წმინდანთა ცხოვრებაXIV. სამოელ წინასწარმეტყველის დედის - წმ. ანას ცხოვრება.


წმიდა და ნეტარი ანა წინასწარმეტყველი ქალაქ არმათემას მკვიდრი იყო. ეს ქალაქი მთიან ქვეყანაში, ეფრემის ძეთა სამთავროში1 მდებარეობდა. ნეტარი დედა ლევიტელთა2 მუხლის შთამომავალ ელკანას ესვა ცოლად. ბერწი და უშვილო იყო ანა3 და ელკანამ მეორე ცოლიც მოიყვანა _ ფენნა. ფენნა შვილებს უჩენდა ელკანას და ისიც მასთან იხარებდა. ანას მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა: უშვილობას აყვედრიდნენ მეტოქე ფენნაც, მოყვარული ქმარიც და მეზობელ-ნათესავებიც. ბევრს ლოცულობდა გულშემუსვრილი და ღვთის მცნებებს მოშურნედ აღასრულებდა. დღითა თუ ღამით წმიდა სავედრებელს აღავლენდა ღვთის წინაშე: ამ კიცხევისაგან მიხსენი და შვილიერება მომმადლეო.
ელკანა ყოველწლიურად, სჯულით დადგენილ დროს ოჯახთან ერთად თავისი ქალაქიდან სელომს4 მიდიოდა, რათა მღვდელმთავარ ელის5 ხელით მსხვერპლი შეეწირა ყოვლისმპყრობელი უფლისათვის6. და აი, ერთხელაც, მსხვერპლშეწირვა რომ დასრულდა, ელკანამ მსხვერპლის ნარჩენები ოჯახის წევრებს გაუნაწილა, ერთი ნაწილი ფენნასა და მის შვილებს მიაწოდა, მეორე კი _ ანას, რადგან უშვილობის მიუხედავად მაინც ფენნაზე მეტად უყვარდა იგი. შურითა და ბოღმით აღევსო გული ფენნას და უფრო მეტად დაუწყო დამცირება და შეურაცხყოფა მეტოქეს. შურიანი ყვედრებით შეღონებულ ანას თვალზე ცრემლი არ უშრებოდა, ვეღარც საჭმელს აკარებდა პირს და ვერც მოყვარული ქმრის ნუგეშინისცემაში პოულობდა სიმშვიდეს.7 სახის ფერი მწუხარებამ უცვალა. ტრაპეზის დასრულებისთანავე ანამ ქმარი ოჯახთან ერთად სახლში გამოისტუმრა, თავად კი მსწრაფლ კარავს მიაშურა, ძირს დაემხო, ღვთის წინაშე გულის წუხილი გადმოღვარა და აღთქმა დაუდო:
_ უფალო საბაოთ! თუკი შენი მხევლის მწუხარებას მოხედავ და მომიხსენებ, არ დამიტევებ და ვაჟს მომმადლებ, შენ მოგიძღვანებ პირმშოს და მთელი ცხოვრების მანძილზე გამსახურებ.
დიდხანს ლოცულობდა ანა. მღვდელმთავარი ელი კარვის კართან იჯდა და შეამჩნია, რომ ქალს ბაგეები უტოკავდა, ხმა კი არ ისმოდა. მთვრალი ეგონა და გაკიცხა:
_ სანამ უნდა იმთვრალო? უფლის პირს განეშორე და ღვინო განიქარვე!
_ არა, ჩემო ბატონო, _ მიუგო ანამ, _ გულითურვილი ქალი ვარ, ღვინო არ მისვამს. ლოცვებს განვფენ ღვთის წინაშე. უღირს ქალად ნუ შემრაცხავ, უმძიმესი დარდი მაწევს გულზე და ის მალაპარაკებს.
მაშინ ელიმ უთხრა:
_ წადი, მშვიდობით იარე! ისრაელის ღმერთი აგისრულებს გულის წადილს.
ღმერთმა მართლაც არ აქცია ზურგი ანას ვედრებას. ელის ბაგეებით ხომ ამცნო, რომ ნაყოფს მიმადლებდა, მისი შობილი ვაჟი კი წინასწარმეტყველების ნიჭით დააჯილდოვა.
ანამ მტკიცე რწმენით მიიღო ღვთის აღთქმა, სიხარულით დაბრუნდა ქმრის სახლში, მალევე მუცლად-იღო და შვა სამოელი,8 რომელიც შემდგომში ისრაელის ერის წინასწარმეტყველი და წინამძღოლი გახდა. ძუძუს რომ მოსწყდა პატარა, ანამ აიყვანა და ქმრის თანხლებით სელომს მიაშურა. ისევ დაემხო ღვთის წინაშე სამადლობელით. მსხვერპლშეწირვის შემდეგ ყრმა მღვდელმთავარ ელის მიუყვანეს მშობლებმა. ანამ უთხრა:
_ ბატონო ჩემო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი და ღმერთს შევთხოვდი, შვილი ებოძებინა. აი, უფალმა აღასრულა ჩემი თხოვნა და მეც უფალს ვუძღვნი პირმშოს, მთელი ცხოვრება მის მსახურებაში მინდა გაატაროს.
ელიმ ანა დალოცა:
_ დაე, სამოელის ნაცვლად შვილები მოგმადლოს უფალმა!
განიხარა ანამ. დაეგო საკურთხევლის წინ. გული ვეღარ იტევდა მის სიხარულს და მადლიერებას და ენამაც საგალობელი ამოთქვა: განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ.9

ამის შემდეგ ელკანა თავის კეთილმსახურ ცოლთან ერთად არმათემას დაბრუნდა. სამოელი კი კარავში დარჩა უფლის მსახურებად. შემდგომში კიდევ სამი ვაჟი და სამი ასული მისცა ანას უფალმა და ღრმა სიბერეში გადაასახლა საუკუნო სავანეში.10


შენიშვნები:

1. არმათემა ანუ რამათი _ ქალაქი, რომელიც ბენიამენის მუხლის სამთავროს ეკუთვნოდა. ამ ქალაქში სახლობდა სამოელი, როცა ისრაელის ერის მსაჯული იყო. აქვე მყოფობდა, როცა საულს მეფედ მირონი სცხო (იხ. 1 მეფ., 7,17, 9,5-27; 10,1-2).
2. ლევის ჩამომავლებს სამთავრო არ გააჩნდათ; ლევიტელები სხვა მუხლთა შორის ცხოვრობდნენ.
3. შვილიერება ებრაელებში ღვთის კურთხევად მიიჩნეოდა, უშვილობა კი, პირიქით, ღვთისგან განშორებისა და ხალხისგან გაკიცხვის ღირსად.
4. სელომი _ ეფრემის მუხლის ქალაქი, აღთქმული მიწის შუაგულში, იორდანეს აქეთა ნაპირზე. აქ დაიდგა მოსეს კარავი იორდანეს გადალახვისა და აღთქმული მიწის დაპყრობის შემდეგ (იუდეველთა მოძრავი ტაძარი). აქ ლოცულობდნენ ებრაელები, აქ დღესასწაულობდნენ და ბჭობდნენ. ამჟამად ამ ქალაქის ნანგრევებიღა შემორჩა.
5. ელი _ აარონის უმცროსი ძის _ ითამარის შთამომავალი, ისრაელის მღვდელმთავარი და მსაჯული, პირველი იყო, რომელმაც სამოქალაქო და სასულიერო ხელისუფლება შეითავსა. უწყინარი ხასიათი ჰქონდა, ამიტომაც სიყვარულსა და ნდობას იმსახურებდა. მიუკერძოებელი მსაჯული იყო, რისთვისაც ხალხი ლოცავდა. მაგრამ მისი კეთილი ხსიათი სიუსტეში იზრდებოდა, რაც ყველაზე მეტად თავის ვაჟებთან მიმართებაში გამოიხატა. ოფნი და ფინეზი მღვდლები იყვნენ, მაგრამ ათასგვარ უსჯულებას იქმოდნენ კარავში, რის გამოც უფალმა ისინი მრავალი შეგონების შემდეგ ტყვეობაში სამარცხვინო სიკვდილით დასაჯა.
6. მოსეს კანონის თანახმად. იხ. გამოს. 23,17.
7. 1 მეფ. 1,5 და 8.
8. ებრაულ ენაზე ღვთისაგან სმენილი, ღვთისაგან გამოთხოვილი.
9. წინასწარმეტყველური განჭვრეტითაა სავსე და ღრმა სიმდაბლითაა განმსჭვალული ეს გალობა. მოთავსებულია I მეფეთა წიგნის მე-2 თავში (1-10) და ასე იკითხება:
`განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ და ამაღლდა რქა ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა: განვრცნა პირი ჩემი ზედა  მტერთა ჩემთა, განვიხარე მე მაცხოვრებითა შენითა.
რამეთუ არა ვინ არს წმიდა, ვითარ შენ, უფალო, და არა ვინ არს მართალი ღმერთისა ჩუენისაებრ! და არა ვინ არს წმიდა შენს გარეშე.
ნუ იქადინ, ნუცა იტყვი მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუა პირისაგან თქუენისა! რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი და ღმერთმან განმზადნეს საქმენი ვისნი.
მშВლდები ძლიერთა მოუძლურდა და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა.
შვებულთა პური მოაკლდა და მშიერთა დაიპყრეს ქვეყანა. რამეთუ ბერწსა მას ესხნეს ვი შვილ და შვილმრავალი იგი მოუძლურდა!
უფალმან მოაკუდინის და აცხოვნის; შთააგდის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის! უფალმან დააგლახაკის და განამდიდრის, დაამდაბლის და აღამაღლის. აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რათა დასვას იგი ძლიერთა თანა ერისა მისისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკВდრნეს მას. მოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი, რამეთუ არა არს სიმტკიცე ძლიერება კაცისა. უფალმან უძლურყვნის დომნი ვისნი. უფალი წმიდა არს! ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა ვისითა, ნუცა იქადინ ძლიერი ძალითა ვისითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა ვისითა, არამედ მას ზედა იქადოდენ, რომელ-იგი იქადოდის გულისმის-ყოფასა და ცნობასა უფლისასა ყოფად სასჯელი სიმართლისა ქუეყანასა ზედა.
უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხა. თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა ისითა, მოსცეს ძალი მეუფესა ჩუენსა და აღამაღლოს რქა ცხებულისა ვისისა!
აქ პირველად იხსენიება მესიას სახელი. ის მეუფის სახელს შეესატყვისება და ნიშნავს ცხებულს, რომელმაც ზეცით მოიღო სული წმიდის განსაკუთრებული ნიჭები. მეუფე-მესიად ანუ ქრისტედ აქ სახელდებულია ის აღთქმული მხსნელი, რომელიც იაკობმა იუდას კურთხევისას იწინასწარმეტყველა წინამძღვრის სახელით, რომელსაც ყოველი ერი უნდა დამორჩილდეს (იხ. დაბ. 49,10). თავად ღმერთმაც მოსესთან საუბრისას მას წინასწარმეტყველიუწოდა (იხ. II სქ. 48, 18-19).
10. 1100 წლის წინ . -მდე.

"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ. 
გამომცემლობა   -  ©  "ორთოდოქსი" .

მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.

No comments:

Post a Comment