წმ. იოანე ოქროპირი. ვითარმედ ჯერ-არს ფრიადი მოღუაწებაჲ ცხორებისათჳს ძმათაჲსა.


 და ჩუენცა უკუე, საყუარელნო, ვჰბაძვიდეთ სახიერებასა მას უფლისასა და ნუმცა რაჲ თავ-გუედიდების ქმნად ძმათა ჩუენთათჳს, დაღაცათუ საქმე იგი შეურაცხ და ძნელ იყოს, დაღაცათუ ძმაჲ იგი მცირე და უნდოჲ იყოს, ნუმცა რაჲ უღირს გჳჩნ ქმნად ცხორებისათჳს მისისა, რამეთუ ესოდენ საწადელ არს ღმრთისა ცხორებაჲ სულისაჲ, ვიდრეღა ძე თჳსი მოავლინა მოძიებად წარწყმედულთა. ამისთჳს გევედრები, ვიღუაწოთ ყოვლითა ძალითა ჴსნად ძმისა, რომელიცა ვიხილოთ ჭირვეული და ღელვა-გუემული. არა ვიტყჳ ჴორციელსა ამას ჭირსა და ღელვა-გუემულობასა, რამეთუ კეთილ არს ჴორციელთაცა ჭირთა შინა და განსაცდელთა შეწევნაჲ და ჴელის-აპყრობაჲ ძმათაჲ, და ფრიად კეთილ არს, და თანანადები არს თანაწარუვალი, ხოლო ფრიად უაღრეს არს და უმაღლეს სულიერთა ღელვათა შინა და ეშმაკისა მიერ მოწევნულთა განსაცდელთა შეწევნაჲ ძმისაჲ და ყოვლითა ძალითა ჴელის-აპყრობაჲ. რამეთუ ვაჭარი აღორძინებად საფასისა თჳსისა ზღუათა წიაღვალს და მთათა გარდაჰჴდების, და მუშაკი ეგრეთვე შემატებად ნაშრომისა თჳსისა ფრიადსა ოფლსა თავს-იდებს და აურაცხელსა ჭირსა. აწ უკუე ჩუენცა ნუ თავისა ხოლო თჳსისა ცხორებასა ვიღუწით, არამედ ძმათა ჩუენთაცა, რაჲთა ესრეთ უბრწყინვალეს იყოს სულთაცა ჩუენთა ცხორებაჲ. რამეთუ განწყობასა შინა ბრძოლათასა უკუეთუ მჴედარი თჳსსა ოდენ განრინებასა ისწრაფდეს და ამისთჳს სხუანი უგულებელს-ყვნეს და სივლტოლად ჴელ-ყოს, მრავალგზის სხუათაცა ავნის და თავიცა თჳსი წარწყმიდის; ხოლო რომელმან ახოვნებით დადვის სული თჳსი სხუათა მათ თანა მოყუასთა თჳსთა, მათცა სარგებელ ეყვის და თავიცა თჳსი მათ თანა აცხოვნის. ვინაჲთგან უკუე ჩუენ ზედაცა ბრძოლაჲ არს, და ბრძოლაჲ ყოველთა ბრძოლათა უფიცხლესი, და წყობაჲ არს ძლიერი, ესრეთმცა შევალთ წყობასა მას შინა, ვითარცა მეუფემან ჩუენმან გჳბრძანა. განვემზადნეთ სისხლთა დათხევად და სიკუდილადცა სახელისა მისისათჳს, და საჭურველი იგი სიყუარულისაჲ მტკიცედ შევიმოსოთ, ვიღუაწოთ ერთმანერთისა ცხორებაჲ, მდგომარენი განვაძლიერნეთ, დაცემულნი აღვადგინნეთ; რამეთუ მრავალნი ძმათა ჩუენთაგანნი მდებარე არიან წყობასა ამას შინა წყლულნი და სისხლითა შებღალულნი და მოღუაწე ანუ მკურნალი არავინ არს: არცა მღდელნი, არცა ერისაგანნი, არცა მოწესენი, არცა ძმანი და მეგობარნი, არამედ კაცად-კაცადი თავისა თჳსისასა ვხედავთ. ამისთჳს თავთაცა ჩუენთა ვავნებთ, რამეთუ დიდი წარმატებაჲ და სისრულე ესე არს, რაჲთა კაცი არა თავისა ხოლო თჳსისა ეძიებდეს, არამედ ძმისასაცა; ხოლო ჩუენ ვინაჲთგან მცნებაჲ ესე შეურაცხ-გჳყოფიეს, ამისთჳს უძლურ ვართ და ადვილად საძლეველ ბრძოლათა შინა ეშმაკისათა, რამეთუ არა შევეწევით ურთიერთას, არცა შეჭურვილ ვართ სიყუარულითა სულიერითა, არამედ სხჳსა სახისა მეგობრობისა სიყუარულსა მოვიგებთ, რომელნიმე ჴორციელისა თჳსებისასა, რომელნიმე სხჳსა და სხჳსა, ცუდისა და წარმავალისა მიზეზისათჳს და მავნებელისა. ჯერ-იყო უფროჲსად სულიერითა წესითა შეყუარებად ურთიერთას, ხოლო აწ წინააღმდგომსა ვიქმთ: უკუეთუ ვინმე ძმამან მცირედ დაგუაბრკოლოს, მოვიძულებთ და მოვიძაგებთ; უკუეთუ ვიხილოთ მცირესა ცთომასა შინა, გარემივიქცევით მისგან და შეურაცხ-ვჰყოფთ. უფროჲსად მაშინ ჯერ-იყო მოღუაწებაჲ და შეწევნაჲ, რაჲთა მოვაქციოთ სათნოებად ცთომილი იგი. და მოვიღებთ მიზეზთა ცუდთა და უსარგებლოთა, - მრავალგზის ვასწავეო და არა მისმინა. რასა იტყჳ, კაცო? არა ჰხედავა, რავდენნი სწავლანი გუასწავლნა ღმერთმან და გუასწავებს წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა და მახარებელთა? რაჲ არს უკუე, ვისმინეთ სწავლანი იგი? ნუ იყოფინ! გარნა იგი არავე დასცხრების სწავლად ჩუენდა და წყალობად. არა დღითი-დღე გუეტყჳსა: 'ვერ ჴელ-გუეწიფების მონებად ღმრთისა და მამონაჲსა?' - ჩუენ შორის უმეტესად აღორძნდების მძლავრებაჲ ვეცხლისმოყუარებისაჲ; არა ჴმამაღლად გჳბრძანებსა: 'მიუტევეთ და მოგეტევნენ?' - და უფროჲსად მჴეცთა უმრისხანეს ვართ; არა მარადის გუამცნებსა, რაჲთა განვიშორნეთ ბოროტნი გულისთქუმანი? - და მრავალნი უძჳრეს ღორთასა იმწუბებიან მწჳრესა შინა ცოდვისასა. და ამას ყოველსა ზედა სახიერი იგი არა დასცხრების სწავლად ჩუენდა და წყალობად. რაჲსათჳს უკუე არა ვიგონებთ ამას და ეგრეთვე ჩუენცა ვიპოებით ძმათა მიმართ სახიერ და სულგრძელ, ვითარცა ღმერთი ჩუენ ზედა? არა უწყითა, რამეთუ არა ხოლო თუ თავთა თჳსთა ცხორებისა მოღუაწებად თანამდებ ვართ, არამედ ძმათაცა ჩუენთა? ხოლო აწ ჩუენ მრავლისა მისგან უდებებისა და დაჴსნილებისა ჩუენისა სულთაცა თჳსთა და ძმათაცა ცხორებაჲ შეურაცხ-გჳყოფიეს, და ყოველივე ზრუნვაჲ ჩუენი და მოსწრაფებაჲ ჴორციელთა და წარმავალთა საქმეთათჳს არს, და სული ჩუენი შეურაცხ-გჳყოფიეს, შეურვებული და შეიწრებული ბევრეულთა ვნებათაგან, გულისთქუმათაგან ბილწთა, გულისწყრომისაგან ბოროტისა, ძჳრისჴსენებისაგან და ზუაობისა, საჴმართმოყუარებისაგან და ანგაჰრებისა, უდებებისაგან და დაჴსნილობისა და სხუათა მათ ურიცხუთა ბოროტთაგან, რომელნი, ვითარცა მჴეცნი მძჳნვარენი, დაჰბძარვენ მას და მიმოუთრევიეს. ხოლო ჩუენ უგულებელს-გჳყოფიეს იგი და არა ვზრუნავთ, ვითარმცა განვიოტენით ვნებანი იგი, არამედ ვიურვით, თუ ვითარ აღვიშენნეთ ტაძარნი განგლესილნი და მოვიგნეთ სიმრავლენი მონათანი და მონაგებნი ფრიადნი სოფელსა ამას შინა, და საქმესა ვიქმთ ესევითარსა, ვითარმცა აქუნდა ვის სახლი დაძუელებული და დარღუევად მიახლებული და კედელნი მისნი მიდრეკილნი დაცემად, და არარაჲმცა იღუაწა განახლებად ანუ განმტკიცებად მათა, არამედ ეზოებსამცა ჰმზადებდა გარემო და სახლისა დარღუევასა არა ჰგონებდა. ანუ ვითარცა-რაჲ გუამიმცა ვის აქუნდა ყოვლითა სენითა სავსე და არამცა იღუწიდა ყოვლადვე კურნებასა მისსა, არამედ სამოსელთამცა ოდენ შუენიერთა იკერვიდა. ეგრეთვე ჩუენ ვართ. სული ჩუენი სენითა ბოროტითა შეპყრობილ არს და ყოვლადვე არა ვიღუწით კურნებად, არამედ ჴორცთა ხოლო ვფუფუნებთ. მჴეცთა ხილულთა არავინ მიუშუებს შესლვად ადგილსა პატიოსანსა, ხოლო ჩუენ მჴეცთა მათ უჴილავთა, რომელ არიან ვნებანი, დაუყენებელად გზა-ვსცემთ შესლვად სულსა ჩუენსა და აღსლვად გონებასა, რომელ-იგი ჩუენ შორის ყოვლისავე უპატიოსნეს არს. ამის ესევითარისა ვერაგობისა და ამაოებისათჳს ყოველივე საქმე ჩუენი განირყუნა და ყოველსავე შფოთსა და ბოროტსა შინა ვართ. და მსგავს არს კაცად-კაცადი ჩუენი ქალაქსა, გარეშეცვულსა მტერთა მიერ უწყალოთა და გამოღებად მიახლებულსა, და მას შინა მყოფნი ტყებასა შინა დიდსა იყვნიან; ანუ ვითარცა-რაჲ ვეშაპი მოუჴდის ბუდესა მფრინველისასა და მართუენი მისნი მიმოეკუეთებიედ, სავსენი შიშითა და ძრწოლითა და არა არნ დასასრულ ჭირისა მათისა. ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, მოვკლათ ვეშაპი იგი და ბოროტნი ნაშობნი მისნი მოვსწყჳდნეთ მახჳლითა სულისაჲთა. ნაშობნი ვეშაპისანი არიან არაწმიდანი გულისსიტყუანი. რაჲთა არა ჩუენთჳსცა თქუას წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარცა ჰურიასტანისათჳს, ვითარმედ: 'ვირ-დევნი იმღერდენ მუნ და გრძღაბნი და ვეშაპნი'. რამეთუ არიან ნანდჳლვე კაცნიცა უძჳრეს ვირ-დევთასა; და უფროჲსღა ვთქუა, თუ: ჩუენ შორის ჭაბუკნი ჰასაკითა, უმრავლესნი, ესევითარნი არიან, აღჳრაღუსხმელ გულისთქუმათა მიმართ ბოროტთა. ხოლო ესევითარისა მის ვერაგობისა მიზეზ მშობელნი მათნი არიან, რომელნი არა იღუწიან ცხორებასა სულთა მათთასა, არცა სწურთიან სათნოებისა სწავლად, არამედ ჴორციელად ხოლო ჰფუფუნებენ და უმწყსთაებრ ცხენთა მიუშუებენ სიცბილად და სიძვათა შინა და ყოველთა ბილწებათა ქცევად. , განსაცდელი ესევითარი! მძლავრებამან ცოდვისამან ყოველნი დაგჳმონნა და არავინ იღუწის არცა თჳსსა სულსა, არცა მეორისასა. ჩუენ სიტყჳთ შევასმენთ და განვაქიქებთ ცოდვასა, ხოლო იგი საქმით გუმძლავრობს და ტყუე-გჳქმს. გარნა ჩუენ არავე დავსცხრეთ სიტყუათაგან სწავლისათა. უკუეთუ იქმნას რაჲ სარგებელი, კეთილ იყოს ჩემდაცა და თქუენდაცა, ხოლო უკუეთუ მასვე ზედა ეგნეთ, მე თანანადები ჩემი სრულ-მექმნას, ხოლო ღმერთმან თქუენცა გიჴსენინ მონებისაგან ვნებათაჲსა და მე მომეცინ თქუენდა სიქადული, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ლოცვა-ყავთ სანატრელისა მამისა იოვანესთჳს და ნეტარისა მამისა ეფთჳმესთჳს, რომელთა მიერ ითარგმანა წმიდაჲ ესე სახარებაჲ.


http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment