წმ. იოანე ოქროპირი. მოწყალებისათჳს.




და ნუ ამას იტყჳ, თუ: ქმნეს მათ მოწყალებაჲ, რამეთუ, უკუეთუ არა ქმნეს შემსგავსებულად მონაგებისა თჳსისა, ვერ განერნენ სატანჯველსა. რამეთუ, არა თუ საზომითა მით მისაცემელისაჲთა განიკითხვის მოწყალებაჲ, არამედ უხუებითა მით გონებისაჲთა. უკუეთუ ვისმე აქუნდეს ორი დრაჰკანი და ერთი მისცეს ქველისსაქმედ, და სხუასა აქუნდეს ათასი და ასი მისცეს ქველისსაქმედ, რომელმან ქმნა უმეტესი ქველისსაქმე? ჭეშმარიტად მან, რომელმან ორისაგან ერთი მისცა. რამეთუ მან ნახევარი მონაგებისა თჳსისაჲ მისცა ქრისტესა, ხოლო მეორემან მან - მეათედი. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ რომელი მდიდარ იყოს, დაღაცათუ მისცემდეს ქველისსაქმესა, არამედ, უკუეთუ შემსგავსებულად სიმდიდრისა თჳსისა არა მისცეს, საბრალობელ არს და დასასჯელ.
ხოლო უკუეთუ ესევითარნი იგი დასასჯელ არიან, რავდენ უფროჲს იგინი, რომელთა მეტი და ნამეტნავი აქუს და გლახაკთა არა სწყალობენ, რომელნი ტაძართა მრავალსართულთა და ქორის-ქორთა ოქრო-ქანდაკებულთა აღაშენებენ და ოქროსა და ვეცხლსა განამრავლებენ და მშიერთა არა გამოჰზრდიან, არცა შიშუელთა შეჰმოსენ? ხოლო ვინაჲთგან მოწყალებისათჳს შემოვიდა სიტყუაჲ, მოედით, კუალად ვთქუათ, რომელსა-იგი პირველ სამისა დღისა ვიტყოდეთ. რამეთუ მაშინ ვთქუთ, ვითარმედ მოწყალებაჲ ჴელოვნებაჲ არს კეთილი, ღმრთისა მიერ მონიჭებული, და სავაჭროჲ მისი ცათა შინა არს და მოძღუარ ჴელოვნებისა მის არავინ არს კაცთაგანი, არამედ ღმერთი. მოედით, უკუე, იგივე სიტყუაჲ გამოვიძიოთ. რამეთუ ყოველივე ჴელოვნებაჲ საქმისა რომლისამე მიმართ საჴმარ არს: მჭედლობაჲ საჴმარ არს, რაჲთა იქმნას ცული და ეჩუე, ხერხი და საჴნისი, ჴრმალი და ლახუარი და სხუაჲ ესევითარი. ხუროვნებაჲ, ეგრეთვე, საჴმარ არს შენებად ტაძართა და სხჳსა ყოვლისავე ძელით-ხუროებისა, გინა თუ ქვათ-ხუროებისა. ეგრეთვე ყოველნი ჴელოვნებანი არიან, თითოეული რომლისავე საქმისათჳს საჴმარ არს. ეგრეთვე, ვინაჲთგან მოწყალებაჲცა ჴელოვნებად სათნოდ მოცემულ არს ჩუენდა, ვიხილოთ თუ რომელსა საქმესა საჴმარ არს იგი, ანუ რაჲ არს სარგებელი მისი. არა ტაძართა გჳშენებს თიჴისაგანთა, არცა სამოსელთა ანუ ჴამლთა გჳკერავს განხრწნადთა, არამედ ჴელთაგან სიკუდილისათა გჳჴსნის და საუკუნესა მას ცხორებასა შეგჳყვანებს და აღგჳშენებს სავანეთა მათ და საყოფელთა საუკუნეთა, ლამპართა ჩუენთა არა შეუნდობს დაშრეტად, არცა სამოსლითა ხენეშითა შეგჳნდობს შესლვად სასძლოსა მას, არამედ განგუასპეტაკებს. არა შეგჳნდობს შთავრდომად, სადა მდიდარი იგი შთავარდა, არცა სმენად სიტყუათა მათ მძიმეთა, არამედ მიმიყვანებს ჩუენ წიაღთა აბრაჰამისთა. ჴელოვნებანი ესე სოფლიონი - თითოეულსა ერთი საქმე უპყრიეს და უფროჲსად თჳსსა მასცა საქმესა ვერვე აღასრულებს, უკუეთუ სხუაჲცა ჴელოვნებაჲ არა შეიწიოს. რამეთუ მუშაკისა საქმე არს მორეწად საზრდელისა, არამედ უკუეთუ არა თანაშეეწიოს მჭედლობაჲ ქმნად ცულისა და თოჴისა და საჴნისისა და სხჳსა მრავლისა, ვერარას ჴელ-ეწიფების ქმნად. ეგრეთვე ყოველნი ჴელოვნებანი ჭურჭელთა საქმისა თჳსისათა სხუათა ჴელოვნებათაგან მოირეწენ, ხოლო მოწყალებასა არავისგან უჴმს მორეწაჲ, არამედ გონებაჲ ხოლო კეთილი საჴმარ არს და ყოველივე წარუმართებიეს. ხოლო უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: ჰე, უჴმს მოწყალებასაცა სხჳთ მოგებაჲ საქმისა თჳსისაჲ; უკუეთუ არა მქონდის საფასე, საჴმარნი და სამოსელნი, ვითარ ვყო ქველისსაქმე, ვითარ გამოვზარდო მშიერი, ვითარ შევმოსო შიშუელი? ხოლო რომელი ამას იტყჳ, კაცო, წარიკითხე, რაჲ ბრძანა უფალმან ქურივისა მისთჳს და ნუღარა იჭირვი ამის ჯერისათჳს. რამეთუ დაღაცათუ ფრიად გლახაკ იყო, უკუეთუ ორი წულილი მისცე, სრული გიქმნიეს საქმე იგი; უკუეთუ ჴუეზაჲ პურისაჲ ანუ კოტორი ერთი მისცე და სხუაჲ არა გაქუნდეს, თავსა მას აღსრულ ხარ კიბისასა. აწ უკუე ვისწრაფოთ ამის ჴელოვნებისა სწავლად, რამეთუ უმჯობეს არს ამისი წარმართებაჲ, ვიდრეღა დაპყრობად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა. და არა ესე ხოლო არს საქმე მისისა ჴელოვნებისაჲ, რომელ არა უჴმს კაცთა ჴელოვნებათაგან მოღებად შეწევნისა, არამედ, რომელ-იგი საკჳრველთა და დიდებულთა საქმეთა აღმასრულებელი არს, რამეთუ ტაძართა აღაშენებს სამარადისოდ მდგომარეთა ცათა შინა და ასწავებს მოყუარეთა თჳსთა, თუ ვითარ განერნენ უკუდავისა მისგან სიკუდილისა, და საუნჯეთა მიანიჭებს წარუპარველთა და წმიდა-ჰყოფს სულსა ყოვლისავე ბრალისაგან. და რად საჴმარ არს თითოეულად წარმოთქუმაჲ საქმეთა მისთაჲ? ერთი მიგითხრა და კმა არს ესე. გასწავებს, თუ ვითარ იქმნა მსგავს ღმრთისა, რომელ-ესე თავი არს და ბეჭედი ყოველთა კეთილთაჲ. რაჲმცა უკუე იყო სწორ მისა და უაღრეს, რამეთუ სხუანი ყოველნი ჴელოვნებანი არა ხოლო თუ უძლურ არიან და ვერშემძლებელ თავით თჳსით წარმართებად საქმისა თჳსისა, არამედ განქარვებადნიცა არიან და საწუთროსა ამას ცხორებასა თანა წარმავალნი, და მოქმედნი რაჲ მათნი მოუძლურდენ, არღარა ჩანან, და საქმესა თჳსსა განუქარვებელად ვერ დაიცვენ და შრომაჲ უჴმს და სიგრძე ჟამისაჲ და სხუაჲ ესევითარი მრავალი. ხოლო სულიერი ესე ჴელოვნებაჲ მოწყალებისაჲ, ოდეს სოფელი წარჴდეს, მაშინ უმეტესად გამობრწყინდების, ოდეს მოვკუდეთ, მაშინ გამოჩნდების. არა უჴმს არცა შრომაჲ, არცა სიგრძე ჟამისაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე სიძნელე, არამედ უძლურებასა შინა თუ იყო, აღესრულების, და-თუ-ჰბერდე, ეგრეთვე. გან-რაჲ-ხჳდე ამიერ სოფლით, თანამოგზაურ გექმნების და არაოდეს დაგიტეობს, უგონიერეს და უბრძნეს გყოფს შენ ფილაფოზთა და გამომეტყუელთასა, და უსაწადელეს ყოველთა კაცთასა. რამეთუ ფილოსოფოსთა მათ და სიბრძნისმეტყუელთა მრავალნი ჰქონან მოშურნენი, ხოლო ამის ჴელოვნებისა წარმმართებელთა მრავალნი ჰქონან მლოცველნი. ესე შეიყვანებს მოქმედთა თჳსთა წინაშე საყდართა ქრისტესთა და თანაშეეწევის და განამართლებს მათ. დაღაცათუ ფრიად შეცოდებულ იყოს მოქმედი იგი მისი, ღირს-ჰყოფს წყალობასა და გჳრგჳნოსნობასა. ამის მიერ ჰგიეს სოფელი. ხოლო ესე თუ მოსპო, ყოველივე ცხორებაჲ კაცთაჲ დაიჴსნას. ვითარცა უკუეთუ ვინმცა ნავთსაყუდელნი ზღჳსანი ყოველნი დაჰჴსნნა, ვერღარამცა ჴელ-ეწიფებოდა ნავთა სლვად, ეგრეთვე უკუეთუ წყალობაჲ და კაცთმოყუარებაჲ დაჰჴსნა, ვერღარა ეგოს სოფელი ესე. ამისთჳს არა ხოლო თუ მცნებად დადვა იგი ღმერთმან, არამედ მრავალი საქმეთა მისთაგანი ბუნებასაცა შინა დასთესა და ამით წესითა მამანიცა და დედანი შვილთა სწყალობენ და შვილნი - მშობელთა, ძმანი - ძმათა და კაცნი - კაცთა, რამეთუ ბუნებითი არს საქმე ესე წყალობისაჲ. ამისთჳს ვიხილით რაჲ კაცი ტანჯვასა შინა, ანუ გლოასა, შეგუეწყალის და ვცრემლოოდითცა. ესოდენ უნდა ღმერთსა, რაჲთა წარემართოს საქმე ესე კაცთა შორის, რომელ ბუნებასაცა შინა დაჰნერგა იგი. ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ვასწაოთ მოწყალებაჲ თავთა ჩუენთა და შვილთა და მეგობართა ჩუენთა. ამას ისწავლიდინ ყოველი კაცი, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტი კაცებაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "დიდ არს და პატიოსან კაცი მოწყალე". ხოლო ესე თუ არა აქუნდეს მას, კაცებაჲცა წარუწყმედია და რად გიკჳრს თუ ვთქუ, ვითარმედ: ესე ჰყოფს ჭეშმარიტსა კაცებასა? უფროჲსად ესე ჰყოფს კაცსა მსგავს ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: "იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს". ვისწაოთ უკუე წყალობაჲ, რამეთუ ჩუენცა ფრიად გჳჴმს წყალობაჲ. ხოლო მოწყალებასა ვიტყჳ, რომელი ანგაჰრებისაგან წმიდა იყოს. რამეთუ მონახუეჭისაგან ქმნილი ქველისსაქმე უსარგებელო არს, უკუეთუ თანა იტაცებდეს და თანა მისცემდეს. რამეთუ უკუეთუ არამიცემაჲ თჳსისა საფასისაჲ უწყალოება არს, სხჳსაგან მოტაცებაჲ რაჲ-მე იყოს? აწ უკუე ნუ იტყჳ, თუ: სხჳსაგან მოვიხუეჭე და სხუასა მივსცემ, რამეთუ ესე არს საქმე ცუდი. უფროჲსად მისავე ჯერ-არს მიცემაჲ, რომლისაგან მოიხუეჭე, რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ სხუაჲ მოსწყლა და სხუასა ჰკურნებდე? ყოვლადვე ნუვის მოსწყლავ, არამედ სხჳსა მიერ წყლულთაცა ჰკურნებდი. უკუეთუ კულა მოსწყლა, იგივე განკურნე, რამეთუ მისი იგი წყლულებაჲ შენი არს და თჳსსა ჰკურნებ წყლულებასა. განეშორე ანგაჰრებისაგან და მოხუეჭისა, რამეთუ არა ეგების მითვე საზომითა მოწყალებისაჲთა კურნებად ბრალსა მას ანგაჰრებისასა; რამეთუ მოიხუეჭო თუ დანგი ერთი, არა გეყოფის კუალად დანგისა მიცემაჲ ქველისსაქმედ, რაჲთა განჰკურნო ბრალი იგი, არამედ ასწილად და ათასწილად გიჴმს მიცემაჲ და ძლით განჰკურნო წყლულებაჲ იგი სულისა შენისაჲ. ხოლო ნაყოფსა მოწყალებისასა ვერცა მაშინ მოიღებ, არამედ, ჰე, თუმცა ბრალი ხოლო შეგენდო. შჯული მპარავსა ოთხწილად აზღვევს. აწ უკუე მტაცებელი დიდად უძჳრეს არს მპარავისა. ხოლო უკუეთუ ძუელი შჯული ესრეთ იტყჳს, რავდენ უფროჲს ახალსა ამას შინა მადლსა. ჰხედავა? რამეთუ არა ცუდად ვიტყოდე, ვითარმედ დანგი თუ მოიხუეჭო, ათასწილად თანა-გაც მიცემაჲ და ბევრწილად, რაჲთა ბრალი იგი ძლით შეგენდოს. ხოლო ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, რაჲ-მე ჰყო, ოდეს სახლნი სრულნი და საფასენი დიდძალნი მოიხუეჭნე და მცირედი რაჲმე მისცი, და იგი არა შეწუხებულსა მას, არამედ სხუასა ვისმე უცხოსა? რომელი-მე ჰპოო პასუხი მას დღესა, ანუ ვითარი გაქუნდეს სასოებაჲ ცხორებისაჲ? გნებავსა ცნობად, თუ ვითარსა ბოროტსა იქმ ამით საქმითა? ისმინე წერილისაჲ, რასა იტყჳს: "ვითარცა ვინ მოკლის ძე წინაშე თუალთა მამისა მისისათა, ეგრეთვე, რომელმან შეწიროს შესაწირავი საფასეთაგან გლახაკთაჲსა". ესე სიტყუაჲ, ძმანო, გამოვწეროთ გულთა შინა ჩუენთა და გონებათა, ჴელთა ზედა და კედელთა და ყოველსა ადგილსა, რაჲთა შიში ესე შევიდეს ჩუენდა და დაგუაყენოს დღითი-დღედთა კაცის-კლვათაგან, რომელ იქმნების უწყალოებითა და მოხუეჭითა გლახაკთაჲთა. უფროჲსღა, საყუარელნო, ჩუენთაცა მონაგებთაგან ვისწაოთ ყოფად ქველისსაქმისა, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ უხუებით წყალობაჲ ღმრთისაჲ და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.



http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment