წმ. იოანე ოქროპირი. ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთაჲსა.


ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ნუცა ჩუენ უდებ ვიქმნებით და ვიტყჳთ, თუ: ღმერთმან გუაცხოვნოს; ნუცა მოსწრაფებასა შინა რაჲ ვიყვნეთ, ვჰგონებთ, თუ თჳსითა შრომითა ძალ-გჳც წარმართებად კეთილისა. არამედ ჩუენცა ვიღუწიდეთ ძლიერად და ღმერთსა ვევედრებოდით, რაჲთა მოგუცეს მისმიერი შეწევნაჲ და შეგჳწყალნეს. რამეთუ არცა ესე ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა უდებ ვიყვნეთ ჩუენ და მცონარ. ამისთჳს არა იქმს ყოველსავე იგი, არამედ ჩუენგანცა ეძიებს გულსმოდგინებასა და მოღუაწებასა; არცა ესე სათნო-უჩნს, რაჲთა ლაღ და ამპარტავან ვიყვნეთ.
ამისთჳს არა მოგუცა ჩუენ თავით თჳსით წარმართებად ყოვლისავე. ორკერძოვე სავნებელსა განაშორებს ჩუენგან და სარგებელსა მოგუცემს. ამისთჳს პეტრეს მიუშუა უარის-ყოფასა შთავრდომად, რაჲთა სიმდაბლე მოიგოს. კუალად ჴელი წყალობისაჲ აღუპყრა, რაჲთა უმეტესად შეიყუაროს უფალი თჳსი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "რომელსა ფრიად მიეტეოს, ფრიადცა შეიყუაროს" ვიქმნეთ უკუე ყოველსავე ზედა მორჩილ და მორწმუნე ღმრთისა და ნურარას ზედა ვაცილობთ, დაღაცათუ იყოს საქმე იგი წინააღმდგომ გონებათაცა და საცნობელთა ჩუენთა; არამედ იყავნ სიტყუაჲ მისი უმტკიცეს გონებათა და თუალთა ჩუენთა. ეგრეთვე წმიდათა საიდუმლოთა ზედა ვიქმოდით. ნუ წინამდებარესა მას შესაწირავსა ხოლო განვიცდით, არამედ სიტყუათა მისთა ვიჴსენებდეთ, რამეთუ სიტყუაჲ მისი წარუვალ არს და განუქარვებელ. ვინაჲთგან უკუე თავადმან თქუა: "ესე არს ჴორცი და სისხლი ჩემი", გურწმენდინ სიტყუაჲ მისი და თუალითა სულიერითა განვიცდიდეთ საიდუმლოთა მათ. რამეთუ არარაჲ ხილული მოგუცა ჩუენ ქრისტემან, არამედ ხილულად იქმნებიან ბრძანებანი მისნი, და უხილავად აღესრულებიან. ეგრეთვე ნათლისღებასა ხილულითა წყლითა იქმნების განბანაჲ იგი, ხოლო უხილავად მოგუეცემის მადლი იგი სულისა წმიდისაჲ და მეორედ შობაჲ ჩუენი. რამეთუ უკუეთუმცა უჴორცონი ვიყვენით, განცხადებულადცა მოგუცნა უჴორცონი იგი ნიჭნი, ხოლო ვინაჲთგან ჴორცთადა შეერთებულ არიან სულნი ჩუენნი, ამისთჳს ხილულითა სახითა უხილავთა მათ მადლთა მოგუანიჭებს. რავდენნი იტყჳან: მსუროდაო, რაჲთამცა ღირს ვიქმენ ხილვად ხატსა პირისა მისისასა, ანუ სამოსელსა მისსა, ანუ ჴამლთა. აწ ესერა, კაცო, მას თავადსა ჰხედავ, მას შეეხები, მას მიიღებ საჭმლად და შინაგან შენსა დაემკჳდრების, რამეთუ ესე ჯერ-იჩინა ჩუენთჳს კაცთმოყუარემან. აწ უკუე ნუმცა ვინ ორგულებით მოუჴდების, ნუმცა ვინ დაჴსნილებით, არამედ მჴურვალებით და სარწმუნოებით და ჯეროვნითა კრძალულებითა. უკუეთუ ჰურიანი პასექსა მას ძუელსა ჭამდეს ზემდგომარენი, და კუერთხები ჴელთა მათთა და ჴამლნი ფერჴთა, და ჭამდეს სწრაფით, არა ჩუენ უმეტესი კრძალულებაჲ თანა-გუაცა მორწმუნენო? იგინი პალესტინედ მივიდოდეს, ამისთჳს მგზავრთა წესი ეპყრა. ხოლო ჩუენ ზეცად გჳღირს აღსლვაჲ. ამისთჳს ყოვლით კერძო კრძალვაჲ თანა-გუაც, რამეთუ არამცირე სასჯელი განწესებულ არს მათთჳს, რომელნი უღირსად ეზიარებოდინ. ჰხედავთა, ვითარ მრისხანე ვართ იუდაჲსთჳს, რომელმან მისცა იგი, და ჰურიათათჳს, რომელთა ჯუარს-აცუეს? ვეკრძალნეთ, ნუუკუე ჩუენცა თანამდებ ვიქმნეთ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. მათ ჯუარს-აცუეს წმიდაჲ იგი გუამი მისი, და აწ შენ, კაცო, ჴორცსა მისსა მიიღებ სულითა მწინკულევანითა, ძნელ არს ესე შენდა. თავადმან არა კმა-იყო ჩუენთჳს განკაცებაჲ, ყურიმლის-ცემაჲ და სიკუდილი, არამედ აწცა შეგუაერთებს თავსა თჳსსა არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმითცა. საჭმლად ჩუენდა ჰყოფს ჴორცსა თჳსსა პატიოსანსა და სასუმლად - სისხლსა მას წმიდასა. ვითარი-მე ჴმდა სული იგი შემწყნარებელი მისი? ჯერ-იყო უბრწყინვალეს მზისა ყოფად. და ჴელი იგი, რომელი განანაწილებს მას, და პირი იგი, რომელი აღივსების ცეცხლითა მით სულიერითა, და ენაჲ იგი, რომელი იხილავს გემოსა სისხლისა მის შესაძრწუნებელისასა, ჯერ-იყო ანგელოზთა მობაძავ-ყოფად. გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელიღა პატივი მოგეცა, რომლისა ტრაპეზისა პურისმტე იქმენ, რომლისა მიხედვად ანგელოზნი ძრწიან და თუალთა შედგმად ვერ იკადრებენ ელვისა მისგან მიერ გამოკრთოლვანისა. ამის ესევითარისა საშინელისა ტრაპეზისაგან ჩუენ ვეზიარებით და გამოვიზრდებით და ვიქმნებით ასოებ ქრისტესა და გუამ თავისა მის საღმრთოჲსა. "ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?" რომელმან მწყემსმან ჴორცითა თჳსითა გამოზარდნის ცხოვარნი? რომელმან მეფემან ერსა თჳსსა მისცის სისხლი თჳსი? და ქრისტე იქმს ამას ჩუენ ზედა, და მოგუცემს ჴორცსა და სისხლსა თჳსსა, და ყოვლით კერძო შეგუაერთებს თავსა თჳსსა. გარდამოჴდა ზეცით და იშვა ქალწულისაგან, მიიღო ბუნებაჲ ჩუენი და იქცეოდა ჩუენ შორის, თავს-იდვა ჯუარცუმაჲ და სიკუდილი და სხუანი იგი შეურაცხებანი, და იჴსნა ბუნებაჲ ჩუენი წარწყმედისაგან. არა კმა-ეყო ესე სახიერებაჲ, არამედ აწ კაცად-კაცადსაცა მისცემს საჭმლად თავსა თჳსსა ზიარებითა მით საიდუმლოთაჲთა. აწ უკუე ნუ უდებ ვიქმნებით, რომელნი-ესე ღირს ვიქმნენით ესევითარსა სიყუარულსა და პატივსა მის მიერ, მოუჴდეთ სურვილით და სარწმუნოებით წმიდასა მას ბარძიმსა, მოვიღოთ საზრდელი იგი სულიერი, ვითარცა ჩჩჳლთა წადიერებით მიიღიან სძე, მოვიღოთ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ, და ესე იყავნ ჩუენდა მწუხარება, ოდეს დავაკლდეთ ამას კეთილსა. გარნა ვეკრძალნეთ, რაჲთა არა უღირსებით მოუჴდეთ საიდუმლოთა მათ დიდებულთა და ყოვლადწმიდათა. არა კაცობრივი საქმე არს ესე, არამედ რომელმან მაშინ ქმნა სერობაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ, იგივე არს რომელი აწცა სრულ-ჰყოფს ამას შესაწირავსა. ჩუენ წესი გჳპყრიეს მსახურთაჲ, ხოლო წმიდამყოფელი და შემცვალებელი ჴორცად და სისხლად თჳსად იგი თავადი არს. აწ უკუე ნუმცა ვინ არს იუდა, ნუმცა ვინ არს უღირს და დამონებულ ვნებათა, ვითარცა იგი დამონებულ იყო ვეცხლისმოყუარებისადა. რომელიცა მოწაფე არს ერთგული და სარწმუნოჲ, იგი დადეგინ. უკუეთუ არა ესრეთ ვინ იყოს, არა შეიწყნარებს მას ტრაპეზი იგი. რამეთუ იტყვის უფალი: მოწაფეთა ჩემთა თანა ვყო პასექი. აწცა იგივე ტრაპეზი არს და არარაჲთა ნაკლულევან. არა თუ იგი ქრისტემან დააგო და ამას კაცი ვინმე დააგებს. ამისიცა აღმასრულებელი ქრისტე არს. ესე ეკლესიაჲ მსგავს არს ქორსა მას, სადა მაშინ იყვნეს. იგინი განვიდეს მიერ მთად ზეთისხილთად. განვიდეთ ჩუენცა ჴელთა მიმართ გლახაკთაჲსა; რამეთუ სიმრავლე ესე გლახაკთაჲ, ზეთისხილნი არიან დასხმულნი სახლსა ღმრთისასა, გამომცემელნი ზეთსა მას სულიერსა, რომელი აქუნდა ქალწულთა მათ ბრძენთა. ხოლო რომელთა არა აქუნდა ამისაგან, წარწყმდეს. აწ ჩუენ ამით ზეთითა უნაკლულოდ ვიყვნეთ, რაჲთა მივეგებნეთ სიძესა მას ბრწყინვალითა ლამპრითა. ნუმცა ვინ უწყალოჲ მოუჴდების წმიდათა საჲდუმლოთა, ნუმცა ვინ უსახური, ნუმცა ვინ ანგაჰრი, ნუმცა ვინ არაწმიდაჲ. ამას მათ ვეტყჳ, რომელნი ეზიარებიან. ხოლო ჯერ-არს თქუენდა მიმართცა თქუმად, რომელნი-ეგე პატივითა მღდელობისაჲთა დადგინებულ ხართ, განმყოფელად ნიჭისა მის დიდისა, რაჲთა კრძალულებით განუყოფდეთ. რამეთუ არა მცირედი სასჯელი მიგეჴადოს თქუენ, უკუეთუ იცოდით ვისიმე არაღირსებაჲ და აზიაროთ საიდუმლოჲსა მისგან. იგი დაისაჯოს, და სისხლი მისი ჴელთაგან თქუენთა იძიოს. დაღაცათუ ერისთავი იყოს, ანუ მთავარი, ანუ თჳთ მეფეცა, და უღირსებით მოუჴდებოდის, დააყენე, უმეტესი მისსა გაქუს შენ ჴელმწიფებაჲ. ხოლო შენდა უკუეთუმცა რწმუნებულ იყო წყაროჲ წმიდაჲ, სასუმლად სამწყსოჲსა, და იხილემცა ერთი ცხოვარი მწჳრითა შებღალული, არამცა მიუშჳ შესლვად წყაროსა მას. ხოლო აწ რწმუნებულ არს შენდა არა წყაროჲ წყლისაჲ, არამედ ჴორცი და სისხლი სამეუფოჲ, და ხედავ ვიეთმე ცოდვითა შებღალულთა და არა აყენებ; დიდ არს ბრალი ესე, დიდ არს სასჯელი ესე. ამისთჳს მოუცემიეს ღმერთსა თქუენდა პატივი ესე, რაჲთა ამას განარჩევდეთ, ესე არს საქმე თქუენი, ესე არს გჳრგჳნი თქუენი. არა თუ ესე არს, რაჲთა სპეტაკითა შემოსილნი შემოხჳდეთ ცუდად, არამედ რაჲთა ამას საქმესა ეკრძალებოდით. სთქუათ სადმე, ვითარმედ: ვინაჲ უწყით ჩუენ, ვინ არს უღირს? გარნა მე არა უმეცართათჳს ვიტყჳ, არამედ რომელთა მეცნიერ იყვნეთ და იცოდით, ვითარმედ არა ღირს არიან. ვიტყჳ ამასცა, ვითარმედ: არა ესრეთ ძნელ არს ეშმაკეულთა ყოფაჲ ეკლესიასა შინა ჟამისწირვასა, ვითარ ესევითართაჲ მათ, ვითარცა პავლე იტყჳს: "რომელმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არაღირსად შეჰრაცხოს", და შემდგომი ამისი. რამეთუ უძჳრეს ეშმაკეულისა არს, რომელი ცოდვიდეს და ეზიარებოდის. რამეთუ იგინი ეშმაკეულობისათჳს სატანჯველად არა მიეცემიან, ხოლო ესენი უღირსად ზიარებისათჳს დაისაჯებიან. აწ უკუე ნუ ეშმაკეულთა ოდენ ვაყენებთ, არამედ ყოველთა უღირსებით მომავალთა, რაჲთა არავინ ეზიაროს იუდაჲსებრ, რაჲთა არა მისებრ დაისაჯოს. ასოებ ქრისტესა არს ერი ესე. ამისთჳს ეკრძალენით მღდელნო, ნუუკუე განარისხოთ უფალი, რომელ არაწმიდა-ჰყოფთ ასოთა მათ მისთა; რაჲთა იყვნენ ჭეშმარიტ ასო მისა. ეკრძალენით, რაჲთა არავის მახჳლი მისცეთ საზრდელისა წილ, რამეთუ ესრეთ არს უღირსთა ზიარებაჲ. დაღაცათუ ვინმე უღირსი უმეცრებით მოვიდოდის ზიარებად, დააყენეთ, ნუ შეშინდებით, გეშინოდენ ღმრთისაგან და ნუ კაცთაგან. უკუეთუ კაცთაგან გეშინოდის, თჳთ მებრ იგინი გეცინოდინ; უკუეთუ ღმრთისა შიში ოდენ იპყრათ, კაცთა მიერცა პატიოსან იყვნეთ. ხოლო უკუეთუ თქუენ ვერ იკადრებთ, მე მაუწყეთ. არა შეუნდო უღირსებით ზიარებად. სულსა ჩემსა განვეშორო პირველ, ვიდრეღა ჴორცი და სისხლი ქრისტესი უღირსადმცა ვის მივეც და საჲდუმლოსა ამას შესაძრწუნებელსა უწესოდ ვაზიარე. ხოლო უკუეთუ ვინ უმეცარ იყოს ვისამე, დაღაცათუ უღირსად ეზიაროს, არა არს ბრალი მღდელისაჲ მის, რამეთუ მე ცხადთათჳს ვიტყჳ და მეცნიერთა. უკუეთუ ესენი განჰვმართნეთ რომელნი ვიცნით, უცნაურნიცა ადრე გჳჩუენნეს ღმერთმან. ხოლო ამას ყოველსა არა თუ ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა დავაყენნეთ ოდენ და გარემივაქცინეთ, არამედ რაჲთა განჰვმართნეთ უწესოდ მავალნი და მერმე ვაზიაროთ; რაჲთა იგინიცა ღირსებით ეზიარებოდინ განათლებად სულთა მათთა, და ჩუენ მოვიღოთ სასყიდელი, თჳსისაცა შრომისაჲ და სხუათაცა მოღუაწებისაჲ, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


~http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment