ხოლო აწცა მრავალნი კაცნი არიან, რომელნი გარეშე იმკვებიან, ხოლო შინაგან სავსე არიან ყოვლითავე უშჯულოებითა. რამეთუ ჩუენ შორისცა ფრიადი ზრუნვაჲ არს, ფრიადი მოსწრაფებაჲ სიწმიდისათჳს სამოსელთაჲსა, ბანისათჳს პირისა და ყოვლისავე გუამისა, შუენიერებისათჳს სამოსელთაჲსა, ბრწყინვალებისათჳს სახლთაჲსა და ყოვლისათჳსვე ჴორციელისა საქმისა, ხოლო სულისათჳს არცა ერთი არს ზრუნვაჲ და საურავი. არამედ უკუეთუმცა ვინ განაპო კაცად-კაცადისა ჩუენისა გონებაჲ და გამოაცხადამცა დაფარულნი გულისანი, მრავალიმცა პოვა სულმყრალობაჲ დამატლი და წუთხი ფრიადი, - გულისთქუმათა მათ ვიტყჳ ბოროტთა, რომელნი-იგი უსაძაგელეს მატლისა არიან, და სხუათა მათ ვნებათა, უპატიოებისა და ბილწებისათა. ბოროტ იყო ჰურიათათჳსცა ესრეთ ყოფაჲ, ამისთჳსცა აყუედრებს უფალი და უწესს საფლავად განგოზილად, შინაგან სავსედ ყოვლითა არაწმიდებითა. ხოლო ფრიად უძჳრეს არს და უმძიმეს ჩუენი ესე, რომელნი ღირსქმნილ ვართ ტაძარ ღმრთისა ყოფად, უკუეთუ ვიქმნეთ კუალად სამარე ზეღებულ, ანუ საფლავებ განგოზილ და სავსე ყოვლითავე არაწმიდებითა. ჵ, დიდი ესე განსაცდელი! უკუეთუ სადა-იგი ქრისტე დაემკჳდრა და სული წმიდაჲ მოვიდა და საჲდუმლონი ღმრთისანი აღესრულნეს, იქმნას მერმეღა ესევითარი იგი სამარე სავსე არაწმიდებითა და სულმყრალობითა, რაოდენისა უბადრუკებისა ღირს არს საქმე ესე, რაოდენისა გლოვისა და გოდებისა, ოდეს ასონი იგი ქრისტენი იქმნენ საფლავ დაყროლებულ?! ისმინეთ, რასა იტყჳს მოციქული: 'თქუენ ხართო ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი'. გულისჴმა-ყავ, კაცო, დღე იგი მეორედ შობისაჲ, ვითართა კეთილთა ღირს იქმენ, ვითარითა სამკაულითა შეიმკვე, ვითარ ტაძარ ღმრთისა იქმენ, არა ოქროჲთა განგლესილ და მარგალიტითა მოსხმულ, არამედ სულითა წმიდითა განბრწყინვებულ. აწ უკუე ეკრძალე თავსა შენსა, რაჲთა არა იქმნე კუალად ქუაბ ავაზაკთა და საფლავ, სავსე არაწმიდებითა. გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პალატსა შინა სამეუფოსა აკალდამაჲ არა ეშენების. ეგრეთვე შენ, იყო თუ საფლავ განგოზილ და სამარე ზეღებულ, ზეცისა იერუსალჱმსა ვერ შეხუალ, და უფროჲსად ვთქუა, ვითარმედ აქაცა საძაგელ იქმნები ყოველთა შორის.
უკუეთუმცა ვის ეტჳრთა გუამი მკუდრისა დაყროლებულისაჲ და მიმოვიდოდა, არამცა ყოველნი ივლტოდესა მისგან? ეგრეთ არიან, რომელთა სულნი ცოდვათაგან მკუდარ არიან და უშჯულოებათაგან დაყროლებულ. ვინმცა შეიწყალა ესევითარი იგი? უკუეთუ მან თჳთ არა შეიწყალოს თავი თჳსი, სხუამან ვითარ შეიწყალოს იგი? მითხარღა, კაცო, უკუეთუმცა ვინ ადგილსა სერობისა და სიხარულისა შენისასა დაჰფლა გუამი მკუდრისაჲ, არამცა გიძნდა საქმე იგი? ხოლო აწ შენ სულსა ცოდვითა მომკუდარსა დასდებ გუამსა შინა, სადა-იგი ქრისტემან სავანე ყო თანა მამით და სულით წმიდითურთ, და არა გეშინისა, ნუუკუე ელვანი და მეხისტეხანი მოიწინენ შენ ზედა ზეცით? ანუ ვითარ იკადრო ტაძრად ღმრთისა შესლვად, არა თუ განიწმიდო თავი შენი ესევითარისა ბილწებისაგან ცრემლითა მით სინანულისაჲთა. ჰბაძევდ, კაცო, მეძავსა მას, რომელმან სცხო ნელსაცხებელი ფერჴთა ქრისტესთა და სახლი იგი აღავსო სურნელებითა. და ნუ უფროჲსად წინააღმდგომსა იქმ, რაჲთამცა აღავსე სახლი ღმრთისაჲ სულმყრალობითა. ნუ ამას ხედავ, თუ შენ არა იყნოსებ სულმყრალობასა მას; ესე უფროჲსად უძჳრეს არს, რომელ სრულიად საცნობელნი შენნი დაყოფილ არიან. განიფრთხვე და გულისჴმა-ყავ სენი იგი ბოროტი ცოდვისაჲ და განკურნე თავი შენი, ვიდრეღა ჟამი არს კურნებისაჲ. არა გესმისა, რასა ჰგალობ დღითი-დღე? 