წმ. იოანე ოქროპირი. ძჳრუჴსენებლობისათჳს და რაჲთა ვჰბაძვიდეთ სიმშჳდესა და ძჳრუჴსენებლობასა ქრისტესსა, რომელმან ყოველივე დუმილით თავს-იდვა

ძჳრუჴსენებლობისათჳს

აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, ნუ მარადის ძლევასა ვეძიებთ, რამეთუ მრავალგზის ძლევაჲ ვნებისა მომატყუებელ იქმნების, და ძლეულებაჲ - სარგებელისა. რამეთუ იხილენით კაცნი, ურთიერთას მოლალენი. რომელმან ფრიად აგინის და შეურაცხ-ყვის მოყუასი, ანუ თუ სცისცა, ჰგონებ, თუ უძლევიეს, გარნა იგი იძლია უფროჲსად და წარიტყუენა ვნებისაგან რისხვისა, და ფრიად ევნო; ხოლო რომელმან თავს-იდვა შეურაცხებაჲ, მან სძლო და მჴნედ გამოჩნდა, და არა თჳსი ოდენ, არამედ მოყუსისაცა ვნებაჲ იოტა; არა თჳთ ხოლო დაიცვა შეუწუველად, არამედ მოყუსისაცა საჴუმილი დაშრიტა, და ძლევაჲ მოიღო გულისწყრომისა მიმართ. ამისთჳს ვიტყჳ: ნუ ვეძიებთ მარადის ძლევასა. რამეთუ ანგაჰრმანცა მიიხუეჭის გლახაკისაჲ, და ჰგონებნ, თუ მძლე ექმნა, არამედ ბოროტ არს ძლევაჲ იგი, და წარმწყმედელ მძლისა მის; ხოლო რომელი-იგი დაიტყუენა და ძლეულად შეირაცხა, უკუეთუ მადლობით შეიწყნაროს, მიიღო გჳრგჳნი ძლევისაჲ. მრავალგზის უკუე იქმნების ესე, რომელ ძლეული მიიღებს ძლევისა გჳრგჳნსა და მძლე იგი წარწყმდების. მიხედენით მოწამეთა, ვითარითა სახითა იქმნა ძლევითშემოსილებაჲ მათი: ოდეს შეიკრნეს და იგუემნეს და დაიჭრნეს და მოიკლნეს, მაშინ მძლე ექმნეს. და ვითარცა ბრძოლათა შინა სოფლიოთა, ოდეს მოიკლას მჴედარი, იძლია, ეგრეთვე ჩუენსა ამას წესსა, ოდეს ვიგუემნეთ და მოვიკლნეთ, მაშინ მძლედ გამოვჩნდებით, და იქმნების ძლევაჲ იგი საღმრთო, რამეთუ წინააღმდგომ არს წესთა მათ სოფლისათა. ესევითარი ძლევაჲ მიიღეს ყოველთა წმიდათა. ესე ძლევაჲ მოიგე, კაცო! არა გიჴმს ბრძოლაჲ, არამედ მოთმინებაჲ ოდენ, და გიძლევიეს. ამით ჯერითა ნეტარი იოსებცა განბრწყინდა, რამეთუ მოთმინებითა თჳსითა მოიღო ძლევაჲ. ძჳრი აჩუენეს ძმათა მისთა, ძჳირი აჩუენა დედაკაცმან მან მეგჳპტელმან, არამედ ყოველთა იგი მძლე ექმნა. ბილწი იგი ვერცა თუ ვნებასა თჳსსა მძლე ექმნა, ხოლო იოსებ დედაკაცსა მასცა წინააღუდგა და ბრძოლასაცა ჴორცთასა მძლე ექმნა. მერმე დაისაჯა უბრალოჲ იგი და დუმილით თავს-იდვა დასჯაჲ იგი, ვითარცა ქრისტემან, რამეთუ იგი ყოველივე ამისა სახე იყო. შეიყენა იოსებ დილეგასა, და მეძავი იგი იყო ფლობილად, არამედ ძლევაჲ მას მიეღო, რომელმან აღასრულა თჳსი ნებაჲ, და არა დედაკაცმან. რამეთუ იოსების ნებაჲ იყო დამარხვად სიწმინდისა, და აღასრულა რაჲ-იგი სწადოდა; ხოლო ბორგნეული იგი ისწრაფდა შთაგდებად მისა ბრალსა მრუშებისასა, და ვერ უძლო, არამედ იძლია და სირცხჳლეულ იქმნა. ამისთჳს, საყუარელნო, ჩუენცა ესე ძლევაჲ მოვიგოთ, რომელ იქმნების მოთმინებითა ძჳრისხილვისაჲთა; ხოლო მის ძლევისაგან ვივლტოდით, რომელ იქმნების ძჳრის-ყოფითა მოყუსისაჲთა. ესრეთ თუ ვიქმოდით, საწუთროჲცა ესე ცხორებაჲ მშჳდობით და მყუდროებით წარვლოთ, და კეთილთა მათ საუკუნეთა მივემთხჳნეთ, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.




რაჲთა ვჰბაძვიდეთ სიმშჳდესა და ძჳრუჴსენებლობასა ქრისტესსა, რომელმან ყოველივე დუმილით თავს-იდვა.

ხოლო ჩუენ, საყუარელნო, ვიჴსენებდეთ ვნებათა მათ, რომელნი ქრისტემან თავს-ისხნა ცხორებისა ჩუენისათჳს, და ვისწრაფოთ ბაძვად სიმშჳდესა და ძჳრუჴსენებლობასა მისსა. რაჲ შეგემთხჳა, კაცო, ესევითარი, ვითარ-იგი უფალსა ჩემსა შეემთხჳა? გინა თუ იგინე მოყუსისაგან, გინა თუ იგუემე, გინა თუ იყუედრე, მისთა მათ ვნებათაგან დიდად ნაკლულევან ხარ. რამეთუ გულისჴმა-ყავ, თუ ვინ იყო იგი, ანუ ვიეთგან შეემთხჳა, რაჲ-იგი შეემხთჳა. დამბადებელი ცისა და ქუეყანისაჲ, რომლისა წინაშე ძრწოლით დგანან ზეცისა მჴედრობანი, ესე ჩუენთჳს კაც იქმნა და ქუეყანასა ზედა იქცეოდა, შეემშია და მოეწყურა და დაშურა, მერმე მოწაფემან განყიდა იგი, სხუათა მათ დაუეტევეს და ივლტოდეს, უშჯულოთა მათ შეკრეს იგი და წარადგინეს კაიაფაჲსა. მონამან მან ყურიმალსა სცა, სხუანი ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და სცემდეს თავსა მისსა, მერმე კუალად შეკრეს იგი და მიიყვანეს პილატესა, ხოლო მან ტანჯა და მისცა ჯუარცუმად. მჴედარნი იგი ეკიცხევდეს, ჰურიანი აყუედრებდეს, ავაზაკი გმობდა, და რაჲმე ვთქუა, რამეთუ მოუძლურდების ენაჲ ვნებათა მისთა წარმოთქუმად. და ყოველივე იგი უყვეს უმიზეზოდ და თჳნიერ ყოვლისა ბრალისა; ხოლო სახიერმან მან ყოველივე დუმილით და სიმშჳდით თავს-იდვა, არა სიტყუა-უგო, არცა აცილობდა, არამედ დუმილითა მძლე ექმნა, რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ დიდი წამალი არს ცხორებისაჲ სულგრძელებაჲ, და ვითარმედ რავდენცა სიმშჳდით თავს-ვიდვათ, უმეტესად მძლე ვექმნებით ბოროტისა მყოფელთა ჩუენთა. გარნა ჩუენ, რომელნი დღითი-დღე აღმოვიკითხავთ და გუესმის ესე ყოველი, ფიცხელ ვართ და ცხარ და უთმინო და მრისხანე მოყუასთაცა მიმართ და უმრწემესთა, და არა თავთა ჩუენთა ვაბრალებთ, არამედ სხუათა, - მან ვინმე შემაწუხაო და განმარისხა. რაჲ არს, კაცო, სიტყუაჲ ესე შენი? მაშინ ჯერ-არს უფროჲსად სულგრძელებისა ჩუენებად, ოდეს ვინმე შეგაწუხოს. ხოლო უკუეთუ არაჲ ვინ მიზეზი გუცეს, მაშინ მჴეცნიცა მშჳდ არიან, რამეთუ იგინიცა უკუეთუ არავინ აღაშფოთნეს, არა აღშფოთნებიან. აწ უკუეთუ ჩუენცა მაშინ ოდენ მშჳდ ვიყვნეთ და სულგრძელ, ოდეს არავინ განგუარისხოს, და ოდეს მიზეზი ვინ გუცეს, მჴეცთა უფიცხლეს ვიყვნეთ, რაჲთა უმჯობეს ვართ მათსა? მათ ვერ აბრალობ, რამეთუ ბუნებით აქუს მჴეცობაჲ, ხოლო შენ, კაცო, რაჲ გაქუს სიტყუაჲ? უკუეთუ ვინ წარიტაცა შენი, უკუეთუ პატივი მიგიღო, უკუეთუ გაგინა, უკუეთუ გცა, არავე გაქუს მიზეზი განრისხებისაჲ. ერთად, რამეთუ ვხედავთ სახესა მას მოთმინებისა და სულგრძელებისასა უფლისა ჩუენისა, "რომელმან ივნო ჩუენთჳს", ვითარცა იტყჳს მოციქული, "და ჩუენ დაგჳტევა ჴელითწერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალსა მისსა; რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა; რომელი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მსაჯულსა სიცრუით; რომელმან ცოდვანი ჩუენნი თავს-ისხნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვასა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განვიკურნენით". მეორედ, რამეთუ უწყით, ვითარმედ მაგინებელნი და შეურაცხმყოფელნი ჩუენნი უფროჲსად სარგებელ გუექმნებიან, ვიდრეღა მაქებელნი და პატივმცემელნი; რამეთუ იგინი გჳრგჳნსა მოთმინებისასა მოგუატყუებენ, უკუეთუ გუენებოს, ხოლო ესენი ზუაობასა და ამპარტავანებასა შთაგუაგდებენ, უკუეთუ არა ფრიად ვეკრძალნეთ. და ვითარ იყოსო ესე, რაჲთამცა მაგინებდა ვინ და შეურაცხ-მყოფდა და არამცა განვრისხენ? მეტყჳან ვიეთნიმე. ჰე, ძმაო, შესაძლებელ არს ესე და არა შეუძლებელი. ოდეს ვინმე შეგაწუხოს და ბოროტი გიყოს საქმით, გინა სიტყჳთ, და აღიძრვოდი გულისწყრომად, გამოსახე სასწაული ჯუარისაჲ გულსა შენსა, მოიჴსენენ ვნებანი და შეურაცხებანი ქრისტესნი, რომელ ჩუენთჳს დაითმინნა, მოიჴსენე შიში ღმრთისაჲ და განქარდეს ვნებაჲ იგი შენგან და იქმნა მშჳდ და მოთმინე. უკუეთუ კუალადცა იტყჳ, თუ: შეუძლებელ არს ესე, მიხედენ მებრ მონათა შენთა და მათგან ისწავე. ოდეს აგინებდე და შეურაცხ-ჰყოფდე და სცემდე, და იგინი დუმილით თავს-იდებდენ, ცან, ვითარმედ არა შეუძლებელსა საქმესა გეტყჳ. რომელსა იგინი იქმან შიშისათჳს შენისა, შენ შიშისათჳს ღმრთისა რად არა ჰქმნა? ოდეს იქმნას ჟამი შფოთისაჲ, და ძჳრსა იტყოდის და გაგინებდეს მოყუასი, გულისჴმა-ყავ, რამეთუ წარუწყმედია გონებაჲ თჳსი, და უფროჲსად სწყალობდი, რამეთუ ეშმაკეულნიცა მრავალგზის გუცემდიანცა, და არა განვრისხნით, არამედ უფროჲსად ვსწყალობდით. ეგრეთვე შენ ქმენ, შეიწყალე მაგინებელი იგი, რამეთუ ბოროტითა ეშმაკითა შეპყრობილ არს, მრისხანებისა და გულისწყრომისაჲთა, რომელმან-იგი მრავალგზის მეყსა შინა დიდნი ბოროტნი ქმნნის. გიჩუენამცა ვინ შიშულად სული მრისხანისაჲ და სული მოთმინისაჲ, და იხილემცა მრისხანისაჲ მის მიმსგავსებული ზღუასა აღძრულსა ღელვითა წარმწყმედელითა, ხოლო მოთმინისაჲ მის - ნავთსაყუდელსა მყუდროსა, რომელსა ვერ აღსძრვენ ნიავქარნი ვნებათანი. და თჳთ მებრ მრისხანე მარადის მაბრალობელ არს თავისა თჳსისა, მხილებული გონებისაგან, ხოლო სულგრძელი და მოთმინე განისუენებს სულითა. რად ეძიებ, კაცო, სხჳსაგან პატივსა? შენ თჳთ პატივ-ეც თავსა შენსა და ვერვინ შეურაცხ-გყოს; უკუეთუ კულა შენ საქმით შეურაცხ-ჰყოფდე თავსა შენსა, დაღაცათუ ყოველი სოფელი პატივ-გცემდეს, უპატიო ხარ და შეურაცხ. რამეთუ ვითარცა-იგი უკუეთუ ჩუენ თჳთ არა ვავნოთ თავთა ჩუენთა, ვერვის ჴელ-ეწიფების ვნებად, ეგრეთვე, უკუეთუ ჩუენ არა უპატიო და შეურაცხ-ვყვნეთ თავნი ჩუენნი, ვერვინ უპატიო-გუყოფს. იყავნ კაცი ვინმე საკჳრველი და სათნოჲ, და ყოველნი ხდიდენ მას მსიძვად და მპარვად და ავაზაკად, და იგი მოითმენდინ ყოველსავე სულგრძელებით; რაჲ ევნო სიტყუათა მათგან? არარაჲ ყოვლადვე; არამედ უფროჲსად მათ ევნო, რომელნი ესრეთ იტყოდეს. მითხარღა, უკუეთუ ვინმე მზესა ბნელ უწოდოს, მას ავნო, ანუ თავსა თჳსსა? ცხად არს, რამეთუ თავი თჳსი განცჳბრებულად და ცოფად გამოაჩინა, ხოლო მზესა არარაჲ ავნო. ეგრეთვე არიან, რომელნი კაცისა ღმრთისმსახურისათჳს ძჳრსა იტყოდინ. აწ უკუე ესე შევიკრძალოთ, რაჲთა გონებაჲ ჩუენი წმიდა-ვყოთ და არა ვსცეთ მიზეზი მხილებად ჩუენდა; ხოლო უკუეთუ სხუანი ბოროტსა გუწამებდენ, რომელნი ჩუენ არა უწყოდით, ყოვლადვე ნუ ვზრუნავთ ამისთჳს. რამეთუ არარაჲ ევნების კაცსა სახიერსა, უსახურად თუ ვიეთგანმე შეირაცხოს. ხოლო რომელმან ძჳრი უზრახა სიცრუით, მას უფროჲსად შეემთხჳა ვნებაჲ და ზღვევაჲ. ვითარცა-იგი უკუეთუ ვინ ცოდვითა სავსე იყოს, დაღაცათუ კაცთა მიერ საქებელ იყოს, არარას ერგების, არამედ უფროჲსად დასასჯელ ექმნების. ამისთჳს გევედრები, დაუტეოთ ზრუნვაჲ სხუათა ჰაზრისათჳს და სხუათა პატივისა და შეურაცხებისაჲ, და ესე ვიღუაწოთ, რაჲთა გონებაჲ ჩუენი ვერას ბოროტსა გუამხილებდეს; არამედ სათნოდ ღმრთისა ვიქცეოდით, რაჲთა აქაცა კეთილად ვიყვნეთ და მის საუკუნოჲსა დიდებასა მივემთხჳნეთ, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. 

წმიდაო და სასოო ჩუენო, და სამკაულო ყოველთა ქრისტეანეთაო, [იოვანე ოქროპირო], მეოხ ექმენ წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მამათა ჩუენთა იოვანეს და ეფთჳმეს, რომელმან ესე თარგმანა ბერძულისაგან ქართულად თჳნიერ სომხურისა.

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment