წმინდანთა ცხოვრებაXV. წმ.დიდმოწამე ანასტასია მწამვლელობათა დამხსნელის ცხოვრება და მარტვილობა. [Фармаколитрия; греч. ̓Αναστασία ἡ Θαρμακολύτρια] († 290 )


ღმერთის წყალობით რომ აღასრულა. მალე ლევკადიუსიც დაბრუნდა ბითვინიიდან და ისევ თავისის გატანა დაიწყო. ხან ემუქრებოდა, ხან ტკბილ სიტყვას მოუმარჯვებდა თეოდოტიას, ორ უსჯულო საქმეს აიძულებდა: ღმერთებს ეცი თაყვანი და ქორწინებაზე დამყაბულდიო. ყველაფერმა უნაყოფოდ რომ ჩაიარა, სასტიკად განრისხდა. ანასტასიას დააბრალა თავისი ხელისმოცარვა. შეაბორკილა წმიდანი და სამსჯავროს გადასცა. თეოდოტია კი შეკრა და შვილებთან ერთად ბითვინიაში გაამგზავრა ანთიპატ ნიკიტიუსთან,17 თან წერილიც გაატანა, რომელშიც ყველაფერი წვრილად იყო აღწერილი.
ნეტარი თეოდოტია პროკონსულს წარუდგინეს. დაკითხვისას სატანჯველით დაემუქრა მმართველი ქალს. პასუხი თეოდოტიას უფროსმა ვაჟმა, ევიდომ გასცა, ჯერ კიდევ ყრმამ;
_ მსაჯულო, ტანჯვით ვერ შეგვაშინებ. ტანჯვა ხორცს უხრწნილებას ანიჭებს, სულს კი _ უკვდავებას. ჩვენ მხოლოდ ღვთისა გვეშინია. მას ხომ სულისა და ხორცის გეჰენიის ცეხცლში შეგდება ძალუძს.
მსაჯულმა მაშინვე ბრძანება გასცა, აქვე, დედის თვალწინ გაროზგეთ ყმაწვილი, დაასისხლიანეთო. დედა მხნედ შესცქეროდა შვილის ტანჯვას. სულით გამხიარულებული ღვთაებრივი სიტყვებით განამტკიცებდა ყრმას, წამება დაითმინეო. ამ გამოცდის შემდეგ თეოდოტია ერთ პირწავარდნილ უნამუსოს _ ჰირტაკს გადაულოცეს წასაბილწად. მაგრამ მიუახლოვდა თუ არა უსჯულო ღვთის კეთილკრძალულ მხევალს და მიკარება სცადა, უცებ მის გვერდით ნათლითმოსილი ჭაბუკი იხილა. ჭაბუკმა მრისხანედ ჰკიდა თვალი და ისე ძლიერად დაარტყა სახეში, რომ ჰირტაკს სისხლი წასკდა. ეს სასწაული ანთიპატმაც იხილა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ კეთილკრძალულთა მფარველი ღვთის ძალა შეეცნო, უფრო მეტად გამძვინვარდა და გრძნეულებას მიაწერა ყოველივე. ბრძანა, ღუმელი გაავარვარეთ და დედა-შვილნი შიგ შეაგდეთო. ასე შეეწირა ღმერთს კეთილსათნო მსხვერპლად წმიდა თეოდოტია თავისი მუცლის კურთხეულ ნაყოფებთან ერთად. ისინი ცეცხლში აღესრულნენ.18
ამასობაში შებორკილებული წმიდა ანასტასია ილირიის ჰეგემონს მიუძღვანეს: ამ ანგარებიანმა კაცმა შეიტყო, ეს ქალბატონი დიდძალი ქონების პატრონიაო, საიდუმლოდ იხმო და შესთავაზა:
_ ვიცი, მდიდარი ხარ და დიდი ფულისა და ადგილ-მამულის მფლობელი. ამასთანავე ქრისტიანიც ყოფილხარ და არც კი მალავ ამას. მოდი, ქრისტეს მცნება შეასრულე. განა ის უპოვარებისაკენ არ მოგიწოდებთ? გიბრძანებთ, სიმდიდრე მოიძულეთო. მოდი, მე დამითმე შენი ქონება და შენი ადგილ-მამულის მემკვიდრედ მაქციე. ასე ორმაგ მოგებას ნახავ: ქრისტეს მცნებასაც შეასრულებ და ჩვენი ხელიდანაც განთავისუფლდები. მერე კი უშიშრად და დაუბრკოლებლად გააგრძელებ შენი ღმერთის მსახურებას.
ბრძენმა ანასტასიამ გონიერი პასუხი გასცა:
_ უფალი ასე გვიბრძანებს: `განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა.19 ვინ იქნება ისეთი უგნური, რომ შენნაირ მდიდარს მისცეს გლახაკთა კუთვნილი? ვინ იქნება იმდენად გონდაკარგული, რომ შენისთანა ფუფუნებაში ჩაძირულსა და სიტკბოებაში მცხოვრებს ჩაუგდოს ხელთ გლახაკთა საზრდო? თუკი მშიერ-მწყურვალს გნახავ, შიშველსა და სნეულს, ანდა პყრობილს, მაშინ ყველაფრით შეეწევი, როგორც ქრისტემ გვიბრძანა,20 გამოგკვებავ, გასმევ, შეგმოსავ, მოგინახულებ, გემსახურები და რაც დაჭირდება, ყველაფერს მოგიზიდავ.
ამ სიტყვებმა რისხვით აღავსო ჰეგემონი და წმიდანი ბნელ საპყრობილეში ჩააგდებინა, სადაც ოცდაათი დღე უჭმელ-უსმელი უნდა ყოფილიყო. თავისი სასოებით _ ქრისტე ღმერთით იკვებებოდა ანასტასია, ის იყო მისთვის ტკბილი საზრდო და ნუგეშინის-ცემა მაწუხარების ჟამს. ყოველ ღამით წმიდა მოწამე თეოდოტია ეცხადებოდა მარტვილს, სიხარულით უვსებდა გულს და განამტკიცებდა. ანასტასია დიდხანს საუბრობდა ნეტართან, ბევრ რამეს ეკითხებოდა. ისიც კი ჰკითხა:
_ როგორ მოდიხარ ჩემთან სიკვდილის შემდგომ?
თეოდოტიამ აუხსნა, რომ მოწამეთა სულებს განსაკუთრებული მადლით მინიჭებული აქვთ ეს სასწაული. შეუძლიათ გამოეცხადონ, ვისაც სურთ, ესაუბრონ და ნუგეშინის-სცენ მათ.
გავიდა ოცდაათი დღე. ჰეგემონმა ნახა, რომ ანასტასიას არც დასტყობოდა შიმშილობა, ისევ ისეთი ჯანმრთელი და გაცისკროვნებული ჩანდა. იფიქრა, მცველები უზიდავდნენ საჭმელსო და სასტიკად განრისხდა მათზე. ახლა უფრო მძიმე პყრობილებაში ჩააგდო, კარი თავად დაბეჭდა, ყველაზე საიმედო მცველები დაუყენა და კიდევ ოცდაათი დღე დატოვა ასე უსმელ-უჭმელი. წმიდა მოწამეს ოდენ ცრემლები ჰქონდა საზრდელად და გულითადი ლოცვა უფლის მიმართ. ოცდაათი დღის შემდეგ ისევ გამოიყვანა ანასტასია ჰეგემონმა და კვლავ საღ-სალამათი და სახეუცვლელი ჰპოვა. რაღა დარჩენოდა, სიკვდილი მიუსაჯა მოწამეს _ სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად ზღვაში დახრჩობა.
სიკვდილმისჯილთა შორის ერთი კეთილმსახური კაცი იყო _ ევტიქიანი, რომელმაც ქრისტეს გამო მთელი თავისი ქონება დაკარგა. აი, ყველანი გემში ჩასხეს და მათთან ერთად ღრმად შესცურეს ზღვაში. შუაგულ ზღვაში მეომრებმა გემს კედლები და პირი დაუხვრიტეს, თავად ნავში გადასხდნენ და ნაპირს მიაშურეს. გემი იძირებოდა. უცბად განწირულებმა წმ. მოწამე თეოდოტია დაინახეს, რომელიც იალქნებს მართავდა და გემს ნაპირისკენ მიაცურებდა. მალე ხმელეთზე გავიდნენ. სიკვდილმისჯილებმა ასეთი სასწაულებრივი გადარჩენა რომ იხილეს, ევტიქიანსა და ანასტასიას ჩაუვარდნენ ფეხებში და შეევედრნენ, ქრისტეს რწმენით განგვანათლეო.
ევტიქიანმა და ანასტასიამ ქრისტეს სარწმუნოებაში განსწავლეს ისინი და ყველანი მოინათლნენ. იქ იყო დაახლოებით ასოცი კაცი.
ჰეგემონმა მალე შეიტყო მათი ამბავი, განრისხდა და ბრძანა, შეეპყროთ ყველანი და მრავალფერი სატანჯველით დაესაჯათ. წმიდა ანასტასია კი ოთხ ბოძს შუა გააკრეს და დაწვეს. ასე აღასრულა ნეტარმა თვისი მოწამეობრივი ღვაწლი _ ხორცის საკრველთაგან დაიხსნა თავი და ზეციურ თავისუფლებას მიეახლა.21 მისი პატიოსანი გვამი, ცეცხლმა ვერაფერი რომ ვერ ავნო, ერთმა კეთილმსახურმა ქალმა _ აპოლინარიამ გამოსთხოვა ჰეგემონის ცოლს, და პატივით დაკრძალა თავის ვენახში. გავიდა ხანი, ეკლესიის დევნა შეწყდა და აპოლინარიამ ეკლესია აღაშენა წმიდანის საფლავზე.
გავიდა კიდევ დიდი ხანი. წმიდა ანასტასიას პატიოსანმა ნაწილებმა სასწაულმოქმედება იწყო. ისინი პატივით გადაასვენეს სამეფო ქალაქ კონსტანტინოპოლში, ქალაქის დასაცავად და გადასარჩენად, სადიდებლად უფლისა ჩვენისა ქრისტე ღმერთისა, მამისა და სულისა წმიდისა თანა ერთღმერთად დიდებულისა უკუნისამდე ამინ!წმიდა ანასტასია ჩინებულ ქალაქ რომში დაიბადა. კეთილშობილებით, სულიერი და ხორციელი მშვენებით, კეთილზნეობითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა ქალწული. მამამისი, სენატორი პეტეკსტატი, ელინურ წარმართობას მისდევდა. დედამისი ფავსტა კი ქრისტიანი იყო. ყმაწვილი ანასტასია დედამ ერთ ღირსეულ კაცს მიაბარა აღსაზრდელად. იგი ცნობილი იყო თავისი განსწავლულობით, უფრო მეტად კი კეთილმსახურებით. ქრისოგონოსი ერქვა, ქრისტიანი იყო, ღრმად შეესწავლა ქრისტეს ღვთაებრივი მოძღვრება (შემდგომში მან მოწამეობრივი ღვაწლი იტვირთა). ამ წმიდა კაცს მხოლოდ წერა-კითხვაში არ გაუწრთვნია ანასტასია. ერთი ჭეშმარიტი ღმერთი შეაცნობინა, ყოველივეს შემოქმედი და აღმასრულებელი, ყოველივე ხილულისა თუ უხილავის საწყისი, გულის ყოველი კეთილი სურვილის მიზანი. გულდასმით კითხულობდა ყმაწვილი ანასტასია ქრისტიანულ წიგნებს, უფლის სჯულში განისწავლებოდა დღედაღამ და გულს ღვთის სიყვარულში განიმტკიცებდა.
ქრისოგონოსთან განსწავლული ანასტასიას სახელი შორს განითქვა, ბრძენ და მშვენიერ ქალწულს ყველა ერთხმად ასხამდა ხოტბას.
ამასობაში ანასტასიას ნეტარი დედა _ ფავსტა აღესრულა. მამამ კი ქალიშვილი ვინმე პომპილიუსს მიათხოვა, ყურიც კი არ ათხოვა მის უარობას. ეს პომპილიუსიც სენატორთა გვარიდან იყო და ისიც ელინურ წარმართობას აღიარებდა.
ასე წაიყვანეს ანასტასია ქმრის სახლში, მორწმუნე ურწმუნოს ჩაუგდეს ხელში, ქრისტეს კრავი მგელს მიჰგვარეს. ღვთისკენ მიმართა ქალწულმა მოთქმა-გოდება, განუწყვეტლივ ლოცულობდა დღედაღამ და უფალმაც იხსნა და დაიცვა იგი. ანასტასია არ გამოთხოვებია ქალწულებას, უწმინდურ ქმარს არ შეუბღალავს მისი უბიწო სხეული. პომპილიუსს თავს აჩვენებდა, განუწყვეტელი და უკურნებელი ქალური სნეულება მჭირს და ამიტომ ცოლობას ვერ გაგიწევო. ქმარმა რამდენჯერმე მაინც დააპირა ვნების დაკმაყოფილება და ძალის გამოყენება სცადა, მაგრამ ანასტასია მფარველი ანგელოზის უხილავი შემწეობით დაუძვრა ხელიდან და კვლავ უბიწო ქალწულად დარჩა.
ანასტასია ამგვარი საქმიანობით იყო დაკავებული: გაიხდიდა ხოლმე ძვირფას და ბრწყინვალე შესამოსელს, ჩუმად ჩაიცვამდა  ფლასს და ყველასაგან მალულად ტოვებდა სახლს. მარტო ერთი მხევალი ახლდა თან, რომელსაც გვერდიდან არ იშორებდა. მასთან ერთად დაივლიდა საპყრობილეებს, ოქროთი ქრთამავდა მცველებს, ქრისტეს მოწამეებთან შედიოდა და მოწიწებითა და გულისხმიერად ემსახურებოდა მათ, უვლიდა შეძლებისამებრ: ხელ-ფეხს ბანდა პყრობილებს, ნაგვით სავსე თმებს უსუფთავებდა, სისხლს სწმენდდა, სუფთა ტილოებით უხვევდა იარებს, აჭმევდა და ასმევდა სათითაოდ. როცა ამ საქმეს მოილევდა, მალულადვე ბრუნდებოდა სახლში.
ანასტასიას ამ საქმისათვის ხშირად უხდებოდა სახლიდან გასვლა. ეს ამბავი პომპილიუსის თვალს არ გამოჰპარვია. შეიტყო, რომ მისი ცოლი პყრობილების მოსანახულებლად დადიოდა და უფრო მეტად განრისხდა მასზე. ისედაც ხომ ბრაზი და ბოღმა ახრჩობდა, ანასტასია ცოლობას რომ არ უწევდა და ამის გამო ძალზე ამწარებდა. მეუღლის საქმიანობა კი იმ მხევალმა შეატყობინა, ანასტასიას სულ თან რომ ახლდა: ამ მუხანათმა ქალმა ყველაფერი დაფქვა.
უსჯულო ქმარმა სასტიკად სცემა ანასტასია და განცალკევებულ ოთახში ჩაკეტა. მცველებიც დაუყენა, გარეთ გასვლა რომ ვერ მოეხერხებინა. წმიდანის სული მწუხარებამ აავსო, აღარ შეეძლო ქრისტეს მოაწმეების მონახულება და მათი მსახურება. ყველაზე მეტად კი თავის მოძღვარზე, ქრისოგონოსზე დარდობდა, მისი უნახაობა სტანჯავდა. უკვე ორი წელი ხდებოდა, რაც წმიდა ქრისოგონოსი დილეგში ჩაემწყვდიათ და სტანჯავდნენ. სანამ თავისუფალი იყო, ანასტასია ხშირად მიდიოდა მასთან. ახლა კი თავად გამომწყვდეულს აღარ შეეძლო მასწავლებელი მოენახულებინა.
მას შემდეგ, რაც კეთილმსახურ ქალს მამა გარდაეცვალა, ქმარმა კიდევ უფრო მეტად დაუწყო შევიწროება. პრეტეკსტატის მთელი ქონება მემკვიდრეობით ანასტასიას ერგო, რადგან სენატორს სხვა შვილი ან ნათესავი არ გააჩნდა. პომპილიუსმა სიმამრის სიკვდილით ისარგებლა და განიზრახა, ანასტასია მოეკლა. ისედაც გული ჰქონდა მასზე აყრილი, ხორციელ გულისთქმებს რომ არ უკმაყოფილებდა, თანაც ცოლის აღსასრულის შემდეგ მთელ მის ქონებას დაეპატრონებოდა. ფიქრობდა, სხვა ცოლს შევირთავ და მასთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებ ანასტასიას დანატოვარი ფულების ხარჯზეო. როგორც ტყვესა და მხევალს, ისე ექცეოდა მეუღლეს პომპილიუსი, ყოველდღე აწამებდა და ტანჯავდა. ეს ამბავი ანასტასიას წერილიდან გახდა საცნაური, რომელიც მალულად მისწერა თავის მასწავლებელ ქრისოგონოსს და ერთი მოხუცი ქალის ხელით გაუგზავნა. აი, ეს წერილი:
ქრისტეს წმიდა აღმსარებელს _ ქრისოგონოსს
ანასტასიასაგან
მამაჩემი კერპთმსახური იყო, მაგრამ დედაჩემი ფავსტა ყოველთვის წმიდა და კეთილმსახურ ცხოვრებას ეწეოდა. სულ ჩვილობიდანვე ქრისტიანად გამზარდა. დედის სიკვდილის შემდეგ წარმართთან ქორწინების უღელი დამადეს. მაგრამ, ღვთის წყალობით, საწოლი არ გამიყვია მასთან. თავს ვაჩვენებდი, ვითომც უკურნებელი სნეულება მჭირდა. ახლა დღითა თუ ღამით უფალ იესო ქრისტეს შეუვრდები. ჩემი ქმარი უღირს და საძაგელ კერპთმსახურებს ახარჯავს ჩემს მემკვიდრეობას, ჩემი სიმდიდრით ყელყელაობს. მე კი, როგორც გრძნეული და სარწმუნოების წინააღმდგომი ისეთ მძიმე პყრობილებაში გამომკეტა, რომ აღარაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ უფალს მივაბარო სული. რაღა თქმა უნდა, უნდა მიხაროდეს, რომ უფლისთვის ვევნები და მისი აღსარებისათვის მოვკვდები, მაგრამ ღრმა ურვა მიპყრობს იმის შემხედვარეს, რომ მთელ ჩემს სიმდიდრეს, ღმერთს რომ აღვუთქვი, უღირს და ღვთისსაძაგელ კაცთა ხელები ხარჯავენ. ამიტომაც გევედრები, ღვთის კაცო, უფალს გულითადად შესთხოვე, რომ თუკი ჩემი ქმარი ოდესმე მოიქცევა და ირწმუნებს ქრისტეს, ცოცხალი დატოვოს და თუკი კვლავ თავის უღმერთოებაში დარჩება, სიცოცხლეს გამოასალმოს და ღვთისთაყვანისმცემლებს დაუტოვოს ასპარეზი. სჯობს მოკვდეს ურჯულო, ვიდრე ღვთის ძის უარმყოფელი მის აღმსარებლებს აბრკოლებდეს. ქრისტეა მოწამე, რომ თუკი განვთავისუფლდები, მთელ ჩემს ცხოვრებას წმიდანების მსახურებაში გავატარებ, გულითადად ვიზრუნებ მათზე. ეს საქმიანობა ხომ უკვე წამოწყებული მქონდა... ცხონების გზაზე გევლოს, ღვთის კაცო, და მეც შემიწყალე.
მოძღვარმა ამგვარი პასუხი მოიწერა:
ქრისოგონოსი _ ანასტასიას
ამსოფლიური ქარიშხლითა და მღელვარებით შეურვებულს მალე მოგეახლება ქრისტე, წყლებზე მოარული და ერთი სიტყვით დააცხრობს შენზე აღდგომილი მტრის შემოტევათა ქარებს. აქაფებულ ზღვაში მყოფი მოთმინედ ელოდე ქრისტეს. არ დააყოვნებს. დაუღალავად ევედრე წინასწარმეტყველის სიტყვებით: რად მწუხარე ხარ სულო ჩემო,ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.1 ღვთისაგან ორმაგ საზღაურს ელოდე: შენი დროებითი მემკვიდრეობაც დაგიბრუნდება და ზეციურსაც დაიმკვიდრებ. უფალი დრო და დრო მოგვივლენს ხოლმე ჭირს, რათა უზრუნველობაში მყოფებს თვლემა არ მოგვერიოს. ნუ შფოთავ იმის შემყურე, რომ კეთილმსახურებს ჭირი ეწევათ. უფალი არ მიიქცევა შენგან, მხოლოდ გცდის. ისიც უწყოდე, რომ კაცის ხელით მოცემული შემწეობა მტკიცე არაა, წმიდა წერილის სიტყვები გაიხსენე: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ და განიმტკიცოს ორცი მკლავისა ვისისანი და უფლისაგან განდგეს გული მისი.2 მტკიცედ და ფხიზლად ერიდე ცოდვას, ოდენ ღვთისაგან ეძიე ნუგეშინის-ცემა, მისი წმიდა მცნებები დაიმარხე. მალე დაგიბრუნდება სიმშვიდის ხანა. ხომ იცი, ღამის სიბნელეს ნათელცისკროვანი დღე მოსდევს და მკაცრ ზამთარს თბილი გაზაფხული. ასე დაგიდგება ოქროსფერი და ნათელი დღეები და მაშინ კი ქრისტეს სახელისათვის ვნებულებს დროებით ნუგეშინისცემას მიჰმადლებ, თავად კი უეჭველად საუკუნო ნეტარებას მოიხვეჭ... ცხონდი უფლის მიერ და ილოცე ჩემთვის.
ულმობელმა ქმარმა მალე კვლავ ახალ ჭირ-ვარამში ჩააგდო ანასტასია. მანაც ასეთი წერილი მისწერა ქრისოგონოსს:
ქრისტეს აღმსარებელ ქრისოგონოსს _ ანასტასიასაგან
მომიხსენე და ილოცე ჩემთვის, რათა უფალმა სული მიმიღოს. მისთვის დავითმენ ამდენ სატანჯველს. ყველაფერს ჩემგან გამოგზავნილი მოხუცი გიამბობს.
წმიდანმა პასუხად მისწერა:
ქრისოგონოსი _ ანასტასიას
ნათელს ყოველთვის ბნელი უძღვის წინ. სალმობათა შემდგომ კი ხშირად სიმრთელე გვიბრუნდება. სიკვდილის შემდეგაც სიცოცხლეა შეპირებული. ერთი და იგივე აღსასრული ელის ბედნიერსაც და ვნებულსაც, რათა მწუხარებაში მყოფნი სასოწარკვეთას არ მიეცნენ, ხოლო სიამით დამტკბარნი _ თვითდაჯერებას. ერთია ზღვა, სადაც ჩვენი ცხოვრების ნავები გაუშვეს. ამ გადაცურვისას ერთი მესაჭე მიუძღვის ჩვენს სულებს. ზოგის ხომალდი უფრო მყარია და უვნებლად არღვევს ღელვას, სხვებს კი ფუტურო ნავები ჰყავთ, წყნარ ზღვაშიც კი რომ შესაძლოა ჩაიძირონ. მოახლოვებულია მათი დაღუპვის დრო, ვინც მაცხოვნებელ ნავთსადგურისკენ არ მიილტვის. შენ კი, ქრისტეს უბიწო მსახურო, მთელი გონება ქრისტეს ჯვარს მიამსჭვალე და უფლის საქმეთათვის განიმზადე თავი და როცა შენი ნებისამებრ ქრისტეს მსახურებას აღასრულებ, მარტვილობაც მოგელის. მერე კი ზეიმით შებრძანდები ქრისტესთან ნეტარ ცხოვრებაში.
წმიდა ქრისოგონოსმა ამ წერილში ანასტასიას სასტიკი ქმრის სიკვდილი იწინასწარმეტყველა. ეს უკანასკნელი მალევე ელჩად წარგზავნეს სპარსეთის მეფესთან. გზად ზღვა უნდა გადაეცურა. მისი ხომალდი უეცარმა ქაიშხალმა ჩაძირა და ასე დაიღუპა ეს წყეული კაცი. ქალწულებაშენახული წმიდა ანასტასია კი ჩიტივით თავისუფალი გახდა. უკვე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაიწყო საპყრობილეებში ტყვეთა მონახულება ნეტარმა. ქრისტეს წმიდა მოწამეებს შეეწეოდა თავისი სახელითაც და კეთილგონივრული სიტყვებითაც, მხნე დათმენისთვის განამტკიცებდა და ქრისტესთვის თავის დასადებად აგულიანებდა.
იმ ხანებში აკვილიაში3 მეფე დიოკლეტიანე იმყოფებოდა. მთელი ძალისხმევა იმას დაახარჯა უსჯულომ, რომ არც ერთი ქრისტიანი არ დაძვრენოდა ხელიდან. მეფეს მოახსენეს, საპყრობილეები გადავსებულია, სასტიკად ვტანჯავთ ქრისტიანებს, მაგრამ ისინი მაინც არ უარყოფენ თავიანთ ქრისტესო. მათი შემაგონებელი და განმამტკიცებელი ვინმე ქრისტიანი მოძღვარი ქრისოგონოსია, ყველანი მას ემორჩილებიან და მის დარიგებებს უგდებენ ყურსო. დიოკლეტიანემ ყველა ქრისტიანის ტანჯვისა და მოკვლის ბრძანება გასცა, ქრისოგონოსი კი სამჯავროზე მოაყვანინა. მისი მოდრეკა ჰქონდა განზრახული, ფიქრობდა, ამას თუ გადმოვიბირებ, სხვა ქრისტიანებსაც ადვილად ვსძლევო.
ქრისოგონოსი მეფესთან მიიყვანეს განსასჯელად. წმიდა ანასტასია შორით მისდევდა თავის მასწავლებელს.
მეფემ ჯერ საუბარი გაუბა წარდგენილს, მშვიდად შეაგონებდა, უარყავი შენი ქრისტეო.
_ მიიღე ჩემი კეთილი რჩევა, ქრისოგონოს, _ ეთვალთმაქცებოდა უსჯულო ხელმწიფე, _ შემოუერთდი ჩვენს სარწმუნოებას, სათნო-ეყავ ღმერთებს და სიამოვნება არჩიე მწუხარებას, სასარგებლო _ უსარგებლოს. იცოდე, თუკი დამთანხმდები, ტანჯვისაგანაც იხსნი თავს, ნანატრ თავისუფლებასაც მიიღებ და ამასთანავე დიდი ქალაქის, რომის მმართველადაც დაგადგენ.
წმიდანმა მიუგო:
_ მე ერთი ღმერთი შემიცვნია. ისაა ჩემთვის ყოველგვარ ნათელზე უნათლესი და ყოველგვარ თავისუფლებაზე სასურველი, ის მთელ ჩემს სიცოცხლეს მირჩევნია და ყველა საუნჯეზე უფრო მეძვირფასება. მხოლოდ მისი მწამს მთელი გულით, აღვიარებ პირით, თაყვანის-ვცემ სულით და ყველას თვალწინ მხოლოდ მას მოვუდრეკ მუხლს. თქვენი ღმერთების სიმრავლეს კი, დემონთა სადგურს, პატივს არ მივაგებ. მათზე ისევე ვფიქრობ, როგორც სოკრატე,4 ის ხომ ასე იხსენიებს თქვენს ღმერთებს: ყველანაირად უნდა განვეშოროთ მათგან, რადგან კაცთა მაცდუნებლებთან და სულის ცნობილ წარმწყმედელებთან გვაქვს საქმე. შენი შემოთავაზებული ნიჭები და პატივი კი სიზმრად და ბინდად მიმიჩნევია.
ქრისოგონოსის თამამმა და თავისუფალმა სიტყვის-გებამ მოთმინება დააკარგვინა მეფეს და სასწრაფოდ ბრძანა, უდაბურ ადგილას გაეყვანათ წმიდანი და თავი მოეკვეთათ. მარტვილის გვამი ზღვის პირას5 დააგდეს, წმიდა ცხოვრების კაცის _ მღვდელ ზოილის სამოსახლოს მახლობლად. იქვე ცხოვრობდა სამი და _ ქალწულიც: აღაპია, ქიონია და ირინე.6 ამ მღვდელმა ღვთის გამოცხადებით შეიტყო წმიდა ქრისოგონოსის გვამის ადგილსამყოფელი, მივიდა, მოკვეთილ თავთან ერთად კიდობანში ჩადო და თავის სახლში შეინახა. ოცდაათი დღის შემდეგ ჩვენებაში წმიდა ქრისოგონოსი იხილა. მან უთხრა:


_ იცოდე, რომ ამ ცხრა დღის განმავლობაში შენს მახლობლად მცხოვრებ სამ ქალწულს სატანჯველად წაასხამენ. უფლის მხევალ ანასტასიას შეატყობინე, იზრუნე-თქო მათზე, მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდოს, შეაგონოს, სანამ მოწამეობრივი გვირგვინებით არ შეიმკობენ თავებს. შენც კეთილ სასოებაში იცხოვრე და მოღვაწეობის ტკბილ ნაყოფს მოისთვალავ. მალე შენც ჩამოიყრი ამსოფლიურ ბორკილებს და ქრისტეს მიეახლები მის მარტვილებთან ერთად.
ქრისოგონოსი წმიდა ანასტასიასაც გამოეცხადა. და აი, ღვთის სულით შთაგონებული ქალი მღვდლის სახლს მიადგა, თუმცა ადრე არასოდეს ყოფილა იქ. ზოილს ჰკითხა: სად არიან ის ქალწულები, ჩვენებაში ხომ მათ მოწამეობრივ აღსასრულზე გაუწყესო? მათი ადგილსამყოფელი რომ შეიტყო, მსწრაფლ მიაშურა და მთელი ღამე ღვთის სიყვარულსა და სულის ცხონებაზე საუბარში გაატარებინა ქალწულებს. შეაგონებდა; მხნედ, სისხლის დათხევამდე უერთგულეთ თქვენს სიძეს _ ქრისტესო. მღვდელ ზოილის სახლში კი თავისი მასწავლებლის, წმიდა ქრისოგონოსის წმიდა ნაწილები რომ იხილა, ბევრი იტირა და მის წმიდა ლოცვებს შეავედრა თავი. მერე კი აკვილიაში დაბრუნდა.
მალე წმიდა ქრისოგონოსის ნაწინასწარმეტყველებიც ახდა. ეს მღვდელი ცხრა დღეში აღესრულა, წმიდა ქალწულები: აღაპია, ქიონია და ირინე მართლაც მეფე დიოკლეტიანეს წარუდგინეს დასაკითხად. დიდხანს ცდილობდა მეფე მათ დაყოლიებას, ხან ელაქუცებოდა, ხან ემუქრებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და ბოლოს დილეგში ჩააგდო.
წმიდა ანასტასია ჩვეულებისამებრ აგრძელებდა ტყვეთა მონახულებას და საპყრობილეში წმიდა ქალწულებსაც გადააწყდა. ნუგეშინის-ცემა არ დაუკლია მათთვის ქრისტეს მხევალს, სასოებად აღძრავდა: ქრისტე უცილობლად შეგეწევათ და უფლის მტრებს სძლევთო.
ამასობაში მეფეს სახელმწიფო საქმეებზე მაკედონიაში8 მოუწია წასვლამ, წმიდა ქალწულები კი მტარვალ დუკლიციუსს გადააბარა. დუკლიციუსმა ბევრი ტანჯა და აწამა ქალწულები და შემდეგ ერთ კომიტს9 _ სისინიუსს მისცა განსაცდელად. ამ უკანასკნელმა წმიდა აღაპია და წმიდა ქიონია ცეცხლში ჩააგდებინა. ასე მიაბარეს სულები უფალს წმიდა ქალწულებმა, ალშეუხებელი მრთელი სხეულები კი ცეცხლში დატოვეს. წმიდა ირინე კი სისინიუსის ერთმა მეომარმა ისრით დაჭრა და მარტვილიც აღესრულა. წმიდა ანასტასიამ მოიპოვა მათი წმიდა სხეულები, ნელსაცხებლებით გაჟღენთილ თეთრ არდაგში გადაახვია და გამორჩეულ ადგილას დაასვენა მათი წამების პატივსაცემად.
გადიოდა ხანი. ანასტასია კვლავ განაგრძობდა თავის საქმიანობას. ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა, ქვეყნიდან ქვეყანაში, დატყვევებულ ქრისტიანებს პატრონობდა, საჭმელ-სასმელს უზიდავდა, ტანსაცმელსა და ყოველივე საჭიროს ყიდულობდა, მკურნალობდა. სიხარულად ევლინებოდა ყოველ მძიმედ ტანჯულსა და ხორცით დაუძლურებულს, ოქროთი მოიყიდდა შვებას დიდი ხნის ტყვეთათვის. ამიტომაც ეწოდა წმიდა ანასტასიას მწამვლელობათა დამხსნელი, თავისი ფარული მზრუნველობით მწუხარების საკრველთაგან რომ ხსნიდა ქრისტეს მოწამეებს. ზოგს ტანჯვას უმსუბუქებდა, ზოგს თავისი ხელით წამლობდა, უკურნებელ იარებს უხორცებდა. რამდენი ცოცხალ-მკვდარი აღადგინა თავისი მოვლითა და მზრუნველობით, ახალი ძალებით აღავსო მომდევნო ტანჯვის დასათმენად. სნეულთა და გაჭირვებულთა დახმარების სურვილმა საექიმო ხელოვნება შეასწავლინა, თავად სურდა ემკურნალა ტანჯულთათვის. ხელში ატატებულს დაატარებდა ხელფეხდამტვრეულებსა და დაწყლულებულებს, თავსი ხელით აჭმევდა, ასმევდა, ჩირქს უწმენდდა და ჭრილობებს უხვევდა. მხოლოდ ამით იხარებდა, რომ თავად ქრისტეს ემსახურებოდა მისი ტკბილი სახელისათვის ტანჯულთა შეწევნით. მთელს ძალებს ამ საქმიანობას ახმარდა, მთელი ძალისხმევით ამას ცდილობდა და მთელს სულსა და გულს აქსოვდა პყრობილთა მსახურებაში, ბუნებით უძლურებაზე იმარჯვებდა დიდსულოვნებითა და მხნეობით გამორჩეული, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ანთებული. წმიდა მოწამეებზე მზრუნველმა კარგად უწყოდა, რაოდენ ახლოს არიან ისინი ღმერთთან. დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს იმეორებდა ხშირად: ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი. აღვრაცხნე იგინი და უფრო ქვიშისა განმრავლდნენ.10
ერთხელ თავის ჩვეულ საქმეებზე მაკედონიაში იმყოფებოდა ნეტარი. იქ ერთი ახალგაზრდა ქვრივი გაიცნო, სახელად თეოდოტია, რომელიც წარმოშობით ბითვინიიდან იყო, ქალაქ ნიკეადან. ქმრის სიკვდილის შემდეგ სამი ყრმა დარჩენოდა. მაკედონიაში ცხოვრობდა, ქვრივობის წლებს ქრისტიანობის აღსარებაში და კეთილმსახურ ღვაწლში ატარებდა. წმიდა ანასტასია ხშირად სტუმრობდა მასთან, უყვარდა, როგორც ქრისტეს ერთგული მხევალი, ანუგეშებდა ღვთის სიყვარულით გამთბარი მისი ტკბილი საუბრები. ხანი გამოხდა და თეოდოტიას ქრისტიანობა გამჟღავნდა. პატიოსანი ქვრივი შეიპყრეს და მეფეს წარუდგინეს დასაკითხად.
სამსჯავროზე წარდგენილი თეოდოტიას სილამაზემ მეფის ერთ-ერთი ქვეშევრდომი _ ლევკადიუსი ისე მოხიბლა, რომ დიოკლეტიანეს მისი თავი გამოსთხოვა, ცოლად უნდა შევირთოო. მეფეც დათანხმდა, იმედი ჰქონდა, რომ ამ გზით კერპთაყვანისმცემლობაზე მოიქცეოდა ქრისტიანი ქვრივი.
ლევკადიუსმა თეოდოტია და მისი შვილები სახლში წაიყვანა. რა ღონეს აღარ ხმარობდა: ევედრებოდა, შეაგონებდა, ხან დაუტკბებოდა, ხან ემუქრებოდა, ქრისტე უარყავი და ცოლად გამომყევიო. მაგრამ თეოდოტიას პასუხი ერთი იყო:
_ თუკი იმისთვის ცოდვილობ, რომ ჩემი სიმდიდრე და ადგილმამული დაგრჩეს, მაშ იცოდე _ ნებაყოფლობით გაძლევ ყოველივეს, ოღონდ დამეხსენი და ქრისტეს მსახურება  მაცალე. ამ სიმდიდრის ნაცვლად ქრისტეს მოპოვება მსურს. ხოლო თუკი ჩემი სილამაზით მოხიბლულხარ და ჩემი ქრისტესთან განშორება განგიზრახავს, მაშ, გეუბნები _ შეუძლებელს შესჭიდებიხარ. ჩემი სილამაზის დამახინჯება უფრო გაგიადვილდება, ანდა ჩემი სიცოცხლის ხელყოფა, ვიდრე ჩემი გონების უფლისაგან განშორება და შენთან ქორწინებაზე დათანხმება.
იმ ხანებში ლევკადიუსს გამგზავრება მოუწია, მეფეს უნდა ხლებოდა, თეოდოტია კი თავის სახლში დატოვა. დიდხანს არ დაბრუნებულა მეფის ქვეშევრდომი. თეოდოტიამ შვება იგრძნო, განთავისუფლდა. წმიდა ანატასიას შეუამხანაგდა პყრობილების მონახულების საქმეში, მასთან ერთად დადიოდა ციხეებში, სნეულებს კურნავდა, მკვდრებს მარხავდა, ცოცხლებს კი უფრო დიდ ღვაწლისთვის აგულიანებდა.
და აი, დიოკლეტიანეს კვლავ აუწყეს, რომ ქალაქებში საპყრობილეები ქრისტიანებით გადაივსო და სხვა პყრობილების ადგილი აღარ რჩებაო. მაშინ უსჯულო მტარვალმა ბრძანება გასცა, ყველა ტუსაღი დაეხოცათ, რათა დაცარიელებულ ციხეებში ახლა სხვა ქრისტიანები ჩაეყარათ. ამ საქმისთვის ერთი ღამე დანიშნეს. სწორედ ამ ღამით მიეახლა მოწამეთა ურიცხვი სიმრავლე დაუბნელებელ დღეს _ ქრისტეს. ერთნი ხმლით მოსრეს, მეორენი წყალში დაახრჩვეს, ზოგნი ცეცხლის ღუმელებში დაწვეს, ზოგნი კი ცოცხლივ მიაბარეს მიწას: ქრისტეს აღმსარებლებით ამოავსეს თხრილები და ორმოები და მიწა და ქვები მიაყარეს.
დილით ქრისტესმოყვარე ნეტარი ანასტასია ჩვეულებისამებრ მივიდა ერთ-ერთ დილეგში, მაგრამ იქ წმიდა მოწამეთაგან არავინ დახვდა. საბრალობელი მოთქმა-გოდება ამოუშვა ქალწულმა. მეომრები დაინტერესდნენ: რად ტირიო? მან მიუგო:
_ ღვთის მონებს ვეძებ. გუშინ აქ იყვნენ, ამ საპყრობილეში, ახლა კი არ ვიცი, სად წაუყვანიათ.
მეომრები მიხვდნენ, ისიც რომ ქრისტიანი იყო, მაშინვე შეიპყრეს და ილირიის11 მმართველ ფლოროსს მიჰგვარეს. ჰეგემონმა ჰკითხა:
_ შენ რა, ქრისტიანი ხარ?
წმიდა ანასტასიამ მიუგო:
_ ჭეშმარიტად ქრისტიანი ვარ. ჩემთვის ისაა ძვირფასი, რაც შენ გესაძაგლება. ქრისტიანის სახელი თქვენ გერცხვინებათ, მე კი საპატიოდ და დიდებულად მიმაჩნია.
მაშინ ჰეგემონმა წარმომავლობა გამოჰკითხა ანასტასიას და როს შეიტყო, ცნობილი რომაული გვარიდანააო, გაოცებულმა ჰკითხა:
_ რამ გაიძულა, რომ შენი დიდებული სამშობლო _ რომი დაგეტოვებინა და აქეთ წამოსულიყავი?
წმიდანმა უპასუხა:
_ არაფერმა, უფლის ხმის გარდა. ის თავისკენ მიხმობდა. მეც ყური მივაპყარი, მამული და მეგობრები დავუტევე, ქრისტეს ჯვარი ავიღე და მხნედ და მხიარულად შევუდექი ღმერთს.
_ კი მაგრამ, სადაა ის ქრისტე, შენ რომ აღიარებ? _ ჰკითხა ჰეგემონმა.
_ ადგილს ვერ იპოვი ამქვეყნად, ქრისტე რომ არ იყოს იქ. ის ცაშიცაა, ზღვაშიც და მიწაზეც. ყველა მის მხმობელთან და მოშიშთან მყოფობს, გონებას განუნათლებს და არასოდეს განეშორება. _ იყო პასუხი.
_ ისინი სადღა არიან, ქრისტესმოშიშნი? გვითხარი, მათი გაცნობა გვსურს. _ იკითხა კვლავ მმართველმა.
წმიდანმა მიუგო:
_ აქამომდე ამქვეყნად იყვნენ, ჩვენთან. ხორცი ემოსათ. აწ კი დაუტევეს ეს სოფელი, ცაში აღვიდნენ და იქიდან გადმოგვცქერიან. ქრისტესთვის სიკვდილით მოიპოვეს ეს ნეტარება. მეც მათ რიცხვს მსურს შევერთო და მათი გზით ვიარო.
ჰეგემონმა რომაელ წარჩინებულ ქალბატონზე მეფის გარეშე გადაწყვეტილების მიღება ვერ გაბედა, ამიტომ წვრილად აღწერა საქმის ვითარება და საგანგებო უწყებად გაუგზავნა დიოკლეტიანეს. დიოკლეტიანე კარგად იცნობდა ანასტასიას მშობლებს, ქმარსაც და თავად იგიც არაერთხელ ეხილა. რომ გაიგო, მშობლების მემკვიდრეობას გლახაკ ქრისტიანებს ახმარსო, სასწრაფოდ მოაყვანინა წმიდანი და ავლა-დიდებაზე დაუწყო გამოკითხვა, რადგან ქონება მეტად უყვარდა, ვიდრე თავისი ღმერთები.
_ სადაა მამის დანატოვარი სიმდიდრე?
წმიდანმა წარბიც არ შეიხარა, ისე მიუგო:
_ იმ განძიდან და ადგილ-მამულიდან რაიმე მაინც რომ დამრჩენოდა, რითაც ქრისტეს მონების მსახურებას კიდევ შევძლებდი, მაშინ ჯერ არ ჩაუვარდებოდი ხელში ქრისტიანთა სისხლის მაძიებლებს. მაგრამ ახლა მთელი ქონება გამოვლიე, ქრისტეს შევწირე ძღვნად. ოდენ სხეულიღა დამრჩენია და ისიც ჩემს ღმერთს მინდა რომ მივუძღვანო.
წმიდანის სითამამემ და სილაღემ მეფეს მისი ძლევის იმედი გადააწურვინა, თანაც მიხვდა, ვერც მისი ქონებიდან მიიღებდა რაიმეს, აკი უთხრა ანასტასიამ: ყველაფერი დავხარჯეო. საუბრის გაგრძელებისა კი შეეშინდა, მისმა სიბრძნემ სირცხვილი არ მაჭამოსო. ამიტომ მთავარმართებელთან გააგზავნა, თან იხტიბარი არ გაიტეხა და ამ სიტყვებით გამოისტუმრა:
_ მეფის ბრწყინვალებას უგნურ ქალებთან საუბარი არ შეჰფერისო.
მთავარმართებელი წმიდა ანასტასიას დაუტკბა:
_ რად არ გსურს მამაშენივით ღმერთებს ემსახურო? რად დაუტევე ისინი და ქრისტეს რად ეთაყვანები? შენ ხომ არც კი იცნობ მას: ის იუდეველთა შორის იშვა და მათვე მოკლეს, როგორც ბოროტმოქმედი.
ანასტასიამ პასუხი არ დაახანა:
_ ეგ ღმერთები და ქალღმერთები მეც მყავდა სახლში: ოქროსი, ვერცხლისა და სპილენძის. ვხედავდი, როგორ უქმად იდგნენ, ფრინველთა საფრთხობელად თუ გამოდგებოდნენ ანდა მწერ-ობობათა სადგურად. ამიტომაც ცეცხლს მივეცი, ამით იმ უპატიობისაგანაც დავიხსენი, ჩიტები, ობობები და ბუზები რომ აყენებდნენ. ცეცხლიდან კი ოქროს, ვერცხლის და სპილენძის მონეტები ამოვიღე. ამ ფულად მრავალი მშიერი დავაპურე, ბევრი შიშველი შევმოსე, უძლურებს შევეწიე, გლახაკები დავამწყალობე. ასე ვასარგებლე მრავალ ულუკმაპუროს ამ უსარგებლოდ მდგარი ღმერთებით.
ამ სიტყვების გაგონებაზე მთავარმართებელი განრისხდა და იყვირა:
_ შენი უღმერთო საქციელის გაგონებაც კი არ მინდა!
წმიდანი ღიმილით შეეპასუხა:
_ შენი გონიერება მაკვირვებს, მსაჯულო. ჩემს საქციელს უღმერთოს როგორ უწოდებ? ამ უსულო კერპებს რაიმე გრძნობა  რომ გააჩნდეთ, ანდა რაიმე ძალა შესწევდეთ, მაშინ ხომ შესძლებდნენ  თავიანთი გამანადგურებლისთვის ხელის შეშლას, ანდა მასზე შურის-ძიებას. ბოლოს და ბოლოს ეყვირათ მაინც და საშველად ეხმეთ? მაგრამ მათ ხომ არაფერი უწყიან, არც ის იციან, რა ხდება მათ თავს.
მსაჯულმა გააწყვეტინა:
_ ჩემმა ღვთაებრივმა მეფემ მიბრძანა, ბევრი არ გალაპარაკო. ორიდან ერთი აირჩიე: ან დამთანხმდები, ღმერთებს მსხვერპლი შესწირო, ანდა საშინელი სიკვდილი გეწევა და დაიღუპები.
პასუხად წმიდანმა უთხრა: ქრისტესთვის სიკვდილი დაღუპვა კი არა, საუკუნო სიცოცხლეში შესვლააო.
ხანგრძლივმა საუბარმა დაარწმუნა მთავარმართებელი, რომ შეუძლებელს ელტვოდა: წმიდანს ვერ მოდრეკდა. ადგა და მეფეს მოახსენა ყველაფერი. სასტიკად გამძვინვარდა დიოკლეტიანე, საგონებელში ჩავარდა, რა ვუყო ანასტასიასო. ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა ურჩია, კაპიტოლიუმის12 ქურუმ ულპიანეს გადაეცი, ეგებ იმან დაიყოლიოს, ან ტანჯვით აიძულოს ქრისტეს უარყოფაო, თუკი მასაც არ დაემორჩილება, მაშინ სიკვდილით დასაჯოს და თუკი მისი ქონებიდან რაიმე მაინც გადარჩა, კაპიტოლიუმში წაიღოს მისი სიკვდილის შემდეგო. მეფეს მოეწონა რჩევა და წმიდა ანასტასია ყველა ღვთაების უმაღლეს ქურუმს _ ულპიანეს გაუგზავნა.
ულპიანემ პატივით მიიღო წმიდანი. ფიქრობდა, დაყვავებით უფრო გადავიბირებ, ვიდრე მუქარითო. დიდხანს შეაგონებდა დათაფლული სიტყვებით. ბოლოს კი ასეთი გამოცდა მოუწყო. ასარჩევად ურთიერთსაწინააღმდეგო ნივთები დაულაგა თვალწინ. პირველნი ამსოფლიურ ბრწყინვალებას განასახიერებდნენ, მეორენი კი _ მრავალფერ სატანჯველს. ერთმანეთის პირისპირ ეწყო ძვირფასი ქვები და ორლესული მახვილები; ბროლითგაწყობილი ოქროს სავარძლები და ცხელ ნახშირდაყრილი გავარვარებული რკინის საწოლები; აქეთ მონისტოები,13 საყურეები, ოქრო-მარგალიტის სამკაულები, იქით კი _ ბორკილები, ჯაჭვები და რკინის საკრველები. ერთ მხარეს _ ლამაზი სარკეები და ქალის ულამაზესი სამოსელი, მეორე მხარეს კი _ სხეულის საჯიჯგნად განკუთვნილი რკინის სავარცხლები და ჰოროლები. ძვირფასი შესამკობლების წინ ნამსხვრევები და ხის ნახერხი ეყარა, რომლითაც მტანჯველები ჭრილობებს უსრესდნენ მოწამეებს. რად მოიქცა ასე ეს ვერაგი და მაცდური კაცი? ფუფუნების საგნების პირისპირ წამების იარაღები რად დაულაგა წმიდანს? სასიხარულოს წინ სევდისმომგვრელი და თვალწარმტაცის წინ საშინელი რად გაუმწკრივა? იმად, რომ ქრისტეს სასძლო ამით ეცდუნებინა, იმით კი შეეძრწუნებინა. მაგრამ ანასტასიას ყურადღება არცერთმა მხარემ არ მიიქცია. არც ბრწყინვალე საგნები მოსურვებია და არც საშინელ იარაღებს შეუშინებია. მეტიც, თვალი უფრო მეტად სატანჯველისაკენ მიურბოდა, ვიდრე ქალური სამკაულებისაკენ. ასე იძლია წყეული ქურუმი წინასწარმეტყველის სიტყვებისამებრ: უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი, ხოლო უფალი ეცინის მას, რამეთუ წინასწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი.14
მზაკვარმა ქურუმმა ვერც კი იაზრა, თავლაფდასხმად რომ მოუტრიალდებოდა განაზრახი. სირცხვილში ჩავარდა უსჯულო, რადგან ამ განსაცდელით უფრო მეტად წარმოჩინდა ანასტასიას მხნეობა და ქრისტესადმი სიყვარული, წარმართი ქურუმის საძაგელი გამონაგონი და თვალთმაქცობა კი ამაო და უქმი წყლის ნაყვა გამოდგა. როცა წმიდანს მიმართა: აირჩიე, რაც გენებოს, ანასტასიამ თვალი გადაავლო თვალწინ დაწყობილ ფუფუნების საგნებსა და ძვირფასეულობას და უთხრა:
_ ეს ყოველივე, ეშმაკო, შენი და შენი მსახურებისთვისაა, ვისთან ერთადაც საუკუნო წარსაწყმედელი გელის.
ბორკილებსა და ტანჯვის იარაღებს რომ დააცქერდა, თქვა:
_ ამ საგნებით გარშემორტყმული უფრო მშვენიერი და სასურველი ვეჩვენები ჩემს საყვარელ სიძეს. ამას ვირჩევ, იმას კი უარვყოფ. ეს მიყვარს უფლისმიერ, ის კი მძულს.
მაშინ ქურუმმა სამი დღე კიდევ აცალა, მოიფიქრეო. სატანჯველად არ ემეტებოდა. თან იმედსაც არ კარგავდა, ეგების გადაწყვეტილება შეიცვალოსო. დაღონდა მარტვილი:
_ რაღა საჭიროა გადადება? რად არ გინდა ახლავე მაწამო? ჩემგან სხვას მაინც ვერაფერს მოისმენ იმის გარდა, რასაც ახლაც გეუბნები: მე არ შევწირავ მსხვერპლს თქვენს ღმერთებს, არ აღვასრულებ შენსა და შენი მეფის ნებას. მხოლოდ საუკუნეთა მეუფეს ვწირავ ქების მსხვერპლს, ჩემს ერთადერთ უკვდავ ღმერთს, მისთვის ვდებ სულს. შენ ტანჯვით მაშინებ, მე კი განვაქიქებ შენს მუქარას, რადგან არაფრის მოპოვება არ მწყურია ქრისტეს გარდა. მხოლოდ მასში ჰგიებს უკვდავი სიცოცხლე.
ქურუმმა ჰკითხა:
_ ნუთუ მართლა ქრისტესმაგვარ სიკვდილს ირჩევ?
ქრისტეს სიკვდილის ხსენებაზე მარტვილმა სიხარულით შესძახა:
_ ამინ! ამინ! ასე აღმასრულე ჩემო მეუფეო, ქრისტე!
ქურუმი დაინტერესდა:
_ რას ნიშნავს ეს სიტყვა _ ამინ!?
წმინდანმა უპასუხა:
_ ღირსი არა ხარ, შეიმეცნო ან წარმოთქვა ეს სიტყვა.15 გონიერი კაცი ძვირფას მირონს მყრალ ჭურჭელში არასოდეს ჩაასხამს.
მაშინ ულპიანემ სამი დღით უწინდელ მეგობარ ქალებთან გააგზავნა ანასტასია. ეიმედებოდა, ეგებ ამათ მაინც დააბრუნონ წმიდანი მამის სარწმუნოებაზეო. რაღა ხერხი არ იხმარეს ამ ცბიერმა უსჯულო ქალებმა: რჩევა-დარიგებებით აღარ ასვენებდნენ, ქალთა ყურისათვის საამო სიტყვებით გამუდმებით უკიჟინებდნენ ენადათაფლულები, ამსოფლიურ ტკბობასა და მშვენიერებას ახსენებდნენ. მაგრამ ანასტასიასვითარცა ყრუსა არა ესმოდა და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თვისი“.16 ამ სამი დღის მანძილზე პირი არაფრისთვის დაუკარებია, არც ჭამდა, არც სვამდა, მხოლოდ სიძე-ქრისტეს უხმობდა განუწყვეტლივ. სამმა დღემაც განვლო. ქურუმმა ტანჯვა-წამება მიუსაჯა, როს დარწმუნდა, უძრავი სვეტისა და მყარი მთის მსგავსი რწმენა ჰქონიაო ამ წარჩინებულ ქალბატონს. მაგრამ მისი მშვენებით მოხიბლულმა იმ წყეულმა კაცმა ჯერ ქრისტეს წმიდა მტრედის წაბილწვა მოინდომა, თუმცა თითის დაკარებაც არ დასცალდა, მაშინვე თვალთ დაუბნელდა, საშინელმა ტკივილმა დაუარა თავში და გონდაკარგულმა ღრიალი მორთო, თავის ღმერთებს უხმობდა საშველად. ბრძანა, ტაძარში წამიყვანეთო, იმედს არ კარგავდა: კერპები შემეწევიან, აკი ამდენ ხანს ვემსახურეო. მაგრამ შემწეობის ნაცვლად ჭირი იზღვია, სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი მიიღო. იქ აღმოხდა უსჯულოს თავისი ბოროტი სული და ჯოჯოხეთში გადასახლდა თავის ღმერთებთან. ეს სასწაული მალე მთელ ქალაქს მოედო. განთავისუფლებული წმიდა ანასტასია თავის სულიერ დას _ თეოდოტიას ეწვია, რომელიც ჯერ კიდევ ლევკადიუსის სახლში ცხოვრობდა. დაწვრილებით უამბო თავსგადამხდარი და ის სასწაულიც მოუყვაღმერთის წყალობით რომ აღასრულა. მალე ლევკადიუსიც დაბრუნდა ბითვინიიდან და ისევ თავისის გატანა დაიწყო. ხან ემუქრებოდა, ხან ტკბილ სიტყვას მოუმარჯვებდა თეოდოტიას, ორ უსჯულო საქმეს აიძულებდა: ღმერთებს ეცი თაყვანი და ქორწინებაზე დამყაბულდიო. ყველაფერმა უნაყოფოდ რომ ჩაიარა, სასტიკად განრისხდა. ანასტასიას დააბრალა თავისი ხელისმოცარვა. შეაბორკილა წმიდანი და სამსჯავროს გადასცა. თეოდოტია კი შეკრა და შვილებთან ერთად ბითვინიაში გაამგზავრა ანთიპატ ნიკიტიუსთან,17 თან წერილიც გაატანა, რომელშიც ყველაფერი წვრილად იყო აღწერილი.
ნეტარი თეოდოტია პროკონსულს წარუდგინეს. დაკითხვისას სატანჯველით დაემუქრა მმართველი ქალს. პასუხი თეოდოტიას უფროსმა ვაჟმა, ევიდომ გასცა, ჯერ კიდევ ყრმამ;
_ მსაჯულო, ტანჯვით ვერ შეგვაშინებ. ტანჯვა ხორცს უხრწნილებას ანიჭებს, სულს კი _ უკვდავებას. ჩვენ მხოლოდ ღვთისა გვეშინია. მას ხომ სულისა და ხორცის გეჰენიის ცეხცლში შეგდება ძალუძს.
მსაჯულმა მაშინვე ბრძანება გასცა, აქვე, დედის თვალწინ გაროზგეთ ყმაწვილი, დაასისხლიანეთო. დედა მხნედ შესცქეროდა შვილის ტანჯვას. სულით გამხიარულებული ღვთაებრივი სიტყვებით განამტკიცებდა ყრმას, წამება დაითმინეო. ამ გამოცდის შემდეგ თეოდოტია ერთ პირწავარდნილ უნამუსოს _ ჰირტაკს გადაულოცეს წასაბილწად. მაგრამ მიუახლოვდა თუ არა უსჯულო ღვთის კეთილკრძალულ მხევალს და მიკარება სცადა, უცებ მის გვერდით ნათლითმოსილი ჭაბუკი იხილა. ჭაბუკმა მრისხანედ ჰკიდა თვალი და ისე ძლიერად დაარტყა სახეში, რომ ჰირტაკს სისხლი წასკდა. ეს სასწაული ანთიპატმაც იხილა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ კეთილკრძალულთა მფარველი ღვთის ძალა შეეცნო, უფრო მეტად გამძვინვარდა და გრძნეულებას მიაწერა ყოველივე. ბრძანა, ღუმელი გაავარვარეთ და დედა-შვილნი შიგ შეაგდეთო. ასე შეეწირა ღმერთს კეთილსათნო მსხვერპლად წმიდა თეოდოტია თავისი მუცლის კურთხეულ ნაყოფებთან ერთად. ისინი ცეცხლში აღესრულნენ.18
ამასობაში შებორკილებული წმიდა ანასტასია ილირიის ჰეგემონს მიუძღვანეს: ამ ანგარებიანმა კაცმა შეიტყო, ეს ქალბატონი დიდძალი ქონების პატრონიაო, საიდუმლოდ იხმო და შესთავაზა:
_ ვიცი, მდიდარი ხარ და დიდი ფულისა და ადგილ-მამულის მფლობელი. ამასთანავე ქრისტიანიც ყოფილხარ და არც კი მალავ ამას. მოდი, ქრისტეს მცნება შეასრულე. განა ის უპოვარებისაკენ არ მოგიწოდებთ? გიბრძანებთ, სიმდიდრე მოიძულეთო. მოდი, მე დამითმე შენი ქონება და შენი ადგილ-მამულის მემკვიდრედ მაქციე. ასე ორმაგ მოგებას ნახავ: ქრისტეს მცნებასაც შეასრულებ და ჩვენი ხელიდანაც განთავისუფლდები. მერე კი უშიშრად და დაუბრკოლებლად გააგრძელებ შენი ღმერთის მსახურებას.
ბრძენმა ანასტასიამ გონიერი პასუხი გასცა:
_ უფალი ასე გვიბრძანებს: `განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა.19 ვინ იქნება ისეთი უგნური, რომ შენნაირ მდიდარს მისცეს გლახაკთა კუთვნილი? ვინ იქნება იმდენად გონდაკარგული, რომ შენისთანა ფუფუნებაში ჩაძირულსა და სიტკბოებაში მცხოვრებს ჩაუგდოს ხელთ გლახაკთა საზრდო? თუკი მშიერ-მწყურვალს გნახავ, შიშველსა და სნეულს, ანდა პყრობილს, მაშინ ყველაფრით შეეწევი, როგორც ქრისტემ გვიბრძანა,20 გამოგკვებავ, გასმევ, შეგმოსავ, მოგინახულებ, გემსახურები და რაც დაჭირდება, ყველაფერს მოგიზიდავ.
ამ სიტყვებმა რისხვით აღავსო ჰეგემონი და წმიდანი ბნელ საპყრობილეში ჩააგდებინა, სადაც ოცდაათი დღე უჭმელ-უსმელი უნდა ყოფილიყო. თავისი სასოებით _ ქრისტე ღმერთით იკვებებოდა ანასტასია, ის იყო მისთვის ტკბილი საზრდო და ნუგეშინის-ცემა მაწუხარების ჟამს. ყოველ ღამით წმიდა მოწამე თეოდოტია ეცხადებოდა მარტვილს, სიხარულით უვსებდა გულს და განამტკიცებდა. ანასტასია დიდხანს საუბრობდა ნეტართან, ბევრ რამეს ეკითხებოდა. ისიც კი ჰკითხა:
_ როგორ მოდიხარ ჩემთან სიკვდილის შემდგომ?
თეოდოტიამ აუხსნა, რომ მოწამეთა სულებს განსაკუთრებული მადლით მინიჭებული აქვთ ეს სასწაული. შეუძლიათ გამოეცხადონ, ვისაც სურთ, ესაუბრონ და ნუგეშინის-სცენ მათ.
გავიდა ოცდაათი დღე. ჰეგემონმა ნახა, რომ ანასტასიას არც დასტყობოდა შიმშილობა, ისევ ისეთი ჯანმრთელი და გაცისკროვნებული ჩანდა. იფიქრა, მცველები უზიდავდნენ საჭმელსო და სასტიკად განრისხდა მათზე. ახლა უფრო მძიმე პყრობილებაში ჩააგდო, კარი თავად დაბეჭდა, ყველაზე საიმედო მცველები დაუყენა და კიდევ ოცდაათი დღე დატოვა ასე უსმელ-უჭმელი. წმიდა მოწამეს ოდენ ცრემლები ჰქონდა საზრდელად და გულითადი ლოცვა უფლის მიმართ. ოცდაათი დღის შემდეგ ისევ გამოიყვანა ანასტასია ჰეგემონმა და კვლავ საღ-სალამათი და სახეუცვლელი ჰპოვა. რაღა დარჩენოდა, სიკვდილი მიუსაჯა მოწამეს _ სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად ზღვაში დახრჩობა.
სიკვდილმისჯილთა შორის ერთი კეთილმსახური კაცი იყო _ ევტიქიანი, რომელმაც ქრისტეს გამო მთელი თავისი ქონება დაკარგა. აი, ყველანი გემში ჩასხეს და მათთან ერთად ღრმად შესცურეს ზღვაში. შუაგულ ზღვაში მეომრებმა გემს კედლები და პირი დაუხვრიტეს, თავად ნავში გადასხდნენ და ნაპირს მიაშურეს. გემი იძირებოდა. უცბად განწირულებმა წმ. მოწამე თეოდოტია დაინახეს, რომელიც იალქნებს მართავდა და გემს ნაპირისკენ მიაცურებდა. მალე ხმელეთზე გავიდნენ. სიკვდილმისჯილებმა ასეთი სასწაულებრივი გადარჩენა რომ იხილეს, ევტიქიანსა და ანასტასიას ჩაუვარდნენ ფეხებში და შეევედრნენ, ქრისტეს რწმენით განგვანათლეო.
ევტიქიანმა და ანასტასიამ ქრისტეს სარწმუნოებაში განსწავლეს ისინი და ყველანი მოინათლნენ. იქ იყო დაახლოებით ასოცი კაცი.
ჰეგემონმა მალე შეიტყო მათი ამბავი, განრისხდა და ბრძანა, შეეპყროთ ყველანი და მრავალფერი სატანჯველით დაესაჯათ. წმიდა ანასტასია კი ოთხ ბოძს შუა გააკრეს და დაწვეს. ასე აღასრულა ნეტარმა თვისი მოწამეობრივი ღვაწლი _ ხორცის საკრველთაგან დაიხსნა თავი და ზეციურ თავისუფლებას მიეახლა.21 მისი პატიოსანი გვამი, ცეცხლმა ვერაფერი რომ ვერ ავნო, ერთმა კეთილმსახურმა ქალმა _ აპოლინარიამ გამოსთხოვა ჰეგემონის ცოლს, და პატივით დაკრძალა თავის ვენახში. გავიდა ხანი, ეკლესიის დევნა შეწყდა და აპოლინარიამ ეკლესია აღაშენა წმიდანის საფლავზე.
გავიდა კიდევ დიდი ხანი. წმიდა ანასტასიას პატიოსანმა ნაწილებმა სასწაულმოქმედება იწყო. ისინი პატივით გადაასვენეს სამეფო ქალაქ კონსტანტინოპოლში, ქალაქის დასაცავად და გადასარჩენად, სადიდებლად უფლისა ჩვენისა ქრისტე ღმერთისა, მამისა და სულისა წმიდისა თანა ერთღმერთად დიდებულისა უკუნისამდე ამინ!


შენიშვნები:

1. ფს. 41, 6.
2. იერ. 17,5.
3. აკვილეა _ ქალაქი ზემო იტალიაში, რომაული კოლონიიდან წარმოქმნილი. მდებარეობდა მდ. ნატისონზე, ადრიატიკის ზღვის მახლობლად. წარმოიქმნა თუ არა, მალევე დიდ სავაჭრო ცენტრად იქცა, მასზე გადიოდა სამხედრო გზები ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებში. იმპერიის წლებში ის იტალიის კარიბჭეს წარმოადგენდა და აქ ხშირად იკრიბებოდა ჯარები. შემდგომში ეს ქალაქი ჰუნებმა პირისაგან მიწისა აღგავეს და მისი მცხოვრებლების ნაწილი მდ. პოს ლაგუნებში გაიხიზნა, სადაც ვენეციის დაარსებაში მიიღეს მონაწილეობა.
4. სოკრატე _ ძველი ბერძენი ბრძენი _ ფილოსოფოსი, ცხოვრობდა ათენში V-IV ს. ქ-შ-მდე. გამოირჩეოდა ამაღლებული მსოფლმხედველობით, რითაც მნიშვნელოვნად გაუსწრო თავის თანამედროვეებს. მას არ სწამდა ბევრი წარმართი ღმერთი და ერთ ღმერთს აღიარებდა. ე. ი. ამტკიცებდა, რომ ღმერთი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოსო. ამის გამო სოკრატე უღმერთობაში დაადანაშაულეს და ასევე წულთამხრწნელობასაც აბრალებდნენ (უსამართლოდ) და მოწამვლით სიკვდილი მიუსაჯეს 399 წ. ქ. შ-მდე სოკრატემ ციკუტის აბი გადაყლაპა და დაიღუპა მოსწავლეებითა და თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული. მისი მოსწავლეებიდან ყველაზე მეტად სახელი გაითქვას პლატონმა, რომელიც ასევე მონოთეისტი იყო.
5. აქ იგულისხმება ადრიატიკის ზღვა.
6. წმ. ქალწულთა აღაპიას, ირინესა და ქიონიას ხსენება აღესრულა 16 აპრილს.
7. შემდომში ქრისოგონოსის პატიოსანი თავი რომში გადაასვენეს, სადაც უკვე პაპ სიმატის (498-514) დროს არსებობდა ამ წმიდანის სახელობის ეკლესია, და იქ ინახებოდა მისი თავი. სხეული კი ვენეციაშია.
8. მაკედონია იყო ქვეყანა საბერძნეთის ჩრდილოეთით. ახლა აქ არის ორი პროვინცია, რომელიც ევროპული თურქეთის შემადგენლობაშია: ერთი აღმოსავლეთით _ ისევ მაკედონიად იწოდება, მეორე, დასავლეთით _ ალბანიად.
9. კომიტი ეწოდებოდა მხლებლებს პროვინციებში (სვიტა) უმაღლესი ჩინოსნებიდან, შემდგომში კი იმპერატორის მხლებლებს, რომლებიც მის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდნენ.
10. ფს. 138,7.
11. ილირიას ეჭირა ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, ისაზღვრებოდა ჩრდილო-დასავლეთის მდ. საბათი, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით _ მდ. სინათი. ამჟამად აქ მდებარეობს დალმატია და ბოსნია-ჰერცოგოვინა, ასევე ალბანიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ილირია მაკედონიის გვერდით იყო, ასე რომ ანასტასია, რომელიც მაკედონიის საპყრობილეებში პატრონობდა ტყვეებს, ადვილად გადადიოდა ილირიაშიც, ამიტომაც მიიყვანეს ილირიის ჰეგემონთან.
12. კაპიტოლიუმი _ რომის ცენტრალური სიმაგრე, მდებარეობს კაპიტოლიის გორაზე, სადაც იმპერიის მმართველი ორგანოები იყო თავმოყრილი. აქ მდებარეობდა კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარი, რომელიც რომის მთავარ ბრწყინვალებას წარმოადგენდა. აქ ხშირად იმართებოდა სენატის სხდომები როგორც რელიგიურ, ასევე სახელმწიფო საქმეებზე. ეს ტაძარი ორჯერ განადურდა და ორივეჯერ უწინდელი ბრწყინვალებით აღადგინეს. ბოლოს ის განაახლა იმპერატორმა დომიციანემ (69 ან 70 წ. ქ. შ.). წარმართულ რომში იუპიტერის ტაძრის უმაღლესი ქურუმი დიდი პატივით სარგებლობდა და სახელმწიფოშიც უდიდესი წონა ჰქონდა.
13. მონისტო _ ყელსაბამი, რომელიც შედგებოდა ძეწკვისა ან მონეტებიანი თასმისაგან. მონისტოს საგულისხმო ნიმუში რავენაშია (იტალიაში) წმ. ვიტალის ეკლესიაში. მოზაიკაზე, რომელზეც გამოსახულია იმპერატრიცა თეოდორა ქალების თანხლებით. ყველა ქალს მონისტოები ჰკიდია ყელზე.
14. ფს. 36,12.
15. ამინ _ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს `ჭეშმარიტად~, `ნამდვილად~, `დაე~. ეს სიტყვა ხშირად გვხვდება ძვ. და ახ. აღთქმის წიგნებში და არაერთხელ თავად ძე ღვთისას მისადაგება, რომელიც თავად არის მუდმივი ჭეშმარიტება (იხ. აპ. 3,14). ძველი დროიდან სიტყვა `ამინ~ იხმარება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში.
16. ფს. 37,13.
17. ანტიფატი _ ეწოდებოდა სამთავროს უმაღლეს მმართველს, რომლის ხელისუფლების ქვეშაც რამდენიმე პროვინცია იმყოფებოდა თავის მმართველებთან (ჰეგემონებთან) ერთად.
18. წმ. თეოდოტიასა და მისი ვაჟიშვილების წამების და აღსასრულის ადგილია ბითვინიის ქ. ნიკეა.
19. მათე 19,21.
20. იხ. მთ. 25, 34-35.
21. ეს მოხდა დაახ. 304 წ. 22 დეკემბერს.

"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ. 
გამომცემლობა   -  ©  "ორთოდოქსი" .

მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.

No comments:

Post a Comment