ორი ქადაგება ხვალინდელ საკვირაო სახარებაზე. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) მოძღვრება იჱ-კვირიაკესა ზედა.


და ჰრქვა იესო: ნუ გეშინინ, სვიმონ,
ამიერითგან იყო კაცთა მონადირე (ლუკ. , . )
დღეს წაკითხული სახარება წინადაგვიგებს, ძმანო, ჩვენ და შესასწავებელად შემდგომსა მოთხრობასა: უფალი იესო ქრისტე ოდესმე სდგა კლდესა ზედა გენესარეთის ტბისასა, გარემოცული უმრავლესითა ერითა, რომელ მოსრულ იყო სმენად სიტყვისა ღვთისასა, და იხილა ორი ნავი, მდგომარე კიდესა ზედა ტბისასა; ხოლო მეთევზენი, რომელთა ეკუთვნოდათ ნავები, ამზადებდნენ ბადეთა თვისთა. უფალი შევიდა ნავსა სვიმონ მეთევზისასა და უბრძანა მას, შე-რე-დგინება მცირედ კიდითგან ნავისა, დასჯდა და ასწავებდა ნავითგან ერსა. დაასრულა რა სწავლა, უბრძანა სვიმონს, შეყენება ღრმად ნავისა და დადება ბადისა ნადირობად. თუმცა სვიმონ და სხვანი მეთევზენი მრთელს ღამეს ნადირობდნენ და ვერა რა მიიღეს; გარნა, სიტყვისამებრ მოძღვრისა, დასდვეს ბადე და შეაყენეს ესოდენი სიმრავლე თევზთა, რომელ ბადენი თითქმის განსქდებოდნენ და ნავი აღივსო თევზითა.
 იხილეს რა უბრალოთა მათ მეთევზეთა ესრეთი საკვირველება, შეეშინა მათ ფრიად; სვიმონ პეტრე შეუვრდა მუხლთა იესოთა და ჰრქვა: განვედ ჩვენგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ხოლო უფალმან ჰრქვა მას:ნუგეშინის სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე. მაშინ სვიმონ და მოზიარეთა მისთა, იაკობ და იოანე, გამოადგინეს ნავები ხმელეთად, დაუტევეს ყოველი და მისდევდენ მას, და შეიქმენ მისნი განუშორებელნი მოწაფენი.
რას გვასწავლის, ძმანო, ჩვენ მოთხრობა ესე სახარებისა? რა დარიგება, ანუ რომელი მოძღვრება გამოვიყანოთ ჩვენ მისგან? პირველად ის, რომელ არცა ერთი წოდება, ანუ მდგომარეობა კაცისასა ქვეყანასა ზედა არ არის შეურაცხებელი ანუ დამამდაბლებელი კაცისა, - რომელ ღმერთი მოხედავს შინაგანსა ღირსებასა კაცისასა და არა გარეგანსა მდგომარეობასა მისსა, და რომელ კაცს ყოველსა მდგომარეობასა შინა ანუ წოდებასა შეუძლიან დაიცვას კაცობრივი თვისი ღირსება და სათნო ეყოს ღმერთსა. რომელი წოდება არის უმდაბლესი, ანუ უკანასკნელი მეთევზისა; გარნა აჰა ესერა მაცხოვარმან არა შეურაცხ-ჰყო მდგომარეობა მდაბალთა მეთევზეთა; იგი შევიდა ნავსა მათსა, აკურთხა მათი მდაბალი შრომა და მათ შორის გამოარჩია ათორმეტნი მოწაფენი თვისნი. აქითგან ისწავლე, ძმანო ჩემნო, პატივისცემა კაცობრივისა ღირსებისა ყოველთა მდგომარეობათა შინა მათსა. ნუ შეურაც-ჰყოფ ადამიანსა, რაც გინდა ღარიბი იყოს მისი წოდება და მდგომარეობა, იცოდე, რომელ ხშირად, ძონძით მოსილს, მშიერს, გასვრილს და ყოვლითავე სახითა მოკლებულს კაცთა უმეტესი შინაგანი ღირსება და სათნოება აქვს ღვთის წინაშე, ვიდრე იმ კაცს, რომელიცა არის მოსილი ოქრომკერდით, შემკული თვალმარგარიტითა. მაშასადამე ნუ გაზომავ შენცა კაცის ღირსებასა შესამოსელითა, არამედ შინაგანითა მისითა თვისებითა.
მეორეთ, ვისწავლოთ მოთმინება და სულგრძელება უბრალოთა ამათ მეთევზეთაგან. თუმცა მთელი ღამე ნადირობდნენ იგინი და ვერარა იპოვეს, გარნა არ იყვნენ სულმოკლენი, გულმოდგინედ და სიმდაბლით ისმინეს მათ სწავლა უფლისა იესოსი. ოდეს მათ, სიტყვისა-მებრ მაცხოვრისა, შეაყენეს სიმრავლე თევზთა, მაშინ პირველი მათი გრძნობა და მოძრაობა იყო არა სიხარბე და სიხარული ესოდენისა მოგებისათვის,არამედ შიში ღვთისა და კრძალულება. ვინაითგან მათსასწაულისაგან ამისგან ცხადად იგრძნეს, რომელ მოძღვარი მათი არის უფალი და ღმერთი ბუნებისა, შეეშინა მათ, თაყვანი-სცეს უფალსა და აღიარეს, რომელ იგინი არ არიან ღირსნი ესოდენისა მადლისა და ღვთისმოწყალებისა: განვედ ჩვენგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! იტყოდა შეშინებული სვიმონ პეტრე; ბოლოს ოდეს მაცხოვარმან უწოდა მათ და აღუთქვა დიდი მადლი მოციქულობისა, ამათ აღარ მიჰხედეს მრავალსა საშოვარსა, დაუტევეს ყოველივე და იქმნენ ერთგულნი მოწაფენი მისნი.
ვისწავლოთ ჩვენცა აქითგან, ძმანო ჩემნო, შრომა და მოთმინება შრომასა შინა. უკეთუ რომელსამე შრომასა და მუშაობასა შენსა არ ექმნა წარმატება, ძმაო ჩემო ნუ დაღონდები მაშინვე, არამედ ხელახლა უმეტესითა მეცადინეობითა იწყე შრომა და მოღვაწეობა. ოდეს ღმერთმა კეთილად წარმართა შრომა შენი, ვითარცა ნადირობა მოციქულთა, მაშინ პირველი შენი გულისსიტყვა იყოს მადლობა ღვთისა; ღმერთს მიაწერე შენი წარმატება და არა შენსა სათნოებასა და სიკეთესა; გარნა უმეტეს ყოვლისა გული გქონდეს მომზადებული სმენად სიტყვისა ღვთისა, ვითარცა მეთევზეთა მათ. თუმცა იგინი იყვნენ მაშვრალნი და ამასთანავე გამნზადებულნი ნადირობად, გარნა ოდეს იხილეს უფალი, უმჯობესად არჩიეს სმენად სწავლისა მისისა; მერმედ თუმცა მრავალი თევზი მიიღეს და მრავალი სასყიდელი მოელოდა მათ, გარნა მათ ისმინეს წოდება ღვთისა და ყოველივე დაუტევეს. შენცა, ეგრედვე ნუ გეზარება ჟამითი ჟამად დადებულნი დღენი მოიხმარო სმენად სიტყვისა ღვთისა ეკლესიასა შინა; უმეტესი სიყვარული და გულის გრძნობა გქონდეს საღმრთოისა სწავლისათვის, ვიდრე განხრწნადისა მოგებისათვის.
დასასრულ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ვიფიქროთ ამ ერთს საგანზედ: რა მიზეზი იყო, რომელ უფალმან იესო ქრისტემან მოწაფენი და მოციქულნი აღმოარჩია ღარიბთა, უსწავლელთა და უბრალოთა მეთევზეთა შორის? უმჯობესნი არ იქნებოდა ამოერჩია მას სწავლულნი, განათლებულნი, მდიდარნი და დიდებულნი კაცნი, რომელნი უადვილესად და უდარესად განავრცელებდნენ ქვეყანასა ზედა ქრისტიანობასა? მიზეზი ამისა ის იყო, ძმანო ჩემნო, რათა არავინ არ იფიქროს, რომელ ქრისტეს სჯული და სახარება განვრცელდა ქვეყანასა ზედა და დაიმორჩილა ყოველნი ტომი ძალითა და სიბრძნითა კაცისათა, არამედ ყოველმან სულმან სცნას, რომელ მან სძლო ყოველნი ქვეყანა ძალითა და მადლითა ღვთისათა. თუ გსურს, ძმაო, შეიტყო და ცხადად იგრძნო, რაი არს ძალი და დიდება ღვთისა, წარმოიდგინე ესე:თორმეტნი, უბრალონი მეთევზენი, უსწავლელნი, ღარიბნი, დამორჩილებულნი ბრძანებასა უფლისასა, გამოვლენ იერუსალიმითგან, დაიფანტებიან სხვა და სხვა ქვეყნებში, ყოველთა მეფეთა და მთავართა უქადაგებენ და ეტყვიან, რომელ იერუსალიმს იყო ერთი ვინმე იესო ქრისტე, იგი ჯვარს აცვეს და იგი არის ძე ღვთისა, მაცხოვარი. მისი უნდა ჰრწმენეს ყოველსა სულსა, იგი უნდა მიიღონ ღმერთად. ეს სიტყვა იყო მაშინდელთა კაცთათვის უცნაური, დაუჯერებელი, უცხო და გაუგონებელი; იგი ურიათა მიაჩნდათ სიცოფედ, წარმართთა სისულელედ, ამის მქადაგებელნი იყვნენ შეხედვით საწყალნი, მდაბალნი, მოკლებულნი ყოვლითა დიდებითა; სხვა ჭური და იარაღი არაფერი ჰქონდათ მათ, თვინიერ სიტყვისა და ჯვარისა, და მრავალნი ისრე უყურებდნენ მათ, ვითარცა ჭკუაშეშლილთა; გარნა რას ვხედავთ? მრთელი ქვეყანა გადააბრუნა მათმან სიტყვამან; ჰაზრი და გონება გამოსცვალა მათმან ქაადგებამან; ქვეყნის ჩვეულებამან და ცხოვრებამან მიიღო სხვა სახე; ქვეყანა განათლდა და ცხოვნდა მათითა მოძღვრებითა. მრავალსა სასწაულსა მოგვითხრობს ჩვენ სახარება, გარნა ეს სასწაული არის ყოველთა უსაკვირველესი; მრავალი სიმტკიცე აქვს ჩვენს საღმრთოს სჯულსა, გარნა ამაზედ უმტკიცესად არა რაი გვიქადაგებს მისსა საღმრთოსა ვალსა. აჰა, რა დიდი საუნჯე გარდამოგვცეს ჩვენ, ძმაო, უბრალოთა მათ მეთევზეთა! წარმოიდგენდე ამას ხშირად და ღაღადებდე გულში: დიდება ძალსა შენსა, უფალო, დიდება სიბრძნესა შენსა! ამინ.
და ვითარცა იხილა სვიმონ პეტრე
შეუვრდა მუხლთა იესოსა და ჰრქვა მას:
განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი
ვარ, უფალო! ( ლუკ. , ).
საკვირველმან თევზისა ნადირობამან, რომლისა მოთხრობა დღეს წაკითხულ იქმნა სახარებითგან, განაცვიფრა და შეაშინა პეტრე. მან, სიყრმითგან გამოცდილმან თევზის ნადირობასა შინა, მთელი ღამე ინადირა ტბასა ზეადა გენესარეთისასა და ვერა რა დაიჭირა; გარნა აწ, ერთითა მხოლოდ სიტყვითა იესო ქრისტესითა, ურიცხვი სიმრავლე თევზისა შთავარდა ბადესა შინა მისსა. ესრედ, რომელ ვერ შეეძლო ამოღება მისი წყალითგან, ვიდრემდის არ მოეხმარნენ სხვანი მეთევზენი. ამ სასწაულმან ცხადად უჩვენა მას, რომელ მოძღვარი იგი არ იყო უბრალო ვინმე კაცი, არამედ თვით უფალი და მბრძანებელი ყოვლისა ბუნებისა. მაშინ განკვირვებული იგი მეთევზე შეუვრდა მუხლთა იესოსთა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო! რასა ნიჰშნავს, ძმანო. ესე მოქმედება სვიმონ პეტრესი? რისთვის შეეშინდა მას და ან რისთვის სთხოვა უფალსა განსვლა მისგან? ვგონებ, მას უნდა გაჰხარებოდა, რომ ესე ვითარი სასწაულთმოქმედი შევიდა ნავსა მისსა, აკურთხა მისი შრომა და მისცა მას დიდი სარგებლობა, გარნა მას შეეშინდა და თითქმის შესწუხდა. მას ის უნდა ეთხოვნა, რომ დიდ-ხანს დარჩენილიყო მაცხოვარი მასთან, რათა მიეღო მისგან უმეტესი მადლი და სარგებლობა; გარნა იგი ევედრება მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! რად იქმს ამს სვიმონ პეტრე? ამას იქმს იგი მისთვის, რომელ, ოდეს იხილა მან ესე ვითარი სასწაული და მით სცნა, რომელ მის სიახლოვეს არის უფალი და მბრძანებელი ბუნებისა, აღარ მოაგონდა სარგებლობა თვისი, არცა პატივი, რომელი დასდო მას უფალმან, შევიდა რა ნავსა მისსა და ჰქმნა რა მისთვის ესრეთი სასწაული, არამედ მან წარმოიდგინა ერთი მხოლოდ უღირსება თვისი, მან მხოლოდ ის იფიქრა, რომ იგი არის ცოდვილი და არა ღირსი ესოდენისა მადლისა, არა ღირსი მიახლებად მაცხოვარისადმი: : განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ჰსჩანს, რომელ სიმდაბლე და გრძნობა თვისისა უღირსებისა უცხოველეს იყო ყოველთა სხვათა გრძნობათა გულსა შინა მისსა; გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომელ სვიმონ პეტრე იყო კაცი, აღვსებული უსჯულოებითა, ანუ უარესი ყოველთა სხვათა კაცთა: იგი არ იყო არცა კაცის მკვლელი, არცა მპარავი, არცა მეძავი, არცა მოშურნე, არცა სხვათა სჯულთა დამარღვეველი; უკეთუ ესრეთი ყოფილიყო იგი, არცა აღმოარჩევდა მას უფალი მოციქულად, არცა იქმნებოდა იგი შემდგომად თავად მოციქულთა. არა, იგი იყო ერთი უბრალო მეთევზე, რომელი შრომითა ხელთა თვისთათა ზრდიდა თავსა თვისსა: გარნა ჰჩანს, რომელ ძლიერი და ცხოველი იყო გულსა შინა მისსა გრძნობა თვისისა ცოდვისა და უღირსებისა. ვინ ვარ მე, იფიქრა მან რათა მომეახლოს ესე ვითარი პირი? არ ეკადრება შესვლა ჩემებრ ცოდვილ კაცთან უწმინდესსა გვამსა უფლისასა; მეშინის, რათა არ დამწვას მადლმან მისმან ჩემისა უღირსებისათვის: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!
აჰა, ძმაო ჩემნო, კეთილი გრძნობა, რომელიცა განუშორებლივ უნდა სუფევდეს გულსა შინა ქრისტიანესასა! ყოველს კაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს შეგნება და გრძნობა თვისისა უღირსებისა და თვისთა ცოდვათა. კაცსა ცოდვილსა, ცოდვათა შინა შობილსა, ცოდვათა შინა ცხოვრების განმატარებელსა, რომელიღა აქვს მეტი საშუალება, რათა მიიღოს ღვთისაგან მოტევება ცოდვათა, უკეთუ არა შეგნება, გრძნობა და აღსარება თვისისა ცოდვისა? რა ნაირად ილოცავს იგი, უკეთუ არა აქვს გრძნობა თვისთა ნაკლულევანებათა? რა სახით გაიმართავს თავსა თვისსა, რა სახით მიიღებს სულიერსა წარმატებასა, უკეთუ არ იცნობს თავის თავს, უკეთუ არ ესმის სულიერი მდგომარეობა თვისი? გარნა შეგნება ცოდვათა, მწუხარება უღირსებისა სიცოდვისა გულსა შინა კაცისასა არის მოქმედება ღვთაებრივისა მადლისა; სვიმონ პეტრემ მხოლოდ მაშინ შეიგრძნო თვისი უღირსება, როდესაც იხილა მან საკვირველება თევზის ნადირობისა; ოდეს მიეახლა მას მადლი განმაცხოველებელი მაცხოვარისა. იცოდე შენცა, უკეთუ გული შენი გრილ-არს, უკეთუ შენ არ ზრუნავ და არა მწუხარე ხარ შენისა უღირსებისათვის, მაშასადამე, არა შეგეხო შენ ჯერეთ მადლი ღვთისა. ვისაც შეეხო განმაცხოველებელი იგი მოქმედება სულისა წმიდისა, პირველი მისი გრძნობა არის გრძნობა თვისისა უღირსებისა და სიცოდვილისა.
ცოდვა და ბოროტის-მოქმედება მით უმეტეს არის საშინელი და წარწყმედელი, რომელ იგი დააბნელებს გულსა კაცისასა და მოაკლებს მას შეგნებასა სიცოდვილისასა. წინასწარმტყველი დავით შთავარდა ერთხელ საშინელსა ცოდვასა შინა; სულიწმიდა განეშორა მისგან; გული მისი გაგრილდა; იგი აღარა გრძნობდა მწუხარებასა, და თუმცა ცოდვა მისი იყო საშინელ, გარნა იგი იყო უზრუნველ და მოსვენებულ, ვიდრემდის ღმერთმან არ მოავლინა მისდამი ნათან წინასწარმეტყველი, რომელმანცა ამხილა მას; ვიდრემდის არ შემუსრა ღმერთმან მისი სიგრილე მრისხანებითა და სასჯელითა: მხილოდ მაშინ შეიგნო და აღიარა ცოდვა თვისი, მხოლოდ მაშინ სთქვა,- შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ. უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი ჩემსა წინაშე არს მარადის. ესრეთ დააბნელებს ცოდვა კაცის გონებასა; ამისთვის გეშინოდეს, ძმაო ჩემო, უკეთუ გული შენი გრილ-არს, რათა არა იყო დაპყრობილ ცოდვათაგან; ეცადე და გაატფე გული შენი ლოცვითა და კეთილმოქმედებითა. აღსდგები რა განთიადს ძილისაგან, ევედრე ღმერთსა, რათა ყოველთვის მოგცეს ცნობა ცოდვათა შენთა; განმავლობასა შინა დღისასა ეცადე და ჰქმენ რომელიმე კეთილი საქმე, რათა გული შენი მიეჩვიოს კეთილმოქმედებასა და რათა განძლიერდე კეთილსა ცხოვრებასა შინა. მიხვალ რა საღამოს მოსასვენებლად, ილოცე მუხლმოდრეკით; ლოცვასა შინა შენსა ეცადე, გაიხსოვნე და აღუარე ღმერთსა ყოველი ბოროტი სიტყვა და საქმე, რაიცა შეგემთხვა შენ; ნუ ხარ მზაკვარი წინაშე სინდისისა შენისა; ნუ ამართლებ, ნუ აპატიებ თავსა შენსა ცოდვასა და უღირსებასა შენსა; არამედ გულწრფელად აღუარე ღმერთსა, რათა განანათლოს ლოცვითა გული შენი და შეგატყობინოს შენ შენი უღირსება, არქუ ღმერთსა: არ ვარ, უფალო, ღირს, რათა დავსდგე დღეს წინაშე პირსა დიდებისა შენისასა; გარნა მიიღე უღირსება ჩემი და ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან. ხოლო უმეტეს ყოვლისა მაშინ წარმოიდგინე უღირსება შენი, ოდეს ემზადები მიღებად საშინელსა საიდუმლოსა სისხლისა და ხორცისა უფლისა შენისასა; მაშინ სთქვი: ვინ ვარ მე, უფალო, რათა მოგეახლო შენ! ვითარ კადნიერ-ვყო თავი ჩემი მიღებად უწმიდესისა გვამისა შენისა; ვითარ გისტუმრო მე შენ, ოდეს თვით რჩეულსა შენსა მოციქულსა პეტრეს შეეშინა, გიხილა რა შენ მახლობელად თვისსა და გეტყოდა რა: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!
დასასრულ, ესეცა შენიშნე, ძმაო ჩემო, თუმცა სვიმონ პეტრემ სთხოვა უფალსა:განვედ ჩემგან, გარნა უფალმან არათუ დაუტევა იგი, არამედ უმეტესად მიეახლა მას. ვინაითგან სვიმონ პეტრემ შეიგნო და აღიარა თვისი უღირსება. უფალმა არა თუ დასტოვა და გაეშორა მას, არამედ მისცა მას უმეტესი მადლი და ღირსება: ნუ გეშინიან სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.და ჭეშმარიტად, შეიქმნა იგი მონადირედ კაცთა სულთასა. მან ამიერითგან მოინადირა ბადესა შინა ქრისტეს სჯულისა უმრავლესნი კაცნი, ვიდრე იქამომდე თევზნი წყალთაგან.

ესრეთ მოგაგებს შენ ღმერთი, უკეთუ შენ გრძნობ და აღუარებ მას შენსა უღირსებასა და ცოდვასა. იგი არა თუ არ განგეშორება შენ, არამედ უმეტესად მოგეახლება, მისთვის, რომელ იგი ნახავს შენში მონანებასა და მწუხარებასა შენის უღირსებისათვის. შეგნება და გრძნობა შენთა ცოდვათა იქმნება დასაწყისად შენისა ცხოვნებისა, რომელი მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან მადლითა თვისითა. ამინ.

No comments:

Post a Comment