წმინდანთა ცხოვრება X. წმ. დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრება და მარტვილობა.

რომის უსჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს1 მეფობისას აღმოსავლეთში, ქალაქ ილიოპოლში2 ცხოვრობდა ერთი წარჩინებული, მდიდარი და სახელგანთქმული კაცი, სახელად დიოსკორე. წარმართი იყო მამა-პაპისეული სარწმუნოებით. ერთი ასული ესვა, სახელად ბარბარე. თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მხოლოდშობილსა და უდედოს, ცივ ნიავს არ აკარებდა. ბარბარე მოიზარდა და ისე დამშვენდა, რომ მთელს იმ ადგილებში მისდარი სილამაზისა არავინ მოიძებნებოდა. დიოსკორემ ასულს მაღალი კოშკი აუშენა და შიგ დარბაზები მოაწყობინა. იქ შეამწყვდია ქალი და საიმედო აღმზრდელები და მხევლები მიუჩინა. თავისი ასულის მშვენებას უბირი ხალხის თვალს არიდებდა, ბარბარეს სახე მათ საცქერლად არ ემეტებოდა, მისი სილამაზის ჭვრეტის ღირსნი არ არიანო.
_ ფიქრობდა. ყმაწვილი ქალი კოშკში ატარებდა დღეებს, საკრმლიდან უცქერდა ღვთის ზეციურ და მიწიერ ქმნილებებსციურ მნათობებსა თუ მიწის სამკაულებს, მზის ბრწყინვალებას, მთვარის მოვანებას და ვარსკვლავთა ციმციმს. ერთხელაც, ცის ცქერით დამტკბარმა თავის აღმზრდელებსა და მხევლებს ჰკითხა:
_ ვინ შექმნა ეს ცა?
მიწის მშვენიერებას როს დაუკვირდა _ მწვანით მოსილ ველებს, ტყეებსა და ბაღებს, მთებსა და მდინარეებს, კვლავ იკითხა:
_ ვისმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე?
_ ეს ყველაფერი ღმერთების ნახელავია. _ იყო პასუხი.
_ რომელი ღმერთებისა? _ იკითხა ქალწულმა.
_ აი, იმათი, მამაშენი რომ ეთაყვანება, აგერ, თავის სასახლეში ჰყავს დაბრძანებული: ოქროსი, ვერცხლისა და ხისა. მათ შექმნეს, რასაც თვალწინ ხედავ, _ უპასუხეს მათ.
პასუხი კი მოისმინა ქალწულმა, მაგრამ დაეჭვდა და გუნებაში გაიფიქრა:
მამაჩემი რომ ეთაყვანება, ის ღმერთები კაცთა ხელის ნახელავია: ოქროსი და ვერცხლისა ოქრომჭედელმა ჩამოასხა, ქვისა _ ქვისმთლელმა, ხისა _ დურგალმა. ნუთუ ამ ქმნილ ღმერთებს შეეძლოთ შეექმნათ ასეთი ნათელი, მაღალი ცა ანდა ამგვარი მშვენიერი მიწა, როცა თავად ხელ-ფეხსაც ვერ ატოკებენ?
ამგვარ ფიქრებში წასული ხშირად უცქერდა ცას, დღითა თუ ღამით და ქმნილების მიერ ცდილობდა შემოქმედის შეცნობას. ერთხელ, დიდხანს უჭვრეტდა ზეცას. იმის გაგების სურვილი კლავდა, თუ ვინ იყო ცის ამგვარი სიმაღლის, სივრცისა და სიკაშკაშის შემქმნელი, უცაბედად ღვთაებრივი მადლის ნათელი ჩაეღვარა გულში და გონების თვალები აუხილა ერთი, უხილავი, შეუცნობელი და მიუწვდომელი ღმერთის შესაცნობად, ქვეყნიერება სიბრძნით რომ შექმნა.
_ მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ის ღმერთი, _ ფიქრობდა ქალწული, _ ადამიანის ხელის ქმნილება კი არა, თვითმყოფი, რომლის ხელითაც შეიქმნა ეს ყველაფერი. მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ის, ვინც ცას სივრცე გარდაართხა, მიწას საფუძველი დაუმტკიცა და მთელს ქვეყნიერებას მზის ნათელით, მთვარის შუქითა და ვარსკვლავთა ციმციმით ანათებს, ქვემოთ მიწას კი ნაირგვარი ხეებითა და ყვავილებით ამკობს, მდინარეებითა და წყაროებით რწყავს. ერთი უნდა იყოს ღმერთი, რომელიც ყოველივეს მოიცავს, ყოველივეს სიცოცხლეს ანიჭებს და ყოველივეს განაგებს.
ასე განისწავლებოდა ყმაწვილი ბარბარე და ქმნილებიდან შემოქმედს შეიცნობდა. ახდა მასზე დავითის სიტყვები: ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.3 ფიქრებში წასული ქალწულის გულში ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლი აღეგზნო და მის სულს ღვთისკენ სწრაფვის ალი წაუკიდა. დღითა და ღამით მხოლოდ ერთი ზრახვით იყო შეპყრობილი, მხოლოდ ერთი სურდა: ქვეყნიერების შემოქმედ ღმერთზე ყველაფერი დანამდვილებით შეეტყო. კაცთა შორის ისეთი მასწავლებელი ვერ მოენახა, რომელიც წმიდა სარწმუნოების საიდუმლოებებს ფარდას აუხდიდა და ცხონების გზას მიასწავლიდა. მასთან ხომ მხევლების გარდა არავის შეეძლო შესვლა. მამამისს კოშკისთვის ფხიზელი მცველები მიეჩინა. მაგრამ ბარბარეს შინაგანი ზეგარდამო შთაგონებით თავად უბრძენესი მასწავლებელი და მოძღვარი _ სული წმიდა განსწავლიდა  თავის მადლისმიერ საიდუმლოებებში და მის გონებას ჭეშმარიტების ცნობას მიაახლებდა. ასე ცხოვრობდა ქალწული კოშკში, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა.4 ზეციურზე ფიქრობდა მხოლოდ ამსოფლიურის დამტევებელი. მიწიერი სიკეთეებისკენ არ ელტვოდა გული _ არც ოქროული უყვარდა, არც თვალ-მარგალიტი, არც ძვირფასი შესამოსელი იტაცებდა, არც ქალწულთა სამკაულები. არც ქორწინებაზე უფიქრია არასდროს. მთელი მისი გულისხმისყოფა მხოლოდ ღმერთს მოეცვა, მის სიყვარულს დაეტყვევებინა.
გათხოვების დროც მოუვიდა ბარბარეს. ბევრი მდიდარი, კეთილშობილი და წარჩინებული ჭაბუკი სთხოვდა მის ხელს მამამისს. ყური მოეკრათ, უჩვეულო სილამაზის ასული ჰყავსო დიოსკორეს. ერთხელაც მამა კოშკში ეწვია ქალიშვილს და ქორწინებაზე ჩამოუგდო სიტყვა. სხვადასხვა საუკეთესო საქმროებს უსახელებდა, ეკითხებოდა, რომელს გაჰყვები ცოლადო. მამის სიტყვები რომ მოისმინა, კეთილკრძალულ ასულს ღაწვები შეეფაკლა, გათხოვებაზე ფიქრიც კი ერცხვინებოდა, არათუ ამგვარი საუბარი. სასტიკ უარზე დადგა, არაფრით არ დაჰყვა მამის ნებას, არ ემეტებოდა სიწმიდის ყვავილის დაჭკნობა და ქალწულების ფასდაუდებელი მარგალიტის დაკარგვა. მამა არაფრით არ ეშვებოდა, ევედრებოდა, დამყაბულდიო, მაგრამ ბევრი უარობის შემდეგ ბარბარემ გადაჭრით გამოუცხადა:
_ მამაჩემო, თუკი ერთხელ მაინც დაძრავ კრინტს ამაზე და დაქორწინებას მაიძულებ, მამად აღარ გიგულებ, იცოდე, თავს მოვიკლავ და შენს მხოლოდშობილ ასულსაც დაკარგავ.
ამის გაგონებამ დიოსკორეს თავზარი დასცა. ქალწულის საყოფელიდან გამოვიდა და მას მერე ბარბარესთან ქორწინებაზე საუბარი აღარ გაუბავს. ფიქრობდა, სჯობს თავისი ნებით დაქორწინდეს, ვიდრე ძალა დავატანოო, თანაც ეიმედებოდა, დრო გავა და თავად მოეგება გონს _ გათხოვებას მოისურვებსო.
ცოტა ხანში გადაწყვიტა, შორს გავემგზავრები საქმეებზე, ბარბარესაც მოვენატრები და შორი გზიდან დაბრუნებულს უფრო ლმობიერად მომისმენს, ეგების დავითანხმოო. გამგზავრების წინ დიოსკორემ ბაღში, საბანელთან მდიდრული აბანოს აგება განიზრახა, რომელსაც სამხრეთისაკენ გაჭრილი ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა. ქალწულისთვის მიჩენილ მცველებს კი უბრძანა, ბარბარესთვის კოშკიდან გამოსვლა აღარ დაეშალათ, _ სადაც უნდა, იქ იაროს და რაც სურს, ის აკეთოსო. ფიქრობდა, ხალხში რომ გავა და ბევრ დანიშნულ ქალწულს გაიცნობს, ბევრსაც დაქორწინებულს, თვითონაც მოისურვებს გათხოვებასო.
დიოსკორე გაემგზავრა. ბარბარემ თავისუფლებით ისარგებლა, ხალხთან საუბარს არავინ უშლიდა და ვისაც სურდა, ყველას ებაასებოდა. ამასობაში რამდენიმე ქრისტიან ქალწულს დაუმეგობრდა და მათგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი. განიხარა მისმა სულმა და უფრო და უფრო მეტს ეკითხებოდა მეგობრებს. მათაც ქრისტეს შესახებ ყველაფერი უამბეს: მის ენითუთქმელ ღვთაებრიობაზე, ყოვლადწმიდა ქალწულისაგან მის ხორცშესხმასა და შობაზე, მის ნებსით ვნებასა და აღდგომაზე, ასევე მომავალ სამსჯავროზე, კერპთმსახურთა მარადიულ სატანჯველზე და სასუფეველში მორწმუნე ქრისტიანთა დაუსრულებელ ნეტარებაზე. უსმენდა ბარბარე მათ ნაუბარს და გულში სიტკბოება ეღვრებოდა, ქრისტეს სიყვარულითა და ნათლის-ღების სურვილით ენთებოდა. ისე მოხდა, რომ ამ დროს ილიოპოლს ერთი მღვდელი ეწვია ფარულად, ვაჭრის სამოსში გამოწყობილი. ბარბარემ შეიტყო თუ არა მისი ჩამოსვლის ამბავი, თავისთან მიიპატიჟა. ამ მღვდელმაც საიდუმლოდ განსწავლა, ყოველივეს შემოქმედი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი შეაცნობინა, უფალ იესო ქრისტეს რწმენაში დამოძღვრა, ასე დიდხანს რომ სწყუროდა ქალწულის სულს. წმიდა სარწმუნოების ყველა საიდუმლოება რომ გააცნო, მონათლა კიდეც მამის, ძის და სული წმიდის სახელით. მერე ისევ დამოძღვრა და თავის ქვეყანაში გაემგზავრა. ნათლისღებით განწმენდილ გულს უფრო მეტად მოედო ღვთის სიყვარულის ალი. დღედაღამ მარხვასა და ლოცვაში მოღვაწეობდა, უფალს ემსახურებოდა ასული. მასვე ეძლო _ აღთქმა დადო უბიწოდ შეენახა ქალწულება.
ამასობაში დიოსკორეს ბრძანებისამებრ ბაღში აბანო შენდებოდა. ერთხელ წმიდა ბარბარე კოშკიდან ჩამოვიდა და აბანოს მშენებელ ხუროებს გაესაუბრა:
_ მარტო ორი სარკმელი რად დაატანეთ ამ კედელში? განა არ სჯობს სამი გამოჭრათ? კედელიც გალამაზდება და აბანოც განათდება.
ხუროებმა მიუგეს:
_ მამაშენმა ასე გვიბრძანა, სამხრეთისაკენ ორი სარკმელი ამოჭერითო
ბარბარე დაჟინებით მოითხოვდა მესამე სარკმლის გაკეთებას, სამი სარკმელი ყოვლაწმიდა სამების სახედ სურდა ჩაეტანებინა კედელში. ხუროები უარზე იდგნენ, დიოსკორეს შიში ჰქონდათ. მაშინ ქალწულმა უთხრა:
_ თქვენს მაგივრად მამის წინაშე მე ვაგებ პასუხს, თქვენ კი ჩემი ბრძანება შეასრულეთ.
ხუროები დაჰყაბულდნენ და მისი სურვილისამებრ მესამე სარკმელიც ამოჭრეს. იქეთ საბანელიც იყო, რომელიც მარმარილოს ქვებით იყო მოპირკეთებული. ბარბარე ამ საბანელთან მივიდა და მარმარილოზე თითით ჯვარი გამოსახა. ჯვრის გამოსახულება ისე მკვეთრად ამოიტვიფრა ქვაზე, თითქოს რკინით ყოფილიყო ამოჭრილი. იქვე, ქვაზე, მისი ნაფეხურიც დაემჩნა. ამ ნაფეხურიდან წყარომ ამოხეთქა და შემდგომში მასზე მრავალი კურნება აღესრულა რწმენით მოსულთათვის.5
ერთხელაც ბარბარე მამამისის დარბაზებში დასეირნობდა და იქ მისი ღმერთები შენიშნა. უსულო კერპები საპატიო ადგილას დაებრძანებინათ. ქალწულმა ამოიოხრა, კერპთმსახურების წარწყმედა დაუდგა თვალწინ. მივიდა, ღმერთებს სახეში შეანერწყვა  და მიაძახა:
_ გემსგავსნენ თქვენ მოქმედნი თქვენნი და ყოველნი, რომელნი გესვენ თქვენ.6
მერე კოშკში ავიდა და ისევ ლოცვასა და მარხვას მიეცა ჩვეულებისამებრ, ღვთისჭვრეტაში ჩაიძირა გონებით.
ამასობაში მამამისიც დაბრუნდა. ახლადაშენებული აბანო რომ მოინახულა, სამი სარკმელი შენიშნა, მსახურებსა და ხუროებს რისხვა დაატეხა თავს, რად არ დამიჯერეთ და ორის მაგივრად სამი სარკმელი რად ამოჭერითო?
_ ჩვენი ნებით არ გაგვიკეთებია, თქვენმა ასულმა გვიბრძანა სამი სარკმლის ამოჭრა. _ უპასუხეს მათ.
დიოსკორემ მაშინვე იხმო ბარბარე და ჰკითხა:
_ რად უბრძანე, აბანოში მესამე სარკმელი ამოეღოთ?
ქალწულმა მიუგო:
_ ორს სამი სჯობს. ვფიქრობ, მამაჩემო, აბანოს გასანათებლად ორი საკრმლის გაკეთება ცის ორი მნათობის _ მზისა და მთვარის7 სახედ უბრძანე. მე კი მესამეც ამოვაჭრევინე სამბრწყინვალე ნათლის ხატად, რადგან მიუწვდომელ, გამოუთქმელ, ჩაუსვენებელ და დაუბნელებელ სამბრწყინვალე ნათელს სამი სარკმელი8 აქვს. იგი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.
მამა შეაშფოთა ქალიშვილის უჩვეულო სიტყვებმა, მისთვის ახალმა და გაუგებარმა. საბანელის იმ ადგილს რომ მიუახლოვდნენ, სადაც ბარბარეს თითით ჯვარი იყო აღბეჭდილი, დიოსკორემ ჰკითხა (თუმცა ჯერ ჯვარი არ შეემჩნია):
_ აბა რას ამბობ? როგორ უნდა განანათლოს სამი სარკმლის შუქმა ყოველი კაცი?
ასულმა მიუგო:
_ ყურადღებით მომისმინე, მამაჩემო, და გულისხმა-ყავ, რასაც გეუბნები: მამა, ძე და სული წმიდა მიუწვდომელ ნათელში მცხოვრები ერთიანი სამების სამი სახეა. ის განანათლებს და აცხოველებს ყოველ სულს. ამიტომაც ვბრძანე აბანოში სამი სარკმლის ამოჭრა, რომ ერთი მამას განასახიერებდეს, მეორე _ ძეს, მესამე კი _ სული წმიდას, რათა კედლებმაც კი ადიდონ წმიდა სამების სახელი.
ამ სიტყვების თქმა იყო და მარმარილოზე გამოსახულ ჯვარზე მიუთითა. მერე დაუმატა:
_ აი, ძე ღვთისას ნიშანიც ამოვტვიფრე. მამის კურთხევითა და სული წმიდის მოქმედებით რომ განკაცდა ყოვლადწმიდა ქალწულისაგან კაცთა საცხოვნებლად, ნებსით ივნო ჯვარზე, რომლის გამოსახულებასაც ხედავ. ჯვარი აქ იმად გამოვკვეთე, რომ მისმა ძალამ ამ ადგილიდან დემონები გააძევოს.
კიდევ ბევრს ესაუბრებოდა ყოვლადწმიდა სამებაზე ბრძენი ასული გულქვა მამამისს, ქრისტეს განხორციელებასა და ვნებაზე, ჯვრის ძალასა და სხვა საიდუმლოებებზე მოუთხრობდა, მაგრამ ვერაფერი შეასმინა, მისი რისხვა კი დაიტეხა თავს.
დიოსკორემ ბრაზისაგან გონი დაჰკარგა, შვილისადმი ბუნებითი სიყვარულიც დაივიწყა, მახვილი იძრო და მოსაკლავად დაეძგერა ასულს. ბარბარე გაიქცა.  ხმალამოწვდილი მამა კი მგელივით გაედევნა უკან. სადაცაა დაეწეოდა კიდეც ქრისტეს უბიწო კრავს, როცა ბარბარეს წინ უეცრად ქვის კლდე გადაეღობა. წმიდანმა აღარ იცოდა, სად გაქცეოდა მამის ხელს, მტარვალის ხელად რომ ექცა. მხოლოდ ერთი თავშესაფარი მოეძევებოდა _ ღმერთი. ქალწულმაც სულიერი და ხორციელი თვალები ზეცად აღაპყრო და უფალს შესთხოვა შემწეობა. მაღალმა ღმერთმა მყისვე მოჰხედა თავის მხევალს და მფარველი კალთა გადააფარა: როგორ ოდესღაც პირველმოწამე თეკლას წინ მდგარი მთა გააპო, ახლაც გააღებინა პირი ქვის კლდეს, ბარბარე კლდის ნაპრალში შეძვრა და კლდემაც მაშინვე დაიყო პირი. ქალწულს კლდის მწვერვალისაკენ გაეხსნა გზა. იქ ავიდა და ერთ-ერთ გამოქვაბულში დაიმალა. სასტიკ დიოსკორეს ქალიშვილი თვალიდან დაეკარგა. გაოცდა, ვერაფერი გაეგო, სად გაქრა ბარბარე და დიდხანს გულდასმით ეძებდა. კლდეს გარშემო რომ უვლიდა, ორი მწყემსი დაინახა, ფარას მწყემსავდნენ. მწყემსებს შენიშნული ჰყავდათ წმიდა ბარბარე. დიოსკორე მიუახლოვდა მათ და ჰკითხა, გაქცეული ქალი ხომ არ გიხილავთო. ერთი მწყემსი გულისხმიერი კაცი იყო, გამძვინვარებულ მამას ქალწულის ადგილსამყოფელი არ გაუმხილა და იუარა:
_ არა, არ მინახავსო.
მეორემ კი მდუმარედ მიუთითა იმ გამოქვაბულზე, სადაც წმიდა ქალწული იმალებოდა. დიოსკორე სასწრაფოდ იქითკენ გაეშურა, ბოროტ მწყემსს კი იმწამსვე ღვთის სასჯელი ეწია: ქვის ბოძად გადაიქცა, მისი ცხვრები კი _ კალიებად.
დიოსკორემ ქალი გამოქვაბულში იპოვა და სასტიკი ცემა დაუწყო. მიწაზე დაგდებულს ფეხებით დასთრგუნავდა. მერე თმებში სტაცა ხელი და სახლში წაათრია. იქ ერთ ვიწრო ბნელ ქოხში შეამწყვდია, კარ-ფანჯარა გამოუკეტა, კლიტე დაადო და მცველები დაუყენა. შიმშილითა და წყურვილით კლავდა ერთ დროს საყვარელ ასულს. შემდეგ იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან გაეშურა და თავის ქალზე უამბო _ ღმერთები უარყო და ჯვარცმულის ირწმუნაო. მამა მმართველს სთხოვდა, ტანჯვის მუქარით ისევ ჩემს რწმენაზე აიძულე დაბრუნებაო. ბარბარე პატიმრობიდან გამოიყვანა, მმართველს მიუყვანა და უთხრა:
_ ჩემი ღმერთების უარყოფისთვის უარს ვამბობ ამის მამობაზე, თუკი ისევ არ მოიქცევა და მათ პატივს არ მიაგებს, ჩემს ასულად აღარ ჩავთვლი. როგორც გენებოს, ისე ტანჯე, ძლიერო მმართველო!
მმართველი ქალწულის უბადლო მშვენებით მოიხიბლა და დაუმშვიდდა, დაუტკბა, სილამაზესა და კეთილშობილებას უქებდა, შეაგონებდა, ძველ მამა-პაპისეულ სჯულს ნუ უღალატებ და მამის ნებას დაჰყევიო _ ღმერთებს მსხვერპლი შესწირე, წინ ნუ აღუდგები მშობელს, რათა მთელი მისი ქონება მემკვიდრეობით გერგოსო.
წმიდა ბარბარემ ბრძნული სიტყვებით განაქიქა წარმართი ღმერთები, აღიარა და ადიდა იესო ქრისტეს სახელი, ყოველივე მიწიერი ამაოების, სიმდიდრისა და ამსოფლიური შვების უარმყოფელი ქალწული მხოლოდ ზეციურ სიკეთეებს ესწრაფოდა. მმართველი ისევ შეეცადა დაერწმუნებინა, ნუ არცხვენ გვარიშვილობას, ასე გაფურჩქნილ სიყმაწვილეს მიწაში ნუ ჩასდებო. ბოლოს დასძინა:
_ თავი შეიბრალე, მშვენიერო ქალწულო, ისწრაფე და ერთად შევწიროთ ღმერთებს გულითადი მსხვერპლი. ხედავ, რა მოწყალედ გიყურებ, დაგინდო, მინდა, ტანჯვისა და ჭრილობებისთვის მენანება ემაგ სილამაზე. მაგრამ თუკი არ დამმორჩილდები, უკვე მაიძულებ, ჩემდაუნებურად სასტიკად გტანჯო.
ამაზე წმიდა ბარბარემ მიუგო:
_ ჩემს ღმერთს მარადჟამ ქების მსხვერპლს ვწირავ და თავადაც მას მინდა ვემსხვერპლო, რადგან ისაა ჭეშმარიტი ღმერთი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი, შენი ღმერთები კი არარაობაა. არაფერი შეუქმნიათ უსულოებსა და უმოქმედოებს, ადამიანის ხელის ქმნილებანი არიან მხოლოდ. ღვთის წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ: კერპნი წარმართთანი ოქროБსანი და ვერცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი... ხოლო უფალმან ცანი შექმნა.9 ეს სიტყვები შემიცნობია და ერთი ღმერთი მიწამებია, ყოველივეს შემოქმედი. თქვენს ღმერთებზე კი მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: ცრუნი არიან და ამაოა მათზე თქვენი სასოება.
რისხვით აღავსო მმართველი ბარბარეს სიტყვებმა და ბრძანა, ახლავე გააშიშვლეთო ქალწული. ეს პირველი სატანჯველი _ კაცთა თვალწინ შიშვლად დაყენება, ასე ურცხვად რომ მისჩერებოდნენ ქალწულის სხეულს, ჭრილობებზე მეტად მწველი აღმოჩნდა კეთილკრძალული და უბიწო ბარბარესათვის. ამის შემდეგ მტარვალმა მიწაზე დააწვენინა მარტვილი და ხარის შოლტებით ისე ძლიერ აცემინა, რომ მისი სისხლით მეწამულად შეიღება მიწა. გვემა რომ შეწყვიტეს, მახვილი კრამიტებით ჭრილობები დაუსრისეს ტანჯვის გასაძლიერებლად. თუმცა ამ წამებას, მძლავრი ქარიშხალივით რომ ეკვეთა ყმაწვილი და სუსტი ქალწულის სხეულის ტაძარს, არც კი შეუძრავს მტკიცე რწმენით აღვსილი ბარბარე, რწმენა ხომ კლდეზე დაეშენებინა _ იესო ქრისტეზე, სიხარულით ითმენდა მისთვის ამგვარ მძიმე ვნებას.
მტარვალმა საპყრობილეში ჩააგდებინა ნაგვემი ბარბარე, სანამ ახალ, უმძიმეს სატანჯველს მოუმზადებდა: დილეგში გამომწყვდეულ მარტვილს სული ძლივსღა ედგა ტანჯვისაგან, მაინც არ შეუწყვეტია ლოცვა, ცრემლებით ევედრებოდა საყვარელ სასიძოს, არ დამიტევოო ამ მძიმე განსაცდელის ჟამს. დავითის სიტყვებს გალობდა: ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო.10 ლოცვაზე მდგარს შუაღამისას უეცრად დიდებული ნათელი მოეფინა. შიშმა და სიხარულმა შეძრა წმიდანის გული. უხრწნელი სიძე მობრძანდებოდა სასძლოს მოსახილად. და აი, ბარბარეს თავად დიდების მეუფე მიეახლა, გამოუთქმელი დიდებით მოცული. უფლის ხილვამ გაახარა მარტვილის სული, გულს სიტკბოება ჩაეღვარა. უფალმა სიყვარულით აღვსილი მზერა მიაპყრო ქალწულს და უტკბესი ბაგენი აღაღო:
_ გამხნევდი, ჩემო სასძლოვ, ნუ იშიშებ, შენს გვერდით მიგულე. მე დაგიფარავ, შენს ღვაწლზე მოვიხილავ და სალმობას შეგიმსუბუქებ. საუკუნო ჯილდოს გიმზადებ ამ ტანჯვისათვის ზეციურ სასახლეში. ბოლომდე დაითმინე, რათა დაუსრულებელი სიკეთეებით მალე დატკბე ჩემს სასუფეველში.
უფლის სიტყვების მოსმენამ ცვილივით დაადნო ღმერთთან შეერთების სურვილით ანთებული წმიდა ბარბარე, ღვთაებრივმა სიყვარულმა მოდიდებულ მდინარესავით წაულეკა გული. ტკბილმა იესომ საყვარელ სასძლოს სიმშვიდე მიჰფინა, სიყვარულის სალბუნი დაადო და ჭრილობები განუკურნა. ნაიარევიც აღარსად ეტყობოდა ქალწულის სხეულს. უფალი გაუჩინარდა და ენითუთქმელი სიხარულით მოცული დატოვა მარტვილი. ისე იჯდა დილეგში, თითქოს ზეცაში დაფრინავსო, სერაფიმებს ემსგავსა უფლის სიყვარულით აგიზგიზებული გულით, ბაგეებითაც მასვე აღუვლენდა დიდებას, ჰმადლობდა, რომ არ დამიტევე  შენი მხევალი და მინახულეო შენი სახელისათვის ტანჯული.
იმ ქალაქში ერთი ქალი ცხოვრობდა, სახელად იულიანია, ქრისტეს მორწმუნე და ღვთისმოშიში. იულიანია შორიდან უთვალთვალებდა მტარვალის კლანჭებში ჩავარდნილ წმიდა ბარბარეს, მის ტანჯვასაც უცქერდა და როდესაც წმიდანი დილეგში ჩააგდეს, მისი საკნის სარკმელთან მივიდა. ის აკვირვებდა, როგორ მოიძულაო ასეთმა ყმაწვილმა და მშვენიერმა ქალმა მამაც, სანათესაოც, სიმდიდრეც, ამსოფლიური კეთილდღეობაც, სიცოცხლეც არ დაიშურა და მთელი გულით ქრისტეს შეეწირა. სარკმლიდან დაინახა, როგორ განკურნა ქრისტემ მარტვილი და ისიც უფლისთვის ვნების სურვილმა მოიცვა. ამ ღვაწლისთვის მზადება დაიწყო, ღვაწლისმდებელ უფალს ევედრებოდა, მეც მომივლინე თმენის უნარი სატანჯველშიო. დილა გათენდა და წმიდა ბარბარეც გამოიყვანეს დილეგიდან უსჯულო სამსჯავროზე წარსადგენად. იულიანია შორით მისდევდა. წმიდანი მმართველის წინაშე წარსდგა. ყველა სახტად დარჩა: ქალწული სავსებით მრთელი იყო, გასხივოსნებული სახეს უფრო მომატებოდა სილამაზე, სხეულზე ერთი ნაიარევიც არ ეტყობოდა.
მმართველმა იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და უთხრა:
_ ხედავ, ქალწულო, ჩვენი ღმერთები როგორ ზრუნავენ შენზე? გუშინ საშინლად იყავი დაგლეჯილი და ტანჯვისაგან სული გხდებოდა, ახლა კი სრულიად განგკურნეს და სიმრთელე მოგანიჭეს. მოდი, მადლიერება გამოიჩინე ასეთი მოწყალებისათვის _ დაეგე და მსხვერპლი შესწირე მათ.
_ აბა რას ამბობ, მმართველო, _ მიუგო ბარბარემ, _ შენი ღმერთები როგორ განმკურნავდნენ, თავად ბრმანი, უტყვნი და უგრძნობნი? მათ არც ბრმის თვალის ახელა ძალუძთ,არც უტყვთა ამეტყველება, არც ყრუთათვის სმენის დაბრუნება, არც მკელობელთა გამრთელება, არ შეუძლიათ სნეულთა განკურნება, არც მკვდართა აღდგინება. მაშ, როგორღა შეეძლოთ ჩემთვის სიმრთელე მოენიჭებინათ, რისთვის უნდა ვცე თაყვანი? მე იესო ქრისტემ განმკურნა, ჩემმა ღმერთმა, ყოველთა სნეულთა მკურნალმა, მკვდართათვის სიცოცხლის მომნიჭებელმა. მხოლოდ მას ვეთაყვანები მადლიერებით და ტარიგადაც შევეწირები. შენი გონება დახშული და დაბრმობილია, ამიტომაც არ ძალგიძს ამ ღვთაებრივი მკურნალის ხილვა. არ ხარ ღირსი.
ამ სიტყვებმა ძლიერ განარისხა მმართველი. ბრძანა, მარტვილი ხეზე ჩამოკიდეთ და სხეული რკინის ბრჭყალებით დაუგლიჯეთო, თეძოებზე ანთებული სანთლები წაუკიდეთ და თავში ურო ურტყითო. წმიდა ბარბარე მხნედ დაითმენდა ვნებას, თუმცა ასეთი სატანჯველი ასეთ ყმაწვილქალს კი არა, ძლიერ მამაკაცსაც სულს გააფრთხობინებდა. მაგრამ ღვთის კრავს ღვთის ძალა განამტკიცებდა უხილავად. მაცქერალი ხალხის ბრბოში იდგა იულიანიაც. მარტვილის სასტიკი ტანჯვის ცქერას ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა აქვითინდა. მოშურნეობით აღვსილმა ხმა აღიმაღლა და უმოწყალო მმართველის მხილებას მოჰყვა, თან წარმართთა ღმერთებს გმობდა. მაშინვე ხელი სტაცეს ქალს და ჰკითხეს, რა რწმენისა ხარო, იულიანიამაც იქვე აღიარა _ ქრისტიანი ვარო. მტარვალმა ისიც ბარბარეს გვერდით ჩამოაკიდინა და ისეთივე სატანჯველს მისცა. წმიდა ბარბარემ ეს რომ იხილა, თავად ტანჯულმა ცისკენ აღიხილა თვალები და ღმერთს შეევედრა: კაცთა გულების განმცდელო უფალო, უწყი, შენ რომ გიძღვენი თავი და მსხვერპლად შეგეწირე, შენს ყოვლადძლიერ მარჯვენას მივანდე თავი შენკენ მოსწრაფემ, შენი წმიდა მცნებების მოყვარულმა. ნუ დამიტევებ, უფალო, ნურც ჩემს თანამოწამე იულიანას მოაკლებ შეწევნას, მოწყალედ მოიხილე და ორივენი განგვამტკიცე, ძალა მოგვეცი ჭეშმარიტი ღვაწლის აღსასრულებლად: სული გულსმოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ.11
ასე ლოცულობდა მარტვილი. ზეციურმა შგემწეობამაც არ დაახანა: დათმენის ძალა უხილავად ეძლეოდათ ტანჯულებს. მტარვალმა ორთავეს ძუძუები დააჭრა. ტანჯვა გაუასკეცდათ მოწამეებს. წმიდა ბარბარემ კვლავ თავის მკურნალსა და განმამრთელებელს შეჰღაღადა: ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.12
სატანჯველი რომ დაასრულეს, მმართველმა წმიდა იულიანია დილეგში ჩააგდებინა, წმიდა ბარბარე კი მეტი უპატიობისთვის გაიმეტა: ქალაქში შიშველი უნდა ჩაეტარებინათ ცემითა და დაცინვით. სამოსივით დაფარა წმიდა ქალწული სირცხვილის ალმა. კვლავ შეჰღაღადა თავის სასიძოს:
_ ღმერთო, შენ მოსავ ცას ღრუბლებით, შენ ახვევ მიწას  ბნელის საფარველში, შენ დაფარე, მეუფეო, ჩემი სიშიშვლე, უსჯულო თვალებს ნუ აცქერინებ ჩემს სხეულს, რათა ბოლომდე არ გაიკიცხოს შენი მხევალი!
უფალი ანგელოზებთან ერთად მაღლიდან მოიხილავდა თავის მხევალზე. შეწევნა მსწრაფლ ეწია წმიდანს. ნათლით შემოსილმა ანგელოზმა სპეტაკი სამოსი გადააფარა და უსჯულოებმა ვეღარ იხილეს ქალწულის სიშიშვლე. წმიდანი მტარვალთან დააბრუნეს. ახლა წმიდა იულიანას შემოაძარცვეს სამოსი და შიშველი გაატარეს ქალაქში. ბოლოს მტარვალი დარწმუნდა ქრისტეს სიყვარულს ვერ განვაშორებო მარტვილებს და საბოლოო განაჩენი გამოუტანა: თავის მოკვეთა მიუსაჯა.
ბარბარეს გულქვა მამა ისე გაესასტიკებინა დემონს, შვილის ტანჯვის მაცქერალი იოტისოდენადაც არ წუხდა. მეტიც, მისი ჯალათობაც კი მოისურვა უსირცხვილომ. ხმალამოწვდილმა ხელი სტაცა ქალწულს და თავად წაიყვანა სასჯელის ადგილას. ორივე ქალისათვის თავები ქალაქგარეთ, ერთ-ერთ მთაზე უნდა მოეკვეთათ. იულიანია მეომარს მიჰყავდა, ბარბარე _ მამას. გზად ასე ლოცულობდა მარტვილი:
_ დაუსაბამო უფალო, შენ გარდაარხთენ ცანი, ვითარცა კარავნი, შენ დაამტკიცე ქვეყანა წყალთა ზედა, შენი `მზე ამოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, წვიმს მართალა ზედა და ცრუთა.14 შენ შეგივრდები, ისმინე ჩემი, მეუფეო, და შენი მადლი მოჰფინე ყველას, ვინც ჩემს ტანჯვას მოიხსენებს, დაე, ნუ ეწევა უეცარი სალმობა, დაე ნუ მოსრავს უცაბედი სიკვდილი. შენ ხომ უწყი, უფალო, _ სისხლი და ხორცნი ვართ, შენი ხელის ქმნილებანი.
