვნეს რაითს, მოისრნეს. და სხუანი მოვიდეს ორნი და კუალად ესრევე გჳთხრეს.
და შემდგომად მცირეთა დღეთა მოგჳჴდა მონაზონი, რაითისა მონაზონთაგანი, რაჲთამცა იყოფოდა მთასა სინასა, რამეთუ რაითი მოოჴრდა, და მონაზონნი მოისრნეს. და ვითარ ესმა მისთჳს ამბა თევდოლის, მამასახლისსა სინისასა, და შეიწყნარა იგი სიხარულით. და ჩუენ ვევედრენით მონაზონსა მას რაითით მოსრულსა, რაჲთამცა გჳთხრა, ვითარ მოისრნეს მამანი, ანუ ოდეს მოისრნეს, გინა თუ რავდენი მოისრა მათგანი, გინა იგი ვითარ განერა მტერთა მათგან.
ხოლო მან იწყო სიტყუად ჩუენდამო და იტყოდა, რამეთუ: ჩემი არა მრავალი ჟამი არს, ვინაჲთგან დავემკჳდრე რაითს, გარნა ოცი ოდენ წელიწადი, არამედ სხუანი არიან მუნ მრავლით ჟამითგან: რომელთაჲმე ორმეოცი წელი არს და რომელთაჲმე მცირედ უმცრო, და ადგილი იგი უდაბნოჲ არს ჰამოჲ და ვაკეი, მარცხენით კერძო გრძელი არს, ხოლო სივრცეი მისი არს ვითარ ათორმეტი მილიონი, და აღმოსავალით მისა მთაჲ მოსდგამს, ვითარცა კედელი, და რომელმან არა იცინ, ჰგონიედ, ვითარმედ უდაბნოჲ არს ყოვლად მიუვალი; და დასავალით მისა არს ზღუაჲ მეწამული ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა ვითარ იტყჳან, ამის ზღჳსა მეწამულისაგან გამოვალს ათორმეტი წყაროჲ და მოჰრწყავს იგი ფრიადსა ფინიკოვანსა. და მახლობელად მისა არს ჯურღმული, რომელი მოჰრწყავს სხუასა ფინიკოვანსა და ზღუადვე შთავალს იგი.
და მას ფინიკოვანსა შინა იყოფოდეს უმრავლეისნი მონაზონნი, ვითარცა იტყჳს პავლე მოციქული, ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა. და ეკლესიაჲ მათი, რომელსა შინა შეკრბიან დღესა კჳრიაკესა, იყო მთისა მის ძირსა. და იყვნეს იგინი ჭეშმარიტ, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი: შეურაცხ-ყვნეს ჴორცნი მათნი, ვითარცა არა მათნი. და არა ერთი სახჱ იყო ღმრთის მსახურებაჲ იგი მათი, არამედ მრავალ-სახე. იმარხვიდეს იგინი მცნებათა ღმრთისათა, რომელი ამცნო მათ, რომელი ყურსა არა ესმის და ენაჲ ვერ შემძლებელ არს მოთხრობად მას, რომელსა-იგი შინა იყვნეს ღმრთის მსახურებასა. ხოლო მე გაუწყო მცირედი ერთისა, გინა ორისა მათგანისაჲ, რაჲთა ესრეით უწყოდით უაღრეისი იგი, რომელსა ზედა იყვნეს.
იყო მუნ მონაზონი, რომელსა ერქუა ამბა მოსე ფარანელი, მისვე ქუეყანისაჲ და მონაზონ ქმნულ იყო იგი სიყრმით მისითგან და დაეყო სამეოც და ათცამეტი წელი ქუაბსა შინა მთასა მას, მახლობელად ეკლესიასა. და ჭეშმარიტად იყო იგი მეორეი ელია. ყოველსა, რასაცა ითხოვდა, მოსცემდა მას ღმერთი. და მრავალნი კურნებანი ეყვნეს ღმერთსა ჴელითა მისითა. და მიეცა სახელმწიფოჲ სულთა ზედა არაწმიდათა და ხელთა მისითა ქრისტიანე იქმნეს მრავალნი ფარანელნი, რომელნი მას ქუეყანასა დამკჳდრებულ იყვნეს, რამეთუ ხედვიდეს საკჳრველთა, რომელთა ღმერთი იქმოდა ჴელითა მისითა. და განუკჳრდებინ და ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტეი, და მოვიდოდეს კათოლიკე ეკლესიად და ნათელ-იღებდეს. და მრავალნი მათგანნი განკურნნა ღმერთმან ჴელითა ამბა მოსეისითა ეშმაკეულნი.
და ვინაჲთგან მარტო ქმნულ იყო იგი ქუაბსა მას შინა, არა ეჭამა პური და საჭმლად მისა იყო მცირედ დანაკისკუდი, სასუმლად მისა წყალი საწყაულით და სამოსლად მისა იყო ზებენისაჲ, რომელ არს ფინიკისა რტოთა ძირსა ბადის სახეი. ხოლო უფროჲს ყოველთასა უყუარდა დაყუდებაჲ. და ძილი მისი იყო შემდგომად ცისკრისა გალობისა. ხოლო მარხვათა ყოვლადვე არავის ზრახავნ, არცა განაღის კარი ქუაბისაჲ ვიდრე დიდად ხუთშაბათამდე. და დღეთა მარხვისათა შეიტანის მის თანა დანაკისკუდი, რიცხჳთ ოცი, და ქსესტი ერთი წყალი. და მრავალ გზის ყოვლადვე არა იხილის გემოჲცა მისგან ვიდრე კარისა განღებადმდე, ვითარ-ესე გჳთხრა მოწაფემან მისმან.
და დღეთა მარხვისათა მოჰგუარეს მას კაცი ეშმაკეული ფარანით, - და სახელი მისი ობდიანოზ, მთავარი იყო იგი ყოვლისა ერისა მისისაჲ, - რაჲთამცა ულოცა მას და განიკურნა. და ვითარ მიიწინნეს მახლობელად ქუაბისა მისისა, შეიპყრა იგი ეშმაკმან და შეაშთობდა მას. და იწყო ღაღადებად ჴმითა მაღლითა და იტყოდა: ვაჲ ჩემდა ბერისა ამისგან მედგრისა, რამეთუ ვერ შეუძლე ჟამსაცა ერთსა მოცთუნებად მისა ლოცვისაგან. და ვითარ ესე თქუა, განვიდა, მისგან ეშმაკი იგი, და მყის განიკურნა ობედიანოზ და ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტეი. და ყოველნი, რომელნი იყვნეს მის თანა პირველ ნათლის-ღებისა, და წარვიდეს სახიდ თჳსა და ჰმადლობდეს ღმერთსა და მონასა მისსა ამბა მოსეს. ხოლო ესე იქმნა თჳნიერ ხილვისა მისისა, გინა სიტყჳსაცა მიგებისა, რამეთუ არავინ იხილის მან დღეთა მათ მარხვისათა.
და სხუათაცა მრავალთა სასწაულთა იტყჳედ მისთჳს, რომელთა აწ ვერ შემძლებელ ვარ სათხრობად სიმრავლითა მათითა.
და ესუა მას მოწაფეი, რომელი იყოფოდა მის თანა ორმეოც და ექუს წელ და ზინ იგი მახლობელად სენაკსა ბერისასა და სახელი მისი იყო ევსებიოს მერისელი. და იგიცა შეუდგა გზათა მოძღურისა თჳსისათა. და იგი იყო ერთი მოკლულთა მათგანი.
და კუალად მონაზონი იყო, სახელი ერქუა ამბა იოსებ ჰაჲლელი. და მასვე მთასა იყოფოდა იგი, შორს წყლისაგან ორსა მილიონსა. და ბრძენ იყო იგი და სწავლულ ყოვლითა საქმითა, და ღმერთი იყო მის თანა. და დაყო უდაბნოსა მას ოც და ათი წელი. და აქუნდა მას მოწაფეი მახლობელად მისა. და მოუჴდა მას ერთი მონაზონთაგანი კითხვად რაჲსმე მისგან და სწავლად. და ვითარ დაჰრეკა კარსა მისსა, არაჲ მიუგო მას ბერმან. ხოლო მან შეხედნა მას განღებულისაგან კარისა და იხილა იგი ყოვლადვე თავითგან ვიდრე ფერჴადმდე ვითარცა ცეცხლი მოტყინარეი, დგა რაჲ იგი ლოცვასა შინა თჳსსა. და შეეშინა მას და დაეცა ვითარცა მკუდარი და იდვა მას ადგილსა მრავალ ჟამ. ხოლო წმიდაჲ იგი უცალო იყო ლოცვასა თჳსსა და ზრახვასა უფლისა თჳსისასა და ვერაჲ აგრძნა.
და შემდგომად მრავლისა ჟამისა მოიქცა წმიდაჲ იგი პირველისაებრვე სახისა, და კუალად ჰრეკა მონაზონმან მან. და განუღო მას ამბა იოსებ ჰაჲლელმან და ჰკითხა: ოდეს მოხუედ აქა? ჰრქუა მას ძმამან მან: უწინარეს ხუთ ჟამისა, არამედ რაჲთა არა შეგაწყინო, არა ვჰრეკე კარსა შენსა, გარნა აწღა ოდენ.
მაშინ გულისხმა-ყო ბერმან, ვითარმედ ღმერთმან გამოუცხადა ძმასა მას საქმეი მისი, და არარაჲ უთხრა მისგანი, არამედ ყოველი, რაჲცა ჰკითხა მას, გინა ითხოვა მისგან, არარაჲ დააყენა წმიდამან მან და განკურნა სული მისი გულის სიტყუათა მათგან, რომელნი უთხრნა მას, და წარავლინა იგი მშჳდობით.
და ამისა შემდგომად შეეშინა წმიდასა მას: ნუუკუე აწყინებდენ მას კაცნი. და ილოცა ღმრთისა მიმათ, რაჲთა დაფაროს საქმეი მისი, და არღარავის ეჩუენებოდეს იგი მიერ დღითგან.
და მივიდა ძიებად მისა ამბა გელასი, მოწაფეი მისი, ყოველთა ადგილთა და არა პოვა იგი. და დაჯდა იგი სენაკსა მისსა და მწუხარე იყო იგი განშორებისათჳს მოძღურისა თჳსისა. და შემდგომად ექუსისა წლისა მეცხრესა ოდენ ჟამსა დღისასა ჰრეკა კაცმან ვინმე კარსა სენაკისა მისისასა. და განვიდა ამბა გელასი და პოვა მოძღუარი იგი თჳსი და მდგომარეი კარსა ზედა, და დაუკჳრდა ფრიად და ჰგონებდა: ნუუკუე ეშმაკი ეჩუენა მას ხატითა მოძღურისა თჳსისაჲთა. და ჰრქუა: ვყოთ ლოცვაჲ. მაშინ ჰყო ლოცვაჲ ბერმან, და შეიწყნარა იგი მოწაფემან თჳსმან სიხარულით, და შეიტკბნეს იგინი და ამბორს-უყვეს ურთიერთას მშჳდობით და სიწმიდით.
მაშინ ჰრქუა ბერმან მოწაფესა თჳსსა: კეთილად ჰყავ, შვილო ჩემო, რამეთუ ყოვლისა პირველად ლოცვაჲ ითხოვე, რამეთუ საფრჴენი ეშმაკისანი მრავალ არიან. ჰრქუა მას მოწაფემან მისმან: რაჲსათჳს, მამაო, განეშორე ძმათაგან შენთა და დაუტევე შვილი შენი ობლად მწუხარებასა შინა შენთჳს? მიუგო მას ბერმან: მე თქუენგანი არავინ მხედვიდა, ვითარცა-იგი ღმერთმან იცის, ხოლო მე არა ვიდრე მისრულ ვარ ადგილისა ამისგან და არცა კიდე ქმნულ ვარ ზიარებისაგან მამათა თანა ეკლესიას ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისსა. მაშინ დაუკჳრდა მოწაფესა მისსა, ვითარ-იგი შევიდოდა და გამოვიდოდა, და არავინ მამათაგანი ხედვიდა მას.
კუალად ჰრქუა მოწაფემან: და აწ რაჲსათჳს მოხუედ მონისა შენისა? მიუგო ბერმან და ჰრქუა მას: დღეს მივიცვალები ჴორცთა ამათგან უბადრუკთა უფლისა ჩემისა და ვინებე, რაჲთამცა შენ დაჰმარხენ იგინი, ვითარცა გინდეს და მისცნე ქუეყანასა მისნივე იგი. და ფრიად ამცნებდა მოწაფესა თჳსსა და ეტყოდა სარგებელისათჳს სულისა და მოლოდებისათჳს კეთილისა მერმისა საუკუნოჲსა. და განირთხა თავით თჳსით აღმოსავალით კერძო და დაიწყვნა ჴელნი და ფერჴნი თჳსნი და შეისუენა და სული თჳსი შეჰვედრა ჴელთა დამბადებელისა თჳსისათა.
მაშინ სრბით გამოვიდა მოწაფეი მისი და უთხრა მამათა. ხოლო იგინი მწრაფლ მოვიდეს ერთბამად ჟამობითა. და ჴელთა მათთა აქუნდა რტოები ბაჲაჲსაჲ, და წარიღეს გუამი მისი ეკლესიად, და პირი მისი ბრწყინვიდა ვითარცა მზეი. და ვითარცა ყოველნი ერთბამად იკურთხნეს მისგან, დაჰფლეს იგი მამათა თანა.
და სხუაჲცა ეგევითარი არს ჩემ თანა, რომლისაჲ მინდა უწყებად თქუენდა მუნ მყოფთა მათთჳს მონაზონთა და რომელთა-იგი საკჳრველთა იქმოდა ღმერთი ჴელითა მათითა, არამედ გხედავ თქუენ, რამეთუ გნებავს სმენად, ვითარ-იგი მოისრნეს მამანი და ვითარ მოიწინეს მტერნი მათ ზედა, და მე წარმოგითხრა თქუენ ყოველივე.
რამეთუ ესრეით სრულ იყვნეს წმიდანი იგი ყოველსა შინა საქმესა მათსა და გლახაკ ღმრთისათჳს, არარას მოიგებდეს ამის საწუთროჲსა საქმეთაგანსა. და იყვნეს კაცნი მის ქუეყანისანი, რომელნი მოართუმიდეს მათ იფქლსა ეგჳპტით და წარიღებდეს ჴელთ-საქმარსა მათსა ნაცვალად მისა. არამედ უფროჲსღა საქმარ მათა იყო ლოცვაჲ და მარხვაჲ, და ყოველი სასოებაჲ მათი იყო ქრისტეისა. და იყვნეს იგინი რიცხჳთ ორმეოც და სამ. თითოეული მათი მარტოჲ სენაკსა იყოფვინ, და არავინ უწყინ, რასა-იგი იქმნ, გარნა უფალმან დამბადებელმან მისმან, რომელმან უწყნის დაფარულნი.
და ვითარ-იგი ჩუენ ესრეით ვიყოფოდეთ, მოგჳჴდეს ჩუენ ორნი კაცნი ჭალაკისა ერთისაგან, რომელი არს ზღუასა შინა. ჰაბაშთა კერძო, მცირეთა ძელთა ზედა და გჳთხრეს, ვითარმედ: კრებული დიდი ჰაბაშთაჲ მოიწია პირსა ზღჳსასა და პოვეს ნავი ნავებისაგან ჰაჲლელთაჲსაჲ და შეიპყრეს იგი და ეგულებოდა აღსლვაჲ მას შინა და წარსლვაჲ კულიზმად. და გურქუეს ჩუენ: მიგჳყვანენით კულიზმად და არავინ თქუენგანი მოვკლათ. ხოლო ჩუენ უქადეთ მათ, რაჲთამცა განვერენით მათგან, და ვჰგონებდით ჩუენ მოსლვასა ქარისასა და წარვიდოდეთ მათ თანა.
არამედ ინება ღმერთმან ჴსნაჲ ჩუენი: ვივლტოდეთ ღამით ამით ძელითა და მოვედით თქუენდა და დაუტევენით იგინი ნავისა მის უფალთა თანა ზღუასა შინა. ხოლო ჩუენ გეტყჳთ თქუენ: ეკრძალენით მცირედთა დღეთა, ნუუკუე მოვიდენ და მოგსრნენ თქუენ, რამეთუ კაცნი მედგარნი არიან იგინი. ხოლო არს რიცხჳ მათი ვითარ სამას კაც.
და ჩუენ ვყავთ ეგრეით და მსტუარი დავადგინეთ კიდესა ზღჳსასა, რაჲთა, ოდეს იხილოს ნავი მომავალი, გჳთხრას ჩუენ. და ვილოცევდით ღმრთისა მიმართ, რაჲთა უმჯობეისი გამოგჳრჩიოს და ნებაჲ მისი იყოს ჩუენ ზედა.
და ვითარ იყო ხვალისაგან მიმწუხრი, ვიხილეთ ნავი მომავალი ჩუენ კერძო. და რომელნი იყვნეს ჩუენ თანა ერისა კაცნი ფარანელნი, განემზადნეს ბრძოლად დედა-წულისა მათისათჳს და ხუასტაგისა მათისათჳს, ხოლო ჩუენ, მონაზონნი, მოვივლტოდეთ ეკლესიად. და იყვნეს ფარანელნი იგი ორას ოდენ კაც, და შეკრებულ იყვნეს იგინი მთასა მას ზედა ბრძოლად.
ხოლო ეკლესიაჲ შეზღუდვილ იყო. და იყო სიმაღლეი ზღუდისაჲ მის ვითარ ორ კაც ოდენ. და დავჰჴშენით ჩუენ კარნი წინაშე ჩუენსა.
და ვითარ მოიწინნეს იგინი ჴმელად, დადგეს; და მენავენი იგი წინა-უძღოდეს. და დაჰყვეს ღამეი იგი ძირსა მის მთისასა, მახლობელად წყაროებისა. და ვითარ განთენა, შეკრნეს მენავენი იგი და დაუტევნეს იგი მას ადგილსა. და ერთი მენავეთა მათგანი დაუტევეს მცველად ნავისა მის, რამეთუ მარტოჲ ვერ ავლინებდა ნავსა. ხოლო ერთი ჰაბაშთა მათგანი დაუტევეს მის თანა და მერმე მოიმართეს წყაროებად. და ემთხჳნეს მათ ფარანელნი იგი ბრძოლად.
და იყო ბრძოლაჲ მახლობელად წყაროებისა, გუერდით კერძო გორსა. და ესროდეს იგინი ურთიერთას ისრითა. და ისარი იგი კლვიდა ორკერძოჲთვე კაცებსა. ხოლო უღმრთონი იგი რამეთუ უმრავლეის იყვნეს და ჩუეულ ბრძოლასა, სძლეს ფარანელთა მათ და მოწყჳდეს მათგანი ას ორმეოც და შჳდი კაცი. და სხუანი ივლტოდეს მთით კერძო, ვითარცა ვინ შემძლებელ იყო განრინებად თავისა თჳსისა. ხოლო უღმრთოთა მათ წარტყუენეს ყრმები და დედები მათ თანა.
და ამისა შემდგომად მოგჳჴდეს ჩუენ შეზღუდვილსა მას, ვითარცა მჴეცნი მძჳინვარენი, რბიოდეს და ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და უშუერითა და ჰგონებდეს, ვითარმედ პოონ ჩუენ თანა საფასეი დამალული. და ვითარ მოიცვეს კარი იგი, იწყეს ქადებად ჩუენდა მომართ. ხოლო ჩუენ ვითარ გუესმა ჴმაჲ მათი, დამეცა ჩუენ ზედა შიში დიდი, არა უწყოდეთ, რაჲმცა-იგი ვყავთ, გარნა ღმრთისა მივივლტოდეთ ლოცვითა და ცრემლითა და გულითა მწუხარითა. და რომელნიმე ჩუენგანნი კადნიერ იყვნეს სიკუდილსა ზედა მხიარულითა გულითა, და ზოგნი - მწუხარე და შემუსრვილ გულითა, და ზოგნი ილოცვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, და ზოგნი ერთი-ერთსა ნუგეშინის-სცემდეს.
მაშინ აღდგა მამაჲ და წინამძღუარი ჩუენი წმიდაჲ პავლე შორის ეკლესიასა და თქუა: ისმინეთ, ძმანო ჩემნო და მამანო, ჩემ შეურაცხისაგან და ცოდვილისა. თქუენ უწყით ყოველთა, რამეთუ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისთჳს შეკრებულ ვიყვენით ყოველნი ამას ადგილსა და მოგუეცალა საწუთროჲსა ამისგან საცთურისა. და მოსრულ ვიყვენით უქმსა ამას უდაბნოსა და საშინელსა, რაჲთამცა აღვიღეთ უღელი ქრისტეისი ქედთა ჩუენთა ცოდვილთა ამათ შიმშილითა და წყურვილითა და სიგალახაკითა ფიცხლითა და მწუხარებითა სოფელსა ამას და შეურაცხ-ვყავთ ყოველი, რაჲ არს მას შინა, რაჲთა სასუფეველი ცათაჲ შევიძინოთ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა და აწ არარაჲ იყოფის თჳნიერ ბრძანებისა მისისა და არარაჲ მოიწევის ჩუენ ზედა საქმეი სოფელსა და არცა ჟამსა ამას, გარნა რომელი მას უნდეს, შეგუეწიოს ჩუენ მცირესა ჟამსა ცხორებისა ამის ამაოჲსასა და მის თანა მიგჳყვანნეს ჩუენ.
და აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა გჳხაროდის და მხიარულ ვიყვნეთ მისა მიმართ და ვჰმადლობდეთ და არა სულმოკლე ვიქმნეთ. რაჲ უტკბილეის არს ხილვასა პირისა მისისასა და თაყუანის-ცემად დიდებასა მისსა! არა გაჴსოვსა, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რაჟამს-იგი ვსხდით ერთობით და ვიკითხვიდით წამებასა წმიდათასა და გჳკჳრნ მოთმინებაჲ იგი მათი და ვიტყოდით ურთიერთას: ნეტარ არიან, რომელნი-იგი ქრისტეისთჳს იწამნეს და დასთხინნეს სისხლნი მათნი! და გული გჳთქუამნ, თუმცა ვიყვენით ვითარცა იგინი. და აწ ესერა ჟამი მოწევნულ არს, შვილნო, და გულის თქუმაჲ იგი მოახლებულ არს, რაჲთა ვიყვნეთ ვითარცა იგინი თანაზიარ მათა, რომელსა-იგი შინა არიან კეთილსა წარუვალსა და შეუცვალებელსა. და აწ ნუ ჰყივით და ნუცა გეშინის და ნუცა რას იქმთ შეუმსგავსებელსა თქუენსა, არამედ ყოვლითა ძალითა ჩუენითა შევიმოსოთ ძალი ქრისტეისი და დაუთმოთ სიკუდილსა შეწევნითა მისითა, რაჲთა შეგჳწყნარნეს სასუფეველსა მისსა.
და მათ ყოველთა მიუგეს ერთბამად და თქუეს: ვითარცა სთქუ, ეგრეცა ვყოთ. რაჲსა ვივლტოდით ყოვლისავეთჳს; რომელი მოვცა უფალმან სასუმელი ცხორებისაჲ, მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ, ვითარცა ფსალმუნი დავითისი იტყჳს.
და ვითარ ესმა ესე მათგან, მოიქცა საკურთხევლად აღმოსავალით კერძო და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და თქუა: ღმერთო და უფალო ჩუენო იესუ ქრისტე, მეუფეო ყოველთაო და ღმერთო ყოველთაო, შენ ხარ სასოჲ ჩუენი და შემწეი ჩუენი და ნუ დაივიწყებ მონათა შენთა, არამედ მოიჴსენე შრომაჲ ჩუენი და მოგუეც ძალი ჟამსა ამას ჭირისასა და შეიწირენ სულნი ჩუენნი, ვითარცა მსხუერპლნი, წინაშე შენსა, რამეთუ შენდა შუენის დიდებაჲ და პატივი თანა მამით და სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე. მიუგეს ყოველთა ერთობით და თქუეს: ამენ.
და ვითარცა მათ თქუეს ამენი, მოიწია ჴმაჲ ზეცით საკურთხეველით გამო, რომელი იტყოდა: მოვედით ჩემდა ყოველნი, გამორჩეულნო და შეწირულნო, და მე განგისუენო თქუენ შრომათაგან ამის სოფლისათა სასუფეველსა ჩემსა. და ვითარ ესე ჴმაჲ გუესმა, ყოველთა შეგუეშინა და ძრწოლამან დიდმან შეგჳპყრნა, რამეთუ სული, ვითარცა თქუა ქრისტემან სახარებასა შინა, გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი - უძლურ, და მერმე ერთობით აღვიმაღლეთ ჴმაჲ ჩუენი ღმრთისა მიმართ და წარვიწირენით თავნი ჩუენნი ცხოვრებისაგან.
ხოლო უღმრთოთა მათ მოიღეს ძელი გრძელოვანი და შემოაყრდნეს კედელსა და მიერ აღმოჴდეს და განუღეს კარი მოყუასთა თჳსთა. და არავინ ჩუენგანი წინა-აღუდგა. ხოლო იგინი შემოვიდეს ვითარცა მჴეცნი ბოროტნი და აღმოეჴადა მახჳლები მათი, და შეიპყრეს პირველად, რომელი მოხუდა, სახელით იერემია, მჯდომარეი კარსა ზედა ეკლესიისასა, და ჰრქუეს: გჳჩუენე ჩუენ მამასახლისი! და თანა ჰყვანდა მათ ერთი მენავეთა მათგანი, რომელი უთარგმნებდა სიტყუასა მათსა. და ჰრქუა მათ იერემია: არა გიჩუენო იგი თქუენ და არცა მეშინის თქუენგან, მტერნო ღმრთისანო ურჩულონო. და კადნიერ იყო მათ ზედა და არა შეეშინა, რაჟამს იხილა პირები იგი მათი და ჴმლები ჴდილები, არამედ სიტყუას-უგებდა მათ გულითა მწუხარითა და ჰრქუა: არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი. ხოლო მამასახლისი უდგა გუერდით მისა. და უკჳრდა უღმრთოთა მათ სიმჴნეი გულისა მისისაჲ, ვითარ-იგი არა შეეშინა მათგან.
და შეიპყრეს იგი და შეუკრნეს ჴელნი და ფერჴნი მისნი და დაადგინეს იგი შიშუელი და ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ჴორცნი მისნი, და არა შეიძრა იგი ადგილისა მისგან, არამედ შეიწყნარა იგი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისა მიმართ და შუენიერითა მოთმინებითა, ვიდრემდის შეჰვედრა სული თჳსი თჳსსავე დამბადებელსა. და იგი არს პირველი მოწამეთაჲ მათ, რომელი გჳრგჳნოსან იქმნა და სძლო ეშმაკსა, ვიდრემდის მოკუდა იგი მოწამეი და კეთილის დაწყება ექმნა მოყუასთა თჳსთა.
და ვითარცა იხილა ესე წმიდამან მამამან ჩუენმან პავლე, განდგა შორის მოყუასთა თჳსთაგან და ჰრქუა მათ: აჰა ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ. და უჩუენებდა ჴელითა თავსა თჳსსა და მისცა თავი თჳსი ჴელთა მტერთასა და არად შეჰრაცხა სატანჯველი მათი, რომელი უყვეს პირველ სიკუდილისა. და ვითარ შეიპყრეს, ჰრქუა მათ მდაბლითა სახითა და სიტყჳთა ლბილითა ჩუეულებისაებრ თჳსისა: გრწმენინ ჩემი, რამეთუ არარაჲ არს ჴელმწიფებასა ჩემსა ქუეშე ამის სოფლისაჲ, გარნა ესე სამოსელი ძუელი, რომელ არს ჩემ ზედა ძაძისაჲ.
ხოლო მათ აღიღეს ქვაჲ და სცემდეს ქვითა მით გუერდთა მისთა და ესროდეს ჴორცთა მისთა ისრითა და პირსა მისსა და ეტყოდეს: მოიღე, რაჲ-იგი არს შენ თანა. და ვითარ ტანჯეს იგი მრავალ ჟამ და არარაჲ პოვეს მის თანა, რომელსა-იგი ეძიებდეს, სცა ერთმან მათგანმან მახჳლითა შუა ოდენ თავსა მისსა და განაპო წმიდაჲ იგი თავი მისი ორად. და დაჭრნეს ჴორცნი მისნი მახჳლითა. და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდისა ტანჯვისა. ამან მეორედ სძლო ეშმაკსა და არა შეშინდა სიკუდილისაგან, და არცა მოუძლურდა გულს-მოდგინებაჲ მისი.
და რაჟამს ვიხილე მე, ჩუკენმან ამან, ფიცხლად სიკუდილი იგი და ვიხილე სისხლი იგი წმიდათაჲ მდინარეი და ჴორცნი მათნი მდებარენი, ვეძიებდ ადგილსა, სადამცა დავიმალე, რაჲთამცა განვერი ჴელთაგან მათთა. და ვიხილე ყურესა ერთსა სენაკისასა ბაჲაჲ ფრიადი, შეყრდნობილი კედელსა, და მას შინა დავიმალე, ვიდრე-იგი უღმრთონი უცალოღა იყვნეს წმიდათა მათ მოსრვასა, და ვიტყოდე გულსა ჩემსა: უკუეთუ მპოონ, მომკლან მეცა, და, უკუეთუ განვერე მათგან მე, დავჰმარხნე ჴორცნი ესე წმიდათანი.
და რაჟამს მოიცალეს მოწყუედისაგან მათ წმიდათაჲსა, ერთობით შევიდეს ეკლესიად, ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და იწყეს ცემად მათა მახჳლითა, ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუეთეს და რომელიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახჳლითა ნაწლევნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მჴარსა ეხეთქნა და ორად განეპო ვიდრე მკერდადმდე, ვიდრემდის ესრეით მოწყჳდნეს წმიდანი იგი მამანი.
ხოლო რაჟამს მონაზონი იგი ამას გჳთხრობდა, ვერ შემძლებელ იყო დამჭირვად თავისა თჳსისა მწარისაგან ტირილისა, ვიდრემდის ჩუენ ყოველნი ვტიროდეთ მის თანავე და ვერღარა შემძლებელ ვიყვენით სიტყუად. და გუეტყჳნ იგი: რაჲ გითხრა თქუენ, ძმანო ჩემნო, რომელი-იგი იხილეს თუალთა ჩემთა?
და იყო მუნ სხუაჲ მონაზონი, სახელი ერქუა ამბა სოლომონ. და ჰქონდა მის თანა ყრმაჲ თჳსი, მისი ნაშობი იყო იგი, ათხუთმეტისა წლისაჲ და მონაზონად ეკურთხა იგი წმიდასა მას და მას განეზარდა იგი სიყრმით მისითგან და ესწავა მისდა პატიოსანი მონაზონებაჲ და ბრძოლაჲ ეშმაკთა მიმართ. და ვითარ იხილეს იგი ჭაბუკად შუენიერად მტერთა მათ ღმრთისათა, შეუყუარდა იგი, და უნდა დამარხვაჲ მისი და თანა-წარყვანებაჲ მისი. ხოლო ვითარ-ესე იხილა ყრმამან მან, რამეთუ არა მოჰკლვენ მას მოყუასთავე თჳსთა თანა და ეგულების წარყვანებაჲ მისი მათ თანა, შეზრუნდა ამისთჳს ფრიად და იწყო ტირილად და ღაღადებად. და ვითარ იხილა, რამეთუ არარას სარგებელ ეყოფვის ტირილი იგი, აღიძრა სულითა თჳსითა და განაგდო მისგან შიში და კადნიერ იქმნა და აღიღო მახჳლი ერთისა მათგანისაჲ და უხეთქნა მჴარსა ოდენ ჰაბაშისასა, რაჲთა გული განაწყოს და მოკლას იგი.
ვითარცა იქმნა, ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახჳლითა. და იგი ღაღადებდა და იტყოდა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან არა მიმცა ჴელთა ცოდვილთასა. ესრეით იტყოდა, ვიდრე სიკუდილდმდე და ესრეით მჴნე იქმნა და შეემთხჳა ქრისტესა კაცი იგი ღმრთისაჲ ამბა სერჯი.
და რაჟამს ვიხილე ესე ყოველი, ვიწყე ვედრებად უფლისა ჩემისა და ღმრთისა მოწყალისა, რაჲთა მიჴსნეს მე მათგან და დაუბრმნეს თუალნი მათნი ჩემგან, რაჲთა ნუუკუე მე ხოლო განვერე და დავჰმარხნე გუამნი იგი წმიდათანი.
და ესრეით მოისრნეს იგინი სიხარულით და ჰმადლობდეს ღმერთსა ყოვლისავეთჳს შემთხუევისა. და რამეთუ იყვნეს იგინი ქუეყანასა ზედა შრომით. და იყვნეს იგინი სადგურ სულისა წმიდისა და დაუტევეს ყოველივე სოფლისაჲ ამის და მას შეუდგეს და მასცა ეძიებდეს და მისა შემდგომად პირითა მახჳლისაჲთა მოისრნეს, რომლისათჳს ღმერთსა მივსცეთ დიდებაჲ მას ზედა.
და ვითარ მოიცალეს მოკლვისა მათისაგან უღმრთოთა მათ, იწყეს ჭკუერვად ეკლესიასა და სენაკებსა შინა და ეძიებდეს, ნუუკუე პოონ საფასეი დამალული, და არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაჲ აქუნდა წმიდათა მათ ქუეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფასეი და სიხარული წარუვალი ქრისტეის მიერ, უფლისა ჩუენისა. და ვითარცა ვიხილენ, ჭკუერვიდეს რაჲ იგინი, წარვიდა სისხლი ჩემი, და მოკუდეს ჴორცნი ჩემნი შიშისაგან და ვთქუ, ვითარმედ: გამონახვად უც ადგილიცა იგი, სადა მე დამალულ ვიყავ, და მპოონ და მომკლან. და ვხედევდ დანაკისკუდისა მის რტოჲსა გამომართ, ოდეს-ძი მოვიდენ, და ვხედევდ სიკუდილსა წინაშე თუალთა ჩემთა. და მას ყოველსა თანა ვილოცევდ უფლისა მიმართ, რაჲთა, უკუეთუ იყოს ნებაჲ მისი, განმარინოს მე ჴელთაგან მათთა. და ვითარ იხილეს რტოები იგი, შეურაცხ-ჰვეს და წარვიდეს მიერ, რამეთუ ღმერთმან დამიცვა მათგან და დაუბრმნა თუალნი მათნი ჩემდამო.
ხოლო დაუტევნეს წმიდანი იგი მწყუდარნი, მდებარენი ერთიერთსა ზედა, და არარაჲ პოვეს, რაჲმცა წარიღეს მათ თანა. და მიიქცეს წყაროებადვე, რაჲთამცა წარვიდეს კულიზმად ნავითა მით. და პოვეს ნავი იგი, რამეთუ განტეხილ იყო, რამეთუ კაცი იგი მენავჱ, რომელი დაეტევა მხედვარად ნავისა მის, შემძლებელ იქმნა მოკლვად ჰაბაშისა მის, რომელი დაეტევა მათ თანა. და რამეთუ მოკლა იგი და შეჰკუეთნა საბელნი კავთა ნავისათანი და განვიდა იგი ცურვით ჴმელად და ივლტოდა იგი მთით კერძო, და ღმერთმან განარინა იგი. მაშინ წარეკუეთა სასოებაჲ ჰაბაშთაჲ მათ, და განლიგნეს და არა უწყოდეს, რაჲთამცა-იგი ყვეს, გინა ვითარ მიიქცენ ქუეყანად თჳსა. და მძჳნვარებისა მისგან და გულის წყრომისა მოკლეს ყოველი დედაკაცი და ყრმაჲ, რომელი წარეტყუენა ფარანელთაგანი. და აღაგზნეს ცეცხლი დიდძალი და მოწუეს სიმრავლეი იგი ფინიკისაჲ.
და ვიდრე-იგი უცალოღა იყვნეს ამას შინა და შეურვებულ, რამეთუ ვერ ეძლო წარსლვაჲ ქუეყანად თჳსა, და აჰა მოიწია მათ ზედა ფარანით ექუსასი მბრძოლი ძეთაგან ისმაელისთაჲ, რამეთუ სმენილ იყო მათა ჰამბავი იგი. და ვითარ აგრძნეს შავთა მათ, განიმზადნეს თავნი მათნი ბრძოლად და ზღჳთ კერძო მიიყარნეს. და იქმნა მათ შორის ბრძოლაჲ ფიცხელი.
და იყო ბრძოლაჲ იგი მზის აღმოსლვასა ოდენ ადგილსა ვაკესა. და იბრძოდეს იგინი ისრითა. და რამეთუ ფარანელნი იგი უმრავლეის იყვნეს ჰაბაშთასა, და აჯობეს. ხოლო შავთა მათ წარეკუეთა სასოებაჲ მიქცევისაჲ ქუეყანად თჳსა და სასოებაჲ ცხოვრებისაჲცა, და ამისთჳს მხნედ დაუდგეს ძლიერსა მას ბრძოლასა კიდესა ზღჳსასა. და იყო ესე მზის აღმოსლვითგან ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე დღისა. და მოისრნეს ფარანელთაგანნი მას დღესა შინა ოთხმეოც და ოთხი კაცი და მოიწყლნეს მრავალნი, ხოლო მტერნი იგი ღმრთისანი ჰაბაშნი - პირველითგან ვიდრე დასასრულადმდე, ვიდრემდის არა დაშთა მათგანი არცა ერთი ერთსა ადგილსა.
და რაჟამს ვიხილენ იგინი უცალო ბრძოლისა მისგან, გამოვედ მე დანაკისკუდისა მის ფურცლისაგან, რომელსა შინა ვიყავ, და ვიწყე გარდახილვად წმიდათა მათ გუამებისა და ვპოვენ იგინი ყოველნი, რამეთუ აღსრულებულ იყვნეს, გარნა სამთა ხოლო: დომნოს და ანდრეა და არიონისსა. ხოლო დომნოს წყლულ იყო გუერდსა მისსა ფიცხლითა წყლულებითა და ჭირსა დიდსა შინა იყო; ხოლო ანდრეა წყლულ იყო მრავალგან, არამედ არა ეგოდენ, და ცხონდა; და არიონ, ყოვლადვე არა იყო მის თანა წყლულებაჲ, არამედ სამოსელი ოდენ განეკუეთა მახჳლსა, რამეთუ ჰგონებდა, რომელმან-იგი უხეთქნა, ვითარმედ მოკლა, რაჟამს-იგი იხილა მოკლულთა მათ შორის დაცემული. ხოლო იყო იგიცა ჩემ თანა, და ორთავე გარდავიხილენით გუამები იგი მოწამეთაჲ.
და რაჟამს მოიცალეს ფარანელთა მათ მოწყუედისა მისგან მტერთაჲსა, დაყარნეს ჴორცნი მათნი კიდესა ზღჳსასა შესაჭმელად მფრინ¬ველთა და მჴეცთა და იწყეს დაფლვად მოყუასთა თჳსთა და დაჰმარ¬ხნეს იგინი მთისა მის ძირსა ქუაბებსა, მახლობელად წყაროებსა მას.
