წმინდანთა ცხოვრება IX. წმ. დიდმოწამე ეკატერინეს ცხოვრება და მარტვილობა.

რომის უსჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს1 მეფობისას ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა  ერთი ქალწული, სამეფო გვარის შთამომავალი,2 სახელად ეკატერინე, აუწერელი  სილამაზითა და გასაოცარი სიბრძნით გამორჩეული. თვრამეტი წლისას უკვე საფუძვლიანად  შეესწავლა ყველა წარმართი მწერლისა თუ უძველესი პოეტებისა და ფილოსოფოსების  თხზულებანი: ჰომეროსის, ვირგილიუსის, არისტოტელეს, პლატონისა და სხვათა. უძველეს  ბრძენთა ნაშრომების გარდა ქალწული ცნობილი ექიმების ნაწერებსაც ეცნობოდაასკლეპიოსის, ჰიპოკრატეს, ჰალენისას. რიტორთა და დიალექტიკოსთა ხელოვნების სკოლაც  გაეარა ასულს, ბევრი ენა და დიალექტი იცოდა. ყველას აოცებდა მისი ცოდნა და  განსწავლულობა. ბევრი მდიდარი და წარჩინებული საქმრო ეძლეოდა, ბევრი სთხოვდა მის  ხელს დედამისს, ფარულ ქრისტიანს, რომელიც მაქსიმიანეს შიშით მალავდა თავის  სარწმუნოებას.
დედასაც და ნათესავებსაც ეკატერინეს გათხოვება სურდათ, რათა მამამისის სამეფო მემკვიდრეობა უცხოს არ რგებოდა წილად და ისინიც საბოლოოდ არ გამოთხოვებოდნენ სამეფო საგვარეულოს. მაგრამ ბრძენმა ქალწულმა გულში მტკიცედ გადაწყვიტა, სიცოცხლის  ბოლომდე ქალწულების სიწმინდე დაეცვა და ქორწინებაზე არასგზით არ თანხმდებოდაროცა ნათესავებმა ქორწინებაზე საუბრით შეაღონეს, უთხრა:
_ ჩემი გათხოვება თუ გსურთ, ისეთი ჭაბუკი მოიძიეთ, რომელიც იმ ოთხივე ღირსებას ფლობდეს, რომლებითაც მე სხვა ქალწულებს ვჯობნი. აი, მაშინ კი დაგთანხმდებით. არ მსურს, ისეთ კაცზე დავქორწინდე, რომელიც რამეთი ჩამომრჩება. ასეყველგან ეძიეთ, ეგებ ისეთი ყმაწვილკაცი იპოვოთ, რომელიც გვარიშვილობითსიმდიდრით, სილამაზითა და სიბრძნით დამედარება. მაგრამ თუ რომელიმე ღირსება  აკლდება, ჩემს ღირსად არ ვყოფ.
ეკატერინეს სახლეულობა მიხვდა, რომ ასეთი ყმაწვილის მოძიება შეუძლებელი იყო. მეფისწულები და სხვა წარჩინებული ოჯახისშვილები შესაძლოა მასთან ქორწინებით კიდევ  მეტად გაკეთილშობილებულიყვნენ და გამდიდრებულიყვნენ, მაგრამ სილამაზითა და სიბრძნით მისი დარი არავინ ეგულებოდათ. ეკატერინე კი თავსაზე იდგა:
_ სიბრძნითა და განსწავლულობით მხოლოდ ჩემი ტოლი და სწორი მსურს მეუღლედო. _ ამბობდა.
დედამ ქალიშვილის შეუვალი ნება რომ ვერ მოდრიკა, გადაწყვიტა, კიდევ ერთი ხერხი ეცადა და ეკატერინე თავის სულიერ მამასთან წაიყვანა. ეს იყო კეთილმსახური და  წმიდა კაცი, რომელიც ქალაქგარეთ შეფარულად ცხოვრობდა. ბერმა ასეთი მშვენიერი  ქალწულის ბრძნული და მოკრძალებული საუბარი რომ მოისმინა, ჩაიფიქრა, ზეციურ მეუფეს  _ ქრისტეს შევაცნობინებო.
_ მე ვიცი ერთი საკვირველი ჭაბუკი, _ უთხრა მან ქალწულს, _ რომელიც უეჭველად გჯობნის ყველა ღირსებით. მისი სილამაზე მზის შუქზე უნათლესია, მისი სიბრძნე  განაგებს ყველა მშვინვიერ თუ სულიერ ქმნილებას, მისი გამოულეველი საგანძურის სიმდიდრე მთელ ქვეყნიერებაზეა განფენილი, და რაც მეტი გაიცემა, მით უფრო მატულობს; ენითუთქმელი და მიუწვდომელია მისი წარმომავლობა. არავინაა ამქვეყნად მისი სადარი.
ეკატერინემ ბერს მოუსმინა, იფიქრა, ვიღაც ხორციელ მთავარზე მიყვებაო, აღელდაფერი ეცვალა და ბერს ჰკითხა, _ მართალი კია, რასაც მეუბნებიო?
_ სრული სიმართლეა, _ მიუგო ბერმა და ისიც დასძინა, რომ ეს ჭაბუკი სხვა უმეტეს ღირსებებსაც ფლობს, მაგრამ მათი აღრაცხვა შეუძლებელიაო.
ქალწული ჩაეკითხა:
_ ვისი ძეა შენი ნაქები ჭაბუკი?
_ მას არა ჰყავს მამა ამქვეყნად, ენითუთქმელად და ზებუნებრივად შობა იგი ერთმა  უპატიოსნესი გვარის ყოვლადწმიდა და ყოვლადუბიწო ქალწულმა. ამ ქალბატონს ასეთი ძის დედობა  თავისი სიწმიდისა და უბიწოებისათვის ეღირსა. სულითა და ხორცით  უკვდავი ცათა ზე იქნა აღტაცებული. იქ წმიდა ანგელოზები ეთაყვანებიან, როგორც  ქმნილებათა დედოფალს.
ეკატერინე ბერს აღარ ეშვებოდა:
_ შეიძლება ის ჭაბუკი ვიხილო, ამდენ საოცრებას რომ მომითხრობ მასზე?
_ თუკი რასაც გეტყვი, შეასრულებ, მაშინ ღირსი შეიქნები, მისი ყოვლადწმიდა პირი  იხილო. _ მიუგო ბერმა.
_ ვხედავ, გონიერი კაცი ხარ და საპატიო ბერი, ამიტომაც მრწამს, რომ სიმართლეს  მეუბნები. რასაც მიბრძანებ, ყველაფრის შესასრულებლად მზად ვარ, ოღონდაც ის  ვიხილო, ვისაც ამგვარ ქება-დიდებას ასხამ, _ დაჰყაბულდა ეკატერინე.
მაშინ ბერმა ქალწულს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა. ყოვლაწმიდა  ღვთაებრივი ყრმით ხელში იყო გამოსახული.
_ აი, მისი ქალწული დედის ხატი, _ უთხრა, _ ასე ბევრი საოცრება რომ მოგითხრეწაიღე სახლში, შენს ოთახში ჩაიკეტე და მოწიწებით ილოცე მის მიმართ მთელი გულითმას მარიამი ჰქვია. ევედრე, რათა ინებოს და თავისი ძე გახილვინოს. ვსასოებ, რომ თუკი რწმენით შესთხოვ, გადმოგხედავს და გაღირსებს მის ხილვას, ვისკენაც ასე მიგელტვის სული.
ქალწულმა ხატი აიღო და სახლში დაბრუნდა. დაღამდა. ეკატერინე ოთახში განმარტოვდა და ბერის დარიგებისამებრ ლოცვა დაიწყო. დიდხანს იდგა მუხლმოყრილი. ბოლოს ლოცვით  მოქანცულს ჩასთვლიმა. ზეციური დედოფალი მართლაც გამოეცხადა, ისე, როგორც ხატზე  იყო გამოსახული _ ხელში შარავანდედით მოსილი წმიდა ყრმა ეჭირა. ეკატერინე ყრმის  სახეს ვერ ხედავდა, რადგან მან ზურგი აქცია და დედისაკენ შეტრიალდა. ქალწული ყრმის სახის დანახვას ცდილობდა, ამიტომ მეორე მხრიდან მოუარა, მაგრამ ქრისტემ კვლავ  იბრუნა პირი. ეს სამჯერ განმეორდა. ეკატერინემ გაიგონა, როგორ ეუბნებოდა  ღვთისმშობელი თავის ძეს:
_ შვილო ჩემო, მოხედე შენს მხევალ ეკატერინეს, ნახე, რა ლამაზია, რა  კეთილსახოვანი.
ღვთაებრივმა ყრმამ მიუგო:
_ არა, ეს ქალწული ბნელითაა მოცული და ისეთი უშნოა, რომ მისი ცქერაც კი არ ძალმიძს.
მაშინ ყოვლაწმიდა ღვთისმშობელი ისევ ჩაეკითხა თავის ძეს:
_ განა ეს ქალწული სიბრძნით ყველა ფილოსოფოსს არ სჯობნის? განა თავისი სიმდიდრითა  და გვარიშვილობით სხვებს არ აღემატება?
ამაზე ქრისტემ უპასუხა:
_ აკი გეუბნები, დედაო, ეს ქალწული უგნური, ღატაკი და უბირია. მანამ არ მივაპყრობ  ჩემს მზერას, სანამ თავის უკეთურებას არ დაუტევებს.
ყოვლადკურთხეულმა ღვთისმშობელმა შესთხოვა:
_ გევედრები, ჩემო უტკბესო შვილო, ნუ მოიძაგებ შენს ქმნილებას, შეაგონე და ასწავლე, რა იღონოს, რათა შენი დიდებით დატკბეს და შენი უნათლესი და ყოვლადსასურველი პირი იხილოს.
_ მაშინ იმ ბერთან მივიდეს, ხატი რომელმაც მისცა, _ მიუგო უფალმა, _ და ისე  მოიქცეს, როგორც ის ეტყვის. აი, მაშინ კი მიხილავს და მადლსაც ჰპოვებს ჩემს  წინაშე.
ეკატერინეს გამოეღვიძა. ნანახით და გაგონილით გაოცდა. გათენდა თუ არა, რამდენიმე  მხევალი იახლა და იმ ბერის სენაკს მიაშურა. მივიდა, თვალცრემლიანი დაემხო მის  ფეხებთან და ჩვენება უამბო, თან ევედრებოდა, მითხარი, რა ვქნა, სასურველი სასიძოს  სახე რომ ვიხილოო.
ღირსმა ბერმა დაწვრილებით დამოძღვრა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოების ყველა საიდუმლოში. სამყაროს დაბადებით და ადამის შექმნით იწყო და ქრისტეს ამქვეყნად  მეორედ მოსვლამდე ყოველივე უამბო. ისიც მოუთხრო, მართალნი აუწერელ დიდებას  ეწევიან სასუფეველში, ცოდვილნი კი დაუსრულებელ ტანჯვას მოიმკიანო. ეკატერინეს მართლაც გონიერმა, ღვთივგანბრძნობილმა და ჭეშმარიტებასა და ცხონებას  მოწყურებულმა სულმა მალევე შეითვისა მთელი ქრისტიანული სწავლება, მთელი გულით ირწმუნა იესო ქრისტე და იმავე ბერის ხელით მოინათლა. ბერმა დაარიგა, ისევ ისეთი გულმოდგინებით ევედრე ღვთისმშობელს, რათა კვლავ გეჩვენოსო.
ასე განიძარცვა ეკატერინემ ძველი კაცი3 და სული განახლებული სამოსით მორთო. სახლში დაბრუნდა და მთელი ღამე ცრემლიან ლოცვაში გაატარა უსმელ-უჭმელმა, სანამ არ  ჩაეძინა და აი, კვლავ იხილა ზეციური დედოფალი ღვთაებრივი ყრმით ხელში. ყრმა  ეკატერინეს შესცქეროდა და მის მზერაში უდიდესი მოწყალება და სიმშვიდე იხილვებოდაღვთისმშობელი ყრმას შეეკითხა:
_ ახლა სათნოა ეს ასული, შვილო ჩემო?
უფალმა პასუხად მიუგო:
_ ძალზე სათნოა, რადგან ახლა მშვენიერია და დიდებული, ადრინდელივით უსახურად და  უკეთურად აღარ გამოიყურება. მაშინ ღატაკი იყო, ახლა კი მდიდარი და ბრძენია. მე  შევიყვარე ეს ქალწული და მსურს, უხრწნელ სასძლოდ დავწინდო.
ეკატერინე ქვე დაეცა და ამოიძახა:
_ ყოვლადდიდებულო მეუფევ, არა ვარ შენი მეუფების ხილვის ღირსი, შენ მხევლებთან  ერთად მაინც მამყოფე!
ამასობაში ყოვლაწმიდა ღვთისმშობელი ეკატერინეს მარჯვენა ხელს დასწვდა და თავის  ძეს მიმართა:
_ ნიშნობის ბეჭედი წამოაცვი თითზე დაწინდვის ნიშნად, შვილო ჩემო, ისძლე, რათა  შენი სასუფევლის ღირსი შეიქმნეს.
მაშინ მეუფემ ქალწულს ულამაზესი ბეჭედი გაუწოდა და უთხრა:
_ აი, აწ ჩემს სძლად გამოგირჩიე, უხრწნელად და სამარადისოდ. დიდი რუდუნებით  დაიცავი ეს კავშირი დაურღვევლად და არასდროს შეერთო მიწიერ საქმროს.
ამ სიტყვების თქმასთან ერთად ხილვა გაქრა. ყმაწვილ ქალს გამოეღვიძა და დაინახარომ მარჯვენა ხელზე უჩვეულო ბეჭედი ეკეთა. გულს ისეთი სიხარული და მხიარულება  მოედო, რომ იმ წუთიდან მთლად ღვთაებრივი ტრფიალებით დატყვევდა. ძლიერი გარდატეხა  მოხდა ეკატერინეში. ამქვეყნიური აღარაფერი აინტერესებდა, დღედაღამ მოუკლებლად ოდენ თავის სასურველ სასიძოზე ფიქრობდა, მხოლოდ ისღა სურდა, ცხადლივ თუ ძილში  მხოლოდ მისი მოძღვრებით იყო დაკავებული.
მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რომ ალექსანდრიას უსჯულო მეფე მაქსიმიანე ეწვია. იგი გონდაკარგულივით ეთაყვანებოდა თავის უსულო ღმერთებს. წარმართობით შეპყრობილმა  ღმერთების პატივსაცემად ბრწყინვალე დღესასწაულის გამართვა მოინდომა და გარშემო ქვეყნებსა და ქალაქებში ყველა ქვეშევრდომის თავმოსაყრელად ბრძანებები დააგზავნარათა მთელი ერი მოგროვილიყო და კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა. დღესასწაულს უამრავი ხალხი მოაწყდა, ყველას მსხვერპლშესაწირი მოჰქონდა, ვისაც რა ებადა: ხარიცხვარი თუ ფრინველი. საძაგელი დღესასწაულის დღეს მეფემ ასოცდაათი ზვარაკი  დააკვლევინა, მთავრებმა და დიდებულებმა შედარებით ნაკლები. მთელ ქალაქს დასაკლავი  ცხოველების ბღავილი მოედო და შეწირული მსხვერპლის სიმყრალისაგან სუნთქვა ჭირდაქუჩებში ხალხის ტევა აღარ იყო. კაცთა სულების დამღუპველი საცთურის ხილვამ გულის  სიღრმემდე შეძრა კეთილმსახური და უმშვენიერესი ეკატერინე. ღვთაებრივი მოშურნეობით ანთებულმა რამდენიმე მონა იახლა და იმ ტაძარში შევიდა, სადაც უგუნურთ მსხვერპლშეწირვა მოეწყოთ. კარებში შესულს ყველა შეაცქერდა, ისე უჩვეულოდ ლამაზი იყო. შინაგანი სულიერი მშვენება იხილვებოდა მის სახეში. ქალწულმა ბრძანა, მეფეს აუწყეთ ჩემი მოსვლა, ძალზე საჭირო სიტყვის თქმა მსურსო. მეფემ თავისთან იხმო. ხელისუფლის წინაშე  წარმდგარმა ეკატერინემ თავი დაუხარა იმპერატორს, მერე კი უთხრა:
_ იცოდე, მეფეო, დემონები გატყუებენ, ღმერთებად გაჩვენებენ ხრწნად და უგრძნობ  კერპებს და მათ გამსახურებენ. თავლაფდასხმაა, ისეთი ბრმა და უგნური იყო, ასეთ  სისაძაგლეს რომ ეთაყვანო. შენს ბრძენ დიოდოროსს4 მაინც დაუჯერე. განა ის არ  ამბობს, რომ თქვენი ღმერთები ერთდროს კაცნი იყვნენ, ცხოვრება უსჯულოდ გალიესმაგრამ მათ მიერ სიცოცხლეში აღსრულებული რაღაც ქმედებების გამო მათ ძეგლები და  ქანდაკებები დაუდგეს. შემდეგ თაობებში წინაპრების ჩანაფიქრი დავიწყებას მიეცარომელთაც მხოლოდ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად შექმნეს ეს ძეგლები, შთამომავლებმა იფიქრეს, თავად ეს ქანდაკებებია საღვთისმსახურო შინაარსისაო და მათი თაყვანისცემა  დაიწყეს. ცნობილ პლუტარქესაც5 სძაგდა ეს ღმერთები. შენი მასწავლებლებისა მაინც  ირწმუნე, მეფეო, და ამდენი სულის დაღუპვის ცოდვას ნუ დაიდებ კისერზე. ამისთვის  საუკუნო სატანჯველი მოგელის. ერთი ჭეშმარიტი ღმერთი შეიცან, მარადმყოფიდაუსაბამო და უკვდავი, რომელმაც ჩვენი ცხონებისათვის ხორცი შეისხა. მით მეფობენ  მეფენი, მით იმართებიან ქვეყნები და მისით დგას მთელი სამყარო. მისი ერთი სიტყვით  შეიქმნა ყოველივე და თავის მყოფობასაც მისით ინარჩუნებს. ეს ღმერთი _ ყოვლაძლიერი  და ყოვლადსახიერი, სულაც არ ითხოვს ამის მსგავს მსხვერპლს, არ ნეტარებს უცოდველი  ცხოველების შეწირვით. მხოლოდ ერთს გვიბრძანებს _ მისი მცნებები მტკიცედ  და შეუძვრელად  დავიცვათ.
 ამ სიტყვებმა მეფე რისხვით აღავსო, მაგრამ დიდხანს დუმდა. სიტყვის-გება რომ ვერ  შეძლო, უბრძანა:
_ ამ დღეებში თავი დაგვანებე, მსხვერპლი გვაქვს შესაწირი. მერე კი მოგისმენთ.
ღვთივსაძაგელი დღესასწაულიც გასრულდა. უსჯულო მეფემ სამეფო პალატებში იხმო წმიდა  ეკატერინე და უთხრა:
_ გვითხარი, ქალწულო, ვინ ხარ და გაიმეორე შენი ნათქვამი.
_ მეფის ასული ვარ, _ უპასუხა წმიდანმა, _ ეკატერინეა ჩემი სახელი. ადრე დიდი  სიყვარულით ვსწავლობდი სხვადასხვა მეცნიერებებს: რიტორთა, ფილოსოფოსთა თხზულებებს, გეომეტრიას და სხვას, მაგრამ ახლა ყოველივე მომიძაგებია, როგორც ფუჭი და  უსარგებლო საქმიანობა, მეუფე ქრისტეს ვესძლე, რომელიც თავის წინასწარმეტყველ  ესაიას პირით ამბობს: `წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისხმისყოფა გულისხმიერთა დავფარო”.6
მისმა სიტყვებმა, მისმა უჩვეულო სიბრძნე-გონიერებამ განაცვიფრა  მეფე, მაგრამ  უფრორე ქალწულის აუწერელმა მშვენიერებამ მოხიბლა. იფიქრა, ეს ყმაწვილქალი ხორციელი მშობლების ნაშობი არ იქნება, ალბათ ღმერთებმა შვესო. არ ეჯერებოდა, ასეთი  ენითუთქმელი სილამაზე მიწისშვილებმა როგორ გააჩინესო. ამ სილამაზით დატყვევებული ურცხვად შეაცქერდა და მაცდური სიტყვებით დაუწყო საუბარი. წმიდანი მყის მიუხვდა უსჯულო ფიქრებს და უთხრა:
_ მაგ დემონებს მოუხიბლიხარ, მეფეო, ღმერთებად რომ შეგირაცხავს და უაზრო გულისთქმებს აღგიძრავენ. მე თავი მიწად და ნაცრად შემირაცხია. ეს ღმერთმა შემქმნა თავისი მსგავსებისა და ხატებისაებრ და ასეთი მშვენებით მან შემმოსა. იმად, კაცნი  რომ განაცვიფროს შემოქმედის სიბრძნემ, რომელმაც ასეთ უსახურ და უსუსურ არსებას  ამგვარი სილამაზე და გონიერება მომანიჭა.
მეფე განრისხდა და უთხრა:
_ ასე ცუდად ნუ იხსენიებ ღმერთებს. მათ ხომ უკვდავი დიდება გააჩნიათ.
_ თუკი მართლაც გსურს, ცოტათი მაინც გაფანტო ხიბლით დაბინდული გონების ბურუსიშეიგნე შენი ღმერთების უსუსურობა და ჭეშმარიტი ღმერთი შეიცანი. ოდენ მისი სახელის  წარმოთქმა, ანდა ჰაერში გამოსახული ჯვრის დანახვაც კი გააძევებს და შემუსრავს მაგ  ღმერთებს. თუ გსურს, დაგიმტკიცებ ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებას. _ სიტყვა-უგო  წმიდანმა.
ასე თამამმა შეპასუხებამ მეფე შეაშინა, იფიქრა, მართლაც არ დამამარცხოს და  სირცხვილი არ მაჭამოსო, და უთხრა:
_ მეფეს ქალებთან პაექრობა არ შეჰფერის. შენთან სასაუბროდ უბრძენეს ფილოსოფოსებს შევკრებ და რომ დამარცხდები, მაშინ კი შეიგნებ შენი აზრების უსუსურობას და ჩემს სწავლებას ირწმუნებ.
მეფემ ბრძანა, არსად გაუშვათ ეკატერინე და მკაცრად ადევნეთ თვალყურიო, თავად კი  მაშინვე ასეთი ეპისტოლეები დაგზავნა ყველა ქვეშევრდომ ქალაქებში: `მე, მაქსიმიანე  მეფე, ჩემს სამფლობელოებში მყოფ ყველა უბრძენეს ფილოსოფოსსა და რიტორს გახარებთ: ვინც კი ბრძენთაბრძენ ღმერთ ჰერმესს7 ემსახურებით და გონიერებაში განმსწავლელ  მუზებს8 აღიარებთ, ჩემთან შემოიკრიბეთ, რათა ერთ ბრძენ ქალწულთან იპაექროთ და  პირი-დაუყოთ. ის ამ დღეებში გამოჩნდა ჩვენთანდიდ ღმერთებს დასცინის და მათ საქმეებს ზღაპრებად და ფუჭსიტყვაობად ნათლავს. ასე რომ, მოდით, მთელი თქვენი  გონიერება წარმოაჩინეთ. ხალხი დიდებით დაგაჯილდოვებთ, მე კი გაწეული შრომისათვის უხვად დაგასაჩუქრებთ~.
მართლაც შეიკრიბნენ რჩეული და ბრძენთაბრძენი რიტორები და მეფესთან წარსდგნენ. ასე  ორმოცდაათამდე კაცი იყო, გონების სიმახვილითა და სიტყვის ძალით განთქმულნი.
მეფემ მიმართა:
_ მთელი გულმოდგინებითა და გულისყურით მოემზადეთ ამ ქალწულთან საპაექროდღმერთებზე კამათისას მას თქვენი მტკიცებულებებით უნდა სძლიოთ. ნუ ითაკილებთ, რომ  ყმაწვილ ქალთან მოგიწევთ სიტყვა-მიგება, მთელი ძალისხმევით გამოაჩინეთ თქვენი  სიბრძნე, თითქოს მამაც მოწინააღმდეგეს და უბრძენეს ორატორს ებრძოდეთ, რადგანაცროგორც მე გამოვიძიე, ეს ქალწული თვით დიდ პლატონსაც9 კი სჯობნის სიბრძნით. ამიტომაც გთხოვთ, ისეთი მონდომებით შეეპაექრეთ, როგორითაც თავად პლატონს  შეერკინებოდით. დიდ ჯილდოს მიიღებთ, თუკი გამარჯვებას მოიპოვებთ, მაგრამ თუკი  იძლევით, თავსლაფი დაგესხმევათ და ჯილდოს ნაცვლად მტანჯველ სიკვდილს მოიმკით.
ერთმა ყველაზე განთქმულმა და ბრძენმა რიტორმა მიუგო:
_ ნუ შიშობ, მეფეო, შესაძლოა, ჩვენი მოწინააღმდეგე მართლაც არაჩვეულებრივად გონიერი იყოს, მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ ქალია და სრულყოფილი სიბრძნის მფლობელი ვერ იქნება, ვერც მჭერმეტყველებაში ფრიად დახელოვნებული. ბრძანე, ჩვენ  წარმოგვიდგეს და ნახავ, ფილოსოფოსთა და რიტორთა სიმრავლის შემხედვარეს შერცხვება  და ენა ჩაუვარდება.
მეფე დაამშვიდა ფილოსოფოსის კვეხნა-ტრაბახმა, გამხიარულდა. იმედოვნებდა, სწავლულთა უსჯულო და მზვაობარი ენა სძლევსო სიმშვიდითა და ღვთაებრივი სიბრძნით  აღსავსე ქალწულს. მაშინვე მოაყვანინა ეკატერინე. ქრისტიანი ქალწულისა და წარმართი  ფილოსოფოსების სიტყვა-მიგების მოსასმენად ურიცხვი ხალხი მოგროვდა. სანამ მეფის  წარგზავნილები ეკატერინეს ეახლებოდნენ, მას მიქაელ მთავარანგელოზი გამოეცხადა და  უთხრა:
_ ნუ გეშინია, უფლის ასულო! ღმერთი შენს გონიერებას უფრო მეტ სიბრძნეს შესძენს და  ამ პაექრობაში ორმოცდაათივე რიტორს დაამარცხებ. შენი მეშვეობით ისინი და მრავალი  სხვაც ჭეშმარიტებას ირწმუნებენ და მოწამეობრივ გვირგვინებსაც მოიხვეჭენ.
ამის თქმა იყო და ანგელოზი განეშორა. ამასობაში ეკატერინეს მეფის მსახურებიც  ეწვივნენ და სანახაობაზე წაიყვანეს. ქალწულის დანახვაზე ის თავდაჯერებული  ფილოსოფოსი მაშინვე წამოდგა ფეხზე და ქედმაღლურად დაუწყო საუბარი.
_ ეს შენა ხარ, ჩვენს ღმერთებს ასე კადნიერად და უგნურად რომ განაქიქებ?
_ დიახ, მე, _ მშვიდად მიუგო წმიდანმა, _ მაგრამ არც კადნიერება გამომიხატავს და  არც უგნურება, როგორც შენ ამბობ. ეს ჭეშმარიტებისადმი სიყვარული მალაპარაკებს და  ვაცხადებ: არარაობაა თქვენი ღმერთები.
ფილოსოფოსმა მიუგო:
_ დიდი პოეტები10 უმაღლეს ღმერთებს უწოდებენ მათ, შენ კი ასე კადნიერად გმობ მათ, ვისგანაც სიბრძნე მიგიღია, ვისი ნიჭების სიტკბოებაც გიგემნია.
_ თქვენს ღმერთებს არ მოუციათ ჩემთვის სიბრძნე, _ უპასუხა ეკატერინემ, _ ჩემმა  ჭეშმარიტმა ღმერთმა მიბოძა. ის თავადაა უმაღლესი სიბრძნე და ცხოვრება. ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ისაა, ვისაც მისი შიში აქვს და მის ღვთაებრივ ბრძანებებს ემორჩილებათქვენი ღმერთების საქმენი და მათზე შექმნილი ლეგენდები კი დასაცინი და გასაკილიარადგან საცთურითაა სავსე. აბა, ერთი მიბრძანე, რომელი თქვენი დიდი პოეტი უწოდებს  მათ ღმერთებს?
_ ბრძენთაბრძენი ჰომეროსი11 ზევსს12 ლოცვით რომ მიმართავს, პირველად ამას ამბობს: `დიდებულო ზევსო, ღმერთებს შორის უდიდესო, და თქვენც, სხვა უკვდავო ღმერთებო!~  სახელგანთქმული ორფეოსიც13 აპოლონს14 მადლიერებით როს მიმართავს, ამბობს: ოჰშორიდან მოისარო ლეტოსის ვაჟო! ძლიერო ფებუს, ყველაფერს სწვდება შენი თვალიმოკვდავთა და უკვდავთ მეუფეო, მზევ, ოქროს ფრთებზე დავანებულო. _ მიუგო ბრძენმა  და განაგრძო:
_ აი, ასეთ პატივს მიაგებდნენ ღმერთებს ყველაზე უძველესი და დიდებული მელექსენი, აშკარად უკვდავებად სახელ-სდებდნენ. ნურც შენ შეცდები და ჯვარცმულს ღმერთად ნუღა აღიარებ.15 უძველეს ბრძენთაგან იგი არავის უხსენებია, არც ღმერთად უცვნია, არც  არაფერი იცოდნენ მასზე. _ დაასრულა სიტყვა ფილოსოფოსმა.
წმიდა ეკატერინემ პასუხი არ დაახანა:
_ განა შენს დიდებულ ღმერთ ზევსს თქვენი ჰომეროსივე არ კილავს სხვა ადგილას და  ამბობს, რომ ის ცბიერი და ცრუპენტელაა, განა სხვა ღმერთებს _ ჰერას, პოსეიდონსა  და ათენას16 არ გაექცა, როცა მათ მისი გაკოჭვა სურდათ? მაგ ღმერთების ამგვარი ზიზღისმომგვრელი საქციელები მრავლადაა აღწერილი თქვენივე წიგნებში. შენ ისიც  თქვი, რომ ჯვარცმულს ღმერთად არცერთი უძველესი ბრძენი არ სცნობდაო. მართალიაარცაა უპრიანი, ბევრი ვიკვლიოთ იმის დასამტკიცებლად, რომ ისაა ჭეშმარიტი ღმერთიმიუწვდომელი, გამოუკვლეველი და ენითუთქმელი შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, ზღვისამზისა, მთვარისა და მთელი კაცთა ნათესავისა. და მაინც, რათა ეს ჭეშმარიტება მეტად იყოს სარწმუნო, თქვენივე წიგნებს დავიმოწმებ. უსმინე, რას ამბობს მასზე თქვენი ბრძენი სიბილა,17 როგორ ამოწმებს მის ღვთაებრივ განხორციელებას და მაცხოვნებელ  ჯვარცმას: `მოგვიანებით ერთი ვინმე მოევლინება ქვეყნიერებას, ის კაცის ბუნებას  შეიმოსავს, გარდა ცოდვისა, ღვთაების უსაზღვრო ყოვლისშემძლეობით დახსნის განუკურნავი ვნებების ხრწნადობას. შურით აღვსილი ურწმუნონი მაღალ ადგილას  ჩამოჰკიდებენ მას, როგორც სიკვდილის თანამდებს~. შენი ბრძენი აპოლონიოსიც18 გაიხსენე, ღვთაებრივი ძალის იძულებით ქრისტეს ღმერთად რომ აღიარებს: ერთი  ზეციერი, _ ამბობს ის, _ აღიარებას მაიძულებს, ის სამბრწყინვალე ნათელია, ვნებული  ღმერთი, თუმცა მასში ღვთაებრიობა არ ვნებულა, რადგან მასში ორივე არსია  დავანებული: ხორცით მოკვდავი ამავე დროს უცხოა ხრწნილებისათვის. და ეს კაცირომელმაც მოკვდავთაგან ყოველივე დაითმინა: ჯვარი, შეურაცხყოფა, დაფლვაღმერთია. ასე დაახასიათა აპოლონიოსმა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც თავისი  დამბადებლის თანადაუსაბამო და თანაარსია. ისაა ყველა სიკეთის საწყისი, საფუძველი  და წყარო. მან შექმნა სამყარო არაარსობიდან არსად, იგია მისი განმგებელი. მამის  თანაარსი ჩვენი გულისათვის განკაცდა უკანასკნელ ჟამს, ამ მიწაზე ცხოვრობდაასწავლიდა, შეაგონებდა და კეთილს-უყოფდა ადამიანებს, შემდეგ მოკვდა ჩვენ  უმადლოთათვის, რათა სასჯელისაგან განვეთავისუფლებინეთ და ჩვენთვის უწინდელი ნეტარება და სიტკბოება მოენიჭებინა. ასე განგვიხსნა ცოდვილთ სამოთხის დახშული  კარი. მესამე დღეს კი აღდგა, ზეცად ამაღლდა და თავის მოწაფეებს სული წმიდა  მოუვლინა. ისინი მთელ ქვეყნიერებას მოედნენ და მისი ღვთაებრიობა იქადაგესრომელიც შენც უნდა აღიარო, ფილოსოფოსო, რათა ჭეშმარიტი ღმერთი შეიცნო და მას  დაემონო, მოწყალესა და კეთილშემწყნარებელს, ყველა ცოდვილს ამ სიტყვებით რომ  უხმობს: `მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვრთმძიმენი და მე განგისუენო  თქუენ.18 ასე, შენს მასწავლებელებს მაინც დაუჯერე: პალტონს, ორფეოსს და  აპოლონიოსს. ისინი ხომ უნებურად, მაგრამ აშკარად აღიარებენ ქრისტეს ღმერთად.
კიდევ ბევრი იმეტყველა ბრძენმა ეკატერინემ. ფილოსოფოსი ისე განცვიფრდა, რომ  სიტყვა ვეღარ დაძრა. მეფემ გაოცებულ და ძლეულ რიტორს რომ შეხედა, სხვებს  მიუბრუნდა და პაექრობის გაგრძელება უბრძანა. მათ კი იუარეს:
_ ჭეშმარიტებას წინ ვერ აღვუდგებით. თუკი ჩვენში ყველაზე ბრძენი დადუმდა, ჩვენ რაღა გვეთქმის?
მაშინ გამძვინვარებულმა მეფემ ქალაქის შუაგულში დიდი კოცონის დანთება ბრძანარათა ყველა ფილოსოფოსი და რიტორი შიგ დაეწვათ. ბრძენებმა განაჩენი რომ მოისმინესეკატერინეს ფეხქვეშ დაეგნენ და სთხოვეს, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ევედრე, რათა  უმეცრებაში ჩადენილი ცოდვები მოგვიტევოს, წმიდა ნათლისღებისა და სულიწმიდის მადლის მონიჭების ღირსი გაგვხადოსო!
სიტკბოებითა და სიხარულით აევსო სული ეკატერინეს. მიუტრიალდა რიტორებს და უთხრა:
_ ჭეშმარიტად ნეტარნი და ბედნიერნი შეიქენით, რამეთუ სიბნელე დაუტევეთ, იხილეთ  ნათელი ჭეშმარიტი, ამქვეყნიური მეფე მოიძაგეთ და უკვდავ ზეციურ მეუფეს მიეახლეთმტკიცედ ესევდით, რომ უფალი შეგიწყალებთ და ის ცეცხლი, რომლითაც უსჯულონი  გემუქრებიან, სანათლავ ემბაზად გექცევათ და ზეცად აღმყვანებელ კიბედ. ეს ცეცხლი განგწმენდთ სულისა და ხორცის ბიწისაგან და დიდების მეუფის წინაშე ვარკვლავებივით  მოელვარე და განწმენდილი წარსდგებით მის საყვარელ მეგობრებად ქმნილნი.
ესა თქვა წმიდა ეკატერინემ და სათითაოდ ჯვარი გადასახა რიტორებს. ისინი სიხარულით  გაემართნენ ცეცხლისაკენ, სადაც ჰპოვეს კიდეც მოწამეობრივი აღსასრული.20 საღამოს იქ რამდენიმე კეთილმსახური ქრისტიანი მივიდა წმიდა მოწამეების დასამარხად და მათი გვამები მრთელი და უვნებელი დაუხვდა. ცეცხლს თმის ერთი ბეწვიც არ დაეზიანებინა მათთვის. ამ სასწაულმა ბევრი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტების შეცნობისაკენწმიდა მოწამეთა ნაწილები კი პატივით მიაბარეს მიწას.
ამასობაში მაქსიმინე ყველა ღონეს ხმარობდა წმიდა ეკატერინეს გადასაბირებლად. ფილოსოფოსებთან პაექრობამ რომ ვერაფერი ხეირი მოუტანა, ახლა ალერსითა და  თვალთმაქცობით სცადა მისი შეცდენა. მოიხმო და მოთაფლვა დაუწყო:
_ მომისმინე, კეთილო ასულო. შვილთამოყვარული მამასავით გირჩევ, დიდ ღმერთებს  ეთაყვანო, განსაკუთრებულად კი ჰერმესს, მეცნიერებათა მფარველს, რომელმაც ასეთი  ფილოსოფიური ნიჭებით შეგამკო. თუკი ჩემს წინადადებას მიიღებ, ხელმწიფებას გაგიყოფ, ღმერთებია მოწმე, და ჩემთან ერთად დაუსრულებელ სიხარულში იცხოვრებ.
ბრძენმა ეკატერინემ კარგად უწყოდა მისი გულის დაფარული ზრახვა, მისი ცბიერება და ლიქნა და მოკლედ მოუჭრა:
_ თავი ანებე, მეფეო, ამ ეშმაკობას, მელას ნუკი დაემსგავსები. მე ერთხელ და  სამუდამოდ გადაჭრით გითხარ: ქრისტიანი ვარ და ქრისტეს სასძლო. მხოლოდ ის მივის  სასიძოდ, მოძღვრად და ჩემი ქალწულების სამკაულად. ვერ მაცდუნებ სამეფო  ძოწეულით,21 მოწამეობრივი სამოსელი მირჩევნია.
მეფემ განაგრძო:
_ ნუ მაიძულებ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ შენი ღირსება უპატიო-ვყო და  ჭრილობებით დაგისერო მშვენიერი სხეული.
_ როგორც გენებოს, ისე მოიქეცი, _ მიუგო წმიდა ეკატერინემ, _ დროებითი უპატიობით  საუკუნო დიდებას მომაპოვებინებ და უამრავი ხალხი ჩემს მიერ ქრისტეს ირწმუნებს. ვსასოებ, შენი დარბაზებიდან ბევრი წამომყვება ზეციურ სასახლეებში.
ასე წინასწარმეტყველებდა წმიდანი, მაღლით გადმომზირალი უფალი კი მის  ნაწინასწარმეტყველებს აღასრულებდა.
მაშინ გამძვინვარებულმა იმპერატორმა ბრძანა, პორფირი შემოაძარცვეთ და ხარის  შოლტებით უმოწყალოდ სცემეთო. ორი საათის განმავლობაში დაუნდობლად გვემდნენ  მსახურები ეკატერინეს მხრებსა და მუცელზე, მთელი სხეული ჭრილობებით დაუსერეს და  დაუმახინჯეს. ჭრილობებიდან სისხლი რუებად მოედინებოდა და მიწას მეწამულად  ღებავდა. მაგრამ მარტვილი ისე მხნედ დაითმენდა ამ სატანჯველს, რომ ყველა გააოცაწამება რომ გასრულდა, სასტიკმა მბრძანებელმა საპყრობილეში ჩააგდებინა ეკატერინე და უჭმელ-უსმელი დაატოვებინა, სანამ ახალ სატანჯველს არ მოიფიქრებდა მის მოსაკლავად.
ამასობაში წმიდა ეკატერინეს კეთილმსახურების, სიბრძნის და მხნეობის ამბავმა მეფის მეუღლე ავგუსტას ყურამდე მიაღწია. დედოფალს უნახავად შეუყვარდა მარტვილი და მისი  ხილვის ძლიერმა სურვილმა შეიპყრო. ერთი სიზმრისეული ჩვენების შემდეგ კი გული ისე  აენთო სიყვარულით, რომ თვალს რული აღარ ეკარებოდა. ერთხელ მეფე რაღაც საქმეებზე  ქალაქიდან გაემგზავრა და დაბრუნება დააყოვნა. დედოფალმაც მაშინვე დრო იხელთა  თავისი სურვილის აღსასრულებლად. სასახლის კარზე ერთი დიდებული მსახურობდა, მეფის ერთგული მეგობარი და მხედართმთავარი, სახელად პორფირე, კეთილგონიერებით  გამორჩეული კაცი. სწორედ მას გაენდო დედოფალი და თავისი სურვილი გაუმჟღავნა.
_ ერთხელ ღამით ძილში ეკატერინე ვიხილე, _ უთხრა მხედართმთავარს, _ თეთრ სამოსში  მორთულს ულამაზესი ქალწულებისა და ვაჟების სიმრავლე ეხვია გარს. სახეზე ისეთი  ნათელი ედგა, რომ ცქერაც კი ვერ შევძელი. ქალწულმა გვერდით მომისვა, თავზე ოქროს  გვირგვინი დამადგა და მითხრა: ამ გვირგვინს მეუფე ქრისტე გიგზავნის. იმ დღიდან  მოსვენება დამეკარგა, მისი ნახვა მსურს. გევედრები, როგორმე მომიხერხე, რომ საიდუმლოდ მოვინახულო.
_ შეგისრულებ, დედოფალო, მაგ სურვილს, _ დაჰპირდა პორფირე.
შეღამებისას პორფირემ ორასი მეომარი იახლა და დედოფალთან ერთად საპყრობილეს  მიადგა. მცველები მოქრთამეს და წმიდა მოწამესთან შევიდნენ. დედოფალი  განცვიფრებული შეაცქერდა წმიდანის გასხივოსნებულ სახეს, ღვთის მადლის ნათელი რომ  ადგა ზედ. მყის ეკატერინეს ფეხებთან დაეცა და ცრემლიანმა შესძახა_ აწ უკვე ბედნიერი და ნეტარი ვარ, შენი ნახვა რომ მეღირსა. ვითარცა სურინ  ირემსა წყაროსა მიმართ წყალთასა,22 ეგრეთ სურდა შენი ხილვა ჩემს სულს და შენი  ტკბილი სიტყვების მოსმენა. ახლა, სურვილი რომ ავისრულე, აღარ ვწუხვარ, გინდაც  წამართვან მეფობაცა და სიცოცხლეც. შენმა ხილვამ გამაბედნიერა. ნეტარო და  საქებარო, ყოვლისშემძლე უფალს უძღვენი თავი, მან კი ესოდენი ნიჭებით აგავსო.
წმიდა ეკატერინემ მიუგო:
_ ნეტარ ხარ, დედოფალო. შენს თავზე ამაღლებულ გვირგვინს ვხედავ, ანგელოზებს  უპყრიათ ხელთ. სამი დღის შემდეგ ქრისტესთვის მცირედ ტანჯვას დაითმენ, ამ ტანჯვის  მეშვეობით მოიხვეჭ ამ გვირგვინს და საუკუნო მეფობისთვის ჭეშმარიტ მეფეს  მიეახლები.
_ შენი ნაწინასწარმეტყველები ტანჯვა მაშინებს, უფრორე კი ჩემი ქმარი. სასტიკი და  უგულო კაცია იმპერატორი. _ შესჩივლა დედოფალმა.
_ ნუ შიშობ, _ დაამშვიდა მარტვილმა, _ თავად ქრისტე შეგეწევა. გულს ის განგიმტკიცებს და შენს სულს არანაირი ტანჯვა არ შეეხება, მხოლოდ ხორცი ივნებს  მცირედ და მყისიერად, მერე კი საუკუნო ცხოვრებაში შეხვალ.
ამ სიტყვებმა მხედართმთავარი პორფირე დააინტერესა:
_ მითხარი, რას აძლევს ქრისტე თავის მორწმუნეებს? მსურს ვირწმუნო იგი და მისი  მხედარი გავხდე.
_ განა არაფერი წაგიკითხავს ან რაიმე არ გსმენია ქრისტიანული სწავლებიდან? _  ჰკითხა წმიდანმა.
_ სიყმაწვილიდან საომარ ხელოვნებაში ვიწრთვნებოდი, _ უპასუხა მხედართმთავარმა, _ და სხვა საზრუნავი არ მქონია.
_ კაცის ენა უძლურია იმ სიკეთეთა გამოსათქმელად, ყოვლადსახიერმა და კაცთმოყვარე  ღმერთმა თავის მოყვარეებსა და მისი მცნებების აღმასრულებლებს რომ განუმზადა. _  მიუგო ეკატერინემ.
პორფირეს გული უსაზღვრო სიხარულმა მოიცვა, მყისვე იწამა ქრისტე. მასთან ერთად  მყოფი ორასი მეომარიცა და დედოფალიც გაქრისტიანდნენ. შემდეგ ყველანი მოწიწებით  გამოეთხოვნენ მარტვილს და წავიდნენ.
მოწყალე და კაცთმოყვარე უფალი ზრუნვას არ აკლებდა თავის წმიდა სასძლოს, მოყვარულ  მამასავით მფარველობდა. ყოველდღე ფანჯრიდან მტრედი შემოფრინდებოდა და საზრდოს  აწვდიდა მარტვილს. ბოლოს თავად სახიერი ღვაწლისმდებელი _ უფალი ჩვენი იესო ქრისტე  ეწვია ეკატერინეს, დიდი დიდებით გარშემორტყმული, მთელი ზეციური ძალების  თანხლებით. უფალმა უფრო მეტად განამტკიცა და სიმამაცის სულით აღავსო მოწამე.
_ ნუ შიშობ, ჩემო საყვარელო სასძლოო, _ უბრძანა, _ მარადის შენთან ვარ. ტანჯვა  ვერაფერს გავნებს. შენი დათმენით ჩემსკენ ბევრს მოაქცევ და ჯილდოდ მრავალ უხრწნელ  გვირგვინს მოიღვაწებ.
ამ სიტყვებით დაამშვიდა უფალმა და უჩინარ-იქმნა.
დილით მეფე სამსჯავროდ დაბრძანდა და წმიდა ეკატერინეს მოყვანება ბრძანა. მარტვილი  მეფეს წარუდგინეს. სულიერი მადლით გაცისკროვნებული რაღაც სანეტარო ნათელს ჰფენდა  ირგვლივ და ახლოს მდგომარეთ თავისი სილამაზის შუქს ასხივებდა. მეფე გაკვირვებული  შეაცქერდა, იფიქრა, ალბათ, ვინმე აწვდიდა საჭმელს საპყრობილეში და ამად არ  დაუძლურებულა, არც მშვენება წართმევიაო. მცველების დასჯა მოინდომა, მაგრამ წმიდა  ეკატერინემ სიმართლე გაუმხილა, უდანაშაულონი რომ არ დაეტანჯა მტარვალს:
_ იცოდე, მეფეო, კაცის ხელს არ მოუწვდია ჩემთვის საზრდელი. ეს ჩემი მეუფე ქრისტე  იყო, თავის მონებზე უხილავად მზრუნველი. ის მასაზრდოებდა.
ეკატერინეს არაჩვეულებრივი სილამაზით მოხიბლული მეფე ისევ დაუტკბა და ლიქნით  ეცადა მის გადმობირებას:
_ მზისდარო ასულო, თავად არტემიდეს23 სჯობნი სილამაზით. შვილო ჩემო, შენ  მბრძანებლობისთვის ხარ შობილი. მოდი, თაყვანი-ეცი და მსხვერპლი შესწირე ჩვენს  ღმერთებს და ჩვენთან ერთად მეფობის სიხარულში განლიე ეს ცხოვრება. გევედრებიტანჯვით ნუ იღუპავ მაგ ნათლითმოსილ მშვენიერებას.
_ მე მიწა და ნაცარი ვარ, _ უპასუხა წმიდანმა, _ ჩემი მშვენება კი ველის ყვავილივით წარხდება, სიზმარივით გაქრება, თუკი სულ მცირე სალმობა ეწევა, ან როს სიბერე  მიეახლება, სიკვდილის შემდეგ კი მთლად განიხრწნება. იცოდე, წარმავალ  მშვენიერებაზე ზრუნვა არ ღირს.
ამ საუბრის დროს წინ წამოდგა ერთი დიდებული, სახელად ხურსადენი, ქრისტიანთა  სასტიკი და უმოწყალო მტანჯველი. მეფისთვის თავისი სიყვარულისა და ერთგულების  დასამტკიცებლად ახალი სატანჯველი მოეფიქრებინა.
_ მეფეო, _ უთხრა, _ მე ისეთი სატანჯველი გამოვიგონე, ამ ქალწულს რომ გაძლევინებსბრძანე, ერთ ღერძზე ოთხი ხის ბორბალი დაამაგრონ, ბორბლების გარშემო ნაირგვარი რკინის მახვილები ჩააჭედონ. აქედან ორი ბორბალი მარჯვნივ დავატრიალოთ, ორი კი  მარხცნივ, შუაში ქალწული მივაბათბორბლების ტრიალზე სხეული ნაკუწებად აექნება. სანამ ტანჯვას დავიწყებდეთ, მანამ ვუჩვენოთ ეს ბორბლები ეკატერინეს, ეგებ შიშმა  მოიცვას და შენს ნებას დაჰყვეს. თუკი მაინც არ დაიშლის თავისას, მაშინ მტანჯველ  სიკვდილს მიიღებს.
მეფეს რჩევა მოეწონა და მართლაც გააკეთებინა ამგვარი ბორბლები. როცა ყველაფერი  გამზადდა, წმიდანი სატანჯველ ადგილას მიიყვანეს და შესაშინებლად თვალწინ ბორბლები  სწრაფად დაუტრიალეს. მტარვალი დაემუქრა:
_ ხედავ, რა სატანჯველი გაგიმზადეთ? საზარელ სიკვდილს იწვნევ, თუკი ღმერთებს არ  დაეგები.
_ ჩემი გადაწყვეტილება უკვე ბევრჯერ გაგიმეორე: ქრისტიანად ვრჩები. მეფეოტყუილუბრალოდ ნუ კარგავ დროს, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. _ იყო პასუხი.
მტარვალი მიხვდა: ვერ შეაშინა ეკატერინე, ვერ განაშორა ქრისტეს. ბრძანაბორბლებზე მიაბით, ნაკუწ-ნაკუწ აქენით და საშინელი სიკვდილით მოკალითო. მაგრამ  ტანჯვის დაწყება ვერც კი მოასწრეს, ზეციდან ანგელოზი მოევლინა წმიდანს, ახსნა და  ბორბლები შემუსრა. ბორბლის ნამტვრევები მთელი ძალით გაიტყორცნა აქეთ-იქით და  ბევრი ურწმუნო სასიკვდილოდ დაჭრა. ამ უდიდესი სასწაულის ხილვაზე მთელმა ხალხმა  იქუხა:
_ დიდია ქრისტიანთა ღმერთი!
მეფეს ფერი დაეკარგა ბრაზისაგან. გამძვინვარებული ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა და  სხვა ახალ სატანჯველს ეძიებდა მარტვილისათვის.
ამ სასწაულის ამბავი დედოფალმა ავგუსტამაც შეიტყო. მაშინვე დატოვა დარბაზებისამსჯავროსკენ გამოემართა და მეფე ამხილა:
_ მართლაც კადნიერი და უგნური ყოფილხარ, ცხოველ ღმერთთან შერკინებას რომ ბედავ და  მის მხევალს ასე უსამართლოდ ტანჯავ.
მეფე დედოფლისგან ამგვარ სიტყვებს არ მოელოდა. რისხვისაგან კინაღამ თვალთ  დაუბნელდა, გამძვინვარებულ მხეცს დაემსგავსა, თავი ანება ეკატერინეს და მთელი რისხვა მეუღლეს დაატეხა თავს. ბუნებითი ცოლ-ქმრული სიყვარულიც დაივიწყა. ბრძანადიდი ყუთი მოიტანეთ და შიგ კალა ჩაყარეთ, უძრავად რომ იდგასო. მერე ყუთის  თავსახურზე ლურსმნები ჩაარჭობინა, შიგ დედოფლის ძუძუები მოატანებინა და ისე დააჭედებინა თავი. ენითუთქმელ ტანჯვას უხმოდ იტანდა დედოფალი. მტანჯველები მანამ აჭერდნენ თავსახურს, სანამ ძუძუები არ მოაგლიჯეს. ნეტარი ავგუსტა სიხარულით დაითმენდა გაუსაძლის ტკივილს ჭეშმარიტი ღმერთისათვის, მასვე ევედრებოდა, შენი მადლმოსილი შემწეობა მომაშველეო. სისხლი ღვარად მოდიოდა მოჭრილი ძუძუებიდან. სიბარალულმა მოიცვა ამგვარი საშინელ ტანჯვის  მაცქერალნი. მხოლოდ უგულო  მტარვალს არ შებრალებია თავისი მეუღლე. ბრძანება გასცა, თავი მოკვეთეთო დედოფალსავგუსტამ სიხარულით მოისმინა განაჩენი და წმიდა ეკატერინეს მიუტრიალდა:
_ ჭეშმარიტი ღვთის მხევალო, ილოცე ჩემთვის!
_ მშვიდობით იარე, _ მიუგო წმიდა ქალწულმა, _ ქრისტესთან ერთად რომ იმეფო  უკუნისამდე.
წმიდა დედოფალს ქალაქგარეთ მოკვეთეს თავი. ეს მოხდა 24 ნოემბერს.24 მხედართმთავარმა პორფირემ ღამით აიღო მისი სხეული და პატივით დაკრძალა. დილით  თავად პორფირე წარდგა მეფის წინაშე თავისი ორასი გაქრისტიანებული მხედრითურთ და  აღიარა:
_ ჩვენც ქრისტიანები ვართ, დიდი ღმერთის მხედრები.
ამის გაგონებაზე ღონე გამოეცალა მეფეს. ოხვრა აღმოხდა გულის სიღრმიდან:
_ დავიღუპე, საკვირველი პორფირეც დავკარგე!
_ ჩემო საყვარელო მეომრებო, ნუთუ თქვენც ცდუნდით და ღმერთებს ზურგი აქციეთ, ნუთუ  თქვენი მამა-პაპისეული სარწმუნოება დაუტევეთ? ასეთი რა დაგიშავეს ღმერთებმა; რად  მიატოვეთ?
მხედრებს კრინტიც არ დაუძრავთ. მხოლოდ პორფირემ ამო¬იღო ხმა:
_ თავს არად აგდებ და ფეხებს ეკითხები? ჩემთან ისაუბრე!
_ შე ბოროტო თავო, შენ მიგიძღვის ბრალი მათ დაღუპვაში! _ წამოიძახა მაქსიმინემ.
საუბარი ვეღარ გააგრძელა. ბოღმა აღრჩობდა. მაშინვე ბრძანება გასცა, ყველას თავები დააყრევინეთო. ასე დასრულდა მათი ამქვეყნიური სიცოცხლე, ამგვარად ახდა წმიდა ეკატერინეს წინასწარმეტყველება, რომ მეფის დარბაზებიდან ბევრი გამოჰყვებოდა მას.
მეორე დღეს მეფემ ისევ მოაყვანინა სამსჯავროზე წმიდა ეკატერინე და ისევ მისი  გადმობირება სცადა.
_ დიდი მწუხარება და ურვა შემამთხვიე, _ უთხრა, _ ცოლი მომიხიბლე და ჩემი მამაცი  მხედართმთავარიც დამიღუპე, ჩემი ლაშქრის ძალა. ბევრი სხვა ბოროტიც ვიწვნიე შენი  გამოისობით. უმოწყალოდ უნდა მომეკალი, მაგრამ გპატიებ, რადგან ასეთი ლამაზი და  ბრძენი ხარ და სასიკვდილოდ არ მემეტები. მოდი, ბოლოს და ბოლოს სურვილი ამისრულეჩემო საყვარელო, ღმერთებს შეწირე მსხვერპლი, და მაშინვე ჩემს დედოფლად გაქცევარასოდეს შეურაცხგყოფ და შენი რჩევის გარეშე არა საქმეს არ გადავწყვეტ. ჩემთან  ისეთ სიხარულში და ნეტარებაში გაცხოვრებ, არცერთ დედოფალს რომ არ უგემნია.
კიდევ ბევრს ელაქუცა მლიქვნელი მეფე ქრისტეს რჩეულ სასძლოს, მაგრამ ვერასგზით ვერ ეწია საწადელს _ ვერ შეძლო ჭეშმარიტი სიყვარულის მტკიცე ჯაჭვებით შეკავშირებული  ქალწული ქრისტეს განეშორებინა. ბოლოს იმედი გადაიწურა, როს დაინახა, რომ ვერც  ტკბილი სიტყვით, ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით, ვერც სატანჯველით ვერ  გადმოიბირა ანდამატივით25 მტკიცე ეკატერინე, და საბოლოო განაჩენი გამოუტანაქალაქგარეთ გაიყვანეთ და თავი მოკვეთეთო. მხედრებს სასჯელაღსრულების ადგილას რომ  მიჰყავდათ მარტვილი, უამრავი ხალხი გაედევნა უკან. ყველას ცრემლი სდიოდა, ყველას  ენანებოდა სასიკვდილოდ ასე ლამაზი და ბრძენი ქალწული. ბევრი წარჩინებული და  კეთილშობილი ქალბატონი დასტიროდა თავზე:
_ ულამაზესო და უბრწყინვალესო ასულო! რად არ ინდობ თავს? სიკვდილს რად არჩევ ტკბილ ცხოვრებას? რად იღუპავ უდროოდ და უნაყოფოდ სიყმაწვილის ელფერს? არ სჯობდამეფეს დაჰყოლოდი და ეს ცხოვრება სიტკბოებაში გაგეტარებინა, ვიდრე ასეთი  სამარცხვინო სიკვდილი გწეოდა?
_ თავი ანებეთ უსარგებლო ცრემლთადენას, _ შერისხა წმიდანმა, _ სჯობს გიხაროდეთაწ უკვე ვხედავ ჩემს საყვარელ სასიძოს _ იესო ქრისტეს, ჩემს შემოქმედსა და  მხსნელს. იგია მოწამეთა სილამაზეც, გვირგვინიცა და დიდებაც. სამოთხის ენითუთქმელ  ნეტარებაში მიხმობს უფალი. იქ მასთან ერთად ვიმეფებ და ვინეტარებ დაუსრულებელ  საუკუნეებში. ამად, ჩემზე ნუ სტირთ, თქვენი თავები იგლოვეთ, ურწმუნოებისათვის  საუკუნო ცეცხლი და დაუსრულებელი ტანჯვა მოგელით.
თავისკვეთის ადგილას მისულმა ასე ილოცა:
_ უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო! გმადლობ, მოთმინების კლდეზე რომ დამიმიტკიცე  ფერხნი და სლვანი წარმიმართე. გაშალე ოდესღაც ჯვარზე მილურსმნული შენი ყოვლაწმიდა  ხელისგულები და მიიღე ჩემი სული, შენივე სიყვარულისათვის შენთვის მსხვერპლად  გაღებული. მოიხსენე, უფალო, რომ სისხლი და ხორცი ვარ, ნუ დაუშვებ, რომ საშინელ სამსჯავროზე სასტიკმა გამომცდელებმა ჩემი უმეცრებაში ჩადენილი ცოდვები  განაცხადონ, განბანე ეს ცოდვები იმ სისხლით, შენი გულისთვის რომ დავათხევ და ისე განაგე, რომ შენთვის ტანჯვებში დასერილი და ხმლით თავმოკვეთილი ჩემი სხეული  გაუჩინარდეს ჩემი  მტრებისა და მდევნელებისათვის. მოიხილე, უფალო, მაღლით გადმოხედე ამ  ხალხს და შენი ცნობის ნათლით განანათლე და მათი კეთილი თხოვნაც შეისმინე, ვინც  ჩემს მიერ შენს წმიდა სახელს მოუხმობს, რათა შენს დიდებულებას ყველამ უკუნისამდე  უგალობოს.
ეკატერინემ ლოცვა გაასრულა და ჯალათს მიმართა:
_ აღასრულე ბრძანებული!
მაშინ მეომარმა მახვილი აღმართა და წმიდა ეკატერინეს პატიოსანი თავი წარკვეთა.26  ჭრილობიდან რძე გადმოდინდა სისხლის ნაცვლად. მორწმუნეებმა იხილეს, რომ მისი პატიოსანი გვამი მყისვე ანგელოზებმა აღიტაცეს და სინას მთაზე27 გადაიტანეს   ქრისტე ღმერთის სადიდებლად, რომელიც მამასა და სული წმიდასთან ერთად ერთ ღვთაებად  მეუფებს უკუნისამდე. ამინ.28


შენიშვნები:

1. მაქსიმიანე მეფობდა 305-313 წწ.
2. ეკატერინე ალექსანდრიელი ბერძენი იყო ეროვნებით. ეს მისი ცხოვრების  ძველისძველი ხელნაწერებიდან ჩანს. თვით სახელიც ბერძნულია (აეიკათარინა _ მარად  წმიდა) _ ეკატერინე უკვე ცოტათი სახეცვლილი ფორმაა.
3. შდრ. კოლ.3,9.
4. დიოდოროს სიცილიელი _ ცნობილი წარმართი მწერალი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი,  გამორჩეული იყო მიუკერძოებლობით და ღრმა ჭვრეტის უნარით.
5. პლუტარქე _ ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი.
6. ესაია 29,14.
7. ჰერმესი (ანუ რომ. მერკური) _ მიიჩნეოდა `ღმერთთა~ მაცნედ, ვაჭრობისა და ორატორთა  მფარველად. ის ერთ-ერთი პოპულარული ბერძენი ღმერთთაგანი იყო. ლუსტრისა და  ლუკაონიის უმეცარი მოსახლეობა იმდენად განაცვიფრა პავლე და ბარნაბა მოციქულების  სასწაულებმა, რომ ბარნაბას ზევსი უწოდეს, პავლეს კი ჰერმესი `რამეთუ პავლე იყო  წინამძღუარ სიტყВსა მის~. (საქმე, 14,12).
8. მუზები _ ქალღმერთები, რომლებიც მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველად  ითვლებოდნენ.
9. პლატონი _ ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი IV ს. ქ.შ-მდე. არისტოტელეს თანამედროვე  და მასწავლებელი. თავად პლატონი განთქმული და დიდებული ფილოსოფოსის _ სოკრატეს  მოსწავლე გახლდათ. ნიშანდობლივია, რომ პლატონი თავის ფილოსოფიურ შეხედულებებში,  განსაკუთრებით კი ღმერთის, სამყაროს შექმნისა და სიკვდილისშემდგომი სიცოცხლის  შესახებ ძალზე უახლოვდება ქრისტიანულ სწავლებას.
10. აქ იგულისხმება ჰომეროსი, ვერგილიუსი და სხვა პოეტები. საერთოდ, წარმართები  თავიანთი ღმერთების შესახებ ლეგენდებს ძირითადად პოეტური თხზულებებიდან იღებდნენ,
11. ჰომეროსი _ ბერძენთა ერთ-ერთი უდიდესი პოეტი. ქ. შ.-მდე დიდი ხნით ადრე  ცხოვრობდა. დაწერა ცნობილი პოემები _ `ილიადა~ და `ოდისეა~.
12. ზევსი (რომ. _ იუპიტერი) _ ბერძენ-რომაელთა ღმერთი. მიიჩნეოდა ცისა და მიწის  განმგებლად, ყველა ღმერთისა და ადამიანთა მამად.
13. ორფეოსი _ ბერძნული მითების მომღერალი-გმირი, რომლის სიმღერის ძალა იმდენად  დიდი იყო, როგორც ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ კლდეებსა და ხეებს ამოძრავებდა, და  ველურ ცხოველებს ათვინიერებდა.
14. აპოლონი, ანუ ფებუსი _ ზევსისა და ლეტოსის ძე _ ბერძნულ-რომაული ღმერთებიდან  ერთ-ერთი ყველაზე საპატივცემულო ღმერთი იყო. ითვლებოდა მზისა და გონებრივი  განათლების ღმერთად, ასევე წესრიგის, კეთილდღეობის, და კანონების მფარველად,  მომავლის წინასწარგანჭვრეტის ღვთაებად.
15. წარმართთათვის ყველაზე მეტად მიუღებელი ის იყო, რომ ქრისტიანები ჯვარცმულს  ეთაყვანებოდნენ, რადგანაც ჯვარზე სიკვდილი სამარცხვინოდ ითვლებოდა. ამიტომ ამბობს წმიდა მოციქული პავლე, რომ ჯვარცმულ ქრისტეზე ქადაგება `წარმართთათვის სისულელეა~ (1  კორ. 2,23).
16. ჰერა (იუნონა _ რომ.) _ ძველი ბერძნები და რომაელები ზევის ცოლად და დად  თვლიდნენ. იგი ყველაზე მეტად იყო პატივცემული ქალღმერთებს შორის. მიწის,  ნაყოფიერების და ქორწინების მფარველ ქალღმერთად ითვლებოდა. პოსეიდონი _ ითვლებოდა  ზღვის ღმერთად, ათენა _ სიბრძნის, უფრო მეტად საომარი ხელოვნების ქალღმერთი იყო.  ზემოთხსენებული ადგილი მოტანილია რომაელი პოეტის ოვიდიუსის `მეტამორფოზებიდან~. საერთოდ რომაელთა და ბერძენთა ღმერთები, მათი რწმენით იმავე ვნებებითა და დანაშაულებრივი მიდრეკილებებით გამოირჩეოდნენ, როგორითაც ადამიანები.
17. სიბილებად რომაელებში ძველად იწოდებოდნენ წინასწარმეტყველები. მათი  წინასწარმეტყველებები სამ წიგნში იყო თავმოყრილი, რომლებიც კაპიტოლიუმის ზევსის  ტაძარში ინახებოდა, შემდგომში კი აპოლონის ტაძარში. ეს `სიბილათა წიგნები~ დიდი  პატივისცემით სარგებლობდა წარმართულ სამყაროში. მათ წინასწარმეტყველებებს ქრისტიანმა მწერლებმაც მიაპყრეს ყურადღება, რადგან მათში ქრისტეს მეუფების  დადგომაზე მინიშნებები მოიპოვებოდა.
18. აპოლონიოს ტიანელი. _ წარმართი ბრძენი, რომელიც ბევრ ცრუსასწაულს იქმოდა და  მრავალი მიმდევარი ჰყავდა (III ს.). მისი გამონათქვამებიც განსაკუთრებულ წიგნად  აკინძეს და დიდად პატივს მიაგებდნენ, განსაკუთრებით ალექსანდრიაში, სადაც ასეთი  წიგნი ინახებოდა ყველაზე დაკრძალულ ადგილას, ერთ-ერთ წარმართულ ტაძარში.
19. მათე _ 11,28.
20. ეს მოხდა 307 წ. 17 ნოემბერს.
21. ძოწეული _ გრძელი, მეწამულად შეღებილი სამეფო სამოსი, ძველად ძალზე ძვირფასად  ითვლებოდა და მხოლოდ სამეფო ტახტის საკუთრებად.
22. ფს. 41,2.
23. არტემიდე _ (რომ. დიანა) _ ცნობილი წარმართი ქალღმერთი ბერძნ-რომ. სამყაროში.  განასახიერებდა მთვარეს და ტყეებისა და ნადირობის ქალღმერთად მიიჩნეოდა. ამ  ქალღმერთისადმი მსახურება დიდი ბრწყინვალებით იდღესასწაულებოდა.
24. წმ. დედოფალ ავგუსტას ხსენება (ანუ ვასილისასი) ეკლესიაში იდღესასწაულება 24  ნოემბერს. ამავე დღეს არის ხსენება პორფირესი და 200 მეომრისა.
25. ადამანტი (ალმასი) _ ქვა, რომელიც ისეთი მტკიცე და მაგარია, რომ სხვა ქვებს  ფხაჭნის და ჭრის, თავად კი არაფერი ეტყობა. ეს სახელი საეკლესიო მწერლობაში ბევრ  წმიდანს ეწოდა (განსაკუთრებით ეკლესიის მამებსა და მოძღვრებს), რომლებიც განითქვნენ თავიანი რწმენისა და ხასიათის სიმტკიცით.
26. ალექსანდრიაში კეთილმსახურ მოგზაურებს დღემდე უჩვენებენ დიდმოწამე ეკატერინეს  თავისკვეთის ადგილს, ამ ადგილს ყოველთვის განსაკუთრებულად მოწიწებით მიაგებდნენ  პატივს ადგილობრივი ქრისტიანები. დღემდე შემონახულია პატარა მარმარილოს კოლონა, რომელზეც, გარდამოცემით, თავი მოჰკვეთეს დიდმოწამე ეკატერინეს. ეს კოლონა ინახება ალექსანდრიის წმ. საბას სავანეში. იგი დგას ტაძრის მარცხენა ფლიგელში, რომელიც ამ წმიდანის  სახელზეა აგებული.
27. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა წმ. ეკატერინეს წმ. ნაწილების ადგილსამყოფელი. იგი აღმოაჩინეს მხოლოდ 200 წლის შემდეგ. ეს ასე მოხდა. ერთხელ,  დაახლ. VI ს-ის 30-40 წწ. სინას მთის სავანის ძმობას საკვირველად ეუწყა ზეციდან, რომ წმ.  დიდმოწამის ნაწილები უხრწნელადაა დასვენებული მათ შორიახლოს. და ამასთანავე ბრძანება მიიღეს, სინას მონასტრის ახალაშენებულ ტაძარში გადმოესვენებინათ ისინი.  კეთილმსახური ბერები სიხარულით გაემართნენ ნაჩვენები მთისაკენ, რომელიც მათ  სავანესთან ახლოს მდებარეობდა. მისი სიმაღლე 1200 საჟენს აღწევდა, მაგრამ  რელიგიური გრძნობით გულანთებულმა და ღვთის მადლის შემწეობით განმტკიცებულმა  განდეგილებმა გზის ყველა სიძნელე დაძლიეს და მალე მიაღწიეს მთის წვერს, სადაც  მართლაც მოიპოვეს წმ. დიდმოწამის ურხწნელი და კეთილსურნელოვანი ნაწილები. აქ მისი  დადება მხოლოდ ანგელოზებს თუ ძალუძდათ. აქ იყო მხოლოდ თავი და მარცხენა ხელი. ეს ნაწილები მაშინვე პატივით გადაასვენეს სინას სავანეში, და აქამდე ამ  მონასტერში იმყოფება. 1689 წ. რუსმა იმპერატორმა პეტრე დიდმა სინას მონასტერს წმ. ეკატერინეს ნაწილებისათვის ვერცხლის ლუსკუმა შესწირა, მაგრამ ეს საჩუქარი  ეკლესიის სალაროში ინახება მუსულმანთა შიშით. დღეს წმ. ეკატერინეს ნაწილები  პატარა მარმარილოს ლუსკუმაში ინახება სინას ფერისცვალების მონასტრის დიდი ტაძრის საკურთხეველში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს. ქრისტეს საძლოს წმიდა თავს ოქროს გვირგვინი ამშვენებს. ხოლო თითზე ძვირფასი ბეჭედი აქვს წამოცმული ქრისტესთან საიდუმლო დაწინდვის ნიშნად. ლუსკუმაში წმიდა ნაწილები ვერცხლის ლანგარზეა  დაბრძანებული, რომლის ქვეშაც მისი კეთილსურნელებით გაჟღენთილი ბამბაა დაფენილი.  როცა ძმობისათვის თაყვანისსაცემელად ამოაქვთ წმიდა ნაწილები, მას სხვა სიწმინდეებთან ერთად სპეციალურად მომზადებულ მაგიდაზე აბრძანებენ. შორიდან მოსული მომლოცველისათვის დიდმოწამის ნაწილებს მაშინვე გამოაბრძანებენ. ძმობისათვის კი ისინი საუფლო დღესასწაულებზე ცისკრის შემდგომ იხსნება.
28. წმ. ეკატერინეს ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნება მართლმადიდებელ  სამყაროში. მისი პატივსაცემად იგება ეკლესიები, მონასტრები, მის სახელს ატარებს  ბევრი ქრისტიანი. ამ წმიდანის დიდება უძველეს დროშიც ძალზე დიდი იყო.







"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ. 
გამომცემლობა   -  ©  "ორთოდოქსი" .

მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.

No comments:

Post a Comment