წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). - სიტყვა ახალს წელიწადს ნათქვამი. სიტყვა თქმული ახალწლის დღესა, ჩყბ-ს, ქუთაისის სობოროში

პირველსა დღესა ახლისა წლისასა, ძველისა ჩვეულებისამებრ, ჩვენ ყოველნი, ძმანო ქრისტიანენო, მივულოცავთ ახალსა წელსა და ვლოცავთ ურთიერთთა, მსურველნი ყოვლისა სიკეთისა და წარმატებისა. არცა მე უარ-ვყოფ ჩვეულებასა ამას, ვინაიდგან არ არის იგი ურიგო ანუ წინააღმდეგი სჯულისა; მეც მსურს, მოგილოცო თქვენ ახალი ესე წელიწადი. გარნა რა ვისურვო მე თქვენთვის და ყოვლისა ჩემისა სამწყსოისათვის, და როგორ უნდა დავლოცო ყოველნი სულიერნი ძენი და ძმანი? ნუ თუ მეც ისრე დაგლოცო, როგორც ურთიერთარს გაქვსთ ჩვეულება, ესე იგი რათა ღმერთმან მრავალი ამისთანა წელიწადი დაგასწროს, ტკბილად დაგაბეროს, .....
 გაგამდიდროს და სხვანი! რასაკვირველია, არც ეს არის ურიგო და კიდეც ვსთხოვ ღმერთსა ყოველი ესე მოგანიჭოს თქვენ თვისითა მადლითა. გარნა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მეგულება უმჯობესი რაიმე გითხრა თქვენ და უძვირფასესი ამათ ყოველთა ვისურვო თქვენთვის. რა? მე ვარ სულიერი თქვენი მოძღვარი, და ახლა ჩვენ ყოველნი ვდგევართ ტაძარსა შინა ღვთისასა. ყოველი სოფლიური დაუტეოთ სოფელსა და ჩვენ ვიფიქროთ რაიმე სულიერი. პირველად, მსურს და ვევედრები ღმერთსა, რომ ამ მდგომარე წელიწადსა ჩვენ ყოველნი უმჯობესნი შევიქმნეთ სულითა და გულითა. მსურს, რომ სულიერობა მოგვემატოს, ესე იგი, არა თუ მხოლოდ გარეშეობით ვასრულებდეთ სჯულსა ჩვენსა, არამედ სრულიად; არა თუ მხოლოდ მოვისმენდეთ წირვა-ლოცვასა ეკლესიაში, არამედ რაც ეკკლესიაში გვესმის, მას სოფელში და სახლში აღვასრულებდეთ; არა თუ მხოლოდ მოვნათვლიდეთ შვილთა ჩვენთა, არამედ აღვზრდიდეთ ქრისტიანობრივად; არა თუ ერთხელ მხოლოდ წელიწადში ვეზიარებოდეთ და მერმეთ კვალადვე მივაქცევდეთ გულსა უწინდელთა ცოდვათადმი; არამედ, რაც ერთხელ მოვინანეთ, იმას მეორედ აღარ ვიქმოდეთ. ერთის სიტყვით, თვით საქმით ვიყვნეთ ქრისტეანენი.

მეორედ, ვინაიდგან დღევანდელი დღე ცხადად გვაჩვენებს ჩვენ, ვითარ მოკლე არიან დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი, და თვითეული ჩვენგანი ერთითა ნაბიჯითა მიეახლა სიკვდილსა და საფლავსა, ვინაიდგან მოაკლდა ცხოვრებასა მისსა ერთი წელი, ამისათვის ვისურვებ და ვევედრები ღმერთსა, რათა დანაშთენი დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი მოგვახმაროს კეთილად და სულისა ჩვენისათვის სასარგებლოდ; რათა უქმად დროებას არავინ ატარებდეს, ქალები ლოტოს თამაშობითა. არ კარგავდენ დროებასა, არამედ მოახმარებდენ ოჯახსა თვისსა; რათა კაცები ქაღალდის თამაშობითა არ ღუპავდენ მრავალთა ჟამთა; ღამეს დღედ არ გარდააქცევდენ და დღეს ღამედ, ერთის სიტყვით, რათა ღმერთმან მადლითა თვისითა შეგვაგონოს, თუ ვითარ ძვირფასი არის კაცისათვის ყოველი წამი. ბოლოს ვისურვებ და მხურვალედ ვევედრები ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ ერთობა და სიყვარული რომელი არს ნიშანი, დამამტკიცებელი სულიერისა წარმატებისა, საუნჯე დაუფასებელი, გვირგვინი ქრისტიანობისა.

ახლა, ძმანო ჩემნო ყოვლად საყვარელნო, ვინაიდგან მე დაგლოცე თქვენ და ვისურვე თქვენთვის ყოველი, რაც ვიცოდი უმჯობესი, თქვენ გმართებთ დამლოცოთ მე და ისურვოთ ჩემთვის რაიმე კარგი. რა არის ჩემთვის საჭირო და რა უნდა ისურვოთ თქვენ ჩემთვის?

პირველად, ევედრენით ჩემთვის ღმერთსა, რათა მომცეს ძალი და მადლი კეთილად და ჯეროვნად ვემსახურო წმიდასა ეკკლესიასა, ესე იგი თქვენსა ცხოვრებასა, ვინაიდგან თქვენ და ჩვენ ყოველნი შევადგენთ ეკკლესიასა ღვთისასა. მეორედ ისურვეთ ჩემთვის, რათა სიტყვათა და დარიგებათა ჩემთა ჰქონდესთ კეთილი ნაყოფი და მოქმედება, რათა ყოველთა მსმენელთა ჩემთა იცნან, რა მსურს მე და რასა ვცდილობ. არიან ვიეთნიმე პირნი, რომელნი მემდურებიან მე სწავლისა და მხილებისა ჩემისათვის, არ მოსწონთ საქმენი ჩემნი; ევედრენით ღმერთსა, რათა სცნან ესე ვითართა პირთა, რომელ მე თანამდებ ვარ ისრე ვიქცეოდე, როგორც სჯული და სინიდისი მიბრძანებენ მე; შეიტყონ, რომელ მე თუ მხოლოდ ის ვქმენი და ის ვსთქვი, რაც მათ იამებათ. მეშინიან, პირველად, არ გამოვჩნდე ღვთის წინააღმდეგი და მეორედ მათიც მავნებელი და წარმაწყმედელი.

ბოლოს, საყვარელნო ძმანო, ერთობ ყოველნი მივიქცეთ მხურვალითა ვედრებითა მაცხოვრისადმი, რათა იყოს ჩვენდა შემწე და მფარველ განმავალობასა შინა ახლისა ამის წლისასა. თუმცა ცოდვილნი ვართ, მაცხოვარო ჩვენო! თუმცა არ ვასრულებთ ჯეროვნად შენთა მცნებათა; გარნა მაინც შენნი ვართ, შენსა სახელსა ვესავთ ძველითგანვე, ვითარცა წინაპარნი ჩვენნი, ეგრეთვე ჩვენ; ვითარცა იგინი დაიცევ მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა შორის ვიდრე აქომამდე და ქვეყანა ესე ჩვენი შეიყვანე მყუდროსა ნავთ-საყუდელსა შინა, ეგრეთვე ჩვენთვის იყავ შემწე და მფარველ უკუნისამდე. ამინ.



No comments:

Post a Comment