ორი ქადაგება ხვალინდელ საკვირაო სახარებაზე.წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე).

ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან
შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით. (ლუკ. , მჱ).

რა საკვირველი სარწმუნოება ჰქონდა, ძმაო ქრისტიანენო, დედაკაცსა მას, რომელსაც მაცხოვარმან უთხრა ეს სიტყვა! ვითარ უეჭველი და შეურყეველი იყო სარწმუნოება მისი! უმეტეს ათორმეტისა წლისა იყო იგი შეპყრობილი სასტიკითა სნეულებითა: ყოველი მისი ქონება გადააგდო ექიმთა ზედა, გარნა ვერ მიიღო კურნება, და, როდესაც ამ სოფელში მოსპო ყოველი მისი იმედი, იგი მიექცა ზეციერისა მკურნალისადმი; სარწმუნოება მისი მიუძღვა მას ქრისტესა იესოსთან.
მან იცოდა, რომელ მაცხოვარსა აქვს ძალი და შეძლება კურნებად ყოვლისა სენისა; გარნა ვერ ბედავდა პირდაპირ ვედრებასა; მან იფიქრა: საკმაო იქნება ჩემთვის, მხოლოდ შევეხო სამოსელსა მისსა და მიეახლა ზურგით კერძო და შეახო ფესვსა სამოსელისა მისისა, და მეყსეულად დასცხრა წყარო იგი სისხლისა მისისა. უფალი იყო ამ ჟამად გარე-მოცული და შევიწროებული უმრავლესითა ერითა; უთუოდ მას ამ ჟამად ათასი კაცი შეეხო, გარნა ერთმან მხოლოდ ამა დედაკაცმან მიიღო სასწაულებითი მოქმედება სარწმუნოებისა: ცანს, რომ მას მხოლოდ ჰქონდა სარწმუნოება ცხოველი და მხურვალე.

ესრეთი გაქვსა შენცა, ძმაო მსმენელო, სარწმუნოება, თუ არა? ცხოველი არისა, თუ არა, სარწმუნოება შენი? ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და უპირველესი საქმე არის, რომ იცოდეს, ცხოველი არის და ნამდვილი სარწმუნოება მისი, თუ არა? თითქმის უმეტესი ნაწილი ქრისტიანეთა ჰგონებს, რომელ მას აქვს სარწმუნოება ცხოველი, მაშინ როდესაც სარწმუნოება მისი არის სუსტი. უმრავლესნი ქრისტიანენი არიან მოსვენებულნი და უზრუნველნი იმ აზრით, რომელ ვითომც იგინი არიან სარწმუნოებასა შინა, გარნა სარწმუნოება მათი ხშირად არის მკვდარი და უსარგებლო. ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს, ანუ მუშაობს ბუნებასა შინა კაცისასა და ცოტ-ცოტად სცვლის და აუმჯობესებს მას; ცხოველი სარწმუნოება, პირველად ანათლებს გონებასა კაცისასა, მეორედ, ჰმართავს და სწმედს ყოფა-ქცევასა ანუ მოქმედებასა კაცისასა.

ჭკუა ანუ გონება კაცისა არის ქვეშევრდომილი მრავალთა შეცდომილებათა და ცრუთა ჰაზრთა. კაცსა უსწავლელსა, სოფლის მცხოვრებსა, წარმოუდგებიან და აწუხებენ ათასნი ცრუნი აზრნი, უსაფუძვლონი მოგონებანი და უსაფუძვლონი შიშნი, იგი ყოველგან, ყოველს უბრალო შემთხვევაში ჰხედავს რაღაცა უცნაურსა ძალასა; მას ყოვლიფერისა ეშინია და ყოვლიფერსა ცრუსა მოგონებასა ემონება; წინააღმდეგ ამისა კაცი, სწავლული და დახელოვნებული მეცნიერებასა შინა, ხშირად გაიგონებს და ამოიკითხავს წიგნთაგან მრავალთა წინააღმდეგთა ჰაზრთა, რომელნი დააკნინებენ მისსა სასოებასა. გარნა სარწმუნოება ცხოველი გაანათლებს, ვითარცა პირველსა, ეგრედვე მეორესა. სარწმუნოება ცხოველი შეაგონებს და არწმუნებს ორთავე, რომელ ერთი მხოლოდ ღმერთი არის შემოქმედი და მმართველი ქვეყანისა, რომელ არა არის ქვეყანასა ზედა არსად შიში და დაბრკოლება ქრისტიანესა ზედა.

სარწმუნოება ცხოველი ასწავლის და ჰმართავს სურვილსა, ანუ ნებასა კაცისასა. კაცის გულში ყოველ-წამ იბადებიან მრავალნი მავნებელნი მიდრეკილებანი. შარწმუნოება ცხოველი ასწონს მათ ყოველთა, შეამოწმებს ქრისტეს მცნებათა თანა; დასთრგუნავს და განაძებს, რომელნიც მათგანნი არიან წინააღმდეგნი და მავნებელნი; ხოლო წმიდათა და კეთილთა განამტკიცებს და განაცოცხლებს.

სარწმუნოება ცხოველი ჰმართავს ყოფა-ქცევასა და მოქმედებასა კაცისასა; იგი მისცემს კაცსა ღონესა, მხნეობასა აღსრულებად კეთილთა საქმეთა, ხოლო დათრგუნვად ბოროტთა ვნებათა და განსაცდელთა.

Eესრედ მუშაობს სარწმუნოება ცხოველი ბუნებასა შინა კაცისასა. იგი ჰზრდის კაცის სულსა, იგი აკეთებს და აუმჯობესებს კაცის ხასიათსა. იგი ჰკურნებს სულიერთა ვნებათა კაცისათა, ვითარცა მან განჰკურნა დღეს ხსენებული დედაკაცი ხორციელისა სნეულებისა მისისაგან. დედაკაცსა ამას სარწმუნოება ჰქონდა განუზომელი და შეუორგულებელი; ამისთვის მიიღო მან ერთს წამს სრული კურნება. ვსთქვათ, რომ ეს მაგალითი შენთვის არის დიდი; შენ თუმცა კი გაქვს სარწმუნოება, გარნა არა ეგოდენი; ამისთვის მოქმედებაცა მისი არის შენში უმცირესი; მაშასადამე, უკეთუ ერთს წამსვე ვერ განკურნა და ვერ განწმიდა ცოდვისა შენისაგან, ცოტ-ცოტად და ნელ-ნელად მაინც უნდა გზრდიდეს და გცვლიდეს. სრულიად უქმი არ უნდა იყოს იგი; გარნა რას ვხედავ? ვხედავ, რომელ ცოდვა უძლიერეს არს შენს გულში, ვიდრე მადლი; ვხედავ, რომელ შენ უმეტესად ემორჩილები ცოდვასა და ვნებასა, ვიდრე ქრისტეს მცნებასა. მართალია, შენ ასრულებ რომელთამე გარეგანთა მოთხოვნილებათა სჯულისათა, გარნა შინაგანი შენი კაცი არ ემორჩილება მოთხოვნილებათა სჯულისათა. მართალია, რაც გინდა ეცადოს კაცი, არ შეიძლება, რომ განეშოროს ყოველსა ცოდვასა; გარნა, საუბედუროდ, არ სჩანს, რომ შენ ნანობდე ცოდვისათვის, ცდილობდე განშორებად ცოდვათაგან, ერთსა და იმავე ცოდვას მრავალ-გზის განიმეორებ და მით ამტკიცებ, რომ ცივი და მკვდარია შენი სასოება. არ შეიძლება კაცი სუსტი არ შთავარდეს ზოგჯერ ცოდვაში; გარნა უკეთუ მას აქვს სარწმუნოება ცხოველი, იგი ნანობს, მწუხარე არის, ერთი სიტყვით, ცდილობს გამოვიდეს ცოდვისაგან. მის გულში არის ჭიდაობა ცოდვასა და მადლსა შორის. ვისაც აქვს ცხოველი სარწმუნოება, იგი იქმნება შეცთომილებით და უსუსურებითა თვისთა შთავარდეს ცოდვაში; გარნა წინა-განზრახვით და მომზადებით მაინც არ იქმს ცოდვასა; გარნა შენ დიდითა მეცადინეობითა და დიდითა მომზადებითა აღგისრულებია მრავალი ცოდვა. რაოდენგზის სინიდისი გამხილებდა და გეტყოდა შენ, რომელ ზოგიერთის საქმის აღსრულება არის ცოდვა და წინააღმდეგი; გარნა შენ მაინც აღგისრულებია იგი. სად იყო სარწმუნოება შენი, ოდეს გესლიანი ენა შენი განგებ და წინადვე მომზადებულთა ლექსთა შინა აშავებდა უმანკოსა სახელსა მოყვასისა შენისასა? რისთვის არ დააჩუმა მაშინ ენა შენი სარწმუნოებამან, უკეთუ ცხოველი იყო იგი! რისთვის არ დააკავა ხელი შენი სარწმუნოებამან შენმან, უკეთუ ცხოველ-იყო იგი, მიღებად ქრთამისა? რისთვის არ დაამშვიდა გული შენი და არ გააქრო ცეცხლი შურისა და მტრობისა? ერთი სიტყვით, რისთვის არ იცვლი ცუდს ყოფაქცევასა, რისთვის არ დასტოვებ ცოდვასა, თუ გაქვს სარწმუნოება? გარნა ესრედთა კითხვითა და გამოძიებათა დიდხანს ვერ გავათავებთ. მოკლედ ვსთქვათ: თუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა გსურს შეიძინო, - შეიძინე ცხოველი და ღონიერი სარწმუნოება, ვითარცა დედაკაცმან, რომელსა ესმა სიტყვა ესე საწადელი: ნუ გეშინინ ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. ამინ.


ხოლო იესო ჰრქვა მას: ნუ გეშინინ,
ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა
შენ; ვიდოდე მშვიდობით (ლუკ. , მც).

ოდეს მაცხოვარი, გარემოცული უმთავრესითა ერითა, მიდიოდა სახლსა შინა იაიროისასა, მაშინ დედაკაცი ვინმე, რომელი იყო დიდი ხნითგან სნეული და რომელმან გადააგო ყოველი თვისი ქონება ექიმთა და ვერ მიიღო მათგან კურნება, მიეახლა მას ფარულად და შეახო ხელი შესამოსელსა მისსა. ესოდენი მტკიცე სარწმუნოება ჰქონდა მას, რომელ ფიქრობდა, საკმაო არს, რათა ხელი ვახლო შესამოსელსა მისსა და უეჭველად მივიღებ კურნებასაო; მართლა, იმავე წამს შეატყო მან თავის თავს მორჩენა. მაცხოვარმან, რომლისა წინაშე არა რაი იყო დაფარულ, სცნა საკვირველი სარწმუნოება დედაკაცისა მის და განკურნება მისი; მას ენება, რათა გამოჩენილ იყო ესრეთი სარწმუნოება სამაგალითოდ სხვათა-თვის. მობრუნდა რა, ჰკითხა მოწაფეთა თვისთა: ვინ შემეხო მე? მაშინ იხილა დედაკაცმან, რომელ ვერ დაეფარა, დავარდა მუხლთა თვისთა და გულ-წრფელად აღიარა ყოველი; ხოლო მაცხოვარმან უთხრა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ვიდოდე მშვიდობით.

აჰა ვითარი უეჭველი და შეურყეველი სარწმუნოება არის საფუძველი ქრისტიანობისა; სარწმუნოებით დაიწყება და გათავდება ქრისტიანული სწავლა. ყოველს კაცს უნდა ჰქონდეს სრული მინდობილობა და გულითადი რწმენა მას ზედა, რაიცა ესმის საღმთო წერილთაგან; ყოველი ქრისტიანული საზოგადოება ყოვლითა ღონისძიებითა უნდა ცდილობდეს, რათამცა იყოს მას შინა შეურყეველი და დაუსუსტებელი სარწმუნოება. ვიდრემდის სარწმუნოება მტკიცედ სდგას რომელსამე ქვეყანასა შინა, ის ქვეყანა არ დავარდება, თუმცა გამოიაროს მრავალი უბედურება და მძიმე განსაცდელი. ეს ჭეშმარიტება მტკიცედ ახსოვდათ ჩვენთა წინაპართა: იგინი ყოველთვის იყვნენ სარწმუნოებასა შინა. თუმცა მრავალი იყო მათს შორის უწესოება, განხეთქილება, შური, ბრძოლა; თუმცა ყოვლითა მხრით მრავალნი მტერნი შეავიწროებენ მათ, გარნა, ვინაითგან იყვნენ შეურყეველს სარწმუნოებასა შინა, სარწმუნოებამან დაიცვა და შეინახა იგინი. მე ესრედ ვგონებ, რომელ უკეთუ წინაპართა ჩვენთა მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა შორის არ შეენახათ მართლ-მადიდებელი სჯული, ახლა აღარ იქმნებოდა ქვეყანაზედ არცა სახელი ჩვენი, არცა ენა; ახლა ჩვენ ვიქმნებოდით დამდაბლებულ, ვითარცა ვხედავთ რომელთამე, შთამომავლობით ჩვენთა მონათესავეთა, რომელთა დაივიწყეს მართლ-მადიდებლობა და მიიღეს მაჰმადიანობა, დავრდომილთა და პირუტყვებრ წახდენილთა. აჰა, ვითარ დაგვავალა ჩვენ ჩვენმან სჯულმან და სარწმუნოებამან! სხვა მიზეზი რომ არ გვქონდეს, მარტო ამ მიზეზმან უნდა შეგვაყვაროს ჩვენი სარწმუნოება. გარნა, განსაცვიფრებლად ჩვენდა, ამ მოკლე დროებაში გამოსჩნდნენ აქაც, ამ ჩვენს ქალაქშიც, რომელნიმე პირნი, არა-რად მრაცხველნი სარწმუნოებისა, თითქმის ცხადად უარ-მყოფელნი ყოვლისა სჯულისა, გამომაცხადებელნი, რომელ კაცს არაფერი არ უნდა სწამდეს, არცა ეკლესია, არცა სახარება და არცა სხვა რაიმე. ამაზედ არის ერთი ლაპარაკი და დრტვინვა საზოგადოებაში, ამისთვის არ შეგვიძლიან ჩვენც დავიდუმოთ, არამედ ვალისა-მებრ ჩვენისა ცხადად უნდა გამოვსთქვათ ჩვენი ჰაზრი.

პირველად, ვკითხოთ, რისგან წარმოსდგა ურწმუნოება. მათ პირთა, რომელთა ზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ: დიდისა ჭკუისა, სწავლისა და გამოცდილებისაგან მათისა, ანუ გამოუცდელობისაგან მათისა, ანუ გამოუცდელობისა და სუსტი ჭკუისაგან? მას ადვილად შევიტყობთ, ოდესაც ვიფიქრებთ, ვინ არის იგი, რომელნი გამოგვიცხადებენ ჩვენ ახალთა ამათ და საკვირველთა ჰაზრთა. იქმნება იგინი არიან კაცნი აღვსებულნი წლოვანებითა, დახელოვნებულნი სწავლასა და ცხოვრებასა შინა? ვინაითგან იგინი გვეტყვიან ჩვენ რომელთამე უცნაურთა, ახალთა და სამძიმოთა ჰაზრთა, მაშასადამე ისინი უნდა იყვნენ კაცნი ფრიად პატივცემულნი, გამოცდილნი, ჰასაკოვანნი და სარწმუნონი. რა! უმეტესი ნაწილი მათგანი, განსაკვირვებლად ჩვენდა, არიან თითქმის ჭაბუკნი, გამოუცდელნი, რომელთა კაცი ვერ მიენდობა არათუ ესრეთსა მძიმესა, არამედ თვით მცირესაცა საქმესა შინა. ან იქმნება, თუმცა იგინი არიან რეგვენნი, გარნა სწავლასა შინა არან ზედ-მიწევნილნი, რომელთა მიიღეს სრული განათლება და მეცნიერება? არც ეს არის ესრედ! ვგონებ, არ იქმნება ნამეტანი, თუ ვსთქვათ, რომელ უმეტესთა მათგანთა ჯერეთ ანბანის მეტი თითქმის არაფერი იციან ზედ-მიწევნილად. ცხად არს ახლა, რას უნდა მივაწეროთ მათი ურწმუნოება, ანუ რისგან გამოვიდა მათი სჯულის წინააღმდეგობა: ჭკუისა და განათლებისაგან, ანუ ჭკუა-ნაკლულევანებისა, გარეგანისა, სუსტისა და უსაფუძვლო სწავლისაგან? დიდი ჭკუა და ზედ-მიწევნილი სწავლა არ გააჩენს კაცის გულში სახარების წინააღმდეგობასა, არამედ უმეტესად დაამტკიცებს მას ზედა. ერთი მხოლოდ დაუმწიფარი, მკვახე, ნედლი ჭკუა და უსაფუძვლო, ამღვრეული სწავლა განაშორებს გულსა კაცისასა სახარებისაგან.

მეორედ, ვიფიქროთ: თითონ მოიგონეს ამ პირთა, რომელთა-ზედა ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს წინააღმდეგობა სარწმუნოებისა, ანუ სხვათაგან გაიგონეს? არა! მათ ესმა სხვათა კაცთაგან რაოდენიმე წინააღმდეგი ჰაზრი და ახლა ისინიცა განიმეორებენ მას, ვინაითგან ჭკუა მათი სუსტი არის, არ შეუძლიათ განარჩიონ ჭეშმარიტი ჰაზრი ცრუთა ჰაზრთაგან, ამისთვის რაც ესმის მათ, იმასავე განიმეორებენ. მასთანავე არიან იგინი ნამეტნავად თავის მომწონნი და ჰგონიათ. რომელ ამით თავს გამოიჩენენ. ეს არის ერთი ნიშანი ამღვრეულისა და ცრუისა განათლებისა. რომელ იგი განყვრნის და განალაღებს გულსა კაცისასა. ოდეს ჭეშმარიტი და ღრმა სწავლა და განათლება კაცს მოუმატებს სიმდაბლესა, ცრუ და უსაფუძვლო განათლება გაუჩენს გულში ამპარტავნებასა. იმ საწყალობელთა და საბრალოთა რეგვენთა ჰგონიათ, რომელ სარწმუნოების წინააღმდეგის ლაპარაკითა დაამტკიცებენ თვისთა სწავლასა და დიდსა განათლებასა. რათგანაც მათ ძლიერ ჰსურთ თავი გამოიჩინონ და ცხად-ჰყონ თავისი განათლება და სხვა ვერარა მოიგონეს და არც შეუძლიათ სხვაში როგორმე თავი გამოიჩინონ, ხოლო სჯულის წინააღმდეგი ორიოდე უსაფუძვლო სიტყვა ყოველს კაცს შეუძლია სთქვას, ამით უნდათ გვაჩვენონ თვისი დიდი განათლება; მაშინ როდესაც ყოველი გამოცდილი და კეთილ-გონიერი კაცი შეიტყობს მათსა შერყეულსა და აღრეულსა ჭკუასა და შეებრალება იგი, და თვით იგინიც, ოდეს მათი გონება მიიღებს სისრულესა, უკეთუ ოდესმე ეს მოხდა, შესწუხდებიან წარმოიდგენენ რა აწინდელსა თვისსა უგუნურებასა.

დასასრულ, ფრიად შესანიშნავი და საგულისხმო არს, რომელ ესე-ვითარნი ურწმუნოების გამომაცხადებელნი ნაყოფთაგან თვისთა, ესე იგი, მოქმედებათა და ყოფაქცევათაგან გამოაჩენენ, რა შეუდგება მათსა ურწმუნოებასა. ვითარნიცა არიან სიტყვანი მათნი, ეგრედვე საქმენი მათნი! პირითა მათითაგან ისმის უგუნური სჯულისწინააღმდეგი ლაპარაკი და იმავე დროსა ყოფა-ქცევა მათი შეაგინებს კეთილსა და წმიდასა ზნეობასა, ვინაითგან გვესმა ჩვენ ყოველთა, რომელნიმე მათნი უშვერნი და უსახონი საქმენი, მაშასადამე, მეორე წყარო მათის ურწმუნოებისა, სამწუხაროდ ჩვენდა, არის განხუზნილი გული და ხასიათი მათი.

იქმნება ვინმე სთქვას, რომელ არა მხოლოდ ჭაბუკნი გამოუცდელნი და უჰასაკონი, არამედ ზოგნი დიდის ჰასაკისანი და სწავლაში გამოსრულნი არიან სჯულის წინააღმდეგნი. რა არის ძმაო, ამაში გასაკვირველი? ყოველთვის და ყოველგან იყვნენ და არიან სჯულის წინააღმდეგნი ურწმუნონი კაცნი; სრული და მტკიცე სარწმუნოება, ძმაო ჩემო, არის ნიჭი ღვთისა. ისმინეთ რასა იტყვის უფალი ჩვენი იესო ქრისტე: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთა მეცნიერთაგან და გამოუცხადე ჩვილთა! ჰე მამაო. რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენს წინაშე. გარნა ვის მისცემს ღმერთი ესრეთსა ნიჭსა? ამაყსა და მოქადესა თვისითა სწავლითა და განათლებითა, ანუ კაცსა მდაბალსა და გულწრფელსა? რა საკვირველია, მეორესა. წმიდა მოციქული პავლე გვეტყვის: არავის ხელეწიფების თქმად უფალი იესო, გარნა სულითა წმიდითა: ესე იგი, ვერავინ აღვიარებს იესო ქრისტეს ღმერთად, უკეთუ სული წმიდა არ შეეწია მას; გარნა სული წმიდა ასწავლის მხოლოდ კაცსა მდაბალსა და კეთილსა.

და ესრედ, ძმაო ჩემო, ნუ გიკვირს, ოდეს გესმის ურწმუნოება და სჯულის წინააღმდეგობა რომელთამე პირთაგან. აქ მხოლოდ ეს არის სამწუხარო, რათა გამოსჩნდნენ ჩვენ შორისაც ამისთანა სჯულის წინააღმდეგნი, მაშინ, როდესაც არაოდეს განმავლობასა შინა ათას ოთხასის წლისა არ გაგონილა ამისთანა არაფერი ჩვენს ქვეყანაში? მერმე როდის? ეხლა, ოდეს ცოტაოდენი განათლება შემოვიდა ჩვენს შორის! რას იტყვის უბრალო, დაბალი და უსწავლელი კაცი, ოდეს გაიგონებს სჯულის წინააღმდეგსა სიტყვასა სწავლულთაგან? არ იფიქრებსა იგი, რომელ სწავლა მავნებელია და დაავიწყებს ღმერთსა? გარნა არა! არა ჭეშმარიტმა სწავლამა ჰქმნა ესე, არამედ ცრუ და უსაფუძვლო სწავლამ! შენ მხოლოდ ის ეცადე, ძმაო მორწმუნეო, რომ გაამართლო მათ წინაშე სარწმუნოება შენი კეთილითა საქმითა შენითა. გაჰხსოვდეს, რომელ ურწმუნოება არის ორ-ნაირი: ერთი გამოსჩნდება სიტყვათა შინა, მეორე საქმეთა შინა. მარტო ის არ არის ურწმუნო, რომელიცა სიტყვითა მხოლოდ იტყვის; მე არაფერი მრწამსო: არამედ ისიც ურწმუნო არის, რომელი ენითა აღიარებს სარწმუნოებასა, გარნა ყოველი საქმე მისი არის სჯულის წინააღმდეგი; ამისთვის კვალად გეტყვი, გაამართლე სარწმუნოება შენი მშვენიერითა შენითა ყოფაქცევითა, რათა თვით ურწმუნო იგი, მხედველი კეთილისა შენისა ცხოვრებისა, მოიქცეს და ირწმუნოს, რომელიცა და ჰყოს ღმერთმან. ამინ.


No comments:

Post a Comment