იმპერატორ ადრიანეს მეფობის ჟამს
რომში ერთი ქვრივი ცხოვრობდა. გვარ-ტომით იტალიელს სახელად სოფიო ერქვა. ეს სახელი ბერძნულად „სიბრძნეს“ ნიშნავს. სოფიო ქრისტიანი იყო და თავისი სახელის დარად კეთილგონივრად ცხოვრობდა იმ სიბრძნით, იაკობ მოციქული ამგვარ ხოტბას რომ ასხამს: „ხოლო ზეგარდამოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაჲთა“.1 სჯულიერად შეუღლებულმა სამი ასული შობა და მათ ქრისტიანული სამი სათნოების სახელები შეარქვა: პირველ ქალს პისტი (რწმენა) უწოდა, მეორეს - ელპიდე (სასოება) და მესამეს - აღაპი (სიყვარული).
აბა ღვთის სათნოებების გარდა სხვა რა უნდა ეშვა ქრისტიანულ სიბრძნეს? მესამე შვილის შეძენიდან ცოტა ხანში სოფიოს ქმარი მოუკვდა. ქვრივად დარჩენილს კეთილმსახურება არ დაუტევებია, ლოცვით, მარხვითა და მოწყალებით ცდილობდა, უფალს სათნო-ჰყოფოდა. ქალებსაც ბრძენი დედის დარად ზრდიდა. სახელების შესაფერ სათნოებებში განსწავლიდა შვილებს.
აბა ღვთის სათნოებების გარდა სხვა რა უნდა ეშვა ქრისტიანულ სიბრძნეს? მესამე შვილის შეძენიდან ცოტა ხანში სოფიოს ქმარი მოუკვდა. ქვრივად დარჩენილს კეთილმსახურება არ დაუტევებია, ლოცვით, მარხვითა და მოწყალებით ცდილობდა, უფალს სათნო-ჰყოფოდა. ქალებსაც ბრძენი დედის დარად ზრდიდა. სახელების შესაფერ სათნოებებში განსწავლიდა შვილებს.
იზრდებოდნენ ქალები და
სათნოებებით
იმკობოდნენ.
საფუძვლიანად
სწავლობდნენ
წინასწარმეტყველთა
და მოციქულთა წიგნებს, მასწავლებელთა დარიგებას მორჩილად უგდებდნენ ყურს, ბეჯითად კითხულობდნენ, გულითადად ლოცულობდნენ და საქმიანობდნენ. წმიდა და ბრძენი დედის მორჩილებაში აღზრდილები სათნოებათა მოხვეჭაში წარემატებოდნენ. აუწერელი სილამაზითა და კეთილგონიერებით გამორჩეულებმა მალე ყველას ყურადღება მიიპყრეს. მთელ რომში განითქვა მათი სიბრძნისა და მშვენიერების ამბავი, ამ ხმამ მმართველ ანტიოქეს ყურამდეც მიაღწია. მათი ნახვა მოისურვა მბრძანებელმა. ქალწულებიც ეახლნენ. პირველი შეხედვისთანავე მიხვდა ანტიოქე, მოსულები ქრისტეს აღმსარებლები რომ იყვნენ. თავიანთი სარწმუნოების დამალვას ხომ არც კი ცდილან ასულები, არ მოუძლურებულან ქრისტეს სასოებასა და სიყვარულში, ყოველთა წინაშე ღიად ადიდებდნენ უფალს და წარმართულ კერპებს უპატიო-ჰყოფდნენ.
მბრძანებელმა ყველაფერი მეფე ადრიანეს აცნობა. მანაც არ დაახანა და ქალწულების მოსაყვანად მყის მსახურები აფრინა. სოფიოს სახლში შესული მსახურები შვილების განსწავლით დაკავებულ დედას დაადგნენ თავს. ბრძენი ქალი მაშინვე მიუხვდა მეფეს მოპატიჟების მიზანს. ლოცვად მიიქცნენ დედა-შვილნი:
- ყოვლადძლიერო ღმერთო, დაე, აღსრულდეს ჩვენზე შენი წმიდა ნება! ნუ დაგვიტევებ, მოგვივლინე შენი წმიდა შეწევნა, ამაყმა მტარვალმა ჩვენი გულები რომ არ შეაშინოს! ნუ შეგვაძრწუნებს საშინელი სატანჯველი და სიკვდილიც ნუ მოგვგვრის ძრწოლას! ღმერთო, დაე, ნურაფერი ნუ განგვაშორებს შენგან!
ლოცვა გაასრულეს თუ
არა, უფალს მუხლი მოუდრიკეს ტანჯვად განმზადებულებმა და გადაწნულ გვირგვინივით ხელიხელჩაკიდებულნი გაუდგნენ სასახლისკენ მიმავალ გზას. მალი-მალ ცად აღაპყრობდნენ მზერას, სულთქმითა და იდუმალი ლოცვით ღვთის შეწევნას აბარებდნენ თავს. ეს მან არ ბრძანა: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად.“2
მეფის სასახლეც გამოჩნდა. ქალებმა პირჯვარი გადაისახეს და
წარმოთქვეს:
- შეგვეწიე, ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, შენი წმიდა სახელის სადიდებლად!
მსახურები სასახლეში შეუძღვნენ დედა-შვილთ და ისინიც უშიშრად წარსდგნენ ტახტზე ამაყად დაბრძანებული მეფის წინაშე. მეფეს შესაფერი პატივით მიესალმნენ შემოსულნი, სახეზე კი ერთი ბეწო შიშიც არ ეწერათ. იერიც არ შეცვლიათ, ისეთი მხიარული მზერით შესცქეროდნენ იმპერატორს, თითქოს საზეიმოდ იყვნენ მიწვეულნი. ასეთი სიხარულით გამოცხადდნენ მეფესთან უფლისთვის ტანჯვის დასათმენად მოსულნი.
მეფემ მათ კეთილშობილ, ნათელ და უშიშარ სახეებს რომ შეხედა, გამოკითხვა დაუწყო: საიდან ხართ, რა გქვიათ და რა გწამთო? სიბრძნით სავსე სოფიო ისე კეთილგონივრად უგებდა სიტყვას, ყველა იქ მყოფი გააოცა. ბრძნადმეტყველმა მოკლედ ახსენა თავისი წარმომავლობა და შემდეგ ქრისტეზე გააგრძელა სიტყვა: აუხსნელიაო მისი წარმომავლობა3 და „სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს“.4
უშიშრად აღიარებდა სოფიო თავის რწმენას, თავს
უფლის მხევალს უწოდებდა და მის სახელს განადიდებდა.
- მე ქრისტიანი ვარ, - ამბობდა ბრძენი ქალი, - აი, ესაა ის ძვირფასი სახელი, რომლითაც ვიქადი.
ისიც
უთხრა მეფეს, რომ სამივე ასული ქრისტეს მიუძღვნა, მასზე დაწინდა, რათა ქალწულებს უხრწნელი სიწმიდე დაემარხათ უხრწნელი სიძისათვის.
ასეთი ბრძენი ქალი
რომ იხილა, მეფემ მასთან საუბრის გაგრძელება და განსჯა აღარ ისურვა. საქმე სხვა დროისათვის გადადო და დედა-შვილნი ერთ წარჩინებულ ქალბატონთან - პალადიასთან გაუშვა. პალადიას უბრძანა, თვალი არ მოაცილო სტუმრებს და სამი დღის მერე მაახლეო.
პალადიას სახლში სოფიოს კარგა დიდი
დრო მიეცა ასულების შესაგონებლად. დღედაღამ რწმენაში განამტკიცებდა შვილებს, ღვთივშთაგონებული სიტყვებით განსწავლიდა:
- ჩემო საყვარელო ასულებო, - ეუბნებოდა, - თქვენი ღვაწლის ჟამი მოიწია. დადგა დღე, სასძლო-ეყოთ თქვენს უკვდავ სიძეს, აწ თქვენი სახელების დარად უნდა აჩვენოთ მტკიცე რწმენა, უეჭველი სასოება და სამარადისო სიყვარული. თქვენი დღესასწაულის ჟამი მოსულა, მოწამეობრივი გვირგვინებით შემკულნი სასურველ სიძეზე რომ დაქორწინდეთ და დიდი სიხარულით შებრძანდეთ მის ბრწყინვალე ქორწილში. ასულნო ჩემნო, ამ პატივისთვის ნუ დაიშურებთ თქვენს ნორჩ სხეულებს, ნუ დაინანებთ თქვენს სილამაზესა და სიყმაწვილეს სიკეთის მშვენიერებით მოსილი სიძისათვის, საუკუნო ცხოვრებისათვის. ნუ ინაღვლებთ ამ წუთისოფლის დაკარგვას, თქვენი ზეციური სიყვარული - იესო ქრისტე ხომ მარადიული სიმრთელე, აუწერელი სილამაზე და დაუსრულებელი ცხოვრებაა. და როცა უფლის გულისათვის ნაგვემი თქვენი ხორცი სიკვდილს მიეახლება, თავადი უხრწნელებით შემოსავს მას, ჭრილობებს გაგიცისკროვნებთ ციური ვარსკვლავების დარად. როცა უფლის გულისათვის წამებით წაგართმევენ მაგ სილამაზეს, თავადი შეგამკობთ ჯერარნახული ზეციური მშვენიერებით, როს ამ დროებით სოფელს დაუტევებთ უფლისთვის სულდადებულნი, მაშინ დაუსრულებელ სიცოცხლეს მოგიძღვნით, უკუნისამდე ამ სიცოცხლეში განგადიდებთ ზეციური მამისა და წმიდა ანგელოზთა წინაშე. მაშინ ქრისტეს სასძლოებად და აღმსარებლებად სახელს-გდებენ ციურნი ძალნი, თქვენ შეგასხამენ ხოტბას ყოველნი ღირსნი, თქვენთვის იხარებენ ბრძენნი ქალწულნი და თავიანთ ერთობაში მიგიღებენ. ჩემო ძვირფასო ასულებო! თავები არ მოახიბლინოთ მტრის საცთურებს. ვფიქრობ, მეფე ალერსს არ მოგაკლებთ და დიდძალ საჩუქრებს შეგპირდებათ, დიდებას, სიმდიდრესა და პატივს შემოგთავაზებთ, ამ ამაო და ხრწნადი სოფლის მთელ სიტკბოებას მოგიტანთ საცთურად. ნუ მოისურვებთ, ქალწულებო, ამ სიტკბოებას, ყოველივე კვამლივით გაქრება ქარით გაფანტული მტვრის დარად, ველის ყვავილივით დაჭკნება და დამიწდება. ნუ შეუდრკებით სასტიკ სატანჯველს, მყოვარ ჟამ დასრულდება თქვენი წამება, მტერი იძლევა და საუკუნოდ იდღესასწაულებთ გამარჯვებულნი. ჩემ ღმერთს, იესო ქრისტეს ვესავ, მწამს, არ დაგიტევებთ მისი სახელისათვის ტანჯულთ. თავად არ გვამცნო: „ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ“.5 არცერთ სატანჯველში არ დაგიტევებთ უფალი, თქვენს ღვაწლზე მოიხილავს, თქვენს უძლურებას განამტკიცებს და უხრწნელ გვირგვინებს განგიმზადებთ. ჩემო ულამაზესო ასულებო! მოიხსენეთ ჩემი სალმობანი, თქვენი შობისას რომ ვიწვნიე, ჩემი შრომა მოიხსენეთ, როგორ გზრდიდით, ჩემი სიტყვები მოიხსენეთ, ღვთის შიშს როგორ გასწავლიდით, ქრისტეს სარწმუნოების კეთილი და მხნე აღიარებით დაამშვიდეთ ჩემი სიბერე. დღესასწაული, სიხარული, პატივი და დიდება იქნება ჩემთვის, თუკი მარტვილთა დედად წოდების ღირსი გავხდები, თუკი ქრისტესთვის თქვენს მხნე დათმენას ვიხილავ, მისი წმიდა სახელის მტკიცე აღმსარებლობას და მისთვის სიკვდილს. მაშინ განიხარებს ჩემი გული, სული გამიმხიარულდება და სიბერეც განმიმტკიცდება. თუკი დედათქვენის დარიგებას შეისმენთ და უფალს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უერთგულებთ, მაშინ ჭეშმარიტად ჩემი შვილები იქნებით.
ლმობიერად უგდებდნენ ყურს
დედის დარიგებას ქალწულები, სიტკბოებით ევსებოდათ გული. სულში სიხარული ეღვრებოდათ. მართლაც ისე ესწრაფოდნენ სატანჯველს, როგორც საქორწილო ჟამს. წმიდა ძირს წმიდა რტოები აღმოეცენებინა და წმიდა ქალწულებიც მთელი სულით მიისწრაფოდნენ, ბრძენი დედის დარიგება შეესრულებინათ. სოფიოს ყოველ სიტყვას გულისხმა-ჰყოფდნენ და ისე ემზადებოდნენ მოწამეობისათვის, თითქოს ბრწყინვალე ქორწილში აპირებენ წასვლასო. რწმენით შეჭურვილები, სასოებით განმტკიცებულები და უფლის სიყვარულით ანთებულები ერთმანეთს აგულიანებდნენ და ამაგრებდნენ. დედას ჰპირდებოდნენ, ქრისტეს შემწეობითო ყველა შენს სულისსარგო რჩევას საქმეში აღვასრულებთ.
მესამე დღეც
დადგა და ყველანი უსჯულო მეფის სამსჯავროზე წარადგინეს. მეფეს ეგონა, ჩემს ტკბილ სიტყვას ადვილად დაჰყვებიანო და ქალწულებს ასეთი საუბარი გაუბა:
- შვილებო! თქვენი სილამაზისა და სინორჩის შემხედვარე მამობრივ რჩევას გაძლევთ: თაყვანის-ეცით ქვეყნიერების მბრძანებელ ღმერთებს. თუკი ყურად-იღებთ ამ რჩევას და ჩემს ბრძანებას შეასრულებთ, ჩემს შვილებად გამოგაცხადებთ. მმართველებს, მთავრებსა და მრჩევლებს შევკრებ და ყველას თვალწინ ჩემს ასულებად სახელ-გდებთ. ქებას შეგასხამენ და პატივს მოგაგებენ ყველანი. თუ არ დამმორჩილდებით, დიდ ბოროტებას მოაწევთ თავს, სიბერეს გაუმწარებთ დედათქვენს, სიკვდილს მოიმკით მაშინ, როცა გარდამეტებული სიხარულის მოპოვება შეგეძლოთ და მხიარულად და უზრუნველად გეცხოვრათ. სასტიკ სიკვდილს მიგცემთ, სულ ნაკუწ-ნაკუწ აგქნით და თქვენს ხორცს ძაღლებს მივუგდებ დასაჭმელად. ყველას კიცხევას დაიმსახურებთ ამით. ასე რომ, თქვენივე სიკეთისათვის გეუბნებით, დამიჯერეთ, მიყვარხართ და არც მაგ სილამაზის დაღუპვა მსურს და არც თქვენი სიცოცხლის მოსპობა მწყურია. ხომ ხედავთ, თქვენი მამობაც კი მოვინდომე.
წმიდა ქალწულებმა ერთხმად და
ერთსულოვნად
მიუგეს:
- ჩვენი მამა ცათა შინა მყოფი ღმერთია. ის განაგებს ჩვენს ცხოვრებას, ის მოჰფენს ჩვენს სულებს წყალობას. მისი სიყვარული გვწყურია და მის ჭეშმარიტ შვილებად წოდება მოგვსურვებია. მას მხოლოს ვცემთ თაყვანს, მის ბრძანებებსა და მცნებებს ვასრულებთ, შენი ღმერთები კი ფურთხის ღირსადაც არ მიგვაჩნია. შენი მუქარის არ გვეშინია, რადგან ჩვენი ღმერთის, უტკბესი იესო ქრისტესათვის ტანჯვისა და მწარე წამების დათმენას ვესწრაფვით.
არ
ესიამოვნა იმპერატორს ამ პასუხის მოსმენა. ახლა დედას მიუბრუნდა და ჰკითხა, რა ჰქვიათ შენს ასულებს და რა ხნისა არიანო?
წმიდა სოფიომ მიუგო:
- ჩემს პირველ ასულს პისტი ჰქვია, თორმეტი წელი შეუსრულდა, მეორეს ელპიდე. ის ათი წლისაა. მესამე - აღაპი კი- მხოლოდ ცხრის.
მეფე
გააოცა ასე ნორჩი ქალწულების ამგვარმა სითამამემ და გონიერმა სიტყვის-გებამ. მაინც შეეცადა თავისი უსჯულოებისაკენ მიექცია ისინი და თითოეულს ცალ-ცალკე დაუწყო საუბარი. ჯერ უფროს დას - პისტის მიმართა:
- მსხვერპლი შესწირე დიდ ქალღმერთ არტემიდეს!
პასუხად უარი
რომ მიიღო, ქალწულის გაშიშვლება ბრძანა და ჯალათებს უწყალოდ აგვემინა.
- ემსხვერპლე დიდ ქალღმერთ არტემიდეს! - დასძახოდნენ მტანჯველები.
ქალწულს ხმა
არ ამოუღია, მდუმარედ იტანდა ტანჯვას, თითქოს სხვის სხეულს გვემენო. მტარვალმა საწადელს რომ ვერ მიაღწია, მარტვილისათვის ნორჩი ძუძუები დააჭრევინა. სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა ჭრილობებს. ამ სასწაულმა და პისტის მოთმინებამ გააოცა ამ სატანჯველის მჭვრეტელნი, თავები გადააქნიეს და მეფე გაკიცხეს ამ უგნურებისა და სისასტიკისათვის:
- ასეთი რა დააშავა ამ ლამაზმა ქალწულმა, ასე რომ ტანჯავენ? ვაი, რა უგუნურია ჩვენი მეფე და რა მხეცებრ სასტიკი, მოხუცებსა და ბავშვებს უმოწყალოდ რომ ხოცავსო.
ახლა
რკინის ბადე მოატანინა მტარვალმა და მისი გავარვარება ბრძანა. ბადეს სიმხურვალისგან ნაპერწკლები რომ გასცვივდა, ზედ წმიდა ქალწული პისტი დააწვენინა. ორი საათი იწვა წმიდანი ბადეზე უფლისადმი ლოცვად მიქცეული და ყველასდა გასაოცრად ოდნავადაც არ დამწვარა. შემდეგ მდუღარე ფისით პირთამდე სავსე ქვაბში ჩასვეს პისტი, მაგრამ არც იქ ვნებია რაიმე, ისე იჯდა, თითქოს გრილ წყალში ბანაობსო, ღმერთს უგალობდა და იხარებდა. მტარვალმა რაკი ვეღარაფერი გააწყო და ვერაფრით ვერ დაატევებინა მარტვილს ქრისტეს რწმენა, თავის მოკვეთა მიუსაჯა უღონოქმნილმა.
წმინდა პისტიმ განაჩენი რომ
მოისმინა, სიხარულით აღივსო და დედას შესთხოვა:
- ჩემთვის ილოცე, დედაჩემო, სრბა რომ აღვასრულო, სანეტარო აღსასრულს მივაწიო, ჩემი საყვარელი უფალი და მაცხოვარი ვიხილო და მისი ღვთაების ჭვრეტით დავტკბე.
შემდეგ დებს
მიუბრუნდა:
- გახსოვდეთ, ჩემო საყვარელო დებო, ვის დაუდეთ აღთქმა, ვის სასძლოდ იწოდებით. იცით, რომ უფლის წმიდა ჯვრის ბეჭედი გვასვია და მას უნდა ვმსახურებდეთ მარადის. ბოლომდე დაითმინეთ ამ პატივისთვის. ერთმა დედამ გვშობა, ერთმა აღგვზარდა და განგვსწავლა და ჩვენც ერთიდაიგივე აღსასრული უნდა მოვიხვეჭოთ. ერთი მუცლიდან ნაშობებს ნებაც ერთი უნდა გვქონდეს. დაე, მე გექმნეთ მაგალითად, რათა ორივენი მომყვეთ. სასიძო გვიხმობს.
პისტი დედას ეამბორა, მერე
დებს მოეხვია, აკოცა და ჯალათებისაკენ გაემართა. სოფიოს გულს დარდი არ შეხებია, რადგან მასში ღვთის სიყვარულმა გარდაამეტა სევდასა და დედობრივ სიბრალულს. ერთადერთი იმასღა სწუხდა და ზრუნავდა, დარჩენილები არ შეშინებოდნენ სატანჯველს და ღმერთს არ განშორებოდნენ.
პისტის კი
ასე დაემშვიდობა:
- მე გშობე, ჩემო ასულო, და სალმობანი დავითმინე შენთვის. მაგრამ აწ კეთილად მიზღავ ამისათვის, სიკვდილად რომ მიხვალ ქრისტეს სახელისათვის და მისთვის ღვრი იმ სისხლს, ჩემს მუცელში რომ მიიღე. წადი მასთან, საყვარელო ჩემო, შენი სისხლით მეწამულად შეღებილი, ძოწეულმოსილივით მშვენიერი წარუდგები სასიძოს მზერას. მომიხსენე მის წინაშე უბადრუკი დედაშენი და შენი დებისათვის ევედრე, ისინიც ისეთივე დათმენაში განამტკიცოს, როგორიც შენ გამოაჩინე.
პატიოსანი თავი
წარკვეთეს წმიდა პისტის და მისი სულიც ეკლესიის თავთან - ქრისტესთან აღვიდა. სოფიო თავისი ასულის მრავალტანჯულ გვამს მოეხვია, ეამბორა და სულით გამხიარულებულმა ქრისტეს მადლობა შესწირა, მისი შვილი ზეციურ სასუფეველში რომ დაამკვიდრა.
უსჯულო მეფემ ახლა
მეორე დას - ელპიდეს უხმო, წინ დაიყენა და დაუყვავა:
- ძვირფასო ყმაო! ჩემს რჩევას ენდე, მუხლი მოუყარე დიდ არტემიდეს, შენი დასავით რომ არ დაიღუპო. ამას იმად გეუბნები, რომ მამობრივი სიყვარული მამოძრავებს. აკი ხედავდი მის მწარე ტანჯვას, მის მძიმე სიკვდილს, ნუთუ შენც ასეთივე ტანჯვა გწყურია? მერწმუნე, შვილო, შენი სიყმაწვილე მენანება. დაემორჩილე ჩემს ბრძანებას და გიშვილებ.
წმიდა ელპიდეს წარბიც არ
შეუხრია.
- მეფეო! - უთხრა, - განა მეც შენგან მოკვდინებული პისტის და არა ვარ? განა მე იმავე დედამ არ მშობა? იმავე რძით არა ვარ გამოზრდილი და იმავე ნათლისღებით ნათელღებული? მეც დასთან ერთად ვიზრდებოდი და ჩვენი ღმერთის - იესო ქრისტეს შეცნობაც იმავე წიგნებიდან მისწავლია, დედის იმავე დამოძღვრიდან მიმიღია მისდამი რწმენა და თაყვანისცემა. არც იფიქრო, მეფეო, რომ სხვაგვარად მოვიქცევი, ანდა სხვა ფიქრი და სურვილი შემძრავს. არა, მსურს დის ნაკვალევს გავყვე. ნუღა აყოვნებ და ნურც ეცდები, მრავალსიტყვაობით დამიყოლიო. გიჯობს, საქმეზე გადახვიდე და მაშინ იხილავ დასთან ჩემს თანამოაზრეობას.
ამ
პასუხის შემდეგ მეფემ ელპიდეც მტანჯველებს გადასცა. მეფის ბრძანებით გოგონა თავის დის დარად გააშიშვლეს და მანამ სცემდნენ უმოწყალოდ, სანამ ჯალათები არ მოიღალნენ. ელპიდე კი დუმდა, თითქოს ტკივილი არც უგრძვნიაო და მხო¬ლოდ თავის დედას-ნეტარ სოფიოს შესცქეროდა, იქვე რომ იდგა და მხნედ უყურებდა შვილის ტანჯვას, თან ღმერთს ევედრებოდა, მტკიცე დათმენის ძალა მიანიჭეო ქალწულს.
უსჯულო მეფემ ახლა
ცეცხლში შეაგდებინა ელპიდე. ქალწული ალიდან უვნებლად გამოვიდა სამი ყრმის დარად და ღმერთი განადიდა. შემდეგმა სატანჯველმაც არ დაახანა. გოგონა ჩამოჰკიდეს და მის ნორჩ სხეულს რკინის ბრჭყალებით დაუწყეს გლეჯა. სისხლი ღვარად მოედინებოდა, ჭრილობებიდან კი საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა. ელპიდეს გასხივოსნებულ და სული წმიდით გაბრწყინებულ სახეს კი ღიმილი არ მოსცილებია. მტარვალი სირცხვილით დაიწვა, - ვერასგზით რომ ვერ სძლია ასე პატარა ყმაწვილი ქალის მოთმინებას.
- ქრისტეა ჩემი შემწე, - ამბობდა გოგონა, - და ტანჯვა სრულიადაც არ მაშინებს, პირიქით, სამოთხის სიტკბოების დარია ჩემთვის უფლისთვის მარტვილობა. შენ კი, მტარვალო, გეჰენიის ცეცხლში მოგელის ვაება იმ დემონებთან ერთად, ღმერთებად რომ მიგიჩნევია.
ამ
სიტყვებმა მტარვალი კიდევ უფრო გააღიზიანა. ქვაბის მოტანა უბრძანა მსახურებს, ფისითა და ზეთით აავსებინა, გააცხელებინა და წმიდანი შიგ ჩააგდებინა. მაგრამ ქვაბი უცებ ცვილივით დადნა, ფისი და ზეთი გადმოიღვარა და გარშემომყოფნი დაწვა. ღვთის სასწაულთმოქმედმა ძალამ არც ამ განსაცდელში დაუტევა წმიდა ელპიდე.
მაგრამ ამაყ
მტარვალს ამ სასწაულმაც ვერ შეაცნობინა ჭეშმარიტი ღმერთი, რადგან გული დემონური ხიბლითა და დამღუპველი შეცდომილებით ჰქონდა დაბნელებული. დიდი სირცხვილი აჭამა ამ პატარა ქალმა და მეტი თავლაფდასხმის ატანა რომ ვეღარ შეძლო, მარტვილის თავის მოკვეთის ბრძანება გასცა. აღსასრულის მოახლოვების ცნობით გახარებული ელპიდე დედას მიეახლა და უთხრა:
- დედა! მშვიდობა შენთანა, იცოცხლე და შენი ასული მოიხსენე!
სოფიომ გულში ჩაიკრა შვილი, ეამბორა და
უთხრა:
- შვილო ელპიდე! მაღალმა ღმერთმა გაკურთხოს, მას რომ ესავ და მისთვის სისხლის დათხევა მოგისურვებია. შენ დას მიეახლე და მასთან ერთად წარსდექი სასურველი სატრფოს წინაშე.
ელპიდე პატარა დას
- აღაპის მიუტრიალდა, გადაეხვია, ეამბორა და უთხრა:
- ნურც შენ დარჩები აქ, დაო! ერთად წარვსდგეთ წმიდა სამების წინაშე.
ესა
თქვა და პისტის უსულო გვამთან დაიჩოქა, სიყვარულით მოეხვია. კაცობრივი ბუნებისამებრ სიბრალულის ცრემლები აღრჩობდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა ცრემლი სიხარულად გარდასცვალა. აღდგა, თავი მოუხარა მახვილს და უმანკო სისხლი დასთხია უფლისათვის.
დედამ შვილის გვამი აიღო
და ღმერთს მადლი შესწირა. ხარობ¬და ასულის ასეთი მხნეობით. თავისი ტკბილი სიტყვებითა და ბრძნული შეგონებებით უმცროს ქალიშვილსაც ასეთივე დათმენისაკენ მოუწოდებდა.
მეფემ მესამე ასულიც იხმო
თავისთან. ჯერ დაუტკბა, იქნებ ეს მაინც გადავიბირო ლიქნითო, სთხოვა, ჯვარცმულს ზურგი შეაქციე და არტემიდეს ეცი თაყვანიო. მაგრამ ამაოდ დაშვრა მაცდური. მაშ, ვისღა უნდა ეტანჯა თავდადებით თავისი უფლისათვის, თუ არა აღაპის, ანუ სიყვარულს, წმიდა წერილის სიტყვისამებრ: „მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული, წყალსა მრავალსა ვერ ძალ-უც დაშრეტა სიყუარულისა. მდინარენი ვერ წარღუნიან მას“6.
ამ
ყმაწვილ ქალში ღვთიური სიყვარულის ცეცხლი ვერც ამსოფლიურ ცდუნებათა წყლებმა ჩააქრო, ვერც ტანჯვა-ვაების მდინარეებმა წალეკა. აღაპის ძლიერი სიყვარული ქრისტესთვის სულის დადების მზადყოფნამ წარმოაჩინა, რამეთუ „უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“.7
მტარვალი მალე
მიხვდა, რომ ლაქუცით ვერას გახდებოდა და აღაპის ტანჯვა დაიწყო. იმედს არ კარგავდა, ეგებ მრავალფერმა წამებამ ქრისტეს სიყვარული დაატევებინოსო. ქალწული კი მოციქულის სიტყვებით ხმობდა: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან?... არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა შემიყუარნა ჩუენ“.8
მტარვალმა ბორბალზე გააკვრევინა აღაპი და
ჯალათებს უბრძანა, ჯოხებით ეცემათ. ბორბალზე რომ გააკრეს, სხეულის ნაწილები სახსრებიდან ამოუცვივდა, ცემისას მთლად სისხლით შეიღება, თითქოს ძოწეული ჰმოსიაო, მიწაც წითლად მორწყო.
ამ
წამების შემდეგ ღუმელი ააგუზგუზეს. მტარვალმა ღუმლისაკენ მიახედა და დაემუქრა:
- ქალწულო! მხოლოდ ერთი სიტყვა დაგცდეს: დიდია-თქო ქალწული არტემიდე! და გაგიშვებ. არა და ამწამსვე ამ გავარვარებულ ღუმელში დაგწვავ.
წმიდანმა მიუგო:
- დიდი უფალი ჩემი იესო ქრისტეა, არტემიდე კი შენთან ერთად წარიწყმიდება!
განრისხებულმა მტარვალმა მყისვე ბრძანა, ღუმელში შეაგდეთო გოგონა. წმიდა ყრმა არც დალოდებია ხელის მოკიდებას, თავადვე გაემართა და ალში შევიდა. ღუმელში უვნებლად მიმოდიოდა, თითქო საგრილობელში დასეირნობსო, გალობდა და ღმერთს ადიდებდა მხიარული. ამასობაში ღუმლიდან ალი ამოვარდა და იქ მდგარი რამდენიმე ურწმუნო ნაცარტუტად აქცია. სხვები კი დაწვა. ალმა მეფემდეც უწია, სამოსზეც მოედო. მტარვალმა გაქცევით უშველა თავს.
ღუმელში სხვა
გაცისკროვნებული
სახეებიც იხილვებოდა, რომლებიც მარტვილთან ერთად განცხრებოდნენ. ასე განსდიდნა ქრისტეს სახელი. უსჯულოები კი სირცხვილეულნი მიიქცნენ.
ღუმელი რომ
ჩაქრა, ქრისტეს ულამაზესი სასძლო მრთელი და უვნებელი გამოვიდა იქიდან.
მაშინ მტანჯველებმა მეფის ბრძანებით რკინის მათხაბებით9 გაუბურღეს სხეულის ნაწილები, მაგრამ ამ სატანჯველშიც ღმერთი შეეწეოდა მარტვილს და ჯალათებმა მისი მოკვდინება ვერ შეძლეს. განა შეეძლო ვინმეს ამგვარი ტანჯვის დათმენა? განა მაშინვე არ აღესრულებოდა, ღვთის შეწევნა რომ არა? ქალწულს ხომ მისი საყვარელი სიძე - იესო ქრისტე განაძლიერებდა, რათა უსჯულოება განექიქებინა, მოწამისათვის დიდი ჯილდო მიენიჭებინა უძლურ კაცობრივ ჭურჭელში ღვთის ძლიერების განცხადებით.
ბოლოს დამწვრობით დასნებოვნებულმა მეფემ აღაპისაც თავის მოკვეთის განაჩენი გამოუტანა. ყმაწვილმა განაჩენი რომ მოისმინა, განიხარა და თქვა:
- უფალო იესო ქრისტე, გიგალობ და გადიდებ, ჩემს დებს რომ მიმათვალე და ღირს-მქმენ იგივე ღვაწლი დამეთმინა შენთვის.
დედაც არ
წყვეტდა უმცროს ქალიშვილზე ლოცვას, ღმერთს შესთხოვდა, ბოლომდე დაათმენინეო და შვილს ასე შეაგონებდა:
- ჩემო მესამე რტოვ, ჩემო უსაყვარლესო შვილო, ბოლომდე იღვაწე, კეთილ გზას ადგახარ, დაწნულა უკვე შენი გვირგვინი და ღიაა შენთვის სასახლის კარი. მოგელის სიძე, მაღლით უმზერს შენს მოღვაწებას. როცა ხმალს თავს მოუდრეკ, შენს წმიდა და უბიწო სულს მიიღებს და შენს დებთან ერთად განგისვენებს. მაშინ სამივემ მომიხსენეთ თქვენი სიძის სასუფეველში, რათა უფალმა მეც წყალობა მომმადლოს და თქვენთან მყოფობას არ მომაკლოს თავის ღვთაებრივ ნათელში.
და
მაშინ წმიდა აღაპისაც წარკვეთეს თავი.
დედამ მისი
გვამიც აიღო და პისტისა და ელპიდეს სხეულებთან ერთად ძვირფას კუბოში ჩაასვენა, ჯეროვნად შეამკო ისინი, ეტლით წააბრძანა ქალაქგარეთ და ერთ მაღალ ბორცვზე პატივით დაკრძალა. თან სიხარულის ცრემლით ტიროდა. სამი დღე დაჰყო შვილების საფლავზე სოფიომ. ღმერთს ევედრებოდა გულით და თავადაც აღესრულა. მორწმუნეებმა ისიც იქვე დამარხეს. ამგვარად მიეთვალა დედა შვილებს ცათა სასუფეველში. მოწამეობრივ გვირგვინსაც არ მოჰკლებია, რადგან სხეულის ნაცვლად გულმა იტანჯა ქრისტესათვის.
ასე
ბრძნულად გაასრულა სიცოცხლე ბრძენმა სოფიომ. სამი კეთილშობილი ასული - პისტი, ელპიდე და აღაპი ძღვნად შესწირა წმიდა სამებას.
წმიდაო და
მართალო სოფიო! რომელ ქალს მოუხვეჭავს ცხო¬ნება შენებრი შვილთასხმით?10 შენი შობილები მაცხოვრის სასძლოდ იწოდნენ, მისთვის იმარტვილეს და აწ მასთან ერთად სუფევენ და იდიდებიან. ჭეშმარიტად გაკვირვებისა და კეთილი ხსოვნის ღირსი შეიქმენ, შენი საყვარელი ასულების სასტიკი სატანჯველისა და სიკვდილის მჭვრეტელი როდი იგლოვდი დედის ჩვეულებისამებრ, არამედ ღვთის ძალით დამშვიდებული უფრორე იხარებდი, თავად განსწავლიდი და ევედრებოდი, დროებითი სოფელი არ დანანებოდათ, და უმოწყალოდ დაეღვარათ სისხლი ქრისტეს გულისათვის.
აწ
ინეტარე მისი ბრწყინვალე პირის ჭვრეტით შენს წმიდა ასულებთან ერთად, ჩვენც მოგვივლინე სიბრძნე, რათა რწმენის, სასოებისა და სიყვარულის შეძინებით წარვსდგეთ ყოვლადწმიდა, უქმნელი და ცხოველსმყოფელი სამების წინაშე და ვადიდოთ იგი უკუნისამდე, ამინ!
შენიშვნები:
1. იაკობ, 3,17.
2. მათე 10,28.
3. „ნათესავი მისი ვინ მიუთხრას?“ - ნათქვამია წინასწარმეტყველ ესაიას წიგნში (53,8).
4. ფილ. 2,10.
5. ესაია, 49,15.
6. ქება 8,6 და 7.
7. იოანე 15,13.
8. რომ, 8,35 და 37.
9. მათხაბი - წვერმოხვეული სადგისი
10. ქალების მიერ სალმობაში შვილთა შობა ევას ცოდვის სასჯელი იყო, მაგრამ ამაშივეა მათი ცხონების პირობაც. ამიტომაც გვეუბნება პავლე მოციქული: „დედაკაცი სცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებითა და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“ (1 ტიმ, 2,15). ასეთი იყო წმ. სოფიო.
"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
No comments:
Post a Comment