წმონდანთა ცხოვრება V. წმინდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის მარტვილობა.

უსჯულო დიოკლეტიანეს1 მეფობის ჟამი იდგა. ამ დროს ქალკედონს2 მისი დადგენილი პროკონსული3 პრისკე მართავდა. ამ ქალაქში წარმართული ღმერთის - არესის4 ტაძარი იყო აღმართული, სადაც მისივე კერპი დაებრძანებინათ. პროკონსულმა განიზრახა, არესის პატივსაცემად დღესასწაული გაემართა და მეფის სახელით გარეშემო სოფელ-ქალაქებში ბრძანებები დააგზავნა. ეს ბრძანება ყველას ავალდებულებდა ქალკედონში დღესასწაულზე მისულიყო, სამსხვერპლო ცხოველები მიეყვანა და არესისათვის შეეწირა. პროკონსული საზარელ ტანჯვა-წამებას უქადდა იმათ, ვინც არ დამორჩილდებოდა და დღესასწაულზე არ გამოცხადდებოდა. ზეიმი ბრძანების გამოცემიდან მეცხრე დღეს დაინიშნა.
ეს დღეც დადგა. ქალკედონს უამრავი ხალხი მოაწყდა და საზეიმო განცხრომაც დაიწყო. უსულო კერპთან ურიცხვი ხარი და ცხვარი მოასხეს და მსხვერპლად დაუკლეს არესის ქანდაკებაში ჩაბუდებულ დემონს.
იმ მიდამოებში მცხოვრები ქრისტიანები პროკონსულის შიშით ფარულად შეიკრიბნენ და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურება აღასრულეს.
ამასობაში მტარვალმა ბრძანება გასცა, მოეძიათ, ვინმე ხომ არ დარჩენილიყო ისეთი, ვინც ამ დიდ დღესასწაულს და მსხვერპლშეწირვას უარყოფდა. აღმოჩნდა, რომ ასეთები ქრისტიანები იყვნენ, არად რომ აგდებდნენ პროკონსულის ბრძანებას, რადგან დემონისათვის იმ პატივის მიგებას არ აპირებდნენ, რაც მხოლოდ ერთადერთს - ღმერთს შეჰფერის. განრისხებულმა მტარვალმა ბრძანა, სასწაფროდ მოენახათ ისინი და ეტანჯათ.
ამ დროს ერთ ადგილას ორმოცდაცხრა ქრისტიანი იყო შეფარებული. მიმალულები ჩუმად აღავლენდნენ ლოცვებს. მათ შორის უმშვენიერესი ქალწული ეფემია იმყოფებოდა, კეთილშობილი ოჯახისშვილი, კეთილმსახური მშობლების - სენატორ ფილოფრონესა და თეოდოსიას ასული. ქრისტიანები მტარვალთან დაასმინეს. მან მაშინვე მეომრები გაგზავნა მათ ასაყვანად. სანადიროდ გამოსულ ნადირებს ჰგავდნენ იარაღასხმული მცველები, ქრისტეს პირმეტყველი სამწყსოს დასარბევად რომ გაეშურნენ. ალყა დაარტყეს სახლს, რომ არავინ გაქცეოდათ, კარი შეამტვრიეს, სათითაოდ გამოითრიეს ქრისტეს კრავები და უმოწყალო კიცხვა-დაცინვით გაუყენეს გზას. დასაკლავად მიდენილი ცხვრებივით უდრტვინველად წარსდგნენ ქრისტეს მდაბალი მონები ქედმაღალი მტარვალის წინაშე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დათმენისათვის განმზადებულნი.
ამაყმა მბრძანებელმა თვალი გადაავლო მოგვრილებს და გოროზად ჰკითხა:
- ეს თქვენა ხართ, მეფისა და ჩვენს ბრძანებას რომ ეწინააღმდეგებით, რითაც დიდი ღმერთის - არესის პატივსაცემად აღსრულებულ მსხვერპლშეწირვას შეურაცხყოფთ?
ქრისტიანებმა მიუგეს:
- მეფისა და შენს ბრძანებას უცილობლად დავემორჩილებით, პროკონსულო, თუკი ის ზეციური ღმერთის ბრძანების საწინააღმდეგო არ იქნება. მაგრამ თუკი ეს ბრძანება ღმერთს ეწინააღმდეგება, მაშინ მორჩილება აღარ გვმართებს, პირიქით, კიდევაც უნდა დავუპირისპირდეთ მას. თქვენ თუ იმას გვიბრძანებდით, რაშიც ხელისუფლების მორჩილება გვევალება, მაშინკეისარს კეისრისას5 მივაგებდით, მაგრამ ეგ თქვენი ბრძანება ღვთისწინააღმდგომი და ღვთისსაძაგელია, რადგან ქმნილებას მიაგებთ პატივს შემოქმედის ნაცვლად და გვაიძულებთ, მაღალი ღვთის მაგივრად დემონს ვცეთ თაყვანი. მაგ თქვენს ბრძანებას არასოდეს დავმორჩილდებით, ჩვენ ხომ ცათა შინა მყოფი ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებად ვიწოდებით.
მაშინ ცბიერი ბაგენი გახსნა მტარვალმა, სამართებელივით აღლესა მზაკვარი ენა და მაცდურადთხზული სიტყვით მიელაქუცა, საჩუქრებსა და პატივს დაჰპირდა ქრისტეს შედგომილებს. ასე ცდილობდა მართალ გზას აეცდინა და კერპთაყვანისმცემლობისაკენ მიექცია უფლისპატიოსანი სისხლით სყიდულნი6. თან საშინელი ტანჯვით აშინებდა, თუკი ჩემს ნებას არ დაჰყვებითო.
წმიდანები ასე პასუხობდნენ:
- პროკონსულო, მაგ დაპირებული ნიჭები და პატივი დიდი ხანია უარგვიყვია, მოგვიძულებია დაშემირაცხიეს იგი ნაგევად, რაБთა ქრისტე შევიძინოთ7. ჩვენ ზეციური სიკეთენი მოგვიხვეჭია, მიწიერ კეთილდღეობაზე უმეტესი და უკეთესი. ყოველივე მიწიერი დროსა და ცვალებას ექვემდებარება, ზეციური კი მარადიული და უცვლელია. შენი დანაპირები ტანჯვა-წამება ვერ შეგვაშინებს. მეტიც, გვსურს კიდეც დავითმინოთ, რათა ჩვენს შორის ღვთის ძალა და სიმტკიცე განცხადდეს. მაშინ გაოცების ელდა დაგეცემათ, თქვენი საძაგელი ღმერთების უსუსურობას შეიტყობთ და სირცხვილეულ - იქმნებით. ანდა რა საჭიროა ეს სიტყვიერი პაექრობა? დაიწყე ჩანაფიქრის აღსრულება და დარწმუნდები, რომ ჩვენში უფრო მეტი სიმტკიცე და მოთმინება აღმოჩნდება, ვიდრე შენში - ჩვენი ტანჯვის საწადელი.
მტარვალმა მრავალფერი სატანჯველით იწყო მათი განცდა. თორმეტი დღე ეწამებოდნენ წმიდა მოწამეები, ყოველდღიურად ახალ-ახალ ჭრილობები ემატებოდათ, შიმშილითა და წყურვილით სული ეხდებოდათ. ნორჩი და მშვენიერი ქალწული ეფემიაც მათ შორის მარტვილობდა. დანარჩენები ასე ამხნევებდნენ ასულს:
- ზეციური სასიძოსათვის იღვაწე, ქალწულო, ისწრაფე ტანჯვით სათნო-ეყო უფალს, ბრძენ ქალწულებთან ერთად მიეგებე მას, რათა უფალმა შეგიყვაროს, სასძლოს დაგადაროს და განმზადებულ ქორწილში შეგიყვანოს.8
მეთორმეტე დღეს კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს ქრისტეს მსახურები. პროკონსულმა ჰკითხა:
- ეგებ გონს მოეგეთ ამდენი ტანჯვით და ჩვენი ბრძანების აღსრულება მოინდომეთ?
ყველამ ერთხმად უპასუხა:
- ერთი ნამცეცი იმედიც ნუ გექნება, პროკონსულო, რომ მართალ გზას აგვაცდენ. მთების ამოტრიალებასა და ვარსკვლავთა ადგილცვალებას უფრო ადვილად შეძლებ, ვიდრე ჭეშმარიტი ღვთისათვის ჩვენი გულების მოწყვეტას.
ამ სიტყვებმა ისე გააღიზიანა პროკონსული, რომ ბრძანება გასცა, კარგა ხანს სახეში ურტყითო. ვერაფერს რომ ვერ გახდა, გადაწყვიტა, მეფესთან გავაგზავნიო, მანამდე კი დილეგში ჩამწყვდევა მიუსაჯა. მოწამეები რომ გაჰყავდათ, პროკონსულმა მათ შორის წმიდა ეფემიას მოჰკრა თვალი. ვარსკვლავებშემორტყმული მთვარესავით ანათებდა მარტვილებს შორის მისი ნორჩი, უმშვენიერესი სახე. მგელი რომ ცხვარს გამოსტაცებს ფარას, ისე გამოჰგლიჯა მტარვალმა წმიდა ეფემია ქრისტეს სამწყსოს. ქალწულმა ცისკენ აღაპყრო ხელები და ღმერთს შესთხოვა:
- არ დამიტევო, ჩემო საყვარელო სიძევ, იესო ქრისტე, შენ გესავ. მხეცებს ნუ მიუგდებ ჩემს სულს. შენ შეგიყვარა ჩემმა სულმა, შენი წმიდა სახელი აღიარა. ნუ გაახარებ მასზე მტერს, განმამტკიცე, შენი უძლური მხევალი, უსჯულოება რომ არ მეწიოს.
რა ხერხი აღარ იხმარა მტარვალმა, ეფემია რომ გადაებირებინა. ალერსიანად ესაუბრებოდა, საჩუქრებს ჩუქნიდა, ათასგვარ სიკეთეს ჰპირდებოდა მისი ყმაწვილი გულის მოსანადირებლად, მაგრამ ვერაფერს გახდა. ეფემია მტკიცედ იდგა თავისაზე:
- მტარვალო, ნუ გგონია მაგ ეშმაკური დაპირებებით სძლიო ჩემს უძლურებას და შენი უკეთურებისა და უსჯულოებისაკენ მიმაქციო. მართალია, ბუნებით დედაკაცი ვარ, ხორცით უძლური და ყმაწვილი წლებით, მაგრამ, მერწმუნე, ჩემი გული შენსაზე უფრო ურყევია, ჩემი რწმენის ძალა შენს სიმამაცეს აღემატება, ამასთანავე ჩემი უფლის - ქრისტეს წყალობით გაცილებით მეტი სიბრძნე მიპყრია, ვიდრე მთელს თქვენს ენამჭევრ რიტორებს, რომელთა გონიერებითაც აგრერიგად მოგაქვთ თავი, სინამდვილეში კი ბრიყვებს ჰმეტობთ უგუნურებით, რადგან ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა არ გსურთ, დემონს კი ღვთაებად აღიარებთ. იცოდე, მაცდური სიტყვებით ვერ მომხიბლავ იმ გველის დარად, ოდესღაც ჩვენი პირველი დედა რომ აცდუნა. ვერ შემატკბობინებ ამ მწარე ამაო სოფელს. ეს სიტკბოება სიმწარედ შემირაცხია ჩემი უტკბესი იესოს გამო. შენ არ ძალგიძს სძლიო ძალას, რომელიცუძლურებასა შინა სრულ იქმნების9, როგორ ძალუმადაც არ უნდა დამესხა თავს. ჩემს ქრისტეს ვესავ. მწამს, რომ არ დამიტევებს და თავისი შეწევნის ძალოვან ხელს მანამ არ გამიშვებს, სანამ დედაკაცის ფეხებს არ დაათრგუნინებს დემონის ყელყელა თავს.
სიტყვა პირზე შეაშრა მტარვალს ეფემიას პასუხზე. ამგვარი სიტყვისგებით სირცხვილეულს რისხვით შეეცვლა აქამომდელი ბილწი სიყვარული. ბრძანა, დანებჩამაგრებული საწამებელი ბორბალი განემზადებინათ ქალწულისათვის. წმიდა ეფემია ბორბალზე აიყვანეს. მარტვილმა პირჯვარი გადაისახა და ბორბალიც დატრიალდა. აქეთ-იქით ცვიოდა დაფლეთილი ხორცი, დაკუწული სახსრები.
