წმ. იოანე ოქროპირი. ძჳრის-ჴსენებისათჳს და სიყუარულისათჳს ჭეშმარიტისა.

ძჳრის-ჴსენებისათჳს
 აწ უკუე, საყუარელნო, გევედრები, ნუ ვლესავთ მახჳლსა ძჳრის-ჴსენებისასა და განვაწონებთ გულთა ჩუენთა, რამეთუ ვერარას ესრეთ გუავნებენ შემაწუხებელნი ჩუენნი, ვითარ ჩუენ ვავნებთ თავთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა, რამეთუ სასჯელსა ღმრთისა მიერ მოვაწევთ თავთა ზედა ჩუენთა; ხოლო ძჳრუჴსენებლობაჲ თუ მოვიგოთ, მერმე თავსა ზედა შემაწუხებელთა და მავნებელთა ჩუენთასა დაკრბების ყოველივე ბოროტი.
ნუ იტყჳ უკუე, კაცო, თუ მან ვინმე მაგინა და შემასმინა და ბევრეული ბოროტი შემაჩუენა, რამეთუ რაოდენიცა ესევითარი სთქუა, უფროჲსად ქველისმოქმედად გამოაჩინებ მას, რამეთუ მოგცა მიზეზი განბანად ცოდვათა შენთა. რაოდენცა უკუე დიდად ძჳრი შეგამთხჳა, ესოდენ დიდადთა ცოდვათა შენდობისა მიზეზ გექმნა; და ნანდჳლვე, უკუეთუ გუენებოს, ვერვის ჴელ-ეწიფების ვნებად ჩუენდა, არამედ მტერნიცა დიდად სარგებელ გუეყვენ. და რად ვიტყჳ კაცთა, ეშმაკისა უძჳრეს არავინ არს, არცა უმეტესად მტერ ჩუენდა, გარნა, უკუეთუ გჳნდეს, მისთაცა ბრძოლათაგან დიდი სარგებელი შეგუეძინების. და მოწამე არს სიტყჳსა ამის იობ. ხოლო უკუეთუ ეშმაკისა ბრძოლანი მიზეზ გჳრგჳნთა ექმნებიან წმიდათა, რად გეშინის მტერობისაგან კაცთაჲსა, საყუარელო? იხილე უკუე, რაოდენ სარგებელ-გეყოფის, უკუეთუ სიმშჳდით და ძჳრუჴსენებელად თავს-იდებდე ზედააღდგომასა და ბრძოლასა მტერთა შენთასა: პირველად და ყოვლისა უაღრესად მოტევებასა ცოდვათასა მოიღებ; მეორედ მოთმინებასა და სულგრძელებასა ისწავებ; მესამედ სიმშჳდესა და კაცთმოყუარებასა შინა წარემატები, რამეთუ რომელი ძჳრისმოქმედთა მიმართ სახიერ იყოს, რავდენ უფროჲსად მოყუარეთა მიმართ ჭეშმარიტი აჩუენოს სიყუარული? მეოთხედ მრისხანეობისაგან განჰთავისუფლდები, რომელ-ესე დიდი კეთილი არს, რამეთუ რომელი რისხვისაგან თავისუფალ იყოს, იგი მწუხარებათა მრავალთაგან თავისუფალ არს და შურისაგან და სიძულილისა, და განსუენებით გარდაიჴდის დღეთა თჳსთა. ამას ყოველსა ზედა პატიოსან იყო წინაშე ღმრთისა და კაცთა და არავინ გესუას მტერი და წყალობაჲ ღმრთისაჲ ბრწყინვიდეს თავსა ზედა შენსა. უკუეთუ ცოდვანი გაქუნდენ, აღიჴოცნენ, უკუეთუ სათნოებანი გაქუნდენ, აღემატნენ უმეტესად ფრიად. ამისთჳს, საყუარელო, მოვიგოთ ძჳრუჴსენებლობაჲ, რაჲთა საყუარელ ღმრთისა ვიქმნეთ, რაჲთა თანანადებნი ბევრისა მის შანთისანი მოგუეტევნენ. ხოლო მრავალი თუ ბოროტი შეგამთხჳა მოყუასმან, უფროჲსღა შეიწყალე იგი და ნუ მოიძულებ, ცრემლოდე მისთჳს და იგლოვდ, რამეთუ არა შენ გავნო, არამედ თავსა თჳსსა. ხოლო შენ, უკუეთუ მოთმინე იქმნე, უფროჲსღა სანატრელ ხარ. გულისჴმა-ყავ, რამეთუ ოდეს-იგი ჯუარს-ეცუმოდა ქრისტე, თავისა თჳსისათჳს მხიარულ იყო, ხოლო ჯუარმცუმელთათჳს ცრემლოოდა. ეგრეთცა ჩუენ გჳღირს ქმნად, რაჟამს ძჳრი შეგუემთხუეოდის, რაჲთა უფროჲსღა ძჳრისმოქმედთა მათთჳს ვწუხდეთ, რამეთუ მათ შეემთხუევის ბოროტი, ხოლო ჩუენ - კეთილი. აწ უკუე გინა თუ ვინ გაგინა, თავი თჳსი უმეტესად სირცხჳლეულ-ყო და არა შენ. გინა