ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ვიდრე ჟამიღა გუაქუს, ვიქმოდით კეთილსა, რამეთუ არცა მენავეთმოძღუარსა, უკუეთუ უდებებითა თჳსითა დაანთქას ნავი თჳსი, არცა მკურნალსა, ვინაჲთგან მოკუდეს სნეული, ჴელ-ეწიფების რაჲსამე ქმნად სარგებელისა, არამედ კაცად-კაცადსა პირველ აღსრულებისა საქმეთა მათ უჴმს ღონისძიებაჲ რაჲმე, რაჲთა არა შთავარდეს დანთქმასა და სირცხჳლსა. ეგრეთვე ჩუენ, ვიდრემდე სოფელსა ამას შინა ვართ, ვიღუაწოთ განკურნებად წყლულებათა მათ და სენთა სულთა ჩუენთასა და განვაგდოთ ჩუენგან ყოველი ბიწი და ყოველი ნაოჭი ცოდვისაჲ, რაჲთა მრთელნი და შუენიერნი სულითა წარვიდეთ ამიერ და არა უსარგებლოდ ვინანდეთ შემდგომად სიკუდილისა, რამეთუ არა არს მაშინ აღსაარებაჲ და სინანული. ჵ, საკჳრველი, რომელ ჴორცთა ჩუენთა ესრეთ მოსწრაფებით და ხარკებით ვჰკურნებთ, უკუეთუ რაჲმე გუელმოდის (და რად ვიტყჳ ჩუენთა გუამთა, გარნა მონაჲ თუ გუყვეს და ვიხილოთ იგი სნეულად, ყოველსავე ღონესა ვაჩუენებთ განკურნებად, რაჲთა მსახურებაჲ მისი არა დაგუჭირდეს), და სულნი ჩუენნი ესოდენთა სენთაგან ცოდვისათა შეპყრობილ არიან და ყოვლადვე არა ვიღუწით, არცა წამალსა დავსდებთ, არცა მკურნალთა ვევედრებით, არცა საფასესა წარვაგებთ, არამედ ვითარმცა მბრძოლი ვინმე და მტერი ჩუენი მდებარე იყო, ესრეთ თანაწარვჴდებით და უდებ-გჳყოფიან სულნი ჩუენნი. იღუაწე, კაცო, უფროჲს ყოვლისა, სული შენი. არა თუ ვიტყჳ, რაჲთა მონანი ანუ მოყუასნი უდებ-ვყვნეთ. ნუ იყოფინ! არამედ ამას ვიტყჳ: აჩუენე სულისაცა შენისა კურნებაჲ და ნუ უდებ-ჰყოფ მას. მოიძიენ მკურნალნი, უჩუენე სენი შენი პავლეს, მოუწოდე მათეს, ევედრე იოვანეს, ისმინე მათგან, თუ რაჲ წამალი საჴმარ არს შენდა. უეჭუელად გითხრან და არა დაგიფარონ, რამეთუ არა მომკუდარ არიან, არამედ ცხოელ არიან და დღითი-დღე გუეტყჳან, არა ეძიებენ საფასეთა, არამედ უსასყიდლოდ ჰკურნებენ, რომელთაცა მიიღონ კურნებაჲ მათი; და წამალთათჳსცა, რომელთა მოგცემენ, არა გიჴმს წარსაგებელი თჳნიერ ხოლო მოწყალებისა. რამეთუ სხუათა ყოველთაგან ჴორციელიცა მებრ სარგებელი მოგეცემის: ოდეს სიწმინდესა გასწავლიდენ, ცუდთა და ამაოთა წარსაგებელთაგან გიჴსნიან, ოდეს მთრვალობისაგან განშორებასა გიბრძანებდენ, უფროჲსად განგამდიდრებენ. იხილეა ჴელოვნებაჲ კურნებისა მათისაჲ? არა ხოლო თუ უსასყუდლო არს, არამედ განმამდიდრებელცა. დაადგერ მათ თანა და ისწავე ყოველთა მათ სენთა შენთაჲ ბუნებაჲცა და კურნებაჲცა. უკუეთუ საჴმართმოყუარებითა სნეულ ხარ და ანგაჰრებითა, ისმინე სიტყუაჲ მკურნალისაჲ მის, რასა გეტყჳს: 'რომელთა ჰნებავსო სიმდიდრე, შთავარდებიან განსაცდელსა და გულისთქუმათა მავნებელთა, რომელნი დაანთქმენ კაცსა წარსაწყმედელად'. და კუალად იტყჳს: 'უფალი ახლოს არს, ნურას იურვით'; და 'ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ'. გნებავსა ხილვად სხუაჲ მკურნალი? ისმინე მისიცა განწესებაჲ: 'ვერ ჴელ-გეწიფებისო მონებად ღმრთისა და მამონაჲსა'; და კუალად გასწავლის სახესა სიმრთელისასა და იტყჳს: 'ნუ იუნჯებთო ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის და მპარავთა დათხარიან და განიპარიან'. ხოლო ამას ყოველსა თანა გიჩუენებს სახესაცა, რაჲთა იხილნე სნებისა მის ბოროტნი, და წინაგიყოფს მდიდარსა მას, რომელი წადიერ იყო მიმთხუევად ცხორებისა და სიმრთელისა და ვერ უძლო მიმთხუევად ანგაჰრებისაგან მისისა. და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო. კუალად იტყჳს სახიერი იგი მკურნალი, ვითარმედ: 'შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისაგან შესაძლებელ არს', რაჲთა სცნა, ვითარმედ, დაღაცათუ მდიდარ იყო, ძალ-უც მკურნალსა მას კურნებაჲ შენი, რამეთუ არა სიმდიდრე განაგდო წესისა მისგან, არამედ მონებაჲ საფასეთაჲ და ტრფიალებაჲ ანგაჰრებისაჲ; რამეთუ მდიდარსა უკუეთუ სიმდიდრე თჳსი ზიარად აქუნდეს გლახაკთათჳს, ძალ-უც შესლვად ცხორებასა, და რაჲთა უმეტესისა მოგებაჲ ექსორია-ყოს გულისაგან თჳსისა, ვითარცა იყო ნეტარი იობ და დიდი აბრაჰამ, ისაკ და იაკობ და მსგავსნი მათნი, რომელნი სიმდიდრესაცა შინა სათნო ეყვნეს ღმერთსა. მოიგე სხუაჲცა მკურნალი და უფროჲსღა სახე კურნებისაჲ; იხილე მეზუერე ესე, რომელი შეპყრობილ იყო სენითა მით ანგაჰრებისათა და ადრე მიემთხჳა კურნებასა და იქმნა უპოვარ, რამეთუ ერჩდა შჯულსა მას მკურნალისასა, რომელი მოვიდა უძლურებათა ჩუენთა ტჳრთვად და სნეულებათა აღებად, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ სასოებისა არაწარკუეთაჲ. იხილე სხუაჲცა მეზუერეთა მთავარი, რომელმან აღუთქუა ზოგი ნაქონებისა მისისაჲ მიცემად გლახაკთა, და უკუეთუ ვისმე ცილი დასდვა მიგებად ოთხი წილი, შესლვასა მას უფლისასა სახედ მისა. ხოლო შენ, უკუეთუ შეიწუები გულისთქუმითა მრავალთა საფასეთაჲთა, ისმინე სხუაჲცა წამალი, მოცემული უფლისა მიერ: 'ყოველმან, რომელმან დაუტეოსო სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილი ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს'. ვინაჲთგან ესევითარნი აღთქუმანი მოცემულ არიან ჩუენდა, რაჲსათჳს უდებ ვართ, ძმანო, რაჲსათჳს დაჴსნილ ვართ? არა ვხედავთა პავლეს, ვითარ იქადოდა ჭირთა შინა და ნაკლულევანებათა, არა თუ განსუენებათა და სიმდიდრეთა? და ყოველსავე მჴედარსა, ოდეს იბრძოდის და გჳრგჳნოსან იქმნებოდის, მაშინ უხარინ, არა თუ ოდეს მოცალედ არნ და უდებად. ეგრეთვე ვაჭარმან პოის რაჲ სიმდიდრე ვაჭრობისაგან, არღარასადა სწადინ შინაჯდომაჲ, არამედ ზღჳთ და ჴმელით ვალნ და ვაჭრობასა მოირეწნ. აწ უკუე ჩუენცა თუ ვიხილოთ გემოჲ ნაყოფთა მათ სულიერთაჲ, ვითარცა ჯერ-არს, მიერითგან არარად შევჰრაცხოთ საწუთროჲ ესე ყოველი, რაჟამს შეპყრობილ ვიქმნეთ სურვილითა სასუფეველისაჲთა, ვითარცა მთრვალობითა კეთილითა. ჰე, ძმანო, განვიცადოთ და ვიხილოთ გემოჲ მის სიტკბოებისაჲ, რაჲთა სიმწარე ესე საწუთროჲსაჲ განვაგდოთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
No comments:
Post a Comment