XXXIII თავი. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


XXXIII თავი
სიტყუაჲ ოთხშაბათისათჳს თუ რაჲსათჳს არა იმარხვენ, ანუ შაბათსა ვითარ და რაჲსათჳს იმარხვენ

ხოლო რაჲ ვთქუათ აწ ოთხწაბათისათჳს, რომელსაც არა იმარხვენ ლათინნი, ანუ შაბათისათჳს, თუ რაჲსა მიზეზისათჳს იმარხვენ, რამეთუ ამითცა გარდაჴდებიან საზღუარსა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა. რამეთუ ოთხშაბათსა არა იმარხვენ ვითარცა ვთქუ, არამედ ჴორცსა ჭამენ, ხოლო შაბათსა იმარხვენ, და ესე არა უწყი ვისგან უსწავიეს, ანუ ვისგან მოუღიესთ ესევითარი უწესობაჲ, ანუ ოთხშაბათსა ჭამა, ანუ შაბათსა მარხვა. მე ვჰგონებ არცა მათ უწყიან თუ ვისგან მოეცნეს, ვერცა გჳჩუენებენ წერილთა შინა ამის მოწამესა.
ვერცა უწერელად ზეპირით გვაუწყებენ, რამეთუ არა რომლისა კრებისაგან მოსცემიესთ ესე, არცა ვისგან ასმიეთ. არამედ უფროჲსღა წინააღმდგომი მათისა ესრეთ უწესოებისა ესმისთ წმიდათა მოციქულთაგან:  „გინა თუ ჩუენ, გინა თუ ზეცით ანგელოზი გახარებდეს თქუენ გარეშე მისა, რომელი მიიღეთ ჩემგან შეჩუენებულ იყავნ!” (კათოლიკე პავლესი გალატელთა მიმართ 1, 8), რამეთუ მოციქულთა კრებისა კანონთა შინა წერილ არს თჳთ მის წმინდისა კლემენტოზის მიერ აღწერილთა შინა, რომელი იყო პაპა ჰრომისა, შემდგომი წმინდისა პეტრესი: „რომელმან ოთხშაბათი და პარასკევი არა იმარხოს წმიდათა ორმეოცთა თანა, ესე იგი არს ვითარმედ ორმეოცთა მარხვითა ჯერ არსო მარხვა, და რომელმან არა იმარხოს უკუეთო სამღვდელოთანი იყვნენ განიკუჱთენ მღვდლობისაგან, ხოლო ერისკაცნი უზიარებელ იქმნენინო.” ეგრეთვე ნიკეის კრებისა კნონთა შინა წერილ არს სამას ათურამეტთა მამათა მიერ, რომელნი დაამტკიცებენ მოციქულთა მიერ განწესებულსა კანონსა ოთხშაბათისა და პარასკევისა მარხვისათჳს. რამეთუ პარასკევი ჯუარცმისა და ვნებისათჳს განეწესა მარხვად, ხოლო ოთხშაბათი ამისათჳს, რამეთუ მას დღესა შეკრბეს მღვდელთმოძღუარნი და ფარისეველნი ეზოსა მას კაიაფასსა და განიზრახეს ჯვარცმა და სიკუდილი მჴსნელისა და დაეზავნეს იუდას და დაამტკიცეს ვნებაჲ უვნებელისა. ამისათჳს დაამტკცეს მარხვად წმიდათა მოციქულთა და შემდგომთა მამათა.
ხოლო შაბათსა თუ ვითარ იმარხვენ იგინი ისმინეთ. მეექუსის კრებისა კანონთა შინა წერილ არს ესრეთ: „ვითარმედ გუჱსმა ქუეყანასა ჰრომისასა, რომელთამე კერძოთა შინა შაბათსა იმარხვენო. ვამცნებთ პაპასა ჰრომისასა, რათა უბრძანოს მის ქუეშთა სამწყსოთა, რათა რომელსაცა ადგილსა იმარხვენო შაბათსა, ამიერითგან ნუღარამცა უკადრებიეს მარხვა შაბათსა, რამეთუ თჳნიერ ერთისა მის დღისა არა ჯერ არსო, რომელ არს დიდი შაბათი. მისა გარეშე რომელმანცა იმარხოს განიკუეთოსო”. ხოლო აწ ლათინნი შაბათსა იმარხვენ და ოთხშაბათსა არა, არამედ ჴორცსა ჭამენ და არა ჯერარს ამისი ესრეთ ქმნა, რათამცა ოთხშაბათსა არა ვიმარხვიდეთ და შაბათსა მის წილ ვმარხულობდეთ. რამეთუ შაბათი ამისთჳს არა ჴსნილი მათვე წმიდათა მოციქულთა და მამათა მიერ განწესებული და ამისთჳს არა ვიმარჴვით თჳნიერ ერთისა მის დღისა. რამეთუ დღესა მას, რომელსა შინა იყო მდებარე საფლავსა შინა, ჯერეთ ნათელი აღდგომისა არა აღმობრწყინვებულიყო, არამედ ჴორცითა შაბათობდა და განისუჱნებდა საფლავსა შინა. და მიჰფინა ნათელი ღვთაებისა და განანათლა მუნი იგი წყუდიადი ბნელი და ახარა საუკუნითგან დასჯილთა და ზე აღმოუწოდა პირველსა ადამს და მის ძლით მის თანა მომწყდართა. ამისთჳს არა ჯერ არს შაბათსა მარხვა თჳნიერ ერთისა მის დღისა, ხოლო ხუთშაბათიცა ყოვლადვე ჴსნილ არს, არამედ თჳნიერ დიდთა ორმეოთცათა არა ვიმარხავთ. ეგრეთვე [ხუთ]შაბათი და უმეტესად და უბრწყინვალესად შაბათი, ყოვლითურთ ჴსნილ არს, რამეთუ განსუენებისა არს დღე იგი, რამეთუ მას დღესა განისუჱნა უფალმან შემოქმედმან ცათა და ქუეყანისამან, ვითარცა წერილ არს. და აკურთხა და წმიდა ყო დღე იგი მეშჳდე. ხოლო ახალსა ამას აღთქმასა შინა, რაჟამს ძე ღმრთისა და ღმერთი ჭეშმარიტი იქცეოდა ჴორცითა ქუეყანასა ზედა, ყოველნივე საკჳრველნი საქმენი და სასწაულნი დიდებულნი დღესა შინა შაბათსა აღასრულნა. რამეთუ განრღუჱული იგი ოცდათვრამეტისა წლისა მდებარე დღესა შაბათსა სიტყჳთა აღადგინა. ეგრეთვე შობითგანსა მას ბრმასა შაბათსა შინა მიჰმადლა ხედვა, კუალად  ჴელი იგი განჴმელი შაბათსა განკურნა, და ძე იგი ქურივისა მხოლოდშობილი, შაბათს განაცოცხლა, და ლაზარე, მომკუდარი ოთხისა დღისა, დღესა შინა შაბათსა ცოცხალი წარმოადგინა, და ყოველნი საკჳრველნი და ბუნებისა უზეშთაესნი სასწაულნი შაბათსა შინა აღასრულნა, ვითარცა ცხადად გუაუწყებენ წმიდისა სახარებისა ბრძანებანი. ამისათჳს არა ჯერ არს შაბათისა მარხვა. არცა განწესებულ არს წმიდათა მიერ მარხვად, არცა ოდეს გჳსწავიეს, არცა გუასმიეს.
ხოლო ოთხშაბათი და პარასკევი მათვე წმიდათა მოციქულთა მიერ არს განწესებული და წმიდათა და სანატრელთა მღვდელთმოძღუართა მიერ დაჭეშმარიტებული, რამეთუ წმიდისა ნიკოლოზისათჳს წერილ არს: ოდეს ჩჩჳლ იყო წიაღთა შინა დედისათა, ოთხშაბათსა და პარასკევსა ძუძუსა არა სწოვდის ვიდრემდის არა დაჰჴდის მზე, არამედ ყოვლადვე უზმამან გარდავლის დღენი იგი. ვინ ასწავა ჩჩჳლსა მას უასაკოსა ოთხშაბათისა და პარასკევისა მარხვა. ანუ ვინ აუწყა მოციქულთა მიერ გამოცემული კანონი? ჭეშმარიტად მადლმან სულისა წმიდისამან განაბრძნო სანატრელი იგი და სიჩჩოჲთგან დედის მუცლისათ გამოაჩინა პირის დასაყოფელად მათდა, რომელნი ოთხშაბათსა სჭამენ და შაბათსა იმარხვენ. უკეთუმცა ჯერ იყო შაბათისაცა მარხვარაჲსთჳს ოთხშაბათისა და პარასკევისა თანა შაბათსაცა არა იმარხვიდა და უკეთუ ოთხშაბათისა განჴსნა ჯერ იყო, რაჲსათჳს შაბათისა თანა იგიცა არა განჴსნა.

აწ რაჲღა სიტყუაჲ აქუსთ მათ ოთხშაბათისა უმარხველობისა და ანუ შაბათისა მარხვისა. რაჲსათჳს არა შეიკდემენ წმიდისა მისგან, რამეთუ წმიდანი ნაწილნი მისნი მათსა ქუეყანასა შინა მდებარე არს და ვიდრე დღესამომდე მირონი საკურნებელი დამოსწუთინ განჴმელთა მათ ძუალთა მისთა, და იგი არს დამბეჭდველი სიჩჩოჲთაგანვე აღმოსავლეთით ლოცვისა და ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვისა. ხოლო პაპის მოსავთაგან ყოველივე დაჴსნილ არს და განქარვებულ. არა შეიკდემენ წმიდისა ნიკოლოზისაგან, არცა სხუათა წმიდათაგან, არცა თჳთ მათისავე პაპისაწმიდისა გრიგოლისაგან, რომელი იყო კაცი საკჳრველი და სასწაულთა მოქმედი. გრიგოლის ვიტყჳ დიოლოღონსა, რომლის პირით სრული წმიდაჲ ზრახვიდა განცხადებულად. იგი რაჲსთჳსღა იმარხევდა, რამეთუ ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი მარხვითა გარდავლნა. ვითარცა წერილ არს მისთჳს, რამეთუ არა რაჲსა სჭამდის თჳნიერ დამბლისა ოსპისა. ესე წმიდაჲ გრიგოლი პაპა იყო მათი და მწყემსი. უკეთუ მოციქულთასა არა ისმენენ, არცა წმიდათა კრებათა განსაზღვრებასა შეიწყნარებენ, მაშა მწყემსისა მათისა შეიკდიმონ, რამეთუ მის მიერ აღწერილსა წიგნსა შინა მრავალი წერილ არს ოთხშაბათისა და პარასკევისა მარხვისათჳს, რამეთუ წმიდანი იგი ვერ წინა აღუდგებოდეს განწესებასა წმიდათა მოციქულთასა; ვერცა დაჴსნიდეს გასაზღვრებასა წმიდათა მოციქულთასა; ვერცა დაჴსნიდეს განსაზღვრებასა წმიდათა კრებათასა. ამისათჳს ვერცა იკადრეს ოთხშაბათისა განჴსნა, ვერცა შაბათისა მარხვა. ესრეთ მტკიცედ დაიცვეს მათი განწესებული და ჩუენ დაგჳტევეს, რათა მტკიცედ დავიცვათ საზღუარი მათი.

ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.

No comments:

Post a Comment