'წარემართენ ლოცვაჲ ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე'. აწ უკუეთუ საკუმეველისა წილ კუამლი სულმყრალობისაჲ აღვიდოდის შენგან და საქმეთა შენთაგან, ვითარმცა არა საშჯელსა მძიმესა ღირს იქმენ? რაჲ არს კუამლი იგი სულმყრალობისაჲ? მრავალნი მოვლენ ეკლესიად და ლმობიერად ლოცვისა წილ და ვედრებისა განიცდიან ქმნილკეთილობასა დედათასა და სახნიერობასა ყრმათასა; რაჲ არს უკუე, არა გიკჳრსა, ვითარ არა ცეცხლი მოივლინების ზეცით, ანუ განეღების ქუეყანაჲ და დაანთქამს ესევითართა მათ? ჭეშმარიტად ესე საქმენი ღირს არიან ცეცხლისა და წუმწუბისა და მწარისა მის გეჰენიისა, გარნა ღმერთი სულგრძელ არს და მრავალმოწყალე და არა მოავლენს რისხვასა, არამედ დრო-გუცემს და მიგვიწოდს სინანულად. რასა იქმ, ჵ კაცო, შუენიერებასა დედათასა განიცდია ტაძარსა შინა ღმრთისასა და არა სძრწი, არცა გეშინის? ურაკპარაკად შეგირაცხიესა ეკლესიაჲ და უბანთაებრ უწესოებისა ადგილად? რამეთუ უბანთა ზედა გრცხუენინ გლისპად ხედვაჲ დედათაჲ, ხოლო ტაძარსა შინა ღმრთისასა, სადა-იგი ამის მებრ საქმისათჳს გამცნებს უფალი, ვითარმედ: 'რომელმან მიხედა დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა გულსა შინა თჳსსა', არა შეიკდიმებ სიძვად და მრუშებად თუალითა და გულითა? არცა შეედების ძრწოლაჲ ძუალთა შენთა ესევითარისა მედგრობისათჳს? ამას ესევითარსა საქმესა თეატრონნი გასწავლიან თქუენ, წყარონი იგი წარწყმედისანი, წამალნი იგი მაკუდინებელნი. ამისთჳს ეტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესევითართა მათ, ვითარმედ: 'არა არიან თუალნი შენნი კეთილ, არცა გული შენი - წრფელ'. უმჯობეს იყო ესევითართა მათთჳს, თუმცა ბრმა იყვნეს, ვიდრეღა ესრეთ თუალთა მიერ წარწყმედაჲ სულთა თჳსთაჲ. არა გესმისა, ვითარმედ მოციქულთა ზე ზოგად იყვნეს მამანი და დედანი, და ყოვლადვე გულისსიტყუაჲცა ვნებული არავის მოუჴდებოდა? იყვნესო ქორსა მას შეკრებულ მამანი და დედანი, და ესოდენი სიწმიდე იყო მათ შორის, ვიდრეღა სული წმიდაჲ დიდებითა და ძლიერებითა დიდითა მოვიდა მათ ზედა. და დედათაცა დიდი სიმჴნე აჩუენეს და მრავალთა მადლი მოციქულებისაჲ მიიღეს, და მამანიცა მაღალსა მას საზომსა სიწმიდისასა მიწევნულ იყვნეს. ხოლო აწ ჩუენ უბადრუკთა ამათგან და საწყალობელთა ყოველივე ესე წარწყმდა, რამეთუ მამანი უძჳრეს იქმნეს ცხენთა მდრანჯობელთა, და დედათა წესი პატიოსნებისაჲ შეცვალეს სახედ მეძავთა. ამისთჳს ვიქმნენით ყოველნი საფლავ სავსე ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა გარეშევიმკვებით, რაჲთა სათნო ვეყოფოდით კაცთა, ხოლო შინაგან სავსე ვართ ყოვლითა ბოროტითა ცოდვისაჲთა, რომლისაგან აღვალს სულმყრალობაჲ შემაურვებელი, რომელი განიოტებს ჩუენგან სულსა წმიდასა. ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, დავსცხრეთ ესევითართა ამათ ვნებათაგან და ნუ აღვიტყინებთ თავთა ჩუენთათჳს უმეტესად ცეცხლსა მას გეჰენიისასა; აღვიხილნეთ თუალნი გონებისანი და განვიწმიდნეთ სულნი ჩუენნი სინანულითა და კეთილისა საქმითა, რაჲთა საწუთროჲცა ესე ცხორებაჲ სიწმინდით აღვასრულოთ და საუკუნოთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
No comments:
Post a Comment