და მერმე წარმოემართნეს ჩუენ კერძო და თანა ჰყვანდა მთავარი იგი თჳსი ობედიანოს. და რაჟამს იხილნეს ჴორცნი იგი წმიდათანი მდებარენი და სამწყსონი ქრისტეისნი მომწყუდარნი, შეწუხნეს წუხილითა დიდითა და იწყეს ტირილად და იცემდეს მკერდთა მათთა, რამეთუ სამწყსოთა მათ ქრისტეისთა ჴორცნი ესრჱთ განერყუნეს მგელთა მათ უწყალოთა. და მონათა მათ ქრისტეისთა და მოწამეთა მისთა შეიწყნარეს იგი სიხარულით, რამეთუ იცოდეს, რომელ-იგი წინა-წარუძღუანა მათ კეთილი და რომელსა-იგი მოელოდეს მოსაგებელსა მიუთხრობელსა, რამეთუ იყვნეს იგინი სოფელსა ამას შინა, ხოლო საქმენი მათნი - საუკუნისათჳს. და ამისთჳს სრულ ყვნა ღმერთმან საქმენი მათნი და ღირს ყვნა იგინი წამებასა მას.
და ვითარ შევკრიბენით გუამნი იგი მათნი ერთსა ადგილსა, მოვიდა ობედიანოს, ქრისტეის მოყუარეი, და მის თანა სხუანიცა წარჩინებულნი ფარანისანი, და მოიღეს სამოსელი წმიდაჲ და წარჰგრაგნეს ჴორცნი იგი წმიდათანი. და რიცხჳ მოწამეთაჲ მათ ოც და აცხრამეტ. და შეკრბეს ყოველნი, რომელნი იყვნეს მას ქუეყანასა. და აქუნდა რტოები ბაიაჲსაჲ ჴელთა მათთა. და აღვიხუენით ჴორცნი იგი წმიდათა მოწამეთანი ჟამობითა და ლოცვითა სიხარულით და ვჰმადლობდით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა და დავჰმარხენით აღმოსავალით კერძოსა მას კარისასა.
და ვითარ იყო მიმწუხრი, შეისუენა დომნოსცა. ხოლო დავჰმარხეთ იგი თჳსაგან სხუასა ადგილსა, გუერდით წმიდათა მათ, რამეთუ არა ვინებეთ განღებად საფლავი მათი.
და იყო მოწყუედაჲ წმიდათაჲ მათ მოწამეთაჲ ოც და რვასა დეკენბერისასა, შემდგომად ქრისტეის შობასა მესამესა დღესა, მეცხრესა ოდენ ჟამსა დღისასა, ხოლო ანდრეა და არიონ დაუტევენ ორგულებასა შინა, რამეთუ არა იცოდეს, თუ ყოფად არიან მუნ, თუ არა. და მე წარმოვედ თხრობად თქუენდა, რამეთუ ვერ შეუძლე ხედვად მოოჴრებასა მის ადგილისასა. დაღაცათუ ობედიანოს გუევედრებოდა ჩუენ, რაჲთამცა დავადგერით ჩუენ მუნ, და აღგჳთქუმიდა ყოველსა კეთილსა მოცემად ჩუენდა საჴმარი ჩუენი და რაჲთა იგი იყოს მზრუნველი ყოველსა საქმესა ამის სოფლისასა, და არა ვისმინეთ მისი.
და სხუაჲცა მრავალი მაქუს თხრობად თქუენდა, რაჟამს მოიწიოს ჟამი მისი, არამედ მე გევედრები თქუენ, რაჲთა მითხრათ, რაჲ იყო, ანუ ვითარ მოისრნეს მამანი მთისა ამისნი, და არარაჲ დამიფაროთ, ვითარცა მე ყოველი წარმოგითხარ.
ხოლო ჩუენ წარმოუთხართ ყოველი, ვითარ იყო, და ერთობით დაგჳკჳრდა განგებაჲ ღმრთისაჲ და ბრძანებაჲ და განჩინებაჲ ვითარ- იგი ერთსა შინა დღესა იყო სიკუდილი მათი, რომელნი იყვნეს რაითს და მთასა სინასა, და ერთსა შინა ჟამსა. და რიცხჳ მათი სწორ იყო. და იყო სიტყუაჲ იგი დაწყება ტირილისა და განახლება მწუხარებისა და სადიდებელ ღმრთისა.
მაშინ აღდგა მამაჲ ჩუენი ამბა თევდოლოს შოვრის ჩუენსა და თქუა: ამისთჳს, საყუარელნო ჩემნო, რამეთუ მონანი იყვნეს იგი ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულსა სასუფეველისა მისისასა და მიაგო საქმეთა მათთაებრ და გჳრგჳნოსან ყვნა იგინი წმიდათა თანა. და არიან იგინი პატივსა შინა და დიდებასა მიუწდომელსა. და აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვზრუნვიდეთ სულთა ჩუენთათჳს და ვჰმონებდეთ ღმერთსა ჩუენსა კეთილითა მონებითა და ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაჲთა ითხოვონ ჩუენთჳს შეწევნაჲ საქმედ, ნებაჲ მისი ნეშტთა ამათ დღეთა ჩუენთა. და ვითარ-ესე თქუა წმიდამან მან, განაფრთხვნა სულნი ჩუენნი ნუგეშინის-ცემითა და სიტყჳთა სულიერითა. და ერთობით მადლი შევწირეთ ღმრთისა, რომლისა ჴელთა მისთა არს ცხორებაჲ და სიკუდილი.
ხოლო მე, ცოდვილმან ამონიოს, დავიწერე ცხოვრებაჲ ესე მათი ქარტასა. და უკუნვიქეც ეგჳპტედვე, რაჲთა ყოველთა დღეთა ვიკითხვიდე და მიკჳრდეს და ვჰმადლობდე ღმერთსა სიხარულით, რომელმან გამოირჩინა მონანი თჳსნი და შეიწყნარნა სასუფეველსა თჳსსა, და მათ მიერ ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, ერთსა ღმერთსა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და პატივი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


კიმენი

"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" VI.ტ.

No comments:

Post a Comment