წმ. ეფრემ ასური. ნეტარისა აბრაჰამისათვის ვითარ-იგი სიბრძნით და საკვირველად გამოიყვანა მარიამ, ძმის-წული თვისი, მეძავობისაგან.

მნებავს, საყუარელონო, თქუენსა მაგას ერთობასა სმენად დიდებული იგი საქმე, რომელი ქმნა წმიდამან აბრაჰამ ჟამსა მას სიბერისა მისისასა. რამეთუ გონიერთა და სულიერთა ნანდვილვე საკვირველ არს და სავსე სარგებელითა და ცრემლითა. ხოლო საქმე იგი ესე არს:
I. რამეთუ ესუა ნეტარსა მას ძმაჲ ხორციელად, რომელსა ესუა ასული, სახელით მარიამ. და აღესრულნეს მშობელნი იგი მისნი და დაშთა ყრმაჲ იგი ობლად. და მოიყვანეს ყრმაჲ იგი მეცნიერთა თვისთა და მოჰგუარეს მამის ძმასა მისსა, რამეთუ იყო იგი შვიდისა წლისაი. ხოლო ნეტარმან მან ბრძანა ყოფაჲ მისი გარეშესა მას სახლსა. და იყო საშუავალ მათსა მცირე სარკუმელი, რომელსა შინა დაასწავა მას „დავითი“ და სხუანი წიგნნი და მისთანავე ღამესა ათევნ და გალობნ.
და ვითარცა ესე იმარხავნ, ეგრეცა იგი. და გულსმოდგინებასა წარემატებოდა და მონაზონებასა, და ისწრაფდა აღსრულებად ყოველთა სათნოებათა. და რამეთუ ნეტარიცა იგი მრავალგზის ევედრებინ ღმერთსა ცრემლითა მისთვის, რაჲთა გონებაჲ მისი იყოს ღმრთისა თანა და რაჲთა არა შეიკრას გონებაჲ მისი, რომლითამე ქუეყანისა საქმითა და ზრუნვითა, რამეთუ მამამან მისმან ფასი დიდძალი დაუტევა მას; და ამისი ბრძანა ნეტარმან მან ობოლთა და გლახაკთა მიცემაი. და ესეცა ნეტარი ყმაჲ დღითი-დღედ ევედრები მამის ძმასა თვისსა და ეტყვინ: „მამაო, ვჰლოცავ სიწმიდესა შენსა, ილოცე ჩემთვის, რაჲთა განვერე ბოროტთაგან გულის სიტყუათა და ყოვლისაგან მანქანებისა და მრავალთაგან საბრხეთა ეშმაკისათა“. და ესრეთ გულმოდგინედ შურებოდა ყოველთავე წესსა მას ზედა მონაზონებისასა. და უხაროდა მამის ძმასა მისსა, რამეთუ ხედვიდა კეთილსა მას გულსმოდგინებასა მისსა, და ცრემლთა და სიმდაბლესა, ყუდროებასა და სიმშვიდესა და ღმრთისა მიმართ სიყუარულსა. და ოც წელ შურებოდა ნეტარისა მის თანა, ვითარცა ტარიგი წმიდაჲ და ტრედი უბიწოჲ.
და ვითარცა აღესრულნეს ოცისა წლისა ჟამნი, აღბორგდა ეშმაკი მის ზედა და უმზირდა, ვითარმცა მოინადირა იგი, რაჲთა ესრეთ ოდენმცა შეუძლო მწუხარებასა შეგდებად ნეტარი იგი და გონებაჲ მისი განშორებად ღმრთისაგან.
II. იყო ვინმე, რომელსა სახელი ზედა ედვა მონაზონებისაი, რომელი მივიდის ნეტარისა მის მიზეზითა სიყუარულისაჲთა მრავლითა მოსწრაფებითა და ხედავნ ნეტარსა მას ყრმასა სარკუმლით, რომლისაგან იქმნა იგი ტრფიალ და უნდა შემთხუევაჲ მისი, რამეთუ ვითარცა ცეცხლი აღეგზნა გულსა მისსა სიცბილი იგი ტრფიალებისაჲ. და უმზირდა მას მრავალ ჟამ, ვიდრე წელიწად ერთადმდე, ვიდრე არა მოაუძლურა გონებაჲ მისი. განაღო სარკუმელი სენაკისა მის და გამოვიდა მისა და შეიგინა მის თანა მწვირითა მით ურჩულოებისაჲთა.
და შემდგომად საქმისა მის ურჩულოებისა, განუკვირდა გონებასა მისსა და იცემდა პირსა თავისსა, და გარდაიპო ძაძისა იგი სამოსელი და უნდა მოშთობაჲ თვისა თვისისაჲ მწუხარებისა მისგან და თქუა: „მე ამიერითგან მოვუკუედი და წარწყმდეს დღენი ჩემნი და ნაყოფი შრომათა ჩემთაი, და მარხვანი იგი ჩემნი და ცრემლნი ჩემნი არად შეირაცხნეს, ღმერთი განვარისხე და თავი ჩემი მოვიკალ და მამის ძმაჲ ჩემი მწუხარებასა და ჭირსა შევაგდე და საკიცხელ ეშმაკისა ვიქმენ. ამიერითგან რაისა-ღა ცოცხალ ვარ უბადრუკი ესე, ვაიმე რაჲ ესე შემემთხვა, ვაიმე რაჲ ესე ვყავ, ვაიმე რაი ესე მევნო, ვაიმე ვინაი ესე გამოვვარდი, ვითარ დაბნელდა გონებაჲ ჩემი და ვერ ვცან, და ვითარ მიბრკუმა და ვერ გულისხმა ვყავ და ვერ შევიგონე, არა უწყი. ღრუბელმან ბნელმან დაფარა გონებაი ჩემი, რამეთუ არა ვცან რასა-იგი ვიქმოდე. აწ სადამე დავეფარო, ანუ ვიდრე-მე ვიდე? სადა არიან მოძღურებანი იგი წმიდისა მამისა ჩემისანი, ანუ სადა არიან სწავლანი იგი ეფრემისნი მოყუსისა მისისანი, რაჟამს მასწავებედ მე და მეტყვიედ: „ეკრძალე თავსა შენსა, და დაუმარხე სული შენი შეუგინებელად სიძესა მას უკუდავსა, რამეთუ სიძე იგი შენი წმიდა არს“. ღმერთი მოშურნე არს, ვერღარა შემძლებელ ვარ თუალთა ახილვად ზეცად, რამეთუ მოვკუედ ღმრთისაგანცა და კაცთაგანცა, რამეთუ აწ მიახლებად სარკუმელსა მას ვერ ხელ-მეწიფების, ვითარ-მე უკუე ვიკადრო ცოდვილმან ამან და სავსემან არაწმიდებითა სიტყუად წმიდისა მის თანა. და თუ ვიკადრო, ცეცხლი გამოხდეს სარკუმლისა მისგან და შემწუას მე. უმჯობეს არს ჩემდა წარსვლაი სხუად სოფლად, სადა არავინ მიცოდის მე, რამეთუ ერთვე მოვკუედ და არღარა არს სასოებაჲ ცხოვრებისა ჩემისაჲ“.
III. და აღდგა მეყსეულად და წარვიდა სხუად ქალაქად, და შეიცვალა სამოსელი მისი და დადგა იგი ყოველთა შესავალსა მას. ხოლო რაჟამს ესე შემთხუევად იყო მისა, იხილა ნეტარმან აბრაჰამ ჩუენებაჲ საშინელი: ვეშაპი დიდი ფრიად, და ისტუინდა ძლიერად და საძაგელ იყო ხილვად, რომელი გამოვიდოდა ადგილით თვისით. და მოვიდა ვიდრე სახლამდე ნეტარისა მის. და პოვა ტრედი სპეტაკი და შთანთქა იგი, და მიიქცა ადგილსავე თვისსა. განიღვიძა ნეტარმან აბრაჰამ და შეწუხნა ფრიად, ტიროდა მწარედ და იტყოდა: „დევნაჲ რაიმე აღადგინოს ეშმაკმან ეკლესიათა ზედა, და მრავალნი განადგინნეს სარწმუნოებისაგან, ანუ განდგომაი რაი იყოსა და კვდომაი ეკლესიათა ზედა ღმრთისათა, ანუ დაბისა მის კაცნი კუალად მიიქცეს კერპთ-მსახურებასა?. ილოცვიდა ნეტარი ესე ღრმთისა მიმართ და თქუა: „წინასწარ მცნობელო და კაცთ-მოყუარეო ღმერთო, შენ მხოლომან იცი, რაი არს ჩუენებაი ესე“.
და მერმე კუალად მეორესა დღესა იხილა იგივე ვეშაპი, გამოსრული ადგილით თვისით და მომავალი სახიდ მისა, და დადვა თავი თვისი ფერხთა ქუეშე მის ნეტარისათა და განსქდა, და გამოვიდა ტრედი იგი ცოცხალი და არარაჲ იპოვა მის თანა ბიწი რაჲთურთით.
და ვითარ განიღვძა ნეტარმან მან, მეყსეულად უწოდა მას ერთგზის და ორგზის და ჰრქუა: „რაისათვის დაიცონე, დღეს ორი დღე არს აღებად პირისა შენისა და დიდებად ღმრთისა“. ვითარ მან არაი მიუგო, რამეთუ ორი დღე აქუნდა, ვინაითგან არღარა გალობდა მსგავსად ჩუეულებისა თვისისა, მაშინ გულისხმა ყო ნეტარმან მან და სულთ-ითქუნა, ტიროდა მწარედ და თქუა: ვაიმე, ვითარ ტარიგი იგი ჩემი მგელმან მიმტაცა და შვილი ჩემი წარიტყუენა. აღიმაღლა ხმაი თვისი, ტიროდა და თქუა: „მაცხოვარო სოფლისაო, მოაქციე ტარიგი იგი შენი სადგურად ცხოვრებისად, რაითა არა შთახდეს სიბერე ესე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა, და ნუ უგულებელს ჰყოფ ვედრებასა ჩემსა, ქრისტე, არამედ მოავლინე მწრაფლ მადლი ყოველი და დაიცევ იგი პირისაგან ვეშაპისა.“
ხოლო არიან ორნი იგი დღენი, რომელ იხილნა ნეტარმან აბრაჰამ ჩუენებასა შინა, ორნი იგი წელნი, რომელ დაყვნა ძმისწულმან მისმან გარე. ამიერითგან ჰყოფდა ვედრებასა მისთვის დღეც და ღამეც ღმრთისა მიმართ.
და შემდგომად ორისა წლისა, ესმა მას, სადა იყო, და ვითარ იგი იქცეოდა და ჰლოცვიდა ვისმე მეცნიერსა თვისსა. და მიავლინა იგი მისა, რაითა ჭეშმარიტად გამოიკითხოს მისთვის და ისწავოს ადგილი, სადა იყოფოდის. მაშინ წარვიდა მოციქული იგი და გამოიკითხა ჭეშმარიტად მისთვის და იხილა თვით იგიცა. და მოვიდა და უთხრა ნეტარსა მას ყოველი თითოეულად და ასწავაცა ადგილი იგი.
ხოლო ნეტარსა მას ჰრწმენა ჭეშმარიტად, რამეთუ იგი არს, და ჰრქუა მეცნიერსა მას მისსა, რაითა მოართუას სამოსელი საერისკაცოი და ცხენი და დრაჰკანი ერთი. და მან ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას. და განაღო კარი სახლისა თვისისაჲ და გამოვიდა, და შეიმოსა სამოსელი იგი საერისკაცოჲ და დაიდგა ქუდი მარფოი თავსა მისსა და მოიღო დრაჰკანი იგი და დაჯდა ცხენსა მას ზედა და წარემართა ქალაქსა მას, ვითარცა მსტოვარი ვინმე, რომელსა-იგი ეგულებინ განმსტოვრებად სოფლისა გინა ქალაქისა, სხუაჲ ხატი შეიმოსის, რაითა არა საცნაურ იყოს; ეგრეთა ნეტარი ესე აბრაჰამ ხატითა მით საერისკაცოჲთა მივიდა, რაჲთა მტერი იგი აოტოს.
მოვედით, საყუარელნო, და დაგიკვირდინ მეორეც ესე აბრაჰამ, რამეთუ პირველი იგი განვიდა მეფეთა ბრძოლად და მოსრნა იგინი და მოაქცია ლოთ ძმისწული თვისი ტყუეობისაგან, ხოლო მეორეც ესე აბრაჰამ განვიდა ბრძოლად თვით მის ეშმაკისა და სძლო მას და მოაქცია ძმისწული თვისი.
IV. და ვითარცა მივიდა ნტარი ესე აბრაჰამ ადგილსა მას, შევიდა ყოველთა შესაკრებელსა მას, და მიმოიხედვიდა აქა და იქი, რაითამცა იხილა მარიამ. და ვითარცა წარჰხდა ჟამი ერთი და ვერა სადა იხილა, განიღიმა და ჰრქუა მოღუაწესა მის ადგილისასა: „მეგობარო, მესმა, ვითარმედ გივის აქა ქალი ქმნულ-კეთილი და მნებავს, რაითამცა ვიხილე იგი“. ხოლო მან, ვითარცა იხილა ჰასაკი მისი და მხცენი მისნი, განგმო იგი გულსა შინა თვისსა. მერმე კუალად მეყსეულად ჰკითხა: სადა არს ნანდვილვე შუენიერი იგი, რამეთუ იყო ნეტარი იგი ქმნულ-კეთილ ფრიად. ჰრქუა მას ნეტარმან აბრაჰამ: „სახელი რაი ჰრქვან მას?“ ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „მარიამ“. მაშინ მხიარულითა პირითა ჰრქუა ნეტარმან მან: „მოუწოდე მას, რაითა დღეს ვიხარო მის თანა, რამეთუ ფრიადისა ჰამბავისა მისისათვის ვეტრფიალე მას“. ხოლო მან მოუწოდა და მოვიდა მისა.
ხოლო ნეტარმან მან ვითარცა იხილა იგი შემკობილი სახითა მეძავთაჲთა, ყოვლადვე პირი მისი აღივსო ცრემლითა და ითმენდა ფრიად, რაითა არა ცნას და ივლტოდეს. და ვითარ დასხდეს იგინი სერად, მიერითგან იწყო სიმღერად მისა განსაკვირვებელმან მან კაცმან, ხოლო იგი აღდგა და ჰამბორს უყოფდა ქედსა მისსა, და ეცა სულნელებაი მონაწონებისაი და მოეხსენნეს დღენი იგი მარხვისა მისისანი. სულთ-ითქუნა და ცრემლნი გარდამოსთხინა და თქუა: „ვაიმე მარტოსა“. ხოლო მოღუაწესა მას მისსა დაუკვირდა და ჰრქუა: „დედოფალო ჩემო, მარიამ, დღეს გაქუს აქა ჩუენ თანა ორი წელი და არასადა-მესმინნეს შენნი სულთ-თქუმანი, და არცა ესევითარი სიტყუაი, აწ რაი ჰყავ შენ?“ ხოლო მან ჰრქუა: „უკუეთუმცა მომკუდარ ვიყავ სამისა წლისა წინა, ნეტარ-მცა ვიყავ“. ხოლო ნეტარმან მან რაი იხილა, თქუა გულსა თვისსა: „ნუუკუე იცნას და ივლტოდეს“. ჰრქუა მას სასტიკად: „აწ რაჟამს მოხუედ ჩემდა, მოგეგონნესა ცოდვანი შენნი?“ და რაითა არა თქუა, ვითარმედ „ჰგავს ხატი იგი მისი ხატსა მამისა ძმისა მიმისასა, ანუ ვითარ-მე არა ცნა, რამეთუ ჰასაკი მისი ჰგავს ჰასაკსა მამის ძმისა მისისასა. არამედ მხოლომან და კაცთმოყუარემან ღმერთმან ესრეთ ჯერ იჩინა, რაითა არა იცნას იგი.
და გამოიღო დრაჰკანი იგი ნეტარმან აბრაჰამ და მისცა მოღუაწესა მას მათსა და ჰრქუა: „მოგვიმზადე ჩუენ სერი კეთილი, რაითა ვიხაროთ ჩუენ დღეს მაგის ქალისა თანა, რამეთუ შორით მაგისთვის მოსრულ ვარ“. ნამდვილვე გულისხმის ყოფაი სულიერი, ნანდვილვე გოდებაი ესე ცხორებისათვის, რომელმან-იგი ერგასისთა წელთა მონაზონებისა მისისათა პურისა გემოჲ არა იხილა და არცა ყოველთათვე ღვინისაჲ. მაშინ მან ხორცი ჭამა და ღვინოჲ სუა, რაჲთა იხსნეს სული წარწყმედული წმიდათა ანგელოზთა ცათა შინა და უკვირდა საკვირველებისა მისთვის წმიდისა აბრაჰამისა, ვითარ-იგი გულსმოდგინედ და შეუორგულებელად შჭამდა და სუმიდა, რაითა მწვირისაგან მოიტაცოს დანთქმული შვილი. სიბრძნე ბრძენთაჲ, გულისხმის ყოფაჲ მეცნიერთაჲ, უდებებაჲ ნანდვილვე ცხორებისათვის! ესევითარმან მმარხველმან და განმზრახველმან ესე ყოველი ქმნა, რაითა პირისაგან ვეშაპისა გამოიტაცოს სული შთანთქმული.
და შემდგომად განცხრომისა მათისა, ჰრქუა წმიდასა მას ქალმან მან: „უფალო, აღდეგ და შევიდეთ სასუენებელად და დავიძინოთ“. ხოლო მან ჰრქუა მას: „გუალე, შევიდეთ“. და ვითარცა შევიდეს იგინი შინა და იხილა წმიდამან აბრაჰამ ცხედარი დაგებული, მაღლად აჰხედა და დაჯდა მას ზედა გულსმოდგინედ. აწ ვითარ გიწოდი შენ ანუ ვითარ სახელ გედვა შენ, სრულო და მოღუაწეო ქრისტესო, არა ვიცი. მმარხველ გრქუა შენ, ანუ უდებ ბრძენ, ანუ არა ბრძენ განმზრახველ, ანუ განუმზრახველ, რომელი ერგასისსა წელსა ჭილსა ზედა მისწვი, აწ ვითარ ეგევითარსა ცხედარსა ზედა დაშჯედი, არამედ ესე ყოველი ჰყავ საქებელად და სადიდებელად ქრისტეისა; სადგურნი მიჰვლნე, ხორცი შეშჭამე და ღვინოი სვი და ყოველთა შესავალსა შეხუედ, რაითა იხსნე სული წარწმედული. ხოლო ჩუენ ორგულებასა შევცვივდით, სარგებელისაცა სიტყუასა მოყუსისასა მიმართ ჩუენისა არა ვიხარებთ. და ვითარცა დაჯდა წმიდაი იგი აბრაჰამ ცხედარსა მას ზედა, ჰრქუა მას მარიამ: „უფალო ჩემო, წარგხადნე ხალმნი ეგე შენნი!“ ხოლო მან ჰრქუა მას: „დაკრძალე კარი და მაშინღა მოვედ და წარმხადენ“ ხოლო მარიამ აცილობდა მას პირველად ხამლთა წარხდად, და მან არა თავს-იდვა. მაშინ დაჰკრძალა კარი მარიამ და მოვიდა მისა. ხოლო ნეტარმან აბრაჰამ ჰრქუა მას: „დედოფალო ჩემო მარიამ, მო-რე-მეახლე“. ხოლო იგი მიეახლა მას, მაშინ უპყრა ხელი მისი მაგრიად, რაითა არა განერეს და ივლტოდის მისგან, რეცა თუ ჰამბორს უყოფდა მას. მაშინ აღიხადა ქუდი იგი თავისაგან თვისისა, აღიხილნა და ჰრქუა მას: „შვილო ჩემო მარიამ, ვერ მიცანა? მე ვარ მამის ძმაჲ შენი აბრაჰამ! შვილო ჩემო და ნაწლევო ჩემო, არა მიცანა? მე ვარ რომელმან განგზარდე შენ! რაჲ ესე ჰქმენ, შვილო ჩემო, ანუ ვინ მოგკლა შენ? სადა არს ხატი იგი შენი ანგელოზებრი, რომელი გემოსა შენ, შვილო ჩემო, ანუ სადა არიან მარხვანი და ტირილნი შენნი და სულ-თქუმანი შენნი? ანუ სადა არიან მღვიძარებანი შენნი და ქუეყანასა ზედა წოლანი? ვინ სიმაღლეთაგან ცათაისა ჯურღმულსა ამას გარდამოგაგდო, შვილო ჩემო? რაისათვის არა მითხარ, ოდეს იგი სცოდე, შვილო ჩემო, და მემცა ვევედრე შენ წილ ღმერთსა საყუარელისა ჩუენისა ეფრემის თანა. რაისათვის ესე საქმე ჰქმენ? რაჲსათვის ესრეთ დამაგდე მე და მწუხარებასა დიდსა შემაგდე მე, შვილო ჩემო? უკუეთუ ცოდოს ვინმე და დაადგრეს მას ზედა, დაიმკვიდროს მან ჯოჯოხეთი ქუესკნელი, სადა-იგი იყოს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთა. ხოლო რომელმან მოაქციოს ცოდვისაგან, ინანდეს და ილოცვიდეს ღმრთისა მიმართ, მიუტევნეს მას თანანადებნი მისნი და განწმიდოს იგი ცოდვისაგან.
ხოლო მარიამ ვითარცა ესმა, ესე იქმნა ვითარცა ქვაჲ უსულოჲ ხელთა შინა მისთა შიშისაგან და სირცხვილისა. ხოლო წმიდამან აბრაჰამ ჰრქუა მას ტირილით: „არარას მომიგება, შვილო ჩემო მარიამ, და არას მეტყვია, ნაწლევო ჩემო, ჩემ ზედა იყავნ ცოდვაჲ ეგე შენი, შვილო ჩემო, მე სიტყუაჲ მიუგო ღმერთსა დღესა მას საშჯელისასა, მე ვინანდე ცოდვისა მაგის შენისათვის, შვილო ჩემო. და ვიდრე შუვაღამემდე ტირილით ევედრებოდა მას და ასწავებდა. და მოიღო მცირედ კადნიერებაჲ მარიამ და ჰრქუა მას ტირილით: „უკუეთუ შენდა მიხედვადცა ვერ ძალ მიც სირცხვილითა პირისა ჩემისაჲთა, ვითარ-მე ღმრთისა მიმართ ვიკადრო ანუ ვიფლიდო, შევიგინე არაწმიდებითა მწვირისაითა“. ჰრქუა მას წმიდამან აბრაჰამ: „ჩემ ზედა იყავნ ცოდვაჲ ეგე, შვილო ჩემო, ხელთაგან ჩემთა იძიოს ღმერთმან ცოდვაი ეგე, შვილო ჩემო, გარნა შენ ისმინე ხოლო ჩემი,შვილო, და მოვედ და წარვიდეთ ადგილსავე ჩუენსა, რამეთუ აჰა ესერა, საყუარელიცა იგი ჩუენი ეფრემ ტირის და ევედრების შენთვის ღმერთსა დღეც და ღამეც, შეიწყალე სიბერე ესე ჩემი, გლოცავ შენ, შეიწყალენ მხცენი ესე ჩემნი, გლოცავ შენ, ნაწლევო ჩემო, აღდეგ და მოვედ ჩემ თანა“. ხოლო მან ჰრქუა მას: „უკუეთუ უწყი ვითარმედ შემძლებელ ვარ სინანულად და თუ შეიწყნარის ღმერთმან სინანული ჩემი და მომიტევდნეს მე ღმერთმან შეცოდებანი ჩემნი, აჰა ესერა, მოვალ, შეუვრდები და ვჰლოცავ შენსა სიწმიდესა და ჰამბორს უყოფ ფერხთა შენთა, რამეთუ ესრეთ წყალობა ჰყავ ჩემთვის და მოხუედ აქა, რაითა გამომიყვანო მე მწვირისა ამისგან არაწმიდებისა“. და დადვა თავი თვისი ფერხთა თანა მისთა და ტიროდა მწარედ ღამე ყოველ და იტყოდა: „რაი-მე მიგაგო, უფალო ჩემო, რამეთუ ესრეთ წყალობა ჰყავ ჩემთვის“. და ვითარ ცისკარ ოდენ იყო. ჰრქუა მას წმიდამან აბრაჰამ: „შვილო, აღდეგ და წარვიდეთ ჩვენდავე ადგილად“. ხოლო მარიამ მიუგო და ჰრქუა მას: „უფალო ჩემო, მიც მე აქა ოქროი და ვერცხლი და სამოსელი ფრიად, რაი ჰბრძანო მისთვის, უფალო ჩემო?“ ხოლო წმიდამან აბრაჰამ ჰრქუა მას: „აცადე იგი აქავე, რამეთუ ეგე ყოველი ნაწილი არს უკეთურისა მაცთურისაჲ“. და აღდგეს და წარვიდეს ორნივე ერთად. და აღსუა იგი წმიდამან აბრაჰამ ცხენსა მას და წინა უპყრა მას. და მივიდოდეს იგი სიხარულითა დიდითა. ვითარცა-ღა ვინ იგი მწყემსმან პოვის ცხოვარი წარწყმედული და აღისვის იგი მხართა თვისთა ზედა, ეგრეცა წმიდაი იგი სიხარულითა გულისა თვისისაითა ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა.
V. და ვითარცა მივიდეს იგინი ადგილსავე თვისსა, შეიყვანა იგი შინაგანსა მას სენაკსა, სადა-იგი თვით იყოფოდა და გარეშესა თვით შეეყენა. და ამიერითგან ნეტარი იგი ქალი ინანდა ძაძითა და ნაცრითა, სულ-თქუმითა და ცრემლითა მწარითა, აღმსთობითა და მღვიძარებითა დიდითა, მარხვითა და ცრემლითა, სიმდაბლითა და სიმშვიდითა შურებოდა გულსმოდგინედ და ინანდა მოსწრაფედ და ჰმადლობდა დაუცხრომელად. ჭეშმარიტად ესე არს ვედრებაჲ!
ვინმემცა უკუე რავდენცა უწყალოი იყო და ესმოდა ხმაი იგი ტირილისა მისისაი და არამცა მის თანავე ტიროდა! რავდენ ვინ უწყალოჲ და გულ-ფიცხელი ისმენდა მისსა მას გოდებასა და ტირილსა, ვინმცა არა მზრუნველ ეყო, ტირნ მის თანავე და ადიდებნ ღმერთსა! ხოლო ჩუენი ესე სინანული მისსა მის სინანულსა წინაშე აჩრდილი არს, და ჩუენი ესე ვედრებაჲ მისსა მის ვედრებასა წინაშე სიზმარი არს. და ესრეთ დაუცხრომელად ევედრებოდა ღმერთსა დღეც და ღამეც, რაითამცა მიუტევა მას, რაი-იგი ქმნა ცოდვაჲ, და რაჲთა იხილოს მან სასწაული, რამეთუ შეიწყალა იგი ღმერთმან. რა რაჟამს კაცთ-მოყუარემან ღმერთმან იხილა სინანული იგი მისი და გულსმოდგინებაი, მიერითგან კურნებასა ჰყოფდა ლოცვითა მისითა და ცხონდა წმიდაი იგი აბრაჰამ ათხუთმეტ-ღა წელ სხუა და ხედვიდა კეთილსა მას მისსა სინანულსა და გულსმოდგინებასა, ადიდებდა და აკურთხევდა ღმერთსა ყოველსა ამას კეთილსა ზედა.
და აღესრულა წმიდაჲ იგი სამეოცდაათისა წლისაჲ, ხოლო მონაზონებდა იგი ერგასის წელ და გულს-მოდგინედ სიმდაბლითა და სიყუარულითა არასადა თუალ-ახუნა კაცსა, ვითარ-იგი მრავალთა ჩუეულებაი არს ყოფად, რომელსამე პატივისცემაი და რომელსამე შეურაცხებაი. და არა ცვალა კანონი მონაზონებისა თვისისაჲ და არცა უდებ იქმნა, არცა მცონარ, არამედ ესრეთ იყო, ვითარცა დღითი-დღედ მოსიკუდიდი.
VI. ესე არს მოთმინებაჲ მისი, და ვითარ ცხონდებოდა იგი, და ღუაწლი მოთმინებისა მისისაჲ, რამეთუ ესრეთ გამოვიდა სასძლოისა თვისისაგან და არა უკუნ იქცა, არამედ არცა ჭირითა მით მის დაბისაითა, არცა ბრძოლათაგან და ოცნებათა ეშმაკისათა შეშინდა და მომედგრდა. რამეთუ უდიდესი და უსაკვირველესი სიმხნეჲ ესე არს ტარიგისა მის მარიამისთვის, ვითარ-იგი სულიერითა მის სიბრძნითა, გულისხმის ყოფასა ვიტყვი და მეცნიერებასა, რომლითა პოვა იგი და მოსტაცა პირისაგან ვეშაპისა, და დათრგუნა იგი და საჭმელი პირისა მისისაგან მოუღო.
ესე ღუაწლნი არიან და შრომანი წმიდისა მის აბრაჰამისნი. ხოლო ესე ამისთვის დავწერეთ ნუგეშინის საცემელად გულსმოდგინეთათვის ყოველთა, რომელთა უნდეს გულსმოდგინედ მონაზონებაჲ საქებელად და სადიდებლალ ღმრთისა, რომელმან მომცა ჩვენ ყოვლითა მადლითა მისითა უმჯობესი იგი. ხოლო სხუანი იგი სათნოებანი მისნი სხუასა ადგილსა დავწერენით.
და ჟამსა მას განსუენებისა მისისასა შეკრბა ყოველი ქალაქი და კაცად-კაცადი მიეახლებოდა მოსწრაფებითა წმიდათა მათ ხორცთა მისთა, და მოიტაცებდეს სამოსლისა მისისაგან ფესუსა და რავდენთა სნეულთა შეახებდეს ფესუსა მას, განიკურნებოდეს.
და ცხონდა ნეტარი იგი მარიამ ხუთთა სხუა წელ და გარდარეულად შურებოდა და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა დღეც და ღამეც. და არნ ღამეც მრავალგზის, რომელნი თანა წარჰვლენედ მას ადგილსა და ესმინ ხმაჲ იგი ტირილისა მისისაჲ და დგიან და მის თანა ტიროდიან და ადიდებედ ღმერთსა. ხოლო ჟამსა მას სიკუდილისა მისისასა ყოველთაჲ, რომელთა იხილეს პირი მისი, რამეთუ განბრწყინდა, ვითარცა მზე, ადიდებდეს ღმერთსა მარადის დიდებულსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნისამდე. ამენ.

"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" VI ტომი.


No comments:

Post a Comment