თუ შეგასმინა, თჳსსა სულსა ზედა ბრალი დაიკრიბა, რაჲთა არა ხოლო ცოდვათა თჳსთათჳს, არამედ ამისთჳსცა მისცეს სიტყუაჲ, რომლისათჳს შენ შეგასმინა. და რაჲ საკჳრველ არს ესე შენ ზედა? უფალიცა ჩუენი იესუ ქრისტე შეასმინეს მტერთა მათ და იგი არა განრისხნა, და შესმენაჲ არა მცირე, არამედ დიდი და ფიცხელი დასდვეს მის ზედა. უკუეთუ რომლისადა ფრიადი კეთილი გეყო, ბოროტი მოგაგო, ამასცა ზედა ამისთჳს გელმოდენ, რომელ ავნო სულსა თჳსსა, ხოლო თავისა შენისათჳს გიხაროდენ, რამეთუ მსგავს ღმრთისა იქმენ, რომელმან აღმოაბრწყინვის მზე თჳსი უმადლოთა ზედა და ცოდვილთა, რამეთუ მოცემულ არს ჩუენდა ჴელმწიფებაჲ, უკუეთუ გუენებოს ბაძვად ღმრთისა, რაოდენ შესაძლებელ არს ბუნებასა შინა კაცობრივსა. გარნა უკუეთუ ესე დიდად გიჩნს და უმეტეს ბუნებისა, მოვედ, გიჩუენნე მონანი მისნი, რომელნი ჩუენისა ამის ბუნებისანი არიან: იხილე იოსებ, რომელმან შემდგომად ესოდენთა ბოროტთა კეთილი უყო ძმათა თჳსთა; იხილე მოსე, რომელსა მრავალი ძჳრი შეამთხჳეს ებრაელთა და იგი მათთჳს ევედრებოდა ღმერთსა; იხილე ნეტარი პავლე, რომელსა აღრიცხუვადცა ვერ ეძლო ბოროტთა მათთა და ცეცხლებრ ეტყინებოდა სიყუარულითა მათითა; იხილე სტეფანე, რომელსა დაჰკრებდეს ქვასა და იგი იტყოდა: 'უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას'. ესე ყოველივე გულისჴმა-ვყოთ, საყუარელნო, და განვაგდოთ ჩუენგან ყოველი რისხვაჲ და ძჳრის-ჴსენებაჲ, რაჲთა ჩუენცა მოგჳტევნეს ღმერთმან თანანადებნი ჩუენნი, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, სიმტკიცე, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სიყუარულისათჳს ჭეშმარიტისა

 ხოლო აწ ვხედავ, ვითარმედ უმრავლესთა სხუანი მიზეზნი ჰქონან ურთიერთას სიყუარულისანი: რომელსამე უყუარს მოყუასი თჳსი ნაცვალად ჴორციელისა სიყუარულისა მისისა; სხუასა უყუარს მსახურებისა მისისათჳს; სხუასა უყუარს სარგებელისა რაჲსათჳსმე ჴორციელისა. ხოლო ქრისტესთჳს შეყუარებაჲ მოყუსისაჲ ვითარცა ჯერ-არს, მცირედ იპოების ჩუენ შორის; რამეთუ უმრავლესნი სოფლიოთა საქმეთათჳს არიან ერთად შეკრებულ და შეერთებულ და, უკუეთუმცა ჯერ-იყო თქუმად, ვთქუმცა კაცად-კაცადისაჲ მიზეზი მოყუსისა მიმართ ერთობისაჲ, და მცირედნიმცა იპოვნეს ესოდენსა ამას სიმრავლესა შინა ქრისტესთჳს შეერთებულნი ურთიერთას და წესსა მას სულიერისა სიყუარულისასა მიმსგავსებულად პავლესსა აღმასრულებელნი. ამისთჳსცა, ვინაჲთგან ცუდთა და წარმავალთა საქმეთათჳს არს ერთობაჲ და სიყუარული მათი, არა არს იგი მტკიცე, არცა სამარადისო, არამედ მო-რაჲ-ვიდის მცირედი მკსინვარებაჲ, ანუ სიტყჳსგებაჲ, ანუ შური და ზუაობაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, მეყსეულად სიყუარული იგი დაიჴსნის, რამეთუ არა აქუნ ძირი სულიერი. ხოლო საღმრთოჲ იგი სიყუარული მტკიცე არს და შეუცვალებელ და ვერარაჲ ჴორციელი და სოფლიოჲ საქმე შემძლებელ არს შერყევად მისა: ვერცა შესმენანი სხუათაგან, ვერცა მწუხარებაჲ ჴორციელი, ვერცა ჭირი რაჲმე წარმავალი, ვერცა თუ სიკუდილი. რამეთუ რომელსა ქრისტესთჳს უყუარდეს მოყუასი, დაღაცათუ ბევრეული ძჳრი შეემთხჳოს მისგან, არა განეშორების იგი სიყუარულსა, რამეთუ ხედავს, თუ ვინ არს მიზეზ მათისა მის სიყუარულისა და მისთჳს შეუცვალებელად აქუს იგი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა: 'სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა თანა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოვლითა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდეს'. და ნანდჳლვე არცა ერთი იპოების ჴორციელი მიზეზი, რომლისათჳსმცა ჯერ-იყო დაჴსნაჲ სიყუარულისა სულიერისაჲ. უკუეთუ პატივისა წილ გაგინოს და კეთილისა წილ და ფრიადისა ქველისმოქმედებისა შენისა მოკლვაჲ შენი განიზრახოს მოყუასმან შენმან, უფროჲსად აღაორძინე შენ მისა მიმართ სიყუარული, უკუეთუ ქრისტესთჳს გიყუარს, რამეთუ რაჲ-იგი სხუათა შორის დამჴსნელ სიყუარულისა არს, აქა უფროჲსად აღმაორძინებელ სიყუარულისამცა იქმნების. და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე პირველად ამისთჳს, რომელ ესევითარი იგი უმეტესისა სასყიდლისა მომატყუებელ გექმნების ქრისტესგან; მეორედ, რომელ ესევითარსა მას უმეტესი უჴმს შეწევნაჲ და ჴელის-აპყრობაჲ. ამისთჳსცა ესევითარისა მის საღმრთოჲსა სიყუარულისა მუშაკი არა ნათესავსა ეძიებს, არცა დიდთა შვილებასა, არცა სიმდიდრესა, არცა ნაცვალსა სიყუარულისასა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ გინა თუ სძულდეს მეორესა მას, გინა თუ აგინებდეს, გინა თუ მოჰკლვიდესცა, იგი შეურყეველად ჰგიეს სიყუარულსა მას ზედა, რამეთუ ქრისტე აქუს მიზეზად სიყუარულისა მის და სახედ კეთილად, რომლისაჲცა თანა-აც ბაძვაჲ. რამეთუ ქრისტემან ესრეთ შეიყუარნა მტერნი იგი და უმადლონი, მაგინებელნი და მგმობარნი, მოძულენი მისნი, რომელთა უნდავე არახილვაჲ მისი, რომელნი ქვათა და ძელთა უმეტეს მისსა პატივ-სცემდეს, შეიყუარნა სიყუარულითა მით სრულითა, რომლისა უმეტესობაჲ არა იპოების, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: 'უფროჲსი ამისი სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა სული თჳსი დადვა მეგობართა თჳსთათჳს'. და რად ვიტყჳ მეგობართათჳს? მტერთა და უმადლოთათჳს ესრეთვე ქმნა. ამისთჳს იხილე, თუ ვითარ ჯუარმცუმელთა მათ და მკლველთა თჳსთა იღუწიდა, რამეთუ მამასა ეტყოდა მათთჳს: 'მიუტევე, მამაო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან'; და მოწაფენი მოუვლინნა მათ, რაჲთა ასწაონ და მოაქციონ ცხორებად, რამეთუ სახიერ იყო და ძჳრუჴსენებელ და არა არს რიცხჳ წყალობისა და კაცთმოყუარებისა მისისაჲ. დიდებაჲ მისა და ქებაჲ. აწ უკუე, ძმანო, ჩუენცა ესევითარსა მას სიყუარულსა ვჰბაძვიდეთ, რაჲთა მივემსგავსნეთ ქრისტესა, რაოდენ შესაძლებელ არს მსგავსებაჲ მისი, რაჲთა ამასცა სოფელსა მშჳდობით ვიყვნეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ლოცვა-ყავთ ნეტარისა მამისა იოვანესთჳს და სანატრელისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესთჳს, რომელთა გჳთარგმანეს წმიდაჲ ესე სახარებაჲ ბერძულისაგან ქართულად.


http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment