მივიცვალები მე ეფრემ და ვწერ ანდერძს, რამეთუ მსურს ყოველს ვუწილადო რაჲცა მაბადია და მცნობელნი ჩემნი მომიხსენიებდნენ ამა სიტყვათაგან მაინც.
ვაი, რომ ჟამი ჩემი გარდახდა და მდინარება წელთა ჩემთა განქარდა. ხორცნი განილია და ნავი მიადგა ნაპირს.
ლამპარში ზეთი დაშრეტილა და დღენი ჩემნი გარდასულან. მსახურმა აღასრულა წუთისოფელი და მოგზაურმა განვლო ჟამი კუთვნილი.
გარემომადგნენ მე მცველნი და ვითარცა ავაზაკსა ქედსა ზედა დამადგნეს ჯაჭვნი.
ვის შევღაღადო, ანუ ვის ვუხმო შველად, რამეთუ არავინა ჩანს მხსნელი? და ვაი, შენდა ეფრემ, ოდეს სამსჯავროდ წარსდგე წინაშე ძისა! და გარემოგადნენ შენ მცობელნი შენნი.
ვაი სირცხვილო! და ვაი იქ განკიცხულთა!
შენ საჯე, უფალო, ეფრემ და ნურვის მისცემ სხვათა განსასჯელად. რამეთუ ღმერთი, რომელსა განიკითხავს, მასვეცა წყალობს სამსჯავროდ.
ბრძენთაგან ესრეთ მსმენია და წინამძღვართაგან მცნობაი: რომელი ხედვიდეს პირსა ღმრთისასა, დაღათუ ცოდვილ იყოს, სიკვდილსა არა მიეცემის.
ვაი არს ჩემდა, ძმანო! რაი მეწია მე? სტიროდეთ და მოთქმიდეთ ხვედრისა ჩემისათვის; რამეთუ მაჭირვებელნი ჩემნი მოვიდნენ მოსწრაფედ ჩემდა და შემპყრობად და წარტყვენად მრავალთა სხვათაებრ.
ფრიად მაშინებს წინასწარმეტყველ ოსეს სიტყვები, რომლითა მყვედრის და მკიცხავს მე: „ჭაღარა შეერია ეფრემს, მას კი ვერაფერი შეუტყვია“ (ოსე 7; 9). და კუალად იტყვის ოსე: „გაწვრთნილი ხბოა ეფრემი, მე თავად გადავივლი მის ქედზე და გავხედნი მას (ოსე 10,11).
გარნა თუ ვინმე იტყვის, რომ ოსე ამას იოსების ძე ეფრემზე ამბობს, მაშინ ვარწმუნებ მათ, რომ წინასწარმეტყველი ოსე ეფრემს ეფრემისაგან არ განარჩევდა, ხოლო მე სხვათ რომელთაგანმე.
მცირედღა მამშვიდებს დავით წინასწარმეტყველი, რომელი იტყვის: „ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისა“ (ფს. 59, 9). ღმერთია მოწამე, ძმანო თავს არ ვიწონებ, არამედ გმოძღვრით თქვენ, გსწავლით და გაუწყებთ, რაჲთა მომიხსენიებდეთ მცნობელნი ჩემნი სიტყვათა ჩემთათვის ოდენღა მაინც.
აწ განვწესებულვარ და აღვესრულები, მოვედინ და თვალნი დამიხუჭეთ. განგეშორებით და ძალი არ შემწევს დაშთომად.
ვფიცავ, სიცოცხლეს თქვენსას, მოწაფენო ჩემნო და სიცოცხლეს თვით ეფრემისას, რომ არღა გარდმოვალს იგი სარეცლით; რამეთუ მძიმე სენს შევუპყრივარ და დაუთმენელ არს ტანჯვაჲ ჩემი.
სასწაულს გიჩინებთ დ სარკეს გიდგამთ, რაითა მოხედოთ მასში გამოსახულს და ჰბაძავდეთ მას.
დღითა თუ ღამით, სიცოცხლეში არვინ მიძრახავს და დღიდან ჩემის არსებობისა არც ვისმე წავკიდებივარ.
გარნა ხშირადა ვპაექრობდი განდგომილებთან, შორის კრებულისა. ხოლო ესეცა უწყოდეთ, რამეთუ მწყემსნიცა ცემენ თვისთა ძაღლთა, ოდეს მომხვდურ მგელს არა შეჰყეფენ.
ბრძენს არვინა სძაგს, გარნა ხოლო ბრიყვი. და მსგავსადვე, ბრიყვსაც არავინ უყვარს ოდეს თუ ბრიყვი.
ნუ გიკვირთ, ძმანო, თუკი მორჩილებაში წვრთნის ჟამს ვინმე განმიდგა. თორმეტ მოციქულთაგანაც იყო ერთი გამყიდველი იუდა; ესეცა უწყოდეთ, რომ ვენახში ჯერეთ ეკალბარდი აღორძინდება. წინაშე თქვენსა, ვითარც ერთსულ და ჭეშმარიტ ძმათა წინაშე ვმოწმობ, რომ რწმენა ჩემი საღია და ურყევი. ხოლო მსურს მტკიცედ ეგოს ზრახვა ჩვენიცა მართალთა ურღვევ და ერთსულ სარწმუნოებაზედ.
ვფიცავ, სინას მთაზე წყლობის მომცემელსა; და ვფიცავ, პირ მღაღადებლისა: „ელოი“ (მარკ. 15, 6) და მით ღაღადებითა ყოველთა ქმნულთა შემძვრელსა;
ვფიცავ, ძლიერებასა და დიდებასა მისსა, ვინაც ყვრიმალში იცემა და ჰნერწყვიდნენ და დაითმინა;
ვფიცავ, სამ პიროვნებას ცეცხლისას (2 სჯ. 4, 33) და ერთ არსებას ღმრთისასა და ერთსა ნებასა, რომ არ განვდგომილვარ ეკლესიას და არ აღვდგომილვარ ღვთის ყოვლისმპყრობელობას.
დაღათუ მამა მედიდებინოს გონებით უმეტეს ძისა, დაე, ნუ შემიწყალოს მე ერთარსმა ღმერთმან. დაღათუ სული წმიდა მცირედ მგონებოდეს მამისა და ძისა, დაე, წყვდიადმა დაფაროს თვალნი ჩემნი.
დაღათუ სხვაგვარად მრწმენეს, ვინემ ვიტყოდი, წყვდიადს მივეცე უკუნეთს; უკეთუ ფარისევლობით ვიტყოდე, ასპიტთა თანა შევიწვა ცეცხლში.
გარნა თუ ამას კაცთმოთნეობისათვის ვიტყოდე, ნუღარ შემისმენს ღმერთი სამსჯავროს ჟამსა.
მოწაფენო ჩემნო, ვფიცავ სიცოცხლეს თქვენსას და სიცოცხლეს ჩემსას: ეფრემს არ გააჩნია საკუთრება, არცა კვერთხი და არცა საყუდელი, რამეთუ მესმა სიტყვა ღმრთისა ჩვენისა: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა“ (მათე. 6, 19).
მოვედინ, ძმანო, მშვიდობა მეცით და განმიტევეთ აწ, რამეთუ განგეშორებით და გაფუცებთ, საყვარელნო, მომიხსენებდით ლოცვებში; რამეთუ ცოდვილმა, ამაოებაში განვლიე დღენი ჩემნი.
დაღათუ ვინმემ დამდვას ქვეშე საკურთხეველისა, მას ნუ ეხილოს საკურთხეველი ღმრთისა.
დაღათუ ვინმემ, დამდოს ტაძარსა, ნუღა ეხილოს ნათელი ტაძრისა, რამეთუ უღირსთათვის ფუჭია ამაო დიდება.
შიშვლად წარსდგება ყოველი პასუხისგებად და რისთვის პატივყოფთ მას, ვინც არ დაიცვა ღირსება თვისი? ხოლო რომელმან არა ადიდა თავი თვისი, ნურცა სოფელმა ადიდოს იგი.
ყოველი წარვალს, ვითარცა გესმით ღმრთისა ჩვენისაგან (მათე. 24, 35) და ამისათვის ცრემლითა ვიტყვი, რომელ წერილ არს, ვითარმედ ქვათაგან ნაგები ტაძარი ირღვევა (მათე. 24, 2), ხოლო ტაძარი ხორციელი აღსდგება სამსჯავროდ განსაკითხველად. გარნა უფალი ჩვენი არა თუ ქვათა განიკითხავს, არამედ ძეთა კაცთასა.
ნურაფერს აიღებთ ჩემგან სახსოვრად, ძმანო ჩემნო, შვილნო ჩემნო და შვილნო ეკლესიისანო; რამეთუ სახსოვრად თქვენდა იგი არს, რაიცა გესმათ ცხოვრების მომნიჭებელისა ჩვენისა ღმრთისაგან.
გარნა თუ რასმე წაიღებთ ეფრემისაგან, ეფრემსავე მოეკითხება, რამეთუ მეტყვის მე უფალი: ჩემდა უმეტეს სწამდათო შენი; გარნა თუ ჩემდა სასოებდნენ, მაშინ სახსენებელად შენდა, შენსას არაფერს წაიღებდნენო.
ნუცა წმიდათა თანა დამასვენებთ, რამეთუ ცოდვილ ვარი მე და ყოვლად უღირს. ხოლო მაშინებს ნაკლულებისა ჩემისათვის სიახლოვე წმიდათა ძვალთა.
ცეცხლთან მიახლოვება ჩალასა შესწვავს და აღაგზებს. ამისთვის ვშიშობ და ესრეთ ვიტყვი; გარნა ნუ ჰგონებთ ვინმე, ვითარმედ მძაგდეს მე სიახლოვე წმიდათა.
მესმა წინასწარმეტყველისაგან, ვითარმედ: ნოემ, იობმა და დანიელმა ვერ იხსნან მახლობელნი თვისნი (იეზეკ. 14, 14, 18); და კუალად წერილ არს: „ძმამან ვერ იხსნას“ ძმა და ნათესავმა ნათესავი (ფს. 48, 7).
რომელმან ხელთა ზედა თვისთა აღმიქუას მე და ესრეთ წარმიღოს, კეთრმან დაფარნოს ხელნი მისნი მსგავსად გეეზიისა; არამედ მსწრაფლ წარმიღებდით საკაცითა და დამდებდით, ვითარცა საძაგელსა, რომელმან ცუდად განვლიე დღენი ჩემნი.
რისთვის უნდა მადიდოთ, ოდეს შეგინებული ვარ წინაშე ღვთისა, და რისთვის უნდა ნეტარმყოთ, ოდეს საქმენი არა მაქვს კეთილნი.
გარნა თუ ვინმე აღწეროს საქმენი ჩემნი, პირში მნერწყვიდეთ ყოველნი. ხოლო თუ ცოდვის სიმყრალესა აგრძნებდეს ვინმე, მაშინ ყოველი განელტვოდა საძაგელებას ეფრემისას.
ვინც საფლავში ჩამატანდეს სამოსელს ძვირფასს, წყვდიადს მიეცეს იგი უკუნეთს; ანუ თუ ძოწეულს ვინმე ჩამატანდეს, ცეცხლსა მიეცეს იგი ჯოჯოხეთისას.
ცოდვილ ვარ მე, ვითარცა ვსთქვი ერთგზის და ნურვინ სათნომიყოფდეს.
განცხადებულ არს ღმრთისადმი საქმენი ჩემნი და უწყის მან ყოველი უსჯულოება ჩემი, რაიცა მიყოფიეს. შეგინებულ ვარ მწიკვლთაგან და უწესოებათა და ურცხვინოებათა ჩემთაგან და დაბნელებულ ვარ ცოდვათაგან.
ყოველგვარი უწმინდურება და ყოველგვარი ცოდვაა ჩემში დავანებული. ჩემშია ურცხვება ყოველი და უსჯულოება და სიავე ყოველი.
მოვედით ედსელნო, ძმანო ჩემნო, მეუფენო ჩემნო, შვილნო და მამანო ჩემნო, მოიღეთ აღთქმულნი თქვენნი და დასდევით სამარეს ძმისა თქვენისა თანა.
მოიღეთ აღთქმულნი თქვენნი და დასდევით წინაშე ჩემსა, რაითა გონები მიხდამდის თავად განვუწესო ფასი.
გაყიდეთ სამოსელი ძვირფასი და საფასე მათი განუყავთ გლახაკთა.
თქვენც სარგებელს ჰპოვებთ და მეცა წამადგება. რამეთუ თქვენ მადლი ღმრთისა მოგაგებთ ამისთვის, ვითარცა გამღებელთა, მე კი ვითარცა მრჩეველსა.
გარნა სხვაა სასიყდელი საქმეთათვის და სხვაა სიტყვათათვის. გამღებელი უმეტეს მომღებლისა არს, ვითარცა გესმათ, საყვარელნო (საქმ. 20, 35).
გმადლობთ, ძმანო მისთვის, რაიცა მიწილადეთ და რაოდენიცა მაგეთ პატივი, გარნა კი უღირს ვარი მე, რამეთუ ცოდვათა შინა აღვასრულე ჟამი ჩემი.
ღირსმყოფი წინასწარმეტყველისა, სასყიდელსა წინასწარმეტყვე¬ლისასა მიიღებს, ვითარცა გვარწმუნებს მოძღვარი ჩვენი (მათე. 10, 41); ხოლო თქვენ უწყით, რომ იგი არა მტყუვარ არს.
დაღათუ ცოდვილ ვარ, არამედ ქრისტე მოგიზღავთ თქვენ; რამეთუ მისთვის და სასოებითა მისითა მომაგეთ პატივი ესე. ვისთვისაც ღირსმყოფდით, საყვარელნო, მისგან მოიღებთ სასყიდელსა აღთქმათა თქვენთათვის და შეიწირავს შეწირულებათა თქვენთასა. თუმცაღა არ ვარ წინასწარმეტყველი, არამედ სასყიდელსა წინასწარ¬მეტყველისასა მოიღებთ თქვენ.
კურთხეულ არს თქვენით დასახლებული ქალაქი ედესა მშობელი ბრძენთა! ქალაქი იგი ცხოველსმყოფელითა პირითა თვისითა აკურთხა ძემან მეოხებითა მოწაფისა თვისისათა.
დამაარსებელმან მის ქალაქისამან მეფემან ავგაროზ ინება შეწყნარება ყოველთა მეუფისა ქრისტე მაცხოვარისა, და წარგზავნა კაცნი საუწყებლად სიტყვათა: „მესმა ყოველი ქმნულნი შენნი და ყოველი, რაიცა დაითმინე განდგომილ იუდეველთაგან. მოვედ და დაემკვიდრე ჩემთანა. მცირე ქალაქი ჩემი მსახურ შენდა და ჩემდა იქნება“. მაშინ რწმენითა მის მეფისათა განკვირვებულმან უფალმან, უკვდავნი მახარებელნი წარგზავნა და აკურთხა ქალაქი იგი და განამტკიცა საფუძველი მისი.
და იყოს კურთხევა ესე მასზედა, ვინემ არ მოვალს წმიდა! ვინაც ჩემდამი აღთქმულთაგან და აქა მოტანილთაგან უკან წაიღოს რამ, დაე, ანანიას სიკვდილით მოკვდეს იგი, რომელმნ იზრახა ცრუყოფა მოციქულთა და დაეცა მკვდარი წინაშე ფერხთა მათსა.
ოდეს ამას იტყოდა ეფრემ, იქ მდგომთაგნი კაცი ვინმე დიდგვაროვანი ფრიად, უწმიდურ სულისაგან დაეკვეთა და ხმა ჰყო ხმითა დიდითა. ეფრემმა უთხრა მას: „რაი გიყოფიეს შენ, კაცო?! და ამათ სიტყვათა თანა მეყვსეულად აღსდგა კაცი იგი და მიუგო ეფრემს: „ძვირფასი სამოსი მოვიტანე შენთვის წარსატანებლად, ხოლო ოდეს უარყავ ყოველი წარსატანელი, აზრი ვიცვალე და ვსთქვი: უკეთუ თან არა წარიღებს ამგვარს სამოსელს, მაშინ რისთვისღა გამოვაჩინო იგი? გარნა თუ გლახაკთ განკითხვასა ბრძანებდი, მაშინ სხვას რასმე განვუყოფდი მათ“. ნეტარმა უპასუხა: „წარვედ და აღასრულე ზრახვა შენი“. დალოცა იგი და ხელდასხმითა განკურნა უწმიდურ სულისაგან., და ეფრემ კუალად იწყო სიტყვად:
ვინაც ცვილის სანთლით წარმიძღვეს წინა, დაე, შინაგანმან ცეცხლმან მისმან შეწვას იგი. გარნა რად უნდა ცეცხლი მას, რომელს საკუთარი ცეცხლი სწვავს? რაც უფრო მსწრაფლ ეგზნება ხილული ცეცხლი, მით შინაგანი, იდუმალი ცეცხლი აღეგზნება.
კმა არს ჩემდა შინაგანი სენი ჩემი; ნუ გაამძაფრებთ მას გარეგანითაც. უმჯობესია ცრემლოოდეთ, ძმანო ჩემთვისა, მეგობართა და ყოველთა მსგავსთა ჩემთათვის.
ცოდვათა და ამაოებათა შინა განვვლე მე დღენი ჩემნი და დღესა მას, ოდეს არა ვსასოებდი, მეწია და დამეცა მე მპარავი; და ჟამსა მას ოდეს არა გულისხმავყოფდი, მოვიდა მტაცებელი და მაიძულებს განსვლად ჩემთვის უხილავ ქვეყნად.
გაფუცებ შენ, მიმტაცებელო ჩემო, ნუ მარცხვენ და მტანჯავ მე. გარნა თუ ცოდვათა ჩემთაებრ მიყოფდე, შიშითა დიდითა მოვიცვი და რაჲ მეყოს მაშინ?
ოდეს საქმეთა ჩემთა მოვიხსენებ, მუხლი მეკვეთება, კბილთ მაცემინებს და ზარი მიპყრობს.
რამეთუ დღიდან შობისა ჩემისა ყოველთა დღეთა შინა ყოვლითურთ არარაი კეთილი მიქმნია.
საფლავში საკმეველს ნუ ჩამატანთ, რამეთუ ფუჭია ჩემთვის პატივი ესე. ნუცა კეთილსუნელებათა დასდებთ ჩემთანა, რამეთუ განკითხვისაგან ვერ მიხსნან მათ.
საკმეველი საკურთხეველში აკმიეთ, ხოლო მე ლოცვითა განმიტევეთ. კეთილსურნელებანი შესწირეთ ძღვნად ღმერთსა, ხოლო მე ფსალმუნთმეტყველებით მიმაბარეთ მიწასა.
საკმეველთა და კეთილსურნელებათა ფუჭად გახარჯვის ნაცვლად, ლოცვათა შინა მომიხენებდით; გარნა რასა რგებს მკვდარს კეთილსურნელი, რომელს ვერღა გრძნობს იგი? საკურთხეველში აკმიეთ საკმეველი, რაითა მასში შემავალნი აღივსებოდნენ კეთილსურნელებითა.
ბალღამის სიმყრალეს ნუ შეჰხვევთ აბრეშუმის სამოსში, რაიც არაფრის მაქნისია. უტიეთ ცხედარსა წოლად მწვირეზე, რამეთუ არღა აგრძნებს იგი პატივსა.
მდიდარსა შვენის დიდებულება, ხოლო მწირს უპატიოება; მეფის ჩამომავალთა ხვედრია სამეფო, ხოლო უცხოსთვის მიუსაფრობა.
ნუ დამფლავთ თქვენთა საფლავთა შინა; რამეთუ არას მარგებს მე მოსართავები თქვენნი. ხოლო მე აღვუთქვი ღმერთსა, რაითა დამმარხვიდნენ გლახაკთა თანა.
მეცა გლახაკთა მსგავს ვარ და მათვე თანა განმისვენეთ, ძმანო. ყოველ ფრინველს თანაგვარი თვისი უყვარს, და კაცთაც მსგავსნი თვისნი უყვართ.
დამდევით მე სამარხსა მათსა, საცა გულით შემუსრვილნი განისვენებენ; რაითა ჟამსა მოსვლისასა ძე ღვთისამ მეცა მაპკუროს და აღმადგინოს მათვე თანა.
მოხედე ღმერთო აღთქმათა ჩემთა და გარდამოავლინე მადლი შენი ჩემზედა; შენ გევედრები, ძეო მოწყალებისაო, ნუ განმიკითხავ ცოდვათა ჩემთაებრ.
„უკეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს?“ (ფს. 129, 3). დაღათუ მოჰკითხო, არვინ განმართლდეს წინაშე შენსა.
„ყოველი პირი დაიყოს“, ვითარცა წერილ არს, „და სასჯელსა თანამდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისაი“ (რომ. 3, 19). არათუ სასოწარკვეთითა ვიტყვი ესრეთ, არამედ რაიცა წერილ არს მასვე ვზრახავ.
რაი მოიღო ძეო მოწყალებისაო, დაღათუ ცეცხლსა მივეცე? გარდამოავლინე ჩემზედა წყალობა შენი, რაითა განცხადდეს მადლი შენი.
დაღათუ მკაცრად განიკითხო, მაშინ ვითარღა გვაუწყა ჭეშმარიტებამან შენმან, არცა ერთი განმართლდეს ათასთაგან და არცა ორი მრავალთაგან (ფს. 13, 3).
ნუთუ ის გამშვიდებს, ეფრემ, რომ არა განვიკითხავ კაცთა, რომ მართალნი უსჯულოთა თანა გატოლდებიან, ანუ უმწიკვლონი და სათნონი ბოროტთა თანა?
ნუ იყოფინ; აროდეს იქნება ზიარება ნათლისა ბნელთანა. ვითარ გატოლდეს აბელი და მკვლელი მისი კაენი? ანუ ვით შეიძლება წამებულთა და მაჭირვებელთა მათთა თანამკვიდრობა, ოდეს წამებულნი ჰღაღადებენ და სწამებენ მათთვის.
იმას როდი ვამბობ და ვითხოვ, კეთილი ბოროტთან გასწორდეს; არამედ შენ გევედრები ძეო ღმრთისაო, შემიწყალო მე და მეგობარნი ჩემნი და მსგავსნი ჩემნი.
ამას ვიტყოდი და ვიტყვი და არა განვეყენები სიტყვათა ჩემთაგან; უკეთუ შენ არა მოიღებდე მოწყალებასა, ვერავინ იხილოს სასუფეველი.
რამეთუ ყოველთა ხორცშესხმულთაგან ერთია ხოლო უცოდველი. და არა ოდენ იმისთვის ვიტყვი ესრეთ, რომ თავად ცოდვილ ვარ, არამედ წერილიცა ამასვე გვაუწყებს ჭეშმარიტად.
თავი ანებე ბრძნობასა, ეფრემ, მეუბნება სიკვდილის ანგელოზი; რამეთუ არას გარგებს შენ ღვლარჭნა გონებისა და წარმტყვენველნი შენნი ყურს არ გიგდებენ შენ.
და რისხვითა კუალად მეტყვის მე ანგელოზი სიკვდილისა: დადუმდი; ყოველი შენებრ არ მოკვდება; ცოდვილს ყოველი თვისი მსგავსი ჰგონია, ხოლო ბრმას ყველა ბრმა.
მოვედით, ძმანო და განმისვენეთ, რამეთუ ძალი მერთმევა და მალე არღა ვიქნები შორის თქვენსა; ლოცვითა და ფსალმუნებითა და წყალობითა გამაცილებდით.
სიკვდილის ოცდამეათე დღეს აღასრულეთ, ძმანო ჩემთვის ხსენება.*
გარნა არ გულისხმაყოფთ, ოდეს ვენახში ცოცხალი ღვინო მოიწია, მაშინ თიხის ჭურჭელშიცა დუღს მკვდარი ღვინო?
ხახვიც კი იჩენს გრძნობას, და როცა ერთი მინდვრად აღმოცენდება, მაშინ მეორე სახლში ღვივდება. მით უფრო არ უნდა გრძნობდნენ მიცვალებულნი, ოდეს ხსენება მათი აღესრულება?
ბრძენი შემედავება: ბუნების კანონებით აღესრულება ესე და ბუნება ვერა მარწმუნებს მე, ვინემ სარწმუნოს არას წარმომიჩენდეო.
მტკიცებასაც აწვე წარმოვაჩენ წერილიდან, ოდეს მოსე რუბენს აკრთხევდა, უთხრა: „ცხონდენ რუბენ და ნუ მოკუდებინ და იყავნ იგი რიცხვით მრავალ“ (2 სჯული. 33, 6). და თუ ჰგონებს ვინმე, რომ მიცვალებულნი არა აგრძნებენ, მაშინ პავლე მოციქულს მოუსმინეთ: „უკუეთუ ყოვლად მკუდარნი არა აღდგებიან, რაისაღა ნათელს-იღებენ მკუდართათვის“ (1 კორ. 15, 29)?
ვითარცა წერილ არს, მატათიას შთამომავალნი ჭეშმარიტების მხოლოდ გარეგნული სახით მპყრობელნი მსხვერპლს შესწირავდნენ და მით წარხოცდნენ ბრძოლებში დაცემულთა ცოდვებს. (2 მაკაბ. 12; 40-45) ხოლო მით უფრო არ ხელეწიფებათ ძე ღვთისას მღვდელთმსახურთ წმიდა მსხვერპლითა და ლოცვით ცოდვათა წარხოცვა?
გარნა თუ ვინმე მოვიდოდეს ჩემდამო ხსენების აღსასრულებლად, მაშინ ნუვინ თქვენგანი ყოფს უსჯულოებასა და ცოდვას, არამედ სიწმიდითა და უბიწოებით დაადგინეთ ლოცვას. ესრეთ ჯერ არს, არა თუ მისთვის რომ მრუშება უმეტეს სხვათა ცოდვათაგანია, არამედ რაითა მე არ მეკითხოს პასუხი; რამეთუ მეტყვის მე უფალი: შენ შემოჰკრიბე ეფრემ მემრუშენი ესე, ხოლო წერილ არს, ვითარმედ განიკითხავს მათ უფალი სამსჯავროს ჟამსა (ებრ. 13, 4).
კუალად მსურს ვთქვა, რომ ძლიერ მეშინია, საყვარელნო. არამედ ერთგზისცა ვიტყვი ამას: ვისაცა ღმერთი განსჯის, იგივ მოიღებს წყალობას სამსჯავროზედ.
ხორციელი ვნება სხეულში იგივეა, რაიც საფუარი ფქვილში. ვნება ესე კაცისაგან იშვება, ვითარცა ცეცხლი რკინაში და რაც მსწრაფლ აღეგზნება რკინაში ცეცხლი, მით უფრო ალღობს და შეშჭამს მას.
მომიახლოვდით, მოწაფენო და მოიღეთ კურთხევა კურთხეულისა მწყემსისა ძალით. მე ნოე არ ვარ, გარნა თქვენ იქნებით ვითარცა სემი და იაფეთ.
არცა მსგავს მელქისედეკისა ვარ, გარნა იყვენით თქვენ მსგავსნი ისუსი ძისა ნავესი; არღაცა ვარ ილია, არამედ მიიღეთ სული ჩემი მსგავსად ელისესა.
ქრისტემან აღამაღლოს გონება შენი, საკირველო აბბა და განათლდეს ნათელი შენი ანგელოზთაებრ, მოსესა მსგავსად გაბრწყინდი დიდებითა და დაე, გულისხმაყოფდნენ ყოველნი მხილველნი შენნი, ვითარმედ მონა ღმრთისა ხარი შენ.
ღმერთმან აბრაამისამან შეისმინოს შენი, კვალსა ჩემსა შემოდგომილო აბრაამ და ოდეს იზრახი ოდენ პირმეტყველებად, სიბრძნით აღგავსოს უფალმან შენმან, ვითარცა მასმიეს წინასწარმეტყველისაგან „განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე“ (ფს. 80, 11).
ღმერთმან გისმინოს, სვიმონ, ოდეს უხმობდე ლოცვასა შინა. რომელ ქალაქშიაც შეხვიდოდე, აგევსოს ეკლესია იქ, ვითარცა ფიალა! შენდა მოვლიან სასძლონი და ქალწულნი განდეგილნი მაცხოვნებელის მოძღვრებისა და შეწევნის მისაღებად და სულისა ცხოვნებისა მოსაპოვებლად; სიბრძნესა და სულისმარგებელს ისმენენ შენგნით და განითქუები სოფლად, ვითარცა მკურნალი.
უმწიკვლო, გულწრფელო და სანდოო მარავ, რომელი შენის ნების უბრალოებით იქმენ უმწიკვლო. რომლისა სასოებითაცა მეზიარე ტანჯვათა შინა, მანვე მოგიზღას შენ სასყიდელითა მართალთა თანა, რომელთაც წმიდანნი მოიღებენ!
მხედარო და მებადურო, ზინობი მესოპოტამიელო, დაე, სიტყვა შენი იყოს ცეცხლებრი და შესწვავდეს იგი მწვალებლობათა; ვითარცა ალი ტყესა, ესრეთ გარუჯვიდეს სიტყვა შენი მათ; სძლევდი, ვითარცა დავით და დაამხობდი ძეთა ცთომილთასა სანაცვლოდ გოლიათისა; შეიჭურვე წინასწარმეტყველთა საჭურველითა და აბჯრითა მოციქულთაითა; უფალი შენი გიძღოდეს შენ უძლეველ მხედრიონად!
წყეულიმც იყოს მშობელი შენი, პავლონ! უბედურია საშო შენი გამჩენი! რამეთუ წილდებულ ხარ ყოველგვარ მწვალებლობისა, და მთხზველი ყოველგვარ დავისა, ამისთვის გაუქმდა ყოველი ღვაწლი შენი, მსგავსად იუდა ვერცხლისმოყვარისა. შენს მიერ დატევებული სვეტი ჭეშმარიტებისა (1 ტიმ. 3, 15). გიჩინებს სასწაულს შენსავ სხეულზე; რამეთუ შემუსვრილ ლერწამზე დასდევ სასო და დაუტევე ძელი ჯვარისა.
მეამბოხე არვატ, დაე, აღიხოცოს სახელი შენი ცოცხალთა შორის, რამეთუ დაუტევე შენ ღვინო ქრისტესი და სმიდი მთხლესა ცოდვისასა. მოგეკითხოს შენ ძისაგან, რომელსაც გმორდა პირი შენი!
წყეულიმც იყვნენ არიოზელნი და მანიქეველნი, კათარები და ოფიტები, მარკიონელნი და ევდომანელნი.
წყეულიმც იყვნენ პავლიკიანელები და ვალენტიანელნი, მეშაბათეები და სხვანიცა ყოველნი უწმინდურნი მწვალებლობანი მოძღვრებითურთ თვისითა.
კურთხეულ არს, ვინაც წმიდა ეკლესია არჩია. ესე არს კრავი, რომელი ვერა წარიტაცა მგელმან: ესე არს მტრედი უმანკო, რომელსაც ვერა ეწია ქორი.
„რამეთუ სასუმელი ხელთა შინა უფლისათა ღვინისა ურწყოისა სავსე არს სხმულითა“ (ფს. 74, 8). შესვეს იგი განდგომილთა და დაითვრნენ და განდგნენ და აღსდგნენ იესოზე.
როგორც ცოფიანი ძაღლი ეღირება თვის პატრონს, ასევე განდგომილნიც ანთხევენ გმობას თავის მეუფეზე.
დიდება მას, ვინც მათზე აღმაღლდა და ვინაც მიუწვდომელია! ხოლო უკეთუ უწმინდურთ ხელეწიფებოდეთ ზეცად აღსვლა, მაშინ იქაცა შეიტანდნენ შუღლს თვისას.
ოდესმე შეჰბედეს და ისურვეს ზეცად აღსვლა; არამედ ჭეშმარიტებამ განიკითხა და ამხილა ისინი და შეიკმდიმეს უწმინდურთა.
დაღათუ ესრეთ განიკითხნენ ზეცადა აღვსლის მსურველნი და დაისაჯნენ, მაშინ ვითარ განიკითხვიან, ძმანო, ის კადნიერნი, რომელთაც განუზრახავთ განყოფა მამისა, ძისა დ სულისა წმიდისა?
მოძღვრება ჩემი დაიმარხენით და ნუ გარდახვალთ მას, მოწაფენო ჩემნო. ვინაცა იჭვობს ღმრთისა მიმართ, ვითარცა კაენი იყოს იგი ქვეყნად „იწროებითა და ძრწოლითა“ (დაბ. 4, 12).
ვინაცა ძისა მცირობა სთქვას წინაშე მამისა, ცოცხლად შთანთქას იგი მიწამან. ვინაც სული წმიდისათვის იჭვობდეს, შენდობა ვერ მოიღოს მან.
რომელი აღუდგეს ეკლესიას, კეთრმან დაფაროს ხორცნი მისნი მსგავსად გიეზისა. ვინც რწმენს ჩემსას განუდგეს, იუდასამებრ შეიშთვას იგი.
დიდი უსჯულოებაა გმობა, ივლტოდეთ მისგან, ძმანო; ღმრთისა ცხოველისადა სცოდავს ძვირის მთქმელი და მგმობელი. ხორციელი ცოდვანიცა კმა არს ჩვენდა და ნუღა მივუმატებთ მას უწმინდურებას.
მასა ოდენ ვსასოებ ღმრთისა წინაშე და ვნუგეშობ, რომ აროდეს მიძრახავს მე უფალი ჩემი და გმობა პირითგან არ გამომსვლია. რამეთუ მძაგდა უფალო, მოძულენი შენი და არ მიყვარდა მტერნი შენნი.
გულთა შინა დაიწერდით სიტყვათა ჩემთა და მომიხსენიებდით მით; გარნა შემდგომად სიკვდილისა ჩემისა მოვლენ თქვენთანა უსჯულონი „სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ“ (მათე, 7, 15).
ტკბილია სიტყვა მათი, ოღონდ გული აქვთ სავსე ბალღამით. კეთილად ჩანან, გარნა სატანით წარმოსდგებიან. ივლტოდით მათგან და მათის მოძღვრებისაგან და ნუ შეეყოფით მათ. უწყოდეთ, რომ თუ მეფის განქიქებისათვის შეგიპყრეს, წაგიყვანებენ სამსჯავროზე და დაგკითხავენ. თუმღაცა შენ არ შეურაცხგიყვია მეფე, გარნა პასუხს გაგებინებენ და დაგსჯიან, რომ შური არ იძიე მეფისთვის. ამისთვის ნუ ეზრახვი ცრუმოძღვრებს და ნუ შეერთვი ცთუნებულთ.
ეშმაკთან ცხოვრება სჯობს, ვინემ ცთუნებულთან.
ეშმკს აფუცებ და განივლტის, რამეთუ არა ხელეწიფება იესოს სახელის წინააღდგომა. გარნა კი, თუ ათასგზის აფუცო ცთომილს, არღა დაიშლის თვის ბოროტებას.
ეშმაკის დამოძღვრა უფრო იოლია, ვინემ ცთომილ ძეთა მოქცევა. ეშმაკნი აღიარებდენ და იტყოდნენ: „შენ ხარ ძე ღმრთისა“ (მარკ. 3, 11); ცდუნებულნი კი ჯიუტად უარყოფენ, რომ არა არისო იგი ძე ღმრთისა.
მათში ჩასახლებული სატანა აღიარებს, ისინი კი, თავისაზე დგანან ჯიუტად. დაღათუ შიშველ ქვაზე ბზე აღმოცენდების, მაშინ გარდაგულარძნილიც შეიძლებს მოქცევას. წერილის მიხედვით, მთა უადვილეს ჩამოივაკებს, ვინემ განდგომილი სცნობს ჭეშმარიტს. დაღათუ ყორანი გათეთრდების, მაშინ უსჯულოც მართალ შეიქმნება.
თოვლიან ზამთარს, ოდეს ყვავს ფრთები დაეთოვლება მაშინ, თეთრადა ჩანს ყვავიც წამისყოფით. მსგავსადვე უსჯულონიც, ოდეს სამსჯავროს შესახებ ისმენენ ზოგჯერ ძრწოლა შეუდგებათ მომავალი ტანჯვისათვის, მცირე ხნით სინანულს შეუდგებიან, წამისყოფითა სტოვებენ თვის ცხოვრების წესს და კუალად მიიქცევიან თავის უსჯულოებაზედ.
მოწაფენო ჩემნო, ყურად იღეთ და დაიმარხეთ მოძღვრება ჩემი და ნუ გარდახვალთ რწმენისა და სიტყვისა ჩემისაგან.
ჟამი მოვალს, ოდეს აღსრულდეს ყოველი წერილი და აღესრულოს წინასწარმეტყველებაცა: „ვიდრემდის წარხდეს ცაჲ და ქუეყანაი, იოტა ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარხდეს სჯულისაგან“ ვითარცა ბრძანა მოძღვარმან ჩვენმან (მათე 5, 18). ხოლო უწყით, ვითარმედ მართალ არს იგი.*
აგერა, მოვალს, და ახლოსვეღაა წარმტყვენელი ჩემი. თავი ანებე, ეფრემ ბრძნობასა და გევედრები შენ, უფალო იესო, ვითარცა ვედრის კაცი მეგობარს თვისსა: ნუ დამადგინებ მარცხენით შენსა, ოდეს მოხვიდე.
კუალადცა გეტყვით რასმე და ვფიცავ ტყუილი არ არის. ოდეს ჯერეთ ყრმა ვიყავ და დედის კალთას ვესვენე, მაშინ სიზმრისეულად მეჩვენა ესე, რაიცა შემდგომ აღსრულდა: ენაზე ვაზის რტო ამომეზარდა და აღმოცენდებოდა მაღლა და მაღლა და მაღლდებოდა ვინემ ზეცამდე; უთვალავი მტევნით იხუნძლებოდა, კვლავ აღორძინდებოდა ვაზი იგი და განივრცო ქვეყნად სრულიად; ნაყოფს კრეფდნენ მისგან და ნაყოფი არ ილეოდა და რაც მეტსა კრეფდნენ მეტადა მრავლდებოდა.
მტევნები საუბრებია, ფოთოლი საგალობლები, მომნიჭებელი ამათი ღმერთი. დიდება უფალს მადლისა ამისთვის, რამეთუ სიკეთითა თვისითა მომანიჭა მე ესე საუნჯეთაგან თვისთაგან.
მშვიდობით, მეგობრნო ჩემნო. ლოცვა ჰყავთ ჩემთვის, საყვარელნო. აჰა, ჟამი არს მიდრკეს მოვაჭრე თვისსავ ქვეყანას. მაგრამ ვაი, რომ მამული ჩემი მოოხრებულა და საგანძური ყოველი გაბნეულა. კეთილთ არავინა სტირის, რამეთუ ისინი სამარედ ცხოვრებისათვის დაიფლვიან. გარნა ჩემთვისა, მახლობელთა ჩემთა და მსგავსთა ჩემთათვის დათხიეთ ცრემლნი, ძმანო; რამეთუ ამაოებაში განვლიეთ დღენნი ჩვენნი.
მშვიდობით სოფელო, სიხარულით ეგნენ ძენი შენნი და ვიდოდიან ეკლესიად, აღკვეთილიყვნენ უწმინდურნი და განწმენდილიყვნენ, ცოდვილთა სინანული ეყოთ!
მშვიდობა შენდა და განმაშორებელო სულისა ჩემისა ხორცთაგან, ვიდრე აღდგომამდის.
ოდეს ამასა იტყოდა ეფრემ, და ერი ყოველი გოდებდა, იქავ მყოფი ქალწული ერთი, სახელად ლამპროტატა, ასული ედესის მხედართმთავრისა, მწარითა ხმითა მოთქმიდა და შესძახა ესრეთ: ედესა იღუპება, რამეთუ აწ იქცევა ზღუდე მისი და ქრება აწვე ნათელი მისი; შემდგომ განაპო ქალწულმა კრებული და მივიდა სნეულთან და დაემხო მკერდსა მისსა და ცრემლითა ეტყოდა: გაფიცებ შენში დამკვიდრებულს და მას, რომელიც იტყვის შენს მიერ, გევედრები ნება მეც შევკრა კუბო ჩემთვის ვითარცა მნებავს და დავდვა ფერხთა შენთანა, რათა არა განგეშორო სასუფეველში და თუნდაც გეჰენიაში.
განვედი ჩემგან, ქალწულო, უფალმა ადიდოს სახელი შენი! არამედ მარცხვენს მე ვედრება შენი და მწარეა სასმენლად ჩემთვის სიტყვანი შენნი. ჭეშმარიტად გფერის მოთქმა, მაგრამ არ ხელმეწიფება შენის თხოვნის აღსრულება; მეშინის ცდუნებისა, რაითა შემდგომად ჩემის სიკვდილისა არა იტყოდიან, ვითარმედ: უყვარდაო იგი ეფრემს. წარვედ და აღასრულე რასაც ითხოვ, არამედ სხვანიცა თანაზიარ იყვნენ საქმესა შენსას. ხოლო ნუ შეთხზავ ძვირფას კუბოსა, რამეთუ პატივი არა შემფერის. მცნებასა ერთსა გაძლევ შენ და დედათა ყოველთა და მეგობართა შენთა: ნუ იხმართ ტახტრევანთა და ნუ მისცემთ უფლებას მამათა თავზედ თქვენის ტარებისას, რამეთუ მასმიეს სიტყვანი მოციქულთანი: რომ თავ მამაკაცისა ქრისტე არს (1 კორ. 11, 3). გახსოვდეს, რომ გელის სამსჯავრო. წერილ არს თვითოეულს მოეკითხება საქმეთა მისთაებრ (რომ. 2, 6).
მაშინ აღუთქვა ქალწულმა მოძღვარს და წინაშე ერისა წარსთქვა: ვფიცავ ღმერთს, რომელსა სიყრმითგან ვინემ სიბერემდის მსახურებდი, რომ არღა ვიხმარ ტახტრევანს და მამანი არღა შემიდგამდნენ მე. დაღათუ ცრუდა ვფიცავდე, დაემხოს ყმაწვილქალობა ჩემი; და თუ გარდავხდე მცნებასა შენსა, შეგინებულ ვიქმნე წინაშე ყოველთასა.
ნეტარმან მიუგო: მივიცვალები და მსურს გაკურთხო: არა განეშოროს სახლსა შენსა კურთხევა უკუნისამდე, ვინემ არ მოვალს უფალი შეძრვად ცისა და ქვეყნისა.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" III ტომი.
No comments:
Post a Comment