- უფალო იესო ქრისტე, - უხმობდა ღმერთს წმიდა ქალწული, - ჩემი სულის ნათელო, ცხოვრების წყაროო, ცხონების მომნიჭებელო! ისწრაფე და შემეწიე, რათა ყოველმა შეგიცნოს შენ - ერთადერთი ღმერთი და მტკიცე სასო მსასოებელთა შენთა: „რამეთუ, შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებლად შენდა; არა შევიდეს შენდა ძვირი და გუემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა“.10
ლოცვა აღასრულა თუ არა, ბორბალი უეცრად დადგა. ძალაგამოცლილი მსახურები ძირს დაეცნენ. ღვთის ანგელოზმა ციბრუტი გატეხა, წმიდა ქალწული ბორბლიდან ახსნა, ჭრილობები განუკურნა და ხორცს სიმრთელე დაუბრუნა - წმიდა ეფემია საღსალამათი ჩამოვიდა ბორბლიდან, ღმერთს მადლობა შესწირა და მისი ყოვლისშემძლე ძალა განადიდა.
მტარვალი და იქ შეკრებილი ხალხი გაოცებისაგან სახტად დარჩნენ. გაკვირვება დაეცათ ამ სასწაულის ხილვაზე. მაგრამ სადაც ბოროტება სულიერ თვალებს აბრმავებს, იქ არც ასეთ დიდ სასწაულს ძალუძს აუხილოს თვალი. სულიერად ბრმებმა ვერ შეუძლეს, გულისხმა-ეყოთ ჭეშმარიტი ღვთის ძლიერება: „სმენით გესმასყე და არა გულისხმა-ჰყოთ, და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქა გული ერისა ამის“.11 და ჯადოქრობას მიაწერეს ეს საოცარი სასწაული.
მტარვალმა ახლა ღუმელი დაადგმევინა მცველებს და მისი გახურება ბრძანა. ცეცხლი რომ აღეგზნო, წმიდა ეფემიას შიგ დაუპირეს შეგდება. მარტვილი ისევ ლოცვად მიიქცა. ამ ლოცვამ ხომ ოდესღაც საფარველივით დაიცვა სამი ყრმა ბაბილონის სახმილში. ნივთიერ ცეცხლს ეფემიამ ღვთის გულითადი სიყვარულის ცეცხლი დაუპირისპირა, თვალები ცად აღაპყრო და წარმოთქვა: „მაღალ არს უფალი და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის“.12 შენ დაიფარე სამი ყრმა ბაბილონის სახმილში, შენი სჯულის დაცვისთვის ცეცხლს მიცემულნი, შენ მოუვლინე წმიდა ანგელოზი და უვნებელნი გამოიყვანე ალიდან, ცვარი უწვიმე ციდან. აწ მეც შემეწიე, ქრისტე ჩემო, მიხსენი შენი მხევალი, შენი დიდებისათვის მოღვაწე!“
ლოცვა დაასრულა თუ არა, პირჯვარი გადაისახა, თითქოს იარაღი აისხაო და მშვიდად ელოდა ცეცხლში შეგდებას. მოწამეს ორი მეომარი მიუახლოვდა - ვიქტორი და სოსთენი. პროკონსულის ბრძანების აღსრულება მათ ჰქონდათ დავალებული. ღუმელთან მისულებმა ცეცხლში ღვთის ანგელოზები იხილეს. ისინი ალს ანელებდნენ და მეომრებს ქრისტეს სასძლოსთან მიკარებას უკრძალავდნენ.
ამ სასწაულის ხილვამ ნაბრძანების შესრულება გადააფიქრებინა მხედრებს. პროკონსულს მიუტრიალდნენ და უთხრეს:
- პროკონსულო, ჩვენ ვერ გავბედავთ, უწმინდური ხელები შევახოთ ამ წმიდა ქალწულს და ცეცხლში ჩავაგდოთ, გინდაც ახლავე თავები დაგვაყრევინო. საოცარი სასწაული ვიხილეთ, შენ რომ არ გიხილავს. გვიჯობს შენი მრისხანება დავიტეხოთ თავს, ვიდრე იმ ნათელშემოსილ კაცებს აღვუდგეთ წინ, ცეცხლის ალიდან რომ გვემუქრებიან.,
მტარვალს ბრაზი მოერია, იფიქრა, ესენიც ქრისტიანები არიან და ამიტომ არ სურთო ქალწულის ღუმელში ჩაგდება. მათი დატუსაღების ბრძანება გასცა, ეფემია კი სხვა ორ მეომარს - კესარსა და ვარიოსს ჩააგდებინა ღუმელში. ღუმლიდან იმწამსვე ძლიერი ალი გამოვარდა, ბრძანების აღმასრულებლებს ეცა და ნაცარტუტად აქცია. ცეცხლმა სხვა მსახურებიც გააქცია. წმიდანი კი თითქოს ნათელ დარბაზში დღესასწაულობს და გრილი ნამით იცვარებაო, ისე გალობდა სამი ყრმის საგალობელს:
კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო და ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა“.13 და სასწაულიც აღსრულდა. ალი არ შეხებია მარტვილს, მის სამოსსაც კი არ მოსდებია, რადგან თავად უხრწნელი სასიძო, უფალი იესო ქრისტე შევიდა ღუმელში იდუმალ და ციური ნამი უწვიმა ქალწულს. ღუმელი რომ ჩაქრა, წმიდანი სრულიად უვნებელი გამოვიდა იქიდან. მტარვალმა აღარ იცოდა, რაღა ეღონა და საპყრობილეში ჩააგდო წმიდა ეფემია. „ღამით მოვიფიქრებ, რა ვუყო ამ გრძნეულსო“, - თქვა. შემდეგ ვიქტორი და სოსთენი იხმო და რისხვა დაატეხა თავს: მოგკლავთ, თუკი კერპებს არ დაეგებითო.
- აქამდე ვცდებოდით, არ ვუწყოდით ჭეშმარიტება! - მიუგეს მხედრებმა. - აწ კი ერთი ღმერთი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი შეგვიცვნია. მისი გვწამს და მას ვცემთ თაყვანს. ადრე შენს ღმერთებს მივაგებდით პატივს, არ კი ვუწყოდით, რომ დემონი გვხიბლავდა, ამიერიდან კი უკვე აღარ მოვუყრით მუხლს. რაც გსურდეს, ის გვიყავ, შენს ხელთაა ჩვენი ხორცი, სული კი ღვთის საფარველქვეშაა დაფარული.
მტარვალმა ბრძანა, მხეცებისათვის მიეგდოთ მხედრები დასაგლეჯად. სატანჯველად მიმავალი წმიდანები ღმერთს გულითადად ევედრებოდნენ, შეგვიწყალე და მოგვიტევეო უმეცრებისას ჩადენილი ცოდვები, იქ დაამკვიდრეო ჩვენი სულები, სადაც წმიდანი განისვენებენ. ციდან მყისვე ღვთაებრივი ხმა მოესმათ, განსასვენებლად რომ უხმობდა ქრისტეს მხედრებს. ეს ხმა რომ გაიგონეს, ვიქტორმა და სოსთენმა სიხარულით მიაბარეს ღმერთს თავიანთი სულები. ისე, რომ ნადირები არც კი მიკარებიან მათ სხეულებს. მორწმუნეებმა ჩუმად დაკრძალეს მათი გვამები.
ღამემ განვლო და მეორე დღეც გათენდა. პროკონსული სამსჯავროზე დაჯდა და წმიდა ეფემია მოაყვანინა. სამსჯავროზე მიმავალი მარტვილი სიხარულით უგალობდა ღმერთს:
- „ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ“.14 განგადიდო, შენ, უფალო, ძალო ჩემო! ერთა შორის აღგიარო შენ და ვადიდო შენი სახელი, რამეთუ შენ მხოლო ხარ ჭეშმარიტი ღმერთი დაარა არს სხვა ღმერთი შენსა გარეშე“. - ასე გალობით წარსდგა მარტვილი მსაჯულის წინაშე. დიდი დრო შეალია პროკონსულმა წმიდა ეფემიას გამოცდას, მაგრამ ვერასგზით ვერ მოტეხა, ვერ აიძულა, მსხვერპლი შეეწირა კერპისათვის. როს დარწმუნდა, ვერ მოვდრეკო მარტვილის ნებას, ბრძანა, ჩამოკიდეთ და ხორცი ალესილი დანებით დაუგლიჯეთო. ამ სატანჯველსაც უვნებლად გადაურჩა ღვთაებრივი ძალით მოსილი ეფემია. მტანჯველებმა ახლა ღრმა თხრილი ამოთხარეს, წყლით აავსეს და შიგ ურიცხვი გველი, იქედნე, შხამიანი ქვეწარმავალი, მიწისა თუ წყლის ყველანაირი ქვემძრომი გაუშვეს. მტარვალმა ბრძანა, შიგ ჩაეგდოთ მოწამე. ქალწულმა პირჯვარი გადაისახა და წარმოთქვა:
- ნათელო ჩემო, იესო ქრისტე! შენ დაიფარე იონა ვეშაპის მუცელში, შენ განარიდე დანიელი ლომის კბილებს, მეც განმარინე ამ სატანჯველს შენი ძლიერი ხელით, რათა შენი სახელი განდიდდეს ჩემში.
ლოცვა დაასრულა თუ არა, თხრილში თავად ჩახტა მარტვილი. გველები და ქვეწარმავლები მიუახლოვდნენ, მაგრამ არაფერი ავნეს. გეგონებოდათ, წმინდანზე ზრუნავენო, ზურგზე ისვამდნენ და წყალში დააცურებდნენ, თითქოს დასახრჩობად არ ემეტებათო. ქალწული თხრილიდანაც მრთელი და უვნებელი ამოვიდა. უღონოქმნილი მტარვალი გონს ვეღარ მოგებულიყო, რაღა ექნა, არ იცოდა, მაგრამ ფარხმალს არ ყრიდა, სურდა, როგორმე მოეკლა ქალწული. იფიქრა, მისი გრძნეულება ეგებ მხოლოდ განცხადებულ საფრთხეებს სძლევს, დამალულ ხაფანგს კი ვეღარ დააღწევს თავსო. ორმოს ამოთხრა უბრძანა მსახურებს. პირაღმა ჩააწყობინა შიგ ალესილი მახვილები, შუბები და დანები, ზემოდან კი ფიჩხი და მიწა მოაყრევინა. მოაყვანინა წმიდა ეფემია და ხაფანგზე გავლა უბრძანა, მაგრამ წმიდანი მახეზე გადაფრენილი ჩიტივით გადაევლო თხრილს. ხაფანგმა წმიდანს ვერაფერი ავნო, რამდენიმე წარმართი კი იმსხვერპლა. სირცხვილნაჭამ მტარვალს წმიდა წერილის სიტვები აუხდა: „ხნარცВ თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა“.15
წმიდა ეფემია კი ღმერთს უგალობდა: „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“16 რამეთუ შენთვის მოწამე მხევალი ჭრილობათაგან მიხსენ, ცეცხლს განმარინე, მხეცთაგან დამიფარე, წყალსა და ბორბალს უვნებლად გადამარჩინე, ამომაცალე თხრილს. ახლაც დაიფარე, უფალო, ჩემი სული მტრისაგან, „ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ.“17 შენთვის დათხეული სისხლის წვეთებით განმწმიდე სულისა და ხორცის შეგინებისაგან, რამეთუ შენ ხარ მონათა შენთა განმწმენდელი, განმანათლებელი და განმსწავლელი,18 უფალო!“
პროკონსულმა ისევ ტკბილი სიტყვა მოუმარჯვა ქალწულს დასაყოლიებლად:
- ნუ შეურაცხყოფ შენს გვარიშვილობას, ნუ დაღუპავ შენს მშვენიერ სიყმაწვილეს და სასიკვდილოდ ნუ გაიმეტებ თავს. თაყვანი ეცი დიდ არესს და ყველა ჩვენგანი პატივს მოგაგებს, ქებას შეგასხამს და დიდი დიდებითა და სიმდიდრით დაგაჯილდოვებს.
ბევრს ეცადა მარტვილის მოხიბლვასა და ცდუნებას მტარვალი, მაგრამ ვერაფერს გახდა. წმიდა ეფემიამ სასაცილოდ აიგდო მისი სიტყვები, გონდაკარგულს უწოდებდა პროკონსულს.
მაშინ ისევ სატანჯველს მიმართა მტარვალმა. ბრძანა, სასტიკად ეგვემათ ქალწული და შემდეგ ალესილი ხერხით გადაეხერხათ. მაგრამ ფრჩხილიც ვერ დაუზიანეს მარტვილს. ახლა ტაფა გაავარვარეს და მასზე მოუნდომეს დაწვა ეფემიას, მაგრამ ტაფა უფლის ანგელოზებმა გაანელეს. ბოლოს პროკონსულმა განაჩენი გამოუტანა - ქალწული მხეცებს მიუგდეთ შესაჭმელადო, და წმიდანიც ცირკის გზას გაუყენეს. იქ უნდა მიეშვათ მასზე მშიერი მხეცები. გზად ეფემია უფალს ევედრებოდა, განასრულეო ჩემი წამება, ჩემი სული შეივედრე და მრავალტანჯული სხეულიდან სანუკვარ ქვეყანაში გადაასახლეო.
- უფალო ძალთაო, - ხმობდა მარტვილი, - შენ განაცხადე ჩემზე შენი დაუმარცხებელი ძალა და ყოვლისშემძლე მარჯვენა, შენ გამოააშკარავე დემონთა უძლურება და მტარვალის უგნურება, მე კი ყველა ჩემს სატანჯველზე აღმამაღლე. უფალო, შენ ხომ დაუშვი, უწინდელ მოწამეებს სისხლი რომ დაეღვარათ და მოკვდინებულიყვნენ, აწ ჩემი მსხვერპლიც შეიწირე, შემუსვრილმა და დამდაბლებულმა სულმა რომ მოგიძღვანა. წმიდანთა სამყოფელში და მოწამეთა კრებულში განმასვენე, უკუნისამდე ამაღლებულო!
წმიდა ეფემია ლოცვას მორჩა თუ არა, მხეცები გამოუშვეს. ლომები და დათვები მოწამეს მიუახლოდვნენ და ფეხები აულოკეს. მხოლოდ ერთმა დედა დათვმა ოდნავ გაკაწრა მარტვილი. ჭრილობიდან სისხლი გადმოდინდა. ამ დროს ზეციდან ხმა მოისმა, მაღალთა სავანეში რომ უხმობდა წმიდანს და წმიდა ეფემიამაც მყისვე უფალს მიაბარა სული. ამ დროს მიწა იძრა და ქალაქი შეირყა, ჩამოინგრა კედლები, მიწასთან გასწორდა წარმართთა ტაძრები. შიშმა და ძრწოლამ მოიცვა ყველა. ცირკიდან შეშინებული გაიქცა ხალხი და მხოლოდ მარტვილის წმიდა სხეული დარჩა მიწაზე განრთხმული. ეფემიას მშობლებმა აიღეს თავისი წმიდა ასულის გვამი და ქალაქის ახლოს პატივით დაკრძალეს.19 მადლს სწირავდნენ უფალს, ასეთი შვილის მშობლობის ღირსნი რომ შეიქმნენ, სისხლის დათხევით რომ მოიხვეჭა ზეციური სასიძოს, ყოველთა მეუფის - ქრისტეს სძლობა, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და სულისა წმიდისა თანა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!



შენიშვნები:


1. მეფობდა IV . დასაწყისში.
2. რომაული პროვინციის - ბითვინიის მთავარი ქალაქი. მდებარეობს მარმარილოს ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ბიზანტიის პირდაპირ.
3. პროკონსული იმპერატორის მოადგილეებს ერქვათ, რომლებიც პროვინციებსა და მხარეებს მართავდნენ.
4. არესი ანუ მარსი - წარმართთა ღმერთი. ითვლებოდა ომის ღმერთად, ასევე ხალხისა და მინდვრების მფარველად.
5. მათე, 22,21.
6. უფლის წინადაცვეთის კანონი. გალობა 3.
7. ფილ. 3,8.
8. იგულისხმება იგავი ათი ქალწულის შესახებ. მათე 25, 1-12.
9. 2კორ. 12,9.
10. ფს. 90,9-10.
11. ესაია 6, 9-10.
12. ფს. 137,6. ესაია 33,5.
13. დან, 3, 52.
14. ფს. 143, 9.
15. ფს. 7,15.
16. ფს. 105,2.
17. ფს. 24,8.
18. იხ. ებრ. 1,3. ლუკა 2,32.

19. შემდგომში აქ წმ. დიდმოწამე ეფემიას სახელობის ტაძარი აშენდა. ამ ტაძარში შედგა ქალკედონის IV მსოფლიო კრება. მე-5 საუკუნეში დიდმოწამის ტაძრები აშენდა რომში და მედიოლანში. ბოლოს მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში ინახებოდა.

"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ. 
გამომცემლობა   -  ©  "ორთოდოქსი" .

მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.

No comments:

Post a Comment