XXXI თავი. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


XXXI თავი
სიტყჳსა მისთჳს თუ ვითარ ლათინნი და ბერძენნი ეცილებიან საღმრთოსა საიდუმლოსა ზედა


კუალად ერთი ესე არს ჩუენსა და ლათინთა შორის ცილობაჲ და უმიზეზო მიზეზი, რამეთუ იტყჳან წმიდათა საიდუმლოთათჳს ვითარმედ: რაჟამს იტყოდეს მღვდელი სიტყუასა მას უფლისა: „სუთ ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემიმყის შეიცვლების ჴორცად და სისხლად უფლისად და არღარა საჴმარ არსო მღვდელისა მიერ მოწოდებაჲ სულისა წმიდისაო, არცა კურთხევა და ჯვრის წერა.
ხოლო ჩუენ ესრეთ ვიტყჳთ მათთჳს ვითარმედ: ერთგზის რაჲ განდგომილ იქმნნეს და იწყეს დაჴსნად და დარღუევად ყოველთა საღმრთოდ სჯულისდებისა, აწცა მზა არიან ცილებად და წინააღდგომად ყოვლისა სამეუფოსა ბრძანებისა. ვის არა ჰრწამს ესრეთ და ვინ არა აღიარებს ვითარმედ: სიტყუაჲ იგი ღვთისა არს შემცვალებელი ჴორცად და სისხლად, რომელმან იგი მაშინ ქორსა მას დიდებულსა სიონისასა თქუა და იქმნნეს, ბრძანა და შეიცვალნეს; პური ჴორცად და ღჳნო სისხლად, რამეთუ იგივე ღმერთი იყო და შემოქმედი და დამბადებელი ყოველთა, რომელმან იგი თქუა დასაბამსა: „იყავნ ნათელიდა იქმნა ნათელი და ყოველივე სიტყჳთა უფლისაჲთა იქმნნეს და დაებადნეს და ესეცა თქუა:  „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცებინეს და სულითა პირისა მისისაჲთაყოველი ძალი მათი” (ფსალმუნი 32, 6), რამეთუ რავდენსა მამა იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს; ეგრეთვე სული წმიდაჲ; და რაოდენსა ძე იქმს, მას მამა და სულიწმიდა იქმს და რაოდენსა სული წმიდაჲ იქმს, მას ეგრეთვე მამა და ძე იქმს. განუყოფელობისათჳს და ერთობისა არსებისა და ბუნებისა, ნებისა და განზრახვისა.
ამისთჳს, მღვდელი, რაჟამს იტყოდის სიტყუასა მას ქრისტესჱჲსა, ვითარმედ: „მიიღეთ და ჭამეთდასუთ ამისგან ყოველთამყის ჴადის უხილავსა მამასა და მოუწოდს სულსა წმინდასა და აკურთხევს წინა მდებარესა მას საიდუმლოსა; რამეთუ ქრისტესცა, რაჟამს ენება განტეხად პური იგი მადლობდა ღმერთსა და მამასა და მოუწოდდა სულსა წმიდასა, ვითარცა წერილ არს სამთავე მახარებელთა მიერ ვითარმედ: მოიღო პური, მადლობდა, აკურთხა და განტეხა. ეგრეთვე მსგავსად სასუმელსა ზედა ყო, რამეთუ ბუნებითა ღმრთაებისათა განუყოფელი იყო და განუშორებელი მამისა და სულისა წმიდისა. ხოლო რაჲსთჳს მადლობდა და ვისა მიმართ ილოცვიდა? რომელი იგი მარადის მის თანა იყო განუყოფელად ვითარცა მზისაგან ნათელი და ცეცხლისაგან სიტფო, ეგრეთჳე მამისაგან ძე და სული; არამედ ვინაჲთგან ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, მით ლოცვიდა და მადლობდა და ყოველსავე სიმდაბლისა საქმესა ბუნებითა ჩუენითა იქმოდა და მისი იგი ყოველი განგებულებით ქმნილნი საქმენი ჩუენი სახჱ და მაგალით გუქმნა, რათა ჩუჱნცა, რაჟამს სამღვდელოსა მას მსახურებასა აღვასრულებდეთ ვმადლობდეთ ღმერთსა და მამასა და სიტყუასა მას ქრისტეს ვიტყოდით და სულსა წმიდასა მოუწოდდეთ, რამეთუ ესრეთ გჳსწავიეს წმიდათა მოციქულთაგან და ესრეთ მოგუცემიეს ღმერთშემოსილთა მამათაგან.
ხოლო მოსავთა პაპისათა ესეცა []ჴოცეს ეკლესიით და დაჴსნეს და არღარა ხადიან სულსა წმიდასა მსხუჱრპლსა მას ზედა საუფლოსა; რამეთუ რაჟამს ხადოს მღვდელმან სულსა წმინდასა, მაშინ სრულიქმნების და შეიცვალების ჴორცად და სისხლად და ნუვინ იტყჳს ამას თუ: ქრისტეს ბრძანებაჲ ვერ შესცვალებსო; მღვდელისა სიტყუაჲ ვერ სრულ იქმსო. რაჲ საკჳრველ არს ესე, რამეთუ ქრისტემან მისცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა, ვითარცა ბრძანებს ქრისტე ვითარმედ: „რომელსა ვრწმენე მე, საქმესა, რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიცა ამისი ქმნნეს” (იოანე 14, 12), რათა ყოველსავე საიდუმლოსა ხილულად ჴელნი და სიტყუაჲ მღვდლისანჲ მსახურებდეს და უხილავად ბრძანებაჲ ქრისტესი და სულლისა წმიდისა მადლი სრულ ყოფდეს, რამეთუ სიტყუასა მასცა ქრისტესა მღვდელი იტყჳს ვითარმედ: „მიიღეთ და სჭამეთ...” დასუთ ამისგანი ყოველთა...” და სულსა წმიდასაცა მღვდელი მოუწოდს და სრულ იქმნების ვითარცა იგი გაბრიელის სიტყჳთა, რაჟამს ახარა ქალწულს: მოვიდა მას ზედა სულიწმიდაჲ და სიტყუამან ღმრთისამან ჴორცნი შეისხნა, რაჟამს ჰრქუაგიხაროდენ”, გაბრიელ [მან]: „მიმადლებულო უფალი შენთანა...” და კვალად ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ”, მყის იქმნა შემზადებაჲ ჴორცთა ქრისტესთა და ყოველივე საიდუმლო განკაცებისა სრულ იქმნა.
ესრეთ იქმნების მსხუჱრპლსაცა მას ზედა საიდუმლოსასა, რამეთუ მღვდელი, სახედ ანგელოზისა იტყჳს სიტყუასა მას ქრისტეჲსა და მერმე მოუწოდს სულსა წმდასა და სრულ იქმნების და შეიცვლების ჴორცად და სისჴლად ქრისტეჲსა. ამისთჳს განაწესეს წმიდათა მოციქულთა და მობაძავთა მათთა, სანატრელთა მღვდელთმოძღვართა ვითარცა ქრისტესაგან ისწავეს და ჩუენ ამთსა წესსა ზედა უცვალებელად ვჰგეით და საზღუარი მათი არა დაგჳჴსნეს; ხოლო ლათინთა ყოველი განწესებული მათი დაუტევებიეს და უფროსღა წესი წირვისა არღარა უპყრიეს. ისმინეთ თუ რასა იტყჳან წმიდანი მოციქულნი და დიდნი ღვთისმეტყუჱლნი საღმრთოჲსა წირვისა განწესებასა შინა. წმიდაჲ იაკობ, ძმა უფლისა, პირველი მღვდელთმოძღვარი იერუსალიმისა, მარკოზ მახარებელი, კლიმი ჰრომაელი, წმიდა ოქრო პირი და დიდი ბასილი, ესრეთ ღაღადებენ ბრწყინვალედ და ვითარცა ერთითა პირითა, ჴმობენ და იტყჳან. წმიდაჲ იაკობ იტყჳს შემდგომად საუფლოსა მის სიტყჳსა: „შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, შეგჳწყალე ჩუენ, დიდითა წყალობითა შენითა და გარდამოავლინე ჩუენ ზედა და წინამდებარესა ამას ძღუჱნსა ზედა სული შენი ყოვლად წმიდაჲ, უფალი და ცხოველს მყოფი და თანა არსი შენ ღმრთისა და მამისა და მხოლოდშობილისა ძისა შენისა: ერთ ჴელმწიფებით თანასწორი, უხილავი, ვითარცა თქუეს სჯულსა შინა წინასწარმეტყუელთა, ხოლო ახალსა აღთქმასა შინა გარდამოჴდა სახითა ტრედისათა უფალსა ჩუენსა ზედა იჱსო ქრისტესა იორდანესა, მდინარესა და დაადგრა მას ზედა [და] რომელი გარდამოჴდა მოციქულთა შენთა ზედა სახითა ცეცხლისა ენათათა წმიდასა და დიდებულსა სიონს შინა, დღესა მას მეერგასესა. იგივე სული შენი ყოვლად წმიდაჲ, გარდამოავლინე მეუფეო ჩუენ ზედა და წინამდებარესა ამას ძღუენსა ზედა, რათა დანერგჳთა სულისა შენისა სახიერისა და დიდებულისათა განწმდეს. და ჰყავ უკუჱ პური ესე ჴორც წმიდაჲქრისტეს შენისა, და სასუმელსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა. რათა ექმნას ყოველთა, რომელთა მიიღონ ამისაგან, მისატევებელად ცოდვათა და საცხოვრებელად საუკუნოდ” (იხ. ვახტანგ იმნაიშვილი, უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში, თბ., 2004, გვ. 257).
ხოლო სიტყუაჲ ესე და ლოცვა მოციქულმან შემდგომად საუფლოსა მის სიტყვისა თქუა, რაჟამს იგი თქუა: „მიიღეთ და []ჭამეთდასუთ ამისგან ყოველთადა მოუწოდა  სულსა წმიდასა ვითარცა სრულებით ზემო მოვიჴსენეთ, და უკუჱთუ სრულ იქმნა მსხუჱრპლი იგი საუფლოთა მით, რაჲსთჳსღა ხადოდა ღმერთსა და მამასა და მოუწოდდა სულსა წმიდასა. რათა წმინდა ყოს მსხუჱრპლი იგი საუფლო და შესცვალოს ჴორცად და სისხლად ქრისტესა.
აწ ისმინეთ მარკოზ მახარებლისაცა ვითარ იტყჳს ერთჴმობით მათ თანა შემდგომად სიტყჳსა მის საუფლოჲსა [და] ესრეთ ჴმობს: „სიკუდილი მეუფეო უფალო ყოვლისა მპყრობელო; მეუფეო ზეცათაო, მხოლოდშობილისა ძისა შენისა უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იჱსო ქრისტესა ვქადაგეთ და მესამესა დღესა სანატრელსა აღდგომასა მისსა აღვიარებთ და ზეცად აღსლვასა მისა მორწმუნე  (მოწმე) ვართ და მარჯუენით ღვთისა და მამისა დაჯდომასა და მეორედ საშინელსა და შესაძრწუნებელსა მოსლვასა მისა შევიწყნარებთ, რომელსა ეგულების განსჯა ცხოველთა და მკუდართა და მიგებად თითუჱულისა საქმეთა მათთაებრ სიმართლით. შენ უფალო ღმერთო ჩუენო შენსა შენდავე შევწირავთ ძღუენსა, წინაშე შენსა გხადით და გევედრებით კაცთმოყვარეო, სახეირო, გარდამოავლინე მაღლით წმიდით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით გარეშემოუწერელთა წიაღთა შენთა, ნუგეშინისმცემელი იგი სული ჭეშმარიტებისა, წმინდა ღმერთი და ცხოველსმყოფელი. სჯულიერად წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ ქადაგებული, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს და მოქმედებს თჳთ  ჴელმწიფებით და განსწმენდს არა მონებ, არამედ ვითარცა სათნო უჩნს თჳთ ჴელმწიფებით. შენი თანაარსი, შენგან გამომავალი და თანა მოსაყდრე მეუფებისა შენისა და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა და ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი, ჩუენ ზედა და პურსა ამას ზედა. გარდამოავლინე რათა წმინდა ყოს ესე და განასრულოს ვითარცა ყოვლად ძლიერმან უფალმან და ყოს პური უკუჱ  ესე ჴორც და სასუმელსა ამას შინა სისხლ ახლისა აღთქმისა მისისა, უფლისა და ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რათა ექმნეს ყოველთა, რომელთა მიიღონ ამისგან”. და შემდგომი.
ხოლო წმინდა კლიმი [კლიმენტი] რომაელი ამისვე მსგავსად დასწერს განგებასა და წესსა წმიდათა მოციქულთასა საღმრთოჲსა წირვისათვის, რომელი იყო შემდგომი წმიდისა პეტრე მოციქულისა. მის მიერვე კურთხეული პაპად ჰრომისა. ისმინეთ ამისიცა რასა იტყჳს ამისათჳს მერვესა წიგნსა შინა განწესებისა მისისასა, შემდგომად საუფლოსა მის სიტყჳსა: „მომჴსენებელნი უკუჱ ვნებისა მისისა, სიკუდილისა და მკუდრეთით აღდგომისა და ზეცად აღსლვისა და მეორედ მოსლვისა მისისა განსჯად ცხოველთა და მკუდართა და მიგებად თითუჱულთა საქმეთა მათთაებრ, შევწირავთ შენდა, მეუფისა და ღმრთისა, ჯერისაებრ პურსა ამას და სასუმელსა ამას, და გევედრებით ამისთჳს: ღრს მყუენ ჩუენ დაუსჯელად წარდგომად წინაშე შენსა მღვდელობისა ღირსქმნილნი შენ მიერ. შარდამოიხილე წინამდებარესა ამას ძღუჱნსა ზედა წინაშე შენსა. სავედრებელად შევწირავთ შენ, კაცთმოყვარისა ღმრთისა. სათნო იჩინე ესე პატივად ქრისტეს შენისა და გარდამოავლინე სული შენი წმიდაჲ მსხუჱრპლსა ამას ზედა; მოწამედ ვნებისათჳს იჱსოჲსა, რომელმანცა დაგჳტევა პური ესე ჴორცად ქრისტეს შენისა და სასუმელი ესე სისხლად ქრისტეს შენისა”. და შემდგომი.
ხოლო დიდი და ზეცით გამობრწყინვებული ბასილი რასა იტყჳს, ესეცა კეთილად ისმინეთ შემდგომად საუფლოჲსა მის სიტყჳსა: „შენ შეგივრდებით და გადიდებთ წმიდაო წმიდათაო. სათნო იყავ სახიერებითა შენითა და მოვედინ სული შენი წმიდაჲ ჩუენ ზედა და წინა მდებარესა ამას ძღუჱნსა ზედა. აკურთხე ესე და განსწმინდე და გამოაჩინე და ჰყავ უკუჱ პური ესე, პატიოსან ჴორც უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუჱნისა, იჱსო ქრისტესა; ხოლო სასუმელსა ამას შინა, პატიოსან სისხლ უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესა. შესცვალე სულითა შენითა წმიდითა. ხოლო ჩუჱნ, ერთისა პურისაგან და სასუმელისა შეერთებითა”. და შემდგომი.
ხოლო წმინდა იოანე ოქროპირი, ისმინეთ, ვითარ მსგავსადვე იტყჳს: „კუალად შევწირავთ შენდა სიტყჳერსა ამას და უსისხლოსა მსხუჱრპლსა და შეგივრდებით და გევერდებით და გხადით: გარდამოავლინე სული შენი წმიდაჲ ჩუენ ზედა და წინამდებარესა ამას ძღუჱნსა ზედა. და ჰყავ უკუჱ პური ესე, პატიოსან ჴორც ქრისტეს შენისა; ხოლო სასუმელსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა. შესცვალე ესე სულითა შენითა წმიდითა”.
იხილეთ, რამეთუ ამათ ყოველთა ერთად თქუეს ვითარცა ერთითა პირითა და ერთ ჴმა არიან ყოველნი საიდუმლოჲსა ამისთჳს, რამეთუ შემდგომად საუფლოჲსა მის სიტყჳსა, რაჟამს იტყჳს მღვდელი: „მიიღეთ და ჭამეთდასუთ ამისგან ყოველთა”; მერმე ესე დააწესეს წმიდათა მოციქულთა და სანატრელთა მღვდელთმოძღუართა, ვითარცა ესე რა აღგჳწერეს ვრცელად და უნაკლოდ. და უკეთუ მაშინვე სიტყჳთა მით საუფლოთა სრულ იქმნა და შეიცვალა ჴორცად და სისხლად, ესენი ვითარღა ევედრებიან ღმერთსა და მამასა და მოუწოდენ სულსა წმიდასა, რათა, წმინდა ყოს და შეცვალოს პური იგი ჴორცად და სისხლად, ესენი ვითარღა ევედრებიან ღმერთსა და მამასა და მოუწოდენ სულსა წმიდასა, რათა, წმინდა ყოს და შეცვალოს პური იგი ჴორცად ქრისტესა და ღჳნო იგი სისხლად ქრისტესა.
ხოლო, არა ვიტყჳთ თუმცა ვერ ძალედვა სიტყუასა მას ქრისტჱსა შეცვალებად, რამეთუ იგივე ქრისტე არს მთქმელი და შემცვალებელი, რომელმან იგი მაშინ თქუა ქორსა მას ზედა დიდებულსა სიონისასა და მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა; არამედ არა თჳნიერ სულისა წმიდისა, რამეთუ იგიცა ჴადოდა ღმერთსა და მამასა და მოუწოდდა სულსა წმიდასა, რომელი მარადის განუშორებელ იყო მათგან, ვითარცა ღმჱრთი. არამედ კაცობრივ ბუნებითა ჩუენითა, ესრეთ აკურთხა და განტეხა და მისცა და ეგრეთვე სასუმელსა ზედა ყო, და უბრძანა, რათა ესრეთვე ჰყოფდნენ იგინიცა, ვითარცა იხილეს მისგან, მოსაჴსენებელად სიკუდილისა მისისა, და ჩუენცა ესრეთ განგჳწესეს წმიდათა მოციქულთა და დიდთა ღმრთისმეტყველთა.
ხოლო რაჲ არს მიზეზი ამის, ესევითარისა ცილობისა, ანუ რაჲსათჳს დაჴსნეს ესე ვითარი განწესებაჲ წმიდათა მოციქულთა. არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ, სხუაჲ არა რაჲ არს, არამედ რათა გამოაჩინონ ქუჱყანასა ზედა მეორედ ქრისტედ პაპა, და მისი კარდინელები მოციქულება და ყოველივე მათ მიერ განეწესოს და არღარა იყოს, არცა სადა ითქუმოდის განწესებული წმიდათა მოციქულთა და არცაღა მობაძავთა მათთა, წმიდათა მღვდელთმოძღუართა. და რად ვიტყჳ წმიდათა, უფროსღა თჳთ თავადისა ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისა: ვითარცა არცაღა სხუაჲ რაიმე მათ მიერ დადებული წესი და საზღუარი იპოების მათ შორის: ვითარცა ესერა წმინდისა წირვისა და სამღვდელოსა მსახურებისათჳს ვთქუთ. ეგრეთვე არცაღა ნათლისღებაჲ, არცა ლოცვისა და მარხვისა განწესება და არცა რაჲ სხუაჲ ყოველივე განწესებაჲ წმინდანთა მიერ, არამედ ყოვლისავე მათ მიერ მოგონებულისა და თავით თჳსით განწესებულისა ნებავსთ ყოველსა ადგილსა განჰფენა და განმრავლებაჲ, რათა აღიჴოცოს საზღუარი მამათა.

ხოლო თქუენ, მართლმადიდებელნო, შვილნო წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანო, ნუ ისმენთ სიტყუათა მათთა, ნუცაღა მიუპყრობთ ყურთა ზრახვათა მათთა ამაოთა, ნუცა გარდაჴდებით საზღუარსა მამათასა, ნუცა დაჴსნით სჯულისდებასა ქრისტჱჲსა და წმინდათა მისთა მოციქულთასა, რათა, მათ თანა, ღირს მყვნეს უფალმან, დამკჳდრებად სასუფეველსა ცათასა, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და პატივი, აწდა... უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.

No comments:

Post a Comment