„თუალნი უფლისანი ბნელსა შინა ბევრეულად უნათლეს მზისა არიან, რომელი ხედავს ყოველსა გზასა კაცისასა და განმხილველი საიდუმლოთა შინა ადგილთა“.1
როდი უწყოდა ეს ჭეშმარიტება ალექსანდრიელმა2 წარჩინებულმა ქალბატონმა თეოდორამ. ცბიერ მტერს ენდო, ირწმუნა მისი იდუმალი ჩაგონება: ღმერთი ვერ დაინახავსო ბნელში ჩადენილ ცოდვას, მზის შუქისაგან დაფარულს. მაგრამ თავად როს გამოსცადა, დარწმუნდა, რომ ღმერთს არაფერი დაემალება და მაშინ კი უკიდეგანო სინანული გამოაჩინა.
თეოდორა ქმართან პატიოსნად ცხოვრობდა, მაგრამ ერთხელაც საცთური მოევლინა. ერთ მდიდარ კაცს, ახალგაზრდასა და ქარაფშუტას ეშმაკმა მისდამი გულისთქმა აღუძრა. მთელი ძალ-ღონით ცდილობდა ჭაბუკი ქალი სიძვაზე დაეყოლიებინა; ძვირფას საჩუქრებს უგზავნიდა, მეტსაც ჰპირდებოდა, მრავალსიტყვაობით ხიბლავდა. თავად რომ ვერაფერს გახდა, ერთი ჯადოქარი დაიქირავა, რათა მას ეცდუნებინა კდემამოსილი თეოდორა და თავისი გულისთქმა აესრულებინა. ამ მაცდურმა ქალმა სატანის შემწეობით მარჯვე დრო იგდო ხელთ და თეოდორას იმ ჭაბუკზე ჩამოუგდო სიტყვა. თეოდორამ ამოიხვნეშა:
- ოჰ, აღარ ვიცი, ამ კაცს როგორ დავაღწიო თავი, რამდენი ხანია შემაღონა! მის ნებას რომ დავყვე, თავად მანათობელი მზე დაამოწმებს ღმერთთან ჩემს ცოდვას!
- ასეთ შემთხვევაში, - ურჩია მაცდურმა, - მოდი, მზე რომ ჩაესვენება და უკუნი ღამე დადგება, მაშინ აუსრულე ჭაბუკს გულის წადილი სადმე შეფარულ ადგილას. ვინღა გაიგებს ამ საქმეს, ანდა მოწმე რაღა იქნება ღვთის წინაშე? უკუნეთი ხომ ყველაფერს მიჩქმალავს.
- რა კარგი იქნება, თუკი ღამეულ ცოდვას ღმერთი ვერ შეიტყობს. - თქვა თეოდორამ.
- ასეც იქნება, - დაბეჯითებით არწმუნა მაცდურმა - ღმერთი ხომ მხოლოდ მზის სინათლეზე ქმნილ ცოდვებს ხედავს, ხოლო რასაც ბნელი ჰფარავს, იმას როგორ დაინახავს?
წამოეგო მაცდური ჯადოქრის დაგებულ მახეს ყმაწვილი, გულუბრყვილო და გამოუცდელი თეოდორა. ეშმაკის ცდუნებაც დიდად შეეწია ამ ბოროტებას. მისი ძალა ხომ ასე დიდია, ჩვენი ბუნება კი ვნებებისადმი ასე მიდრეკილი და უძლური. დაჰყვა თეოდორა ცბიერ რჩევებს და ერთ ბნელ ღამესაც აღასრულა უსჯულო საქმე. მზე ამოიწვერა თუ არა, მაშინვე ღვთის წყალობამ შეასხივა თეოდორას გულში და გულისხმააყოფინა ჩადენილი ცოდვა. გულშემუსვრილმა ხელები წაიშინა სახეში, თმები დაიგლიჯა. თავისი თავის შერცხვა, შეზიზღდა. ღვთის განუზომელმა წყალობამ, რომელსაც არა ნებავს წარწყმედა ცოდვილისა, არ დაუტევა თეოდორა უწინდელი კდემამოსილების გამო და მსწრაფლ სინანულად მოაქცია. ასე დაუშვებს ხოლმე ღმერთი კაცის დაცემას, რათა აღმდგარმა უფრო მეტი მოღვაწება და გულმოდგინება აჩვენოს მას, რომელმაც ცოდვანი მიუტევა.
ჩადენილ ცოდვაზე წუხილითა და ტირილით დამაშვრალი თეოდორა ამ ფიქრითღა ცდილობდა თავის დამშვიდებას: „ღმერთმა არ უწყის ჩემი ცოდვა, თუმცა, თუკი არ უწყის, ჩემთვის ხომ მაინც სირცხვილია და თავისმოჭრა“.
ნაღველის გადასაყრელად თეოდორა ქალთა მონასტერში გაეშურა, რომლის იღუმენიასაც კარგად იცნობდა. იღუმენიამ მისი შეწუხებული სახე რომ დაინახა, ჰკითხა:
- რა დარდს შეუურვებიხარ, შვილო ჩემო? ქმარმა ხომ არ გაგანაწყენა?
- არა, ქალბატონო, თავადაც არ ვიცი, რატომ დამაწვა გულზე სევდა. - მიუგო თეოდორამ.
ღვთის სულის შთაგონებით იღუმენიამ სულისსარგო საუბარი გაუბა დანაღვლიანებულ ქალს და სანუგეშებლად საღვთო წიგნების კითხვა დაუწყო. როცა ერთ-ერთ სწავლანს კითხულობდა, სახა¬რებისეულ გამოთქმას მიადგა: „ხოლო არარაБ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისთვის, რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯესა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა“.3
სახარების სიტყვები რომ მოისმინა, თეოდორამ გულში იკრა ხელი და აღმოხდა:
- ვაი შენ, წარწყმედილო ჩემო თავო! ახლა კი დავიღუპე, მოვტყუვდი, ვფიქრობდი, ღმერთი ვერ შეიტყობს-მეთქი ჩემს ცოდვას.
და მოთქმა-გოდებით ხელები წაიშინა თავში.
მაშინ იღუმენია მიხვდა, რომ თეოდორას ცოდვაში ჩაედგა ფეხი და ჩაეკითხა. ქალს ცრემლები მოებჯინა ყელში და ძლივსძლივობით უამბო მომხდარი. ყველაფერი წვრილად რომ მოუყვა, ფეხებში ჩაუვარდა იღუმენიას და შესთხოვა:
- შეიწყალე, ქალბატონო, წარწყმედილი ჩემი თავი და მასწავლე, რა ვიღონო. შეიძლება კი ჩემი გადარჩენა, თუ უკვე საუკუნოდ დავიღუპე? ღვთის მოწყალების იმედი კიდევ მქონდეს თუ სასოწარკვეთას მივცე თავი?
იღუმენიამ დაიწყო:
- ცუდი საქმე ჩაგიდინია, შვილო ჩემო, არ უნდა გერწმუნა მტრისა. სწორად ვერ განსაჯე, ღვთისგან დამალვას რომ ეცადე. გულთა და თირკმელთა განმკითხველმა შორით უწყის კაცთა ზრახვანი. ჯერ არქმნილი საქმეც კი ვერ ემალება მის მზერას. არც ღამეს, არც დაფარულ და ბნელ ადგილს არ ძალუძს მის ყოვლისმხედველ თვალს ცოდვა გამოაპაროს. ცუდად მოიქეცი, შვილო ჩემო, ღმერთიც განარისხე და ქმარსაც ვერ შეუნახე ნამუსი; სხეულიც წაიბილწე და სულსაც აზიანე. რატომ ადრე არ გამენდე, როცა იხიბლებოდი, შეგეწეოდი და გასწავლიდი, მტრის ხლართებისათვის როგორ დაგეღწია თავი. მაგრამ, რადგანაც მოსახდენი უკვე მოხდა, ახლა მაინც აღდექი და ღვთის მოწყალებას დაეგე, ილოცე გულის შემუსვრილებით, ცოდვა რომ მოგეტევოს. სასოს ნუ წარიკვეთ, შვილო ჩემო, დიდი ცოდვა კი გადევს კისერზე, მაგრამ იცოდე, ღვთის წყალობა განუზომლად უფრო დიდია და არ არსებობს ცოდვა, ღვთის კაცთმოყვარეობას რომ სძლიოს. გამხნევდი და ცხონდები.
ასე შეაგონა და განსწავლა თეოდორა იღუმენიამ, სინანულის გზაზე დამოძღვრა, თან დაამშვიდა, ღვთის განუზომელ მოწყალებასა და ენითუთქმელ სახიერებაზე მოუთხრო, როგორ იღებს იგი მონანულთ და შეიწყნარებს ცოდვილთ. სახარებისეული ცოდვილი დედაკაცი გაახსენა, ცრემლებით რომ ალტობდა ქრისტეს ფეხებს და თმებით წარხოცდა, რისთვისაც უფალმა ცოდვანი მიუტევა.
ყურად-იღო თეოდორამ კეთილი მასწავლებლის თითოეული სიტყვა და გულს აღიბეჭდა.
ცოტათი გულსმოფონებული დაბრუნდა შინ თეოდორა, მაგრამ სინდისი გასაქანს არ აძლევდა, ქმრისთვის სახეში შეხედვისაც ერცხვინებოდა და სულ იმის ფიქრში იყო, ღვთის გული როგორ მოელბო: ჯერ დედათა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მიხვდა, ქმარს ვერ დაარწმუნებდა. და აი, ერთი რამ მოიფიქრა ქმრისა და ნაცნობ-მეგობრებისაგან თავის დასაღწევად:
ერთხელ მისი ქმარი რაღაც საქმეზე გაემგზავრა. თეოდორამ დრო იხელთა, შეღამდა თუ არა, თმა მოიკვეცა, მამაკაცის სამოსი ჩაიცვა, ღვთის ნებას მინდობილმა სახლი დატოვა და მახიდან თავდაძვრენილი ჩიტივით სწრაფად გაუჩინარდა. უდაბნოს მიაშურა და იქ ერთი მონასტერი იპოვა. ეს მონასტერი ქალაქიდან თვრამეტ ვერსზე იყო და „ოქტოდეკატად“4 იწოდებოდა. მივიდა და კარიბჭეზე დააკაკუნა. მეკარე გამოვიდა თუ არა, უთხრა:
- ყავ სიყვარული, მამაო, მიდი, მოახსენე იღუმენს - მონასტერში შემიწყნაროს ცოდვილი. ჩემი ბოროტი საქმეები მინდა მოვინანიო. ამად მოვსულვარ. წმიდა ფეხებს დაგბანთ, დღე და ღამ გემსახურებით, რასაც მიბრძანებთ, გავაკეთებ.
მეკარე გაბრუნდა და იღუმენს მოახსენა. იღუმენმა უთხრა:
- უნდა გამოვცადოთ, ღმერთმა მოავლინა თუ არა იგი ჩვენთან. დილამდე პასუხი არ გასცე და არც მონასტერში შემოუშვა. ვნახოთ, თუკი არსად წავა და შეწყალების მოლოდინით მონასტრის კარიბჭესთან მოთმინედ იჯდება, მაშინ საცნაური გახდება, რომ მართლაც გულმოდგინედ ღვთის მსახურებისათვისაა მოსული.
მეკარე ასეც მოიქცა. ზედაც აღარ შეუხედავს თეოდორასთვის, თითქოს უხმარი მონა ყოფილიყოს. ის კი კარიბჭესთან იჯდა და ტიროდა. დაღამდა. გარშემო ნადირები დაძრწოდნენ (ეს უდაბნო მხეცებით იყო სავსე), მაგრამ ლოცვისფარშემორტყმული თეოდორა ღვთის მადლით უვნებელი გადარჩა.
დილით მეკარემ სარკმლიდან გაიხედა. თეოდორა ისევ იქ იჯდა.
- რას ელოდები? - ჰკითხა, - აქ მაინც არ გამოდგები და არც მიგიღებთ.
- სიკვდილმაც რომ მიწიოს ამ კარიბჭესთან, მაინც არსად წავალ, - უპასუხა თეოდორამ, - სანამ წყალობას არ გაიღებთ და მონასტერში არ მიმიღებთ.
მეკარემ მისი სიმდაბლე და მოთმინება რომ დაინახა, კარი გააღო და იღუმენთან წაუძღვა. იღუმენმა თეოდორას სახელი, სადაურობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა.
- ალექსანდრიიდან ვარ, მამაო, - მიუგო გადაცმულმა ქალმა, - თეოდორე მქვია, ცოდვებითა და უსჯულოებით ვარ სავსე, მაგრამ გონს როს მოვეგე და ცოდვები შევიცანი, სინანულის ნაყოფის მოტანა განვიზრახე. ამიტომაც მოვედი თქვენს სიწმიდესთან. მიმიღეთ თქვენს ძმობაში, გადამარჩინეთ დაღუპვის გზაზე მდგარი. ისე შემიწყნარე, მამაო, როგორც უფალმა - ავაზაკი, მეზვერე და უძღები შვილი.
იღუმენმა მონასტრის შრომა და ღვაწლი აღუწერა და გააფრთხილა:
- ძალა არ გეყოფა, შვილო, ამ ღვაწლის ასატანად. ვხედავ, ყმაწვილი ხარ და ამსოფლიურ კეთილდღეობაში აღზრდილი. ჩვენს მონასტერში კი შვებას ვერ იპოვი. ჩვენი სამონაზვნო ტიპიკონი მძიმედსატვირთველ ცხოვრებას მოითხოვს, ჩვენთან მყოფობა კი - დიდ კრძალულებასა და მარხულობას. ძმები დიდ ჯაფას ეწევიან მორჩილებაში, საეკლესიო წესს არავინ აკლდება - ღამისთევის ლოცვებსა და ცისკარს, ჟამნებსა და მწუხრს, საკანში მრავალჯერ ლოცვასა და მეტანიას აღასრულებენ, ღამისთევის ლოცვებზე ცალკეულ დგომებს ხომ ვინ მოსთვლის. შენ ხორციელ მოსვენებას ხარ ჩვეული და ვერ შეძლებ, ჩვენთან ერთად გასწიო მონაზვნური ღვაწლის ჭაპანი. მართალია, ვხედავ, გულით ხარ მოსული, მაგრამ ვშიშობ, რომ არ გადათქვა შენი განზრახვა. აქ ბევრს დაუწყია გულმოდგინე მოღვაწეობა, მაგრამ ვეღარ გაუძლიათ და მალევე დაუტევებიათ კეთილი წამოწყება - სრულ უდებებაში ჩაცვენილან. ამიტომაც, გირჩევ, უკან დაბრუნდე, დაე ღმერთმა ცხონება მოგმადლოს, როგორც მისთვის იქნება სათნო.
თეოდორა იღუმენს მუხლებში ჩაუვარდა და ტირილით შესთხოვა:
- მამაო, ნუ გამაძევებ თქვენი წმიდა სავანიდან. თქვენთან ანგელოზებრივ თანაცხოვრებას ნუ მომაკლებ, ნუ მიმაბრუნებ ერში. იქიდან ვილტვი, როგორც იუდეველები ეგვიპტიდან. აღარ ვარ იქ დამბრუნებელი. ნუ შეგაშინებს ჩემი სიყმაწვილე, თქვენი წმიდა ლოცვებით კრძალულებას მივეჩვევი, ყველა ღვაწლს ვიტვირთავ ღვთის შემწეობით, ყველაფერს გულმოდგინედ შევასრულებ, რასაც მიბრძანებთ, ოღონდ მიმიღეთ, ცოდვები მინდა მოვინანიო.
ამდენი ხვეწნა-მუდარის შემდეგ იღუმენი დაჰყაბულდა, მონასტერში მიიღო და მორჩილად აიყვანა. აი, ასე დაიწყო დედაკაცმა მამაკაცთა შორის მამაკაცის სახედ ცხოვრება. ერთმა ღმერთმა უწყოდა მისი საიდუმლო. განა ძალუძს ვისმეს, მისი ღვაწლშემოსილი ცხოვრება აღწეროს? ძმები ხედავდნენ, როგორ შრომობდა მორჩილებაში, როგორ დაითმენდა კრძალულებაში, როგორ იმდაბლებდა თავს ყველას დამჯერი. მის დაფარულ საიდუმლო ღვაწლს - ღამისთევის ლოცვებს, გულ-შემუსვრილებას, ცრემლებს, მუხლმოდრეკებს, საქმიანობას კი ოდენ ღმერთი ჭვრეტდა. დღითა თუ ღამით მის მოწყალებას იყო შევრდომილი თეოდორა, როგორც ის მეძავი, ქრისტეს ფეხები ცრემლებით რომ დაალტო. ასე აღემატა მისი სინანული ჩადენილ ცოდვას, რადგან მონანულმა სიმდაბლით მოაკვდინა ყველა ვნება და გულისთქმა, ყველას წინაშე თავი დაიმცირა, თვითუარყოფით სძლია თავის ნებას და თითქოს ანგელოზად იქცა ჯერ კიდევ ხორციელი. ერთდროს შეგინებული მისი სხეული სინანულის ღვაწლმა და ცრემლთა დენამ განწმიდა და ღვთის წმიდა ტაძრად აქცია, სული წმიდის ჭურჭლად შექმნა.
გავიდა რვა წელი. ერთხელ მონასტერს ზეთი შემოაკლდა. ალექსანდრიაში ზეთის შესაძენად თეოდორა გაგზავნეს. მთელი ამ დროის განმავლობაში თეოდორას ქმარს მისი ძებნა არ შეუწყვეტია, ვერაფერი გაეგო, სად მიიმალა მისი ცოლი, რა დაემართა. დღედაღამ მჭმუნვარებდა და ღმერთს მოსწრაფედ ევედრებოდა, გამომიცხადეო ცოლის ადგილ-სამყოფელი. და აი, ერთხელ, ღამით ანგელოზი ეჩვენა და აუწყა:
- ნუ დარდობ შენს ცოლზე. ის ღვთის მონებთან ერთად ღმერთს ემსახურება. თუ მისი ნახვა გსურს, ადრიანად წადი და წმიდა პეტრეს ეკლესიასთან დადექი. იქ ნახავ მას. ვინც პირველი გამოივლის და მოგესალმება, ის იქნება შენი ცოლი.
გაახარა თეოდორას ქმარი ანგელოზის უწყებამ. უთენია წმიდა პეტრეს ეკლესიისაკენ გაეშურა. დადგა და აქეთ-იქით დაიწყო ცქერა მისი მოლოდინით, ვისი ნახვაც ასე სწყუროდა. ამ დროს აქლემებით გამოიარა ბერის სამოსში გამოწყობილმა ნეტარმა თეოდორამ. ქმარმა ვერ იცნო. ან კი როგორ იცნობდა, ჯერ ერთი, მამაკაცურად იყო შემოსილი, მერე კი - ისე გამოცვლილი. მისი ერთ დროს ულამაზესი სახე მარხვას და ღვაწლს სულ ჩამოეჭკნო. თეოდორამ კი შორიდანვე იცნო ქმარი, ჩუმად აცრემლდა და გულში გაიფიქრა:
- ვაი შენ, ცოდვილო ჩემო თავო! ქმრის წინაშე ჩადენილი ცოდვის გამო როგორ მოვაკლდი ღვთის წყალობას!
გვერდით რომ ჩაუარა, მდაბლად დაუკრა თავი და მიესალმა:
- დილა მშვიდობისა, ბატონო!
მანაც თავი დაუკრა და მიუგო:
- გაგიმარჯოს, მამაო!
ასე დაშორდნენ ერთმანეთს. თითქმის მთელი დღე იმ ადგილას გაატარა თეოდორას ქმარმა. შეღამებისას სახლში დაბრუნდა დამწუხრებული, ნაღვლობდა, საწადელს რომ ვერ ეწია, ანგელოზის ჩვენებაც ტყუილად შერაცხა. შინ შევიდა თუ არა, ისევ ლოცვად დავარდა ტირილით:
- უფალო, შენ უწყი ჩემი დარდი, მოხედე ჩემს ლოცვას, გამომიცხადე, ცოცხალია თუ არა ჩემი ცოლი, როგორ გზას ადგას კეთილსა თუ ბოროტს?
და აი, მეორე ღამეს ისევ ანგელოზი გამოეცხადა და ეუბნება:
- რაღად ტირი? განა შენი ცოლი არ გინახავს, როგორც მე გამცნე?
- არ მინახავს, უფალო ჩემო, - მიუგო მან.
მაშინ ანგელოზმა უთხრა:
- განა მე არ მითქვამს შენთვის, რომ პირველი, ვინც გვერდით ჩაგივლის და მოგესალმება, შენი ცოლი იქნება?
მაშინ კი მიხვდა თეოდორას ქმარი, რომ ენახა და ვერ ეცნო მეუღლე. მადლი შესწირა უფალს, რომ ცოლი ცოცხალი ჰყავდა და ღვთის სამსახურში იდგა. თავადაც იმედი მოეცა, ვცხონდები მისი ლოცვითო. ნეტარი თეოდორაც ჰმადლობდა ღმერთს, ქმარმა რომ ვერ შეიცნო. მონასტერში დაბრუნებული კიდევ უფრო გამეცადინდა ცხონებისათვის, ჯერ ერთი დღე მარხულობდა, მერე ორი, სამი... ხან კი მთელი კვირა ისე გადიოდა, ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, თან მხურვალედ ლოცულობდა ცოდვათა მიტევებისათვის.
იმ მონასტრის შორიახლოს ტბა იყო. იქ ერთი ნიანგი ცხოვ¬რობდა. ის ხშირად ამოდიოდა ტბიდან და გამვლელებსა და საქონელს ნთქავდა. ზენონ5 მეფის დანიშნულმა ალექსანდრიის ეპარქოსმა6 გრიგოლმა ტბასთან გამავალ გზაზე მცველები დაა¬ყენა, რათა იქ არავის გაევლო. ერთხელ იღუმენმა თეოდორა დაიბარა. განზრახული ჰქონდა გაეგო, დაევანებინა თუ არა თეოდორაში ღვთის მადლს და ამიტომაც დაავალა:
- ძმაო თეოდორე, წყალი გვესაჭიროება; აიღე სარწყული და ტბიდან წყალი მოზიდე.
კეთილმა მორჩილმა თეოდორამ მაშინვე სარწყულს დაავლო ხელი და ტბისაკენ გაეშურა. გზად მცველებმა შეაჩერეს:
- იქით არ წახვიდე, მამაო, თორემ მხეცი დაგგლეჯს.
თეოდორამ კი მიუგო:
- იღუმენმა წყლისთვის გამომგზავნა, ნაბრძანები უნდა შევასრულო.
თეოდორა ტბის ნაპირს მიუახლოვდა თუ არა, ნიანგმა გამოცურა, ზურგზე შეისვა თეოდორა და ტბის სიღრმეში შეიყვანა. მორჩილმა წყალი აავსო თუ არა, მხეცი უკან გამოტრიალდა და ნაპირზე გადმოსვა. თეოდორამ ნიანგი შერისხა, ამიერიდან ნურვის მიაყენებ ზიანსო და მხეციც უსულოდ დაეცა. მცველებმა ეს სასწაული რომ იხილეს, მაშინვე იღუმენსა და ეპარქიის მმართველს აცნობეს. ყველამ ღმერთი განადიდა ამ საოცარი ამბის სმენაზე. ძმებს უკვირდათ, როგორ არ ავნოო მხეცმა თეოდორას და მორჩილების ძალას აქებდნენ.
მაგრამ ზოგიერთ ძმას ეშმაკმა აუმღვრია გონება (მტრის ცდუნებისაგან ხომ არავინაა თავისუფალი), მომხდარი არ ირწმუნეს, თეოდორას სიძულვილი ჩაუვარდათ გულში. ასე ამბობდნენ:
- ჩვენ ამდენი ხანია მონასტერში ვცხოვრობთ და სასწაულებს არ ვიქმთ, ეს კი გუშინ მოვიდა და უკვე სასწაულმოქმედებს. ნუთუ წინ უნდა გაგვისწროს? ეგებ რაიმე გრძნეულებით მოაკვდინა მხეცი?
მათი სავანიდან რამდენიმე ვერსის დაშორებით უდაბნოში მეორე მონასტერი იყო. სიძულვილით აღვსილებმა ვითომცდა იღუმენის სახელით ჩუმად დაწერეს ეპისტოლე იმ მონასტრისათვის, გვიან საღამოს ნეტარ თეოდორასთან შევიდნენ და უთხრეს:
- ძმაო თეოდორე, იღუმენი გიბრძანებს, ეს ბარათი სასწრაფოდ იმ მონასტერში წაიღო.
თეოდორა მაშინვე ადგა და იმ ღამითვე გაეშურა იმ მონასტრისაკენ. მოძულეებმა იქ იმიტომ გაუშვეს, ეგონათ, გზად მხეცები დაგლეჯენო. იმ მიდამოებში ხომ უამრავი მხეცი7 დაძრწოდა, ღამით ამ ადგილებში კაცი ვერ გაივლიდა. გაბოროტებული ძმები ერთმანეთს ეუბნებოდნენ:
- აბა ვნახოთ, მრთელი თუ დაგვიბრუნდება წმიდანი, რომელსაც მხეცებიც კი ემორჩილებიან.
თეოდორას გზად ერთი უზარმაზარი მხეცი შემოეჩეხა. ნადირმა მდაბლად დაუკრა თავი, უკან მიბრუნდა, წინ გაუძღვა და მონასტრის კარიბჭემდე მიაცილა. მონასტერს რომ მიადგნენ, ნადირმა თათი მიჰკრა კარებს. მეკარემ გააღო და წმიდა თეოდორა იღუმენთან გაუშვა. კარი კი აღარ დაუკეტავს. მხეცი მონასტერში შევიდა და მეკარეს ეცა.
- ვაიმე, მიშველეთ! - იწყო ყვირილი მეკარემ.
ყვირილზე ყველას გაეღვიძა. წმიდა თეოდორამ შეიტყო თუ არა, რაც მოხდა, მსწრაფლ ეზოში გაჩნდა და ძმა მხეცის კლანჭებს გამოაგლიჯა, მერე ყელში სწვდა ნადირს და უბრძანა:
- როგორ გაბედე, ღვთის ხატებას მოსაკლავად თავს დასხმოდი, თავად მოკვდი!
ნადირი მეყსეულად თეოდორას ფეხებთან დაეცა და სული განუტევა. ნეტარმა დაგლეჯილ ძმას ზეთი სცხო, ქრისტეს სა¬ხელით ჭრილობებზე ჯვარი გადასახა და მრთელი და უვნებელი ფეხზე დააყენა. მონასტრის ძმებმა ეს სასწაული რომ იხილეს, თეოდორას თაყვანი-სცეს და ღმერთი განადიდეს, ველური ნადირები შენს მონა თეოდორეს რომ დაუმორჩილეო. მონასტრიდან გამობრუნებული თეოდორა ადრიანად მოვიდა უკან, ისე, რომ არავისთვის გაუმხელია, სად იყო და რა გააკეთა.
მეორე დღეს იმ მონასტრის ძმები შესაწირით ესტუმრნენ იღუმენს და ყველას უამბეს მომხდარი ამბავი, თან მადლობას სწირავდნენ, თქვენმა მოწაფე თეოდორემ მხეცის კლანჭებს გამოსტაცა მეკარეო, ჭრილობები განუკურნა, ნადირი კი მოაკვდინაო. იღუმენი და ძმობა გაკვირდნენ. მოსულნი რომ გაისტუმრა, იღუმენმა მთელი ძმობა შეკრიბა და ჩაეკითხა:
- ვინ წარავლინა ძმა თეოდორე ღამით იმ მონასტერში?
ყველა უარზე იდგა: „არ ვიცითო“.
მაშინ თეოდორას შეეკითხა: - ვინ წარგავლინა ძმაო, ღამით იმ მონასტერში?
თეოდორას არ სურდა, თავისი მოძულენი გაემხილა და ასე უპასუხა:
- შემინდე, მამაო, სენაკში ვთვლემდი და ვერც კი გავარჩიე, ვინ იყო. შენი სახელით კი მიბრძანა იმ მონასტერში წასვლა და ბარათის წაღება. მეც მორჩილებით წავედი.
მაშინ კი მიხვდნენ დამნაშავეები, რომ თეოდორა ღვთის მადლით იყო სავსე, შეინანეს, ფეხებში ჩაუვარდნენ ნეტარს და პატიება სთხოვეს. თეოდორას კი ისეთი უბოროტო გული ჰქონდა, ერთი ბეწოთიც არ იყო მათზე განრისხებული, არც არავისთვის გაუმხელია მათი ამბავი, პირიქით, ისევ თავის თავს აბრალებდა ყველაფერს, ცოდვილი ვარ და ძმების სიყვარული ვერ დავიმსახურეო.
ერთხელ, როდესაც თეოდორა მორჩილების საქმეს ასრულებდა, დემონი გამოეცხადა და ბოღმით მიახალა:
- შე საძაგელო მეძავო, ქმრის დამტევებელო, აქ იმად მოხვედი, რომ მე აღმიდგე? მთელ ჩემს ძალას შემოგალევ და მარტო მონაზვნობას კი არა, ჯვარცმულის რწმენასაც დაგაკარგვინებ. ამ ადგილიდანაც გაგაძევებ! ნურასდროს ამოისუნთქებ შვებით, რომ შენს ახლოს არა ვარ, არ მოგასვენებ, სანამ მახეში არ გაგიბამ ფეხებს და უცაბედად თხრილში არ ამოგაყოფინებ თავს!
თეოდორამ პირჯვარი გადაისახა და წარმოთქვა:
- ღმერთმა შემუსროს შენი ძალა, ეშმაკო!
და ეშმაკი გაუჩინარდა.
ცოტა ხანში ნეტარი თეოდორა ისევ გაგზავნეს აქლემებით ალექსანდრიაში მონასტრისთვის ხორბლის შესასყიდად.
გზად მიმავალს იღუმენმა ასე დააბარა:
- შვილო, თუკი გზაში შემოგაღამდეს, ენატოსის მონასტრისაკენ შეუხვიე და ღამე იქ გაათიე (გზად ქალაქის ახლოს მდებარეობდა მონასტერი „ენატოსი“8)
თეოდორას მართლაც დაუღამდა გზაზე და იღუმენის ბრძანებისამებრ ენატოსის მონასტერს მიადგა. სავანის იღუმენს თაყვანი-სცა და კურთხევა გამოსთხოვა, დილამდე იქ დარჩენილიყო და აქლემები მოესვენებინა. იღუმენმაც სასტუმროში, აქლემების სადგომში გამოუყო ადგილი. ამ დროს იქ იღუმენის უკვე ასაკში შესული ქალიშვილი სტუმრობდა, მამის მოსანახულებლად და თაყვანის-საცემლად მოსული. ახალგაზრდა ბერს (ე. ი. ნეტარ თეოდორას) რომ შეავლო თვალი, გულისთქმა აღეძრა, ღამით მიადგა აქლემებთან მძინარს და უსირცხვილოდ შეაძლია თავი. რაკი არ იცოდა, ქალთან რომ ჰქონდა საქმე, ცდილობდა, ცოდვაზე დაეყოლიებინა.
თეოდორამ სიტყვა პირში შეატეხა:
- თავი გამანებე, დაო, ამ საქმეს არა ვარ ჩვეული. თანაც ბოროტი სული მყავს ჩასახლებული და მეშინია, არ მოგკლას.
სირცხვილნაჭამი ქალი უკან გაბრუნდა. თუმცა იმ ღამით სხვა სტუმარი მოიძია, მასთან იმრუშა და მუცლად-იღო. გათენდა თუ არა, თეოდორა ქალაქში წავიდა, ხორბალი შეისყიდა და თავის მონასტერში დაბრუნდა. განაგრძო ჩვეული ღვაწლი სულის საცხონებლად. გავიდა ექვსი თვე. იმ ქალს მუცელი დააჩნდა. სახლში ცემა და დაკითხვა დაუწყეს, ვისთან შესცოდეო? მან კი ეშმაკის ჩაგონებით ნეტარ თეოდორას დაადო ხელი:
- სასტუმროში ოქტოდეკატელი ბერი თეოდორე ათევდა ღამეს, ღამით ჩემთან მოვიდა და მისგან მუცლად-ვიღე.
მამამისმა, ენატოსის მონასტრის იღუმენმა, ბერები გაგზავნა საჩივლელად ოქტოდეკატას მონასტრის იღუმენთან, თქვენმა ბერმა თეოდორემ ქალი შემიცდინაო.
იღუმენმა თეოდორა დაიბარა და ჰკითხა:
- გესმის, რას შეგწამებენ? ამბობენ ქალწული გააუპატიურა და დააფეხმძიმაო.
თეოდორამ მიუგო:
- შემიწყალე, მამაო, მაგრამ ღმერთია მოწამე, უბრალო ვარ.
იღუმენმა ბერების მონათხრობი არ დაიჯერა, თეოდორას წმიდა და ანგელოზებრივი ცხოვრების მოწმე ხომ თავად იყო. გავიდა ხანი და იმ ქალმა ვაჟი შობა. ენატოსელმა ბერებმა ოქტოდეკატაში მოიყვანეს ყრმა და კარზე დაუგდეს. თან იქაურ ძმობას კიცხავდნენ: აი, გაზარდეთ თქვენი ახალშობილიო!
ჩვილის დანახვაზე იღუმენმა უკვე ირწმუნა, მონათხრობი სიმართლე ყოფილაო და ძლიერ განურისხდა უდანაშაულო თეოდორას. ძმობა შეკრიბა, თეოდორას უხმო და რისხვა დაატეხა თავს:
- გვითხარი, წყეულო, რომ ეს შენი ნაქმნარია. ჩვენი მონასტერი უპატიობაში ჩააგდე და ჩვენი ძმობა საყვედრებელი გახადე! ღვთისაც არ შეგშინებია. ანგელოზი გვეგონე, შენ კი ეშმაკთა თანაზიარი აღმოჩნდი. მიდი, აღიარე შენი უსჯულოება!
ნეტარი თეოდორა ამ უცაბედმა თავდასხმამ გააოგნა და თავმდაბლად მიუგო:
- შემინდეთ, ძმებო, ცოდვილი კაცი ვარ!
ბერებმა ითათბირეს და თეოდორა ცემითა და უპატიობით გააძევეს მონასტრიდან, თან ჩვილიც გაატანეს. ასე დიდი დათმენის უნარი ჰქონდა ნეტარს! ერთი სიტყვაც არ დაუძრავს თავისი უბრალოობის დასაცავად. არ სურდა საიდუმლო გაემჟღავნებინა, თავისი ქალობა გამოეაშკარავებინა. სხვისი ცოდვა იდო კისრად თავისი უწინდელი დანაშაულის ნაცვალ-გებად. ყრმა აიყვანა, მონასტრის კარიბჭესთან დაჯდა და მოთქვამდა, როგორც ოდესღაც სამოთხიდან გამოძევებული ადამი. მონასტრის პირდაპირ პატარა ქოხი გამართა ჩვილისათვის და შვიდი წელი მწყემსებიდან გამოთხოვილი რძით კვებავდა პატარას. თავად კი უდრტვინველად იტანდა შიმშილსა და წყურვილს, ყინვასა თუ პაპანაქებას, სასმელად ზღვის წყალს იყენებდა და საზრდელად ველური ბალახი ჰქონდა.
ეშმაკს გულმა ვეღარ გაუძლო, თეოდორას ასეთი მოთმინების შემყურეს და ჩაიფიქრა, სხვაგვარად მოეხიბლა ნეტარი: თეოდორას ქმრის სახედ იცვალა და ქოხში შევიდა, სადაც გამოძევებული ყრმასთან ერთად იჯდა. მივიდა და ვედრება დაუწყო:
- აქა ხარ, ჩემო ქალბატონო? რამდენი წელია, გეძებ. ცრემლი არ შემშრობია თვალზე. შენ კი არც გაგონდები, ჩემო ქალბატონო! განა არ იცი, რომ შენთვის დავუტევე დედ-მამა, შენ კი მიმატოვე. ვინ გაიძულა აქ მოსვლა? სად დაგეკარგა სახის ფერი? რად ჩამოიხმე თავი? მომიახლოვდი, სიყვარულო ჩემო, და სახლში დავბრუნდეთ. თუკი გსურს, კრძალულებას შინაც დაიმარხავ. მე არ შეგიშლი ხელს. გაიხსენე ჩემი სიყვარული, ჩემო ქალბატონო, წამო, წავიდეთ სახლში.
ნეტარი ვერ მიხვდა, ეშმაკი რომ ეწვია, იფიქრა, მართლაც ჩემი ქმარიაო და მიუგო:
- ვერ დავბრუნდები ერში, ცოდვის გამო მაქვს ეს სოფელი დატევებული. მეშინია, უარეს ცოდვაში არ ჩავდგა ფეხი. - და ხელი რომ ასწია პირჯვრის გადასაწერად, ეშმაკი მყისვე გაუჩინარდა. მაშინ კი მიხვდა თეოდორა, რომ დემონი აცდუნებდა და ჩაილაპარაკა:
- კინაღამ არ მაცდუნე, ეშმაკო!
ნეტარმა ინანა, ეშმაკს საუბარი რომ გაუბა და იმ დღიდან უფრო გაფრთხილდა მისი ხრიკებისაგან თავის დასაცავად. მაგრამ სატანა ფარ-ხმალს არ ყრიდა. ნადირთა სახედ ცვლილი დემონთა სიმრავლე შეკრიბა და თეოდორას დაესხა თავს.
- დავგლიჯოთ ეს მეძავი! - ყვიროდნენ ადამიანის ხმით.
ნეტარმა პირჯვარი გადაისახა და წარმოთქვა: „გარე-მომადგეს და მომიცვეს მე და სახელითა უფლისაБთა ვერეოდე მათ“.9 - და დემონთა სიმრავლე გაქრა. სატანამ ახლა ვერცხლისმოყვარებით მოინდომა მისი მოხიბლვა - ოქროულის გროვა უჩვენა, ხალხი რომ გარემოდგომოდა და აგროვებდა, მაგრამ ჯვრის ერთ გადასახვაზე ყოველივე გაუჩინარდა.
ეშმაკმა ახლა მთავრის სახე მიიღო და მხედრების სიმრავლე იმძღვარა წინ. თეოდორას ქოხთან ჩავლილებმა ყვირილი დაიწყეს:
- მთავარი მოვალს, მთავარი მოვალს!
შემდეგ თეოდორას მიმართეს:
- აღდეგ და თაყვანის-ეც მას!
ნეტარმა პასუხად მიუგო:
- „უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვცემ და მას მხოლოსა ვმსახურებ“.
მაშინ დემონებმა თეოდორა ქოხიდან გამოათრიეს და ძალით წარუდგინეს ბნელეთის მთავარს. ღმერთმა დაუშვა თეოდორაზე ეს განსაცდელი, რათა გამოცდილიყო „ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა“.10 დემონები აიძულებდნენ, მთავარს თაყვანი-ეციო, ის კი არ ემორჩილებოდა და იმეორებდა:
- „უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვცემ და მას მხოლოსა ვმსახურებ“.
მაშინ დემონებმა უმოწყალოდ ცემეს თეოდორა და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. მწყემსებმა ასე დაგდებული რომ ნახეს, მკვდარი ეგონათ, ქოხში გადაიტანეს და მონასტერს აცნობეს:
- თქვენი ბერი თეოდორე აღესრულა. აიღეთ მისი გვამი და დამარხეთ.
იღუმენი ძმობასთან ერთად ქოხში შევიდა, მაგრამ როს ნახა, ჯერ ცოცხალიაო, თქვა:
- თავი გაანებეთ, კიდევ იცოცხლებსო, - და მონასტერში გაბრუნდნენ. თეოდორა შუაღამისას მოეგო გონს, მწარედ ატირდა, გულში ხელს იცემდა და იძახდა:
- ვაი მე, ცოდვილს, ვაი მე, უმწეოს! როგორ დამსაჯა ღმერთმა ჩემი ცოდვებისათვის!
და ცად ხელაპყრობილმა ხმამაღლა შესძახა:
- ღმერთო, მოწყალეო, მიხსენ ეშმაკის კლანჭებისაგან და შემინდე ჩემი შეცოდებანი!
შორიახლოს მწყემსებს ეძინათ, ნეტარის ლოცვის ხმა რომ ესმათ, გაოცდნენ, - ისევ ცოცხალიაო, - და ღმერთი განადიდეს.
ამ ამბის შემდეგ იღუმენმა ბრძანა, თეოდორეს ყრმა გამოართვით და მონასტერში დაასახლეთო. თეოდორამ შვება იგრძნო, ბავშვის აღზრდის შრომისა და ზრუნვისაგან რომ განთავისუფლდა, უდაბნოში ხეტიალს განაგრძობდა. სიცხისა და ყინვისაგან ტანი სულ გაუშავდა, ცრემლებმა თვალები ჩაუღამა. ნადირებთან ერთად იწყო ცხოვრება და ისინიც მშვიდად ემორჩილებოდნენ მას.
ეშმაკმა კიდევ ერთხელ გაბედა მისი ცდუნება. შიმშილისაგან გათანგულს მეომრის სახით გამოეცხადა, მრავალფერი სანოვაგე მოართვა და უთხრა:
- შენ რომ გცემა, იმ მთავრის გამოგზავნილი ვარ. ახლა შეინანა და ეს ძღვენი გამოგიგზავნა, გთხოვს შეუნდო და ეს საჭმელი მიიღო მისგან.
თეოდორა ეშმაკს მუხანათობას მიუხვდა, პირჯვარი გადაისახა და წარმოთქვა: - ღმერთმა დაამხოს და შემუსროს შენი სივერაგე, მტერო! ღმერთია ჩემი შემწე, ვერაფერს დამაკლებ!
იმ დროიდან ეშმაკმა მისი ცდუნება შეწყვიტა და დაეხსნა.
გავიდა შვიდი წელი თეოდორას მრავალღვაწლიანი ცხოვრებისა. ძმებს გული მოულბათ მასზე და იღუმენთან შევიდნენ თხოვნით:
- შეიწყალე, მამაო, ძმა თეოდორე, სინანულით უკვე გამოისყიდა ჩადენილი ცოდვა. შეუნდე და დააბრუნე მონასტერში.
იღუმენმა მიუგო:
- ძმებო, წუხელ ღმერთმა მეც მაუწყა, რომ ძმა თეოდორეს ცოდვა მიეტევა. წადით, მოიძიეთ და მონასტერში მოიყვანეთ.
ძმები უდაბნოში გავიდნენ, იპოვეს თეოდორა და მონასტერში დააბრუნეს.
იღუმენმა თბილად მიმართა:
- ძმაო თეოდორე, ღმერთმა მოგიტევა ჩადენილი ცოდვა. იც¬ხოვრე ჩვენთან მონასტერში და იღვაწე. მონასტრის კარს ნუღა გასცდები, ეშმაკმა ისევ რომ არ გაცდუნოს. შენი ვაჟიც აქ აღზარდე. შენი ღვაწლის მაცქერალი მოშურნეობით აღივსება.
იღუმენმა თეოდორას სენაკი გამოუყო, მონასტრის ყველა საქმისაგან განათავისუფლა, რათა მშვიდად ელოცა ღვთის წინაშე და მოესვენა ასეთი დიდი ღვაწლის მტვირთველს. ორი წელი იცხოვრა თეოდორამ თავის შვილობილთან ერთად ამ სენაკში. პატარას წერა-კითხვას ასწავლიდა, მოძღვრიდა ღვთისმოშიშებაში, სიმდაბლეში, მორჩილებაში და სხვა საბერო საქმეებში.
ერთ ზაფხულს დიდი გვალვა დაიჭირა. მონასტრის ყველა ჭა ამოშრა, დაიწრიტა ტბებიც. მაშინ იღუმენმა ძმებს მიმართა:
- თეოდორეს გარდა არავინ მეგულება, რომ ღმერთს ჩვენთვის წყალი გამოსთხოვოს. მასში ღვთის დიდი მადლია დავანებული.
მერე თავისთან იხმო ნეტარი და უთხრა:
- მამა თეოდორე, ჭურჭელი აიღე და ჭიდან წყალი ამოიღე.
ჭა კარგა ხნის დამშრალი იყო, ერთი წვეთი წყალიც აღარ იდგა შიგ.
- მაკურთხე, მამაო, - თავი დაუხარა თეოდორამ და ჭისაკენ გაემართა. ჭურჭელი ჭაში ჩაუშვა და კამკამა წყლით ავსებული ამოიღო. მოიტანა და იღუმენს მოართვა. ყველანი გაოცდნენ. მა¬შინვე ჭას მიცვივდნენ და ნახეს, რომ წყლით იყო სავსე. გახარებულებმა ღმერთი განადიდეს. ეს წყალი მონასტრის ყველა საჭიროებას გასწვდა, სანამ არ იწვიმა და ყველა წყლისსაცავი არ აივსო.
სულიერი სიმდაბლით შემოსილი თეოდორა კი ასე უხსნიდა ამ სასწაულს ძმებს:
- ჩემი დამსახურება არაა ეს სასწაული, იღუმენის კეთილმსახურების გამო აღსრულდა. ღვთის მყარი და შეუძვრელი რწმენა აქვს, მან გამაგზავნა, მე კი მხოლოდ ნაბრძანები შევასრულე ჩვენი მამის ლოცვის იმედით.
ასე გადიოდა ნეტარის ცხოვრების დღეები - ღვთისადმი ლოცვაში და ყრმის აღზრდაში.
ერთ საღამოს ყველას დასანახად თეოდორა ყმაწვილთან ერთად სენაკში ჩაიკეტა და მის განსწავლას შეუდგა. ღვთაებრივი ჩაგონებით იღუმენმა რამდენიმე ძმა გაგზავნა, უჩუმრად მიაყურადეთ, რაზე ესაუბრება ყრმასო. თეოდორამ გულში ჩაიკრა შვილობილი, მოეხვია, ეამბორა და ასე დამოძღვრა:
- საყვარელო შვილო ჩემო! ჩემი ჟამიც მოიწია. აღსასრული მიახლოვდება. განგეშორები. ნუ იგლოვებ ჩემზე და ნუ იტყვი - ობოლი ვარო, რადგან მამად ღმერთი გივის. ის გფარავს თავისი მადლით, მას შევავედრებ შენს თავს, ვილოცებ შენზე, თუკი უფალთან კადნიერებას მოვიპოვებ. ყური უგდე ჩემს უკანასკნელ სიტყვებს და გულს ღრმად აღიბეჭდე: ყოველ ხორციელზე მეტად ღმერთი შეიყვარე, შენს თავზე მეტადაც, მთელი გულით შეემსჭვალე უფალს, არ შეწყვიტო მისი დიდება, მისდამი ილოცე ბაგითა და გულით, ენითა და გონებით. ტიპიკონს ნურასდროს ნუ დაარღვევ - ძმებთან ერთად იარე ეკლესიაში: ჟამნობა - პირველი, მესამე, მეექვსე და მეცხრე, მწუხრი, ღამისთევის ლოცვა თუ ცისკარი - არაფერი გამოტოვო. დაე, გულის შემუსვრილებას, ცრემლებსა და სულთქმას შეერთოს ყოველი შენი ლოცვა. ყოველდღიურად ღვარე ცრემლები ღვთის წინაშე, რათა საუკუნო ნუგეშინის-ცემის ღირსი შეიქმნე. იღუმენსა და ძმობას დაემორჩილე, შენი ნება უარყავი, აწიდან ცხოვრების ბოლომდე უმანკოება დაიმარხე; დუმილის კარი დასდევ ბაგეებს, ეცადე, არავინ განიკითხო და არ დასცინო სხვის ჩადენილ ცოდვას. ცოდვილს თუ ნახავ, ერთ უცოდველ ღმერთს შეავედრე მისი თავი, რათა ის ცოდვისაგან აღადგინოს, შენ კი დაცემასა და მტრის საცდურს აგარიდოს. ნუ იმეტყველებ ნურც ლაღად, ნურც ბილწად და ნურც ძაგებით. შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას ნუ დააცდენ, რომლისთვისაც სამსჯავროს დღეს მოგიწევს სიტყვის-გება. მშვიდი იყავ და მდაბალი გულით, შენს მამად და კეთილისმყოფლად მიგაჩნდეს ყველა, თავი კი ყველაზე მცირედ შერაცხე. ძმის სნეულების ამბავი თუ მოგივა, არ დაიზარო, ინახულე და გულითადად მოუარე. მორჩილების რა საქმესაც დაგადებენ, უდრტვინველად აღასრულე. სიგლახაკე და უპოვარება შეიყვარე - ფასდაუდებელ საუნჯეს დაადარე. არ დაივიწყო ჩემი ცხოვრება, როგორ ვხეტიალობდი შენთან ერთად. რა მოვიხვეჭე მონასტრის ზღუდის წინ მდებარე ქოხში? საჭმელ-სანოვაგე თუ სამოსი? სამკაული თუ განძი რამე? არაფერი, ღვთის გარდა. განა არის კაცისათვის რაიმე უფრო ჩინებული, ვიდრე ღმერთი და მისი ღვთაებრივი სიყვარული? ისაა ჩვენი საუნჯე, ისაა სიმდიდრე, ისაა საზრდელი და სასმელი, ისაა სამოსელი და საფარველი, ისაა სიმრთელე ჩვენი და სიმტკიცე, ისაა სიხარული და მხიარულება, ისაა იმედი და სასოება ჩვენი. მის მოპოვებას ესწრაფე, შვილო ჩემო, თუკი მას ჰპოვებ - კმა არს შენდა. მისით უფრორე იხარებს სული, ვიდრე მთელი ქვეყნიერების მოხვეჭით. ეცადე, სიწმიდე დაიმარხო - როგორიც ახლა ხარ, სულითა და ხორცით სუფთა, ასეთი იყავ აღსასრულამდე. შეიკრძალე თავი, შვილო ჩემო, სული ღვთისა რომ არ შეურაცხყო და გემოთმოყვარებითა და ხორცთმაამებლობით არ განიშორო შენგან. მოაკვდინე შენი სამჭედურნი,* განსვენებასა და უძლურებას ნუ გააკარებ ხორცს, დაუმორჩილებელ ჯორივით გახედნე შიმშილითა და წყურვილით, შრომითა და ჭრილობებით, სანამ შენს სულს ქრისტეს არ მიუძღვანებ, როგორც უბიწო სასძლოს. სულზე რუდუნებით დაიცავი თავი ეშმაკის მანქანებისაგან, მღვიძარებდე და განიფრთხე, იცოდე, ეშმაკი არ თვლემს, ღვთის სამსახურში ჩამდგართ ეძიებს შთანთქმად. დაე, ღვთის შემწეობამ განგარინოს მტერს, შვილო ჩემო. მეც მომიხსენე, რათა მართალი მსაჯულის წინაშე წყალობა ვპოვო, ის არის ცხადი და დაფარული ცოდვების განმკითხველი. აწ მასთან აღვალ.
- მამაო, ნუთუ ჩემგან მიდიხარ და ობლად მტოვებ? - შესტირა გონიერმა ყმაწვილმა, - უშენოდ რაღა ვქნა? ვაი შენ, საბრალო და ობოლო ჩემო თავო, ჩემს კეთილ მამას უნდა მოვაკლდე!
თეოდორამ დამშვიდება დაუწყო:
- აკი გითხარი, ობოლს ნუ უწოდებ-მეთქი შენს თავს, რადგან ღმერთია შენი მფარველი, ის ზრუნავს შენზე. ის იქნება შენი დედაცა და მამაც, მოძღვარიც და მასწავლებელიც, მფარველიც და ცხონების წინამძღოლიც.
ყრმა რომ ანუგეშა, ლოცად დავარდა მტირალი:
- უფალო, იხილე ჩემი ცოდვები და სინანული! შენ უწყი ჩემი გულის ნაღველი, იცი, როგორ მოუკლებლად ვმწუხარებდი, უფალო, შენ რომ განგარისხე! ჩემი ღვაწლიც უწყი, ცოდვილ ხორცს როგორ ვაუძლურებდი, როგორ ვნანობდი, რომ უსჯულოება ჩავიდინე და შენი სახიერება გავანაწყენე. შენ იცი ჩემი სულის დარდი, იცი, რომ იმ წუთიდან, ჩემი ცოდვა რომ გულისხმა-ვყავი, ურვასა და ჭმუნვას არ მოვკლებივარ, მწარედ ვგლოვობდი, რად მოვიწიე უფლის რისხვა-მეთქი, აწ კი შეისმინე ჩემი სულთქმა, ყურად-იღე ჩემი ლოცვა, ხედავ, ცვილივით დადნა ჩემი გული, განცადე იგი, მოხედე ჩემს ცრემლებს და შეიწყალე ჩემი წყეული სული! მომიტევე ჩემი უსჯულოებანი, შემინდე ჩემი ცოდვანი და ნუ მოიხსენებ ჩემს ბოროტ საქმეთ. „წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო“.11 მიიღე ჩემი სინანული, მიიღე ჩემი ვედრება და ტყება, მიიღე ჩემი სულიც!
დიდხანს ლოცულობდა თეოდორა. სიტყვების გარჩევა უკვე ჭირდა. მხოლოდ ტირილი და გულში ცემა ისმოდა. ყმაწვილიც ტიროდა მასთან ერთად, თავის ობლობას იგლოვდა. ნეტარი ისევ ანუგეშებდა, მერე კვლავ ლოცვად მიიქცეოდა. ბოლოს გახარებულმა წარმოთქვა:
- გმადლობთ, მოწყალეო შემოქმედო, რომ ისმინე ჩემი, შემიწყალე და „იხსენ სული ჩემი სიკვდილისაგან და თვალნი ჩემნი ცრემლთაგან“.
სხვა სამადლობელი სიტყვებიც წარმოთქვა სულით განმხიარულებულმა და დადუმდა. შეიძლება გეფიქრა, უკვე მიაბარაო უფალს თავისი წმიდა სული. აღარც ხმა ისმოდა, მხოლოდ ყმაწვილიღა მოთქვამდა.
დარეკეს ცისკრის ზარებმა. ბერები იღუმენს ეახლნენ და რაც გაიგონეს, ყველაფერი უამბეს. იღუმენი აცრემლდა და თავადაც დაიწყო თხრობა:
- შვილებო, წუხელ ხილვა მქონდა. ორი ნათლითშემოსილი კაცი გამომეცხადა და ზეცად აღმიტაცა. იქიდან ხმა შემომესმა: „მოვედ და იხილე, რაგვარი სიკეთენი განვუმზადე ჩემს სასძლო თეოდორას“. და ვიხილე ნათელმოსილი სამოთხე, ენას არ ძალუძს, აღწეროს მისი მშვენება და დიდებულება. ეს კაცები სამოთხეში შემიძღვნენ, მიჩვენეს დარბაზი და იქ განმზადებული ოქროს ტახტრევანი. ტახტრევანთან ანგელოზი იდგა მცველად. ჩემს თანამგზავრებს ვკითხე: „ვისთვისაა განმზადებული ეს დარბაზი და ტახტრევანი?“ მათ მომიგეს: „ცოტა მოითმინე და ღვთის დიდებას იხილავ“. მალევე გამოჩნდნენ ანგელოზთა დასები, მოწამეები, ღირსები, საამურად გალობდნენ მომავალნი. ამ ხმათა სიტკბოებას ვერ აღვწერ. მათში ულამაზესი დედაკაცი შევნიშნე, დიდი დიდებით შემოსილი. იგი დარბაზში შეიყვანეს და უტკბესი გალობის თანხლებით ტახტრევანზე დააბრძანეს. მეც მოწიწებით ვეთაყვანე პატიოსან დედას. ანგელოზმა მკითხა: „განა არ იცი, ვინაა ეს?“ მე მივუგე: „არა, უფალო ჩემო“. მან კი მაუწყა: „ეს შენი ბერი თეოდორეა. ბუნებით ქალი იყო, მამაკაცად კი მოგაჩვენათ თავი. ცოტა ხანს ქმართან ცხოვრობდა, მერე ღვთის გულისათვის დაუტევა ეს სოფელი და თქვენს მონასტერში მოვიდა სამოღვაწეოდ. როცა ყრმის დედამ ცილი დასწამა, არ გაგიმხილათ, ქალი რომ იყო, ნამდვილი მამასავით შეიწყნარა ჩვილი და გამოზარდა. მონასტრიდან გაძევებულმა ბევრი ტანჯვა გაიარა, ზღვის წყლითა და ბალახით იკვებებოდა, სიცივესა და სიცხეს, სიღატაკესა და ეშმაკთა ურიცხვ თავდასხმებს უდრტვინველად იტანდა. ამ დათმენისათვის ასე განადიდა მოწყალე ღმერთმა, სასძლოსავით შეიყვარა და სასუფეველი დაუმკვიდრა წმიდანებთან ერთად“. ამის გამგონეს ცრემლები წამსკდა. ვტიროდი, ეს საიდუმლო რომ არ ვიცოდი, სიცრუე დავიჯერე და წმიდანი შეურაცხვყავი, უპატიოდ გავაძევე მონასტრიდან. ტირილით გამომეღვიძა. აი, შვილნო ჩემნო, ახლა გული სიხარულითა და ნაღველითა მაქვს სავსე. მიხარია, ასე დიდებული ხილვის ღირსი რომ გამხადა ღმერთმა, ადამიანის თვალს რომ არ უნახავს და წმიდა საგალობლების ასე უტკბესი გალობა რომ მესმა, ყურთ რომ არვის სმენია. ვტირი და ვიგლოვ, ღვთის მხევალი რომ ვერ შევიცანი. ჩვენს შორის ცხოვრობდა, ჩვენ კი დიდხანს უპატიო-ვყოფდით მას“.
სიტყვა რომ დაასრულა, იღუმენმა ძმობა შეკრიბა და ნეტარი თეოდორას სენაკთან მივიდა, კარი შეაღო და დაუძახა:
- მამაო თეოდორე, დაგვლოცე!
პასუხი არ მიუღია. ნეტარ თეოდორას უკვე მიებარებინა სული უფლისათვის, მასზე დამხობილ ყმაწვილს კი ჩასძინებოდა. ძლივს გააღვიძეს. თეოდორა მიწაზე იწვა გულხელდაკრეფილი და თვალდახუჭული. სახე ანგელოზებრივი სილამაზით უბრწყინავდა. მის პატიოსან გვამს დასაკრძალად რომ ამზადებდნენ, იღუმენმა ხანგრძლივი მარხვით დამჭკნარი მკერდი გადაუხსნა და ყველამ დაინახა, ქალი რომ იყო. იღუმენმა ძმებს ამ საიდუმლოს შენახვა უბრძანა, სანამ ღირსი დედის ცილისმწამებლებს არ მოიწვევდა. ძმები ენატოსის მონასტრის იღუმენთან გაგზავნა და დააბარა:
- შენ სიყვარულს ვევედრებით, მამაო, ძმობასთან ერთად გვეწვიე. დღეს დიდი დღესასწაული გვაქვს და გვინდა, ჩვენთან ერთად იზეიმოთ.
მოვიდნენ ენატოსელები. ისინი ნეტარის წმიდა გვამთან მიიყვანეს და იღუმენს უთხრეს:
- მამაო, შენი ქალის ქმარი აღესრულა.
თეოდორას სხეულს რომ დაახედეს, ჰკითხეს:
- ესაა თუ არა თეოდორე?
ენატოსელმა იღუმენმა დაამოწმა.
- ნამდვილად ესაა.
მოსულ ბერებსაც ჰკითხეს:
- იცნობთ განსვენებულს?
მათ უპასუხეს:
- კარგად ვიცნობთ. ეს ცრუ ძმა თეოდორეა, ქალი რომ წაბილწა. დაე, ღმერთმა მიაგოს თავისი საქმეებისამებრ.
მაშინ ოქტოდეკატელმა იღუმენმა მკერდი გადაუხსნა, ძუძუები აჩვენა და უთხრა:
- განა ეს მამაკაცის სხეულია? დიახ, მამებო, შევცდით: მამაკაცი გვეგონა, ქალი კი ყოფილა. გარეგნობა შეიცვალა, კაცის სახელი დაირქვა. ანგელოზივით ცხოვრობდა ჩვენ ცოდვილთა შორის. მისი საიდუმლო არ ვიცოდით. ბევრი დაითმინა ჩვენგან. აწ მისმა აღსასრულმა გვიჩვენა ვინ იყო და ვინ არის - მართალი, ღირსი და ჩვენი უფლის სათნო-მყოფელი. მე ის მოზეიმე ზეციურ დარბაზში ვიხილე დიდებითა და ნათლით შემოსილი, ანგელოზთა და წმიდანთა შორის.
ყველა იქ მყოფი შეძრწუნდა და გაოცებამ შეიპყრო. გაკვირდნენ ესოდენ დიდი საიდუმლოს მხილველნი. შერცხვათ ცილის დამწამებლებს. ყველანი ატირდნენ:
- ვაი ჩვენ, ღვთის მხევალს ასე დიდხანს რომ შეურაცხვყოფდით!
მის წმიდა სხეულს ეამბორებოდნენ და ცრემლთაღვრით შესთხოვდნენ:
- შეგვინდე, ღვთის მხევალო, უცნობლობით რომ შეგცოდეთ!
ამის შემდეგ ოქტოდეკატის მონასტრის იღუმენს ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა:
- ცხენზე შეჯექი, ქალაქისაკენ გაემართე და გზად ვინც პირველი შემოგხვდება, აქ მოიყვანე.
იღუმენი მყისვე ამხედრდა და გაეშურა, გზად მისკენ მიმავალი კაცი დაინახა, ჰკითხა:
- საით მიდიხარ?
- გავიგე, რომ რომელიღაც მონასტერში ჩემი ცოლი აღესრულა და მის სანახავად გამოვეშურე.
იღუმენმა ის კაცი ცხენზე შემოისვა, მონასტერში დაბრუნდა და ცოლის წმიდა სხეულთან მიიყვანა. მეუღლის დანახვაზე კაცი მწარედ აქვითინდა.
ეს ამბავი ამ მონასტრის გარშემო მყოფ მონასტრებსა და ახლომახლო მცხოვრებ ბერებს მოედო. ურიცხვი რაოდენობის მონაზონი მოგროვდა თეოდორას დაკრძალვაზე. ანთებული სანთლებითა და საკმევლის კმევით შემოერტყნენ გარს ღირსის გვამს და პატივით მიაბარეს იმ მონასტრის მიწას, სადაც ასე კეთილად მოღვაწეობდა. მონასტერში დიდხანს დღესასწაულობდნენ, ადიდებდნენ ქრისტეს და მის გამორჩეულ სასძლოს - ღირს თეოდორას.
თეოდორას ქმარმა ის სენაკი გამოითხოვა, რომელშიც მისი ცოლი, უფრო სწორედ კი - ქრისტეს სასძლო ცხოვრობდა. შემდეგ ბერად აღიკვეცა და მარხვაში, ლოცვასა და ტირილში ატარებდა დღეებს. სულ ღირსი თეოდორას ღვაწლს იხსენებდა. იგი მალევე აღესრულა. ღირსი თეოდორას შვილობილი კი - ყმაწვილი თეოდორე თავის მამობილს, უფრო სწორედ - დედობილს მიემსგავსა, მისი ხასიათი გამოჰყვა, მასავით მოღვაწე და კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა. ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ იღუმენის აღსასრულის შემდეგ ძმობამ წინამძღვრად აირჩია. კეთილი მამა იყო, შვილთა ცხონების გზაზე დამყენებელი. თავადაც ნეტარ თეოდორას დასახული გზით იარა და მასთანავე დაემკვიდრა ცათა სასუფეველში.
ლოცვითა წმიდათა შენთათა, უფალო, ნუ მოგვაკლებ ცათა სასუფეველს, ამინ!
შენიშვნები:
1. ზირ. 23, 27-29.
2. ალექსანდრია - ცნობილი ქალაქი, რომელიც ალექსანდრე დიდმა დააარსა 333 წ. ქ. შ.-მდე. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროს კონცხზე. ოდესღაც მეცნიერებისა და ვაჭრობის ცენტრი იყო. IV ს-ში ქრისტიანობის ცენტრად და პატრიარქის რეზიდენციად იქცა.
3. ლუკა 12, 2-3.
4. „ოქტოკაიდეკა“ ბერძნ. ნიშნავს „თვრამეტს“. აქედან მიიღო მონასტერმა თავისი სახელწოდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტე განთქმული იყო მონაზვნური მოღვაწეობით, რომელიც პირველად იქ ჩაისახა. იქ უხვად იყო მონასტრული სავანეები. ამიტომ ზოგიერთი მონასტერი სახელწოდებას იმ მანძილიდან იღებდა, რაც მას ცოტად თუ ბევრად მსხვილ ქალაქს აშორებდა.
5. ზენონი - ბიზანტიის იმპერატორი 474-491 წწ.
6. ეპარქოსი - მხარის მმართველი ბერძ.-რომ. იმპერიაში.
7. ეგვიპტის უდაბნოებში ლომების ურიცხვი სიმრავლეა. მხეცებში ალბათ ლომები იგულისხმება.
8. ალბათ ქალაქის სიახლოვეს, როგორც მონასტრის ბერძნული დასახელებიდან ჩანს („ჰენა“ - ერთი) - ერთი ვერსის დაშორებით.
9. ფს. 117,11.
10. სიბრძნე 3,6.
11. ფს. 24,7.
"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
No comments:
Post a Comment