წმ. იოანე ოქროპირი. რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს.

ამისთჳს მარადის ვიტყჳ: ნუ ადგილ-ვსცემთ ვნებათა ჩუენ შორის, არამედ განვიოტნეთ იგინი ჩუენგან და შევიკრძალნეთ კარნი სულისა ჩუენისანი, რაჲთა არა პოონ მათ შემოსავალ ჩუენ შორის. რამეთუ ესრეთ არს ჩუეულებაჲ ვნებათაჲ: უკუეთუ დაიპყრან ადგილი სულსა შინა, ვითარცა ცეცხლმან შთავრდომილმან ნივთსა შინა ჴშირსა აღატყინის ალი დიდი, ეგრეთ აღეტყინებიან და ეუფლებიან გონებასა. ამისთჳს გევედრები, ვიდრე მცირე და ჩჩჳლღა იყვნენ ვნებანი, აღმოვფხურნეთ ჩუენგან და განვიოტნეთ. ნუ ვიტყჳთ სიტყუასა მას ცუდსა და ბოროტსა, და ამაოდ ნუგეშინის-ვსცემთ თავთა თჳსთა, ვითარმედ: ესე რაჲმე არაჲ არს, და იგი რაჲმე მცირე ცთომაჲ არს და უნდოჲ. რამეთუ ამის საქმისაგან იშვებიან ბევრეულნი იგი ბოროტნი და ესე ღონე არს მზაკუვარისა მის და ბოროტისა ეშმაკისაჲ, მოპოვნებული წარსაწყმედელად კაცთა. იწყებს მცირისაგან და დღითი-დღე აღაორძინებს გესლსა თჳსსა, ვიდრემდის სრულიად მიგუცნეს წარსაწყმედელსა და შთაგუჴადნეს ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა.
ენება საულისი სიცბილსა მას მუცლითმეზღაპრეთასა შთაგდებად და წარწყმედად, გარნა უკუეთუმცა პირველითგან ესე ეთქუა, არამცა ესმინა მას, და უფროჲსად სდევნიდა მათ, არამედ მცირედ-მცირედ დაიმორჩილა. პირველად ურჩებად სამოელისა მოიყვანა და შეწირა პირველ მოსლვისა მისისა მსხუერპლი. მან აბრალა და საულ განიმართლა თავი თჳსი: გუერეოდესო მბრძოლნი და ამისთჳს ვქმენ. კუალად უბრძანა სამოელ, ღმრთისა მაგიერ, ამალეკისათჳს; მასცა გარდაჰჴდა. მერმე შევიდა მტერობასა მას დავითისსა და ესრეთ დღითი-დღე უძჳრესისა მიმართ წარემატებოდა, ვიდრემდის შთავარდა მთხრებლსა მას წარწყმედისასა. ეგრეთვე კაენს არა ჰრქუა პირველითგანვე ეშმაკმან მოკლვაჲ აბელისი; იცოდა, ვითარმედ არა ერჩოდის. არამედ პირველად დაარწმუნა, რაჲთა უმჯობესი თჳთ დაიმჭიროს და უდარესი ღმრთისა შეწიროს, და ჰრქუა: არარაჲ ცოდვაჲ არსო ესე. მერმე შურად ძმისა აღადგინა; ესეცა არაჲ არსო. ამისგან მოკლვაჲ ძმისაჲ აზრახა და ტყუილი ღმრთისა მიმართ, და არა დასცხრა, ვიდრემდე სრულიად დაიმორჩილა. ამისჳს ჯერ-არს დასაბამსა ბოროტთასა დაყენებად; რამეთუ დაღაცათუმცა დასაბამნი იგი ცოდვათანი თჳსსა წესსა ზედა ეგნეს, არცა ეგრეთ ჯერ-იყო უგულებელსყოფაჲ მათი. ხოლო აწ ვხედავთ, ვითარმედ დღითი-დღე უძჳრესისა მიმართ მივლენ. ამისთჳს ჯერ-არს ყოვლითა ძალითა დაჴსნაჲ მათი, ვიდრე მცირეღა და უძლურ იყვნენ. რამეთუ ნუ ამას ხედავ, კაცო, თუ ესე ცოდვაჲ ანუ იგი მცირე არიან, არამედ იგი გულისჴმა-ყავ, ვითარმედ უდებ თუ იქმნა, მცირენი იგი ძირ იქმნებიან დიდთა ბოროტთა. ხოლო მე ამასცა ვიტყჳ (დაღაცათუ ვისმე საკჳრველ უჩნდეს სიტყუაჲ ესე), ვითარმედ: არა უჴმს ესოდენი მოსწრაფებაჲ დიდთა ცოდვათა, ვითარ-იგი მცირეთა და უნდოთა აღმოსაფხურელად. რამეთუ დიდთა თჳთ ბუნებაჲ იგი ცოდვისაჲ მის საძაგელად ჩანს და მძიმედ, და ევლტის მათ სული ჩუენი, უკუეთუ არა სრულიად წარტყუენულ იყოს მტერისაგან. ხოლო მცირენი რეცა შეურაცხად ჩანან და უგულებელს-ვჰყოფთ, და მერმე უდებებითა ჩუენითა მსწრაფლ აღორძნდებიან და დიდ იქმნებიან. ესრეთ შთავარდა იუდაცა დიდსა მას ბოროტსა. რამეთუ უკუეთუმცა არა ეთქუა მას, თუ: მცირე არს პარვაჲ, რომელ-იგი რწმუნებულ იყო მისა საფასე გლახაკთაჲ, არამცა შთავრდომილ იყო განცემასა მას. უკუეთუმცა ჰურიათა არა მცირედ შეერაცხა ზუაობაჲ და კაცთმოთნებაჲ, არამცა შთავრდომილ იყვნეს ქრისტეს მოკლვასა. ეგრეთ არიან ყოველნივე ბოროტნი. რამეთუ მეყსეულად დიდთა ცოდვათა ძლით ვინ შთავარდების, რამეთუ აქუს სულსა ჩუენსა ბუნებით სირცხჳლი და რიდობაჲ მათ ბოროტთაჲ და ერთჯერ არა განიგდებს სრულიად სირცხჳლსა თჳსსა, არამედ მცირედ-მცირედ წარწყმდების, უკუეთუ უდებ იქმნას. ესრეთ შემოვიდა კერპთმსახურებაჲცა სოფლად. რამეთუ იწყეს კაცთა ზომისა უმეტესისა პატივისა ძიებად ცხორებასა ამასცა და შემდგომად სიკუდილისაცა. ამისგან იწყეს ხატთა და კერპთა აღმართებად; რომელთამე თავთა თჳსთაჲ, რაჲთა აჴსენებდენ ნათესავნი მომავალნი; სხუათა კუალად თჳსთა, გინა მეგობართა, აღჰმართიან სიყუარულისათჳს მათისა და პატივისა. ესრეთ მცირედ-მცირედ ღმრთად აღიარნეს და აღესრულა საცთური იგი კერპთმსახურებისაჲ. და თუ რომელსა საზომსა აღვიდა სიბოროტე მისი, ვიცი, არა უმეცარ ხართ. ეგრეთვე სიძვაჲ იქმნების. და ესრეთ გულისჴმა-ყავთ: იწყის ვინმე სიტყუად დედაკაცისა მიმართ. მოვიდის შორის სიცილი. თქჳს: არაჲ არს ესე, რაჲ ცოდვაჲ არს განცინებაჲ. მერმე იქმნის კადნიერებაჲ; ამისგან მოვიდის ზრახვაჲ საძაგელი; და დღითი-დღე წარემატებინ ბოროტი იგი, ვიდრემდის აღესრულის ცოდვაჲ. კუალად სხუამან ძჳრი უზრახის მოყუასსა. თქჳს: არარაჲ არსო ესე. ამისგან იქმნის სიძულილი, მერმე მტერობაჲ და ძჳრის-ჴსენებაჲ. ამის ყოვლისაგან იქმნის კაცის-კლვაჲცა. ესრეთ იქმს მარადის ბოროტი იგი მტერი ჩუენი ეშმაკი; მცირეთა ცოდვათაგან მოიღებს დიდთა, და დიდთაგან მოიღებს სასოწარკუეთილებასა. კუალად ესე სხუაჲ ღონე მოუპოებიეს წარწყმედისაჲ, რამეთუ ვერ წარწყმედს კაცსა ცოდვაჲ ესრეთ მსწრაფლ, ვითარ-იგი წარსწყმედს სასოწარკუეთილებაჲ. რამეთუ უკუეთუ ვინ ცოდვაჲ ქმნას, და მერმე განიფრთხოს და შეინანოს, განიკურნების წყლულებაჲ იგი მისი. ხოლო მო-თუ-ვიდეს სასოწარკუეთილებად და წამალი იგი სინანულისაჲ არა იჴმაროს, დაშთა უკურნებელად და წარწყმდა თჳსითა მით უდებებითა. აქუს მტერსა ჩუენსა სხუაჲცა ღონე წარწყმედისაჲ. მრავალგზის მარცხენით ვერ მძლე ექმნის, მოექცის მარჯუენით და მოწყლის, უგუნურად მბრძოლი რაჲ პოის. და ნუ გიკჳრს, თუ მარჯუენითცა მიიღებს იგი ძლევასა. ინება ვინმე ქალწულებაჲ; და არსცა კეთილ და საქებელ. არა დადგა საზომსა თჳსსა, არამედ იწყო ძაგებად ქორწინებისა, ანუ თუ განეშორა მეუღლესა თჳსსა გულისსიტყჳთა ესევითარითა, ვითარმცა ბოროტ იყო ქორწინებაჲ, და თავს-იდვა შრომაჲ, და ექმნა შრომაჲ იგი დასასჯელ. რამეთუ კეთილ არს ქალწულებაჲ, გარნა ქორწინებისა ძაგებაჲ და ბოროტად შერაცხვაჲ არა ჯერ-არს. სხუანი კუალად წესითა მარხვისაჲთა განეყენნეს ჭამადთა; მერმე იწყეს ძაგებად ჭამადთა, რომელნი დაჰბადნა ღმერთმან საზრდელად კაცთა, და შესცთეს გონებითა თჳსითა, ვითარცა მოციქული იტყჳს; რამეთუ არა შეუდგეს სიტყუათა და მოძღურებათა წერილისათა. ამის გამო ვიეთნიმე კორინთეს შინა სხუასა მახესა შთაცჳვეს და თქუეს, რაჲთა ყოვლისავე ჭამადისაგან მიიღებდენ, არამედ მოციქულმან დააყენა ესე, რამეთუ დაყენებულთა და არაწმიდათა გემოჲსხილვაჲ არა ჯერ-არს. სხუანი მოღუაწებისა სახითა ყოვლადვე არა აღიკუეცენ თმათა თავისათა, არამედ ესრეთ იქცევიან ერსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ. სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: 'ნუგეშინის-ეცით მას, ნუუკუე უმეტესითა მით მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ'. ესე იგი არს, ვითარმედ ზაკუვით გუებრძვის მარადის. ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწცა ადვილ არს, უკუეთუ განვიფრთხოთ. რამეთუ ყოველსავე ზედა მოგუცა ქრისტემან საჭურველი ბრძოლად მისა და გჳბრძანა არა უგულებელსყოფაჲ მცირეთაცა ცთომათაჲ. ამისთჳს თქუა: 'რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა'; და 'რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, იმრუშა'. და მოცინართა აბრალებს, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყჳს მიცემაჲ განაწესა. და ყოველსავე ზედა დაწყებასა და თესლსა ცოდვათასა დაჰჴსნის, რაჲთა არა აღიზარდნენ. ამისთჳს იობ გულისსიტყუათაცა შვილთა მისთასა წმიდა-ჰყოფდა. ხოლო სასოებისა არაწარკუეთისათჳს მრავალი განუწესებიეს უფალსა წერილთა შინა; ვითარცა იტყჳს: 'ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა, ანუ მიქცეული არა მოიქცისა?' და კუალად იტყჳს: 'არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ'; და კუალად იტყჳს: 'დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...'; და კუალად თქუა უფალმან: 'სიხარული იქმნების ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს'. და სხუანი მრავალნი ესევითარნი სიტყუანი და საქმენი მოგუცნა სახედ სინანულისა, რაჲთა გულსავსე ვიქმნათ, ვითარმედ, შევინანოთ თუ, ყოველთავე ცოდვათა შეგჳნდობს უფალი და შეგჳწყალებს. ამისთჳსცა გევედრები, საყუარელნო, დავკრძალნეთ კარნი ცოდვისანი, რაჲთა არა შემოვიდეს ჩუენ შორის. ნუ იტყჳ, თუ: რაჲ არს, უკუეთუ მივხედნე პირსა მას? რამეთუ უკუეთუ გულსა შინა შენსა იმრუშებდე, ადრე შთაჰვარდე ჴორცითაცა საქმესა. ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ამას გლახაკსა თანაწარვჰჴდე? რამეთუ ხვალე სხუასა წარჰჴდები და კუალად სხუასა და იქმნები უწყალო. ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ესე რაჲმე სხჳსაჲ აღვიღო? რამეთუ ამან წარწყმიდა აქაბი, და ფასიცა მისცა, გარნა იძულებით იყო საქმე იგი. უკუეთუ ძუელსა შინა შჯულსა ეგრეთ შეემთხჳა მას, რაჲ ყოფად არს, რომელნი აწ მიიტაცებენ გლახაკთაგან და დავრდომილთა? ესრეთ თუ ვიხარკოთ და ვიღუაწოთ აღმოფხურად ვნებათა პირველითგან დაწყებით, დიდთა ცოდვათა არასადა მივეცნეთ, არამედ სათნოებაჲ მოვიგოთ და ზეცისა სასუფეველსა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.



http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment