წმ. იოანე ოქროპირი. ვეცხლისმოყუარებისათჳს და ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ.

ვეცხლისმოყუარებისათჳს


ხოლო გნებავს თუ ცნობად, ვითარ იქმნების შეუძლებელი იგი შესაძლებელ, ისმინე შემდგომი იგი სიტყუაჲ. რამეთუ ოდეს-იგი ჰრქუა პეტრე: 'უფალო, აჰა, ესერა, ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენთჳს?' მიუთხრა უფალმან განმზადებული იგი მათთჳს სასყიდელი და მეყსეულად ესეცა შესძინა, ვითარმედ: 'ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს'.
აჰა, ესერა, გუასწავა, თუ ვითარ იქმნების შეუძლებელი იგი შესაძლებელ. თქუას უკუე ვინმე: და ვითარ იყოს ესე დატეობაჲ ყოვლისაჲვე, ვითარ განიფრთხოს, რომელი ერთგზის დანთქმულ იყოს ტრფიალებითა საფასეთაჲთა? ესე ესრეთ იყოს, რაჲთა გულისჴმა-ყოს ამაოებაჲ სოფლისაჲ და მცირედ-მცირედ ისწრაფოს წარუვალთა მათ მიმართ სრბად. აწ უკუე დაღაცათუ ვერ ძალ-გიც, კაცო, ერთბამად ყოვლისავე წარმართებად, არამედ ნელიად აღვიდოდე კიბესა მას ზეცად აღმყვანებელსა, განაყენე თავი შენი ფრიადისა მის ანგაჰრებისაგან და მოხუეჭისა სხუათაგან და მერმე იწყო თჳსისაგანცა სხუათა მიცემად. დააცხრვე შენ შორის სურვილი ეგე მრავალთა საფასეთაჲ, რაჲთა არა იყო მარადის გლახაკ. რამეთუ, მითხარღა, ვინ უმეტესად იგუემების: რომელსა სუროდის ფრიადისა ჭამისა და სუმისათჳს და არა აქუნდეს, ანუ რომელსა ყოვლადვე არა უნდეს ჭამაჲ და სუმაჲ? საცნაურ არს, ვითარმედ იგი, რომელსა აქუნდეს სურვილი და არა მიემთხუეოდის გულისთქუმასა თჳსსა, უმეტესად იგუემების. ამისთჳსცა გეჰენიაჲ ამით წესითა გამოგჳსახა ქრისტემან, რამეთუ იტყჳს მდიდრისა მისთჳს, ვითარმედ: სწადოდა წუეთისა ერთისა წყლისა პოვნად და არა ეპოებოდა ცეცხლსა მას შინა. ეგრეთვე რომელმან უგულებელს-ყვნეს საფასენი, დაუყენებიეს გულისთქუმაჲ იგი, ხოლო რომელსა სუროდის სიმდიდრისათჳს, მარადის ნაკლულევან არს; დაღაცათუ ბევრი შანთი მოიგოს, უმეტესისა სურვიელ არს და სწადინ, თუმცა მთანი და ბორცუნი ოქრო და ვეცხლ ექმნეს; ამაოჲ იგი სიბორგილე! ხოლო შენ, ძმაო, ესევითარი ბოროტი საფასეთა სიყუარული განაგდე შენგან და მოიგე სურვილი საუკუნეთა მათ და წარუვალთა საუნჯეთაჲ, სადა-იგი შრომაჲ მცირედი გჳჴმს მოგებად და სარგებელი მიუთხრობელი არს მომგებელთა მისთაჲ. მათ საუნჯეთა სურვილი რაჲ მოიგო, ადვილად აღგიჩნდეს წარმავალთა მათ და მავნებელთა მონაგებთა შეურაცხყოფაჲ და ყოვლისავე განბნევაჲ და შედგომაჲ ქრისტესი, რაჲთა ღირს იქმნე ცხორებასა მას საუკუნესა. გულისჴმა-ყვენ ბოროტნი იგი ვეცხლისმოყუარებისანი, რამეთუ პირველ მერმისა მის გეჰენიისა აქავე ბოროტად დამშჯელ არს სულისა. ამან სახლნი მრავალნი დაარღჳნა, ამან ბრძოლანი ბოროტნი აღადგინნა, ესე აზნაურებასა მას სულისასა მონა მონათა ჰყოფს, ახოვანთა მოშიშად გარდააქცევს, ასწავებს ტყუილსა ფიცსა, ცილისწამებასა, მტაცებლობასა, ანგაჰრებასა და სხუასა ყოველსავე ძჳრსა, რამეთუ ნანდჳლვე ძირი არს იგი ყოველთავე ბოროტთაჲ. გულისჴმა-ყავ უკუე, კაცო, ვითარ დააბნელებს იგი სულსა შენსა, ვითარ ოჴერ და წარწყმედულ-ჰყოფს. და ამის ყოვლისა შემდგომად მოვალს სიკუდილი და ბოროტად შენ მიერ შეკრებულთა მათ საფასეთა ჴელად მტერთა შენთა მიიღებს, ხოლო შენ წარგიყვანებს ცარიელსა მის ყოვლისაგან. არარაჲ გაქუნ შენ თანა, გარნა ხოლო წყლულებანი იგი, რომელნი საფასეთა მათგან შეემთხჳნეს სულსა შენსა. რამეთუ სიმრავლე სიმდიდრისაჲ და შუენიერებაჲ სამოსელთაჲ და დიდებაჲ სოფლისაჲ დიდად მოსწყლვენ სულსა და მრავლითა ბოროტითა აღავსებენ მას. ხოლო შენ გულისჴმა-ყავ პეტრე და პავლე, გულისჴმა-ყავ იოვანე და ელია, უფროჲსღა გულისჴმა- ყავ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რომელსა არა აქუნდა, სადამცა თავი მიიდრიკა. მას ჰბაძევდი და მონათა მათ მისთა, რომელთა არა სიმდიდრითა, არამედ სიგლახაკითა და ჭირვეულობითა აღასრულეს ცხორებაჲ ესე და მოიგეს ჭეშმარიტი სიმდიდრე. და ყოველსავე ზედა სიტყუაჲ უფლისაჲ ყურად-იღე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: 'ძნიად შევიდენ მდიდარნი სასუფეველსა ცათასა'; და ამას სიტყუასა წინააღუდგინე მთანი და ბორცუნი, ქუეყანაჲ და ზღუაჲ, და თქუ, ვითარმცა ყოველივე იგი ოქრო იყო, და ყოველივემცა ჴელმწიფებასა შინა შენსა იყო, და ყოვლისავე სოფლისა და ყოველთავე კაცთა მეუფებდიმცა, კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა, და შემოდიოდამცა შენდა ოქროჲ, ვითარცა წყალი; შეესწორებისა ამის ყოვლისა უფლებაჲ გამოვრდომასა სასუფეველისაგან? ნუ იყოფინ! არცა თუ ბევრეულნი სოფელნი ამის ყოვლისა სოფლისა სწორნი მოეცნენ ვის, შეესწორების მათ ყოველთა შეძინებაჲ ზღვევასა მას სასუფეველისასა. ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს, რაჲმე ვთქუათ ჩუენ, რომელნი მცირედისა და არარაჲსა მონაგებისათჳს და საფასეთათჳს ცუდთა და უნდოთა ანუ სხჳსა რაჲსმე წუთ ერთისა გულისთქუმისათჳს გამოვვარდებით სასუფეველისაგან ცათაჲსა? ამისთჳს გარეშენიცა ფილოსოფოსნი დედაქალაქად ბოროტთა იტყოდეს ვეცხლისმოყუარებასა, ხოლო ნეტარმან პავლე უმეტესად შემსგავსებული სახელი მოიპოა და ძირად ყოველთა ბოროტთა უწოდა მას. აწ უკუე, ძმანო, ესე ყოველი ვისწაოთ და ნუ მათ ვჰბაძავთ, რომელთა ბაძვაჲ უჯერო არს: მონაგებთა ფრიადთა და ტაძართა შუენიერთა და სიმდიდრესა მრავალსა; არამედ მათ ვჰბაძვიდეთ, რომელთა აქუს პირველისა მიმართ კადნიერებაჲ ფრიადი, და მოქალაქობაჲ მათი არს ცათა შინა და საუნჯენი მათნი მუნ დამარხულ არიან (ესე არიან ქრისტესთჳს გლახაკნი და ჭეშმარიტისა მის სიმდიდრისა მეძიებელნი), რაჲთა მათთანაცა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ.

ამისთჳს გევედრები, მოსწრაფე ვიქმნეთ სარწმუნოებასაცა ზედა მართალსა მტკიცედ დგომად ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და მოქალაქობისაცა სათნოჲსა მოგებად; რამეთუ უკუეთუ მოქალაქობაჲცა ღირსი სარწმუნოებისაჲ არა ვაჩუენოთ, დიდი მომეჴადოს ჩუენ სასჯელი. და ესე გამოაჩინა პირველითგანვე ნეტარმან პავლე, რამეთუ იტყჳს: 'ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს, და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს'. და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: 'არა ცხონდეს, არამედ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა'. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულისმთქუმელ ბოროტისა. და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე გჳბრძანებს და ამის ჯერისათჳს მრავალნი სწავლანი და მრავალნი იგავნი შემოიხუნა, ვითარცა იტყჳს, ვითარ-იგი მრავალნი სასწაულთაცა იქმოდეს და ეშმაკთა განასხმიდეს და სატანჯველადვე მიეცნეს, რამეთუ საქმენი კეთილნი არა შეიკრძალნეს. და კუალად, იგავი იგი ათთა ქალწულთაჲ და ბადისა მის სათრომელისაჲ და თესლისა მის ეკალთა შინა დარდომილისაჲ და ხისა მის უნაყოფოჲსაჲ. ესე ყოველნი ამისთჳს წარმოგჳთხრნა, რაჲთა საქმესა სათნოებისასა მოსწრაფე ვიყვნეთ. რამეთუ სარწმუნოებასა არა ფრიადი უჴმს შრომაჲ; ამისთჳს არა მრავალნი სწავლანი წარმოთქუნა მისთჳს უფალმან, ხოლო საქმეთათჳს კეთილთა მრავალნი წარმოთქუნა სწავლანი, რამეთუ უმეტესიცა უჴმს შრომაჲ და სამარადისო არს ბრძოლაჲ, და უკუეთუ მოქალაქობაჲ კეთილი უდებ-ვყოთ, დიდი ბოროტი შემემთხჳოს ჩუენ. და რად ვიტყჳ მოქალაქობასა სრულსა? ერთი თუ მცნებაჲ უგულებელს-ვყოთ დასასჯელ ვიქმნებით. უკუეთუ მოწყალებაჲ შეურაცხ-ვყოთ, სატანჯველად მივეცემით; რომელ-იგი არა თუ სრულებაჲ არს სათნოებათაჲ, არამედ ერთი მცნებაჲ არს და ნაწილი ერთი სათნოებათაჲ. გარნა ხუთნიღა იგი ქალწულნი ამისთჳს დაისაჯნეს, რამეთუ არა აქუნდა მოწყალებაჲ. ეგრეთვე მდიდარი იგი, ეგრეთვე მარცხენითნი იგი მდგომარენი. კუალად არაძჳრისზრახვაჲ ნაწილი არს სათნოებისაჲ უდარესი, გარნა იგიცა უკუეთუ არა წარვჰმართოთ, განგუაგდებს სასუფეველისაგან, ვითარცა თქუა უფალმან: 'რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა'. კუალად სიწმიდე, იგიცა ნაწილი არს სათნოებისაჲ, გარნა უკუეთუ გუაკლდეს იგი, ვერ ვიხილავთ უფალსა, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: 'მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რამეთუ ამისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი'. და ეგრეთვე მსგავსად სიმდაბლეცა ნაწილი არს სათნოებათაჲ ერთი, გარნა უკუეთუ ვინ იგი არა მოიგოს, დაღაცათუ სხუანი კეთილნი საქმენი აქუნდენ, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა; და საცნაურ არს ესე ფარისეველისა მისგან, რომელსა სხუანი ქველისსაქმენი მოეგნეს, ნაკლულევანებითა სიმდაბლისაჲთა წარწყმიდა ყოველივე. ხოლო ამისაცა უმეტესი რაჲმე მაქუს თქუმად, რამეთუ არა თუ ერთი სათნოებათაგანი დაგუაკლდეს, დაგუაყენებს შესლვად სასუფეველად, არამედ დაღაცათუ ვქმნეთ საქმე სათნოებათაჲ და არა ჯეროვნისა მის წესისაებრ ვქმნათ, ეგრეთვე შეგუემთხჳოს. ისმინეთ, რასა გჳბრძანებს უფალი: 'უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა'. აწ უკუე დაღაცათუ იქმოდი მოწყალებასა და არა უფროჲს მათსა იქმოდი, ვერ სრულ არს ქველისსაქმე შენი. იხილე უკუე, თუ ვითარ იქმოდეს იგინი მოწყალებასა. რამეთუ მნებავს ესე თქუმად, რაჲთა რომელნი არა იქმან ქველისსაქმესა, განიღჳძონ საქმედ, ხოლო რომელნი იქმან, არა ზუაობდენ, არამედ უმეტესად შესძინონ ქველისსაქმესა. ვითარ უკუე იქმოდეს ძუელსა შჯულსა შინა? ყოვლისა მონაგებისა ათეულსა მისცემდეს და მერმე კუალად მეორესა ათეულსა და კუალად მესამესა; კნინღა მესამედსა მონაგებისასა მისცემდეს, რამეთუ სამი იგი ათეულიესრეთ აღვალს. ამას ზედა თანაედვა პირმშოთა ყოველთა მიცემაჲ და პირველთა ნაყოფთა და სხჳსა მრავლისა შესაწირავისაჲ დღესასწაულთა შინა და თჳს თავთა. ხოლო უკუეთუ მესამედი ვინ, ანუ ნახევარი მონაგებთა თჳსთაჲ მისცეს გლახაკთა, ვერვე უმეტეს არს სიმართლე მისი ძუელისა მის შჯულისასა. რომელი არცა თუ მეათედსა მისცემდეს, რაჲსა ღირს არს? ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ნუ უგულებელს-ჰყოფთ საქმესა სათნოებათასა. უკუეთუ ერთი მათგანი უგულებელს-ვყოთ, დასასჯელ ვიქმნებით; ოდეს ყოვლით კერძო უდებ და დაჴსნილ ვიყვნეთ და დასასჯელ, რაჲ-მე იყოს ჩუენდა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველთაგან? თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ზემოთქუმულთა მათ სათნოებათა თითოეულისა მოგებად თანამდებ ვართ და უკუეთუ ერთიცა მათგანი უდებ-ვყოთ, სატანჯველად მივეცემით, რაჲ-მე სასოებაჲ იყოს ჩუენდა ცხორებისაჲ? ამას უკუე მეცა ვიტყჳ და მოციქულთაცა ოდესმე ჰრქუეს უფალსა: 'ვის ჴელ-ეწიფებისო ცხორებად? მიუგო უფალმან და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ', და გჳჩუენა გზაჲ ცხორებისაჲ, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ: ჯერ-არს ჩუენდა ლმობიერითა ცრემლითა ვედრებად ღმრთისა, რაჲთა მოგუცეს მისმიერი შეწევნაჲ და მადლითა მით მისითა უსასყიდლოჲთა გუაცხოვნეს ჩუენ. რამეთუ არა თუ მცნებანი მისნი შეუძლებელ არიან აღსრულებად, ნუ იყოფინ! არარაჲ ყოვლადვე გუამცნო ჩუენ შეუძლებელი, არამედ ბოროტნი იგი ვნებანი და ჩუეულებანი ჩუენნი აღგჳჩენენ მათ შეუძლებელად. ამისთჳს