წმინდათა ცხოვრება II.


წმ. მართალნი მშობელნი ღმრთისანი იოაკიმ და ანნა.


წმიდა და მართალი იოაკიმე იუდას მუხლს ეკუთვნოდა, დავით მეფის სახლეულის შთამომავალი იყო. წმიდა იოაკიმე გალილეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა. მისი ცოლი - ანა ლევის მუხლიდან იყო, აარონის გვარის შთამომავალი, მატთან მღვდლის ასული. ეს მღვდელი მატთანი ცხოვრობდა ანტიპატრეს ძის - ჰეროდეს მეფობამდე. მისი ცოლი, მარიამი, იუდას მუხლიდან, ქალაქ ბეთლემიდან იყო. სამი ასული ესვათ: მარიამი, სობია და ანა. პირველად სობია გაათხოვეს - იქვე, ბეთლემში. მან შობა ელისაბედი - იოანე წინამორბედის დედა. ნაბოლარა ანა კი, დედა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, იოაკიმეს მიათხოვეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში.
ეს კეთილშობილი წარმომავლობის ცოლ-ქმარი: იოაკიმე და ანნა უფლის სჯულში განისწავლებოდნენ და მართლად აღასრულებდნენ ცხოვრებას ღვთის წინაშე. ქონებით მდიდრებს არც სულის სიმდიდრე აკლდათ. სათნოებებით შეემკოთ თავი და უბიწოდ იცავდნენ ღვთის სჯულის ყველა კანონს. კეთილმსახური მეუღლეები თავისი ქონებიდან ყოველ დღესასწაულზე ორ ნაწილს იღებდნენ: ერთს ტაძრის საჭიროებისათვის სწირავდნენ, მეორეს კი ღარიბებს ურიგებდნენ.
იოაკიმეს და ანას მართალი ცხოვრება სათნო-იჩინა ღმერთმა და მათ ყოვლადწმიდა ქალწულის, უფლის რჩეული დედის მშობლობა მიმადლა. მხოლოდ ესეც კი მეტყველებს, რაოდენ წმიდა იყო მათი ცხოვრება, რაოდენ ღვთისსათნო და უმწიკვლო, რომ მათგან იშვა ასული - ყოველ წმიდაზე უწმიდესი, ყოველ კაცზე ღვთივსათნო და ქერუბიმებზე უპატიოსნესი. იმ დროს ქვეყნად იოაკიმ და ანაზე მეტად ღვთისსათნო ცხოვრება არავის ჰქონია. მართალია, იმჟამადაც მოიძებნებოდა ბევრი მართალი ცხოვრების კაცი, მაგრამ ამ ორმა თავისი კეთილმსახურებით ყველას გარდაამეტა და ღირსნიც შეიქმნენ მათგან შობილიყო დედა ღვთისა. უფალი ასეთ წყალობას არ მიანიჭებდათ, მართლაც რომ ყველას არ აღმატებოდნენ სიმართლითა და სიწმინდით. უფალი ხომ ყოვლადწმიდა და ყოვლადუბიწო ქალწულს უნდა ეშვა, ასევე ღვთისმშობელსაც წმიდა და მართალი მშობლების შვილობა შეჰფეროდა. როგორც მიწიერი მეფეები იმოსებიან პორფირით, უბრალო კი არა, ოქროქსოვილი სამოსით, ასევე ზეციურ მეუფესაც ენება, რომ მისი ყოვლადწმიდა მშობელი, რომლის ხორციც სამეუფო პორფირივით უნდა შეემკო, ჩვეულებრივ მშობლებს კი არ ეშვათ, თითქოს უბრალო ქსოვილისას, არამედ მართლაც კეთილგონიერ და წმიდა ადამიანებს, თითქოსდა ოქროქსოვილისას. ამის წინასახედ ძველი აღთქმის კარავი გვევლინება. ღმერთმა მოსეს კარვის გაკეთება ძოწეულის, პორფირის და გრეხილი ბისონისაგან უბრძანა.1 ეს კარავი ღვთისმშობლის წინასახე იყო, მასში ხომ ღმერთი უნდა ჩასახლებულიყო და ადამიანებთან დამკვიდრებულიყო, როგორც წერდა: „აჰა სამკჳდრებელი ღმრთისაკაცთა თანა და დაიმკჳდროს მათ თანა“.2 კარვის მასალა კი - ძოწეული, პორფირი და ბისონი ღვთისმშობლის მშობლების წინასახე იყო. ყოვლადწმიდა ქალწული კეთილგონიერებისა და კრძალულებისაგან იშვა, თითქოსდა ძოწეულისგან და პორფირისგან შეიკერაო და უფლის მცნებათა აღსრულების სრულყოფილებამ დაბადა, თითქოსდა ბისონმა შეამკოო.
ღვთის ნებით ამ წმიდა მეუღლეებმა მრავალი წელი დაყვეს უშვილობაში, რათა ამგვარი ასულის მუცლად-ღებასა და შობაშიც გამოვლენილიყო ღვთის მადლის ძალაც, დაბადებულის პატივიც და მშობელთა ღირსებაც. უშვილო და ხანშიშესული ქალისთვის ღვთის მადლის ძალის გარეშე ხომ შეუძლებელია შვილიერება. აქ უკვე ბუნებითი კანონი კი არ მოქმედებს, არამედ თავად ღმერთი - ბუნებითი კანონის იავარმყოფელი და სიბერწის საკრველთა გამხსნელი. უშვილო და ასაკგადასული მშობლებისაგან შობა დიდი პატივია თავად შობილისათვისაც, ის ხომ თავშეუკავებელი ცოლ-ქმრისაგან არ იბადება, არამედ უკვე ვნებადამცხრალ და ხანშიშესულთაგან. სწორედ ასეთები იყვნენ იოაკიმე და ანა. ისინი ხომ ორმოცდაათი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ. და ბოლოს, ასეთი შობით თავად მშობელთა ღირსებაც ხდება საცნაური - მათ ხომ დიდი ხნის უშვილობის შემდეგ ქვეყნიერების სიხარული შობეს, რითაც წმიდა პატრიარქ აბრაამს და მის კეთილმსახურ მეუღლეს - სარას მიემსგავსნენ, რომლებმაც ღვთის აღთქმისამებრ სიბერეში შვეს ისააკი.3 თუმცაღა, უეჭველია, რომ ღვთისმშობლის შობა აბრაამისა და სარას მიერ ისააკის შობაზე ბევრად აღმატებულია. რამდენადაც თავად ქალწული მარიამია ისააკზე აღმატებული და უპირატესი პატივის ღირსი, იმდენად იოაკიმესა და ანას ღირსებაც მეტია აბრაამისა და სარას ღირსებაზე. მაშინვე არ მოუპოვებიათ ეს პატივი მართალ ცოლ-ქმარს, მხოლოდ გულმოდგინე მარხვისა და ლოცვების შემდეგ, სულიერ მწუხარებასა და გულის შემუსვრილებაში გამოსთხოვეს იგი ღმერთს. და აი, მათი მწუხარება სიხარულად იცვალა, მათი უპატიობა უდიდესი პატივის წინასწარმახარებელი გახდა, გულმოდგინე ვედრება სიკეთეთა მოხვეჭის ხელმძღვანელად იქცა და ლოცვა - ყველაზე უკეთეს შუამავლად.
იოაკიმე და ანა დიდი ხნის განმავლობაში მწუხარებდნენ და ტიროდნენ თავიანთ უშვილობაზე. ერთხელ, დიდ დღესასწაულზე, იოაკიმემ უფალ ღმერთს ძღვენი მიართვა იერუსალემის ტაძარში. მასთან ერთად ყველა ისრაიტელს მიჰქონდა თავისი ძღვენი ღვთისთვის შესაწირად. იმჟამინდელმა პირველმღვდელმთავარმა ისიხარმა არ მოინდომა იოაკიმეს ძღვნის მიღება - არა ხამს შენგან ძღვნის მიღება, - ამბობდა იგი, - რადგანაც შვილი არა გყავს და ჩანს, ღვთის კურთხევასაც მოკლებული ხარ, ალბათ რაღაც დაფარული ცოდვები გექნება.
იოაკიმეს ერთი ებრაელიც კიცხავდა, რუბენის მუხლის ჩამომავალი:
- რატომ გსურს ჩემზე წინ შესწირო ღმერთს მსხვერპლი? განა ვერ ხვდები, რომ ჩვენთან ერთად მსხვერპლშეწირვის ღირსი არა ხარ, შენ ხომ შთამომავლობას არ უზრდი ისრაელს!4
ამ ყვედრებამ ძალზე დაანაღვლიანა იოაკიმე და გულზელოდდადებულივით გამოვიდა ტაძრიდან შერცხვენილი და დამცირებული. დღესასწაული მწუხარებად ექცა და საზეიმო სიხარული ნაღველმა შესცვალა. დასევდიანებული სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა და მის ფარას რომ მწყემსავდნენ, იმ მწყემსებს მიაშურა. იქ დაიტირა თავის უშვილობა, თავლაფდასხმა და დატეხილი კიცხევა. გაახსენდა თავისი წინაპარი აბრაამი, რომელსაც ღმერთმა გარდასულ ასაკში ძე მიჰმადლა. იოაკიმემაც გულითადი ვედრებით შესთხოვა უფალს, მეც გადმომხედეო მოწყალე თვალით, შემიწყალე და მიხსენო ხალხის ყვედრებისაგან, სიბერეში მეც მომანიჭეო მეუღლეობის ნაყოფი, როგორც ოდესღაც აბრაამს მიჰმადლეო ძე.
- შვილის მამად მინდა ვიწოდებოდე, - ასე ლოცულობდა, - და ღვთისაგან დატევებულს აღარ მომიწიოს ერის ყვედრების დათმენა.
იოაკიმემ ლოცვას მარხვაც დაურთო. ორმოცი დღე პური არ უჭამია.
- პირსაც არაფერს დავაკარებ და არც სახლს დავუბრუნდები, - ამბობდა ის, - ცრემლები მეყოფა საზრდელად და უდაბნო - სახლად, სანამ არ შეისმენს ჩემსას უფალი ღმერთი ისრაელისა და არ წარმხოცს უპატიობას.
ანამ შინ შეიტყო, რომ პირველმღვდელმთავარს მათი ძღვნის მიღება არ მოესურვებინა და მისი ქმარიც უშვილობისათვის გაეკიცხა, ძალზე დამწუხრებული იოაკიმე კი უდაბნოში წასულიყო. გულამოსკვნით ატირდა ამის გამგონე:
- აწ კი ყველაზე უბედური ვარ, - ამბობდა ანა, - ღვთისაგან უარყოფილი, ხალხისაგან გაკიცხული და ქმრისგან მიტოვებული. რაღა ვიგლოვო - ქვრივობა ჩემი თუ უშვილობა, ობლობა ჩემი თუ ის, დედობას რომ ვერ ვეღირსე?
ასე მწარედ მოთქვამდა ანა იმ დღეებში. მისი მხევალი იუდითი ეცადა ენუგეშებინა თავისი ქალბატონი, მაგრამ ამაოდ. განა შეიძლება ის ქალი დაამშვიდო, რომლის გულიც ზღვასავით ღრმა ნაღველს იტევს?
ერთხელ სევდიანი ანა ბაღში გავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა, გულიანად ამოიოხრა და ცრემლიანი თვალები ზეცად აღაპყრო. უცებ ხის ტოტებში ჩიტის ბუდე შენიშნა. იქ პატარა ბარტყები ისხდნენ. ამ სანახაობამ კიდევ უფრო მოუკლა გული და ცრემლიანი მოთქმა დაიწყო:
- ვაი მე, უბედურს, უშვილოს! ალბათ ისრაელის ასულთა შორის ყველაზე ცოდვილი ქალი ვარ, ყველას წინაშე ასე რომ დავმცირდი. ყველა თავის მუცლის ნაყოფს ატარებს ხელით, ყველანი ხარობენ შვილებით, მხოლოდ მე მოვაკლდი ამ სიხარულს, ვაი, მე, უბედურს! ყველას ძღვენს იღებენ ტაძარში, ყველას პატივს მიაგებენ შვილიერებისათვის. მხოლოდ მე განმაგდეს უფლის ტაძრიდან, ვაი მე! ვის ვემსგავსო? არც ციურ ფრინველებს გვავარ, არც მიწიერ ცხოველებს, ისინიც კი გიძღვნიან შენ, უფალო ღმერთო, თავიანთ ნაყოფს. მხოლოდ მე ერთი ვარ ბერწი. მიწასაც კი ვერ შევადრი თავს, ისიც კი აღვივებს თესლს, მარცვალს აღმოაცენებს და ნაყოფს გამოიღებს. ასე გადიდებს შენ, ზეციურ მამას. ამქვეყნად მხოლოდ მე დავრჩი უშვილო. ვაი მე, უფალო, უფალო! მარტო მე, ცოდვილი, მოვაკლდი შთამომავლობას. შეისმინე ჩემი ლოცვა, მოიხილე ჩემზე, უფალო საბაოთ! შენ ხომ ოდესღაც სარას სიბერეში მიჰმადლე ძე ისააკი5, შენ ხომ წინასწარმეტყველ სამოელის6 დედის, ანას საშო განხსენი, მეც მომხედე. უფალო, შენ უწყი უშვილობის უპატიობა, შეაჩერე ჩემი გულის დარდი, განხსენ ჩემი საშო და შვილიერებით დამაჯილდოვე ბერწი, რათა შენ მოგიძღვანო ჩემი შობილი, უფალო! და გაკურთხებდე, გიგალობდე და ვადიდებდე შენს წყალობას.
ამ ტირილსა და მოთქმაში იყო ანა, რომ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
- ანა, ანა! შესმენილია შენი ლოცვა, შენი სულთქმა ღრუბლებს ასწვდა, შენმა ცრემლმა ღმერთამდე მიაღწია. აი, მუცლად-იღებ და ყოვლადკურთხეულ ასულს შობ. მისი მეშვეობით მთელი ქვეყანა კურთხევას მიიღებს და სოფელს ცხონება მიენიჭება. შენს ასულს მარიამი ერქმევა.
ანას ანგელოზის სიტყვები რომ ესმა, ღმერთს თაყვანი-სცა და აღმოხდა:
- ცოცხალია უფალი ღმერთი! თუკი შვილი მეყოლება, ღმერთს შევწირავ უთუოდ. დაე, უფალს ემსახუროს და მთელი ცხოვრების მანძილზე დღითა და ღამით მისი წმიდა სახელი განადიდოს!
სიხარულით ფრთებშესხმული ანა მაშინვე იერუსალემს გაეშურა, რათა ამ მოწყალე გარდამოხედვისათვის მადლობა შეეწირა ღვთისათვის.
ამავე დროს უდაბნოში იოაკიმესაც გამოეცხადა ანგელოზი და ამცნო:
- იოაკიმე, იოაკიმე! შეისმინა ღმერთმა შენი ლოცვა და კეთილინება წყალობა მოგმადლოს: შენი ცოლი ანა მუცლად-იღებს და გიშობს ასულს, რომლის შობაც მთელი სოფლის სიხარული იქნება. აი, შენ ნიშანი იმისა, რომ ჭეშმარიტს გამცნობ: წადი იერუსალემს და იქ, ღვთის ტაძრის ოქროს კარიბჭესთან შენ მეუღლეს, ანას შეხვდები, რომელსაც იგივე ვამცნე.
გაკვირდა იოაკიმე ანგელოზის უწყებით. ღმერთი განადიდა გულით და სამადლობელი აღუვლინა უფალს ამ უდიდესი წყალობისათვის. მაშინვე იერუსალემის ტაძარს მიაშურა. იქ, ოქროს კარიბჭესთან ლოცვად დავარდნილი ანა ნახა, იოაკიმემ ცოლს ანგელოზის ხარება აუწყა, ანამ კი თავისი ჩვენება უამბო მეუღლეს. მაშინ ორთავემ დიდება შესწირეს ღმერთს ამ უდიდესი წყალობისათვის, წმიდა ტაძარში თაყვანი-სცეს მას და შინ დაბრუნდნენ.
მართლაც დეკემბრის მეცხრე დღეს მუცლად-იღო ანამ და რვა სექტემბერს შობა ასული, ყოვლადწმიდა და ყოვლადკურთხეული ქალწული მარიამი, დასაბამი და შუამდგომელი ჩვენი ცხონებისა, თავისი შობით მიწისთვისაც და ზეცისათვისაც სიხარულის მომნიჭებელი. შვილის შეძენის აღსანიშნავად იოაკიმემ ღმერთს უდიდესი ძღვენი, მსხვერპლი და ყოვლადდასაწველი მიართვა და როგორც ღვთისაგან კურთხევის ღირს-ქმნილმა პირველმღვდელმთავრის, მღვდლების, ლევიტელებისა და მთელი ერის დალოცვაც მიიღო. სახლში დიდებული ტრაპეზი გამართა. ყველანი ეწვივნენ კურთხეულ ცოლ-ქმარს და ერთად სიხარულით განანიდებდნენ ღმერთს.
თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ მშობლები მოზარდ ქალწულ მარიამს. ღვთის განსაკუთრებული გამოცხადებით ხომ უწყოდნენ, რომ ამა სოფლის მანათობელსა და კაცთა მოდგმის განმაახლებელს ზრდიდნენ, ამიტომაც ისეთ გაფაციცებულ რუდუნებას იჩენდნენ მისი აღზრდისას, როგორც ჩვენი მაცხოვრის მომავალ დედას შეჰფეროდა. მხოლოდ დიდი ხნის ნანატრი შვილივით როდი უყვარდათ მარიამი, ისეთ პატივს მიაგებდნენ, როგორც ქალბატონს. კარგად ახსოვდათ ანგელოზის წინასწარმეტყველება და სულითაც განსჭვრეტდნენ, რა უნდა აღსრულებულიყო მათ ასულზე. ღვთაებრივი მადლით აღვსილი მარიამიც იდუმალ განამდიდრებდა ამ მადლით თავის მშობლებს იმ მზის მსგავსად, სხივებით ციურ მნათობებს რომ ასხივოსნებს და შუქს უწილადებს. ისინიც ღვთის სულით აღივსებოდნენ და მტკიცედ სწამდათ, რომ ანგელოზის სიტყვები აღსრულდებოდა.
ყრმა მარიამს სამი წელი რომ შეუსრულდა, მშობლებმა დიდებით წააბრძანეს უფლის ტაძარში ანთებული კელაპტრებით გარშემორტყმული და დაპირებისამებრ მსახურებად მიუძღვანეს ღმერთს. ოთხმოც წელს მიტანებული იოაკიმე მარიამის ტაძრად მიყვანების შემდეგ რამდენიმე წელიწადში აღესრულა. დაქვრივებულმა წმიდა ანამ ნაზარეთი დატოვა და იერუსალიმს გადასახლდა თავის ყოვლადწმიდა ასულის გვერდით უფლის ტაძარში. უწყვეტ ლოცვაში ატარებდა დღეებს და ორი წლის შემდეგ სამოცდაცხრამეტი წლისა ისიც აღესრულა.7
კურთხეულ ხართ, წმიდა მშობლებო, იოაკიმე და ანა, კურთხეულ ხართ თქვენი ყოვლადკურთხეული ასულისათვის! მრჩობლად კურთხეულ ხართ მისი ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტესათვის, რომლისა მიერ კაცთა მოდგმა იკურთხა მიიღო! სამართლად გიწოდებთ ეკლესია მშობელთა ღვთისათა,8 რადგანაც ვუწყით, რომ თქვენმა ყოვლადწმიდა ქალწულმა შვა ღმერთი. ზეციურ სასუფეველში აწ მის ახლოს წარმდგომელნო, ილოცეთ, რათა ჩვენც გვეწილადოს ნაწილი თქვენი დაუსრულებელი სიხარულისა, ამინ!



შენიშვნები:

1. იხ. გამოსვლ. 27,16.
2. გამოცხ. 21,3.
3. იხ. დაბ. 21,2.
4. ჯერ კიდევ ისრაელის პატრიარქებს არაერთხელ აღუთქვა ღმერთმა მათი შთამომავლობის გამრავლება, ამიტომაც ისრაელში მრავალრიცხოვან შთამომავლობას ისე უყურებდნენ, როგორც უმაღლეს ბედნიერებას და ღვთის კურთხევას. მეორე მხრივ, ღვთის უძველესი აღთქმისამებრ, ისრაიტელები იმედოვნებდნენ თავიანთ მემკვიდრეობაში ღვთის აღთქმულიქალის თესლი“ - მესია მიეღოთ. ამიტომაც უშვილობა ებრაელებს უბედურებად და ცოდვებისათვის მოვლენილ ღვთის სასჯელად მიაჩნდათ და უშვილოებს ისე უცქერდნენ, როგორც დიდ ცოდვილებს.
5. იხ. დაბ. 27, 1-8.
7. წმ. ანას ხსენება აღესრულება 25 ივლისს.
8. ეკლესია ყოველდღიურად საღვთო მსახურების დასრულებისას განტევებაზე ტაძრიდან გასულთათვის უფალს გამოსთხოვს წყალობასა და ცხონებას ლოცვითა ღვთისმშობლისათა და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და ყოველწლიურად მათ ხსენებას აღასრულებს ღვთისმშობლის შობის მეორე დღეს, რადგან ღვთისმშობლის შობის მეორე დღეს უპრიანია მისი წმიდა მშობელთა სადიდებელი.

"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ. 
გამომცემლობა   -  ©  "ორთოდოქსი" .

მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.

No comments:

Post a Comment