ლოცვის ჟამს ზეციდან ხმა ისმა, ზეციურ ქალაქში უხმობდა მარტვილებს და თხოვნის აღსრულებას ჰპირდებოდა. ასე მიდიოდა სიკვდილზე ორი მოწამე _ ბარბარე და იულიანია. სიხარულით აღვსილებს ხორცის განძარცვა ეჩქარებოდათ, რათა უფალს მიახლებოდნენ. დანიშნულ ადგილს რომ მიაღწიეს, ღვთის კრავმა  ბარბარემ თავი მოუდრიკა მახვილს და უგულო მამის ხელით მოიკლა. აღესრულა წერილის სიტყვები: `ხოლო მისცეს სიკვდილად ... მამამან შვილი.15 წმიდა იულიანიას მხედარმა წარკვეთა თავი. ასე აღასრულეს მარტვილებმა თავიანთი ღვაწლი16 და მათი წმიდა სულები სიხარულით მიეახლნენ ქრისტეს. ანგელოზთა თანხლებით სიყვარულით მიიღო მეუფემ. დიოსკორესა და მარკიანეს კი ღვთის უცაბედი სასჯელი ეწიათ. _ ზეციდან საშინელი ცეცხლი გარდამოხდა და ორივე ნაცარტუტად აქცია.
იმ ქალაქში ერთი კეთილმსახური კაცი ცხოვრობდა, სახელად გალენტიანე. მან აიღო წმიდა მოწამეთა პატიოსანი ნაწილები, ქალაქში შეაბრძანა და პატივით დაკრძალა. მათ თავზე ეკლესია ააშენა, სადაც  წმიდა მოწამეთა ნაწილებიდან მრავალი კურნება აღესრულებოდა მადლითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ერთარსება სამებისა, რომელსა შვენის დიდება უკუნისამდე, ამინ!



 შენიშვნები:

1. იგულისხმება მაქსიმიანე გალერიუსი. იმპერატორ დიოკლეტიანეს სიძე და თანამმართველი რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, შემდეგ კი მისი მემკვიდრე 305-311 წწ.
2. იგულისხმება ფინიკიის ილიოპოლი _ პალესტინის ჩრდილოეთით, კელესირიაში მდებარე ქალაქი, დღევანდელი აზიური თურქეთის სირიულ ოლქში. ძველ დროს წარმართული ფინიკიური ღმერთის _ ბაალის თაყვანისცემის მთავარ ადგილად ითვლებოდა და მთელი აღმოსავლური წარმართობის ცენტრალურ პუნქტად. IV -ში ქრისტიანობის ოაზისად იქცა. შემდგომში ეს ქალაქი თანდათანობით დაინგრა.
3. ფს. 142,5.
4. ფს. 101,8.
57 ეს სამსარკმლიანი აბანო, ეს მარმარილოს ფილა ჯვრის გამოსახულებით და წმიდა ბარბარეს ნაფეხურიც _ ყველაფერი სვიმეონ მეტაფრასის დრომდე შემონახულა, რომელმაც იოანე დამასკელის შემდგომ აღწერა წმიდა ბარბარეს ცხოვრება. თავის ისტორიაში ასე მოგვითხრობს: `დღემდე არსებობს ეს წყარო, ქრისტესმოყვარეების ყოველნაირ სალმობათაგან განმკურნებელი. არ იცრუებს, თუკი ვინმე მას იორდანეს ტალღებს შეადარებს ანდა სილოამის საბანელს, რადგან ამ წყაროში იმდენივე სასწაულს აღასრულებს ქრისტეს ძალა~.
6. შდრ. ფს. 113,16.
7. ფინიკიელები ძირითადად ცის მნათობებს აღმერთებდნენ. მთავარ ღვთაებებად მიიჩნევდნენ ბაალს ანუ მოლოქს, რომლის სახეშიც მზეს სცემდნენ თაყვანს, და ასტარტას, რომელიც მთვარის ღვთაებად ითვლებოდა.
8. იგულისხმება ყოვლადწმიდა სამების სამი პირი, ანუ ჰიპოსტასი.
9. ფს. 113,12; 95,5.
10. ფს. 37, 21-22.
11. მათე 26,41, მრ. 14,38.
12. ფს. 50,11.
13. ფს. 146,8, იობ, 38,9.
14. ფს. 103,2; 135,6; მთ. 4,45.
15. მრ. 13,12; მთ. 10,21.
16. ეს მოხდა  306 .

"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ. 
გამომცემლობა   -  ©  "ორთოდოქსი" .

მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.

No comments:

Post a Comment