ეგვიპტის ქვეყანაში1 ოდესღაც ერთი ქალი ცხოვრობდა, გარყვნილი, უსირცხვილო და უწმინდურად მცხოვრები. ერთი ასული ჰყავდა _ ტაისია. ამ მეძავმა შვილსაც ის სამარცხვინო საქმე შეასწავლა, რასაც თვითონ იყო ჩვეული, საროსკიპოში მიაბარა და სატანას მისცა მსახურებად _ კაცთა სულების წარსაწყმედად. ტაისია გარეგნობით მეტად ლამაზი იყო და მისი პირისახის მშვენების ამბავი შორს განითქვა. ოქროსა და ვერცხლს, ძვირფას და ბრწყინვალე შესამოსელს არ აკლებდნენ ქალს ბილწი გულითქმით შეპყრობილი თაყვანისმცემლები.
მისმა მომხიბვლელობამ ბევრი გაკოტრებამდე მიიყვანა, სიღატაკეში ჩააგდო, სხვები ერთმანეთს ისე წაჰკიდა, რომ მისი სახლის ზღურბლი ხშირად სისხლით ირწყვებოდა, გონებააბნეული ყმაწვილკაცები ერთურთს რომ დაერეოდნენ ხოლმე.
მისმა მომხიბვლელობამ ბევრი გაკოტრებამდე მიიყვანა, სიღატაკეში ჩააგდო, სხვები ერთმანეთს ისე წაჰკიდა, რომ მისი სახლის ზღურბლი ხშირად სისხლით ირწყვებოდა, გონებააბნეული ყმაწვილკაცები ერთურთს რომ დაერეოდნენ ხოლმე.
ეს ამბავი ღირსი პაფნუტის2 ყურს მისწვდა. ბერმა საერო ტანსაცმელი გადაიცვა, ოქროს მონეტა აიღო და ტაისიას სახლს მიადგა. ქალს მონეტა ჩაუდო ხელში საზღაურად, თითქოსდა მასთან დროსტარებას ელტვოდა. ტაისიამ მონეტა გამოართვა და მოსულს ოთახში შეუძღვა.
_ შემოდი ოთახში. _ უთხრა ქალმა.
პაფნუტი ოთახში შეჰყვა. მაღალ, განმზადებულ საწოლს შეხედა, დაჯდა და ჰკითხა:
_ სხვა საიდუმლო ოთახი ხომ არა გაქვს? მინდა იქ ჩავიკეტოთ, რომ არავინ შეიტყოს ჩვენი ამბავი.
ტაისიამ უპასუხა:
_ კი, არის. თუმცა, თუკი შენ ხალხის გრცხვენია, ეს ოთახიც დაგვფარავს. კარი ჩაკეტილია. აქ არავინ შემოვა და ჩვენს საქმეს ვერავინ შეიტყობს. ხოლო თუ ღვთისა გეშინია, ისეთ ადგილს ვერსად მოიძიებ, მას რომ დაემალო. მიწაშიც რომ ჩაძვრე, ღმერთი იქაც ყველაფერს ხედავს.
ამ სიტყვების გაგონებაზე პაფნუტი შეეკითხა:
_ განა შენ რაიმე გსმენია ღვთის შესახებ?
_ ღმერთზეც ვიცი, და მართალთა ნეტარებაზე და ცოდვილთა სატანჯველზეც მსმენია რამ. _ უპასუხა ტაისიამ.
მაშინ ბერმა უთხრა:
_ თუკი ღმერთზეც იცი და საუკუნო ნეტარება და სატანჯველიც უწყი, კაცთ რაღად ბილწავ? აი, უკვე რამდენი სული გყავს წარწყმედილი. გეჰენიის ცეცხლის თანამდები ხარ და არამარტო საკუთარი ცოდვები დაგტანჯავს, მათიც მოგეკითხება, ვინც წაგიბილწავს.
ამ სიტყვების სმენაზე ტაისია ბერს ტირილით ჩაუვარდა ფეხებში და წამოიძახა:
_ მე ისიც ვიცი, რომ ცოდვილებისთვისაცაა სინანული და ცოდვებისთვის _ მიტევება. შენი ლოცვებით ვსასოებ ცოდვებისაგან განთავისუფლებას და ღვთის შეწყალების მიღებას. გვედრი, ცოტა მადროვე, მხოლოდ სამი საათი, და მერე, სადაც მიბრძანებ, იქ წამოვალ და რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ.
ბერმა ადგილი დაუთქვა: აქ დაგელოდებიო, და წავიდა. ტაისიამ გარყვნილებით მოპოვებული მთელი განძეულობა მოაგროვა, დაახლოებით ოთხას ლიტრამდე ოქროს ფასისა გამოვიდოდა, ქალაქის შუაგულში გამოიტანა, ცეცხლი გააჩაღა, ყველაფერი შიგ ჩაყარა და მთელი ხალხის თვალწინ დაწვა. თან გაიძახოდა:
_ მოდით ყველა ჩემთან შემცოდე და უცქირეთ, როგორ დავწვი ყოველივე, რაც თქვენ მიბოძეთ!
უწმინდური გზით შეგროვილი სიმდიდრე ცეცხლს რომ მისცა, მაშინვე იმ ადგილისაკენ გაეშურა, სადაც წმიდა პაფნუტი ელოდა. ბერმა ის დედათა მონასტერში წაიყვანა. მისთვის პატარა სენაკი გამოითხოვა, შიგ შეიყვანა და ჩაკეტა. სენაკის კარები კი მყარად აჭედა, მხოლოდ ერთი პატარა სარკმელი დაუტოვა, ცოტა პური და წყალი რომ შეეწოდებინათ მისთვის.
_ როგორ ვევედრო ღმერთს, რას მიბრძანებ, მამაო? _ ჰკითხა ტაისიამ წმიდანს.
_ არც ღვთის სახელის ხსენების ღირსი ხარ და არც ხელების ზეცად აღპყრობისა, შენი ბაგეები სიბილწითაა შესვარული, ხელები უწმინდურებით გაქვს დაბინძურებული. აღმოსავლეთისკენ მიაქციე პირი და მხოლოდ ასე იმეორე ხშირად: _ ჩემო შემოქმედო, შემიწყალე მე!
სამი წელი დაჰყო ტაისიამ ასე დაყუდებაში. ისე ევედრებოდა ღმერთს, როგორც პაფნუტიმ დაარიგა. ცოტა პურსა და წყალს თუ მიიღებდა, იმასაც დღეში ერთხელ.
განვლო სამმა წელიწადმა. პაფნუტის შეეწყალა ტაისია და ანტონი დიდთან3 გაეშურა იმის გასაგებად, მიუტევა თუ არა ცოდვები ღმერთმა მეძავყოფილს.
ბერთან მივიდა თუ არა, ტაისიას ცხოვრებაზე უამბო. წმიდა ანტონიმ მოწაფეებს უხმო, ყველას თავის სენაკში ჩაკეტვა უბრძანა და მთელი ღამე ილოცეთო,
_ დაავალა, _ ღმერთმა რომელიმეს მაინც გამოგიცხადოთ ცოდვებზე მოტირალი ტაისიას შესახებო. მოწაფეებმაც სულიერი მამის ბრძანებისამებრ ღვთის ხადილი იწყეს. და, აი, ერთ-ერთს, სახელად პავლეს, ყოვლადუბრალოდ წოდებულს, უფალმა გამოუცხადა: ღამის ლოცვაზე მდგარმა განხმული ზეცა იხილა და იქ მდგარი ტახტრევანი, მდიდრად შემკული და დიდი დიდებით შემოსილი. მასთან სამი უსპეტაკესი სახის ქალწული იდგა მცველად. ტახტრევანზე გვირგვინი იდო.
პავლემ იკითხა:
_ ჭეშმარიტად, ჩემი სულიერი მამის _ ანტონის გარდა, სხვა ვისთვისღა უნდა იყოს განმზადებული ასეთი ტახტრევანი?
მაშინ ხმა ესმა:
_ არა, ეს ანტონისათვის არაა. მეძავყოფილი ტაისიასთვის განმზადდა იგი.
გონს რომ მოეგო, ამ გამოცხადებაზე დაიწყო ფიქრი პავლემ. როცა გათენდა, ნეტარ მამებს _ ანტონის და პაფნუტის უამბო ნანახი. ღმერთი ადიდეს ბერებმა, ჭეშმარიტ მონანულთა მიმღებელი. მაშინ პაფნუტი იმ დედათა მონასტერს ეწვია, სადაც ტაისია დატოვა, სენაკთან მივიდა, კარები შეამტვრია და მისი გამოყვანა მოინდომა. ქალმა შესთხოვა:
_ ნება მომეცი, მამაო, სიკვდილამდე აქ დავრჩე და ცოდვები ვინანიო. ძალზე ბევრი მაქვს.
ბერმა მიუგო:
_ კაცთმოყვარე ღმერთმა უკვე მიიღო შენი სინანული და ცოდვები მოგიტევა. _ და ამ სიტყვებით სენაკიდან გამოიყვანა.
მაშინ ნეტარმა ტაისიამ უამბო:
_ მერწმუნე, მამაო, რაც აქ შემოვედი, გონების თვალწინ მთელი ჩემი ცოდვები წარმოვაჩინე და განუწყვეტლივ ვტიროდი მათი მჭვრეტელი. აქამდეც არ წამშლია თვალთაგან ჩემი ბოროტი საქმენი. შიშს მგვრიან ჩემი ცოდვები, აკი მათ გამო განვისჯები.
სენაკიდან გამოსული ნეტარი ტაისია თხუთმეტი დღის შემდეგ ავად გახდა. ღვთის მადლით სამი დღე დაჰყო სნეულებაში და აღესრულა. სალმობის ცხედრიდან იმ ცხედარზე გადააბრძანეს, რომელიც პავლე ყოვლადუბრალომ იხილა ზეცაში განმზადებული. აწ იქ იქება ღირსებთან ერთად და საუკუნოდ იხარებს. ასე გაგვიძღვა წინ სასუფეველში ცოდვილი და მეძავი ქალი.4
შენიშვნები:
1. ქალაქი, რომელიც მოწმე იყო ტაისიას მეძავური ცხოვრების სამწუხარო ამბების, უცნობია.
2. იგულისხმება ჰერაკლეას მონასტრის წინამძღვარი. (ბერძნ-ჰერაკლეა, ებრაულად _ ჰანერი, არაბულად _ ანარი _ ჰეპტანომის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქი). პაფნუტი იმდენად დიდი მოღვაწე იყო, რომ ისე უცქერდნენ, როგორც ღვთის ანგელოზს. მან ბევრი შეცდომილი მოაქცია ცხონების გზაზე.
3. ანტონი დიდი _ მონაზვნობის ფუძემდებელი.
4. უფლის სიტყვისამებრ: `ამენ გეტВ თქვუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ცათასა~. (მათე, 21,31). ღირსი ტაისიას აღსასრული ივარაუდება არაუგვიანეს 340 წ.
"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
No comments:
Post a Comment