თქუა: 'შეუძლებელი კაცთაგან'. რომელთა კაცთაგან? რომელთა გონებანი კაცობრივ არიან და ჴორციელ, მათთჳს ძნელ არს ცხორებაჲ იგი საღმრთოჲ, არა თუ შეუვრდენ ღმერთსა ლმობიერად და მან სიზრქე იგი და სიფიცხე გულთა მათთაჲ მოაქციოს შიშსა თჳსსა. ხოლო თჳსსა ბუნებასა და წესსა ზედა ფრიად ტკბილ არიან და საწადელ მცნებანი ღმრთისანი. ამისთჳსცა ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომლისა საცნობელნი სულისანი წმიდა იყვნეს, რასა იგი იტყჳს, რამეთუ: 'ტკბილ არიანო სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა'. ეგრეთვე უკუეთუ ჩუენცა განვიწმიდნეთ საცნობელნი სულთა ჩუენთანი და ვითხოოთ მჴურვალედ ღმრთისამიერი შეწევნაჲ, ვიწყოთ ყოვლისავე მცნებისა საქმედ, რაოდენ ძალ-გუედვას, და იხილოს რაჲ უფალმან გულსმოდგინებაჲ ჩუენი, მოგუცეს ძალი უმეტესისაცა წარმართებად, ვიდრემდე მივიწინეთ მადლითა მისითა საზომსა მას სრულებისასა და ვიქმნეთ თანამოდასე მოშიშთა მისთა. რაჲ სიძნელე აქუს მოწყალებასა? - ჭეშმარიტად არცა ერთი. აწ უკუე ადვილი ესე მცნებაჲ მოსწრაფებით აღვასრულოთ და მერმე უძნელესთაცა აღსრულებად ფრიადი ძალი მოგუცეს უფალმან. ვიცხოთ თავთა ჩუენთა ზეთი იგი წყალობისაჲ, რაჲთა წყლულებანი სულთა ჩუენთანი განიკურნენ და ნათელი ღმრთისაჲ მოგუეფინოს. ნუ იტყჳ, თუ: მას ვისმე ესოდენი შანთი აქუს ოქროჲსაჲ და არას მისცემს. რაჲ არს ესე შენდა, კაცო? უკუეთუ შენ სიგლახაკისაგან შენისა ჰყო მოწყალებაჲ, უფროჲსღა საკჳრველ იქმნე. რასა ჰხედავ სხუათა კაცთა, მიხედე უფალსა, მეუფესა მას და მოძღუარსა ყოველთასა, რომელსა არა აქუნდა, სადამცა თავი მიიდრიკა, მას მიხედევდი, მას ჰბაძევდი, რასა სხუათა კაცთა ხედავ და განიკითხავ და უმეტესსა სასჯელსა შთაჰვარდები. ნუ განიკითხავ სხუათა, ნუცა დაჴსნილობასა სხუათასა ჰბაძავ, არამედ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ჰბაძევდი. არა თუ მე კეთილი მიყოფიეს შენდა, კაცო, არა თუ მე ვარ მჴსნელი შენი, რაჲთამცა მე მხედევდი, სხუაჲ არს მჴსნელი და ქველისმოქმედი შენი, რაჲსათჳს დაუტეობ მეუფესა და მონათა ჰხედავ? არა გასმიესა, რასა-იგი იტყჳს? 'ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა'. და კუალალ იტყჳს: 'რომელსა ჰნებავს თქუენ შორის პირველ- ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა; რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა ვისგან, არამედ მსახურებად და მიცემად სულისა თჳსისა საჴსრად მრავალთა'. და კუალად თქუა: 'რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-იგი მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდით'. აწ უკუე, საყუარელო, დაღაცათუ არამცა ვის ჰპოებდი კაცთა შორის სახედ კეთილისა და უფალსამცა ხოლო ჰბაძევდი, უმეტესადმცა საკჳრველ იქმენ, ვითარცა იგინი განბრწყინდეს, რომელნი უწინარეს ქრისტეს მოსლვისა იპოვნეს მოქმედ სათნოებისა, თჳნიერ სხუათა მიერ მოძღურებისა და სახისა, ვითარ იყო ნოე, აბრაჰამ, მელქიზედეკ, იობ და მსგავსნი მათნი. ხოლო აწ ჩუენ მრავალნი გუქონან სახენი სათნოებისანი: პირველად უფალი და მეუფე ჩუენი იესუ ქრისტე და მერმე აურაცხელი იგი სიმრავლე წმიდათაჲ, რომელთა საქმენი მზისა უბრწყინვალესად ბრწყინვენ. მათა მიმართ ჯერ-არს მარადის ხედვაჲ და მათი ბაძვაჲ, და არა მათი, რომელთა დღეს ჰბაძავთ და პირსა შინა გქონან. რამეთუ მესმის, ვითარმედ არარაჲ არს სხუაჲ თქუენ შორის სიტყუაჲ, გარნა ესე: მან ვინმე მოიგო ესოდენი სოფელი, მან ვინმე მოჰმართა ესოდენი აგარაკი, მან ვინმე დაიუნჯა ესოდენი ოქროჲ, მან ვინმე აღაშენნა ესევითარნი ტაძარნი, და სხუაჲ მსგავსი ამათი ცუდი რაჲმე და ამაოჲ მოსაგებელი. რასა იქმ, კაცო! უკუეთუ სხუათა ხედვაჲ და განცდაჲ გნებავს, იგინი განიცადენ, რომელნი ღმერთსა სათნო ეყვნეს, რომელნი მცნებათა მისთა აღასრულებენ; რასა შეცთომილთა მათ და უპატიოთა ჰხედავ და კუალსა წარწყმედისა მათისასა სურვიელ ხარ შედგომად, რაჲთა ისწაო მათგან ყოველივე ბოროტი. ჰბაძევდი მოყუარეთა და მოშიშთა ღმრთისათა, რაჲთა ისწაო მათგან სიმდაბლე, მოსწრაფებაჲ, ლმობიერებაჲ, მოწყალებაჲ და სხუაჲ ყოველივე კეთილი. იხილე, რაჲ-იგი შეემთხჳა ფარისეველსა მას, რაჟამს სათნონი დაუტევნა და დაცემულსა მას მიხედნა. იხილე და შეშინდი! ხოლო დავით მამათა მათ თჳსთა განიცდიდა, სათნოებათა შინა განბრწყინვებულთა, და იტყოდა: 'მსხემ ვარ მე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩემნი'. ესრეთ იქმოდა იგიცა და ყოველნი მსგავსნი მისნი. არა ცოდვილთა ხედვიდეს, არამედ მართალთა ჰბაძვიდეს. ეგრეთვე შენ იქმოდე, საყუარელო, რამეთუ არა თუ მსაჯულად და განმკითხველად სხუათა დაჯდომილ ხარ, გამოძიებად ცოდვათა მათთა, არამედ თავისა თჳსისა განკითხვად განწესებულ ხარ. 'უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენითო', იტყჳს წმიდაჲ მოციქული. ხოლო აწ ჩუენ წესი ესე შეგჳცვალებიეს და თავთა თჳსთა არცა დიდთა, არცა მცირეთა ცთომათათჳს მოვჰჴდით ბრალსა და სხუათასა დიდითა გამოწულილვითა გამოვეძიებთ. გარნა აწ დაუტეოთ უწესოჲ ესე წესი და ცოდვათა ჩუენთა სამსჯავროჲ განვაწესოთ ჩუენ შორის და თჳთ ვიქმნეთ მსაჯულ და შემასმენელ და მტანჯველ თავთა თჳსთა, რაჲთა მუნ არა დავისაჯნეთ, არცა ვიტანჯნეთ. ხოლო სხუათასა ნუ ცთომათა გამოვეძიებთ, არამედ სიმართლეთა, რაჲთა ჴსენებითა თჳსთა ცოდვათაჲთა და ბაძვითა სხუათა სათნოებისაჲთა დღითი- დღე ვაბრალებდეთ თავთა თჳსთა და წარვემატებოდით სიმდაბლესა შინა, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment