წმ. იოანე ოქროპირი. ძჳრუჴსენებლობისათჳს.

და აწ, ჩუენცა, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ გამოუთქუმელი იგი სახიერებაჲ და ძჳრუჴსენებლობაჲ უფლისაჲ, და ძალისაებრ ჩუენისა ვჰბაძვიდეთ სახესა მას მის მიერ მოცემულსა. დაღაცათუ ვერ უძლოთ მტერთათჳს სიკუდილისა თავს-დებად, ვითარ-იგი მან ყო, არამედ ნუ ვემტერებით, ნუ ვეშურებით ურთიერთას, ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ. არა ცუდად წერილ არიან საქმენი უფლისა ჩუენისანი, არამედ რაჲთა გუესმოდის და ვჰბაძვიდეთ, რაოდენცა ძალ-გუედვას. იხილეთ, რავდენი სახიერებაჲ აჩუენა არა იუდას ოდენ, არამედ ჰურიათაცა.
განვიდეს რაჲ შეპყრობად მისა, სიტკბოებით ეტყოდა, "მე ვარო", და ყური მონისაჲ მის განკურნა, და ქუედაცემულნი იგი აღადგინნა, და მღდელთმოძღუარსა მას და პილატეს და სხუათა ყოველთა სიმშჳდით ეტყოდა. ხოლო ჯუარსა რაჲ დამოჰკიდეს, საკჳრველებანი დიდნი ქმნნა, რაჲთამცა ჰრწმენა მათ. მზე დააბნელა, კლდენი განაპნა, კრეტსაბმელი იგი განკუეთა, მკუდარნი აღადგინნა. და ოდეს-იგი წინაშე მღდელთმოძღუართა მათ წარდგა, და წინაშე პილატესა, გამოუთქუმელი აჩუენა სიმშჳდე, რომელი-იგი კმა იყო უმეტეს სასწაულთასა მოდრეკად გულთა მათთა. და კუალად ჯუარსა ზედა იტყოდა: "მიუტევე მათ, მამაო, ცოდვაჲ ესე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". და აღდგა რაჲ მკუდრეთით, კუალადცა მოუწოდა ჰურიათა მოქცევად და მოციქულთა უბრძანა ქადაგებად მათდა. და რომელნიცა მოიქცეს, სასუფეველი ცათაჲ აღუთქუა; და რომელთა-იგი ჯუარს-აცუეს, მრავალნი მათგანნი ყვნა შვილ ღმრთისა. რაჲმცა იყო ამისა უსაკჳრველეს, რაჲმცა იყო ამის სახიერებისა უმეტეს? აწ უკუე რომელთა ესე ყოველი გუესმის, შევიკდიმოთ და გულისჴმა-ვყოთ, თუ რაჲზომ შორს ვართ გზისა მისგან, რომელსა იგი ვიდოდა. მან თავადმან გჳბრძანა: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა"; ხოლო ჩუენ ესეზომ უცხო ვართ საქმეთაგან მისთა, ვითარმცა ყოვლადვე არა გუასმიოდა. არამედ ვემტერებით და ძჳრსა ვიჴსენებთ ძმათა მიმართ ჩუენთა, რომელთათჳს ქრისტემან სიკუდილი თავს-იდვა. ნუუკუე ძჳრუჴსენებლობასაცა წარგებაჲ საფასეთაჲ უჴმსა, ვითარ-იგი მოწყალებისათჳს ვიტყჳთ? ნუ იყოფინ! ესე სათნოებაჲ სრულიად უშრომელ არს და ადვილ. გულისჴმა-ყავ, კაცო, რავდენისა ბრალისა თანამდებ ხარ შენ, და არა ხოლო თუ სიმძიმედ გიჩნდეს მიტევებაჲ ბრალთა მათ მოყუსისათა, არამედ უფროჲსად მიისწრაფო შევრდომად მისდა, რაჲთა გექმნას ესე მიზეზ ცოდვათა შენთა შენდობისა. არა გასმიესა, ვითარმედ წარმართთაცა, რომელთაცა არაჲ აქუს სასოებაჲ მერმისაჲ, მრავალგზის იღუაწეს წარმართებად ძჳრუჴსენებლობისა? და შენ, რომელი მოელი სასოებასა საუკუნესა, უდებ ხარ ამას ზედა და ჰკელობ; და რომელსა იქმს სიგრძე ჟამისაჲ, არა მოსწრაფე ხარა ქმნად მცნებისათჳს ღმრთისა, არამედ უმადლოდ მოელი დაცხრომად გულისწყრომასა შენსა და არა ღმრთისათჳს. უკუეთუ გაგინა ანუ ძჳრი გიზრახა ძმამან, მოიჴსენე, უკუეთუ სადმე კეთილი ექმნას შენ თანა; მოიჴსენე შენიცა, რავდენთადა ძჳრი გიქმნიეს, რავდენთადა ძჳრი გიზრახავს, და გულისჴმა-ყავ, ვითარმედ უკუეთუ შენ არა შეუნდო ძმასა შენსა, არცა შენ შეგენდვნენ ცთომანი იგი და ბრალნი შენნი. გნებავსა ცნობად, თუ რაჲზომ ბოროტ არს ძჳრის-ჴსენებაჲ და რაჲზომ კეთილ არს ძჳრუჴსენებლობაჲ? ისმინე, რასა იტყჳს: "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. უკუეთუ არა მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი". ისმინე კუალად იგავიცა იგი, რომელსა თანაედვა ბევრი შანთი და მიუტევა მეუფემან, ხოლო მან თჳსითა მით უგუნურებითა არა ინება მოყუსისადა სულგრძელ-ყოფად. ამისთჳს განაახლა თავსა ზედა თჳსსა რისხვაჲ იგი მეუფისაჲ. რამეთუ ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუ ვისმე ჰრისხვიდეს ღმერთი, და მოაწიოს მის ზედა სატანჯველი რაჲმე ამასვე სოფელსა; უკუეთუ ვინმე მოხარულ იყოს საქმესა მას ზედა, განურისხდების, დაღაცათუ სამართლად იტანჯების იგი ვინმე. არამედ შენ, კაცო, არა გიჴმს სიხარული ამას ზედა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: "ვაჲ მათდა, რამეთუ არა ელმოდა შემუსრვილებაჲ იგი იოსებისი". ესე იგი არს, ტომთა მათ მისთაჲ, რამეთუ იგინი ღმრთისა განგებითა იტანჯებოდეს. არამედ ესევითართაჲცა ჰნებავს, რაჲთა გუეწყალოდინ ჩუენ და მათ თანა გუელმოდის. აწ უკუეთუ მათი არა ჯერ-არს ზედადართვაჲ, რომელთა ღმერთი სტანჯვიდეს, არამედ უფროჲსად წყალობაჲ, რავდენ უფროჲსად მათი ჯერ-არს წყალობით შენდობაჲ, რომელთა ჩუენ შეგუცოდონ. რამეთუ ესე არს სასწაული სიყუარულისაჲ - მიტევებაჲ ბრალთა მოყუსისათა. რამეთუ ვითარცა ღებილი იგი არს ყოველთა უპატიოსნეს, რომლითა პორფირი მეფისაჲ შეიმზადების და იქსოების, ეგრეთვე სათნოებანი იგინი არიან პატიოსან, რომელნი სიყუარულსა განამტკიცებდენ. ხოლო არარაჲ სხუაჲ შემძლებელ არს ესრეთ განმტკიცებად და დაცვად სიყუარულისა, ვითარ არაჴსენებაჲ შეცოდებისა მოყუასთაჲსა. არა თუ ორისავე კერძისაჲ არა იზრუნა ღმერთან. ჰჱ, იზრუნა. რამეთუ შემაწუხებელსაცა უბრძანა, ვითარმედ: "უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენდა, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი". ესე უბრძანა შემაწუხებელსა. გარნა შენ, რომელი-ეგე შეწუხებულ ხარ, ნუ მოელი შემაწუხებელისა მის მოსლვად შენდა, უკუეთუ არა წარგიწყმედიეს სასყიდელი შენი, არამედ შენ უსწრვე დაგებად და მიუტევე შეცოდებაჲ იგი. ხოლო უკუეთუ იგი მოვიდეს და გევედრებოდის შენდობად, მან მიიტაცა გჳრგჳნი და შენ ცარიელი დაშთები უდებებითა შენითა. რასა იტყჳ, კაცო, მტერი გივისა? და არა გრცხუენის კაცისა მტერ წოდებად? არა კმა არსა მტერად ეშმაკი, რომელ ძმათა ჩუენთა მტერობასა დავირთავთ? ჰე, თუმცა არცა მას მოეპოა ჩუენდა მომართ მტერობაჲ, ჰე, თუმცა არცა იგი ეშმაკ ქმნილ იყო. აწ უკუე მისი მტერობა კმა არს. მას ვემტერებოდით, მას ვჰბრძოდით, და ნუ ურთიერთას დავიჭამებით, ვითარცა ნავღელცემულნი. არარაჲ არს უძჳრეს და უმწარეს მტერობისა, არცა არს რაჲ უტკბილეს და უსაწადელეს სიყუარულისა. ისმინე წერილისაჲცა, რასა იტყჳს: "გზანი ძჳრისმოჴსენეთანი სიკუდილდ"; "კაცი კაცისთჳს იმარხავნ ძჳრსა და ღმრთისა მიერ ეძიებნ წყალობასა. ვითარმცა ეგებოდა ესე?" ესე სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს. რად აჴსენებ, კაცო, ძჳრსა ძმისათჳს? უკუეთუ შიში და სიყუარული ღმრთისაჲ გაქუნდეს, ძჳრსა ვერვინ გაჩუენებს, რამეთუ კაცი ღმრთისმოყუარე არა შეჰრაცხავს ყოვლადვე ძჳრსა მოყუსისასა. უკუეთუ ვინმე უკეთურმან დააჭირვოს საფასე, ვითარმცა შეწუხნა იგი, რომელსა არარად შეურაცხიან საფასენი? უკუეთუ მეუღლეცა და შვილნი მოუკლნეს, ვითარმცა იჴსენა ძჳრი, რომელსა უსწავიეს არაშეწუხებაჲ შესუენებულთათჳს სასოებითა მით აღდგომისაჲთა? უკუეთუ აგინოს და შეურაცხ-ყოს, ოდესმცა ელმოდა, რომელსა უსწავიეს, ვითარმედ საწუთროჲ ესე, ვითარცა "ყუავილი თივისაჲ" შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმედ: "დაღაცათუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების"; და ვითარმედ: "ჭირმან გამოცდილებაჲ ქმნის". ჰხედავა, ვითარსა საზომსა მიაწევს ღმრთისმოყუარესა მას მოთმინებაჲ? განაახლებს და განანათლებს. ამისთჳს გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა; რამეთუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქმნების, არამედ უკეთურებისაგან ჩუენისა და უძლურებისა. აწ უკუე, ძმანო, გინა თუ გუაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩუენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე ძჳრი შეგუამთხჳოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფროჲსად მისთჳს ვცრემლოდით, რომელ სულსა თჳსსა ავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსისანი, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ ღმრთისაგან და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment