ვითარ შევიძლო თქმა უთქმელისა მე უმდაბლესმან და ცოდვით აღვსილმან ეფრემ, რაიც ძალს ჩემსას აღემატების? გარნა მადლითა და სახიერებითა თვისითა მაცხოვარმა უწიგნურნიცა განაბრძნო, ხოლო მეოხებითა მათითა ყოველნი მართალნი განანათლნა. და აწ იგივ განაბრძნობს პირსა ჩემსა და ნათელჰყოფს სიტყვასა ჩემსა სამოძღვროდა და სარგებლად ჩემდა და სხვათა ყოველთა მსმენელთაცა. გარდა სულთქმითა და ტკივილით ვიტყვი სოფლის აღსასრულსა და ურცხვსა მას და უსაძაგლესსა ვეშაპზედ რომელ ზარგანხდის ყოველს ცისქვეშეთს და ძრწოლას, სულმოკლეობას და ურწმუნოებასა შთაუთხრობს გულთა კაცთასა და ჰყოფს სასწაულებსა და ნიშებსა „ვიდრე ცდუნებადმდე, უკეთუმცა შეუძლეს რჩეულთა მათცა“ (მათე 24, 24), და აცთუნებს ყოველთა ცრუ სასწაულებითა და ნიშნებითა, გარნა ღმერთისა მიშვებით მიიღებს იგი ხელმწიფებასა ქვეყნის ცდუნებისასა, რამეთუ აღივსო ქვეყანა უწმიდურებითა და ყოვლითა საშინელებითა. ხოლო ესოდენის უწმიდურებისათვის კაცთასა დაუშვა ყოვლადწმიდა მეუფემ, რათა განსცადოს სოფელი სულმა მაცდურმა და რამეთუ ნებსით განუდგნენ კაცნი ღმერთსა და შეიყვარეს ბოროტი.
დიდ არს ღვაწლი მათ დღეთა შინა, ძმანო, უფრო კი მართალთათვის, ოდეს თვით გველი იგი დიდის ხელმწიფებითა ჰყოფს სასწაულებსა და ნიშნებსა, და ოდეს საზარელს ჩვენებებში ღმერთად გამოაჩინებს თავსა, და იფრენს ჰაერში; ხოლო ეშმაკნი ყოველნი ანგელოზთაებრ ამაღლდებიან წინაშე მაჭირვებელისა. გარნა ძალუმად შეჰყივლებს მაშინ მტარვალი და იცვალებს იერსა და უზომოდ შეაძრწუნებს კაცთა ყოველთა. და ვინა იყოს მაშინ, ძმანო, გარე-მოზღუდვილ და სდგეს ურყევად, ანუ ვის აქვნდეს სულში ნიშანი წრფელი დიდებით მოსვლისა მხოლოდშობილისა ძისა და ღმრთისა ჩვენისა, ოდეს იხილავს ყოველთა ზედა მოწევნილს წუხილს გარდუვალს. და რამეთუ არცაღა ხმელით, არცაღა წყლით და არცა არსაით აქვნდეთ მათ ნუგეშინი და მშვდობა; და ვინ სდგეს მას ჟამსა, ოდეს ყოველი ქვეყანა ძრწოდეს და თვითეული ილტვოდეს მთებში, და ერთნი მოსრნეს სიყმილმა, სხვათა განლევდეს წყურვილი გარნა არ ჩანდეს მოწყალე; და ვინა უძლებს ხილვად ცრემლდათხეულთა ყოველთა ღაწვთა, და წადილითა დიდითა მღაღადებელთა: „არისღა სადმე ქვეყნად ღვთის სიტყვა?!“, ხოლო პასუხი ექნებათ: „არა“. ვინ უძლებს მათ ჟამთა და ვინ დაითმინოს წუხილი დაუთმენელი, ოდეს ხილვად მაჭირვებლისა ერნი აღიძვრიან და მრავალნი თაყვანისცემენ და ძრწოლვითა ხმობენ მტარვალსა: „შენ ხარ მხსნელი ჩვენი?“ მიწა გადახმება, ცით არ გაწვიმდება, მცნარეული დაჭკნება და შიშითა დიდითა აღმოსავლეთის ქვეყანის მცხოვრებნი დასავლეთს მიდრკებიან, ხოლო დასავლეთის ერნი შიშით აღმოსავლეთით ილტვიან. მაშინ მიიღებს ურცხვი ხელმწიფებას და წარმოგზავნის საქადაგებლად ეშმათა: „მეუფე დიდი მოვიდა დიდებითა და მოვედით ხილვად მისა“. ხოლო ვის აქვნდეს სული მტკიცე რომლითა უძლებს ყოველს მის საცდურს? სადა არს კაცი იმგვარი, ვითარცა ვსთქვი, რომელსა ნეტარ ჰყოფენ ყოველნი ანგელოზნი?
მე კი, ძმანო ქრისტესმოყვარენი და ჩინებულნო, ზარი მიპყრობს მის ვეშაპისა ერთი ოდენ ხსენებითაც, რომ მას ჟამს მოწევნილს მწუხარებაზედა ვზრახავ და წარმოვიდგენ იმ სისასტიკეს, რომელსაც დაატეხს გველი იგი კაცთა მოდგმასა და უფრორე ბოროტს მოაწევს წმიდათა ზედა, რომელნიც ძლევენ მოჩვენებითთა სასწაულთ მისას რამეთუ მრავალნი ღვთივსათნონი იპოვნებიან მაშინ, რომელნიცა მთათა და უდაბნოთ შეეფარვიან და ლოცვითა და ცრემლითა დიდითა შეიძლებენ ხსნას. რამეთუ წმიდა არს ღმერთი და მოჰხედავს აუწერელთა ცრემლთა მათთასა და რწმენას მათსა და შეიწყნარებს ვითარცა მამა მოსიყვარულე. და დაიფარავს მათ იქავ, სადაცა შეეფარვიან; გარნაღა მაშინ ვეშაპი იგი საძაგელი, არა დასცხრების ძებნად მათთა და მოიძიებს წმიდათა ხმელთა შინა და ზღვათა შინა, რამეთუ უკუე მიწის მეუფედ იგულვებს იგი თავსა, ხოლო მსახურად ყოველთა კაცთა. გარა ვერ აგრძნებს იგი უძლურებასა და ამპარტავნებასა თვისსა რომლითაც დაეცა, არამედ წინააღდგომას იზრახებს იგი საშინელს მას ჟამსა, ოდეს ზეცითგან მოვალს უფალი. გარნა ზარგანხდის ქუეყანას და შეაძრწუნებს ყოველთ ცრუ მომხიბლავი ნიშნებით.
მაშინ, გამოჩინება მის ვეშაპისა მშვიდობას წარტაცებს ქვეყანას და ჩამოდგება გოდება დიდი, ზარი, ტყება და სიკვდილი. რამეთუ თვით უფალმან ჩვენმან გვაუწყა: „იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არსადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან“. (მარკ. 13,19). დაღათუ ესრეთ იტყვის უფალი მას ჟამზე, გარნა ჩვენ ცოდვილთ ვითა ვსთქვათ უსაზღვრო და აუწერელი მწუხარება მათ დღეთა? დაე, ცალკეულმა გულისხმა-ყოს წმიდა სიტყვები უფლისა და მაცხოვარისა ჩვენისა. რამეთუ ნებავს კეთილუწყებითა თვისითა დღემოკლე-ჰყოს, რაითა გვიხსნას სოფლად მოწევნილის მწუხარებისაგან, „რაითა არა იყოს სივლტოლაი თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა“ (მათე 24,20); და კუალად გვეტყვის: „იღვიძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაითა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა (ლუკა 21,36)“;
დაღათუ ჟამი ახლოსვე არს და ჩვენ ყოველნი მივეცემით ჭირთა მათ გარნაღა არ გვწამს. არამედ დღითა და ღამით, ცრემლითა და ლოცვით, დაუცადებელად უნდა ვევედრნეთ და შეუვრდეთ ღმერთსა, რათა ვიხსნნეთ ჩვენ ცოდვილნი, ხოლო რომელსა ცრემლი აქვნდეს და სინანული, ევედრენით ღმერთსა რაითა გვიხსნეს სოფლად მოწევნილის მწუხარებისაგან, რაითა არცა ვიხილოთ და არცა ვისმინოთ ხმა მის მხეცისა; რამეთუ იქნებიან ქვეყნად სიკვდილნი, „სრვანი და ძრვანი ადგილად ადგილად“ (მათე, 24,7). მხე
უნდა იქნეს სული იგი, რომელი უძლებს საცდურთ გარემოს. გარნა თუ კაცი მცირედაც უზრუნველია, იოლად დამარცხდება და წარიტაცვის მტრისა ნიშთაგან. ხოლო შენდობა არ ექნებათ სამსჯავროზე ამგვართ. იქ განცხადდება, რამეთუ ნებსით ერწმუნენ მტარვალს.
მრავალი ცრემლი და ლოცვა გვჭირდება საყვარელნო, რათა ჩვენთაგანმა უძლოს განსაცდელს, რამეთუ მრავალს ჩვენებას აღძრავს მტარვალი; რამეთუ ღმრთისამბრძოლია თავად და ყოველთაცა სწადია სიკვდილი; რამეთუ ღონესა რასმე მოიღებს მტანჯველი, რომე ყოველი ბეჭედს მხეცისას ატარებს. და ჟამსა თვისასა გამოჩნდება იგი ნიშებითა ყოველთა საცდუნებლად. და მაშინ ხოლო შეიძლებენ კაცნი სყიდვად საზრდელთა და სახმართა სხვათაც; და დაადგინებს მეთვალყურეთა ნებათა თვისთა აღმასრულებლად. მოხედეთ ძმანო, უსაზღვრო მზაკვრობას მხეცისას და ცბიერებას მისას, თუ ვით იწყებს იგი მუცლით, რათა უკიდურესის შიმშილით იძულებელყოს კაცნი მიიღონ ბეჭედი მისი უღირსი გამოსახულებისა მარჯვენა ხელსა და შუბლზე; რათა მარჯვენით პირჯვარი ვერ გადაისახოს კაცმა. რამეთუ უწყის უბადრუკმან, რომე უფლისა ჯვრისა გამოსახვა განაქარვებს ყოველსა მის ძალთა; და მსგავსადვე შუბლიც ლამპარივით ზე აღმართავს ნათელს ნათლისას ნიშანს მაცხოვრისას ჩვენისას. ამისთვის, ძმანო ჩემნო, მძიმე ღვაწლი გვმართებს ყოველთა ქრისტიანეთა, რათა სიკვდილის ჟამამდე შიშმა არ შეგვიპყრას და უქმად არ ვეგნეთ, ოდეს ვეშაპი ბეჭედს თვისას გამოსახავს ნაცვლად ცხოველმყოფელისა ჯვარისა. და ამისათვის, უეჭველია, იმგვარ ხერხს იხმარს, რათა სახელი უფლისა და მაცხოვარისა არც კი იხსენიებოდეს მას ჟამსა; ხოლო ამათ ყოველსა იქმს, მაცხოვრის წმიდა ძალის შიშითა და ძრწოლით, რამეთუ ვინც არ იქნება აღბეჭდილი მხეცის ბეჭედით, მას ვერ მოხიბლავს ცრუ სასწაულნი მხეცისა.
ყოვლითურთ გულისხმავყოთ, ძმანო, მოჩვენებითი ნიშები მტრისა. უფალი ჩვენი ხომ მყუდროდ მოვა ჩვენ ყოველთა თანა, რათა განგვაშოროს მზკვრობისაგან. ქრისტეს რწმენის წმიდად დაცვით მტარვალის ძალას შევარყევთ. მოვიღებთ უცდომელსა და მყარს გონებას, და განგვეშორება ჩვენგან უძლური, და ვერღარას იღონებს ჩვენდა სავნებლად.
გვედრით, ძმანო ქრისტესმოყვარენი, მე უღირსი, ნუ ვიქნებით უდებნი, არამედ უმეტეს გავძლიერდეთ ძალითა ჯვარისათა. გარნა უცილობელია ღვაწლი კართა-ზედა ბჭისათა და აღვიჭურვნეთ ყოვლითა საჭურველითა სარწმუნოებისათა. და მზა ვიყვნეთ ერთგულ მონათა მსგავსად, რაითა მტერი არ შევიწყნაროთ, რამეთუ უღირსი და სატიკი იგი მპარავი მოვა უწინარეს ჟამისა და იგულვებს ჭეშმარიტისა მწყემსისა რჩეულ ცხოვართა წარტაცებასა და წარწყმედას. განვიცადოთ, ძმანო თუ რაგვარის სახით მოვა სოფლად ურცხვი ურჩხული.
მაცხოვარმან მადლითა თვისითა ინება კაცთა ნათესავთა ხსნა და იშვა ქალწულისაგან ხატითა კაცისაითა და დათრგუნა მტერი ღვთაებრივითა ძალითა თვისითა. ხოლო მტერმაცა იზრახა ღმრთისა მიმსგვასებულად გამოჩინება და ცდუნება ჩვენი. გარნა უფალი მოვალს ქვეყნად ღრუბელთა ზედა სპეტაკთა, მსგავსად საშინელისა ელვისა; ხოლო სხვაგვარ არს მოსვლა მტერისა, რამეთუ განდგომილია იგი. ჭეშმარიტად შეგინებულის დედაკაცისაგან იშვება საჭურველი მისი: გარნა ეს არ ნიშნავს, რომ იგი განხორციელდა; მოვაღა იგი ყოვლადსაძაგელი, ვითარცა მპარავი, საცდუნებელად ყოველთა, მოვა მორჩილადა და მშვიდად და იტყვის სიცრუვით, ვითარმედ სძაგს კერპები და უმჯობესად მიიჩნევს ღვთისმოშიშებას, გამოჩნდება მტერი იგი კეთილად, გლახაკთმოწყალედ, უაღრესად კეთილ-ხილვითა, მტკიცე და ყოველთადმი გულთბილი იქნება; ხოლო უმეტეს პატივს უყოფს იუდეველთა ტომთა, რამეთუ იუდეველნი მოელოდებიან მოსვლას მისას. და ამათ ყოველთა თანავე დიდის ხელმწიფებითა ჰყოფს იგი ნიშებსა, სასწაულებსა და საშინელებათა, და ცბიერებით აამებს ყველას, რათა შეიყვარონ უმალვე ერთა, ძღვენს არ მოიღებს იგი, მრისხანედ არ ილაპარაკებს და არც პირქუშად იხილვება, არამედ მამათმთავრულის გარეგნობით იწყებს ცდუნებას სოფლისას, ვინემ არ გაბატონდება. ხოლო როს ტომნი და ნათესავნი მრავალნი იხილვენ ამგვარ ძალთა და სათნოებათა მისთა, მყის ერთი აზრი განმსჭვალავს ყოველს და დიდითა სიხარულითა ეტყვიან ურთიერთას და აღიარებენ ერთბაშად: „იპოებაა, სადამე კაცი ესოდენ მართალი და სახიერი?“ მაშინ მსწრაფლ განმტკიცდება მეუფება მის მაცდურისა და რისხვით ზარგანხდის სამთა დიდთა ხელმწიფეთა; მერმედ აღზვავდება გულითა და აღმოანთხევს ნაღველს ურჩხული იგი;
შეაძრწუნებს ქვეყანასა დ შესძრავს კიდით-კიდემდის; აჭირვებს ყოველთა და წაბილწავს სულთა, ხოლო აწ არღა სათნოდ წარმოჩნდება, არამედ დღე-ყოველ იქცევა ვითარცა კაცი გულფიცხი, პირქუში, მრისხანე დ მოსწრაფე, უწესო, და მოძულე და საზარელ. წარმოჩნდება მტერი იგი საძაგლად, ცბიერად და ურცხვად და ეცდება კაცთა მოდგმის უწმინდურების მორევში შთაგდებას. კუალად მრავალთა ცრუსასწაულთა ჰყოფს იგი და წინაშე თაყვანისმცემელისა თვის კრებულისა გამოსცემს ხმას ძლიერს, რომლისაგან ირყევა ადგილი იგი მის კრებულისა და იტყვის მტარვალი: „ყოველმა ნათესავმა ცანით ხელმწიფება და ძალი ჩემი!“ მერმედ წინაშე კრებულისა მთათა უცვალებს ადგილთა და ზღვით გამოიხმობს კუნძულთა, ხოლო ამათ ყოველთა თვალთმაქცობითა იქმს და ჩვენებითა, გარნაღა მოხიბლავს სოფელსა, აცდუნებს გულთა ყოველთასა და ერწმუნვიან მრავალნი და ადიდებენ მას, ვითარცა ღმერთსა ძლიერსა.
მწარედ ატირდება და იგოდებს მაშინ ყოველი სული, და მიეცემა მწუხარებას აუწერელსა დღითა და ღამით დ ვერცა სად ჰპოვებს საზრდელსა, რამეთუ მკაცრნი განწესდებიან მეთვალყურენი და რომელთ ხოლო იქნებათ ბეჭედი უწმიდურისა შუბლსა და მარჯვენა მკლავზედ, მათ მიეცემათ მცირედი საზრდელი. მაშინ ჩვილნი დედათ უბეში აღესრულებიან და დედანი შვილთა თვისთა ზედა მიიცვალებიან და მამანიცა მათვე თანავე. გარნა არავინ იქნება დამფვლელი მათი. უბანთა ზედა დაყრილ მძორთაგან შეიბილწება ჰაერი და შეძრწუნდებიან ცოცხალნი.
ცისკრად ვაებითა და ვიშით ღაღადყოფენ: „როსღა დაღამდეს და განვისვენოთ?“ მწუხრსა კი მწარედ ჰგოდებენ: „გათენდეს მალე, რათა დავიხსნათ მწუხარებისაგან“. გარნა არსით იქნება არცა გზა, არცა-საფარი, რამეთუ ზღვა და ხმელიცა აღშფოთდეს. ხოლო ამისთვის გვეტყვის უფლი: „მხნე იყვენით და ილოცევდით დაუცადებლად, რათა განერენით მწუხარებასა.“ ირყევა მაშინ და ამყრალდება ზღვაცა და მიწაც და ჩამოდგება შიში ყოველგან; ხოლო მას ჟამსა არღა ვის არგებს ოქრო-ვერცხლთა და სამოსთ უხვება, არამედ ჰნატრიდენ ერნი ყოველნი უწინარეს ჟამისა მის მიცვალებულთა. გზა-შარას ეყრება ოქრო და ვერცხლი და არვინ პირს იქცევს მათდა, არამედ საძაგელ იქმნება ყოველი; და ილტვოდეს ყოველი და ვერსადა განერეს; და იყოს შიში, შიმშილი და ჟამსა ყოველ მწუხარება და დევნა უყონ კაცთა ღრიანკალთა და ქვეწარმავალთა და მხეცთა. შინაგან შიში შეუდგებათ და გარეგან ძრწოლა; გვამები აავსებენ გზა-შარასა და ყროლით გაუსაძლისდება სახლებში. შიში, გმინვა და გოდება იდგება შინა თუ გარეთ. მოთქმით შეეყრებიან ერთურთს კაცნი: შვილნი-მშობელთა და თვისტომნი-თვისტომთა და ერთურთს გადაჭდომილნი აღესრულვიან; დაჭკნება შუენიერება ყოველი პირისა და მოიღებენ სახეს მკვდართასა; ბილწ იქნება და საძაგელ სიტურფე ქალისა; დაშრტება ყოველი სხეული და გულისთქმა კაცობრივი. ყოველი რომელ ერწმუნება მზაკვარსა მხეცსა და მიიღებს ბილწ ბეჭედს მისას, მეყსეულად ვედრებით შეუვრდება მტარვალსა მას და ეტყვის: „გვეც ჩვენ სასმელი და საზრდელი, რამეთუ მოვწყდებით შიმშილითა და განაძე ჩვენგან მხეცნი გესლოვანნი“. გარნა ვერას იღონებს უბადრუკი იგი, არამედ სისატიკითა აღვსილი შერისხავს კაცთა: „სადაით მოგცეთ, სასმელ-საზრდელი?! ცამან არ მოსცის წვიმაი და მიწამ ნაყოფი!“ და შერისხვითა მით ატირდებიან ერნი დ სასოწარკვეთილნი ნუგეშს ვერსაით მოიღებენ, არამედ წუხილი სხვაცა დაერთვით რამეთუ მსწრაფლ ირწმუნეს მტარვალისა. გარნა თუ თავისა თვისისა შეწევნა არ ძალუძს, სხვანი მან გველმან ვით შეიწყალოს? მათ დღეთა შინა მრავალს ჭირსა და ვნებას მოაწევს ურჩხული იგი: განთესავს შიშსა და შესძრავს ქვეყანასა, აღტეხავს ზღვათა და დევნის კაცთა სიყმილითა, წყურვილითა და მხეცითა ნაირგვარითა. გარნა ანტიქრისტეს ბეჭდით დაბეჭდულთა და მხეცისა მის, ღმრთისა სახელითა სახელმდებელთა და თაყვანისმცემელთა ნაწილი არღა ექმნებათ ქრისტესთან სასუფეველში, არამედ მის ვეშაპისა თანა მიეცემიან გეჰენიასა. ნეტარ არს, რომელ მტკიცედ და წმიდად ეგოს ყოვლითურთ და გული მისი შეუორგულებლად ზრახვიდეს ღმრთისა თანა. რამეთუ მხნედ წინააღუდგეს იგი მტრის ყოველ ზაკვას და არად შერაცხოს ყოველი ტანჯვა-წამება და საცდურნი მისნი.
ხოლო მოწყალებითა თვისითა, უფალი უადრეს წარმოგზავნის ილია თეზბიტელსა და ენუქს, რამეთუ ასწავლონ წინასწარმეტყველთა ამათ ერთა ღმრთისმოშიშება და ღმრთისმეტყველება და განსწავლონ კაცნი, რათა შიშით არ შეუვრდენ მტერსა, არამედ უწყოდენ ყოველთა, რამეთუ: ცბიერ არს იგი, ჰოი კაცნო! იოტოდენსა ნურც ვინ ირწმუნებს მისას და ნურცა ვინ დამორჩილდეს მგმობარსა მას; და ნურც ვინ თქვენგანნი შეძრწუნდება, რამეთუ მსწრაფლ უქმ იქნება მგმობელი ყოვლითურთ. დაღათუ მოვალს უფალი განსაკითხველად მისა და ნიშთა მისთა მორწმუნეთა. გარნა მცირედნი მოხედავენ და ერწმუნვიან წინასწარმეტყველთა ამა მოძღვრებას. არამედ მაცხოვარი განუზომელითა კაცთმოყვარებითა თვისითა ჰყოფს ესე ყოველთა; რამეთუ მათ ჟამთა შინაცა არა დაუტევებს უფალი კაცთა უმოძღვრელად, გარნა სამჯავროს არღა ვის ეთქმის სიტყვად.
ხოლო მას ჟამსა უწმიდურისა მოსვლისასა წმიდანნი თუ სადამე იპოებოდნენ, ნაკადულნი ცრემლთანი დიოდიან ყოვლადწმიდისა ღმრთისა მიმართ, რაითა გამოიხსნას ისინი გველისაგან. და განილტვიან ქრისტეს მხედარნი მთად და უდაბნოდ, თავს დაიყრიან მიწას და ნაცარს და მორჩილებითა დიდითა დღითა და ღამით აღავლენენ ლოცვებსა, გარნა ღმრთისაგან მოეცემათ მათ ესე ყოველი; და მადლი უფლისა გაიყვანს და განუჩინებს მათ ადგილსა და გადარჩებიან ხევს, ნაპრალს და ქვაბურს შეფარულნი და არცა განიცდებიან ანტიქრისტეს ნიშთა და საშინელებათა; ხოლო ვინც გულისხმაყოფს ამა სწავლასა, უცდომლად იცნობს ანტიქრისტეს მოსვლას. გარნა რომელთა ამქვეყნიური გონება აქვთ და უყვართ მიწიერი, იგინი ვერ გულისხმაყოფენ, რამეთუ დღემუდამ მიჯაჭვული არიან მსოფლიო ზრუნვას და თუმღაცა ეუწყოთ, გარნა არა ირწმუნონ ესე ყოველი, არამედ მოიძაგებენ მოძღვარსა; ხოლო წმიდანი ამათ სწავლათაგან განმტკიცდებიან, რამეთუ ყოველივე მსოფლიო დაუტევეს ზრუნვა.
ჟამსა მას ატირდება ყოველი ზღვა და ხმელეთი, ატირდება ჰაერი და მასთან ატირდებიან ნადირნი ტყისანი და მფრინველნი ცისანი; ატირდებიან მთანი, ბორცვნი და ბარად ველნი, და ციურნი მნათობნიცა ატირდებიან კაცთა მოდგმისათვის; რამეთუ ყოველნი განუდგნენ ყოვლადწმიდასა ღმერთსა და ირწმუნეს მაცდურისა; და ნაცვლად მაცხოვრის ცხოველმყოფელისა ჯვარისა მოიღეს ნიშანი ბილწისა და განდგომილისა. ატირდება ცა და ქვეყანა, რამეთუ პირთაგან კაცთა არღა აღევლინება ლოცვა და ფსალმუნება; და გლოვა დიდი იქნება ქრისტეს ეკლესიას, რამეთუ არცა სადა ღვთისმსახურება აღესრულება და არღაცა მსხვერპლი შეიწირვის.
სამწელიწადნახევრის შემდგომად დასრულდება ხელმწიფება და ქმედება ყოველი უწმიდურისა და განსრულდება ცდუნება ყოველი სოფლისა და შემდგომ, ვითფარცა წერილ არს, მოვალს უკუე უფალი მსგავსად ელვისა ზეცითგან, მოვალს ნათელი, ყოვლადწმიდა, შესაძრწუნებელი და დიდებული ღმერთი ჩვენი დიდითა დიდებითა თვისითა და მოვალს ღმრთისა დიდებისა თანა დასნი ანგელოსთანი და მთავარანგელოსთანი და ყოველნი ვითარცა ალი ცეცხლისა და აღივსება მდინარე ცეცხლითა. და ქერუბიმნი თავს დაიდრეკენ და მფრინავი სერაფიმნი ცეცხლისა ფრთითა დაიფარვიან პირთა და ფერხთა და ძრწოლვით იღაღადებენ: „აღსდექით მკვდარნი, აჰა, ესერა სიძე მოვალს“. მაშინ საფლავნი განირღვევიან და წინაპარნი ყოველნი წამისყოფითა აღსდგებიან და წარსდგებიან წინაშე სიძისა; ხოლო უთვალავნი აღდგომილნი და ათასეულნი და ბევრეულნი ანგელოზნი და მთავარანგელოზნი და ურიცხვნი მხედრობანი იხარებენ დიდითა სიხარულითა; და იხარებენ წმიდანი და მართალნი და ყოველნი, რომელთა არ მოიღეს ბეჭედი ურჩხულისა და უწმიდურისა. ანგელოზნი შეკრავენ მტარვალს ყოვლითა ბოროტ სულებითურთ და მათ ყოველთაცა, რომელთა შეიყნარეს ბეჭედი ანტიქრისტესი; და რომელნი შეეფარვოდიან ქვაბთა, ნაპრალთა და ხევთა სამარადისოდ იხარებენ ესენი წმიდათა თანა ზეციურ საყდარში უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა". III ტომი.
No comments:
Post a Comment