«ვითარცა მოსე და აჰრონ განაკვირვებდეს ფარაოს და დასცემდეს ეგვიპტესა სასწაულთა მოქმედებითა მით. ეგრეთვე ბასილი და გრიგოლი განაქარვებდეს მოძღვრებასა მას ათენელთასა. ვითარცა იგი იანეს და იამბრესსა. და სამებასა აქებდეს.»
იოვანე მტბევარი
გუაკურთხენ, უფალო!
1. ფრიად მაიძულებდა მე დიდი და ღმერთშემოსილი ბასილი აღწერად სიტყუათა სწავლისათა და შესხმად ღუაწლსა და ცხორებასა წმიდათასა, ვიდრე ჩუენ თანა იყო, რამეთუ უყუარდეს მას სიტყუანი ჩემნი, რომელ არა ვინ ესრეთ შეიყუარებს თავისაცა თჳსისა თქუმად განგებულებითა ღმრთისაჲთა, თჳთცა სადმე წინამდებარე აღწერად დიდებულებათა მისთა, რომელნი-იგი უზეშთაეს არიან კაცთა ბუნებისა და მოუძლურდების ყოველი ენაჲ ღირსებით თქუმად. რამეთუ მე ესრეთ ვიტყჳ, რაჲთა ყოველმან სწავლულმან სიბრძნითა ფრიადითა და ძლიერმან სიტყჳთა უკუეთუ ინებოს ჴელოვნებისა თჳსისა გამოცდად და ძალსა სიტყუათა თჳსთასა, ამისსა შესხმასა ოდენ თანაწარჰჴედინ. რამეთუ უზეშთაეს არს კაცობრივისა სიტყჳსა და სხუათა საქმეთა შინა, რომელიცა უზეშთაესი სახჱ პოოს, დაიდევინ იგი წინაშე თჳსსა, ვითარცა მხატვარნი მაგალითსა და მისა მიმართ გამოაჩინენ ჴელოვნებაჲ თჳსი და ძალი.
ესრეთ დიდ არს და უზეშთაეს სიტყჳსა ქებაჲ საკჳრველისა ამის კაცისაჲ არათუ ჩუენთჳს ოდენ, რომელთა-ესე ადრევე დაგჳტეობიეს სიტყუათა მიმართ და გამოთქუმათა მისწრაფებაჲ, არამედ მათთჳსცა, რომელთა ყოველი საქმჱ ცხოვრებისა მათისაჲ სიტყუათა და შესხმათა ოდენ გამომეტყუელებაჲ არს და ამას ზედა არს ღუაწლი მათი, რაჲთამცა ესევითართა საქმეთა ზედა დიდად გამოჩნდეს. ესრეთ აღვიარებ მე ამას საქმესა დიდად და მოუწდომელად, და ფრიადცა ჭეშმარიტსა აღვიარებ.
გარნა უკუეთუ აწ არა ვიჴმარო ჴელოვნებაჲ სიტყუათაჲ მათ, რომელნი ოდესმე ვისწავლენ, არა უწყი, თუ სხუაჲ სადა ვიჴმარო იგი, ანუ თუ რაჲ მივანიჭო ესრეთ კეთილი საქმჱ, გინა თუ თავსა ჩემსა, გინა მოყუარეთა სათნოებისათა. გინა თუ თჳთ მათვე სიტყუათა ჩემთა ჴელოვნებასა, ვითარ ქებაჲ ესე ამის დიდისა და მიუწვდომელისა კაცისაჲ. რამეთუ ჩემდა იყოს საქმჱ ესე თანამდებისა აღსრულება ხოლო თანამდები კეთილთა კაცთაჲ, ვითარცა სხუაჲ ყოველივე მცნებაჲ თანამდებ არს, აგრეთვე ჟამსა სიტყვისასა სიტყუაჲ და მოყუარეთა მათ სათნოებისათა ერთად გულისთქუმისა მათისა აღსრულება იყოს შესხმაჲ ამისი. და მეორედ სახე სათნოებისა, რამეთუ კაცსა რომელიცა-რაჲ უყუარნ და აქებნ, მისა მიმართცა მიისწრაფინ და ესრეთ არა ერთისა ვისთჳსმე ოდენ, არამედ ყოველთათჳს იყოს კეთილ საქმჱ ესე.
ხოლო ჴელოვნებასა მას სიტყუათასა ორკერძოვე კეთილი ეყოს და ძლევაჲ მიეცეს, რამეთუ უკუეთუ ჴელოვნებაჲ იგი სიტყუათა ჩემთაჲ შემძლებელ იქმნეს მახლობელ-ყოფად ჯეროვნად და ღირსებით ქებისა მამისა, თჳთცა გამოჩნდეს ძალი მისი და მიიღოს ძლევაჲ. უკუეთუ კულა ფრიად შორს დარჩეს ჴელოვნებაჲ იგი გამომეტყუელებისაჲ ღირსად ქებისა მისისაგან, რომელი-იგი თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა ესეცა მიწევნად არს ყოველთა ზედა, რომელთა მისი შესხმაჲ ინებოს. და უკუეთუ ესე იქმნას ესრეთცა, ძლევაჲვე მიიღონ სიტყუათა მათ, რაჟამს გამოვაჩინო საქმით შეუძლებლობაჲ ღირსად ქებისა მისისაჲ, რომლისათჳს ვიტყოდე, ვითარმედ უზეშთაეს არს ძალსა სიტყუათასა შესხმაჲ მისი.
2. ესე საქმენი არიან, რომელთა აღმძრეს მე სიტყუად და ამათ მიზეზთათჳს ვიწყე თქუმად ხოლო რომელ-ესე ესრეთ შემდგომად რავდენთამე ჟამთა მოვედ შესხმად მისდა და შემდგომად ესეზომთა მათ შემსხმელთა მისთა, რომელთა თქუნეს ქებანი მისნი, რომელთამე - წერით და რომელთამე - წინაშე ერისა სიტყჳთა, პატივ-მცემელთა მისთა. ამისთჳს ნუვის უკჳრს, არამედ შემინდვენ ესე პირველად თჳთ წმიდამან და ყოვლითურთ საწადელმან და ჩემდა სასურველმან სულმან მისმან, რომელ-იგი საყუარელ იყო ჩემდა პირველცა და უმეტესად აწ ხოლო უწყი, ვითარმედ ვითარცა ჩუენ თანა რაჲ იყო, მრავალთა საქმეთა განჰმართებდა წესითა მით სიყუარულისაჲთა და რჯულითა საღმრთოჲთა, რამეთუ არა მრცხუენის ამისი თქუმაჲ თუ მოყუარე ჩემდა იყო, ვინაჲთგან ყოველთაჲვე იყო იგი წეს და სახე და რჯულ სათნოებისა, ეგრეთვე უკეუე აწ გან-რაჲ-ვიდა ჩუენგან და უზეშთაეს იქმნა სოფლისა, შემნდობელვე იყოს ჩუენდა.
ხოლო შემინდვეთ თქუენცა, რომელნი-ეგე მჴურვალენი მოყუარულნი და მაქებელნი ხართ მისნი, თუ სადა არს ოდენ ესე საქმჱ რაჲთამცა ერთი მეორისა მოყუარე მისა იყო, და არამცა ყოველნივე სწორებით მჴურვალენი მაქებელნი მისნი იყვენით? რამეთუ ვითარმცა ვიქმენ ესრეთ უდებ-მყოფელ სათნოებისა და რჯულისა მის სიყუარულისა? არცა ამისთჳს, თუმცა ესრეთ ვჰგონებდი, თუ სხუათა ვიეთმე უჴმს უფროჲს ჩემსა მისი ქებაჲ. ანუ უმეტეს ჩემსა თანამდებ არიან ამის საქმისა, არამედ პირველად ამისთჳს, რამეთუ მეშინოდა მე ჴელ-ყოფად ქებისა მისისა, ვინაჲთგან უძლურებაჲ ჩემი უწყოდე და მიუწდომელობაჲ მისი რაჲთა ვთქუა ჭეშმარიტი, ვითარცა-იგი ეშინინ შემავალთა სამღდელოთა საქმეთა უწინარეს წმიდა-ყოფისა პირისაცა და გონებისა. და კუალად ვთქუა მეორეცა მიზეზი, რომელსა თქუენცა არა უმეცარ ხართ, ვითარმედ ჟამსა მას უცალო ვიყვენით ბრძოლასა მას შინა ჭეშმარიტებისა მბრძოლთასა, რამეთუ აღიჴოცებოდა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ. და ამისთჳს ვიღუწიდით, რომელნი-ესე კეთილად იძულებულ ვიქმნენით და საღმრთოდ აღტაცებულ ვიყვენით და არა თუ გარეგან ნებისა და განზრახვისა იყო ახოვნისა მის ჭეშმარიტებისათჳს მბრძოლისა, რომელმან-იგი არარაჲ სხუაჲ აღმოთქუა, გარნა მარადის სიტყუაჲ ოდენ ღმრთისმსახურებისაჲ და განმაცხოველებელი სოფლისაჲ, რამეთუ ჴორციელისა არარაჲსა მეტყუელ იყო კაცი იგი ახოვანი და უზეშთაეს ჴორცთაჲსა ქმნილი, უწინარეს ამიერ მიცვალებისაცა, რომელმან-იგი არა უტევა, რაჲთამცა ერთიცა კეთილთაგანი სულისათა საკრველისა მისგან ჴორცთაჲსა ვნებულ იყო.
აქა უკუე ვყო მიზეზთა მათ გჳანად თქუმისათა დასასრული რამეთუ არცა საჴმარ ჩემდა არიან მრავალთა მიზეზთა სიტყუანი, ვინაჲთგან მისა მიმართ არს სიტყუაჲ ჩუენი და თქუენდა მიმართ, რომელნი-ეგე კეთილად მეცნიერ ხართ ჩემსა და მის ნეტარისა სიყუარულსა.
ხოლო ამიერითგან ვიწყოთ ქებად მისა და შემწედ მოვიყვანოთ მისივე იგი და ჩუენი და ყოველთაჲ ღმერთი, რაჲთა შეგუეწიოს, რომელ უძლურებითა ჩუენისა სიტყჳსაჲთა არა შეურაცხად გამოვაჩინოთ დიდი ესე და დიდებული კაცი. და რაჲთა არა ფრიად უდარეს სხუათა მათ შემსხმელთა მისთასა გამოვჩნდე, დაღაცათუ მისგან ყოველნივე სწორად ნაკლულევან ვართ, ვითარცა ცისა სიმაღლისაგან და ბრწყინვალებისაგან მზისა ნაკლულევან იპოებიან ყოველნი, რომელთაცა ინებონ მიხედვად მუნ.
3. ხოლო აწ უკუეთუმცა ვხედევდით მას ჴორციელისა დიდებულებისა და მშობელთა სიდიდისა მოყუარედ, ანუ თუ სხუათა რათმე ხორციელთა საქმეთა პატიოსანთა, რომელთა ქუეყანისანი პატივ-სცემენ, უზეშთაესადმცა გამოვაჩინე იგი უფროჲს ყოველთა დიდებულთა ქუეყანისათა და, რაჲ-იგი მისთჳსმცა აღვწერე, უზეშთაესმცა იყო მათ ყოველთა და ერთად ამითმცა დიდებულ იყვნეს ჩემმიერნი ესე თქუმულნი, რომელ არამცა ტყუილ და ზღაპარ იყვნეს, არამედ ჭეშმარიტთა მიერმცა საქმეთა შევამკვე იგი და რომელთა ზედა მრავალნი არიან მოწამე, რამეთუ მრავალთა კეთილთა მისთა მოგჳთხრობს ქუეყანაჲ პონტოჲსაჲ, საკჳირველებათა და დიდებულებათა მისთა მშობელთასა, რომლითა სავსე არიან წიგნნი და კუალად მრავალთა დიდებულებათა ღაღადებენ ჩემისა მის ქუეყანისა კაბადუკიისა მკჳდრნი მათთჳს, რამეთუ არა ვისსა უდარეს იყვნეს ახოვნებითა და სიმდიდრითა, ერისთვობითა და პატიოსნებითა წინაშე მეფეთასა და სიმაღლითა საყდართაჲთა პატივითა ერთა მიერ და ბრწყინვალებითა სიტყუათაჲთა, რომელთა უკუეთუმცა გუენება აღწერაჲ, არარადმცა გამოჩნდეს ჭეშმარიტად, ვითარცა არარაცა არიან ყოველნი იგი საწარმართონი სიტყუანი და ტყუილნი მათნი, რომელნი აჩემებენ თავთა თჳსთა სიცრუვით დიდებულებასა ვითარცა მათთა მათ წიგნთა შინა იპოების, რომელთა ჭეშმარიტებისა თქუმად ვერ ძალ-ედვა, რამეთუ არა იყო მათ თანა ჭეშმარიტი პატიოსნებაჲ, ამისთჳსცა ტყუილისა მიმართ მიივლტიან და ეშმაკთა და ღმერთთა ვიეთმე ამაოთა და მტყუვართა სახელ-სდებენ მშობელთად მათდა, რომელთა უკეთესნი იგი საქმენი და სიქადულნი ურწმუნოება არიან და, უკუეთუ ჭეშმარიტად გამოჩნდენ, მაშინღა უმეტეს იქმნას საძაგელებაჲ მათი.
4. ვინაჲთგან უკუე აწ სიტყუაჲ ჩუენი კაცისათჳს არს, რომლისა პატივი ჭეშმარიტად ესევითარი არს, ვითარ კაცსა შუენის და ესევითარისა პატივისა მოყუარე არს იგი, და არა ჰნებავს, რაჲთამცა სხუანი იგი საქმენი ქუეყანისანი თჳსითა ფერითა და სახითა ჩნდეს, ხოლო კაციმცა უცხოთა სახეთა და ფერთა შეიმოსდა და მითმცა ჩნდა, რამეთუ ყოველივე ჴორციელი დაუტევო და საღმრთოთათჳს ვიტყოდი. ხოლო ვთქუა ერთი ოდენ, გინა ორი საქმეთა მათგან პირველთა მშობელთა მისთაჲსა და ესრეთ მისავე მიმართ მოვიქცე და იგიცა ესევითარნი ვთქუნე, ვითარნი მისსა ცხოვრებასა შუენიან, რამეთუ ყოველთა კაცთაჲ სახჱ რაჲმე და სასწაული ჩანს. გინდა თუ სახელისაგან მამათაჲსა წოდებაჲ. გინა თუ სხუაჲ რაჲმე ხოლო მისთა მშობელთა ორთაჲვე სახელი და სასწაული ღმრთის მსახურებაჲ იყო და გამოაჩინოს აწ სიტყუამან.
5. რამეთუ დევნულებაჲ იყო და დევნულებაჲ მძიმჱ და ფიცხელი მაქსიმიანეს ზე მეფისა, რომელი თქუენცა უწყით, რომელმან სხუანი იგი უკეთურნი მეფენი თჳსითა ბოროტისა გარდამეტებულებითა კაცთმოყუარედ გამოაჩინნა, ამას მრავალთა სძლეს ჩუენთა მათ მოღუაწეთა, რომელთამე ვიდრე სიკუდილადმდე იღუაწეს და მოკუდესცა ქრისტესთჳს, და რომელთამე იღუაწეს ვიდრე სიკუდილადმდე და შემდგომად ძლევისა მისისა დარჩესვე სოფელსა შინა და არა წარვიდეს ამიერ, არამედ დაშთეს სახედ სათნოებისა, მასწავლელად ღმრთისმსახურებისა, მოწამედ ცხოველად, ხატად მეტყუელად, ქადაგად მდუმრიად. ხოლო სხუათა მათ თანა იყვნეს მშობელთა ამისთა მშობელნი, რომელთა მოვლეს ყოველი მოღუაწებაჲ სათნოებისაჲ და კეთილი დაარქუა გჳრგჳნი მის ჟამისა ჭირმან, რომელნი-იგი მზა იყვნეს მოთმენად ყოველთა ტანჯვათა, რომელთა მიერ გჳრგჳნოსან-ჰყოფს ქრისტე მისისა მას ჩუენთჳს ვნებისა მიმსგავსებულთა.
6. ვინაჲთგან უკუე ჯეროვნად ინებეს ქმნად ღუაწლისა თჳსისა, რაჲთა არცა თჳთ მირბიოდიან მდევართა მიმართ, არცა, შე-თუ-პყრობილ იქმნენ, შეშინდენ, რამეთუ ერთი იგი ზუაობისა სახჱ არს, ხოლო მეორე - მოშიშებისაჲ. ამისთჳს უკუე ამასცა ზედა რჩულისმდებელსა ქრისტეს ემსგავსებოდეს. ესე სახე მოიპოვეს განგებითა ღმრთისაჲთა. რამეთუ განვიდეს სოფლით და შევიდეს მთათა შინა უვალთა, რომელნი არიან ქუეყანასა მას პონტოჲსასა და მცირედნი ვიეთნიმე იყვნეს მათ თანა სივლტოლისა მის თანაზიარნი და იყოფოდეს უდაბნოთა მათ. საკჳრველ არს უკუე მრავალთა მიერ სიგრძჱ იგი ჟამისა მის ღუაწლისა მათისაჲ, რამეთუ შჳდი წელი დაყვეს ტყეთა მათ უვალთა შინა და უფროცა ღუაწლითა მით მრავლითა, რომელნი-იგი ჩუეულ იყვნეს დიდებულებით და ფუფუნებით ცხორებასა, ხოლო მუნ არარაჲ ნუგეშინის-საცემელი ჴორცთაჲ ეპოებოდა ჭამადთაგანი. და კუალად ყინელთა მათ ზამთრისათა და სიცხეთა ზაფხულისათა და სიმძაფრეთა შინა წჳმისათა შეიწრებულ იყვნეს, და სიფიცხლჱ იგი უდაბნოჲსაჲ და მარტოებით ჭირი, რომელნი ჩუეულ იყვნეს მრავალთა მიერ მსახურებასა და დიდებასა. ხოლო მე ამისსაცა უზეშთაესი გითხრა და ურწმუნომცა ნუ ვინ არს, გარნა თუ ვინმე იყოს, რომელსამცა არარად შეერაცხა ქრისტესთჳს სიკუდილი და დევნულებაჲ ბოროტად ზრახვითა თჳსითა.
7. რამეთუ იყვნეს ახოვანნი იგი იწროებასა შინა ფრიადსა, უქონელობითა მრავალთა მათ ჟამთაჲთა დამაშურალ იყვნეს და სიტყუათა მათ ისრაჱლისათა არა იტყოდეს, რამეთუ არა იყვნეს იგინი მდრტჳნავ, ვითარ მაშინ ერი იგი, რომელნი ეძიებდეს ჴორცსა მას ეგჳპტისასა, არამედ იტყოდეს ესენი სიტყუათა კეთილთა, ვითარმედ: „რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ საკჳრველებათა ღმერთმან, რომელმან განაძღო უდაბნოს ერი იგი ურწმუნოჲ და უწჳმა მათ მწყერმარჴილი და ზრდიდა ყოვლითავე სანოაგითა, რომელმან განაპო ზღუაჲ და დააყენა მზჱ და უკუნაქცია მდინარე და სხუანი იგი სასწაულნი ქმნნა, რაჲთამცა აწ ჩუენცა მოგუცა საზრდელი, რომელნი-ესე მისთჳს ვიღუწით. რამეთუ მრავალნი ნადირნი განრომილნი ტაბლისაგან მდიდართაჲსა, რომელნი-იგი ოდესმე ჩუენდაცა იყვნეს, იქცევიან ამათ ტყეთა შინა და მრავალნი მფრინველნი ფრინვენ ჩუენ ზედა, რომელთაგანი რაჲმცა არა მოვიდა ჩუენდა, უკუეთუ ოდენ ინებოს მეუფემან?“ ესრეთ იტყოდეს და მეყსეულად ესრეთცა იქმნა და მეყსა შინა ირემნი მოიწინეს მთათაგან შუენიერნი და მსუქანენი და წადიერნი დაკლვად, ვითარმცა მწუხარე იყვნეს, რომელ არა ადრე იწოდნეს. მაშინ მოუწოდდეს მათ წამის-ყოფითა და იგინი მსწრაფლ მოვიდოდეს. ვინმე იყო მდევარ და მაიძულებელ მათდა? არავინ. ანუ რომელნი მჴედარნი, გინა ძაღლნი, ანუ ჴმანი, ანუ ჭაბუკნი მალემსრბოლნი იყვნეს მომყვანებელ მათდა? არავინა გარნა ლოცვაჲ მართალთაჲ იყო შემკრველ მათდა. ვის უხილავს ესევითარი ნადირობაჲ?
8. ეჰა საკჳრველი! თჳთ ნადირნი იგი იყვნეს მმარხველ სანადიროჲსა. რამეთუ რაჲზომი ჰნებავნ, მოვიდის და სხუანი იგი წარვიდიან, ვიდრე კუალად მოვიდის ჟამი სამჴრისაჲ, მზარეულნი მზა იყვნეს, სერი იგი შუენიერ და მეპურისტენი იგი მადლიერ, რამეთუ მოასწავებდა მომავალსა მას საკჳრველებაჲ იგი, რომლისა მიერ უმჴურვალეს იქმნებოდეს წამებისა მიმართ. ესე უკუე ვთქუ მრავალთაგანი ერთი და ესე ვთქუ, არა თუ რაჲთამცა დიდებულებასა რაჲმე ბასილისსა შევჰმატე რამეთუ ვითარცა არა ეჴმარებიან ზღუასა მისდა შემავალნი იგი მდინარენი, დაღაცათუ შევლენ მრავალნი და დიდნი, ეგრეთვე არა ეჴმარებიან ამას ქებანი კაცთანი, არამედ ამისთჳს ვთქუ ესე, რაჲთა გიჩუენო, თუ ვითართა სახეთა მიმართ სათნოებისათა ხედვიდა და ვითარ წარჰჴდა მათ. რამეთუ უკუეთუ სხუათათჳს დიდ არს, რაჲთამცა დიდებულებითა მშობელთაჲთა მიიღეს პატივი რაჲმე, დიდ არს ამისთჳს უფროჲსად, რომელ-იგი პირველნი მშობელნი სახელოვან-ყვნა თავისა თჳსისა მიერ და განადიდნა, ვითარცა მდინარემან დაგუბებულმან და უკუნქცეულმან.
9. ხოლო მამისა და დედისა მისისა სათნოებაჲ კუალად ვითარ არა დიდ არს, რომელნი სათნოებითა ერთ სულ იყვნეს უფროჲს, ვიდრეღა ქორწინებითა მით ერთ ჴორც? და მრავალნი არიან სხუანიცა სასწაულნი სიკეთისა მათისანი: გლახაკთმოყუარებანი, უცხოთა შეწყნარებანი, სიწმიდე სულთა მათთაჲ მარხვისა მიერ, მოწყალებაჲ ფრიადი, რომელი-იგი არა ფრიად იქმნებოდა მაშინ სხუათა მიერ. არამედ მათ მიერ გამობრწყინდა სათნოებაჲ ესე და სხუანიცა ურიცხსუნი იგი კეთილნი მათნი, რომელნი საცნაურ არიან მრავალთა მიერ. ხოლო მე დიდად შემირაცხიეს უფროჲს ყოველთაჲსა და მადიდებელად მათდა სიკეთჱ იგი შვილთა მათთაჲ, რამეთუ ერთი კაცი ესრეთ შვილმრავალი და შვილკეთილი ძნიად სადა იპოოს-ცათუ არამცა ესევითართა შვილთა მშობელ ქმნილ იყვნეს, კმავე იყო მათდა სადიდებლად სიმრავლჱ სათნოებათა მათთაჲ და მერმე ესევითართა შვილთა მშობელ იქმნეს, რომელ დაღაცათუმცა იგინი თჳთ არა ესევითარნი იყვნეს სათნოებითა, კმა იყვნეს შვილნი მათნი დიდებად მათდა, რამეთუ რომელნი ერთისა ანუ ორისა საქებელთა კაცთაჲსა მშობელ იქმნენ, კმა არს ესე ბუნებასა შინა. ხოლო ესეზომთა და ესევითართა შვილთა მშობელ-ყოფაჲ განცხადებული სასწაული არს სიკეთისა მათისაჲ, ვითარ-იგი გამოაჩინებს რიცხჳ ესე მათ მიერ შობილთა ამათ სანატრელთა მღდელთა და ქალწულთაჲ და კუალად კეთილად ქორწინებულთაჲ მათ, რომელთა-იგი სათნოებისა მიმართ არარაჲ ევნო ქორწინებითა მით, არამედ შემსგავსებული უქორწინებელთა მათ ცხორებაჲ აჩუენეს.
10. ვინ არა იცნობს მამასა ამისსა ბასილის დიდსა მას სახელსა და ყოველთა მიერ დიდებულსა, რომელი-იგი მიემთხჳა ლოცვასა მამობისასა ესრეთ, რომელ მცირედღა ვთქუმცა, თუ არავინ ესრეთ კაცთაგანი? რამეთუ რომელი-იგი უზეშთაეს იყო ყოველთასა სათნოებითა, შვილისა მიერ ოდენ თჳსისა ძლეულ იქმნა და უდარესად გამოჩნდა. ანუ ვინ არა უწყის ემელია, დედაჲ მისი, რომელი გამოითარგმანების, ვითარმედ „კეთილად მოღუაწე?“ რომელსა ეწოდა წინაჲთვე, რაჲ-იგი ყოფად იყო. და იქმნა, რაჲ-იგი წინაჲთვე ეწოდა ჭეშმარიტად კეთილად მოღუაწე. და ესრეთ სანატრელ იქმნა, ვითარცა თჳსივე მეუღლე, რომელსა ვინაჲთგან თანაედვა მსახურებად ბუნებითისა მის რჩულისა, თანამდებობაჲ მისი ესრეთ აღესრულა კეთილად, რაჲთა მის მიერ სანატრელი ესე კაცთა მოეცეს, რომელი ვინაჲთგან პირველვე განეგო ღმერთსა სიბრძნითა თჳსითა მოცემად სარგებელად ყოველთა. არა ჯერ-იყო, რაჲთამცა სხუათა მიერ შემოვიდა სოფლად, გარნა ამათ მიერ ესევითართა მათ სათნოებათა დიდთა. და არცა მათდა ჯერ-იყო სხჳსა ვისმე მშობელ-წოდებად, გარნა ამისა.
ვინაჲთგან უკუე დასაბამი ესე ქებისაჲ რჩეულითა საღმრთოჲთა მშობელთა მისთა მივეცით, ვითარცა ბრძანებულ არს პატივისცემად მშობელთა. აწ თჳთ მისა მივიდეთ და ვთქუათ, რაჲ-იგი სარწმუნო იყოს წინაშე ყოველთა და რომელ არა აღწერილ არს სხუათა მიერ მაქებელთა, რომელი უწყიან ყოველთა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელნიცა მეცნიერ მისდა არიან, დაღაცათუ უძლურ იყოს სიტყუაჲ ჩუენი და უღირს მისდა, ნუვინ გუაბრალებს, რამეთუ ღირსად ქებად მისა თჳთ მისივე პირი ჯერ-იყო, რაჲთამცა იგი გუაქუნდა, რომელი არს პირ სიტყუათა შესხმისათა ბრწყინვალე და კუალად ძალითა სიტყჳსაჲთა იგი ოდენ ღირს არს ამის პირისათჳს ჯეროვნად თქუმად.
შუენიერებისათჳს უკუე ჴორციელისა და ძალისა და ჰასაკისა სიკეთისათჳს, რომელთა ზედა მრავალთა ვხედავ მოხარულად, არად საჴმარ არს თქუმაჲ, არა თუ რამეთუ ამათ ზედა უდარეს ვისამე იყო კაცთაგანისა, ვიდრე ჭაბუკღა იყო და არა ღუაწლთა მათ მრავალთა მიერ მოეკუდინნეს სრულიად ჴორცნი, არამედ ამისათჳს არა მნებავს ესევითართა საქმეთათჳს თქუმაჲ, რაჲთა არა ვემსგავსო უგუნურთა მათ მორკინალთა, რომელთა ყოველი ძალი მათი ამაოთა რკინობათა შინა და გარეწართა წარაგიან რა, ჟამსა მას ჭეშმარიტისა რკინობისასა მოუძლურებულ იყვნიან, რაჟამს-იგი მიეცემოდიან გჳრგჳნნი და ნიჭნი მეფეთა მიერ მძლეთა მათ. არამედ მე სოფლისა საქმეთა მისთაგანი ერთი ოდენ ვთქუა, რომელი იგი არა უჴმარ არს.
11. და ვიცი, ვითარმედ, მეწამნენ ყოველნი, რომელთაცა აქუნდეს გონებაჲ. ხოლო ესე არს სიბრძნჱ, რომელსა იტყჳან, ვითარმედ უზეშთაესი არს ყოვლისავე საქმისა ამის სოფლისა და უპატიოსნეს არა თუ ჩუენი ესე ოდენ, რომელი ჭეშმარიტად პატიოსან არს და ყოველსავე შემკობასა სიტყუათასა შეურაცხ-ჰყოფს და ოდენ ცხოვრებასა ეძიებნ და გულისჴმის-ყოფისა მის ჭეშმარიტისა სიკეთისა, არამედ გარეგანიცა იგი, რომელსა მრავალნი ქრისტეანეთაგანნი შეურაცხ-ჰყოფენ და საძაგელად უჩნს, ვითარცა მაცთური და მავნებელი და ღმრთისაგან განმაშორებელი, არამედ კეთილად იციან საქმჱ ესე. რამეთუ ვითარცა ცაჲ და ქუეყანაჲ და ჰაერი და ყოველნი საქმენი მათნი, ვინაჲთგან რომელთამე ბოროტად იჴმარეს, რამეთუ ღმრთისა წილ დაბადებულთა ღმრთისათა ჰმსახურებდეს და ღმრთად აღეარა, არამედ არა ამისთჳს შეურაცხ-ყოფაჲ და მოძაგებაჲ დაბადებულთაჲ ჯერ-არს, არამედ რაჲზომ-იგი იპოების მათგან სარგებელი, მას მივიღებთ და, რომელი-რაჲ უჯერო იყოს, შეურაცხვყოფთ და არა დამბადებელისა წილ დაბადებულთა ვჰმონებთ, არამედ დაბადებულთაგან დამბადებელსა გულისჴმა-ვჰყოფთ, და ყოველსავე საღმრთოდ გულისჴმა-ვჰყოფთ. და ვითარცა-იგი ცეცხლი და საზრდელი და რკინაჲ ამათგანი არცა ერთი ვიცით თავით თჳსით სავნებლად გინა სარგებელად, არამედ ვითარცა-იგი მიმღებელთა მათ იჴმარონ და კუალად წამლეანთაგანცა მჴეცთა კაცთა გამოუღებიეს კეთილთა წამალთა თანა შესაზავებელი, ეგრეთვე არს სიბრძნე იგი ფილოსოფოსობისაჲ, რამეთუ გამოძიებაჲ იგი და გულისჴმის-ყოფაჲ მისი მოვითუალეთ, ხოლო რავდენი არს მის შორის ეშმაკთა მიმართ მიმყვანებელ და საცთურად და უფსკრულად წარწყმედისა, იგი მოვიძაგეთ და, უკუეთუ გნებავს, ესეცა ვთქუა, ვითარმედ უფროჲსი სარგებელი მივიღეთ მათგან ღმრთისმსახურებისა მიმართ და ბოროტისა მისგან კეთილი გულისჴმა-ვყავთ და უძლურებაჲ იგი მათი ძალად ჩუენისა ამის სარწმუნოებისა მოვიღეთ. ამისთჳს უკუე არა ჯერ-არს სწავლულებისა შეურაცხ-ყოფაჲ, ვითარცა ვიეთნიმე ჰგონებენ, არამედ, რომელნი ამას იტყჳან, უგუნურ არიან, რომელთა ჰნებავს, რაჲთამცა ყოველნი მსგავს მათდა იყვნეს უსწავლელ, რაჲთა ესრეთმცა არა სირცხჳლ-უჩნდა უსწავლელობაჲ ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს, მოვედით და მისდავე მივიდეთ.
12. რომელი ჰასაკსა მას შინა სიჩჩოჲსასა რაჲ იყო, დიდისა მის მამისა მისისა მიერ განისწავლებოდა, რომელი-იგი მაშინ მასწავლელად სათნოებისა აქუნდა პონტოსა და ისწავლიდა მისგან სწავლასა მას კეთილსა, რომელსა ნათლისად უწოდს დიდი დავით და ბნელისა წინააღმდგომად. და მის მიერ ისწავლა საქმჱ და სიტყუაჲ უზეშთაესად და კეთილად ნეტარმან მან, რომელი-იგი არა ჴორციელსა რასმე ისწავლიდა, ანუ ნადირობისა საქმეთა, ანუ ჴელოვნებასა ბრძოლათასა ანუ მწყსასა ცხენთასა, რაჲთამცა იგივე ცხენი იყო მასწავლელ მისდა, ანუ რაჲთამცა ტჳნითა ირემთა და ლომთაჲთა იზარდებოდა, ვითარცა ზღაპარი იგი წარმართთაჲ იტყჳს.
არამედ ისწავლიდა ესე სიბრძნესა ჭეშმარიტსა და ღმრთისმსახურებასა, და, რაჲთა მოკლედ ვთქუა, სისრულისა მის მიმართ, რომელსა ეგულებოდა მიწდომად, მისა მიმართ მივიდოდა პირველითგანითა მით სწავლითა, რამეთუ, რომელსა ერთი ოდენ წარემართოს, გინათუ გულისჴმის-ყოფაჲ, გინათუ საქმე მოღუაწებათაჲ და მეორისაგან ნაკლულევან იყოს, მე ვჰგონებ თუ, არარაჲთა განყოფილ არს ცალთუალთაგან, რომელთა დიდ არს დაჭირვებაჲ იგი ნათლისაჲ მის ერთისა თუალისაჲ. და უმეტეს არს უშუერებაჲცა მათი ხოლო, რომელი ორკერძოვე შემკულ იყოს გულისჴმის-ყოფითაცა და საქმით მოღუაწებითა, იგი არს ჭეშმარიტად სრულ და მიმავალ საუკუნოჲსა მის ნეტარებისა მიმართ, ვითარ-იგი ესეცა იქმნა. რამეთუ აქუნდა მას სახედ კეთილისა მამაჲ იგი თჳსი, რომლისა მიმართ ხედვიდა და მეყსეულად რჩეულ იქმნა, რომელი იქცეოდა მამისა თანა თჳსისა, სიჩჩოჲთა და სათნოებითა არა ნაკლულევან იყო მისგან და მოასწავებდა სახითა მით საზომსა მას სათნოებისასა, რომელსა უკუანაჲსკნელ მიიწია.
13. ვინაჲთგან უკუე კეთილად ესწავლა მას სწავლაჲ იგი, რომელი მუნ იპოებოდა, ხოლო ჯერ-იყო, რაჲთამცა არარაჲ კეთილთაგანი განერა მას, არცამცა შეკრებითა სულნელებისაჲთა უდარეს ფუტკრისამცა გამოჩნდა, რომელი-იგი ყოველთაგან სულნელთა შემოჰკრებს ნაყოფიერებასა, ამისთჳსა კესარია ქალაქად მიიწია შესლვად მუნ მყოფთა მათ სასწავლელთა. კესარიასა ვიტყჳ დიდსა მას და ჩუენსა, რომელ-იგი ჩემისაცა სიტყუათა სწავლისა დასაბამ იქმნა, რომელი-იგი სიტყჳთა არს უმთავრეს სხუათა მათ შემოგარეთა ქალაქთა, უფროჲს, ვიდრეღა ძალითა, რომლისა მოსწრაფებაჲ სიბრძნე არს სიტყუათაჲ, რომელ უკუეთუმცა ვინ ინება სიბრძნისა მიღებად მისგან, ვითარმცა ყოველივე დაერღჳა, რამეთუ სხუანი ქალაქნი სხუასა რასმე ზედა მოქადულ და შემკულ არიან, ხოლო ესე სიბრძნესა ზედა სიტყუათასა.
ხოლო შემდგომი იგი ამისა თჳთ იგინი იტყოდიედ, რომელთა განუსწავლიესცა კაცი იგი ნეტარი და რომელთა უსწავლიეს მისგან, თუ რაბამ იყო წინაშე მოძღუართასა, ანუ რაბამ წინაშე მოჰასაკეთასა, რამეთუ მათ შეესწორებოდა, ხოლო ამათ თანაწარჰჴდებოდა ყოვლითავე სწავლულებითა და ვითარი ქებაჲ მიიღო მცირედსა ჟამსა შინა ყოველთაგან ერთა და წარჩინებულთა მათ ქალაქისათა, რომლისა სწავლულებაჲ უზეშთაეს იყო ჰასაკისა და წესიერებაჲ უზეშთაესი სწავლულებისა მის. რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საყდართა მათ მოძღურებისათა დაჯდომისა და ფილოსოფოსი უზეშთაესიცა ვთქუა: მღდელი იყო ქრისტეანეთაჲ უწინარეს მღვდელობისა. ესრეთ წარმატებულ იყო ყოველთა მიერ ყოველსა ზედა ხოლო სიტყუანი იგი სიბრძნისა მის სოფლიოჲსანი გარეწარ იყვნეს მისა და ესე ზომსა ოდენ სიმდიდრესა შემოკრებდა მათგან, რაჲზომიცა სულიერსა სიბრძნესა შინა სარგებელ იქმნებოდა, რამეთუ მათიცა სწავლაჲ ჯერ-არს გულისჴმის-საყოფელად ძალსა სიტყუათა სიძნელისათა. ხოლო ფილოსოფოსობა მისი იყო შორს-ყოფაჲ სოფლისაგან და შეერთებაჲ ღმრთისა თანა და წარმავალთა ამათ წილ წარუვალთა მათ მოგებაჲ და დაუდგრომელთა ამათ წილ დადგრომილნი იგი და მტკიცენი.
14. მერმე კესარიათ მივიდა ბიზანტიად, ქალაქსა მას დასავალით კერძოთა ყოველთა მთავარსა, რომელსა შინა იყვნეს ბრძენნი და ფილოსოფოსნი ჴელოვანნი, რომელთა ჴელოვნებაჲ მცირედსა ჟამსა დაისწავლა ყოველივე სიმახჳლითა მით გონებითისაჲთა და ესრეთ მუნით მოიწია ათინად რომელი-იგი დედაჲ არს ფილოსოფოსობისაჲ და მოივლინა ღმრთისა მიერ და კეთილითა მით სიბრძნისა უძღებლობითა ათინას, რომელი-იგი მე ჭეშმარიტად ოქროჲსა ქალაქად მექმნა და კეთილისა მომატყუებელად უფროჲს ყოველთასა, რამეთუ მათ შემამეცნიერეს მე მისდა სრულიად, რომელი პირველცა არა უცნაურ იყო და სიტყუათა რაჲ ვეძიებდი, ნეტარებაჲ ვპოვე და ამით სახითა მსგავს ვიქმენ საულისა, რომელი კარაულთა მამისათა ეძიებდა და მეფობაჲ პოვა, და საქმისა მის გარეწარი იგი უზეშთაეს იქმნა.
აქამომდე უკუე წრფელ იყო გზაჲ ესე სიტყჳსა ჩუენისაჲ და სამეუფო შესხმისა მისისა, ხოლო ამიერითგან არა უწყი, ვითარ ვიჴმარო სიტყუაჲ ჩემი, ანუ რომელსა ზედა გზასა ვლო, რამეთუ აღმართიცა რაჲმე გუეპოა სიტყუასა ამას შინა. რამეთუ სურვილ ვარ, რაჲთა ამას ადგილსა ჩემიცა რაჲმე შევსძინო და ვთქუა, თუ ვინაჲ ანუ ვითარ იქმნა დასაბამი ჩუენისა მეგობრებისაჲ და ერთ სულყოფისაჲ, რაჲთა უმახლობელესად ვთქუა. რამეთუ თუალსაცა არა ჰნებავნ განშორებაჲ შუენიერთა ხილვათაგან, დაღაცათუ ვინ აიძულებდეს განშორებად, არცა სიტყუასა ჰნებავს ტკბილთა თხრობათაგან განშორებაჲ, არამედ ჴელ-ვყო თქუმად მცირედ რაჲმე, დაღაცათუ ვიიძულებოდით სურვილისა მიერ, შენდობაჲ ამის ვნებისაჲ, რომელი ფრიად კეთილ არს და რომლისა არა ვნებაჲ ვნება არს და დაჭირვება, უკუეთუ ვის აქუნდეს გულისჴმის-ყოფაჲ.
15. შევკერბით ჩუენ ათინას შინა, ვითარცა მდინარჱ ერთისა წყაროჲსაგან გამოსრული, რომელ არს მამული ჩუენი ქუეყანაჲ, და სხუად და სხუად ქუეყანად წარსრულნი სიყუარულითა მით სწავლულებისაჲთა და კუალად ერთადვე შეკრებულნი განგებითა ღმრთისაჲთა. ხოლო მე მისრულ ვიყავ მუნ მცირედრე პირველად და მეყსეულად იგი მოვიდა შემდგომად ჩემსა, რომელ-იგი შეიწყნარეს დიდითა სასოებითა და მოლოდებითა, რამეთუ მრავალთა ჭირსა შინა იყო უწინარეს მოსლვისა და ისწრაფდეს ყოველნი სასწავლონი, თუ რომელმანმცა მიიტაცა იგი.
ხოლო გითხრა მცირედი რაჲმე მათთჳს, რომელთა იცით, თქუენდა მოსაჴსენებლად, და რომელთა არა იცით, თქუენდა საცნობელად, ფრიად ისწრაფიან ათინელნი იგი ყოველნი სასწავლონი თითოეული, რაჲთამცა უმეტესნი იყვნეს მოსწავლენი მისნი და წარავლენენ ყოველთა ადგილთა ათინისა და ელადისათა, რაჲთამცა მოიყვანებდეს კაცთა მოსწავლეთა.
16. ხოლო, რაჟამს მო-ვინმე-ვიდეს მათ თანა, გინა თუ იძულებით, გინა თუ ნეფსით ესევითარი ჩუეულებაჲ აქუს: პირველად შეიწყნარებს მას, მეგობარი ვინმე მისი თუ იყოს, ანუ მისისა ქუეყანისაჲ, ანუ უცხოთა შემწყნარებელთა ვიეთგანმე, რამეთუ არიან მათ შორის ამისნიცა მოქმედნი. მერმე უკუე მივლენ და იწყებენ სიტყუად მისა მიმართ და გამოცდად მისა და სარჩლად სიტყჳთა, რაჲთა ესრეთ დაამდაბლონ გონებაჲ მისი და მორჩილ მათდა ყონ. ხოლო ერჩიან რომელნიმე ფიცხლად და ზუაობით და რომელნიმე სიტყუაპოვნიერებით, და საქმე იგი უმეცართათჳს ძნელად ჩანს, ხოლო მეცნიერთათჳს ადვილად. და მერმე წარიყვანებენ დიდისა მის აბანოჲსა მიმართ, რომელი არს მუნ, და არიან ბჭენი მისნი დიდნი. ხოლო ესრეთ წარიყვანებენ მუნ, რამეთუ განეწყვებიან იმიერ და ამიერ, რომელნი-იგი იყვნენ მის სასწავლოჲსანი, და ესრეთ მიიყვანებენ აბანოდ შორის მათსა და მი-რაჲ-ეახლნენ ბჭედ, და შევიდეს ზღურბლსა შიგან ჭაბუკი იგი, იწყებენ ხლდომად და ზახილად, ვითარცა ეშმაკეულნი. ხოლო ჴმაჲ მათი არს შემაშინებელ, ვითარმედ: „არა ეგებისო შესლვაჲ მუნ შინა“, და ბჭეთა მათ დიდთა, რომელნი საქციელითა არიან, დაჰჴშვენ და დაჴშვასა მათსა იქმნების ჴმაჲ სასტიკი. და ესრეთ უტევებენ მას შესლვად. და მიერითგან უკუეთუ იქმნას მას ყოველსა ზედა უშიშ და განუკრთომელ, შეიწყნარებენ აბანოჲთ, ვითარცა ერთსა მათგანსა და ესე არს საქმჱ იგი საეშმაკოჲ მათი, რაჲთამცა ადრე დაჴსნილ-ყვნეს მისრულნი იგი. მაშინ უკუე ჩემი იგი და დიდი ბასილი არა მე ოდენ პატიოსნად მყვა წესიერებისა მისისათჳს და სიტყჳერობისა, არამედ სხუათა ვარწმუნებდი, რომელნი ჯერეთ უმეცარ მისა იყვნეს, რამეთუ უმრავლესთა წინაშე თჳთ პატიოსან იყო, რომელთაცა ასმიოდა პირველივე მისისა მის სიკეთისა საქმჱ და ამისთჳსცა იგი ოდენ დაშთა ახლადმოსრულთაგანი, რომელ არა იქმნა მას ზედა ესევითარი იგი საეშმაკოჲ წესი და არა, ვითარცა ახლადმოსრულსა, არამედ, ვითარცა მათ თანა დაძუელებულსა, პატივ-სცეს.
17. ესე იქმნა დაწყებაჲ ჩუენისა მეგობრებისაჲ და ნაბერწყალი სიყუარულისაჲ. მერმე იქმნა ესევითარიცა საქმჱ, რამეთუ ვითარცა არს ნათესავი იგი სომეხთაჲ არა წრფელი, არამედ მზაკუვარი და გულარძნილი და ბოროტი, მიმსგავსებული კლდეთა მათ, რომელნი დაფარულ არიან ზღუასა შინა, და ვერ იხილვენ მათ მენავენი, ვიდრე არა სცენ ნავი და განტეხონ. ესრეთ სხუასა იტყჳან იგინი და სხუაჲ უც გულსა მარადის და სიწრფოებაჲ მათ თანა არა არს. და რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ კაცსა ეცრუვნენ, ვინაჲთგან თავადისა ღმრთისა მიმართ ცრუ არიან და მზაკუვარ და ბოროტად აღმსაარებელ. მაშინ უკუე მოვიდეს მისა სომეხნი ვიეთნიმე, რომელნი იყვნეს მუნ მოსწავლე და მეცნიერ იყვნეს მისდა და მამისა მისისა, იწყეს მისდა სიტყუად სახითა მეგობრებისაჲთა, ხოლო არა სიყუარული იყო გულსა მათსა, არამედ შური. და ეტყოდეს მას ცილობით სიტყუათა, რაჲთა უდარეს მათსა გამოაჩინეს იგი, რამეთუ იცოდეს პირველითგანი იგი გონებისა მისისა სიმახჳლე და პატივსა მას არა თავს-იდებდეს, რომელ ყოველთა მიერ პატივ-იცემებოდა, რამეთუ შურდა, რომელი-იგი მათ შეემოსა სამოსლები ათინელთა ფილოსოფოსთაჲ და მრავალთა ჟამთა ესწავლა, რაჲთამცა არაჲ უმეტესი აქუნდა უცხოჲსა მის და ახლადმოსრულისა.
ხოლო მე, ათინისმოყუარემან ამან და ამაომან, ვერ გულისჴმავყავ შური იგი მათი და ვჰგონებდი, ვითარამედ სიყუარულით ეუბნებიან და ვიხილენ რაჲ იგინი ძლეულნი მის მიერ და დანთქმულნი მოქცევათა მათ შინა სიტყუათა მისთაჲსა, და შემშურდა ესოდენი იგი სიქადული ათინელთა სიბრძნისაჲ და სახელოვნებაჲ იგი მის ქალაქისაჲ, რომელი სიბრძნესა ზედა განთქმულ იყო ყოველსა ქუეყანასა, რაჲთამცა ესრეთ ერთისა კაცისა მიერ ძლეულად და შეურაცხად გამოჩნდა. და ვიწყე დაცემულთა მათ და ძლეულთა სიტყჳთა ჩემითა შეწევნად და აღდგინებად, რამეთუ მცირედიცა ძალი სიტყჳსაჲ ფრიად განაძლიერებს ესევითართა მათ. დაცემულნი იგი აღვადგინენ და შევასწორე სიტყუაჲ მათი მის თანა ძალითა, ხოლო ვითარცა ვცან მზაკუვარებაჲ იგი მათი, რომელსა გამოაცხადებდეს, მეყსეულად მოვიქეც, და აფრაჲ სიტყუათა ჩემთაჲ მოვაქციე მისდა და ძლევაჲ მისი განვაძლიერე. რამეთუ რაჟამს მე დაუტევენ იგინი, ცნა ნეტარმან მან, რამეთუ მახჳლი იყო გონებითა და მსწრაფლი უფროჲს ელვისა და იწყო დართვად სიტყუათა უბადრუკთა მათ ზედა და ორკეცობითა მით სიტყუათაჲთა შეჰმუსრვიდა და არა დაუტევნა, ვიდრე არა სრულიად მოაკუდინნა და უსიტყუელ-ყვნა. ესე იქმნა ჩუენი მეორე სიყუარულისა არღარა ნაბერწყალი, არამედ ალი.
18. და იგინი წარვიდეს სირცხჳლეულნი და ფრიად აბრალეს თჳსსაცა კადნიერებასა და ფრიად განრისხნეს ჩემთჳსცა, რომელ დაუტევენ იგინი, ვიდრეღა განცხადებულად მტერობაჲ აღიარეს ჩემი, ვითარმედ განმცემელი ხარო არა ჩუენი ოდენ, არამედ ყოვლისა ათინისაჲ, რომელ-იგი დაგჳტევენ და ესრეთ პირველსავე ჯერსა სირცხჳლეულ იქმნა ჩუენ მიერ ყოველი ათინაჲ მისგან, რომელი ჯერეთ უცხო არს. ხოლო მან იხილა რაჲ მათი, შეწუხდა და იტყოდა, ვითარმედ: „ამაოდ მოვშუერ აქა, რამეთუ არა ესრეთ არს, ვითარ მე ვჰგონებდი საქმესა მას“. და აბრალობდა თავსა თჳსსა მოსლვისათჳს და უკჳრდა, თუ რად ესრეთ საქებელ არს ყოველთაგან ქალაქი ესე არამედ მე განვაქარვებდ მწუხარებასა მისსა და ვეტყოდე, ვითარმედ: „ესრეთ მეყსა შინა არა იცნობების წესი და განგებაჲ კაცისაჲ, გინა სწავლისაჲ, ანუ ადგილისაჲ“ , და ნუგეშინისვცემდ მას. და ესრეთ სიტყუათა მიერ ესევითართა უმეტესად შევაერთე იგი თავსა ჩემსა.
19. ხოლო გარდა-რაჲ-ჴდა ჟამი მცირედი და გამოუცხადეთ ურთიერთას განგებაჲ ჩუენი, ვითარმედ საღმრთოჲსა ფილოსოფოსთათჳს იყო შრომაჲ ჩუენი, მიერითგან ერთბამად ვიყოფოდეთ ღამე და დღე ერთნება, ერთად მოსწრაფება მარადის ურთიერთას სურვილისა მის საღმრთოჲსა აღმაორძინებელ და დამამტკიცებელ, რამეთუ ჴორციელი სიყუარული ვინაჲთგან წარმავალ არს და საწუთრო, ამისთჳს ადრე განქარვებადი და დაჴსნადიცა არს, რამეთუ არცა ალი ეგის, ნივთი რაჲ განქარდის, არცა სურვილი დაადგრების, ნივთი რაჲ მისი წარჴდეს, ხოლო საღმრთოჲ იგი სიყუარული და წმიდაჲ, ვინაჲთგან მტკიცისა და შეურყეველისა საქმისათჳს იქმნების, ამისთჳს მტკიცე არს და რაჲზომცა კეთილსა მისსა გამოაჩინებდეს, ეგეზომცა შემშჭუალავს თავსა თჳსსა და ურთიერთას ტრფიალთა მათ საღმრთოჲსა სიყუარულისათა. ესე იყო რჩეული ჩუენისა მის სიყუარულისაჲ. გულისჴმა-ვყოფ უკუე, ვითარმედ გარეგან ზომისა განვალ და არა უწყი, თუ ვითარ ამათ სიტყუათა შთავვარდები, გარნა ვერ დავაცადებ თხრობასა ამას, რამეთუ მარადის საქმეთა მისთაგანი დატეობილი იგი, უკეთეს თქუმულისა მის გამოჩნდების და უკუეთუ ვინ წაღმართ მიმიზიდვიდეს მძლავრებით, ვქმნა საქმე იგი ფერჴმრავალთაჲ მათ, რომელნი შეპყრობილ რაჲ იქმნიან, მოეხჳნიან კლდეთა და არა განუტევიან, ვიდრე არა ერთმანეთისაგან მიიღიან რაჲმე იძულებისა მისგან.
20. ესრეთ უკუე ვიყოფოდეთ ჩუენ ურთიერთას და ესრეთ აღგუემართნეს შუენიერისა მის სართულისა ოქროჲსა სუეტნი, ვითარცა პინდაროს იტყჳს. და ესრეთ წარვემატებოდეთ შეწევნითა ღმრთისაჲთა და სურვილისა ჩუენისაჲთა. ჰოი ვითარ მე უცრემლოდ თავსვიდვა ამათ ყოველთა ჴსენებაჲ? რამეთუ სწორითა სასოებითა ვიყოფოდეთ საქმესა მას შინა საშურველსა, რომელ არს სწავლაჲ სიბრძნისაჲ. არამედ შური შორს იყო ჩუენგან და სიყუარული მტკიცჱ და მოსწრაფებაჲ თითოეულისაჲ იყო არა ამას ზედა, რაჲთამცა თჳსსა თავსა მისცა პატივი, არამედ რაჲთამცა მეორესა მოატყუა, რამეთუ კეთილი ერთისა ერთისაჲ თჳსად შეგუერაცხა და ვითარცა ერთი სული იყო ჩუენი გუამთა შინა ორთა.
და უკუეთუ ყოვლისაჲვე ყოველთა შინა ყოფაჲ არა სარწმუნო არს, არამედ ჩუენ ზედა ესრეთ იყო, რამეთუ ერთიმეორისა თანა ვიყვენით ყოვლითურთ და თავთა თჳსთაცა თანა, ხოლო საქმჱ ორთაჲვე ერთი იყო სათნოებაჲ და მისწრაფებაჲ სასოებითა საუკუნოჲთა მათ კეთილთაჲთა, და რაჲთამცა უწინარეს ამიერ სოფლით წარსლვისა მიცვალებულმცა ვიყვენით ამიერ. და ამის საქმისა მიმართ ხედვითა ყოველსავე საქმესა და სიტყუასა ჩუენსა წარვჰმართებდით ამის მიმართ და ურთიერთას სათნოებისა მიმართ ვლესევდით. და უკუეთუ არა დიდ არს ესე ჩემ მიერ თქუმად, კანონნი ვიყვენით ერთმანეთისანი, განმრჩეველნი მართლისა და დრკუჲსანი, და მოყუასთა თანა ვიქცეოდეთ არა უწესოთა, არამედ პატიოსანთა, არცა მეშფოთეთა, არამედ მშჳდთა, რამეთუ უწყოდეთ, ვითარმედ ბოროტი უმალესად ისწავლების, ვიდრე კეთილი, ვითარცა-იგი სნეულებაჲ უადვილესად მიეცემის, ვიდრეღა სიმრთელჱ. ხოლო სწავლათა ვისწავლიდით არა საჰამებელთა, არამედ სარგებელთა, რამეთუ ამის მიერცა იქმნების ჭაბუკთაჲ გინა თუ სათნოებად, ანუ თუ უკეთურებად წარმატებაჲ.
21. და ორნი გზანი იყვნეს ჩუენდა საცნაურ: ერთი იგი პირველი და უპატიოსნესი, ხოლო სხუაჲ იგი მეორედ და უდარესად ესე იგი არიან, რომელ-იგი სამღდელოთა მათ ტაძართა მიმართ მიმყვანებელი იყო და მუნ მყოფთა მათ მოძღუართა, ხოლო სხუაჲ იგი, რომელი გარეგანთა მათ მასწავლელთა ჩუენთა მიმართ მიგჳყვანებდა. და სხუანი იგი გზანი ყოველნივე შორს-ვყვენით ჩუენგან სახილველად მიმყვანებელნი, გინა თუ სიხარულად და ხადილობად, რამეთუ არარაჲ არს პატიოსან, რომელი არა სათნოებად მიმყვანებელ იყოს და კეთილისმყოფელ მოქმედთა მისთა, ხოლო სხუათა სხუაჲ სახელები ეწოდებოდა, ანუ მშობელთაგანი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე, ხოლო ჩუენი იყო დიდი იგი საქმჱ და სახელი, რომელნი-ესე ქრისტეანე ვიყვენით და ქრისტეანე გუეწოდებოდა. და ესე ოდენ იყო ჩუენი სახელი, რომელსა ზედა ჩუენ უმეტესად ვიხარებდით და მოქადულ ვიყვენით და მინდობილ, ვიდრეღა მოქცევასა მას ზედა ბეჭდისთუალისასა გიგოს იყო, რომლისა მიერ ლჳდთა მძლე ექმნა და მეფჱ მათი მოკლა, ანუ ოქროსა მას ზედა მიდის, რომლისა მიერ წარწყმდა, მიემთხჳა რაჲ თხოვასა თჳსსა და ყოველივე ოქრო ექმნა მას, რამეთუ ავარიდოჲს ცხენისათჳს რადღა საჴმარ არს თქუმაჲ, ჩრდილოელისა მის, ანუ არგიელისა მის პიღაროჲსა, ანუ სხუაჲ რაჲმე საშუებელთაგან ამის ცხორებისათა? არამედ მარადის ღმრთისა მიმართ ვისწრაფდით და რაჲთა მოკლედ ვთქუა, ვითარმედ ათინაჲ სავნებელ იყო მრავალთათჳს სულიერად, რამეთუ აქუნდა ბოროტი იგი სიმდიდრჱ, რომელ არიან კერპნი, უფროჲს ყოვლისა ქუეყანისა მის ელადისა და ძნელ იყო, რაჲთამცა არა ევნო კაცთა მათთა მათ მრავალთა მაქებელთაგან და შემწეთა, ხოლო ჩუენდა არა იქმნა რაჲმე მათგანი ვნებაჲ, რომელთა გონებანი შეჭურვილნი იყვნეს. არამედ უფროჲსად რაჲთა ვთქუა საკჳრველი საქმჱ, მუნ ყოფითა მით უმეტესი სიმტკიცჱ მოგუეცა სარწმუნოებისა მიმართ, რაჟამს ვცანთ მათი იგი საძაგელებაჲ და საცთურებაჲ და, სადა-იგი იქებიან ეშმაკნი, მუნ შეურაცხ-ვჰყვენით იგინი. და მსგავს ვიქნენით მდინარესა მას, რომელსა იტყჳან, ვითარმედ მარილიანსა შინა ზღუასა ტკბილად დის, გინა თუ იძრვისსა მას ცხოველსა, რომელი-იგი ყოველსავე განჰლევს.
22. ესრეთ ვიყოფოდეთ ჩუენ მუნ და საცნაურ ვიყვენით ყოველთა მიერ, რამეთუ განჴდა ჩუენისა სწავლისა სახელი ყოველსავე ქუეყანასა, რომელნიცა მეცნიერ იყვნეს ათინისა. და ვიღუწიდით ჩუენ ზოგად და განუყოფელ ვიყვენით ურთიერთას. გარნა არა უწყი, თუ ვითარ მივდერკ ქებათა მიმართ ჩემთა, რომელმან-ესე სხჳს-განცა არაოდეს თავს-ვიდევ ქებაჲ, არამედ არა საკჳრველ არს, უკუეთუ აქაცა მეგობრებისა და სიყუარულისა მისისა ჴსენებითა ვახარე თავსა ჩემსა და ვითარცა იგი ჩუენ თანა რაჲ იყო, ხედვითა სათნოებათა მისთაჲთა ვიხარებდი, ეგრეთვე მი-რაჲ-იცვალა ამიერ, ქებითა მისითა და ჴსენებითა ვიხარებ, არამედ მოვიყვანო სიტყუაჲ ჩემი გზასავე თჳსსა.
23. ვინ იყო ესრეთ მჴცოვან გონებითა უწინარეს მჴეცთასაცა? რამეთუ ესე არს სიბერე სიტყჳსაებრ სოლომონისსა; ანუ ვინ ესრეთ პატიოსან იყო წინაშე ყოველთასა, არა მოჰასაკეთა ოდენ, არამედ ძუელთაცა? ვინ იყო სხუაჲ, რომელსამცა ესრეთ წარემართა საქმჱ სათნოებათაჲ, რომელ არღარა უჴმდა სიტყუაჲ, ვითარ-იგი მას? ანუ ვინ იქმნა ესრეთ სავსე სიტყჳთა საქმისაცა თანა, ვითარცა იგი, რამეთუ რომელიმე სახჱ სწავლისაჲ დაუტევა, რომელი არა ისწავა, და უფროჲსად, რომელი არა ისწავა, ვითარცა სხუამან? არავინ! ესრეთ მიიწია ყოველსა, ვითარ-იგი სხუანი ერთსაცა ზედა ვერ მიიწევიან და ესრეთ თითოეული სრულებით მიიღო, ვითარმცა სხუასა არცა ერთსა ებრძოდა, რამეთუ სიმახჳლე გონებისაჲ და მისწრაფებაჲ ერთად შემოკრბეს მის თანა, რომელთა მიერ იქმნების კეთილად სწავლულებაჲ და ესეზომი აქუნდა მისწრაფებაჲ და მოთმინებაჲ, რომელ არცა უჴმდა სიმახჳლე გონებისაჲ, და კუალად სიმახჳლე გონებისაჲ ესეზომი აქუნდა, რომელ არღა ეჴმარებოდა მოსწრაფებაჲ და ესრეთ შემოკრიბა ორივე ესე ერთად, რომელ უცნაურ იყო, რომელი უმეტესად აქუს მას, ვინმე მიიღო რიტორებისა ძალი ესრეთ, ვითარცა ცეცხლისა ენაჲ, ვითარცა სხუათა რიტორთაჲ, ესრეთ ფუდულ და ზუავ? ანუ ვინ მიიწია ესრეთ ღრამატიკობასა ზედა, გამოთარგმანებად ენისა და სიტყუათა და წერად ჯეროვნად და გამოთქუმად რიცხუეულთა მათ სიტყუათა? ანუ ვინ მოიპოვა ფილოსოფოსობაჲ ესრეთ, ვითარცა მან ჭეშმარიტი იგი და მაღალი, რომელ არს საქმისა კერძსა და გულისჴმის-ყოფისასა? ანუ თუ რომელი-იგი არს გამომაჩინებელ სიტყუათაჲ, რომელსა მეტყუელებად უწოდენ? რამეთუ უადვილეს იყო ქუაბისა მის ლაბირინთისა განვლაჲ ვიდრეღა ბადეთაგან სიტყუათა მისთაჲსა, სადამცა ჯერ იყო და ინება, ხოლო ვარსკულავთმრაცხველობაჲ და ქუეყანისა ზომებაჲ და რიცხუთა ცნობაჲ ესეზომი ისწავა, რომელ ოდენ არა იძლეოდა მათ შინა შექცეულთა მათგან, და სხუაჲ იგი ნამეტნავი განაგდო, ვითარცა არად საჴმარი მორწმუნეთადა, ხოლო სამკურნალოჲ თჳთ მისმან მან ფრიად უძლურთა ზრუნვამან კეთილად ასწავა და საჴმრებით, რომელი-იგი ღმრთისმსახურებისა მისისა იყო, რომლისაგან იწყო და სრულად ისწავა ხელოვნებაჲ იგი სიბრძნით. არამედ რასა ვიტყჳ ამის ყოვლისათჳს, რამეთუ ესე ყოველი სახესა მას თანა წესიერებისა მისისასა არარაჲ არს, რომლისა არარაჲ იპოების სახჱ წესიერებისა მისისაჲ ამას სოფელსა შინა.
24. ესრეთ უკუე აღივსო რაჲ ყოვლითავე სწავლულებითა და სიბრძნითა, რაჲზომ-იგი ბუნებასა შინა კაცისასა ეტევის (რამეთუ უზეშთაეს ღადირთა არა წარივლების).
ხოლო მოიწია ჟამი წარსლვისაჲ მიერ და დაწყებისაჲ სრულსა მას ცხორებასა მონაზონებისასა. და რაჲთა ვიწყოთ ქმნად საქმეთა მათ, რომელთათჳს ვისწრაფდით, მაშინ უკუე გარემოგუადგეს თანამოსწავლეთა მათ და მოძღუართა ჩუენთა კრებულნი. და იწყეს ჩუენთჳს ცრემლოვად და იძულებად დადგომად მუნ, და ყოველსა ღონესა საქმეთასა და სიტყუათასა ეძიებდეს დაჭირვად ჩუენდა. ამას ადგილსა ვაბრალო თავსა ჩემსა და ვაბრალო წმიდასა მასცა და შეუხებელსა სულსა, დაღაცათუ კადნიერებაჲ არს საქმე ესე, რამეთუ იგი მოუდრეკელ იქმნა მათდა მიმართ და წარვიდა, ხოლო მე დაშთომილ ვიქმენ ათინას შინა უდებებითა ჩემითა (რაჲთა ვთქუა ჭეშმარიტი) და კუალად ამისთჳსცა, რამეთუ მან დამიტევა, რომელი-ესე არა დაუტევებდი მას, და მიმცა ჴელთა მათ მაიძულებელთასა. საქმჱ, რომელი უწინარეს ქმნისა არა სარწმუნო იყო, და იქმნა ვითარცა გუამისა ერთისა ორად განკუეთაჲ, ანუ ზუარაკთა ერთად აღზრდილთა განყოფაჲ, რომელნი-იგი ფრიად გოდებდიან, გარნა არა თავს-ვიდევ მყოვარ ჟამ დაჭირვებასა მას შინა ყოფაჲ.
არამედ შემდგომად მცირედისა ჟამისა წარმოვედ ათინით მეცა და განვხეთქენ საკრველნი იგი მაიძულებელთანი.
25. ხოლო მო-რაჲ-ვედით ქუეყანად ჩუენდა., მცირედღა დავყავთ სოფელსა შინა ხილვად მეგობართა და თჳსთა, რომელნი მრავლით ჟამითგან არა გუეხილნეს. და ესრეთ უწუერულობისაგან გამოვედით და განვმწჳსენით და შევედით სიბრძნესა მას ჭეშმარიტსა მონაზონებისასა, გარნა ჴორციელად არღარა ზოგად ვიყოფოდეთ, არამედ სულითა ზოგად, რამეთუ იგი კესარია ქალაქმან მიიღო განმანათლებლად მისა და გარემოთა მათ უდაბნოთა შინა, ხოლო მე გასაცდელთამან დამიმჭირა და განმაშორა მისგან არა კეთილად, არცა სამართლად, გარნა განმაშორა და არცა უწყი, თუ არა ამისთჳს იქმნა ჩემ ზედა ყოველი ესე ჭირი და არა წარმართებაჲ მონაზონებისა სიბრძნესა შინა და არცა აღსრულებაჲ სურვილისა მის ჩემისაჲ და აწ ჩუენი ესე საქმჱ იყავნ, ვითარცა ღმერთსა ჰნებავს, ხოლო არსმცა მისითა მეოხებითა კეთილად, გარნა იგი მრავალმოწყალემან და ღმრთისა კაცთმოყუარებამან და ჩუენისა ნათესავისა წყალობამან ბრწყინვალედ გამოაჩინა და მნათობად ეკლესიისა დაადგინა დიდად და დიდებულად, მღდელთმოძღურებისა საყდართა დასუა ჯეროვნად და ერთისა მის კესარია ქალაქისაგან ყოველსა ქუეყანასა აღმოუბრწყინვა ყოველთა განმანათლებელად. ხოლო იხილეთ, თუ ვითარითა სახითა, რამეთუ არა უწესობით მისცა მას პატივი იგი, არცა ერთსა ჟამსა განბანა და მასვე ჟამსა აღამაღლა და განბანილთა წინამძღუარ-ყო, ვითარცა-ესე აწ მრავალნი იქმან, რომელთა-იგი სურის წინამძღურობისათჳს, არამედ წესითა მით და რჩეულითა სულიერითა აღიყვანა იგი პატივსა მას.
26. რამეთუ არა კეთილად მიჩნს მე ჩუენი ესე უწესობაჲ აწინდელი, რომელი იქმნების რომელთამე ზედა წინამძღუართა, რამეთუ არა ვიტყჳ, თუ: ყოველთა ზედა.
ვაქებ წესსა მას მენავეთასა, რომელნი-იგი მენავეთმოძღურად ყოფადსა მას პირველ ნიჩაბსა მისცემენ ჴელად და, რაჟამს მას შინა წარემართოს, მერმე დასუმენ წინასა მას კერძსა ნავისასა, ხედვად ქართა და ჰაერთა და, რაჟამს მყოვარ ჟამ განიცადოს ჰაერი და აღდუღებანი იგი ზღუათანი სასტიკებანი ქართანი, მაშინ უკუანა კერძო დასუან და ნავისა მმართებელნი იგი აფქიონნი ჴელთა მისცნიან. და კუალად ეგრეთვე არს ბრძოლათა შინა, რამეთუ პირველ არნ მჴედარ და მერმე იქმნის ასისთავ და კუალად-ათასისთავ, და მერმეღა ერისთვობაჲ მიიღის. ესე არს კეთილი და ჯეროვანი წესიერებაჲ, ხოლო ჩუენი ესე ფრიად უმეტეს ამათ ყოველთასა ღირს იყო ესრეთ ქმნად, არამედ აწ უწესობით არს ჩუენ შორის დასი ესე ყოველთა უპატიოსნესი და იქმნების ყოველთა უსაკიცხლეს, რამეთუ არა სათნოებისაგან, არამედ მანქანებისა მიერ მივსცემთ მღდელობასა, არცა ღირსთანი, არამედ ძლიერთანი არიან საყდარნი. და მკურნალად ანუ მხატვრად არავინ უწესს კაცსა, რომელსა არა ესწავლოს ცნობაჲ ბუნებათაჲ, ანუ შეზავებაჲ წამალთაჲ. ხოლო მღდელთმოძღუარი და წინამძღუარი, რომელი-იგი ყოველთავე უდიდესი და უძნელესი არს, ესე ჩუენ მიერ ფრიად და უხუად იპოების, რომელსა არარაჲ ეშრომის, არამედ უშრომელად მიიღის პატივი იგი. ერთსა ჟამსა დაეთესის და აღმოეცენის, რომელნი-ესე ყოველთა დღეთა წმიდათა შევიქმთ თავით თჳსით და არა ღმრთისა მიერ და ბრძენ-ვჰყოფთ არაბრძენთა მათ, რომელთა არარაჲ აქუნ ღირსი პატივისაჲ მის, გარნა ოდენ გულისთქუმაჲ მისი, და მრავალგზის სიმაღლისა ღირსი ქუე მდაბლად მდგომარე არნ, რომელსა ფრიად ეწუართნიან იგი საღმრთონი და ფრიად დაემორჩილნიან ჴორცნი სულისადა, ხოლო უღირსი იგი ზუაობით ზინ საყდართა ზედა და აღიმაღლებნ წარბთა და არა ძრწინ საყდრისა მისგან, არცა ჰრცხუენინ ღირსთა მათ ქუემდგომარებისაგან, არამედ ჰგონებნცა თავსა თჳსსა უბრძნეს მათსა, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ცნობაჲ მისი მიღებულ არნ.
27. გარნა არა ესრეთ იქმნა დიდი იგი და დიდებული ბასილი, არამედ ვითარცა სხუასა ყოველსავე ზედა სახე და წეს კეთილისა ექმნა ყოველთა, ეგრევე ამის საქმისა წესიერებასა ზედა, რამეთუ პირველ საღმრთოთა წიგნთა ოდენ უკითხვიდა ერსა გამომთარგმანებელი იგი მათი და არა უღირს-იჩინა პატივი იგი, და მერმე აღჴდა კიბესა დიაკონობისასა, და მერმე საყდარსა ზედა ხუცობისასა და ესრეთღა საყდარსა ზედა ებისკოპოსობისასა, აქებდა უფალსა, რომელმან არა მიიხუეჭა პატივი იგი, არცა მოიტაცა, არცა სდევდა პატივსა, არამედ პატივისა მის მიერ დევნულ იქმნა. გარნა წინამძღურობისა იგი საქმე მცირედ მელოდენ და პირველი ვთქუა მცირედღა.
28. რამეთუ იქმნა მცირედ რაჲმე სახჱ შურისაჲ მღდელთმოძღურისა მის მიერ, რომელი იყო პირველ მისა, მისდა მიმართ, ხედვიდა რაჲ პატივსა მას, რომელსა მოატყუებდა ყოველთა მიერ სათნოებაჲ იგი მისი, ხოლო იყო კაცი იგი კეთილ ფრიად ყოველსა ზედა, ვითარცა გამოაჩინა ჟამმან მან დევნულებისამან და მისმან სიმჴნემან, გარნა ბიწი დიდთაცა შეეხების, რამეთუ უცთომელობაჲ სრულიად მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს.
29. მაშინ უკუე ესე რაჲ ცნა ნეტარმან მან და მოწაფემან მშჳდობისამან, არა ჯერ-იჩინა მოწყლვაჲ გონებისა მისისაჲ, არამედ ჩუენცა განგუაზრახა, და ჩემ თანა წარმოვიდა პონტოდ და მუნ მყოფნი იგი მონასტერნი განანათლნა, და უდაბნოჲ დაიმკჳდრა მსგავსად ელიაჲსა და იოვანესა, ნეტართა მათ. რამეთუ ესრეთ არარაჲ თავს-იდვა ქმნად, რომელიმცა მისისა მის სიბრძნისა უღირს იყო. ხოლო რაჟამს-იგი წარსლვაჲ მისი ესრეთ საკჳრველი და კეთილი იყო, იხილეთ, თუ ვითარ მოქცევაჲ იგი უსაკჳრველეს იქმნა და უკეთეს, რამეთუ ესრეთ იყო მოქცევაჲ მისი კესარიადვე.
30. რაჟამს-იგი ესრეთ ვიყოფოდეთ, მეყსა შინა მოიწია ღრუბელი სეტყჳთა სავსჱ და ნიავქარი ბოროტი, დამაქცეველი ეკლესიათაჲ, რომელთა ზედა მიიწია. ესე იგი არს მეფჱ იგი ოქროჲსმოყუარე და ქრისტესმოძულე უალი (იულიანე განდგომილი - რედ.), ორითა სენითა შეპყრობილი: უძღებობითა და გმობითა, შემდგომად მდევრისა მდევარი და შემდგომად განდგომილისა განდგომილივე. დაღაცათუ არა კერპთმსახური იყო, არამედ არარაჲვე იყო სარგებელი ქრისტეანობასა შინა მისსა, არამედ მბრძოლი იყო ქრისტეანეთა, თაყუანის-მცემელთა ერთარსებისა სამებისათა, რომელსაცა ოდენ ვქადაგებ მე მართლმორწმუნეობად. რამეთუ არა ვართ ღმრთისმოფარდულნი, არცა ერთსა მას თუალთშეუდგამსა ბუნებასა განვჰყოფთ თავისა თჳსისაგან და უცხო-ვჰყოფთ, არცა ბოროტითა ბოროტსა ვჰკურნებთ, რაჲთამცა უღმრთოჲსა მის საბელიოსის შერწყმასა უძჳრესითა განყოფითა დავჰჴსნიდით, რომელი-იგი მოიპოვა არიოზ უკეთურმან, ალექსანდრიით გამოჩინებულმან, რომელმან უმრავლესი იგი ნაწილი ეკლესიისაჲ განხრწნა და დააქცია, რომელმან-იგი მამასაცა არავე პატივ-სცა და მისგან შობილი იგი ძჱ და გამოსრული სული წმიდაჲ შეურაცხ-ყო, არამედ ჩუენ ერთი დიდებაჲ ვიცით მამისაჲ-სწორებაჲ იგი ძისაჲ და ერთი პატივი ძისაჲ სწორებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ. რომელიცა ამათ სამთაგანი დავამდაბლოთ? ესრეთ შეგჳრაცხიეს, თუ სამნივე დაგვჳმდაბლებიან, რომელნი-იგი თჳთებითა სამად და ბუნებითა ერთად უწყით და აღვიარებთ, არამედ ამის ყოვლისაგან არარაჲ გულისჴმა-ყო მან და ვერცა ზეაღხილვად ძალ-ედვა, არამედ მტყუვართა მათ წინამძღუართა მისთა მიერ დამდაბლებულ იყო და იკადრა თავისა თჳსისა თანა დამდაბლებად ბუნებისა მის ღმრთეებისა და იქმნა ჭურჭელ უკეთურ, რომელი მონებად მოიყვანებდა მეუფებასა და დაბადებულთა თანა დააწესა მან დაუბადებელი იგი და უზეშთაესი ჟამთა ბუნებაჲ.
31. ესრეთ უკუე ესევითარითა ზრახვითა და მჴედრობითა მოიწია ჩუენ ზედა და ესევითარითა ურჩულოებითა, რამეთუ ესე არს ზედამოსლვაჲ ბარბაროზებრი, არა ზღუდეთა ქვისათა დამარღუეველნი, რომელნი-იგი ჴელით ქმნულ არიან და კუალად აღეშჱნებიან, არამედ სულთა დამაქცეველი უკუდავთაჲ, ხოლო იყვნეს მის თანა მჴედრობანი, მწარენი იგი მთავარნი სოფლისანი და ეპისკოპოსნი იგი უკეთურნი, რომელნი ისწრაფდეს დაპყრობად ეკლესიათა, რომელნი ჯერეთ არა აქუნდეს და მინდობილ იყვნეს ძალსა მას მეფისასა და ესრეთ კესარიისა ეკლესიადცა მოიწინეს. და არა ეშინოდა მათ სიტყუათაგან მაშინდლისა მის მთავარეპისკოპოსისათა, არამედ მინდობილ იყვნეს ძლევად მისა. და ბრძოლაჲ იგი დიდი იყო და მოსწრაფებაჲ იგი მბრძოლთაჲ არა მცირჱ, ხოლო მწყობრი ჩუენისა კერძისაჲ უძლურ, რამეთუ არა აქუნდა ხელოვანი წინამბრძოლი ძალთა სიტყჳსა სულისაჲთა. მაშინ უკუე დიდმან მან და წმიდამან და ჭეშმარიტად ქრისტესმოყუარემან სულმან არა იჴმარნა მრავალნი სიტყუანი მისლვად და შეწევნად. არამედ მიხილა რაჲ მე, რომელ ვევედრებოდე: (რამეთუ ღუაწლი იგი ორთაჲვე ზოგად იყო), და მეყსეულად დამმორჩილდა და გულისჴმა-ყო კეთილად ძალითა სულისა წმიდისაჲთა, რომლითა-იგი სავსე იყო.
ვითარმედ სხუაჲა ჟამი სულგრძელებისაჲ და სხუაჲ არს ჟამი მოსწრაფებისაჲ და მეყსეულად ზოგად წარმოვედით პონტოჲთ. და აღივსო იგი შურითა საღმრთოჲთა, იხილა რაჲ, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ წარწყმდებოდა, და იქმნა თანამბრძოლ და დიდად შემწედ მისცა თავი თჳსი დედასა მას ყოველთასა ეკლესიასა.
32. არამედ იხილეთ, ნუუკუე ინება ესრეთ, ხოლო იღუაწა ნებისა მისისა უდარესადა? ანუ იღუაწა ახოვნად, გარნა არა მეცნიერებითა, ანუ სიბრძნით და უჭირველადა? ანუ ყოველი ესე სრულებით ქმნა, ხოლო თავსა შორის თჳსსა დაუტევაა ნაწილი რაიმე სულმოკლებისაჲ; ნუ იყოფინ! არამედ ერთბამად ქმნა ყოველივე სრულები, დაეგო, განაზრახა, შეიჭურა კეთილად ბრძოლისა მის მიმართ და დაჰჴსნა ყოველივე ძალი მბრძოლთაჲ მათ, რომელნიმე მოაქცინა, რომელნიმე შეიტკბნა და რომელნიმე იოტნა. ექმნა ერთსა მას კერძსა ზღუდე მტკიცე და გოდოლ შეურყეველ, ხოლო მეორესა მას წერაქუ მკოდელ და შემმუსრველ კლდეთა და ცეცხლ ეკლოვანსა შინა, ვითარცა წერილი იტყჳს და ძლიერად შეწუნა და უჩინო ყვნა ეკლოვანი იგი სულნი და მაგინებელნი ღმრთეებისანი. უკუეთუ კულა ბარნაბაცა, რომელი-ესე იტყვის და წერს, იღუაწა პავლეს თანა, პავლესი არს მადლი იგი, რომელმან გამოირჩია იგი და ყო თანაშემწე ღუაწლისა მის.
33. მაშინ უკუე ბოროტნი იგი ესრეთ წარვიდეს, ბოროტნი ბოროტად ესრეთ ძლეულნი და სირცხჳლეულნი და ცნეს, ვითარმედ არა ჯერ-არს ესრეთ კაპადუკიელთა უგულებელს-ყოფაჲ, რომელთა სიმტკიცე არს მართლმორწმუნეობაჲ, და უფროჲსად, რაჟამს ბასილი იყოს შემწედ მათდა. მერმე უკუე ინება, რაჲთამცა სრულიად დაჰჴსნა იჭუეულებაჲ იგი, რომელი აქუნდა მისა მიმართ მთავარებისკოპოსსა და რაჲთა ცნან ყოველთა, თუ ვითარ უყუარს იგი ყოვლითა გულითა, ამისთჳს განაზრახებდა მას ყოველსა კეთილსა, ჰმორჩილობდა, განუსუენებდა ყოველსა ზედა გამომთარგმანებელი იყო საღმრთოთა წერილთაჲ, კუერთხი იყო სიბერისა მისისაჲ, სიმტკიცჱ სარწმუნოებისაჲ. ესრეთ წინამძღუარ იყო იგი ეკლესიისა, დაღაცათუ საყდარსა მღდელთმოძღურებისასა ჯერეთ არა დაჯდომილ იყო და იყო საკჳრველ შეერთებაჲ მათი, რამეთუ მღდელთმოძღუარი იგი ერისა იგი წინამძღუარ და იგი მღდელთმოძღურისა, რამეთუ საყდარსა მღდელთმოძღურობისასა დაჯდომად არა თავს-იდებდა, რომელსა-იგი არარა დიდებაჲ ყოვლადვე უყუარდა, არამედ სიმრავლესა მას ღმრთისმბრძოლთასა ხედვიდა და ამისთჳს შეეწეოდა მას ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა და ყოველსავე წინამძღურობისა საქმესა იგი აღასრულებდა თჳნიერ საყდარსა დაჯდომისა და ოდენ სახელი არა აქუნდა მღდელთმოძღურებისაჲ, თუ არა საქმესა ყოველსავე იგი იქმოდა.
34. ხოლო ეკლესიისა კეთილად განგებულებისა მისისათჳს მრავალნი არიან სასწაულნი. კადნიერებანი წინაშე მეფეთა და მთავართა კეთილად მორწმუნეობისათჳს, მოწყალებანი და გამოზრდანი სულთა მათ მშიერთანი და ჴორცთაცა, რამეთუ ესეცა დიდად სულიერ არს, გლახაკთმოყუარებანი, უცხოთა შეწყნარებანი, ქალწულთა შეკრებანი მონებად სიძისა მის უკუდავისა, რჩულის-დებანი მონაზონთანი, დაწერილნი და უწერლადცა თქუმულნი მის მიერ, აღშენებანი მონასტერთანი, განგებულებანი ლოცვათანი, შემკობანი საკურთხეველთანი, რამეთუ ყოველივე ესე მან ქმნა. მან დაგჳსხნა შუენიერნი ესე წესნი ეკლესიისანი და განგებულებანი ესე საუფლოთა მათ დღესასწაულთანი და წესიერებანი ესე მღდელთა და დიაკონთა და მოწესეთანი და სხუანი ყოველნივე კეთილნი იგი მისნი, რომელთა მიერ ჭეშმარიტმან ღმრთისა კაცმან მან, ღმრთისა თანა შეერთებულმან განანათლა სოფელი, განანათლნა კაცნი, განანათლნა ეკლესიანი, მოიმადლა ღმერთი, აცხოვნნა წარწყმედულნი, განანათლნა დაბნელებულნი, აღადგინნა დაცემულნი, განამტკიცნა დაცემადნი, განაძღნა მშიერნი, ვითარცა იგი მაშინ იქმნა რაჲ სიყმილი დიდი და სასტიკი, წარწყმდებოდა ქალაქი იგი და შეწევნაჲ არსადაჲთ იყო. რამეთუ სადა-იგი ზღუაჲ მახლობელ არს, მუნ იპოების ნუგეშინისცემაჲ რაჲმე მიცემითა და მოღებითა ნავთაგან, ხოლო სადა ზღუაჲ არა იპოების, მუნ ყოველივე ძნელოვან არს. და უბოროტეს ესე არს, რამეთუ მდიდარნი უწყალო არიან და უძღებ და ჰხედვენ ჟამთა სიყმილისათა, და მაშინღა იწყებენ ვაჭრობად და ივაჭრებენ განსაცდელთა მათგან გლახაკთაჲსა და სარგებელად აქუს იგი. არცა უფალსა ავასხებენ წყალობითა გლახაკთაჲთა, არცა ეშინის საშჯელისა მისგან უწყალოთაჲსა, არამედ არიან უძღებ და დაუჴშვენ სხუათათჳს თჳსსა წყალობასა და თავთა თჳსთა ღმრთისასა. რომელი მათ უმეტესად ეჴმარების, ვიდრეღა მათი სხუათა, არცა ბუნებაჲ იგი კაცობრივი ეწყალის, არცა ღმერთსა ჰმადლობენ, რომლისა მიერ მოცემულ არს მათდა სიმდიდრე.
35. ხოლო მან ნეტარმან პური არა უწჳმა ზეცით, არცა დაულევნელ-ყო მცირედი ფქვილი, არცა ხუთითა პურითა განაძღნა ათასეულნი საქმენი ესე, რომელ ქმნნეს მოსე და ელია და ჩემმან ღმერთმან რომელმან მათცა მისცა ძალი ესე, ხოლო არა თუ ამას ვერ ძალ-ედვა ამის საქმისა ძალითა ღმრთისაჲთა ქმნად, უკუეთუმცა ჯერ-იყო? არამედ ესე საქმენი მათ ჟამთანი იყვნეს, რამეთუ სასწაულნი ურწმუნოთათჳს არიან და არა მორწმუნეთა. არამედ ამან დიდმან და საკჳრველმან საქმენი ქმნნა, რომელნი მორწმუნეთა უჴმდეს. რამეთუ ძალითა სიტყუათა მისთაჲთა მდიდართა საუნჯენი აღახუნა და სწავლითა თჳსითა განაძღნა სულნი ჴუებულნი და სულნი მშიერთანი აღავსნა კეთილითა და მერმე შემოკრიბნა სიმრავლენი გლახაკთანი, რომელნი-იგი კნინღადა სიყმილითა მით მომკუდარნი, და შემოკრიბა ყოველივე ჭამადი, სიყმილისა უჩინომყოფელი, და შორის წარმოდგა ქუაბები დიდ-დიდები, სავსე ცერცჳთა, შეზავებული ცმელითა, რომელი-იგი შიმშილსა ფრიად კეთილ არს, და ესრეთ მიემსგავსა მსახურებასა მას ქრისტესსა, რომელმან-იგი არდაგი მოიდვა და არა უღირს-იჩინა ფერჴთა მოწაფეთასა ბანად, ეგრევე ესე თჳთ დადგა და ყოველნი მსახურნი მისნი შემოკრიბნა და ჰმსახურებდა გლახაკთა.
36. ესევითარი არს ჩუენი ესე გამომზრდელი და ახალი იოსებ და იოსებისსა ფრიად უმაღლესი, რამეთუ მან ჟამი იგი უხუებისაჲ მკურნალად სიყმილისა ჟამთა ყო სხჳსა სიზმართა მიერ განგებითა, ხოლო ესე ჟამსა მას სიყმილისასა განაძღებდა მშიერთა და ერთისა მიმართ მოსწრაფე იყო, რაჲთა კაცთმოყუარებითა კაცთმოყუარებაჲ მოიგოს და საუკუნენი იგი კეთილნი დაიმკჳდრნეს, ხოლო ამას იქმოდა სულიერისა მის საზრდელისა თანა, რამეთუ არა ჴორცთა ოდენ განაძღებდა და სულთა უგულებელს-ყოფდა. არამედ უფროჲსად იგი იყო მისწრაფებაჲ მისი და მისცემდა ყოველთა საზრდელსა მას მაღალსა და ზეცისასა ჭეშმარიტად, რამეთუ პური ანგელოზთაჲ არს სიტყუაჲ, რომლისა მიერ გამოიზარდებიან სულნი ღმრთისაგან მომყმარნი და უცხოქმნულნი, რომელი-იგი მან ქმნა და განმყოფელ იყო, არა განხრწნადისა მის საზრდელისა ოდენ, არამედ მტკიცისა მისცა და წარუვალისა, რომელი-იგი მას მდიდრად აქუნდა და განჰკურნებდა არა პურისა ოდენ ხილულისა შიმშილსა და წყლისა წყურილსა, არამედ სიტყჳსა საღმრთოჲსა და ჭეშმარიტად ცხოველისა, რომელი მიიყვანებს ჰასაკად სულიერად გამოზრდილსა მას.
37. ხოლო ამას ყოველსა ზედა (რამეთუ ვის ძალ-უც ყოველთა მისთა კეთილთა თქუმად) ვინაჲთგან ენაჲ მოუძლურდების, არამედ ესე ოდენ ვთქუა, ვითარმედ მას ჟამსა შინა ევსევი, მთავარეპისკოპოსი იგი კესარიისაჲ აღესრულა ჴელთა შინა დიდისა ბასილისთა და ესრეთ იგი მაღალსა მას მღდელთმოძღურებისა საყდარსა აღყვანებულ იქმნა იძულებით და არა ნეფსით, არცა უშურველად, რამეთუ ფრიადი შური იყო კაცთა მათ შორის უკეთურთა, რომელნი ისწრაფდეს საყდრისა მის მიტაცებასა, გარნა ჯერ-იყო, რაჲთამცა სულმან წმიდამან სძლია და სძლიაცა დიდად და დიდებულად, რამეთუ აღძრნა ყოვლით კერძო დასამტკიცებელად კაცნი ჭეშმარიტისა მოყუარენი და მოშურნენი საღმრთოდ, რომელთა თანა იყო ახალიცა იგი აბრაჰამ და მღდელთმოძღუარი. ჩემსა მას მამასა ვიტყჳ, რომელსა ზედა იქმნა მაშინ საკჳრველებაჲ და არა სიმრავლისაგან ოდენ ხელთაჲსა მოუძლურებულ იყო, არამედ სნეულებითაცა მძიმითა შეპყრობილ იყო და სიკუდილსა მიახლებულ, არამედ შეჰკადრა გზად გამოსლვად, რაჲთა შეეწიოს დამტკიცებასა მისსა და მიენდო სულსა წმიდასა და, ვითარცა მკუდარი, დაიდვა სარეცელსა ზედა, ვითარცა სამარესა, ხოლო მოიქცა განძლიერებული მრთელი, რამეთუ განმრთელებულ იყო ცხებითა მით და ჴელის-დადებითა და უფროჲსად შეხებითა თავსა მას მისსა წმიდასა. ესრეთ აღესრულა სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳან, ვითარმედ: გულსმოდგინებაჲ სიმრთელესა მისცემს და სურვილი მკუდართა აღადგინებს.
38. ხოლო იგი ესრეთ ღირს იქმნა მღდელთმოძღურებასა ესევითართა კაცთა წამებითა და ესრეთ დიდებულად, არამედ რასა იტყჳთ, ნუუკუე შემდგომად ამის ყოვლისა სირცხჳლეულ-ყოა სიბრძნჱ თჳსი, ანუ სასოებაჲ იგი მათი, რომელნი ეწამნეს და ისწრაფეს მისთჳს? ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ გამოაჩინა ბრწყინვალებაჲ სათნოებათა თჳსთაჲ, ვითარ-იგი ჭეშმარიტად მას შუენოდა, რამეთუ მას ესრეთ შეერაცხა, ვითარმედ სხუათა მათ კაცთა სათნოებაჲ არს, რაჟამს ბოროტ არა იყვნენ, ანუ მცირედი რაჲმე კეთილი აქუნდეს. ხოლო წინამძღურისა და უფროჲსად ესევითარსა საყდარსა ზედა მჯდომარისაჲ ბოროტება არს, უკუეთუ არა ფრიად უმეტეს იყოს სხუათაჲსა და მარადის უმჯობესისა მიმართ წარმატებულ და არა უფროჲსად მცირედ რაჲმე ვთქუა მისთჳს სიბრძნისმეტყუელებით კეთილად და სრულადრე, ვითარმედ, ვითარცა მაცხოვრისათჳს მე ვხედავ, გულისჴმა-ვჰყოფ და ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ყოველივე კაცი ბრძენი და მეცნიერი ესრეთვე გულისჴმა-ჰყოფდეს, რაჟამს იგი ჩუენდა მომართ გარდამოჴდა, შეიმოსა ჩუენთჳს ხატი ჩუენი და ბუნებაჲ ეგრეთვე ამის ნეტარისათჳს ვიტყჳ მე, ვითარმედ, ვითარცა-იგი მისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ წარემატებოდა ვითარცა ჰასაკითა, ეგრეთვე სიბრძნითა და მადლითა, არა თუ რამეთუ სიბრძნე და მადლი არა აქუნდა და მოეცემოდა და აღორძნდებოდა მის შორის, რამეთუ პირველითგან სრულისა მის უსრულეს რაჲმცა იქმნა? არამედ მცირედ-მცირედ გამოჩნდებოდა ბუნებითი იგი სიბრძნჱ და მადლი მისი და განცხადნებოდა, რაჲთა იხილვოს სხუათა მიერ, ეგრეთვე ამის ნეტარისა სათნოებამან, არა თუ მღდელთმოძღურებისა მისგან შემატებაჲ რაჲმე მოიღო, რამეთუ იგი პირველ მისაცა ძალითა ღმრთისაჲთა, არამედ მაშინ იწყო სათნოებამან მან, რომელ იყო ის შორის, გამოცხადებად, პოვა რაჲ ნივთი უმეტესი წინამძღურებაჲ იგი.
39. პირველ უკუე ესე უჩუენა ყოველთავე, ვითარმედ არა კაცობრივ იყო, არცა კაცთათჳს ქმნილი, არამედ ყოველი საქმე მისი ღმრთისათჳს იყო და ჭეშმარიტებისათჳს. ხოლო მე მაშინ, რომლისათჳს მრავალნი ჰგონებდეს, ვითარმედ მეყსა შინა მივიწიო მისდა და თანაზიარ წინამძღურობისა მისისა ვიქმნე, ვინაჲთგან შურისათჳს მრავალთაჲსა და ბოროტთა მათთჳს, რომელნი მისთჳს სიტყუასა ეძიებდეს. ამისთჳს არა მივედ მისა, არამედ აღჳრ-ვასხენ სურვილსა ჩემსა და შინა დავადგერ, ხოლო შემდგომად ამისა მივედ მისა, ხოლო მან დაღაცათუ მაბრალა, არამედ კუალად შემინდო, რამეთუ უწყოდა მან, თუ რაჲსათჳს ვქმენ იგი და პატივი ხუცესთაჲ და დაჯდომაჲ მათ თანა არა ვინებე ამისვე მიზეზისათჳს და არცა მაბრალა, არამედ უფროჲსად მაქო, და ესრეთ ყოველი საქმე მისი საღმრთო იყო და კეთილისათჳს.
40. მერმე უკუე განდგომილნი იგი შემოკრიბნა სიტყჳთა კურნებისაჲთა ძლიერითა, რამეთუ არა უძლურებით ქმნა ყოველივე, არამედ ახოვნებით და ვითარცა მას შუენოდა, იხილა, რამეთუ ფრიად ლმობილობაჲ დამჴსნელ არს და ფიცხელობაჲ განმაფიცხებელ. ამისთჳს ორივე ესე შეზავა: სიმშჳდითა სიფიცხლე და სიმტკიცითა სილბილე იგი უზომოჲ, და მცირედ იჴმარა სიტყჳთ კურნებაჲ, არამედ უფროჲსი საქმით ქმნა კურნებაჲ სულთა მათ წარწყმედულთაჲ მრავალთა და ურიცხუთა, რომელთაგანი ერთი ვთქუა, დაღაცათუ სხუათა მიერცა თქუმულ არს, არამედ ჩემდაცა საწადელ არს მისთა საქმეთა ჴსენებაჲ, რომელნი მან ქმნნა დიდებულად და დიდად.
40 (ა). რამეთუ ჭაბუკი ვინმე ქალწულისა ერთისა მიმართ აღეგზნა ტრფიალებითა საეშმაკოჲთა და საქმისა მის ქმნად ვერ ჴელეწიფებოდა, მაშინ წარვიდა ერთისა გრძნეულთაგანისა მიმართ და ევედრებოდა, რაჲთა უქმნას მას საქმჱ იგი. ხოლო მან ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვერ ძალ-მიც თავით ჩემით რაჲსამე ქმნად, გარნა წარგავლინო, გნებავს თუ, ჩემისა მის სასოჲსა ეშმაკისა მიმართ და მან ყოს ნებაჲ შენი, უკუეთუ შენ ჰყო მისი ნებაჲ“. ხოლო იგი დაბნელებულ იყო ვნებისა მისგან და აღუთქუმიდა ყოფად, რაჲცა ჰრქუას. ჰრქუა მას ბოროტმან მან: „იჯმნაა (განეშორები - რედ.) ჴელისწერილით ქრისტესგან?“ მაშინ აღმოუტევა მან საწყალობელი იგი ჴმაჲ და თქუა: „ჰე, ვიჯმნა“. ხოლო შვილმან მან ეშმაკისამან დაუწერა წიგნი ეშმაკისა მიმართ, ვითარმედ: „ვინაჲთგან მარადის ვისწრაფი ქრისტეანეთა კრებულისაგან მოტაცებად და შენდა მოყვანებად, ამისთჳს, აჰა, ესერა, მომივლენია, რომელსა ესე აქუს წიგნი ჩემი. რაჲთა შთაუთესო ტრფიალებაჲ ქალსა ვისმე მისა მიმართ და გევედრები, ქმენ საქმე ესე, რაჲთა მეცა გულისმოდგინებით შემოვჰკრებდე მსახურთა შენთა“. და მისცა წარწყმედულსა მას ქარტაჲ იგი და ჰრქუა: „წარვედ მას რომელსამე ჟამსა ღამისასა, და მივედ საფლავსა საწარმართოსა, და აღამაღლე ქარტაჲ ესე და მოვიდენ წარმყვანებელნი შენნი ეშმაკისა“.
ხოლო მან ქმნა საქმენი ესე და მიყვანებულ იქმნა წინაშე ეშმაკისა, რომელიცა იხილა, ვითარცა საყდართა ზედა მჯდომარე, და გარემო მისა სულნი უკეთურნი. და მისცა მას წიგნი იგი გრძნეულისაჲ მის, ხოლო მან ჰკითხა, თუ შეეწყნარებისა მას და იჯმნის ქრისტესგან? და მან აღუთქუა ესრეთ ქმნად. კუალად მან ჰრქუა, ვითარმედ: „მზაკუვარნი ხართ თქუენ, ქრისტეანენი, და რაჟამს რაჲმე გიჴმდე მე, მოხუალთ ჩემდა. ხოლო აღასრულოთ რაჲ გულისთქუმაჲ თქუენი, კუალად უარ-მყოფთ და მიხუალთ ქრისტესა და იგი არს სახიერი და კაცთმოყუარე და შეგიწყნარებს თქუენ. არამედ დამიწერე მე ჴელითწერილი ქრისტესგან და ნათლის-ღებისა შენისაგან ნეფსით ჯმნაჲ და უკუნისამდე ჩემ თანა ყოფაჲ და რაჲთა საუკუნეთა მათ სატანჯველთა, რომელნი ჩემთჳს განმზადებულ არიან დღესა მას საშჯელისასა, ჩემ თანა დაემკვიდრო და მე აწ ვყო ნებაჲ შენი“.
ხოლო მან დაუწერა ყოველივე, რაჲცა ჰრქუა მას, მაშინ ვეშაპმან მან წარწყმედისამან წარავლინნა სულნი ბოროტნი და აღაგზნეს ქალი იგი ტრფიალებითა ჭაბუკისა მის მართ და იწყო ღაღადებად და დავრდომად ქუეყანასა ზედა და ეტყოდა მამასა თჳსსა, რაჲთა შეჰრთოს იგი ჭაბუკსა მას, თუ არა, მოვიშთო მე თავი ჩემიო. ხოლო მამაჲ მისი შეწუხებულ იქმნა ფრიად, რამეთუ ქალწულებით ენება მისი დაცვაჲ, გარნა იხილა რაჲ იგი საქმესა მას შინა, ყო ნებაჲ მისი და შეჰრთო ჭაბუკი იგი. ხოლო შემდგომად ჟამისა რავდენისამე ცნეს ვიეთმე, ვითარ არა მიეახლებოდა ეკლესიას და მიუთხრეს ქალსა მას, ვითარმედ: „უწყებულ იყავ, რომელ ქმარი შენი არა ქრისტეანე არს“. ესე რაჲ ცნა მან, იწყო გოდებად, ვითარ იგი ურჩ ექმნა მამასა ტრფიალმან მისმან და მოვიდა მისა და დაუმტკიცებდა არა ესრეთ თჳსსა და ქმნა ბოროტი იგი. ხოლო ცნა ესე შეცთომილმან მან ყოფად, ვითარ ასმიეს. ხოლო მან ჰრქუა მას: „უკუეთუ გნებავს სულისა ჩემისა გულსავსე-ყოფად, ხვალე ზოგად ეკლესიას მივიდეთ და წინაშე ჩემსა მიიღე ქრისტეს საიდუმლოჲ“. მაშინ უნდა, თუ არა, მიუთხრა მას საქმჱ იგი ყოველივე, ხოლო მას ესმა რაჲ, დაუტევა უძლურებაჲ იგი დედათა ბუნებისაჲ და მივიდა მკურნალისა მის მიმართ კეთილისა და მიუთხრა მას ცრემლით ყოველივე იგი საქმე. ხოლო მან მოუწოდა ჭაბუკსა მას და ისწავლა მისგან ყოველივე და ჰკითხა მას, ვითარმედ: „გნებავსა მოქცევაჲ ღმრთისავე?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, წმიდაო ღმრთისაო, მნებავს, გარნა ვერ ძალ-მიც, რამეთუ ჴელითწერილი დამიწერია ჯმნაჲ ქრისტესგან და ყოფაჲ ეშმაკსა თანა“. ხოლო ნეტარმან მან ჰრქუა მას: „ნუ იურვი მაგისთჳს, რამეთუ ქრისტე სახიერი არს და შეგიწყნაროს, შენ ოდენ გრწმენინ მისი“. და ესრეთ შეაყენა იგი სახლსა ერთსა და სამ დღე ილოცა მისთჳს, და მივიდა მისა და ჰკითხა, თუ ვითარ არს. ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: „ვერ თავს-ვიდებ, უფალო, ბრძოლათა მათთა, რამეთუ მოვლენ და მაჭირვებენ და იტყჳან, ვითარმედ: არა შენ ნეფსით მოხუედა ჩუენდა და დაგჳწერე ჴელი ესე?“ ხოლო დიდმან მან ბასილი ჰრქუა მას „ნუ გეშინინ, შვილო, არამედ მოითმინე“ და კუალად შემდგომად დღეთა მცირედთა მივიდა მისა და ჰკითხა მას და მან ჰრქუა, ვითარმედ: „შორით მოვლენ და მერჩიან მე“. ხოლო კუალად შემდგომად ორმეოცისა დღისა მივიდა მისდა და ჰრქუა: „ვითარ ხარ, შვილო?“ ხოლო მან ჰრქუა, ვითარმედ: „გიხილე შენ, მამაო, რამეთუ ებრძოლე ჩემთჳს ეშმაკსა და სძლე მას, და აწ კეთილად ვარ“. ხოლო მას ღამესა წარიყვანა იგი სენაკად თჳსად და ილოცა მისთჳს, და შემდგომად ცისკრისა ლოცვისა ჰრქუა ერსა, ვითარმედ: „დღეს, ძმანო, ჯერ-არს ლოცვაჲ უმეტესი, რამეთუ ეგულების მწყემსსა მას კეთილსა ცხოვრისა წარწყმედულისა აღებად მჴართა ზედა თჳსთა“. ხოლო ჰყვა რაჲ ჴელთა მისთა ჭაბუკი იგი, ურცხჴნო იქმნა ეშმაკი და მოიწია, რაჲთამცა გამოუღო მას იგი ვიდრეღა თჳთ მასცა უჭენა, ხოლო იგი მიექცა და შეჰრისხნა მას და ჰრქუა: „არა დასცხრეა, უკეთურო, ბოროტებისა მაგისან, რამეთუ დაბადებულთა ღმრთისა ჩემისათა წარიტაცებ და არა კმა-გეყოფის შენი წარწყმედაჲ, არამედ გნებავს ამათიცა შენ თანა წარყვანებაჲ?“ ხოლო იგი ჴმობდა, ვითარმედ: „მავნებ მე უსამართლოებით, ჰოჲ ბასილი, არა თუ მე ვაიძულე ეგე, არამედ ეგე ნეფსით მოვიდა ჩემდა და, აჰა, ესერა, მაქუს ჴელითწერილი მაგისი და ესე უჩუენო წინაშე საშჯელსა ქრისტესსა“. ხოლო ნეტარმან მან თქუა: „კურთხეულ არს უფალი, არა დაიმდაბლნეს ერმან ამან ჴელნი, ვიდრე არა მომცე ჴელითწერილი იგი“. და ჰრქუა ერსა: „აღიპყრენით ჴელნი თქუენნი და იტყოდეთ „კჳრიე ელეისონსა“. და აღიპყრნეს მათ ჴელნი და, აჰა, ვიდრეღა ყოველნი ვხედევდით, მოვიდოდა ქარტაჲ იგი ჰაირთაჲთ და მოვიდა ჴელად ბასილისა. ხოლო მან უჩუენა იგი ჭაბუკსა მას და ესრეთ წინაშე ყოველთა განხეთქა ჴელითწერილი იგი მონებისა მისისაჲ. მაშინ უკუე იხილეს ერთა დიდებულებაჲ ღმრთისაჲ და თაყუანისცეს მას ყოველთა. ესრეთ იძლინეს ყოველნი წინააღმდგომნი იგი სათნოებითა მისითა და ერთი საქმჱ შეერაცხა ყოველთა ცხორებად დამორჩილებაჲ მისი და ერთი წარწყმედაჲ მისი განმწარებაჲ, და უცხო-ყოფაჲ მისგან უცხო-ყოფად ღმრთისად შეერაცხა. ესრეთ მოუდრკეს მას ყოველნი და შეისმინეს სიტყუაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ ქუხილისაჲ, და ურთიერთას უსწრობდეს დამორჩილებად მისა. რაზომ-იგი პირველ განდგომილ იყვნეს, ესეზომად მოვიდეს სათნოებად, რამეთუ ესე იყო მისი მორჩილებაჲ მოსლვად სათნოებად ღმრთისა, გარნა, რომელნი-იგი განვარდეს მისგან, იგინი დაშთეს, რომელნი იყვნეს შვილ წარწყმედისა, რაჲთა იგინი თჳთ თავთა თჳსთა მიერ განილინენ, ვითარცა რკინაჲ თჳსისა გესლისაგან.
41. ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ იყო და შინანი იგი ესრეთ დაემორჩილნეს, მაშინ მოიგონა სხუაჲცა საქმჱ მაღალი, რამეთუ სხუანი ყოველნი თუალთა წინაშე მათთა მყოფთა საქმეთა იგონებენ, რაჲთამცა იგინი ოდენ რაჲთმე წარჰმართნეს, ხოლო იგი ყოველსა ზედა მდაბალ იყო, არამედ მას ზედა არა ინება სიმდაბლჱ, იხილა რაჲ ვითარმედ დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ სიმდაბლედ მოვიდოდა კაცთა მიერ ბოროტთა, არამედ ზეაღაღო მან თავი თჳსი და მიმოავლო თუალი სულისაჲ და შემოიკრიბა ყოველივე სოფელი, ვინაჲცა მიწთომილ იყო სიტყუაჲ იგი ცხორებისა სახარებისაჲ და იხილა რაჲ წმიდაჲ იგი კრებული ღმრთისაჲ, სიტყუათა მიერ და ვნებათა მისთა მოგებული, ნათესავი იგი წმიდაჲ, მღდელობაჲ იგი სამეუფოჲ, რამეთუ ბოროტად იქცეოდა და ბევრეულთა საცთურთა და წვალებათა შთავრდომილ იყო და ვენაჴი იგი ეგჳპტით ცვალებული ბნელისა მის უგულისჴმოებისაგან და უღმრთოებისა და განშუენებული და აღორძინებული, რომელმან დაფარნა სიკეთითა თჳსითა მთანი და ბორცუნი იგი ბოროტისა მის ეშჳსა მიერ, რომელ არს ეშმაკი, განრყუნილ იყო. არა ჯერ-იჩინა დიდმან მან და ღმრთისა საკუთარმან მონამან, რაჲთამცა დუმილით ოდენ იგლოვა საქმისა მისთჳს და ევედრებოდამცა ღმერთსა დაჴსნად მისდა და თჳთმცა უზრუნველად მჯდომარე იყო, არამედ ჯერ-უჩნდა, რაჲთამცა თჳთცა თავით თჳსით შეეწია წარწყმედისა მისგან მოქცევად ერთა მათ.
42. რამეთუ უკუეთუ ერთი ვინმე კეთილად იყოს, გინა ბოროტად, მრავალთა არა ფრიად შეეხების მისგან, ხოლო რაჟამს ყოველნივე ერთად იყვნენ კეთილსა შინა, გინა ბოროტსა, ერთიცა იგი თუ იყოს წინააღმდგომსა საქმესა შინა, იგიცა შეერთებად არს მათ თანა. მაშინ უკუე ხედვიდა რაჲ დიდსა მას ზამთარსა ბოროტთასა, განიჭრებოდა, განიპებოდა გული მისი და იგუმირებოდა გონებაჲ მისი მსგავსად იონაჲსა. განიწირვიდა ცხორებასა თჳსსა, დაუმძიმდა იგი მსგავსად დავითისა, არა სცემდა ძილსა თუალთა მისთა, არცა ჰრულსა წამთა მისთა. თუ რაჲმე ჴორცთა მისთაგანი ფრიადისა მის ღუაწლისაგან დარჩომილ იყო, მასცა განჰლევდა ზრუნვისაგან, თუ რაჲმცა პოვა წამალი დამჴსნელი ბოროტისაჲ მის. ეძიებდა საღმრთოსა შეწევნასა, კაცობრივსა სხუასა ყოველსავე ღონესა განკურნებად სენისა მის და სიბნელისა, რომელი იყო ჩუენ ზედა.
43. ერთი უკუე პოვა და ფრიად კეთილი: შემოიკრიბა გონებაჲ თჳსი კეთილად ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა და აღძრნა ყოველნივე ღონისძიებანი და სიფრთხილენი კაცობრივნიცა და საფილოსოფოსონი და საღმრთონი და შემოკრიბნა ყოველნი წერილნი და სიღრმენი მათნი გამოიძინა და აღწერა კეთილადმორწმუნეობაჲ და მართლმადიდებლობაჲ და წიგნნი იგი მწვალებელთანი ძალითა სიტყუათა მისთაჲთა უკუარღჳნა და არარად გამოაჩინნა და ესრეთ მრავალნი იგი მწვალებელთა კრებულნი დაამჴუნა, რამეთუ რომელნი ჴელად მისდა მოვიდიან, ორპირითა მით ლესულითა მახჳლითა ენისა მისისაჲთა დააქცინის და მოსწყჳდნის, ხოლო რომელნი შორს იყვნიან, ისრითა მის მელნისა და ქარტიაჲს გულნი მათნი განგუმირნის, რომელნი-იგი არარაჲთ უდარეს იყვნეს ფიცართა მათ რჩულისათა, არცა ერთისა ნათესავისა ჰურიათაჲსა მასწავლელ საჭამადისათჳს და სასუმადისა და მსხუერპლთა წარმავალთა და განწმედათათჳს ჴორციელთა, არამედ ყოვლისა სოფლისა მასწავლელ იყვნეს სიტყჳსათჳს ჭეშმარიტებისა, რომლისაგან იქმნების ცხორებაჲ.
ხოლო მეორედ შესძინა სიტყუასა ზედა საქმეცა (რამეთუ არცა საქმჱ უსიტყუაჲ არს სრულ, არცა სიტყუაჲ თჳნიერ საქმისა). ამისთჳს შესძინა საქმითცა შეწევნაჲ, რომელთა მიმართ მივიდოდა და რომელთამე მიმართ მიავლენდა, რომელთამე ევედრებოდა, ასწავლიდა, ამხილებდა, შეჰრისხვიდა, ექადოდა, აყუედრებდა. წინასა ცხორებისასა ეძიებდა, ყოვლით კერძო კურნებდა იგი ბესელელ წმიდისა მის კარვისა ხუროთმოძღუარი. ყოველსა ნივთსა და ჴელოვნებასა საქმისა მის მიმართ იჴმარებდა და ყოველსავე თხზნიდა ერთისა შუენიერებისა აღსრულებად და შენაწევრებად.
44. რადღა საჴმარ არს სხუათა მრავალთა სიტყუათა თქუმაჲ მისთჳს, რომელთა-ესე საქმეთა მისთა გამოჩინებად ღირსად ვერ ძალგჳც? ხოლო ვთქუათ ერთიღა მისი საქმჱ, რამეთუ, რაჟამს ამას ესევითარსა საქმესა შინა იყო, მოიწია კუალად ჩუენ ზედა ქრისტესმბრძოლი იგი მეფჱ და სარწმუნოებისა მის მართლისა გარდამაქცეველი, უმეტესითა ურჩულოებითა და უფიცხლესითა მჴედრებითა, რამეთუ უძლიერესისაცა მბრძოლისა მიმართ იყო მისი ბრძოლაჲ. მსგავსად არაწმიდისა მის სულისა და ბოროტისა, რომელი განვიდის კაცისაგან და მიმოვალნ და მერმე მოიქცის მისდავე უმრავლესთა სულთა თანა, ვითარცა სახარებასა შინა გუასმიეს. მისდა მსგავს იქმნა იგი, რაჲთამცა პირველი იგი ძლეულებაჲ მისი განკურნა და ძველთაჲმცა მიიღო, რამეთუ სირცხჳლ-უჩნდა, რაჲთამცა, რომელსა-იგი ყოველი ქუეყანაჲ და შემოგარენი წარმართნი დაეპყრნეს, ერთისამცა კაცისა მიერ და ერთისა ქალაქისა ესრეთ ძლეულ იქმნა და საცინელმცა იყო არა წინამძღუართა მათ მიერ ოდენ უღმრთოებისა მისისათა, არამედ ყოველთა მიერ კაცთაო.
45. ამისთჳს უკუე დადვა ცათა შინა პირი თჳსი, რამეთუ გმობასა მაღლად იტყოდა და ენაჲ მისი ეთრია ქუეყანასა ზედა. რამეთუ კეთილად განაქიქა იგი დიდმან დავით პირველ ჩუენსა, რომელმან-იგი ცანი ქუეყანად მოდრიკნა და დაბადებულთა თანა შეერაცხა ბუნებაჲ იგი დაუსაბამოჲ, რომლისა დატევნადცა ვერ ძალუც დაბადებულთა, დაღაცათუ ჩუენ თანა მოვიდეს სახიერებისათჳს კაცთმოყუარებისა თჳსისა, რაჲთა ჩუენ მიმიზიდნეს მისა მიმართ, ქუემდებარენი ესე.
46. ხოლო დაღაცათუ დიდ იყვნეს პირველნი ბრძოლანი მისნი ჩუენდა მომართ, არამედ შემდგომნი ესე უმეტეს იქმნეს, ესე არიან: ექსორიობანი, დევნულებანი, განქიქებანი, სიტყუათა მიერ მრავალთა დარწმუნებანი, იძულებანი, სადა-იგი არა არს დარწმუნებაჲ, განძებანი ეკლესიათაგან მართლმადიდებელთანი და შეყვანებანი მწვალებელთანი, მეძიებელნი ჴელითწერილთა მათ წარწყმედისათა, მწერალნი იგი ბოროტისანი ზღუასა შინა ცეცხლითა დაწუვანი ხუცესთანი, ერისთავნი უღმრთონი, არა სპარსთა ანუ ბარბაროზთა, ანუ სხუათა ვიეთმე წარმართთა მბრძოლნი, არამედ ეკლესიათა დამაქცეველნი და საკურთხეველთა შემმუსრველნი და უსისხლოთა მათ მსხუერპლთა სისხლითა კაცთაჲთა აღმრეველნი და ქალწულთა პატიოსნებისა მაგინებელნი.
ხოლო ესე ყოველი რაჲსთჳს იყო? რაჲთამცა განიდევნა იაკობ მამათმთავარი და შემოვიდამცა მის წილ ესავ, უწინარეს შობისავე მოძულებული. ესრეთ იყვნეს საქმენი მისნი, რომელნი აწამომდე მო-რაჲ-ვიჴსენნე, ვცრემლიო, ვინაჲთგან უკუე ყოველნივე ესრეთ დააქცინა.
47. მიჰმართა მასცა ეკლესიასა, დედასა მას სხუათასა მტკიცესა მას და შეურყეველსა, რაჲთამცა იგიცა დაიმონა და ნაბერწყალი იგი მართლმადიდებლობისაჲ, რომელი დარჩომილღა იყო, იგიცამცა დაავსო, არამედ ესე რაჲ ინება ქმნად, მაშინღა ცნა უძლურებაჲ თჳსი, რამეთუ, ვითარცა ისარი, კლდესა ცემული, მართლუკუნიქცა და, ვითარცა ღელვაჲ, პერულად განილია. მი-რაჲ-ემთხჳა ესევითარსა მას წინამძღუარსა ეკლესიისასა და ესრეთ შეიმუსრა ძალი მისი მის მიერ და ყოველნი იგი საქმენი და ახოვნებანი მისნი, რომელნი მაშინ ქმნნა, ყოველთა მიერ საცნაურ და ღუაწლნი მისნი, ბრძოლანი იგი და სიტყჳს-გებანი, რისხვანი მეფისანი და მსაჯულთანი, რომელნი მიივლინებოდეს მისდა, ქადაგებანი იგი სატანჯველთანი, სარჩელნი იგი მთავართანი, მჴედართანი, დედათა მათ ბოროტთანი და კუალად საჭურისთა მათ უკეთურთაგანცა, რომელნი-იგი დედათა თანა მამაკაც არიან და მამათა შორის დედაკაც, რომელნი-იგი ურჩულოებასა ზედა ოდენ ახოვან არიან, რომელთა ბუნებით შეგინებაჲ ჴორციელისა სიძვისაჲ ვერ ძალ-უც, ხოლო რომელი ძალ-უც, ენითა მით სიძვენ. და მათ თანა კუალად ნაბუზარდან მზარაულთმთავარი რომელი თჳსისა მის ჴელოვნებისა მახჳლებითა ექადოდა და ცეცხლითა თჳსითა ზედა მიუვიდოდა. ხოლო მე ერთი ოდენ მისი ვთქუა, რომელსა, დაღაცათუ მენებოს, თანა-ვერ-წარვჰჴდები, არამედ შევამოკლო, რაჲზომცა ძალ-მედვას.
48. ხოლო ესე არს მოდისტოს ეპარხოსისათჳს, რომელი-იგი ჩუენ ზედა ფრიად აღგზებულ იყო რისხვითა უფროჲს სხუათაჲსა (რამეთუ ნათლისღებაჲცა მათ მიერ მიეღო) და ნებასა მეფისასა აღასრულებდა, რაჲთამცა მტკიცე ექმნა პატივი მისი. ესე ბორგდა ეკლესიისათჳს და მჴეცებრივ იღრჭენდა კბილთა, მჴეცებრივ ხედვიდა. წინაშე მისსა უკუე შეყვანებულ იქმნა ახოვანი იგი და უშიში გონებითა და უფროჲსად თჳთ შევიდა ვითარცა დღესასწაულისა მიმართ და არა საშჯელისა წოდებული. ხოლო ვითარმე გითხრა ჯეროვნად ანუ ეპარხოზისა მის სიფიცხლე და ამპარტავნებაჲ, ანუ მისი იგი სიბრძნით წინააღდგომაჲ მისა მიმართ? იწყო უკუე სიტყვად ეპარხოსმან რისხვით, ვითარმედ: „ვინ ხარ შენ, ბასილი, რამეთუ არცა თუ ეპისკოპოს ჯერ-იჩინა წოდებაჲ მისი, რომელ ესრეთ კადნიერ ხარ შენ წინაშე ესეზომთა ამათ მთავართა და მეფეთა წინააღდგომად და შენ მხოლოჲ უმეტეს სხუათასა გამოშჩნდებია?“ ხოლო ახოვანი იგი დაწყნარებულად და აღუძრველად ეტყოდა: „რაჲსათჳს არს რისხვაჲ ეგე შენი და მჴეცებრივებაჲ? მითხარ მე, რამეთუ არა უწყი“. და ეპარხოსი ეტყოდა: „რამეთუ არა აღიარებ სარწმუნოებასა მას მეფისასა, რომელსა ყოველნივე მორჩილ იქმნეს“. და ნეტარმან თქუა: „რამეთუ არა ესრეთ ჰნებავს ჩემსა მას მეუფესა, არცა დაბადებულთა თაყუანის-ცემად თავს-ვიდებ, რომელი-ესე ღმრთისა დაბადებული ვარ და ღმერთ-ყოფაჲ ბრძანებულ არს ჩემდა“. და ზუავი იგი და ფუდული იტყოდა: „და ჩუენ ვითარ გგონიეთ, არა ესრეთვე ვიქმთა, ანუ არა დიდ არსა შენდა, ჩუენ თანა თუ შეირაცხო?“ ნეტარმან მან მიუგო, ვითარმედ: „თქუენ მთავარნი ხართ და ჴელმწიფენი და არა უვარ-ვჰყოფ, ხოლო ღმრთისა არა უპატიოსნეს ხართ და თქუენ თანა ზიარ-ყოფაჲ კეთილ არს, თუმცა მართლაღმსარებელ იყვენით (რამეთუ თქუენცა ღმრთისა დაბადებულნი ხართ), არამედ აწ არა ხართ ჩუენ თანა ზიარ, არცა ჩუენ-თქუენ თანა, რამეთუ არა პირთაებრ, არამედ სარწმუნოებისაებრ იქმნების ქრისტეანობაჲ“.
49. მაშინ უკუე უმეტესად აღიძრა ეპარხოსი იგი და საჯდომისაგან მისისა აღდგა და იწყო უფიცხლესითა სიტყჳთა მისდა ზრახვად: და არა გეშინიანო ჩემისა ჴელმწიფებისაგან? და უშიშმან მან გონებითა ჰრქუა: „რაჲ მიყო, ანუ რაჲსთვის მეშინოდის?“ და მჴეცი იგი იტყოდა: „რაჲ გიყოა? გიყო შენ ერთი რაჲმე, რომელიცა მენებოს ჴელმწიფებასა ჩემსა“. და დიდმან მან სულითა ჰრქუა: „რანი არიან იგი საქმენი, მითხრენღა?“ და მან მიუგო მას, ვითარმედ: „წარტყუენვაჲ ყოველთა მონაგებთა შენთაჲ, ექსორიობაჲ, სატანჯველნი და სიკუდილი“. და ბასილი ჰრქუა მას: „სხუაჲ რაჲმე მიქადე ბოროტი, თუ გაქუს, თუ არა, მაგათგანი არცა ერთი შემომეხების მე“: და კუალად ეპარხოსმან ჰრქუა: „ვითარ, ანუ რომლითა სახითა არა შეგეხებიან?“ ხოლო ნეტარმან მან მიუგო, ვითარმედ: „წარტყუენვისაგან უშიშ ვარ, რომელსა-ესე არაჲ მაქუს, გარნა ბალნისა ესე სამოსელი, რომელი მმოსიეს და მცირედნი წიგნნი, რომელთა შინა არს ყოველივე სიმდიდრჱ ჩემი. ხოლო შენ რაჲ წარმიღო მე, ანუ ექსორიობითა ვითარ მაშინებ, რომელი-ესე არა გარეშემოვიწერები ერთსა ადგილსა, არცა ესე მაქუს ჩემად, სადა ვარ? და კუალად ყოველივე ქუეყანაჲ ჩემი არს და უფროჲსად ყოველივე ღმრთისაჲ არს, რომლისა მე მსხემ ვარ და წარმავალ, ხოლო ტანჯვაჲ სადღა იყოს, რაჟამს ჴორცნი არა იპოებოდიან? რამეთუ ჩემდა უჴორცოებაჲ ბრძანებულ არს და ესე, რომელ მმოსიან, უკუეთუ მოსწყჳდნე, მადლიერ ვიყო, რამეთუ მე ფრიად მნებავს ამათი ტანჯვაჲ და მათ ზედა ოდენ გაქუს ძალი, ხოლო ჩემდა ტანჯვად ვერ ძალ-გიც, რამეთუ მე სული ვარ და სულსა ვერ შეეხები, ხოლო ჴორცნი არა სატკივარ არიან ჩემდა. სიკუდილი კულა კეთილ არს ჩემდა, მო-თუ-აწიო ჩემ ზედა, რამეთუ ადრე წარმგზავნოს მე სიკუდილმან ღმრთისა მიმართ, რომლისა მიმართ ცხოველ ვარ და ვიყოფები, და რომლისათჳს მომიკუდინებიეს თავი ჩემი, და რომლისა მიმართ მივისწრაფი“.
50. ხოლო ეპარხოსი ამათ სიტყუათა ზედა განკჳრდა და თქუა: „არავინ დღესამომდე ესრეთ კადნიერებით ზრახულ არს ჩემდა, ვითარ ესე“. და ნეტარმან მან ჰრქუა მას: „რამეთუ არცა მიმთხუეულ ხარ, ვითარ მე ვჰგონებ, ეპისკოპოსისადა, თუ არა, ესევითართა საქმეთათჳს ესრეთცამცა გეუბნა, რამეთუ ჩუენ, ეპარხოსო, სხუათა საქმეთა ზედა მშჳდ ვართ და მდაბალ, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩუენდა და არა ჴელმწიფეთა ზედა და მეფეთა, არამედ ყოველთა უდარესსა ზედაცა არა ვმაღლიოთ. ხოლო სადა ვიხილოთ, თუ ღმერთი შეურაცხ იქნების, მუნ ყოველსავე დაუტეობთ და მისა მიმართ ოდენ ვხედავთ; და ცეცხლი, და მახჳლი, და მჴეცნი და სახუეტელნი ჴორცთანი ესე ყოველნი საშუებელ არიან ჩუენდა უფროჲსად, ვიდრეღა საშინელ. ამის საქმისათჳს გუაგინებდ და გუტანჯევდ. რაჲცა შენდა საწადელ არს, იქმოდე, უთხარ ესე მეფესაცა, ვითარმედ, მე ვერ დამარწმუნებთ ვერრომლითა ღონითა, თუმცა ურჩულოებასა თქუენსა გეწამე“.
51. ესე ყოველი რაჲ ესმა ეპარხოსსა და იხილა მოუდრეკელი იგი გონებაჲ მისი, განავლინა იგი გარე არღარა ესრეთ რისხვით, არამედ პატივისცემით. და იგი მეფისა მივიდა და ჰრქუა: „ამაო არს, ჰოი მეფეო, შრომაჲ ჩუენი ბასილის მიმართ, რამეთუ სატანჯველთაგან კაცსა მას არა ეშინის, სიტყჳთა გუძლევს, ოდესცა ინებოს. დარწმუნებად მისა ვერ ძალ-გჳც და სწრაფაჲ ჩუენი ამაო არს“. ხოლო მეფემან თავსა თჳსსა აბრალა, რამეთუ ძლეულ იქმნა მისითა მით სათნოებითა, რამეთუ სათნოებისაგან მტერიცა შეიკდემს და ბრძანა არღარა იძულებაჲ მისი და წარეკიდა მას საქმჱ იგი რკინისაჲ, რომელი იგი მოლბის ცეცხლისა მიერ, ხოლო ეგის რკინადვე. ეგრეთვე მან საკჳრველებად შეცვალა სიფიცხლე თჳსი. ხოლო ზიარებაჲ მართლმორწმუნეობისაჲ არა ინება. რამეთუ ჰრცხუენოდა შეცვალებად ბოროტისაგან და ქმნად კეთილისა. არამედ ეძიებდა, რაჲთამცა დაეგო მას.
52. და მივიდა იგი ეკლესიად ყოვლითურთ მჴედრებით მისით (ხოლო დღჱ იგი იყო დღესასწაული და კრებაჲ დიდი) და შევიდა რაჲ შინაგან და იხილა გალობაჲ იგი და სიმრავლჱ ერისაჲ მის და წესიერებაჲ იგი საკურთხეველსა ზედა მდგომარეთა და გარეშე საკურთხევლისა, რომელი ანგელოზთა წესსა მსგავს იყო უფროჲს, ვიდრეღა კაცთასა. და ნეტარი იგი დგა წინაშე საკურთხეველისა მართლად მიუდრეკელი გუამითაცა და გონებითა და პირითა, ვითარმცა არარაჲ ახლად ქმნილ იყო, ესრეთ ყოვლადვე არა მიხედა მას, არამედ შემშჭუალულ იყო ღმრთისადა და საკურთხეველისა. რაჲთა ესრეთ ვთქუა, ხოლო გარემო მისა მდგომარენი დგეს შიშით და პატიოსნებით. ვინაჲთგან უკუე ესე იხილა, დაუკჳრდა ფრიად, რამეთუ ვერარას საქმესა მიამსგავსებდა საქმესა მას. მაშინ უკუე შესაწირავი რომელი მოეღო, აღიღო თჳთ და შეიღო საკურთხეველად და არავის მისცა სხუასა, არამედ თჳთ აღიღო, რამეთუ არა ჰგონებდა, თუმცა შეიწყნარა იგი ნეტარმან. მაშინ უკუე დაუბნელდეს მას თუალნი და გონებაჲ და, უკუეთუმცა არა ეცნა ნეტარსა მას, და ებრძანა დამჭირვაჲ მისი, კნინღადა და-მცა-ცემულ იყო.
53. ხოლო სიბრძნისა მისთჳს, რომელი ეუბნა მეფესა, რაჲ ვთქუა? რამეთუ ვინაჲთგან შემდგომად აღსრულებისა ჟამისწირვისა დასხდეს ერთად. რაჲ ვთქუათ, თუ ვითარ ეტყოდა, რამეთუ სხუასამცა რასა ეტყოდა, გარნა სიტყუათა ღმრთისათა, რომელნი გუესმნეს ჩუენცა, მუნ მყოფთა, და მეფესა და მისთანათა მათ? ესე იქმნა მეფისა ჩუენდა მომართ დამშჳდებისა დასაბამი და ესრეთ შფოთი იგი მის ჟამისაჲ დაიჴსნა.
54. ხოლო კუალად შემდგომად ამისა განაფიცხეს გონებაჲ იგი მეფისაჲ უკეთურთა მათ წინამძღუართა მათ წვალებისათა და აღიწერა ნეტარის მისთჳს ექსორიობაჲ და განემზადა საქმჱ ესე, რომელ არღარაჲ იყო ნაკლულევან, მზა იყო ყოველივე, იტყუელვიდეს ჴელთა მტერნი ჩუენნი, იგლოვდეს მორწმუნენი და ჩუენ ვიყვენით უშიშსა მას თანა სულითა, არამედ დაჰჴსნა იგი ღმერთმან, რამეთუ რომელმან მოსრნა ეგჳპტისა პირმშონი, მანვე მოაწია ძესაზედა მეფისასა წყლულებაჲ სნეულებისაჲ მოსწრაფებით, რამეთუ ერთკერძო იწერებოდა წიგნი ექსორიობისაჲ და მეორესა კერძსა გამოჴდა ბრძანებაჲ სნეულებისაჲ. და ჴელი შეპყრობილ იქმნა ბოროტისა მის მწიგნობრისაჲ და წმიდაჲ იგი დაყენებულ იქმნა საქმისა მისგან და იქმნა თავქედისა ნიჭ კაცი იგი ღმრთისაჲ, რომელი-იგი დაამდაბლებდა მეფესა მას ამპარტავანსა. იხილეთ მოსწრაფებაჲ იგი საქმისაჲ მის. მერმე უკუე ბოროტსა შინა იყო ყრმაჲ იგი და განძჳნდებოდა სენი მისი. და ელმოდა მამასა მისსა და ყოვლით კერძო ეძიებდა შეწევნასა და მკურნალთა შემოჰკრებდა, ქუეყანად დავარდებოდა, რამეთუ მეფეთაცა დაამდაბლებს განსაცდელი. და არა საკჳრველ არს, რამეთუ დავითსცა ძლიერად ელმოდა შვილისათჳს, ხოლო, ვითარცა ვერსადაჲთ პოვა კურნებაჲ, სარწმუნოებისა მიმართ მიივლტოდა ნეტარისა მის და არა თავისა თჳსისა მიერ ევედრა, რამეთუ ჰრცხუენოდა შეურაცხებისა მისგან, რომელი მოაწია მის ზედა, არამედ სხუანი მთავარნი წარავლინნა მეოხებად. და იგი მივიდა მისდა, და მისლვითა ოდენ განქარდა სენი იგი ყრმისაჲ და იხარებდა მამაჲ მისი და უკუეთუმცა არა შეეზავა მარილიანი იგი ტკბილსა მას თანა წყალსა, ესე იგი არს, რამეთუ შემდგომად განმრთელებისა ყრმისა მის მწვალებელთაჲ ჰრწმენა, და უკუეთუმცა არა ესრეთ ექმნა, სრულიადმცა განკურნებული მიცემულ იყო მისდა ძჱ მისი. არამედ ირწმუნა რაჲ კუალად მაცთურთაჲ მათ, ამისთჳს მეყსა შინა მოკუდა ყრმაჲ იგი. და ამას ყოველნივე წამებენ, რომელნი მუნ იყვნეს.
55. ეგრეთვე უკუე ეპარხოსი იგი შემდგომად მცირედისა შეპყრობილ იქმნა სენითა მძიმითა და მოდრკა იგიცა წინაშე წმიდისა მის, რამეთუ სიკუდილად მიეახლა, და ცრემლოოდა წინაშე მისსა, და ევედრებოდა მას, და შეუვრდებოდა და ითხოვდა ცხორებასა და პოვაცა ცხორებაჲ, ვითარცა თჳთ იგი აღიარებდა უკუანაჲსკნელ, და დაუცხრომელად უკჳრდა დიდებულებაჲ მისი და ყოველთა მიუთხრობდა.
ხოლო იხილეთ, თუ უკუე ამათ მიმართ ესრეთ ყო ბრძოლაჲ თჳსი და სხუათა მიმართ არა ესრეთ იყოა, ანუ არა სიბრძნით, ანუ ღირსად დადუმებისა? ნუ იყოფინ! არამედ რომელმან აღძრა ისრაჱლსა ზედა ოდესმე ადერ უკეთური (III მეფ.11,14), მანვე აღძრა ამას ზედა პონტიელი იგი ეპარხოსი, რომელმან მიზეზად შემოიღო დედაკაცი ვინმე, ხოლო ყოველი სწრაფაჲ მისი იყო შეწევნისათჳს მწვალებელთაჲსა. და დაუტევნე სხუანი იგი ბოროტებანი მისნი, ვითარ აგინებდა ნეტარსა მას და, უფროჲსად ვთქუა, ვითარმედ ღმერთსა, რომლისათჳს და რომლისა მიმართ იყო ბრძოლაჲ მისი, ხოლო რომლისა მიერ იგი სირცხჳლეულ იქმნა და ნეტარი ესე დიდებულ, იგი ვთქუა.
56. დედაკაცი ვინმე იყო მდიდარი, ქურივი არამრავლის ჟამითგან. მას აიძულებდა ეპარხოსი იგი ქორწინებად, ხოლო მას არა უნდა და ეძიებდა ღონესა განრომად მძლავრებისა მისგან. და მოიპოვა ღონე არა კადნიერი, არამედ კეთილი, რამეთუ წმიდად საკურთხეველად შევიდა და ღმერთი მოიგო შესავედრებლად. რაჲ უკუე ჯერ-იყო ყოფად, საჯეთ თქუენ, ჰოი სამებისა მონანო, არა ბასილისთჳს ოდენ, დიდისა მის და ყოველთა რჩულისმდებელისა, არამედ სხჳსაცა მღვდელისა ყოვლისავე, არა ჯერ-იყოა ჴელისა აღპყრობაჲ მისი და დაცვაჲ კაცთმოყუარებითა ღმრთისაჲთა და რჩულითა მით, რომელი ბრძანებს პატივის-ცემად საკურთხეველთა და მისთჳს თავსდებად ყოვლისა ბოროტისა, ვიდრეღა განცემაჲ მისი და შეურაცხყოფაჲ საკურთხეველისაჲ და სარწმუნოებისა მის ჩუენისაჲ?
არამედ ამაოჲ იგი მსაჯული იტყჳს, ვითარმედ: არაო, არამედ ჯერ-არს, რაჲთა იძლინენ ყოველნივე ჴელმწიფებისა მიერ ჩემისაო და რაჲთა იქმნენ ქრისტეანენი განმცემელ თჳსისა რჩულისა და ამისთჳს ითხოვდა იგი დედაკაცსა მას. ხოლო დიდი ბასილი წინააღუდგებოდა ძლიერად, და იგი ბორგდა. და უკუანაჲსკნელ წარავლინნა ვიეთნიმე გამოძიებად სენაკსა თჳსსა გულისსიტყჳთა ურჩულოებისაჲთა.
რასა იტყჳ შენ, ეჰა, დაბნელებულო და ველურო, სენაკსა მისსა ეძიება ბოროტისათჳს, რომელი-იგი გარეშეუცავს ანგელოსთა, რომლისა მიხედვადცა ეშინის დედათა? და არა ესე ოდენ, არამედ თჳთ მისიცა წარდგომაჲ წინაშე მისი ბრძანა არა პატივით, არამედ ვითარცა ერთი დასაშჯელთაგანი. და წარსდგა იგი წინაშე მისსა, ვითარცა ჩემი იესუ წინაშე პილატესა. და იგი ჯდა სავსე ზუაობითა და ამპარტავანებითა და მეხისტეხანი არა მოიწეოდეს და მახჳლი ღმრთისაჲ ილესვოდა, არამედ არა მოივლინებოდა. და მშჳლდსა გარდაეცუმოდა და არა გამოვიდოდა ისარი, რამეთუ სინანულსა ელოდა, რომელი-იგი არს რჩული ღმრთისაჲ.
57. ხოლო იგი სამჴართა მისთა აღძარცუვასა ბრძანებდა და ნეტარი იგი იტყოდა. ვითარმედ: „და გნებავს თუ, მიგცე სამოსელიცა“; ცემასა ექადოდა, ხოლო იგი ეცინოდა; ხურეტასა გუერდთასა აღუთქუმიდა და იგი იტყოდა, ვითარმედ: „ღჳძლისა კურნება არს ეგე და არა ტკივილ“... ხოლო იგინი რაჲ ამას შინა იყვნეს, ცნა ესე ერმან მან ქალაქისამან და ზიარი იგი ყოველთაჲვე ბოროტი ვერ თავსიდვეს, აღეგზნეს, ვითარცა კუამლისა მიერ ფუტკარნი, ყოველნივე აღდგეს და აღიღეს საჭურველები, რაჲცა თითოეულსა ეპოვა, მჴედარნი და ერნი: კუერთხებითა, ლოდებითა და მახჳლებითა, ქმნეს ჴმაჲ დიდი და მირბიოდეს ყოველნი ზოგად. არცა თუ დედანი დაშთეს, არამედ მათცა აღიღეს, თითოეულმან რაჲცა პოვა. ყოველნი შურითა შეიწუნეს და მიუჴდეს მთავარსა მას ზედა ბოროტსა, ენება ასოეულად შემუსრვაჲ მისი. და იგი იყო მათ შორის პატიოსან, რომელმანმცა პირველად მიყო ჴელი მის ზედა. მაშინ უკუე ამპარტავანი იგი დამდაბლდა, ვისსა არა უსაწყალობელ იყო, ვიდრემდის გამოვიდა თჳნიერ სისხლისა მოწამჱ იგი და თჳნიერ წყლულებათა გჳრგჳნოსანი და იძულებით დააყენა ერი იგი და მაგინებელი იგი იჴსნა. ესრეთ იქმს ღმერთი საკჳრველებათაჲ, რომელი შესცვალებს ყოველსავე წამის-ყოფითა თჳსითა, რომელი ამპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა. და ვითარმცა არა ისწრაფა მან, რომელმან-იგი ზღუაჲ განაპო და მდინარჱ უკუნაქცია და მზე და მთოვარჱ დააყენნა და აღპყრობითა ჴელთაჲთა ძლევაჲ მისცა ერისა მისთჳს ლტოლვილისა, რაჲთა ესეცა იხსნას მისთჳს ყოველსავე შინა ჭირსა მოხარული.
58. აქა უკუე დასრულდა ბრძოლაჲ იგი სოფლიოჲ ნებითა ღმრთისაჲთა და ყოველნივე იძლინეს სათნოებითა მისითა. ხოლო ამიერ იწყო ბრძოლამან მან ეპისკოპოსთამან, რომელთაჲ ფრიადი იყო უშუერებაჲ და უმრავლესი ვნებაჲ ერისაჲ რამეთუ ვითარმცა იყვნეს ერნი, რაჟამს წინამძღუარნი ბოროტად იყოფებოდიან? რამეთუ იგინი პირველითგანვე არა კეთილად იყვნეს მისა მიმართ სამისა მიზეზისათჳს, რამეთუ სარწმუნოებისა მის და ბოროტად მოძღურებისა მათისა მბრძოლ იყო ესე და რამეთუ არა უნდა ამას სულმოკლებაჲ იგი კურთხევისაჲ, ვითარ იგინი იყვნეს და კუალად რომელ სათნოებაჲ ამისი ფრიადსა დიდებასა მოატყუებდა მას, და ესე იყო მათთჳს მძიმე შურისათჳს მათისა; და კუალად, რამეთუ ქუეყანაჲ იგი ჩუენი კაპადუკიაჲ ორად საერისთვოდ და ორად საკათალიკოსოდ განიყო, რომელი მუნამდის ერთ ყოფილ იყო. და ახალი იგი კათალიკოსი ისწრაფდა, რაჲთამცა მიიხუეჭა ყოველივე, ხოლო ნეტარი იგი ეკლესიისა თჳსისა დაჴსნასა არა თავს-იდებდა შურითა საღმრთოჲთა. და ინება უმრავლესთა ეპისკოპოსთა დადგინებად ქუეყანასა მას შინა და დაჭირვებაჲ იგი უმეტესობად ქმნა.
59. და ამის მიერ იქმნა სამი კეთილი საქმჱ: ღუწოლაჲ სულთა უმრავლესთაჲ და რაჲთა თითოეულსა ქალაქსა თჳსი მწყემსი აქუნდეს, რაჲთა შფოთი იგი დაიჴსნას. ამას საქმესა შინა მეცა შთავვარდი და არა უწყი, თუ რაჲ ვთქუა, რამეთუ, რომელსა-ესე ყოველივე საქმე მისი საკჳრველად მაქუს, ვითარცა სხჳსა არავისი, ამას ზედა ვერ ვაქებ, რამეთუ ჯერ-არს აღსარებაჲ ვნებისაჲ, რომლისათჳს ჯერეთ მწუხარე ვარ. რამეთუ მიერით მოიწია ჩემ ზედა ყოველი ესე უწესოებაჲ და ვერღარა დაყუდებაჲ, გარნა ესე ვიტყჳ, ვითარმედ იგი უზეშთაეს კაცთა გონებისა გულისჴმაჰყოფდა და უწინარეს ამიერ განსლვისა განსრულ იყო სოფლით და იქმოდა ყოველსავე, ვითარცა სულსა წმიდასა ენება, რომელმან იცოდა მეგობრებისა პატივის-ცემაჲ მუნამდე, სადამცა ღმრთისაჲ ჯერ-იყო უმეტესად პატივისცემაჲ და დაჴსნილისა მის ყოფადისამცა უმეტეს იყო.
60. ხოლო მეშინის მე ამას ყოველსა ზედა, ნუუკუე ვევლტოდი უდებებისა ბრალსა მათგან, რომელნი ითხოვენ თქუმად ყოველთა საქმეთა მისთა და შთავვარდე უზომოებასა შინა სიტყუათასა, რამეთუ ზომითა ყოველივე მის მიერცა საყუარელ იყო. ხოლო მე ორკერძოვე ზომითი ვქმნა საქმჱ: არცა ფრიად უნდო და მოკლე-ვყო სიტყუაჲ ჩემი, არცა კუალად უზომოდ გრძელ, რაჲთა არა საწყინო იყოს, რამეთუ მრავალნი საკჳრველებანი მისნი სხუათაცა მიერ აღწერილ არიან უწინარეს ჩემსა, ვითარ განკურნებაჲ იგი განრღუეულისაჲ მის ანასტასის ზე ხუცისა, ჴსნაჲ ჩუენ მიერცა თქუმულისაჲ მის ეშმაკთა მიცემულისა ჭაბუკისაჲ, მოქცევაჲ იოსებ ჰურიისაჲ, აღჴოცაჲ ცოდვათა მათ დედაკაცისათაჲ, განხუმაჲ კართა მათ ეკლესიისათაჲ ნიკიას შინა ქალაქსა, რომელი-იგი მისცა მეფემან მან ქრისტესმბრძოლმან მწვალებელთა. და მერმე მი-რაჲ-ივლინა ნეტარი ესე შჯად მათ შორის, უბრძანა დაკლიტვად კართა და არიანოზთა ლოცვად სამ დღე და, გან-თუ-ეხუნენ კარნი, დაპყრობად მათდა ეკლესიისა. და ესრეთ ილოცეს რაჲ სამ დღე და სამ ღამე, არა განეღო მათ კარი, და ვითარმცა განუღო მათ ტაძარმან კარი, რომელთა-იგი ესრეთ შეურაცხ-ყვეს დიდებაჲ მისი? ხოლო ამან ნეტარმან მორწმუნით ერითურთ ათია რაჲ ღამე და მივიდა განთიად ეკლესიად და აკურთხა ღმერთი დიდებისაჲ მაშინ შეიმუსრნეს კლიტენი და მოქლონნი, დაეცნეს ბჭენი კედელსა, ვითარცა ქარისა მიერ სასტიკისა. და მისცა ესრეთ ეკლესიაჲ მართლმორწმუნეთა, გარნა, მე ვითარცა ვთქუ, სხუათა მიერ თქუმულთა ამათ და აღწერილთა თანაწარვჰჴდე და ესრეთ შემოკლებულად ვთქუა ვითარმედ სხუათა სხუაჲ სათნოებაჲ წარუმართებიეს და სხუათასხუაჲ, ხოლო, თუმცა ერთმან ყოველნი სათნოებანი თავსა შორის თჳსსა შემოიკრიბნა, ესე ძნიად საპოვნელ არს შორის კაცთა, არამედ დიდად გუაქუს იგი, რომელსა რავდენნიმე მოეგნენ. ხოლო ესე ყოველთავე ესრეთ მიიწია, რომელ სამკაულ იქმნა ბუნებისა ჩუენისა. და ესრეთ გულისჴმა-ვყოთ ესე, უკუეთუ ვინ აქებდეს უპოვრებასა და უქონელობით ცხორებასა, იხილენ, თუ მის თანა რაჲ იყო, გარნა ჴორცნი ოდენ და საჭირონი იგი საბურველნი ჴორცთანი. და სიმდიდრჱ მისი იყო არარაჲსა ქონებაჲ და ჯუარი, რომლისა მიმართ ცხოველ იყო, რომელი-იგი უპატიოსნეს ყოვლისა სოფლისა საფასეთა აქუნდა, რომელთა ყოველთავე ერთისა მიერ მოგებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო შეურაცხ-თუ ვინმე-ყოს იგი, მაშინ დაუპყრიეს ყოველივე, რამეთუ უზეშთაეს მათსა არს. და ესრეთ რაჲ იყო, არა კაცთა საჩუენებელად იყო ესრეთ, არცა შორის უბანთა ჭურსა შინა იყოფოდა, არამედ ღმრთისათჳს იყო გლახაკ და ყოველივე მონაგები, რომელი აქუნდა, ფრიადი განაბნია. და ესრეთ სუბუქად ვიდოდა ზღუასა მას შინა ამის ცხორებისასა.
61. ხოლო მარხვაჲ კეთილვე არს და საკჳრველ და არამონებაჲ გულისთქუმათაჲ და მწარისა მის დედოფლისაჲ, რომელ არს მუცელი და ვინ იყო უკუე უფროჲს მისა უშუებელ და, რაჲთა უჭეშმარიტესად ვთქუა, უჴორცო? რამეთუ გულისთქუმანი და მუცლისა აღმოვსებანი დაჴსნილთა დაუტევნა და რომელთა ცხორებაჲ მონა არს სოფლისა და ქუედადრეკილ და მას არარაჲ შეერაცხა დიდად მათგანი, რომელნი-იგი შემდგომად ყიით წარსლვისა სწორ არიან, არამედ იზრდებოდა პურითა და წყლითა და საშუებელად აქუნდა არა შუებაჲ, არამედ ხედვიდა მფრინველთა ცისათა და შროშანთა ველისათა, რომელთა საზრდელი მზა არს და სიკეთჱ ბუნებით სიტყჳსაებრ ჩემისა ქრისტესსა, რომელი ჩუენთჳს დაგლახაკნა, რაჲთა ჩუენ განვმდიდრდეთ ღმრთეებითა, ამისთჳს იყო მისდა ერთი სამოსელი და სამჴარნი და მარადის ჴმელსა ზედა წოლაჲ და მღჳძარებაჲ უზეშთაესი ბუნებისაჲ და უბანელობაჲ მისნი იგი საშუებელნი და სანოვაგჱ მისი მარილი პურსა თანა, ახალი ესე სანუკვარი და სასუმელი უშურველი და არა დამათრობელი, რომელსა აღმოაცენებენ წყარონი უჭირველად. ამას ყოველსა თანა საგლახაკონი და სასნეულონი, ზოგადი იგი საქმჱ ჩუენი, რომელი-ესე ამას ზედა მის თანა ზიარ ვიყავ, დაღაცათუ სხუაჲ არარაჲ მაქუს მისთა კეთილთაგანი.
62. დიდ არს კუალად ქალწულებაჲ და უქორწინებელობაჲ და ანგელოზთა თანა შერაცხვაჲ, რამეთუ მეშინის თქუმად თუ, ქრისტეს თანა, რომელმან-იგი სათნო იყო რაჲ ჩუენთჳს შობაჲ, ქალწულისაგან იშვა, რაჲთა გუასწაოს ქალწულებაჲ, ვითარცა ამიერ მიმცვალებელი და საუკუნოდ მიმყვანებელი. ვინ უკუე უფროჲს მისა პატივ-სცა ქალწულებასა, ანუ აღასრულა საქმით, არა თჳსითა ოდენ ჴორცითა, არამედ სხუათა მათმიერ საქმეთაცა მისთა, რამეთუ ვისნი ნაქმარნი არიან ქალწულთა შესაკრებელნი ესე და აღწერილნი იგი ქალწულებისათჳს სწავლანი რომელთა მიერ ყოველთავე საცნობელთა წმიდა-ჰყოფდა და ყოველთავე ასოთა სიწმიდითა შეჰბეჭდვიდა და ქალწულებასა ასწავებდა და ყოველსავე შუენიერებასა სულსა ზედა მიაწევდა და ჴორცთაგან აღსძარცუვიდა და გარეშესა მას დააჭნობდა, რაჲთა ესრეთ ნივთი ალსა მას არა აქუნდეს, ხოლო შინაგანსა ღმერთსა უჩუენებდა, რომელი-იგი მხოლოჲ არს წმიდათა მათ სულთა სიძჱ და მღჳძარეთა მათ სულთა თავისა თჳსისა თანა შეიყვანებს, უკუეთუ მბრწყინვალითა ლამპრითა და ზეთისა უნაკლულებითა შეემთხჳნენ მას, ვინაჲთგან უკუე მონაზონებისა წესი არა კეთილად იყო, არამედ რომელნიმე დაყუდებულ იყვნეს და უზრუნველ, ხოლო არა აღუზუავებელ და მდაბალ, არცა გამოცდილ იყო სათნოებაჲ მათი და რომელნიმე მეცნიერ იყვნეს და გულისჴმის-მყოფელ, არამედ არა დაწყნარებულ. ესენი კეთილად შეზავნა და მონასტერნი აღაშენნა და მახლობელად სადაყუდებულონი, რაჲთა არცა იგინი უგულისჴმო იყვნენ, არცა ესენი დაუწყნარებელ, არამედ, ვითარცა ქუეყანაჲ და ზღუაჲ, ესრეთ ურთიერთას მიმცემელ კეთილისა იყვნენ და ერთად დიდებად ღმრთისა შემოკრბებოდიან.
63. კუალად გლახაკთმოწყალებაჲ და კაცთმოყუარებაჲ იხილეთ, ვითარ კეთილ არს და ჴელის-აპყრობაჲ უძლურებისა კაცთაჲსაჲ. მცირედ უკუე ქალაქისაგან განვედ და იხილე ახალი იგი ქალაქი, საუნჯჱ იგი ღმრთისმსახურებისაჲ, ზოგადი იგი ყოველთა ნამარხევი, რომელსა შინა ნამეტნავნი იგი სიმდიდრისანი მისითა სწავლითა დაიმარხვიან, რაჲთა უშიშ იყვნენ მღილთაგან და მპარავთა, შურისაგან და შეცვალებისაგან ჟამთაჲსა, სადა-იგი სენისა მოთმინებაჲ იხილვების და განსაცდელი სანატრელ იქმნების და მოწყალებაჲ გამოჩნდების. რად საჴმარ არიან ამას საქმესა თანა შჳდბჭჱ იგი თიბაიდაჲ და ზღუდენი ბაბილონისანი და მავსოლოჲს კარიკელისა საფლავი და პირამიდნი, ანუ სიმაღლენი ტაძართანი და სიდიდენი და სიკეთენი, ანუ სხუაჲ რაჲმე, რომელი საკჳრველ არს წინაშე კაცთა და აღიწერების მათ მიერ? რომელნი არასადა სარგებელ იქმნნეს მოქმედთა მათთა, გარნა მისცეს მცირედ რაჲმე და უნდოჲ დიდებაჲ. ხოლო ჩემდა საკჳრველ არს მოკლე იგი ცხორებისა გზაჲ, ადვილი იგი ზეცად აღსავალი. არღარა სხენან წინაშე თუალთა ჩუენთა ხილვანი საწყალობელნი: კაცნი, უწინარეს სიკუდილისა მკუდარნი, უმეტესითა ნაწილითა ჴორცთაჲთა აღსრულებულნი, განსხმულნი ქალაქთაგან, სახლთა და უბანთა, საყუარელთაგანცა მათთა, სახელითაღა ვიდრე ხილვითა საცნაურნი, ერთბამად მდებარენი, არღარა საწყალობელნი, არამედ საძულველნი, მოკლებულნი სიტყუათა რასა ვიტყჳ ყოველსავე ჭირსა მას, რომელსა სიტყუაჲ ვერ იტყჳს; გარნა ამან მხოლომან ასწავა კაცთა არა შეურაცხ-ყოფაჲ კაცთაჲ, არცა შეურაცხ-ყოფად ქრისტესა ერთისა მის ყოველთა თავისა უწყალოებისა მიერ სხუათათაჲსა, არამედ რაჲთა სხჳსა განსაცდელთა მიერ თავთა თჳსთა ჰკურნებდენ და ავასხებდენ ღმერთსა წყალობასა, რომელთა-იგი უჴმს წყალობაჲ, ამისთჳსცა არცა ბაგითა თჳსითა უღირს-უჩნდა პატივ-ცემად სენისა მის დიდებულსა მას და დიდებულთაგანსა და დიდებითა ბრწყინვალესა, არამედ, ვითარცა ძმათა თჳსთა, ესრეთ ამბორს უყოფდა მათ, რაჲთა სიმდაბლეცა თჳსი აჩუენოს და კურნებაჲ მისცეს მათ თჳსითა მიახლებითა, რომელი-იგი მარადის სწავლა იყო, იტყჳნ თუ, გინა თუ დუმნ. და ყოველთა შური შთაუგდო გლახაკთმოწყალებისაჲ, რამეთუ სხუანი იშუებდეს ტაბლათა ზედა ბრწყინვალეთა და მრავალსანოვაგეთა და მზარეულთა მრავალღონეობასა და სარეცელთა ზედა ოქროლესულთა და სამოსელთა სიკეთესა, ხოლო ბასილის შუებაჲ იყო მსახურებაჲ სნეულთაჲ და კურნებაჲ წყლულებათა მათთაჲ და მიმსგავსებაჲ ქრისტესი, რომელი არა სიტყჳთ, არამედ საქმით განსწმედდა კეთროვნებასა.
64. ამას ყოველსა ზედა რაჲ გურქუან ჩუენ მათ, რომელნი-იგი ზუაობასა სწამებენ მას, მწარენი იგი მსაჯულნი ესევითართა მათ საქმეთანი, რომელნი მრუდთა მართალთა თანა შეასწორებენ, რამეთუ ეგებისა კეთროვანთა და განრღუეულთა თანა ესრეთ დამდაბლებაჲ, ხოლო მრთელთა თანა ზუაობაჲ და განლევაჲ ჴორცთაჲ მარხვითა, ხოლო სულისა ზრქელებაჲ ზუაობითა და უწყებაჲ ფარისეველისა მის სიმაღლისა მიერ დამდაბლებისა. და ქრისტეს ქადაგებაჲ, მონათა თანა მოსრულისაჲ და მეზუერეთა თანა დაჯდომილისაჲ და მოწაფეთა ფერხთა დამბანისაჲ და ჯუარცუმულისაჲ, რაჲთა ჯუარს-აცუას ცოდვაჲ ჩემი? რამეთუ რაჲმცა იყო ამისა უსაკჳრველეს ღმრთისა ჯუარსა ზედა ხილვად და იგიცა შორის ავაზაკთა, რომელსა ყოველნი იგი თანაწარმავალნი ეცინოდეს, რომელი-იგი უზეშთაეს არს და შეუხებელ ყოვლისა ვნებისაგან? და რომელი ამას ქადაგებდეს, შესაძლებელ არსა, რაჲთამცა იგი მზუაობარ იყო, ვითარ-იგი ჰგონებენ მოშურნენი მისნი? არამედ ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ სახისა მისისა დაწყნარებულებასა და წესიერებასა და სიმტკიცესა ზუაობად სახელ-სდვეს, ხოლო მათ მჴნესაცა ამპარტავანად უწოდონ სადმე და განკრძალულსა მოშიშად და დაყუდებულსა კაცთმოძულედ და მართალსა უწყალოდ, რამეთუ სათნოებანი მახლობელ ვნებათასა არიან და, რომელი არასწავლულ და მეცნიერ იყოს, მრავალგზის შეჰრაცხის მან ბოროტი კეთილად და კეთილი ბოროტად, თუ არა ვინ სადა უფროჲს მისა ანუ სათნოებასა პატივ-სცა, ანუ უკეთურებაჲ ტანჯა და იოტა, ანუ ტკბილ იქმნა კეთილთა მიმართ, ანუ ურჩულოთა მიმართ მკსინვარე, სადა ჯერ-არნ, რომლისა ღიმილიცა, თუ სადა იქმნის, საქებელ არნ და დუმილი მხილებაჲ მრავალთა ბოროტისა იქმნის მხილებითა გონებისაჲთა. უკუეთუ კულა არა მრავალმეტყუელ იყო ამაოებით, არცა მოცინარ და განმცხრომელ და ყოველთა წინაშე მაჩუენებელ კადნიერებისა მიერ, რაჲ არს ესე, არა საქებელ არსა უფროჲს, ვიდრეღა საბრალობელ, უკუეთუ ვის გონებაჲ აქუნდეს? ანუ ლომსაცა აბრალოს ვინა, რამეთუ არა ციდამტკაველურად ხედავს, არამედ უშიშებით და მეუფებით, რომლისა კრთომაჲცა ახოვნებაჲ არს და საკჳრველებით საყუარელ? ანუ მსახიობელთა მათ და ხუმართა ვინ აქებდესა, რომელ აცინებენ მრავალთა და, დაღაცათუ ესე მოვიძიოთ მის თანა, ვინ იყო ესრეთ ტკბილ უბნობასა შინა?
ვითარცა მე უწყი, რომელი-ესე უფროჲს ყოველთასა მეცნიერ ვარ მისდა, ვინ არს უფროჲს მისა სიხარულევან მეტყუელებით, ანუ ვინ არს მამხილებელ ესრეთ სიბრძნით და შემრისხველ ჯეროვნად? რაჲთა არცა შერისხვაჲ განმწირველ იყოს, არცა სიტკბოებაჲ. დამჴსნელ, არამედ ორკერძოვე უზომოებისაგან შორს-ყოფაჲ და ორისაჲვე წესისაებრ და ჟამისა ჴმარებაჲ, ვითარცა სოლომონ იტყჳს, ყოვლისა საქმისა ჟამსა.
65. არამედ რაჲ არს ესე ყოველი სიტყუათა მისთა სიმტკიცესა და ძალსა თანა და სწავლისა მისისა ბრწყინვალებასა, რომელმან ყოველი სოფელი მოიმოწაფა? ჯერეთ ჩუენ ქუე ძირსა თანა მთისასა ვიქცევით საქმეთა მისთაჲსა და თავისაგან ფრიად ვშორავთ სიტყჳთა ამით ჩუენითა, ჯერეთ მცირესა წყაროსა წიაღვალთ მისთა დიდებულებათასა და დიდი იგი ზღუაჲ და უფსკრული დაგჳტეობიეს, რამეთუ არა უწყი, თუ რასა მივამსგავსო ჴმაჲ მისი, გარნა, თუ სადა ყოფილ არს, ანუ იქმნას ნესტჳ, რომლისა ჴმაჲ ჰაერთა განჰვლიდეს და ზეცად მიიწეოდის, გინა თუ ჴმაჲ ღმრთისაჲ, დამპყრობელი ყოვლისა სოფლისაჲ, ანუ ძრვაჲ სასტიკი საფუძველთა ყოვლისათა, იგი იყოს ჴმაჲ მისი. ესრეთ დაგჳტევნა ყოველნი ქუე და წარგუჴდა, რაზომ ჩუენ ბუნებასა პირუტყუთასა, რამეთუ ვინ წმიდა-ყო ესრეთ თავი თჳსი შემწყნარებელად სულისა წმიდისა და ღირსად მეტყუელებად საქმეთა მათ ღმრთისათა? ანუ ვინ განათლდა უფროჲს მისა ნათლითა მეცნიერებისაჲთა და შთაიხედნა სიღრმეთა მათ სულისა წმიდისათა და ღმრთისა მიერ საქმენი იგი ღმრთისანი გამოიძინა? ანუ ვინ მოიგო სიტყუაჲ ესრეთ კეთილად გამომთარგმანებელი მიწთომილთა მათ, რაჲთა არცა ერთითა ნაკლულევან იყოს, რაჲთამცა ანუ გონებაჲ აქუნდა არა შემკობილი სიტყჳთა. ანუ სიტყუაჲ არა გონიერი, არამედ ორკერძოვე შუენიერ იყო და თჳთვე ოდენ სწორი და მსგავსი თავისა თჳსისაჲ და ჭეშმარიტად სრული? რამეთუ ყოველსავე გამოეძიებს სული წმიდაჲ სიღრმესა ღმრთისასა, ვითარცა იტყჳს წერილი, არა თუ, რამეთუ არა უწყის, არამედ რამეთუ ბუნებით იქცევის და იშუებს მათ შინა. ხოლო მან გამოიძია სიღრმჱ იგი სულისა წმიდისაჲ, რაჲზომი-იგი მან მოანიჭა დიდად და უფროჲს სხუათასა, რომლისა მიერ ყოველი წესი შემკობილ და კეთილ-ყო და ყოველთა მაღალი იგი გულისჴმის-ყოფაჲ ასწავა და სოფლისა ამისგან განიყვანნა და საუკუნოდ მიცვალნა.
66. ვითარცა-იგი დავითის მიერ იქების მზისა სიკეთეჱ და სიდიდე, მალიად სლვაჲ და ძალი, რომელი ბრწყინავს, ვითარცა სიძჱ, ძლიერ არს, ვითარცა გმირი, რომელი ყოველსავე ადგილსა სწორად არს და არა მოაკლდების სიშორითა მით ნათელსა და სიტფოსა ხოლო ამისა სიკეთჱ და სათნოებაჲ არს და სიდიდე ღმრთისმეტყუელებაჲ და სრბაჲ სამარადისოჲ იგი სლვაჲ გონებისა მისისაჲ და ღმრთისა აღმაღლებაჲ და ძალ მის დათესვაჲ იგი და განყოფაჲ სიტყჳსაჲ. და მე ამისაცა თქუმად მისთჳს არა უდებ ვიქმნე, ვითარმედ ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მისი და კიდეთა სოფლისათა სიტყუათა მისთა ძალი, რომელი-ესე მოციქულთათჳს პავლე თქუა დავითის მიერ მოღებითა, რამეთუ დღეს ვინ, ანუ რაჲ არს სხუაჲ კრებათა სიხარულისაჲ, არა იგია? ანუ ვინ არს ტაბლათა სანოვაგე, ანუ მგალობელთა საგალობელ, ანუ მონაზონთა მხიარულება, გინა თუ ერისკაცთა სადიდებელ? ვინ არს მარტოდმყოფთა დღეს ნუგეშინის-მცემელ, ანუ სიმრავლისა საქებელ? ვინ არს მდიდართაცა და გლახაკთა სიხარულ? ვინ არს აწ პირთა შინა გარეგანთაცა ფილოსოფოსთა და ჩუენთასაცა? ერთად არს ყოველთა ზედა და ყოველთა შორის დიდება და საქებელ მისნი თქუმულნი, დაწერილნი და ნამუშაკევნი იგი მისისა გონებისანი. არცა მწიგნობართაჲ არს სხუაჲ რაჲმე სიმდიდრჱ და დიდება, გარნა მისნი ებისტოლენი. და დადუმებულ არს ძუელი ყოველივე, რაჲცა ვის აღწერასა შინა სწავლათა და წიგნთასა უშრომიეს, ყოველივე მისი იქადაგების და იგი შერაცხილ არს აწ დიდად და ბრძნად სიტყჳთა და სწავლულად, რომელმანცა მისნი თქუმულნი იცნოდის კეთილად უფროჲს სხუათაჲსა და აღმოიტყოდის მათ პირით თჳსით და განანათლებდეს სასმენელსა სხუათასა, რამეთუ კმა იქმნა ერთი ესე კაცი მრავალთა მათ წილ სწავლად და განბრძნობად ყოველთა.
67. ხოლო მე ესე ოდენ ვთქუა მისი, რაჟამს „ექუსთა დღეთაჲ“ მისი ჴელად მივიღო და აღმოვიკითხვიდე, დამბადებელსა თანა მივალ და გულისჴმა-ვჰყოფ სიტყუათა მათ დაბადებისათა და განვკვირდები სიბრძნესა მას ზედა შემოქმედისასა უფროჲს ვიდრეღა პირველ, რაჟამს თუალითა ოდენ ჩემითა ვხედევდი საქმეთა მისთა. რაჟამს მწვალებელთა წინააღდგომანი მისნი აღვიხუნე და სიტყუათა მათ ძალსა გულისჴმა-ვჰყოფდე, ვიხილავ სოდომელთა ცეცხლსა, რომლითა შეიწუვიან ენანი უკეთურნი და ბოროტნი, ანუ ხალანისა გოდოლსა (დაბ. 11,4), ბოროტად აღშენებულსა და კეთილად დარღუეულსა, რაჟამს სულისა წმიდისათჳს თქუმულნი მისნი ვპოვნე, ვჰპოებ ღმერთსა მას, რომელი ღმერთადცა მაქუს და კადნიერ ვიქმნები ჭეშმარიტებასა ზედა, რამეთუ აღვჴდები მისსა მას ღმრთისმეტყუელებასა და გულისჴმის-ყოფასა ზედა, ვითარცა გოდოლსა მტკიცესა, და არღარა მეშინის წინააღმდგომთაგან.
რაჟამს სხუათა მათ თარგმანებათა მისთა მივემთხჳო, რომელნი მან უმეცართათჳს სამწილად დაწერნა მტკიცეთა მათ ფიცართა ზედა გულისა მისისათა, ვისწავლი არა სიტყუათა მათ შინა ოდენ წერილისათა დადგომად, არცა ზეცას ოდენ ხედვად, არამედ შინაგანცა შესლვად და სიღრმედ მისლვად სიღრმით და უფსკრულით უფსკრულსა ხდად და ნათლითა ნათელსა ვჰპოებ, ვიდრე მივეწიო სრულსა მას. რაჟამს მოწამეთა შესხმათა მისთა ვიკითხვიდე, შეურაცხვჰყოფ ჴორცთა და შევერთვი ქებულთა მათ თანა და ღუაწლისა მიმართ უშიშ ვიქმნები, რაჟამს სწავლათა მისთა და მონაზონებისა წესთა მივემთხჳო, განვწმდები სულით და ჴორცით და ტაძარ ღმრთისა შემწყნარებელ ვიქმნები და ორღანო ცემულ სულისა მიერ წმიდისა და საღმრთოჲსა ძალისა და დიდებისა მგალობელ, სიტყუათა მიმართ მისთა შევიცვალები და სხუაჲ სხჳსა წილ ვიქმნები განახლებული საღმრთოჲთა მით განახლებითა.
68. ხოლო უდიდესი იგი ვთქუა, რომელი პირველ სხუათაჲსა ჯერ-იყო თქუმად. რაჟამს წმიდად საკურთხეველად აღვჴდე და ჟამისწირვაჲ მისი ჴელად მივიღო, დამავიწყდების სრულიად თავი ჩემი და აღვიტაცები გონებით და თაყუანის-ვსცემ სულსა მას წმიდასა, რომელმან მისი იგი გონებაჲ და პირნი ესევითართა გამომეტყუელ-ყო, რამეთუ მან ითხოვა ესე ღმრთისაგან, რაჲთა მოეცეს მადლი თჳსითა სიტყჳთა აღსრულებად წმიდისა ჟამისწირვისა და შეისმინა მისი ღმერთმან, რომელ-იგი ყოველსა ზედა უსმენდა. და, აჰა, ესერა, დღესა ერთსა იქმნა განკჳრვებულ და სავსე სულითა წმიდითა და იწყო წერად ლოცვათა მათ მწუხრისა და ცისკრისათა, და მას ღამესა, ილოცვიდა რაჲ, განკჳრვებულ იქმნა. და, აჰა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე მოციქულთა თანა მოვიდა და ყო წინაშე მისა დაგებაჲ პატიოსნისა მის შესაწირვისაჲ და ჰრქუა მას: „აჰა, თხოვისაებრ შენისა მიმიცემიეს შენდა მადლი, რაჲთა შენ მიერ თქუმულითა სიტყჳთა აღასრულო უსისხლოჲ ესე მსხუერპლი, აღივსენ უკუე მადლითა პირი შენი“. და იწყო მან მეყსეულად თქუმად ლოცვათა ჟამისწირვისათა, ვითარცა-იგი იხილეს ორთაცა მღდელთა სარწმუნოთა, რომელნი მას ჟამსა განგებულებამან ღმრთისამან მიიყვანნა ეკლესიად სახლით თჳსით. და იხილეს იგი მდგომარე წინაშე საკურთხეველისა და ერნი ნათლისანი გარემო მისა, ვიდრემდის აღამაღლა პური იგი წმიდაჲ და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ. ხოლო გამოვიდა რაჲ საკურთხეველით, იხილა მღდელნი იგი შეძრწუნებულნი, რომელნი დავარდეს წინაშე მისა, და მან ჰკითხა მიზეზი მას ჟამსა, მუნ მისლვისა მათისაჲ. ხოლო მათ მიუთხრეს მას ყოველივე, რაჲ იხილეს. მაშინ აიძულა თხრობად მათდა საქმჱ იგი და ესრეთ ჰმადლობდეს ღმერთსა. ხოლო ხვალისა დღე შევიდა რაჲ ჟამისწირვად, აჰა, ჰურიამან ვინმე ინება განცდად სახესა მას ჟამისწირვისასა და იხილა ყრმაჲ შუენიერი ჴელთა ბასილისთა, რომელი მან დაკლა და სისხლი მისი შთაუცარიელა ბარძიმსა, და ჴორცი მისი დაჭრა და დააგო წმიდასა ფეშხუმსა და ყრმაჲ იგი იყო მრთელვე, ვითარცა პირველ და, ეზიარებოდა რაჲ ერი, მივიდა იგიცა ზიარებად. და მიეცა მას ჴორცი და სისხლი. და არა იყო სახჱ პურისაჲ და დაჰმარხა მისგან ნაწილი და მიართუა ჩუენებად მეუღლისა თჳსისა, რომლისთჳსცა ჰრწმენა მათ და მოუჴდეს ნეტარსა მას და მიიღეს მის მიერ წმიდაჲ ნათლისღებაჲ!. ესრეთ ყოველივე კეთილი მის მიერ სრულ იქმნა და ყოვლითავე სავსე იყო, რომელ არცა ერთისაგან წმიდათაგანისა ნაკლულევან იქმნა და უცხო, არამედ რომელთამე წარჰჴდა და რომელთამე შეესწორა და რომელთამე მიემსგავსა.
70. რამეთუ მოვედით, ვიხილნეთ მრავალნი იგი ღმრთისმსახურებასა ზედა გამოჩინებულნი კაცნი: რჩულისმდებელნი, წინაწარმეტყუელნი, ერისთავნი, მოძღუარნი, მოღუაწენი სისხლთა დათხევადმდე და ვიხილოთ, თუ ვითარ მიემსგავსა მათ ესე ნეტარი, რაჲთა ესრეთ ვცნათ სიდიდე მისი.
ადამ ღირს იქმნა ჴელითა ღმრთისაჲთა დაბადებასა და სამოთხისა საშუებელსა და პირველსა რჩულისდებასა, არამედ თუ ოდენ არა არს სიტყუაჲ ესე ჩემი უჯერო, სირცხჳლისათჳს პირველისა მის მამისა მცნებაჲ იგი არა დაიცვა, ხოლო ამან მიიღო მცნებაჲ და დაიმარხა, და ძელისა მისგან საცნაურისა არა ევნო, და იქცევისსა მის ცეცხლისა მახჳლსა თანაწარჰჴდა და საშუებელსა მას საუკუნესა უეჭუელად მიემთხჳა.
ენოს ესვიდა პირველ წოდებად სახელსა უფლისასა, ხოლო ამან უწოდაცა და სხუათაცა უქადაგა, რომელი-ესე წოდებისა ფრიად უზეშთაეს არს. ენუქ მიიცვალა, რამეთუ მისისა მის ღმრთისმსახურებისა სასყიდლად მიიღო მიცვალებაჲ, აჩრდილსა შინა რაჲ იყოღა სარწმუნოებაჲ და შემდგომისა მის ჟამისა ღელვასა განერა.
ხოლო ამისა ცხორებაჲ ყოველივე მიცვალება იყო სრულად, სრულსა მას ცხორებასა შინა გამოცდილი. ნოეს კიდობანი ერწმუნა და თესლები მეორისა სოფლისაჲ, შეშასა შინა მცირესა დამკჳდრებულნი და წყალთა ზედა მცურვალნი, ხოლო ესე წყლით-რღუნასა უღმრთოებისასა განერა და კიდობანად ცხორებისა ყო თჳსი იგი ქალაქი სუბუქად წვალებისა ზღუასა ზედა მცურვალად და არა დანთქმულად, რომლისა მიერ ყოველსა სოფელსა მოუწოდა.
71. დიდ არს აბრაჰამ მამათმთავარი და შემწირველი ახლისა მის შესაწირავისაჲ, რომელსა მომცემელისა მის შესწირვიდა მსხუერპლად განმზადებულად, არამედ არცა ამისი მცირე არს, რამეთუ თავი თჳსი შეწირა ღმრთისა და არარაჲ, ვითარცა ნაცვალი, მოეცა, რამეთუ რაჲმცა იყო სხუაჲ, რომლისა მიერმცა აღესრულა მსხუერპლი იგი?
ისაკ აღთქუმულ იქმნა უწინარეს შობისა, ხოლო ესე თჳთ აღთქუმულ იყო და რებეკა, რომელ არს ეკლესიაჲ, არა შორით, არამედ მახლობელად მიითუალა, არცა მეოხებითა მონისაჲთა, არამედ ღმრთისა მიერ მოცემული და რწმუნებული, არცა შეცთომილ იქმნა გამორჩევასა მას შვილთასა, არამედ თითოეულსა ღირსებისაებრ მისცა ძალითა სულისა წმიდისაჲთა. ვაქებ იაკობის კიბესა მას და ძეგლსა. რომელსა სცხო ღმრთისათჳს და რკინობასა მისსა, რომელ-იგი იყო, ვითარ ვჰგონებ, სახჱ შეერთებისა ღმრთისაჲ კაცთა თანა და მდაბლისა ამის ბუნებისაჲ მაღალსა მას თანა შეზავებისაჲ და ვაქებ ჴელოვნებით მწყემსობასა მისსა და განმარჯუებულებასა და მისგან გამოსრულთა მათ ათორმეტთა მამათმთავართა და განყოფასა მას კურთხევათასა წინაწარმეტყუელებითურთ.
არამედ ვაქებ ამისსაცა არა ხილულსა ოდენ, არამედ აღსრულსა მას კიბესა, რომელსა აღვიდა წარმართებითა სათნოებითი სათნოებად და ძეგლი იგი, რომელსა არა სცხო ოდენ, არამედ აღუმართა ღმერთსა განსაქიქებელად ურჩულოთა და რკინობასა, რომელი არა ღმრთისა მიმართ ქმნა, არამედ ღმრთისათჳს ერკინა მწვალებელთა და აღუდგომელად დასცნა და მწყემსობასა მისსა, რომლითა განმდიდრდა. რამეთუ მრავალნი მოიგნა ცხოვარნი არა პირუტყუნი, არამედ პირმეტყუელნი და კეთილსა მას შვილმრავლებასა, რომელნი იშვნეს ღმრთისა მიერ წმიდითა ნათლის-ღებითა მისგან და კურთხევასა მას, რომლითა მრავალნი განამტკიცნა.
72. იოსებ იქმნა პურისმცემელ არამედ ეგჳპტისა ოდენ და არა მრავალგზის და ჴორციელად, ხოლო ესე ყოველთა და მარადის და სულიერად, რომელი მე მისსა უპატიოსნესად მაქუს. იობს თანა ავსიტელსა გამოიცადა და სძლო და ბრწყინვალე იქმნა, რომელი არცა ერთისაგან მრავალთა მათ შემარყეველთაჲსა შეირყია, არამედ ფრიადითა ძლიერებითა სძლო გამომცდელსა მას და უგუნურებასა მას მეგობართასა პირი დაუყო, რომელთა არა უწყოდეს ვნებისა მისისა საიდუმლოჲ. მოსე და აჰრონ მღვდელთა შორის მისთა და დიდ არს მოსე, მტანჯველი ეგჳპტისაჲ და მჴსნელი ერისაჲ მის ნიშებითა და სასწაულითა, რომელი შინაგან ღრუბელსა შევიდა და ორკეცი იგი რჩული გამოიღო, გარეგანი იგი წიგნისაჲ და შინაგან სულისაჲ, და აჰრონ, მოსეს ძმაჲ ჴორცითა და სულითაცა, ერისათჳს შემწირველი მსხუერპლებისაჲ და მლოცველი, შემავალი წმიდასა მას კარავსა საწამებელსა, რომელი ქმნა უფალმან და არა კაცმან.
ხოლო იგი ამათ ორთავე მოშურნე იქმნა, რომელმან ტანჯა არა ჴორციელთა ტანჯვითა, არამედ სულიერითა და სიტყჳერითა, ნათესავი იგი მწვალებელი და მეგჳპტელი, და წინაუძღოდა ერსა მას ჭეშმარიტსა მოშურნესა კეთილსა საქმეთასა, რომელნი შეიყვანნა ქუეყანად აღთქუმისა, ხოლო რჩული დაწერა ფიცართა ზედა, არა შემუსრვადთა, არამედ მტკიცეთა, არღარა აჩრდილის სახჱ, არამედ ყოვლითურთ სულიერი და წმიდასა წმიდათასა არა ერთგზის წელიწადსა შინა, არამედ მარადღე შემავალ იყო, ვინაჲცა წმიდასა სამებასა გჳჩუენნებდა და ერსა განსწმედდა არა წარმავალითა პკურებითა, არამედ ჭეშმარიტითა განწმედითა. ისუს კუალად ძისა ნავესი საქმჱ რაჲ არს კეთილი, ერისთავობაჲ და ძლევაჲ და მკჳდრობისა მიცემაჲ და დაპყრობაჲ ქუეყანისა მის აღთქუმისაჲ. ხოლო ესე არა წინამძღუარი და ერისთავი იყოა სარწმუნოებით ცხოვნებულთაჲ, ანუ არა დამამკჳდრებელ იქმნაა სამკჳდრებელთა მათ კეთილთა და საღმრთოთაჲ? რაჲთა თქუას, ვითარმედ: „წილ-მხუდა მე რჩეულთა შენთა თანა“, რამეთუ სამკჳდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა და ჴელთა შინა ჩემთა არს მკჳდრობაჲ ჩემი“, მკჳდრობაჲ არა ქუეყანისაჲ და წარმავალი, არამედ საუკუნოჲ და ზეცისაჲ.
73. და, რაჲთა მსაჯულთა მათ თანაწარვჰჴდეთ, რომელთაგანი არცა ერთი არს მსგავს ამისა, ვთქუა სხუათათჳს. „სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა წმიდასა მისსა“ მიცემული უწინარეს შობისა და შემდგომად შობისა მეყსეულად მღდელ და მცხებელ მეფეთა და მღდელთა რქითა მით, ხოლო ესე არა შობითგან ღმრთისა შეწირული არსა საშოჲთგან დედისაჲთ და ორკეცითურთ მიცემული საკურთხეველად და მხილველ ზეცისა საქმეთა და ცხებული უფლისაჲ და მცხებელი სულიერად სრულ-ყოფადთაჲ მათ?
დავით დიდ იქმნა მეფეთა შორის, რომლისა ძლევანი მტერთანი დიდ არიან და უფროჲს ყოვლისა არს სიმშჳდე მისი და უწინარეს მეფობისა და კუალად ძალი იგი ქნარისაჲ, სულისა ბოროტისა დამაყუდებელი, და სოლომონ კუალად სივრცჱ გულისაჲ ითხოვა ღმრთისაგან და მოეცა, და გარდაემატა სიბრძნითა და გულისჴმისყოფითა უფროჲს ყოველთა. ხოლო ესე ერთისა მის სიმშჳდისაგან და მეორისა მის სიბრძნისაგან არარაჲთა ნაკლულევან იქმნა. ვიდრეღა მეფეთა ეშმაკეულთა სიფიცხლესა დაამშჳდებდა. და არა სამხრისა ოდენ დედოფალი, ანუ სხუაჲ ვინმე ერთი სურვილისათჳს სიბრძნისა მისისა მოიყვანა კიდით ქუეყანისაჲთ, არამედ ყოველთა კიდეთა განისმა სიბრძნჱ მისი. და შემდგომად ამისა სოლომონის საქმესა თანაწარვჰჴდე, გარნა ყოველთა მიერ საცნაურ არს, დაღაცათუ ჩუენ ვერიდებით თქუმად.
74. აქება ელიაჲს მძლავრთა მიმართ კადნიერებასა და ცეცხლისა მიერ აღტაცებასა და ელისეს კეთილსა მას მკჳდრობასა ხალენისასა, რომლისა თანა მრჩობლი იგი ელიაჲს სული შეუდგა? აქებდ უკუე მისსაცა ცეცხლსა შინა ცხორებასა, რომელ არს სიმრავლჱ განსაცდელთაჲ, და ცეცხლისა მიერ ამაღლებასა, რომელი სწუვიდა და არა დასწუვიდა მსგავსად მაყულისა, და კეთილსა მას ზეცით მოცემულსა სამოსელსა, რომელ არს უჴორცობაჲ. დაუტევნე სხუანი იგი სახენი მისნი; ცეცხლსა შინა შეცურეულნი იგი ყრმანი და მუცელსა შინა ვეშაპისასა მლოცველი წინაწარმეტყუელი იგი ლტოლვილი, და ვითარცა სასძლოჲთ მიერ გამოსრული და მღჳმესა შინა შეწყუდეული იგი მართალი და ლომთა პირისა დამყოფელი, გინა თუ შჳდთა მათ მაკაბელთა ღუაწლი მღდელსა მას თანა და დედასა თჳსსა, აღსრულებული სისხლითა და მრავლითა სახითა სატანჯველთაჲთა, რომელთაცა ღუაწლსა ამათ ყოველთასა მიემსგავსა და დიდებაჲცა მათი მიიღო არამედ მე ახლისა ამის რჩულისა მომართ მოვიდე და ამას შინა გამობრწყინვებულთა თანა გამოვიძიო საქმჱ მისი და პატივ-ვსცე მოწაფესა მოძღურისა მიერთაცა, სანთელი სათლისაჲ, რომლისა წინაშე ჰკრთებოდა საშოსა შინა დედისასა და წინა წარვიდა ჯოჯოხეთს ჰეროდეს მიერ უკეთურისა, რაჲთა მუნცა ქადაგოს მომავალი იგი, ხოლო დაღაცათუ ვის კადნიერება უჩნდეს სიტყუაჲ ესე, რომელ მის თანა ვჰყოფ გამოძიებასა, არამედ მე არა თუ მნებავს, რაჲთამცა უმეტესად გამოვაჩინე ესე უზეშთაესისა მის ნაშობთა შორის დედათაჲსა, არამედ რაჲთა გიჩუენო, ვითარ ეშურებოდა და ჰბაძვიდა ცხორებასა მისსა, რამეთუ არა მცირე არს მცირედცა მიბაძვაჲ დიდთა კაცთაჲ ანუ არა საცნაური სახე არსა და ხატ მისისა ცხორებისა კაცი ესე? რამეთუ ამანცა უდაბნოჲ დაიმკჳდრა და ამასცა სტევისა სამოსელი ემოსის უცნაური მრავალთაგან და ამანცა მისებრივე საზრდელი შეიყუარა და განწმიდა წინაშე ღმრთისა თავი თჳსი მარხვისა მიერ. და ესეცა ქადაგ ქრისტესა იქმნა, დაღაცათუ არა წინამორბედ და მივიდოდეს მისა არა ჰურიასტანისა სოფელი ოდენ, არამედ ყოვლით ქუეყანით. და ესეცა შორის ორთა მათ რჩულთასა დგა: ერთისა მის წიგნისა დაჴსნად და მეორისა სულისა გამოცხადებად. ხოლო ხილულისა მის რჩულისა დაჴსნაჲ იყო უხილავისა მის აღსრულებაჲ.
76. მიემსგავსა პეტრეს შურსა, პავლეს მოსწრაფებასა. სახელოვანთა ამათ და სახელითა შეცვალებულთა ძეთა ზებედესთა ჴმამაღლობასა, ყოველთა მათ მოციქულთა უპოვრებასა. ამასთჳსცა კლიტენი ზეცისანი ერწმუნნეს და არა იერუსალჱმით ილირიკედმდე, არამედ ფრიად უდიდესთა ქუეყანათა ქადაგა სახარებაჲ და შემოიკრიბნა მის თანა და ძედ ქუხილისა დაღაცათუ არა ეწოდა, არამედ იქმნა და მკერდსა იესუჲსსა მიეყრდნა და მუნით აღმოივსო ძალი სიტყჳსაჲ და სიღრმე გულისჴმის-ყოფისაჲ. რამეთუ სტეფანე ყოფად სურვიელ იყო, გარნა ვერ იქმნა ცხადად. რამეთუ ეშინოდა მისგან მქოლველთა მათ, ხოლო გონებითა იქმნა, უეჭუელად ვთქუა მოკლედ, რაჲთა არა თითოეულსა ვაჴსენებდე, ვითარმედ მან რომელთაჲმე კეთილნი მოიგნა და რომელთამე ემსგავსა და რომელთამე წარჰჴდა, ხოლო ყოველთავე სათნოებათა ზედა მიწევნითა აწინდელთა ყოველთა წარჰჴდა.
77. და ესეზომ იქმნა სათნოებაჲ მისი და დიდებულებაჲ რომელ მრავალნი მისთა მათ მცირეთა და ჴორციელთა სამეთაგანნი სხუათა მიერ დიდად სასწრაფო არს. ვითარ-იგი იყო სიყჳთლჱ ფერისაჲ და წუერისა მის შუენიერებაჲ და სახჱ სლვისა მისისაჲ და სიტყჳსა მიმართ არაადრეობაჲ, მჭმუნვარებაჲ გონიერი და ჯეროვანი, რომლისა მრავალნი არაკეთილად ეშურნეს და მწუხარებად შეექმნა მათ და სიფიცხლედ და კუალად სახჱ სამოსლისა და სარეცელისაჲ და ჭამადისა მისისა გუარი, რომელთაგანი არცა ერთი იყო მის მიერ ჭირითა რაჲთმე მოპოვნებულ, არამედ თჳთ თავით თჳსით ესრეთ იყო საქმჱ მისი, და აწინდელთა ამათ კაცთა შორის, რომელთა ინებონ ბაძვაჲ მისი, არცა თუ ესეზომ მიემსგავსნენ, რაჲზომ აჩრდილი ჰგავს კაცსა, ანუ რაჲზომ ჴმაჲ იგი უკუანაჲსკნელი ხმისაჲ, რაჟამს აღმოიღის ჴმაჲ ვინ უდაბნოსა ადგილსა და, იგი რაჲ დადუმნის, ჴმისა მის დასასრული ჴმობნ უდაბნოსა მას შინა, რამეთუ იგი დაღაცათუ აღსასრული არს ჴმისაჲ, გარნა მისივე სახჱ აქუს. ხოლო ესენი ფრიად არა ჰგვანან მას, არამედ, რაჲზომცა მიახლებად სურინ, შორს იპოვნიან. ხოლო ესეცა არა მცირე არს, უკუეთუ ვინ მის თანა ყოფილ იყოს და აჴსონდინ ოდენ მისნი იგი სიტყუანი და საქმენი, რომელ-ესე მეცა მრავალგზის შევამკვე სიტყუაჲ ჩემი და საქმჱ მისითა სიტყჳთა, რამეთუ გარეწარნიცა საქმენი მისნი სხუათა მიერ შრომით მოგებულთაჲსა უპატიოსნეს არიან ფრიად და დიდებულ.
78. ვინაჲთგან უკუე სრბაჲ აღასრულა და სარწმუნოებაჲ დაიცვა და მიცვალებად სურვიელ იყო და ჟამი გჳრგჳნოსნებისაჲ მოწევნულ. ესე არა ესმა ღმრთისა მიერ, ვითარმედ: „მთად აღვედ და აღესრულე“, არამედ: „აღესრულეო და აღმოვედ ჩემდა მომართ“. ხოლო მაშინ ქმნა საკჳრველი არა უდარესი სხუათა მათ საქმეთა მისთა, რამეთუ მიახლებულ იყო სიკუდილსა და მოიყვანა ჰურიაჲ იგი მკურნალი იოსებ, რომელი ჴელოვნებითა მისითა განამტკიცებდა არღარა მიწევნასა მისსა მწუხრადმდე. ხოლო მან მოჰჴადა მას სიტყუაჲ, თუ რაჲძი მოიწიოს მის ზედა, არა თუ იქმნას სიტყუაჲ მისი და იგი იტყოდა, ვითარმედ: „სიკუდილითა დავისაჯო. არა თუ ესრეთ იყოს, გარნა შეუძლებელ არს, თუმცა დღეს, უწინარეს მზისა აღსლვისა, არა აღივსო მზჱ კესარიისაჲ“. ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: „მოჰკუდე შენ ცოდვისაგან და სცხონდე სულითა“. და იგი აღუთქუმიდა ესრეთ ყოფად, რამეთუ ფრიად ვთქუა მისდა სიტყუაჲ იგი ქრისტეანობისაჲ, და მარადის ეტყჳნ: „გრწმენინ, იოსებ, არა წარვიდე მე ამიერ, არა თუ გშვეს შენ უფალმან წყლისა მიერ და სულისა“. ხოლო მას ღამესა ნებისაებრ მისისა არა წარიყვანა ღმერთმან და ხვალისა დღე იხილა იგი მკურნალმან მან განკჳრვებულმან და მიერითგან შეუვრდა ფერჴთა მისთა და მოიქცა უფლისა. ხოლო იგი, რომლისა ძალი ჴორცთაჲ სრულიად წარსრულ იყო, კუალად განძლიერდა სწავლად მისდა და ყოველთადა, რაჲთა ესრეთ სიტყუათა მათ თანა სიწმიდისათა წარვიდეს და ნათელ-სცა მას ჴელითა თჳსითა სახლეულითურთ მისით და უწოდა იოანე და ყო სხუათაცა მღდელთა და დიაკონთა კურთხევაჲ, რაჲთა არა დარჩენ მოწაფენი მისნი ესრეთ გარეგან საკურთხეველისა. და ესრეთ შემდგომად ამისა რაჲღა ვთქუა, რამეთუ თქუდამცა მძიმედ მიჩნს, გარნა ვთქუავე, დაღაცათუ სხუათა უჴმდა ამის სიტყჳსა თქუმად და არა მე. რამეთუ ვერ მოვითმენ საქმესა ამას შინა, დაღაცათუ ფრიად ვისწრაფე მოთმინებად, რაჟამს მოვიჴსენო სიობლე ესე ყოველთაჲ და დაჭირვებაჲ, რომელი მოიწია ყოველსა ზედა სოფელსა.
79. იყო მდებარე სარეცელსა ზედა კაცი იგი, სათნოებითა ანგელოზქმნილი ჴორცთავე შინა, და დგა უკუანაჲსკნელსა ზედა სულთქუმასა და ზეცისა მჴედრობანი სურვიელად მიელოდეს მას და ეძიებდეს, რომელთა მიმართ მარადის ხედვიდა და მიისწრაფდა. ხოლო მოხუეულ იყო გარემო ყოველი იგი ქალაქი, რომელნი სიობლესა მას ვერ თავს-იდებდეს და წარსლვასა მას ეშჯოდეს, ვითარცა მძლავრსა, და სულსა მისსა შეიპყრობდეს, თუმცა შესაძლებელ იყო იძულებით დაჭირვაჲ მისი, ანუ ჴელითა, ანუ ვედრებითა, რამეთუ მიუღებდა მათ გონებასა ვნებაჲ იგი. და თითოეული გულსმოდგინე იყო, შე-თუ-მცა-უძლო ცხორებისა თჳსისა ჟამთა მისდა შეძინებად.
ვინაჲთგან უკუე იძლინეს და უჴმდა მას შესუმაჲ სასუმლისაჲ მის, რამეთუ კაცი იყო. ამისთჳს უკუანაჲსნელდ თქუა, ვითარმედ: „ჴელთა შენთა, უფალო, შევჰვედრებ სულსა ჩემსა“ და ესრეთ ანგელოზთმთავართა მათ მისდა მოსრულთა თანა მივიდა სიხარულითა დიდითა, კურთხევითა მისთა მათ შვილთაჲთა. მაშინ უკუე იქმნა საკჳრველი ყოველთა უდიდებულესი.
80. რამეთუ გან-რაჲ-ვიდოდა გუამი იგი წმიდაჲ ჴელთა ზედა წმიდათა აღმაღლებული და მოსწრაფე იყო თითოეული შეხებად მისდა, ანუ თუ ფესუსა სამოსლისა მისისასა, ანუ თუ აჩრდილსა ქუეშე მისსა შესლვად, ანუ წმიდასა მას ცხედარსა შეხებად, რომელსა ზედა იყო წმიდაჲ იგი, რამეთუ რაჲმცა იყო გუამისა მის მისისა უპატიოსნესი და უწმიდესი და რომელნიმე ისწრაფდეს მახლობელ მტჳრთველთა მათ სლვად, რომელნიმე რაჲთამცა ოდენ იხილეს იგი, რამეთუ ხილვაჲცა მისი დიდ იყო.
80 ა. მაშინ უკუე მოიწია დედაკაცი იგი, რომელსა აღეწერნეს ცოდვანი მისნი ქარტასა ზედა და მიეცა მისდა, ვიდრეღა ჩუენ თანა იყო, და შესტიროდა აღჴოცად მათ ყოველთა განუჴსნელად ბეჭდისა მის მისისა, რომლითა დაებეჭდა ქარტაჲ იგი. ხოლო მან აღუჴოცა ყოველივე, თჳნიერ ერთისა მის დიდისა, რაჲთა ამასცა ზედა გამოაჩინოს ღმერთმან საკჳრველებაჲ მისი და ნეტარსა მას წარევლინა იგი დიდისა ეფრემის თანა, ვითარმცა თჳთ ვერ ეძლო საქმისა მის ქმნად. ხოლო ნეტარსა ეფრემსა ერქუა მისდა, რაჲთა მისავე მიიწიოს მსწრაფლ, უწინარეს წარსლვისა მისისა, რამეთუ ვერ ვის ძალ-უც სხუასა აჴოცად იგი. და მას ოდენ ჟამსა მოიწია და იწყო ჴმობად და გოდებად და სარჩლად მისა, ვითარცა ცხოველისა და რომელი ჭეშმარიტად ცხოველ არს წინაშე ღმრთისა, ვითარმედ: „საჯენ ღმერთმან შორის შენსა და ჩემსა, ჰოი წმიდაო, რამეთუ ძალ-გედვა აჴოცად ბოროტთა ჩემდა და არა ინებე, არამედ სხუათა თანა წარმავლინე“. და სხუათა მრავალთა სიტყუათა გოდებით იტყოდა და ქარტაჲ იგი დააგდო მის ზედა და უთხრობდა ერსა ყოველსა მას საკჳრველებასა, რომელი ქმნა მის ზედა და თუ ვითარ ერთი იგი დაუტევა.
ხოლო ერთმან თანამავალთა მღდელთაგანმან აღიღო ქარტაჲ იგი ნახვად, თუ რაჲ არს ცოდვაჲ იგი და, განაღო რაჲ, პოვა იგი ყოვლითურთ ახოცილი და ჴმა-ყო და თქუა, ვითარმედ: „აჴოცილ არს ესე მეოხებითა ამისითა, რომელსაცა ევედრები, ჰოი დედაკაცო, აწ უკუე ნუღარა ჰღაღადებ“. ესრეთ ადიდეს ყოველთა ღმერთი, და წარვიდა დედაკაციცა იგი სიხარულით.
ხოლო ერი იგი შეაიწრებდა ცხედარსა მას და ურთიერთას, რამეთუ სავსე იყვნეს უბანნი და ფოლოცნი, რომელნი წარჰგზავნიდეს მას და ჴმასა მას გალობისასა დაჰფარვიდა ჴმაჲ იგი გლოვისაჲ. მოსწრაფე იყვნეს ყოველნი ზოგად ქრისტეანენი, ჰურიანი, წარმართნი, ყოველი ჰასაკი და ყოველი ნათესავი მუნ მყოფი თითოეული. რომელმცა უფროჲს მიეახლა ამას. უკუანაჲსკნელდ განსაცდელადცა მიიწია საქმჱ იგი, რამეთუ იწროებისა მისგან და ტენებისა წარვიდეს მის თანა სულნი არამცირედნი, რომელთაცა აღსასრული სანატრელ იქმნა, რამეთუ მის თანა წარვიდეს, რაჲთა მან მიიყვანნეს იგინი
ღმრთისა.
ძლით უკუე განერა გუამი იგი მტაცებელთაგან მისთა და სძლო წარმგზავნელთა მათ იწროებასა და ესრეთ შევიდა სამარხოსა მამათასა. და მიემატა მღდელთა მღდელთმოძღუარი იგი დიდი, ქადაგთა მაღალი იგი ჴმაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რომელი მარადის ყურთა შინა ჩემთა ოხრის, მოწამეთა მოწამე იგი ღუაწლმრავალი და აწ არს იგი ცათა შინა და ჩუენთჳს ჰყოფს მეოხებასა, შესწირავს მსხუერპლთა და ილოცავს ერისათჳს, რამეთუ არა თუ, დაღაცათუ წარვიდა ჩუენგან, სრულიად დაუტევებიეთ, ხოლო გრიგოლ ნახევარმომკუდარ არს და ნახევარმოკუეთილ, რამეთუ განყოფილ არს დიდისა მისგან მეუღლებისა და ცხორებითა სალმობისაჲთა ცხორებს, ვითარ იგი იქმნების მისისა მის სწავლისაგან განყოფილთაჲ, რომლისა მიერ აწცა განვისწავლები ჩუენებითა ღამისაჲთა, უკუეთუ სადა გარეგან წესისა განვიდე.
და არა თუ მე ესრეთ გლოვასა აღვჰრევ შესხმასა თანა, დავსწერ მოქალაქობასა მას მისსა და დავსდებ სიგრძესა ჟამთასა ხატად და სახედ სათნოებისა ცხორებასა მისსა და წიგნად ცხონებისა ეკლესიათა და ყოველთა სულთა, რომლისა ხედვითა წარემართებოდის ცხორებაჲ ჩუენი, ხოლო თქუენ სხუაჲმცა რაჲმე განგაზრახე, რომელნი-ეგე მის მიერ განათლებულ ხართ, გარნა მისა მიმართ მარადის ხედვაჲ და ვითარცა მხილველისა წინაშე სათნო-ყოფაჲ მისი აღსრულებითა სიტყუათა მისთაჲთა.
81. მოვედით უკუე, გარემომადეგით მე, ყოველი ეგე კრებული მისი, რომელნიცა საკურთხეველსა ზედა მდგომარენი ხართ და რავდენნი გარეგანნი. შემეწიენით მე ქებად მისდა და თითოეული სხუასა და სხუასა კეთილთა მისთაგანსა იტყოდეთ, და ეძიებდით და აქებდით, საყდართა ზედა მჯდომარენო, რჩულისმდებელსა მას, მოქალაქენო, განმანათლებელსა მას, ერნო, წესიერმყოფელსა მას, სიბრძნისმოსწავლენო, მოძღუარსა მას, ქალწულნო, წმიდამყოფელსა მას, ქორწინებულნო, პატიოსანმყოფელსა მას თქუენსა, მეუდაბნოენო, ფრთოვანმყოფელსა მას თქუენსა, უსწავლელნო, წინამძღუარსა მას, გულისჴმისმყოფელნო, ღმრთისმეტყუელსა მას, მხიარულებასა შინა მყოფნო, აღჳრსა მას, ჭირვეულნო, ნუგეშინის-მცემელსა მას, მოხუცებულნო, კუერთხსა მას ძლიერებისასა, ჭაბუკნო, მასწავლელსა მას, გლახაკნო, განმამდიდრებელსა მას, უცხონო, უცხოთა შემწყნარებელსა მას, ძმანო, ძმათმოყუარესა მას, მდიდარნო, კეთილსა მას განმგესა აქებდით, ქურივნო ჴელისმპყრობელსა მას, ობოლნო, კეთილსა მას მამასა, გლახაკნო, გლახაკთმოყუარესა მას, სნეულნო, მკურნალსა მას, რომელიცა სენი იყოს და რომელიცა წამალი ვის ენებოს, მრთელნო, მცველსა მას სიმრთელისასა, ყოველნივე აქებდით მას, რომელი-იგი ყოველთა ყოველივე ექმნა, რაჲთა შეიძინნეს ყოველნივე.
82. ესე სიტყუანი თქუმულ არიან, ჰოი ბასილი, შენდა მომართ ენისა ამისა მიერ, რომელი ოდესმე საყუარელ იყო შენდა და პატიოსან უკუეთუ ღირსებისა შენისა მახლობელ სადა არიან, შენდა იყავნ მადლი ესე, რამეთუ შენითა სასოებითა ვიწყო შენთჳს სიტყუად, უკუეთუ კულა ფრიად შორს არიან და მოუახლებელ, რაჲმე ვყო, რომელი-ესე სიბერითა და უძლურებითა და შენითა სურვილითა განლეულ ვარ? მო-მცა-მცა ვინ შენისა პირისა მდიდრად აღმომდინარე იგი წყაროჲ, რაჲთამცა შენ ოდენ შეგამკვე ჯერისაებრ, გარნა ღმრთისაცა სათნო არს ყოველივე ძალისაებრ საქმჱ.
ხოლო შენ მოხედევდ ზეცით ჩუენ ზედა, ჰოი საწადელო და წმიდაო სულო, და მოცემული ესე ღმრთისა მიერ საქენჯნელი ჴორცთა ჩემთაჲ ანუ დააყენე მეოხებითა შენითა, ანუ მომეც მოთმინებით თავს-დებაჲ და წარჰმართე ცხორებაჲ ჩემი უმჯობესისა მიმართ და, რაჟამს განვიდე ამიერ, შემიწყნარე მანდა, საყოფელთა მათ, სადა შენ იყოფები, რაჲთა ზოგად ვიყოფებოდით ურთიერთას თანა და ვხედვიდეთ წმიდასა მას და ნეტარსა სამებასა უწმიდესად და უსრულესად, რომლისა სახჱ აწ მცირედ მოგჳღებიეს აქა.
ესრეთ აღესრულენ სურვილი ჩუენი და ესემცა მოცემულ არს ჩუენდა ნაცვალად მრავალთა მათ ჭირთა ჩუენთათჳს, რომლითა ვებრძოლენით და ვიბრძოლენით. ესე არს ჩუენ მიერ შენდა მომართ თქუმული, ჰოი ნეტარო, ხოლო ჩუენ ვინ გუაქოსა, ვინაჲთგან შემდგომად შენსა აღვესრულებით და შენ არა აქა ხარ, უკუეთუ ოდენ ვქმნათ რაჲმე საქმჱ ღირსი ქებისაჲ? არამედ, ჰოი მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო და ყოველთაგან განყოფილად ჩუენო, ჰოი ღმ ერთო შენთა მონათაო და მამაო და განმგებელო ყოვლისაო, ჰოი უფალო სიკუდილისა და ცხორებისაო, ჰოი სულთა ჩუენთა მაცხოვარო, შენ რომელი-ეგე იქმ ყოველსა და შესცვალებ ჴელოვანითა მით სიტყჳთა შენითა, ვითარცა გნებავს და ვითარცა უწყი. სიღრმითა მით სიბრძნითა შენისაჲთა, რომელმან მიიღე ჩუენგან დიდი იგი მნათობი ყოვლისა სოფლისაჲ. ქადაგი ჭეშმარიტებისა შენისაჲ განგებულებითა მით, რომელი შენ უწყი, ღირს-მყვენ ჩუენცა მისითა მეოხებითავე მის თანა ყოფად, გან-რაჲ-ვიდეთ ამიერ და განსრულმცა ვართ განმზადებულნი და შემოსილნი შიშითა შენითა და არა იძულებით და ჭირით განყოფილნი ჴორცთა ამათგან დღესა მას უკუანაჲსკნელსა, რომელი-ესე ვნებაჲ არს ჴორცთმოყუარეთა და სოფლისმოყუარეთა სულთაჲ, არამედ კეთილადმცა და სურვილად მიწევნულ ვართ საუკუნისა მაგის სანატრელსა მას და დაუსრულებელსა ცხოვრებასა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შენდა დიდებაჲ შუენის ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.
ანდერძი: წმიდანო მამანო, რომელნი ამას იკითხვიდეთ, ლოცვა-ყავთ გლახაკისა ეფთიმესთჳს, რომელმან ესე ვთარგმნე და, ღმრთისათჳს, ვინცა გარდასწერდეთ ამას, დაწერეთ ჩემიცა სახელი და ნუ აღმომჴოცთ მეცა, გლახაკსა, რამეთუ ამისთჳს თავს-მიც ფრიადი შრომაჲ.
ლოცვა-ყავთ სანატრელისა მამისა ჩუენისა ეფთჳმე მთაწმიდელისათჳს, რომელმან ესე საკითხავი წმიდისა ბასილისი ცხორებაჲ და შესხმაჲ თარგმნა ბერძულისაგან ქართულად.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" VI ტომი.
No comments:
Post a Comment