წმინდანთა ცხოვრება III. წმ. დედოფალი პულქერია.

ბერძენ იმპერატორ არკადის1 სიკვდილის შემდგომ რვა წლის ვაჟი - თეოდოსი და სამი ქალიშვილი - პულქერია, არკადია და მარინე დარჩა. გონიერებითა და კდემამოსილებით გამორჩეული პულქერია უფლისწულზე უფროსი იყო. ღვთაებრივმა განგებულებამ უდიდეს ნიჭად მოუვლინა ის ბერძენთა სახელმწიფოს, შემწედ უბოძა ყრმა თეოდოსის და მართლმადიდებლობას - მწვალებელთაგან დასახსნელად. თავისი ასაკისათვის უჩვეულო სიბრძნით გამოირჩეოდა პულქერია. ამიტომაც ძმამ თანამბრძანებლად გაიხადა და ავგუსტას2 ტიტული მიანიჭა. თექვსმეტი წლისა იყო ქალწული, ხელისუფლება რომ აიღო ხელში და ბერძნული სახელმწიფოს მართვა დაიწყო.
მის განმგებლობას ქალური ჭკუისა არაფერი ეტყობოდა, პირიქით, პულქერიას მამაკაცური სიბრძნე მთელი მაშინდელი ქვეყნიერების განცვიფრებას იწვევდა - ეს სიბრძნე ღმერთმა მიმადლა დედოფალს თავისი უბიწო ცხოვრებისათვის. იგი ხომ უქორწინებელი დარჩა ღვთის სიყვარულსა და ქვეშევრდომებზე ზრუნვას გადაყოლილი. გონიერი ასული ფიქრობდა, რომ დავქორწინდე, ძმასა და ქმარს შორის შუღლი არ ჩამოვარდესო, ამიტომაც ღმერთს მიაბარა თავი და სიკვდილამდე ქალწულად დარჩა. ღვთისადმი შეწირული უბიწოების ნიშნად საკათედრო ტაძარში3 ძვირადღირებული საკურთხეველი დაადგმევინა, ოქროთი და ძვირფასი თვლებით ნატიფად მოოჭვილი. დედოფალმა თავის დებსაც არწმუნა, ქალწულებად დარჩითო. მათაც ღვთის წინაშე უბიწოების დაცვის აღთქმა დადეს, დასთან ერთად მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს და ემორჩილებოდნენ განა მარტო როგორც უფროს დას, არამედ როგორც დედასა და დედოფალს.
პულქერია იმპერატორ თეოდოსისაც დედის მაგივრობას უწევდა. მასზე ზრუნვასა და ღვთისმოშიშებაში წურთას იყო გადაყოლილი. ბერძნული და ლათინური ენების კარგი მცოდნე თავად განსწავლიდა ძმას. პულქერია ყრმა მეფისთვის ოდენ წიგნიერების მასწავლებელი არ ყოფილა, ზნეკეთილობაშიც მოძღვრიდა თეოდოსის: როგორ უნდა ესაუბრა, როგორ დაეჭირა თავი, როგორ დაესაჯა თუ შეეწყალებინა დამნაშავენი, ერთი სიტყვით, წურთიდა ყოველივეში, რაც კეთილ მმართველს ესაჭიროებოდა. კეთილი თესლიც ურგებ მიწაზე როდი დაეცა - თეოდოსი ყველაფერში დის დამყოლი იყო. მისგან მიღებულმა აღზრდამაც ნაყოფი გამოიღო: სიყრმეში შესული მეფე სხვა მბრძანებლებს აღემატებოდა სიკეთით, სიმშვიდით, მოთმინებით, უბოროტობით, სიბრძნით, კეთილგანმსჯელობითა და მოწყალებით. აღზრდის გარდა წმიდა პულქერიას ლოცვაც შეეწეოდა იმპერატორს. ქალწულმა იმპერატრიცამ ვლაქერნაში დიდებული ტაძარი ააგებინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, სხვაც ბევრი ააშენებინა ეკლესია-მონასტრები, გლახაკებსაც არ ივიწყებდა, უხვად ამწყალობებდა უპოვართ. მისი მზრუნველობის ქვეშ ბერძენთა სახელმწიფო მშვიდობასა და სიწყნარეში სუფევდა, თუ მწვალებლობის შემოტევებს არ ჩავთვლით.
მალე თეოდოსი სიმწიფეში შევიდა და დაქორწინების დროც მოუვიდა. მისთვის ღირსეულ მეუღლეს ეძიებდა ნეტარი პულქერია. ამ დროს ათენიდან4 კონსტანტინოპოლს ერთი ქალწული ეწვია, სახელად ათენაიდა. წარმართი იყო, მაგრამ უმშვენიერესი იერსახის, კდემამოსილი და გონიერი. ის ათენის სახელგანთქმული ფილოსოფოსის - ლეონტის ასული იყო. მამას განესწავლა ასტრონომიაში, გეომეტრიასა და ყოველგვარ ელინურ5 სიბრძნეში, ისე, რომ ბევრ ბრძენს აჯობებდა ჭკუა-გონებით. მისი კონსტანტინოპოლში ჩამოსვლის მიზეზი ის გახდა, რომ მამამისმა გარდაცვალებისას მთელი ქონება მის ორ ძმას - ვალერის და აეცის გაუნაწილა, მას კი არაფერი არგუნა ერთი-ორი ოქროს მონეტის გარდა. როცა ნათესავ-მეზობლებმა ლეონტის ამგვარი ქცევის მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა:
- მაგას თავისი სილამაზე და სიბრძნეც ეყოფაო.
მამის დანატოვარი ქონება ძმებმა მართლაც ისე გაინაწილეს, რომ დისთვის არაფერი მიუციათ. სწორედ ძმებზე საჩივლელად ჩამოვიდა კონსტანტინოპოლს ათენაიდა. წმიდა პულქერიამ ერთი შეხედვისთანავე შენიშნა მისი სილამაზე, ზნეკეთილობა და გონიერება და გადაწყვიტა, ძმაზე დაექორწინებინა. მაგრამ ჯერ ქრისტეს რწმენა ჩაუნერგა გონიერ ასულს, საკუთარი შვილივით დაიახლოვა. მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნია მეფის ცოლობის ღირსად და შეაუღლა კიდეც თეოდოსისთან. წმიდა ნათლისღებისას ევდოკია უწოდეს მეფის სასძლოს. ამ ქორწინებიდან ასული შეეძინათ მეფე-დედოფალს - ევდოკია, რომელიც შემდგომ რომაელი იმპერატორის - ვალენტინიანე III-ის ცოლი გახდა.6
თეოდოსი და ვალენტინიანე7 იმპერატორების მეფობისას ნეტარი პულქერიას მეცადინეობით ეფესოში მოიწვიეს მესამე მსოფლიო კრება უსჯულო ნესტორის წინააღმდეგ. პულქერია უაღრესად მოშურნე კეთილმსახური იყო. თავისი შეგონებებით ეს მან დააბრუნა მართლაღსარებაზე უკვე მწვალებლობისაკენ მიდრეკილი ძმა8 და ისევ მართლმადიდებლობაში განამტკიცა, რის გამოც წმიდა მამებისაგან არაერთი ქება დაიმსახურა. მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და ადამის მოდგმის მტერი ისევ აღდგა წმიდა პულქერიას წინააღმდეგ. ბოროტს ვეღარ დაეთმინა ის დარტყმები, წმიდა დედოფალი მწვალებლობას რომ აყენებდა და სამეფო ტახტიდან და ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორება განიზრახა. მან მართლაც მოახერხა და მცირე ხნით დაატოვებინა ხელისუფლება ნეტარს - ღმერთი ხომ მის სათნო-მყოფელებსაც მოუვლენს ხოლმე განსაცდელს. განსაცდელი კი ასე დაიწყო: იმპერატორ თეოდოსის ერთი საჭურისი(ევნუხი)9 ჰყავდა, სახელად ქრისაფი, მეფის რჩეული მრჩეველი, ცბიერი, ბოროტი და ვერცხლისმოყვარე კაცი. ის მტრულად უცქერდა წმიდა პროკლეს მემკვიდრე პატრიარქ ფლაბიანეს.10 ფლაბიანემ პატრიარქობა თავისი კეთილმსახური და უბიწო ცხოვრებისათვის დაიმსახურა, ქრისაფი კი მწვალებელი გახლდათ და ამიტომ არაფრად ეპიტნავებოდა ფლაბიანეს პატრიარქობა. ცბიერ საჭურისს სურდა, რაიმე ბრალდება შეეთითხნა მღვდელმთავრის წინააღმდეგ და მოსთხოვა, იმპერატორს ძღვენი მიართვი ახლადაღსაყდრებული იერარქობისსაკურთხებლადო“. ფლაბიანემ წმიდა ფქვილისაგან რამდენიმე პური გამოაცხობინა და სასახლეში გააგზავნა. მაგრამ ქრისაფიმ ძღვენი უკან გააბრუნა და პატრიარქს ოქროს გამოგზავნა მოსთხოვა. ფლაბიანემ ასეთი პასუხით გამოისტუმრა წარგზავნილები: „ქრისაფიმ კარგად უწყის, რომ ეკლესიის ოქრო-ვერცხლი ღვთისაა და გლახაკების გარდა არავიზე არ გაიცემა“.
პატრიარქის ამ საქციელმა ქრისაფი კიდევ მეტად აამხედრა მის წინააღმდეგ. სულ რაღაც მიზეზს ეძიებდა მის დასაღუპად, მაგრამ ხედავდა, რომ კეთილმსახურ ნეტარ პულქერიას მტკიცედ ეჭირა პატრიარქის მხარე და ამიტომ ძნელი იყო, რაიმე ბოროტის ქმნა გამოსვლოდა. ქრისაფიმ ახლა დედოფლის წინააღმდეგ დაიწყო ხლართების გაბმა: პულქერიასა და დედოფალ ევდოკიას შორის შუღლის გაღვივებას ცდილობდა და ლამობდა, მათი ურთიერთსიყვარული დაერღვია.
ამას ერთი გარემოებაც დაერთო: იმპერატორ თეოდოსის ჩვეულებად ჰქონდა, წაუკითხავად მოეწერა ხელი ქაღალდებზე. თავისი ჩვეული მზრუნველობით პულქერიამ გადაწყვიტა, მეფე ამ ნაკლისაგან გამოესწორებინა. ადგა და ისეთი სიგელი შეადგინა, რომელშიც ეწერა, რომ პულქერიას თხოვნით იმპერატორი მონად აძლევს მას თავის ცოლს და აცხადებს, რომ ამიერიდან მეფეს უკვე არანაირი ძალაუფლება აღარ გააჩნია დედოფალზე. პულქერიამ სიგელი ძმას მიუტანა და ხელმოსაწერად დაუდო. მანაც ჩვეულებისამებრ წაუკითხავად მოაწერა ხელი და ბეჭედიც დაუსვა. დედოფალმა სიგელი აიღო, თავისთან მიიწვია იმპერატრიცა ევდოკია და სასიამოვნო საუბრებითა და პატივცემული მოპყრობით დიდხანს შეიქცია. როცა იმპერატორმა ცოლის მოსაყვანად მსახურები გაგზავნა, პულქერიამ დედოფალი არ გამოუშვა, მეორედ წარმოგზავნილებს კი ღიმილით მიუგო: გადაეცით იმპერატორს, რომ მას აღარანაირი ძალაუფლება აღარ გააჩნია თავის ცოლზე, რადგანაც მხევლად მიბოძა თავისი საიმპერატორო ბრძანებით.
შემდეგ თავად ეწვია ძმას და უთხრა:
- შეხედე, რა ცუდად იქცევი, როცა წაუკითხავად აწერ ხელს ქაღალდებს, - და ის სიგელი უჩვენა. ასე მოხერხებულად აიძულა პულქერიამ მეფე, უფრო დაკვირვებული გამხდარიყო, განეხილა და წაეკითხა ის ქაღალდები, რომლებზეც ხელს აწერდა.
ქრისაფიმ ყური მოკრა თუ არა ამ ამბავს, მაშინვე დედოფალ ევდოკიას ეახლა და გააქეზა:
- შეხედე, რას გიშვება პულქერია, როგორ გამცირებს, ლამის მხევლად გაგიხადოს. კიდევ დიდხანს მოუთმენ ამგვარ ქმედებებს? განა შენც მასავით დედოფალი არა ხარ? განა შენ უფრო ახლოს არა ხარ მეფესთან, შენ ხომ მისი ერთ-ხორცი ხარ.
ამგვარი და მსგავსი საუბრებით დედოფალი ისე გაანაწყენა პულქერიაზე, რომ ევდოკიამ მეფის დაყოლიება დაიწყო: შენს დას ძალაუფლება ჩამოართვი და სახელმწიფო მარტომ მართეო. ცოლისა და ქრისაფისაგან ჩაგონებული მეფე ცოტაც და მათ ნებას დაჰყვებოდა, მაგრამ ერცხვინებოდა, ასე დაემცირებინა თავისი უფროსი და და მასწავლებელი. საწადელს რომ ვერ მიაღწიეს, ევდოკიამ და ქრისაფიმ ახლა პატრიარქს დაუწყეს თხოვნა, პულქერიას დიაკონისას წოდება მიაღებინე თავისი წმიდა და უბიწო ცხოვრების გამოო. იმ დროს ამგვარი ჩვეულება ჰქონდათ: ქალწულებს და ქვრივებს, თუნდაც თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულებდნენ დიაკონისად ემსახურათ. სწორედ ამგვარი გზით უნდოდათ პულქერიას მტრებს დედოფალი ხელისუფლებას ჩამოეშორებინათ11; პატრიარქმა საიდუმლოდ შეატყობინა პულქერიას ამ ხრიკების შესახებ. პულქერია თავადაც კარგად ამჩნევდა ევდოკიასა და ქრისაფის მტრობას და ახლა, ძმასაც რომ მიუხვდა ჩანაფიქრს, თვითონვე დატოვა სამეფო ხელისუფლება. სასახლიდან წავიდა და თავის მსახურ ქალწულებთან ერთად განმარტოვდა. იქ მდუმარებაში აგრძელებდა კეთილმსახურ ცხოვრებას.
ამასობაში მწვალებელმა ქრისაფიმ მარჯვე დრო იგდო ხელთ თავისი ბოროტი განზრახვების სისრულეში მოსაყვანად. მეფე პატრიარქის წინააღმდეგ განაწყო და ღვთის ეკლესიასაც არეულობის ჟამი დაუდგა. მართლმადიდებლობის დამცველი პულქერიას არყოფნით გათამამებული მწვალებლები უკვე უშიშრად დაპარპაშებდნენ, სანამ თავად ღმერთმა არ აუხილა იმპერატორს სულიერი თვალები. ბოლოსდაბოლოს მეფე გონს მოეგო, თავის შეცდომას მიხვდა, დარწმუნდა, რომ მისი მეუღლე უსამართლოდ იყო განაწყენებული პულქერიაზე და ქრისაფის ვერაგობაც შეამჩნია.
ერთხელ იმპერატორ თეოდოსის უზარმაზარი, არაჩვეულებრივად ლამაზი ვაშლი მიართვეს. მეფე ვაშლის სიდიდითა და სილამაზით მოიხიბლა და თავის მეუღლეს მიართვა საჩუქრად. დედოფალმა კი ვაშლი მეფის საყვარელ სენატორს - პავლინს გაუგზავნა, რომელიც იმ დროს ავად იყო. პავლინმა არაფერი იცოდა ვაშლის მოგზაურობის შესახებ და მეფეს მიუძღვნა. უკან დაბრუნებული ვაშლი რომ დაინახა, თეოდოსი დედოფალთან გაეშურა და ჰკითხა:
- სადაა, მე რომ ვაშლი გაჩუქე?
ევდოკიამ არ იცოდა, ვაშლი ისევ მეფეს რომ დაუბრუნდა და იცრუა:
- შევჭამე.
მაშინ მეფემ ვაშლი ამოიღო და ჰკითხა:
- ეს რაღაა?
ამ ამბის გამო საშინელი რისხვა დაატეხა ცოლს იმპერატორმა. იფიქრა, პავლინთან მღალატობსო. ეს უკანასკნელი კაბადოკიაში გადაასახლა, დედოფალს კი უბრძანა, თვალით აღარ დამენახოო. ამასობაში ქრისაფის ვერაგობანიც შეიტყო, ურიცხვ ბოროტის-ქმნაში რომ მიუძღოდა ბრალი და ჯავრიც იყარა მასზე - ჯერ მამული ჩამოართვა, მერე კი გადაასახლა. ასე დასაჯა ღმერთმა ქრისაფი წმიდა პულქერიას შეურაცხყოფისათვის. ევნუხი ზღვაში დაიხრჩო, ყოვლად უდანაშაულო პავლინს კი იმპერატორის ბრძანებით გადასახლებაში მოჰკვეთეს თავი. შემდგომში სიკვდილის პირას მყოფმა ევდოკიამ ფიცით დაამტკიცა თავისი და პავლინის არაბრალეულობა. მართალია, ღმერთმა დაუშვა მათზე ასეთი ჭირი - პავლინისთვის სულის სახსნელად, დედოფლისთვის კი - სასჯელად. ევდოკია ძლიერ დამწუხრდა, პავლინის მოკვდინების ამბავი რომ შეიტყო, დარდობდა, მისი გულისთვის უდანაშაულოდ რომ დაიღუპა ასეთი კეთილგონიერი და ღირსეული კაცი. ქმარს იერუსალიმში წასვლის ნებართვა გამოსთხოვა - წმიდა ადგილებს მოვილოცავო. მეფის დასტური რომ მიიღო, წმიდა ქალაქს გაემგზავრა, იქ უხვი მოწყალება გასცა, ბევრი ტაძარი კეთილმოაწყო და მონასტრები გაამართვინა. იერუსალიმში დიდხანს დარჩა დედოფალი, სანამ განუწყვეტელი თხოვნა-მუდარით მეუღლეს გული არ მოულბო, წმიდა პულქერიასაც შეურიგდა და მშვიდობისა და დაურღვეველი სიყვარულის ნიშნად წმიდა ლუკა მახარებლის დაწერილი ღვთისმშობლის ხატი უძღვნა.
იმპერატრიცა ევდოკია იერუსალიმს რომ გაისტუმრა, მეფემ წმიდა პულქერიას სთხოვა, მმართველობაში დაბრუნდიო, მაგრამ დედოფალს აღარ სურდა განმარტოებული ცხოვრების მიტოვება, ერთი ღმერთისთვის მსახურებას ამჯობინებდა მრავალ ქვეყანაზე მბრძანებლობას. მეფე კვლავ შეევედრა, ქვეყნის მართვაში დამეხმარეო და მანამ არ მოეშვა, სანამ საწადელს არ მიაღწია. წმიდა პულქერია დიდი პატივით დააბრუნეს სასახლეში. ისევ შეწყდა მწვალებელთა ატეხილი ქარიშხალი, დაწყნარდა შფოთი, ეკლესიაში სიმშვიდემ დაისადგურა და ბერძნული იმპერიაც მშვიდობით ტკბებოდა.
კარგა ხანი გამოხდა და იმპერატრიცა ევდოკიაც დაბრუნდა იერუსალიმიდან და თან წმიდა პირველმოწამე სტეფანეს ხელი ჩამოიტანა. ევდოკიამ გზად ქალკედონში12 შეიარა. სწორედ იმ ღამით წმიდა სტეფანე პულქერიას გამოეცხადა და უთხრა:
- აი, შენი სურვილიც აღსრულდა, მე უკვე ქალკედონში ვარ.
პულქერია თეოდოსისთან ერთად უთენია გაემართა წმიდა პირველმოწამის ხელის შესაგებებლად. აქვე სიყვარულით მიიღეს იმპერატრიცა ევდოკიაც.
იმპერატორი თეოდოსი 42 წლისა დასნეულდა. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, წმიდა პულქერიას გაანდო: ეფესოში წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში გამოცხადება მქონდა. ლოცვაზე მდგომს გამომეცხადა, რომ ჩემს შემდეგ ტახტის მემკვიდრეობას მეომარი მარკიანე მიიღებსო. თეოდოსიმ დას სთხოვა, მარკიანეს ტახტზე ასვლისათვის შეეწყო ხელი.
მარკიანე გვარტომობით ფრაკიელი13 იყო, მეომრის ვაჟი და თავადაც უბადლო მეომარი, უკვე ასაკოვანი, გონიერი და კეთილი ზნის კაცი. ღვთისაგან სამეფოდ წინასწარგამორჩეულს უხილავი ხელი სასწაულებრივად იფარავდა სიკვდილისაგან. ერთხელ ფილიპოპოლში14 მიმავალმა გზად ადამიანის გვამი ნახა. ცოტა ხნის მკვდარი უპატრონოდ ეგდო. მარკიანე შეჩერდა, გული თანაგრძნობით აევსო და გადაწყვიტა, მოწყალება გაეღო და მიწისათვის მიებარებინა მიცვალებული. საფლავს რომ თხრიდა, გზად მიმავალმა მგზავრებმა შენიშნეს და იფიქრეს, თავის მოკლულს მარხავსო. დაიჭირეს და ქალაქში წაიყვანეს გასასამართლებლად. არავინ იყო მისი უდანაშაულობის მოწმე, მარკიანეს ლიტონ სიტყვას კი არ დაუჯერეს და როგორც მკვლელს, სიკვდილი მიუსაჯეს. ის ის იყო განაჩენი სისრულეში უნდა მოეყვანათ, რომ ღვთაებრივი გამოცხადებით ნამდვილი მკვლელი აღმოაჩინეს. ამ უკანასკნელმა ზღო თავისი დანაშაული, მისაგებელი მიეგო თავისი საქმეებისათვის, მარკიანე კი პატივით გაუშვეს. შემდეგ ის ბერძნულ ჯარში მსახურობდა ასპარის წინამძღოლობის ქვეშ. ვანდალებთან15 ომის დროს მარკიანე ტყვედ ჩავარდა. ის ვანდალების ბელადთან - ჰიზერიხთან მიიყვანეს. ერთხელ ჰიზერიხმა მოინდომა, ტყვეებისათვის დაეხედა. შუადღეს ამაღლებულ ადგილას ავიდა და იქიდან გადმოხედვისას მიწაზე მძინარე მარკიანე შენიშნა. მას თავს არწივი დასტრიალებდა. ფრინველი დაბლა დაეშვა, ფრთები გაშალა და კარავივით გადააფარა მძინარეს, თითქოს მზეს უგრილობდა. ჰიზერიხმა ამ სანახობის ხილვაზე თავისი ტყვის მომავალი განჭვრიტა, თავისთან იხმო, სახელი და წარმომავლობა გამოჰკითხა და უთხრა:
- თუ სიცოცხლე, სიმრთელე და თავისუფლება გსურს, შემომფიცე, რომ სამეფო ტახტზე ასული ვანდალებთან არასოდეს იომებ და მუდამ მშვიდობა გექნება ჩვენთან.
მარკიანემ ჰიზერიხს აღუთქვა, რომ მართლაც შეუსრულებდა ამ სურვილს და ვანდალებმაც პატივით გამოისტუმრეს სამშობლოში.
ტყვეობიდან დაბრუნებულმა მარკიანემ ისევ საჩინო ადგილი დაიჭირა ბერძნულ მხედრობაში. ერთხელ, სპარსელების წინააღმდეგ საომრად წასული გზაში დასნეულდა და ლიკიის ერთ ქალაქში - სიდინაში დარჩა. იქ კეთილმა ადამიანებმა შეიფარეს - ორმა ძმამ, ტიტიანემ და იულიანემ. მათ ისე შეუყვარდათ სტუმარი, რომ თან ჰყვებოდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ. გამოჯანმრთელდა თუ არა მარკიანე, ძმებმა ფრინველებზე სანადიროდ წაიყვანეს. როცა მოშუადღევდა და სიცხემ იმატა, დასვენება გადაწყვიტეს და ჩაეძინათ. პირველად ტიტიანეს გაეღვიძა და როგორც ერთ დროს ჰიზერიხმა, მანაც იხილა უზარმაზარი არწივი, რომელიც კამარას კრავდა მარკიანეს თავზე და გაშლილი ფრთებით იფარავდა მზის მცხუნვარებისაგან. ტიტიანემ სასწრაფოდ გააღვიძა ძმა და ორივენი გაკვირვებით შესცქეროდნენ ამ საოცარ სანახაობას. გამოეღვიძა მარკიანესაც. არწივი გაფრინდა, ძმებმა კი მეომარს უწინასწარმეტყველეს, შენ მეფედ იკურთხებიო და ჰკითხეს, ტახტზე რომ ახვალ, ჩვენ რით დაგვიმადლებ და რას გვიწყალობებო. მარკიანე დაჰპირდა:
- თუკი თქვენი წინასწარმეტყველება ახდება, შვილად მიგულეთ.
გადიოდა ხანი. მარკიანეს დიდება დღითი-დღე სულ უფრო და უფრო მატულობდა, რადგან თავად ღმერთი განადიდებდა მეფობისთვის წინასწარგამორჩეულს. ამასობაში კეთილმსახური იმპერატორი თეოდოსი უმცროსიც აღესრულა, მისმა მეუღლემ ევდოკიამ კი ისევ იერუსალიმს მიაშურა. იქ რამდენიმე წელი იც¬ხოვრა კეთილმსახურებაში და იქვე გარდაიცვალა. დედოფალი მისივე დაარსებულ წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე აგებულ ტაძარში დაკრძალეს.
თეოდოსის სიკვდილის შემდეგ წმიდა პულქერია დიდებულებსა და მთავარსარდლებს ეთათბირა და მეფედ მარკიანე შეარჩია, როგორც ღირსეული და ღვთისსათნო კაცი. ტახტზე ასულმა მარკიანემ სამეფო კარზე მიიწვია ორი ზემოთნახსენები ძმა - ტიტიანე და იულიანე, მაღალი წოდება მიანიჭა და ერთი ფრაკიის მმართველად დაადგინა, მეორე კი ლიკიისა.16 ფიცი ჰიზერიხსაც შეუსრულა და თავისი მეფობის დასასრულამდე მასთან მუდმივი ზავი ჰქონდა. მარკიანეს გამეფების შემდეგ წმიდა პულქერიამ ისევ განმარტოებული ცხოვრება მოინდომა, მაგრამ ახლადარჩეული მეფე და მთელი სინკლიტი არ ეშვებოდნენ, შესთხოვდნენ, არ დაგვტოვო და სამეფოს მართვაში დაგვეხმარე, როგორც ბრძენი და მმართველობაში გამოცდილიო. ოღონდ დედოფლის ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელი იყო, თუკი იმპერატორს ცოლობაზე არ დასთანხმდებოდა. პულქერია უარს იყო, მას ხომ ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, მაგრამ მარკიანემ განუცხადა, რომ მასაც ხორციელი სიწმიდის დაცვა აღეთქვა უფლისათვის. ასე რომ, წმიდა პულქერია ქორწინებაზე დაითანხმეს - თანაც ეკლესიას სჭირ¬დებიო, მომრავლებული მწვალებლების გამოისობით სულ შფოთში რომ იმყოფებაო. ქორწილი შედგა, თუმცაღა იმ პირობით, რომ დედოფალი სიცოცხლის ბოლომდე ქალწულად დარჩებოდა. ამას მოითხოვდა როგორც ღვთისადმი დადებული აღთქმა, ასევე ორივე მეუღლის ბუნებითი კრძალულება და მათი ასაკოვნება: პულქერიას უკვე 51 წელი შესრულებოდა და არც იმპერატორი იყო ჭაბუკი. ასე, რომ წმიდა პულქერიას იმპერატორის ცოლი კი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში დობას უწევდა მას, თანამეფობდა მთელი ეკლესიისა და მთელი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. მარკიანეც, თუმცაღა მის ქმრად იწოდებოდა, მაგრამ ძმასავით ექცეოდა და მმართველობას ინაწილებდა მასთან, როგორც მეფის ტახტის მემკვიდრესთან. ასე იხილვებოდა იმჟამინდელი საბერძნეთის სამეფო ტახტზე გამეფებული ქალწულებრივი სიწმიდე - ხელმწიფებდნენ სულითა და ხორცით უბიწო მეფე და ქალწულად შემონახული დედოფალი.
ქალწულებრივო ქორწინებავ! ასე იშვიათად ხილულო და გაგონილო! დაე, შენი შემყურე განცვიფრდეს ქვეყნიერება - უწმინდური ვნებების საბუდარი! დაე, სირცხვილეულ-იქმნენ ხორციელ გულისთქმათ და ტკბობათ აყოლილნი, როცა ამ კეთილმსახური სამეფო წყვილის ამბავს მოისმენენ, ანგელოზებრივი სიწმიდის ღირსნი რომ იქმნენ!
წმიდა დედოფლის მეცადინეობით ზემოთხსენებული ეფესოს კრების გარდა ქალკედონის წმიდა მამათა კრებაც მოიწვიეს უსჯულო დიოსკორესა და არქიმანდრიტ ევტიქის17 წინააღმდეგ. წმიდა პულქერია იმდენად მოშურნედ იცავდა მართლმადიდებლობას, რომ ზოგიერთი ჟამთააღმწერელი სწორედ მას მიაწერს ორივე კრებაზე სარწმუნოების დაცვას.
სული წმიდა მყოფობდა წმიდა პულქერიას სულსა და სუფთა გულში, როგორც თავის წმიდა ტაძარში, ამიტომ იყო ასე კეთილმსახური და ბრძენი, რომ ღვთის სული აღავსებდა მას წმიდა ნიჭებით.
54 წელი იცოცხლა წმიდა პულქერიამ. სიკვდილის წინ მთელი ქონება ეკლესიებს, მონასტრებსა და გლახაკებს დაურიგა და უფალს მიაბარა სული, რომელსაც მთელი გულით ემსახურა.18
უფალო, მისი ლოცვით ნუ მოგვაკლებ ცათა სასუფეველს, ამინ!



შენიშვნები:

1. მეფობდა 395-დან 498 წლამდე.
2. ეს ტიტული ქრისტიან ბერძენ იმპერატორებს წარმართი რომაელი იმპერატორებიდან ერგოთ, რომლებიც თავის სახელს ავგუსტის წოდებას უმატებდნენ პირველი რომაელი იმპერატორის საპატივცემულოდ, რომელიც ამ სახელს ატარებდა.
3. საპატრიარქო ტაძარი (პატრიარქის მსახურებისათვის განკუთვნილი).
4. ეს ქალაქი უძველესი დროიდან განსწავლულობით იყო განთქმული.
5. ელინური - ნიშნავს ბერძნულს. ზოგჯერ ეს სიტყვა წარმართსაც ნიშნავს. იესო ქრისტეს შობის ჟამს ბერძნები ყველაზე განათლებულ ხალხად ითვლებოდნენ.
6. მეფობდა 423-455 წწ.
7. აქაც იგულისხმება თეოდოსის თანამედროვე ვალენტინიანე III.
8. თეოდოსიმ დაადგინა ნესტორი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე.
9. ევნუხი - ბერძნ. ნიშნავსსაწოლის მცველს“. ასე უწოდებდნენ ბიზანტიაში მეფის კარის განსაკუთრებულ ჩინოვნიკებს, რომლებიც მეფის მოსასვენებელს განაგებდნენ. ამასთანავე ისინი მეფესთან ყველაზე დაახლოებული პირები იყვნენ.
10. წმ. ფლაბიანე - პატრიარქობდა 447-449 წწ.-ში.
11. დიაკონისა - (ქართულად - დედათ-დიაკონი) - ბერძნ. ნიშნავსმსახურს“. დიაკონისას ინსტიტუტი მოციქულების დროიდან მოდის (იხ. რომ. 16,1). დიაკონისად ნიშნავდნენ ხანშიშესულ (არაუადრეს 40 .) ქალწულებს ან ქვრივებს. მათ მოვალეობაში შედიოდა ღვთისმსახურების დროს ქალებში წესრიგისა და კეთილკრძალულების დაცვა, ქრისტიანობაზე მოქცეული ქალების დამოძღვრა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ნათლის-ღებისას, ეპისკოპოსის მსახურება ქალების ნათლის-ღებისას და სხეულის ნაწილებზე (გარდა შუბლისა) მირონცხება და . . დიაკონისებთან დაკავშირებით რამდენიმე კანონი არსებობს: IV მსოფლიო კრების მე-15 კანონი, VI მსოფლიო კრების მე-14 კანონი, წმ. ბასილი დიდის 44- კანონი. თუ დიაკონისა დაქორწინდებოდა, ქმართან ერთად ანათემას გადაეცემოდა. ამგვარად თუკი წმ. პულქერია დიაკონისად იკურთხებოდა, სამეფო ტახტისაკენ გზა უკვე მოჭრილი ექნებოდა.
12. ქალაქი მცირე აზიაში, კონსტანტინოპოლის სრუტის ნაპირას (გადმოღმა კი კონსტანტინოპოლია).
13. ოლქი ბიზანტიის იმპერიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
14. ქალაქი ფრაკიის დასავლეთ ნაწილში.
15. ხალხი, რომელიც ჯერ ესპანეთში ცხოვრობდა, შემდეგ ჩრდილო აფრიკაში, გერმანული ტომის ხალხი იყო.
16. ლიკია - ბიზანტ. იმპერიის ოლქი მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთით.
17. დიოსკორე - ალექსანდრიის პატრიარქი და ევტიქი ასწავლიდნენ, რომ იესო ქრისტეში მხოლოდ ერთი - ღვთაებრივი ბუნება იყო, რადგან ადამიანური შთანთქმული იყო ღვთაებრივით. მათ მიმდევრებს ევტიქიანები ანუ მონოფიზიტები („მონოს“ - ერთი, „ფსიხე“ - სული) ეწოდებოდათ. ქალკედონის მე-4 მსოფლიო კრება მოიწვიეს 451 .
18. წმ. პულქერია აღესრულა 453 . მისი ხსენება მალევე დაწესდა მეფე ლეონის მიერ (457-474 .).

"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ. 
გამომცემლობა   -  ©  "ორთოდოქსი" .

მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.

No comments:

Post a Comment