უმჯობეს წრფელი სიყვარულისა ნურას მივიჩნევთ, საყვარელნო, რამეთუ მრავალგზის ვეცემით ყოველთა დღეთა და ჟამთა შინა. ამისათვის მოვიპოვოთ სიყვარული, რამეთუ იგია მრავალთა ცოდვათა უჩინომყოფელი. რა სარგებელია, ძმანო, უკეთუ გვაქვნდეს ყოველი, ხოლო მხსნელი ჩვენი სიყვარული კი არ გაგვაჩნდეს; ანუ რა სარგებელია, უკეთუ ვინმე წვეულებასა მართავდეს, მეფე დიდებულთ უხმობდეს, უნაკლო ხორაგსაც განამზადებდეს, გარნა კი უმარილოს? გემოც არ გაესინჯება ამგვარ სანოვაგეს. ხოლო არა ოდენ ხარჯი გაცუდდება და შრომა გაუქმდება, არამედ ყოველთაგან განქიქდება ამგვარი მასპინძელი. უსიყვარულოდ ყოველი საქმე უწმინდურია. დაღათუ ვინმე ქალწულებას იცავდეს. მარხვას, ლოცვასა თუ მღვიძარებას მისდევდეს, გლახაკთა შეიწყნარებდეს, ანუ ნაყოფთაც ყოველთა ღმერთსა სწირავდეს, ეკლესიებს აღაშენებდეს და სხვათაც რამ დიდთა საქმეთა აღასრულებდეს; უსიყვარულოდ ესე ყოველი არად შეირაცხვის წინაშე ღმრთისა;
რამეთუ არა ესრეთ სათნო ეყვეს უფალსა და ნურრას იზრახებთ უსიყვარულოდ. ხოლო უკეთუ ვინმე იტყვის რომე: თუმცაღა მძულს ძმა, გარნაღა მიყვარს ქრისტე მატყუარ არს და ამისათვის გამხილებთ იოანე ღვთისმეტყველი: „უკეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყვარს ღმერთი და ძმაჲ თვისი სძულდეს, მტყუვარ არ, რამეთუ რომელსა არა უყვარდეს ძმაჲ თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?“ (1 იოანე, 4,20). ესე ცხადყოფს, რომე, თუ ვისმე სძულს მოყვასი და ჰგონებს რომე უყვარს ღმერთი, მაშინ ის ცრუ არს და თვითცდუნებულ, რამეთუ კვლავაც იტყვის იოანე: „და ესე მცნება მივიღეთ მისგან, რაითა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თვისი“ (4, 21). ხოლო თვით უფალიც გვაუწყებს: „ამ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან“ (მათე. 22. 40). რაოდენ დიდებული და არაჩვეულებრივი სასწაულია! სიყვარულის აღმსრულებელი ყოველი სჯულის აღმასრულებელია, რამეთუ „აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყვარული არს“ (რომ. 13, 10). სწორუპოვარია და განუზომელი ძალი სიყვარულისა. არცა ცათა შინა და არცა ქვეყანასა ზედა არაფერია მასზედ აღმატებული და იგივ ღვთაებრივი სიყვარული არს თავი ყოველთა სათნოებათა და სიყვარულია მიზეზი ყოველთა კეთილთა, მარილია სათნოებათა და სისრულე სჯულისა. სიყვარული შთახდა აბელის გულს, იგივ სიყვარული შეეწეოდა პატრიარქებს, ჰფარავდა მოსეს; სიყვარული მკვიდრობდა წინასწარმეტყველებშიც, მან ჰყო დავით სადგურად სული წმიდისა, მანვე განამტკიცა იობი და აწვე ვთქვათ სიყვარულმა გარდამოხადა ზეცითგან ჩვენთვის ძე ღმრთისა; და ყოველი სიკეთეც სიყვარულით გაგვიცხადდა: სიკვდილი დაითრგუნა, ჯოჯოხეთი შეიმუსრა, ადამ-აღმოიწოდა. სიყვარულმა ჰყო ერთ სამწყსოდ ანგელოზნი და კაცნი; სიყვარულმა განგვიხვნა სამოთხე და აღგვითქვა სასუფეველი, მანვე განაბრძნო მეთევზურნი, განამტკიცა მოწამენი, განაცხოველა უდაბნონი, ავაზაკთ სადგომნი საგალობლებით აღავსო, მამანი და დედანი ვიწრო და მწუხარების გზით გაწვრთნა. ხოლო აწ დროა გავასრულო სიყვარულზე სიტყვა, რამეთუ ძალნი კაცთა და ანგელოზთანი უძლურ არიან სრულად მოგვითხრან ყოველი ღირსება სიყვარულისა. ჰოი, სიყვარული ნეტარი, მომონიჭებელი მადლთა ყოველთა! ნეტარ არიან და უნეტარეს, რომელთა ჰპოვეს წრფელი და ჭეშმარიტი სიყვარული, ვითარცა ბრძანა უფალმა: „უფროისი ამისა სიყვარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის“ (იოანე, 15, 13). აქვნდა რა ღვთაებრივი ესე სიყვარული, პავლე მოციქული ამბობდა: „სიყვარულმან მოყუასსა თვისსა ბოროტი არა უყვის“ (რომ. 13, 10)“. „აკურთხევდით მდევართა თქუენთა; აკურთხევდით და ნუ სწყევთ“ (რომ. 12, 14). ამგვარ სიყვარულის მპოვნელი „სულ-გრძელ არს და ტკბილ“... არა ჰშურნ, არა მაღლოინ, არა განლაღნის... არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი“ (1 კორ. 13, 4-7). ამგვარ სიყვარულით მოსილნი არა ოდენ კეთილისმყოფელთა უყოფენ კეთილს, არამედ მაჭირვებელთა და მაწყევართა თვისთაცა. ამგვარ ღვთაებრივი სიყვარულის მომპოვნელი პირველმოწამე სტეფანე ღმერთს ავედრებდა მათ, რომელნი ქვასა დაჰკრებდნენ და ულოცვიდა ესრეთ: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“ (საქმ. 7.60). ნეტარ არს კაცი, რომელმან ყოველი უგულებელჰყო, გარნა მოიხვეჭა სიყვარული. გვირგვინი მისი განმზადებულ არს და ყოველნი ანგელოსნი აკურთხევენ მას, ხოლო მეუფე არასადა დაუტევებს მას, რამეთუ „ღმერთი სიყვარული არს და ღმერთი მის თანა ჰგიეს“ (1 იოანე, 4.16).
რამეთუ არა ესრეთ სათნო ეყვეს უფალსა და ნურრას იზრახებთ უსიყვარულოდ. ხოლო უკეთუ ვინმე იტყვის რომე: თუმცაღა მძულს ძმა, გარნაღა მიყვარს ქრისტე მატყუარ არს და ამისათვის გამხილებთ იოანე ღვთისმეტყველი: „უკეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყვარს ღმერთი და ძმაჲ თვისი სძულდეს, მტყუვარ არ, რამეთუ რომელსა არა უყვარდეს ძმაჲ თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?“ (1 იოანე, 4,20). ესე ცხადყოფს, რომე, თუ ვისმე სძულს მოყვასი და ჰგონებს რომე უყვარს ღმერთი, მაშინ ის ცრუ არს და თვითცდუნებულ, რამეთუ კვლავაც იტყვის იოანე: „და ესე მცნება მივიღეთ მისგან, რაითა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თვისი“ (4, 21). ხოლო თვით უფალიც გვაუწყებს: „ამ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან“ (მათე. 22. 40). რაოდენ დიდებული და არაჩვეულებრივი სასწაულია! სიყვარულის აღმსრულებელი ყოველი სჯულის აღმასრულებელია, რამეთუ „აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყვარული არს“ (რომ. 13, 10). სწორუპოვარია და განუზომელი ძალი სიყვარულისა. არცა ცათა შინა და არცა ქვეყანასა ზედა არაფერია მასზედ აღმატებული და იგივ ღვთაებრივი სიყვარული არს თავი ყოველთა სათნოებათა და სიყვარულია მიზეზი ყოველთა კეთილთა, მარილია სათნოებათა და სისრულე სჯულისა. სიყვარული შთახდა აბელის გულს, იგივ სიყვარული შეეწეოდა პატრიარქებს, ჰფარავდა მოსეს; სიყვარული მკვიდრობდა წინასწარმეტყველებშიც, მან ჰყო დავით სადგურად სული წმიდისა, მანვე განამტკიცა იობი და აწვე ვთქვათ სიყვარულმა გარდამოხადა ზეცითგან ჩვენთვის ძე ღმრთისა; და ყოველი სიკეთეც სიყვარულით გაგვიცხადდა: სიკვდილი დაითრგუნა, ჯოჯოხეთი შეიმუსრა, ადამ-აღმოიწოდა. სიყვარულმა ჰყო ერთ სამწყსოდ ანგელოზნი და კაცნი; სიყვარულმა განგვიხვნა სამოთხე და აღგვითქვა სასუფეველი, მანვე განაბრძნო მეთევზურნი, განამტკიცა მოწამენი, განაცხოველა უდაბნონი, ავაზაკთ სადგომნი საგალობლებით აღავსო, მამანი და დედანი ვიწრო და მწუხარების გზით გაწვრთნა. ხოლო აწ დროა გავასრულო სიყვარულზე სიტყვა, რამეთუ ძალნი კაცთა და ანგელოზთანი უძლურ არიან სრულად მოგვითხრან ყოველი ღირსება სიყვარულისა. ჰოი, სიყვარული ნეტარი, მომონიჭებელი მადლთა ყოველთა! ნეტარ არიან და უნეტარეს, რომელთა ჰპოვეს წრფელი და ჭეშმარიტი სიყვარული, ვითარცა ბრძანა უფალმა: „უფროისი ამისა სიყვარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის“ (იოანე, 15, 13). აქვნდა რა ღვთაებრივი ესე სიყვარული, პავლე მოციქული ამბობდა: „სიყვარულმან მოყუასსა თვისსა ბოროტი არა უყვის“ (რომ. 13, 10)“. „აკურთხევდით მდევართა თქუენთა; აკურთხევდით და ნუ სწყევთ“ (რომ. 12, 14). ამგვარ სიყვარულის მპოვნელი „სულ-გრძელ არს და ტკბილ“... არა ჰშურნ, არა მაღლოინ, არა განლაღნის... არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი“ (1 კორ. 13, 4-7). ამგვარ სიყვარულით მოსილნი არა ოდენ კეთილისმყოფელთა უყოფენ კეთილს, არამედ მაჭირვებელთა და მაწყევართა თვისთაცა. ამგვარ ღვთაებრივი სიყვარულის მომპოვნელი პირველმოწამე სტეფანე ღმერთს ავედრებდა მათ, რომელნი ქვასა დაჰკრებდნენ და ულოცვიდა ესრეთ: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“ (საქმ. 7.60). ნეტარ არს კაცი, რომელმან ყოველი უგულებელჰყო, გარნა მოიხვეჭა სიყვარული. გვირგვინი მისი განმზადებულ არს და ყოველნი ანგელოსნი აკურთხევენ მას, ხოლო მეუფე არასადა დაუტევებს მას, რამეთუ „ღმერთი სიყვარული არს და ღმერთი მის თანა ჰგიეს“ (1 იოანე, 4.16).
ესე ყოველი ითქვა სიყვარულისთვის; ხოლო აწ კვალად ზრახვასა მოვიდეთ და ვთქვათ აღსარებასა და მომავალ სამსჯავროზე. ხოლო დღითა და ღამით ამაზე ვიფიქრებთ, საყვარელნო, თუკი ყოველჟამ თვალწინ გვექნება უკანასკნელი წამი აღსასრულისა. და ნურც სამარადისოდ ჩაუქრობელ ცეცხლს ნუ დაივიწყებთ. არამედ მოუკლებლად ფსალმუნებდნენ ბაგენი თქვენნი; რამეთუ ღმრთისა სახელის ხმობა განასხამს ეშმაკთა; და სადაც ფსალმუნებაა, მუნვე არს ღმერთიც, ხოლო საცა ეშმაკნი იმღერიან, იქავ ღვთის რისხვაა და მწუხარება. და კვალად იქ სადაც წმიდა წიგნებსა კითხულობენ მართალთ სიხარულია და ცხონება სულთა, ხოლო იქ სადაც მღერაა და ლხენა, მუნ ზეიმია ეშმაკთა და მწუხარება მამა-დედათა. რა სარგებელი, ძმანო, უკეთუ აქ ერთს რომელსამე საათს ვილხენდეთ, ხოლო იქ საუკუნოდ ვიტანჯებოდეთ? გვახსოვდეს, რომ უკანასკნელ ჟამს ყოველი ესე ქვეყანა მცირედაც არას გვარგებს და გვწამდეს, რომ იმ ქვეყნად სხვა ვერვინ შეგვეწევა; არამედ ყოველი, საკუთარ ტვირთაღტვირთული მოელოდება თვის მსჯავრს. ესე გაქვნდეთ გონებასა, საყვარელნო: „სიწმიდით, და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდეთ ამას სოფელსა“ (ტიტ. 2, 12). განვიწმინდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცისა და სულისა (2 კორ. 7, 1). განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა (რომ. 13, 12); და ნუ ვემსგავსებით წარმართთა.
წმიდათა ხმობისას მოვიხსენიოთ უძლურნი; ქვრივ-ობოლნი, მწირნი და გლახაკნი, პატიმარნი, მიუსაფარნი და მეუდაბნოენი. ვუწყოდეთ დღესასწაული, გარნა ნუ ფუფუნებით, არამედ ღვთიურად აღვასრულოთ იგი, და ნუ ერულად არამედ ქრისტიანულად ვყოთ იგი. ნურცა აღვიმაღლებთ და ნურცა რად შევრაცხთ თავს; ნუცა სმენას გავინებივრებთ საკრავთაგან და ნურც მდიდრულად ნუ შევიმოსებით; ნუ ოქრო-მოსართავებით ვიდღესასწაულებთ, ნუცა მთვრალობითა, არამედ ესე ყოველ დავუტეოთ ელინთა და იუდეველთა. ხოლო ჩვენ აღვიღოთ ქედსა ჩვენსა წმიდა ჯვარი მაცხოვრისა მხსნელი და ცხოველსმყოფელი ჩვენი, რომლისთვისაცა გვასწავლის მოციქული: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა“ (გალ. 6, 14). გამოვისახოთ ცხოველმყოფელი ჯვარი კართა ზედა თვისთა, შუბლსა, მკერდსა და ბაგეთა ზედა და ყოველთა ნაწილთა თვისთა ზედა. და აღვიჭურვნეთ ქრისტიანულის საჭურველითა ჯვარითა მით უძლეველითა, სიკვდილისა დამთრგუნველითა, მართალთ სასოებისათა, ქვეყნის აღსასრულის ჟამს მანათობელითა; აღვიჭურვნეთ ჯვარითა მით სამოთხის აგანმხვნელითა, მწვალებლობათა აღმომფხვრელითა, სარწმუნოების დასამტკიცებელითა, აღვიჭურვნეთ ჯვარითა მით მართლმადიდებლობის მცველითა და სიქადულითა. საჭურველი ესე ყოველგან და ყოველჟამ თანა გვაქვნდეს, ქრისტიანენო! ნურასა ნუ ჰყოფთ გარეშე მისა; არამედ იძინებდეთ თუ იღვიძებდეთ, ჭამდეთ, სვამდეთ თუ მუშაკობდეთ, ზღვასა იყვნენთ თუ ხმელსა შეჭურვილ გაქვნდენ ყოველი სხეული ცხოველსმყოფელი ჯვარითა. „რომელთა მიხილიან მე, გარე განივლტიედ ჩემგან“ (ფსალმ. 30, 10). ჯვარისა მხილველნი წინააღმდგომნი ძალნი ძრწოლვით უკუიქცევიან; ჯვარმა განანათლა სოფელი, ბნელი გაჰფანტა და ნათელი აღგვიდგინა, ცდომა წარხოცა და მანვე მოჰკრიბა ერნი აღმოსავლეთითგან ვინემ დასავლეთით ჩრდილოთგან სამხრეთით, და სიყვარულით შეაერთა ეკლესიის ერთ სამწყსოდ კაცნი, ერთის რწმენითა და ერთის ნათლისღებით. ჯვარი დამამტკიცებელია მართლმადიდებელთა. და ყოველი ენა და ყოველი ბაგენი უძლურ არიან ღირსებით თაყვანისცემად უძლეველისა საჭურველისა მეუფისა ჩვენისა იესო ქრისტესა. თხემსა ზედა აღიმართა ჯვარი იგი და უმალ აღმოცენდა მტევანი ჩვენის ცხოვრებისა. ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან საჭურველითა მით უძლეველითა შემუსრა ყოვლისმშთანთქმელი მუცელი ჯოჯოხეთისა, ხოლო ჯვარისა მხილველმა საშინელმა სიკვდილმა ყოველი პყრობილნი წინაპართაგანი განათავისუფლა; ყოველი ძალი მტერისა დათრგუნეს ჯვრით აღჭურვილმა ნეტარმა მოციქულებმა. ქრისტეს მხედრებმა, მოწამეებმა და აღმსარებლებმა მწვალებელთა კადნიერება განაქარვეს. ჯვრითა მკობილნი სოფელს განდგომილნი სასოებითა დგანან უდაბნოებსა და ქვაბურებში. ო, რა დიდია წყალობა კაცთმოყვარისა ღმრთისა ჩვენისა. რაოდენი მადლი მოგვანიჭა უფალმა კაცთა მოდგმას ძალითა ჯვარისათAქვეყნის აღსასრულს, მეორედ მოსვლის ჟამს, ჯვარი კვლავაც პირველი გამოცხადდება დიდითა დიდებითა ზეცად, მრავალრიცხოვან ანგელოზთა დასითურთ შესაძრწუნებლად და განსაგმირავად მტერთა, ხოლო მართალთა სიხარულად და გასაბრწყინებლად და დიდისა მეუფისა მოსვლის საუწყებლად. კვლავაც უმეტესი ითქმის პატიოსან ჯვარზედ. ხოლო აწ გულისხმავყოთ თუ რა მოჰყვება ჯვრის გამოცხადებას. სწორედ ესაა უმეტეს ყოველგვარ თქმულსა და გონებაზე და შესაძრწუნებელია სასმენელთა. ვაი არს ჩემდა, ძმანო ქრისტიანენო! ვახსენე რა ჟამი ესე, თრთოლვა შემიდგა, შიშმა სიტყვის შეწყვეტაც მაზრახა, ოდეს მოვიხსენე თუ რა მოჰყვებოდა პატიოსან ჯვრის გამოცხადებას. ხოლო ვინ აღმითქვას ესე ყოველი. ანუ რომელთა ბაგეთ შეიძლონ უწყებად? რომელმა სასმენელმა დაიტიოს ის, რაიცა ზეცათა შინა არ დაიტევნების, რამეთუ მსგავსი დიდებული და საზარელი სასწაული არცა ოდეს ყოფილა, და არც რომელსამე მოდგმაში იქნება. ელვა თუ სადმე გაკრთება, ანუ მეხი დაიჭექებს, ზარი მოიცვს და უმალ მიწას განერთხმის ყოველი; მაშ ვით ვუძლოთ საყვირთა საზარელ ხმას, რომელ ერთხმად უწოდებს ცოდვილთ და მართალთ? ხოლო ჯოჯოხეთს მეყვსეულად წამოიმართებიან ადამიანთა ძვლები, საძიებელად თვისთა ნაწილთა. უმალ ვიხილავთ, ვითარ აღდგება ადამიანის ყოველი ბუნება, ხოლო ყოველი თვის სამკვიდროდგან აღდგება და კიდით კიდეთგან შემოკრბება სამსჯავროზე; გულისხმავყოთ, ვითარი შიში და ძრწოლა შეგვიდგება მაშინ. რამეთუ ბრძანებს მეუფე და ზარგანხდილია მიწაცა და ზეცაც, მხეცი, ფრინველი და თვით ჯოჯოხეთიც მოიღებს თვის მიცვალებულთ. ხოლო ღერი თმისაც არავის აკლდება; ვიხილავთ გამძვივნებით მოვარდნილ ცეცხლის მდინარეს აღმოსავლეთითგან, რომელი დანთქამს მთათა და ბორცვთა და გადაბუგავს მთელს დედამიწას საქმითურთ მისით; მაშინ, საყვარელნო, ცეცხლითა მით წყარონი დაშრტებიან, მდინარენი გაუჩინარდებიან, ზღვანი დაილევიან, ჰაერნი იცვალებიან, ვარსკვლავნი ზეცით გარდამოცვივიან, მზე დაბნელდება და მთვარე სისხლად გარდაიქცევა... ხოლო მოვლენღა ანგელოზნი და გულმოდგინედ იწყებენ მოკრებას ღვთის ერთგულ მონათა ქვეყნის კიდითგან-კიდემდის. და ოდეს ვიხილავთ ახალ ზეცასა და ახალ ქვეყანას, ოდეს განმზადებულ შესაძრწუნებელ საყდარს ვიხილავთ, ხოლო ზეცაზე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი გამოცხადდება და განაბრწყინებს იგი ქვეყანას მაშინ გამოჩნდება შესაძრწუნებელი იგი სამეუფო სკიპტრა, რომელი გულისხმაგვყოფს, რამეთუ მეყვსეულად მოვალს უფალი. და ვინ განმართლდეს წინაშე მისსა? დაღათუ ვინმე ცნა დაბრკოლება და დაცემა თვისი, შიშველი ხოლო და მწუხარე წარსდგება იგი წინაშე მსაჯულისა. და ყოველი იხილავს თვისთა საქმეთა, ხენეშთა გინა კეთილთა. მაშინ ვიწრო და ძნელი გზით მავალნი, მონანულნი, მოწყალენი და დევნულნი, მხია¬რულითა პირითა წარსდგებიან წინაშე ღმრთისა. და იტყვიან: „მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესსა“ (ტიტ. 2, 13). და რამეთუ მოვალს მეუფე მღვიძარეთა, მლოცველთა, მმარხველთა და ფსალმუნთმეტყველთა დასაგვირგვინებლად; მოვალს მეუფე თვისთა ცოდვათა მგლოვიარეთა ნეტარსაყოფად; მოვალს მოწყალეთა მხიარულსაყოფად, ღვთისათვის დაგლახკებულთათვის. ყოვლისა სოფლისა და საქმეთა მისთა მოძულეთა და დამტევებელთათვის და თვისთა შედგომილთათვის. და მოვალს აწ უფალი არღა თუ ქვეყანით, არამედ ზეცით მსგავსად საზარელისა ელვისა; და ჩამოდგება გოდება დიდი: აჰა, ესერა სიძე მოვალს, მსაჯული ესე ახლოსვე არს, გამოჩნდა ესე მსაჯული მსაჯულთა და მოვალს უფალი განკითხვად ქვეყნისა და მისაგებელად თვითეულისა საქმეთა თვისთაებრ. მაშინ, საყვარელნო ძმანო ჩემო, გოდებითა მით შეიძრვის ყოველი ქვეყანა მიწის კიდით-კიდემდის და ირყევიან ზღვანი და უფსკრულნიც, მაშინ ხმითა საყვირთაითა უეცრებითა მით, კაცად-კაცადსა მოიცავს ზარი და ძრწოლა. მაშინ იბრძვიან ძალნი ზეცათანი და გაკრთებიან ელვანი; გამოჩნდებიან დასნი ანგელოზთანი, და განეწყობიან მთავარანგელოზნი, ქერუბიმნი და სერაფიმნი და მრავალრიცხოვანნი ძალნი ერთხმად შეჰღაღადებენ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს (გამოცხ. 4, 8). და ყოველნი ქმნულნი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა გრძნობით უღაღადებენ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“ (მათე, 21, 9). მაშინ განიხვნიან ცანი და მსგავსად საზარელისა ელვისა გამოცხადდება უფალი უფლებათა და მეუფე მეუფეთა „და იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა იგი უგმირეს მას; და გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი: ჰე, ამინ“ (გამოცხ. 1, 7). მაშინ ილტვიან ცაი და ქუეყანაი, ვითარცა წინასწარმეტყველებს იოანე: „და ვიხლე საყდარი დიდი სპეტაკი და მხდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაი და ცაი, და ადგილი არა ეპოვა მათ“ (გამოცხ. 20, 11). მაშინ, ვითარცა იტყვის მათე მოციქული: „რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაი საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“ (მათე 19, 28). და რომელი სული უძლებს, ოდეს „დაჯდეს ძე კაცის საყდართა დიდებისა თვისისათა“ და განეხვნიან წიგნნი? და გარემოის ღვთისა ვიხილავთ აურაცხელთა ანგელოზთ დასთა; და თვითეულისა საქმენი განცხადდებიან წინაშე კაცთა და ანგელოზთა; და აღსრულდება წინასწარმეტყველება დანიელისა: „და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაი თავისი მისისა, ვითარც მატყლი განწმენდილი, საყდარი მისი ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი ცეცხლი მოტყინარე. მდინარე ცეცხლისაი იზიდვოდა გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს“ (დან. 7.9, 10). ძრწოლა დიდი იქნება მას ჟამსა, ძმანო, ოდეს განეხვნინ წიგნნი იგი საშინელნი, სადაცა აღინუსხვიან სიტყვანი და საქმენი ჩვენნი და ყოველი, რაიცა ვყავით სოფელსა ამას, და ყოველი რაიცა დავფარეთ გულთა და გონებათა გამომცდელისა ღვთისა წინაშე. და მასვე წიგნსა შთაწერილი ქცევა და ფიქრი ყოველი კაცთა, და კეთილი ყოველი და ხენეშიცა ერთბაშად. და რაოდენი ცრემლი გვჭირდება იმ ჟამისათვის, რომლისადაცა დაუდევარნი ვართ; რამეთუ ცრემლი და მოწყალება წარხოცს ნუსხას ცოდვათასა! ვაი რომ ცრემლი და ტყვევნა შეგვიდგება ოდეს ერთი მხრითა გამოუთქმელსა მას სასუფეველსა ცათასა ვიხილავთ, ხოლო სხვა მხარეს შემზარავ ტანჯვაწამებათა. ხოლო შორის მათსა კი, ყოველი ბუნება კაცობრივი იდგება ადამითგან ვინემ ბოლოჟამს დაბადებულთამდის და თავმოდრეკით თაყვანისცემენ დამბადებელსა თვისსა. მაშინ აღსრულდება წერილი: „ცხოველ ვარ მე, იტყვის უფალი, რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუხლი“ (რომ. 14, 11). და კვალად იტყვის უფალი პირითა მოციქულისათა: „რაითა სახელისა მიმართ იესო ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი და ქვეყნისათანი და ქვესკნელისათანი. და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესო ქრისტე სადიდებლად ღმრთისა მამისა“ (ფილიპ. 2.10, 11). ამინ.
ქრისტესმოყვარე მსმენელთა ჰკითხეს: მოძღვარო, გვამცნე ჩვენ თუ რა იქნება შემდგომ და როგორ განგვიკითხავენ ჩვენ?
მოძღვარმა მიუგო: მაშინ, ძმანო ჩემნო ქრისტესმოყვარენო, ადამის მოდგმა შორის სასუფეველისა და სამსჯავროისა იდგება, შორის სიკვდილისა და სიცოცხლისა, შორის სიხარულისა და მწუხარებისა. და ყოველი იხილავს მსაჯულის წინაშე თავდახრით წარდგომილ მოყვასს; ხოლო განსაკუთრებით მოეკითხებათ მათ ვინაც უზრუნველად იცხოვრა და ყოველი თვისთა საქმეთა იძიებს და პირისპირ წარმოუდგება ყოველს კეთილიც და ხენეშიც, რაიცა კი ვინ აღასრულა ამსოფლად. მაშინ ძვირისმოქმედთა, გარნა უნანელთ აღმოხდებათ: ვაი რომ არა ვიღვაწეთ ჩვენ, არამედ უზრუნველადა ვკლავდით დროს, ვერთობოდით და სხვათაც ვართობდით. და რაისათვის არა ვიღვიძეთ, არა ვიმარხეთ, გლახაკნი არა განვიკითხეთ? რაისათვის გვაქვნდა შური ჩვენ უბადრუკთა და ვყოფდით ძვირსა? რაისათვის არ შევინანებდით ჟამსა სინანულისასა, არამედ სიცილსა, ფუფნებას და უქმობას ვეძლეოდით? ხოლო აწ არღა არს ჟამი სინანულისა. და რაიმეღა ვყოთ, რამეთუ მოიწია საშინელი ესე დღე და ჟამი ჩვენზედა, რომელზედაც ხშირად გვასმიეს, გარნა კი ჩვენ ვიცინოდით. და აწ რაი ვყოთ ჩვენ უბადრუკთა, რამეთუ წიგნი განეხვნეს და ყოველნი განიკითხვიან? გარნა ამგვარ ზრახვისას ცოდვილთ ჩაესმებათ ზარგანმხდელი ხმა მსაჯულისა: „მაჩვენეთ საქმენნი თქვენი, და მოიღებთ მოწყალებასა“: ხოლო მაშინვეღა წარმოსდგებიან ყოველნი წესნი ქრისტიანთანი, მთავარეპისკოპოსნი და დიაკვანნი და ეკლესიის ყოველნი მსახურნი მრევლითურთ, და რამეთუ გვასმიეს მოციქულთაგან, რომ ყოველი თვისსავ წოდებაში აღდგომილი წარდგება პასუხისმგებლად წინაშე ღმრთისა. მაშინვეღა წარსდგებიან მეფენი და დიდებულნი, ბრძენნი, მდიდარნი და გლახაკნი, რამეთუ მოიწია დრო სამკალისა და რაითა მოიმკას ყოველმან, რაიც დასთესა.
ქრისტესმოყვარეთა ჰკითხეს: გვამცენ, ჩვენ კვალად, მონაო ღმრთისაო, თუ რა იქნება შემდგომ?
მიუგო მოძღვარმან: ვაი არს ჩემდა, ძმანო ჩემნო ქრისტესმოყვარენო! შემდგომიცა მსურს გამცნოთ, მაგრამ მაბრკოლებს და სიტყვას მიწყვეტს შიში და ცრემლნი უსწრებენ სათქმელსა, რამეთუ თხრობაცა ჭირს.
ქრისტესმოყვარენი: სთქვი, ღვთის გულისათვის!
მოძღვარი: მაშინ, ძმანო, ყოველი დაიმოწმებს ბეჭედს ქრისტიანობისას, რომელიც ამქვეყნიურს ეკლესიაში მოიღო ნათლისღებითა;. და ყოველს მოეკითხება წმიდა სარწმუნოება და არა ბეჭედი შემუსვრილი, კვართი შეუბღალავი და აღმსარებლობა მართალი, რომელიც წარსთქვა მრავალთა თანდასწრებით: „განვეშორები სატანასა და მისთა საქმეთა“-ო. და არცა ერთთა, ანუ ორთა, გინა ხუთთა საქმეთა ხენეშთა განშორება ითქმება აქა არამედ ყოველთა საქმეთა ეშმაკისათა. და ესე ნებსითი განშორება, ანუ განდგომილება მოგვეკითხება მას ჟამსა, ხოლო ნეტარ არს, რომელმაც ჰყო აღთქმისაებრ თვისისა. რამეთუ ერთის სიტყვით ითქმება განშორება ეშმაკის ყოველთა საქმეთაგან: საძაგელ მრუშებათაგან, სიძვათაგან მკვლელობათაგან, უწმინდურებათა, შურთა, ბოროტსიტყვაობათაგან, უწმინდურებათა, შურთა, ბოროტსიტყვაობათაგან, მთვრალობათა, ძვირისხსენებათა, ქიშპთა და ამპარტავანებათაგან, სიზარმაცეთა, სიცილთა, საკრავთა, როკვათა, მრისხანებათა, სანახაობათა, საეშმაკო სიმღერათაგან, კაცთმოძულეობათაგან: მისნობათა, კერპთაყვანისმცემლობათა და ჯადოსნობათაგან. ამათ და მისთანათ უარყოფს და განაგდებს ყოველი ქრისტიანი წმიდა ემბაზთან; ხოლო ყოვლისა განშორებად თქმულისად მოეკითხება იმ ჟამსა.
ქრისტიანენი: და გვითხარ იგიცა შემდგომნი, თუ ვითარ განიკითხვიან?
მოძღვარი: ტკივილით გეტყვით, ცრემლით და ოხვრით. რამეთუ ესე იქნება აღსასრული და უცრემლებოდ არ ითქმის მასზედ. მაშინ ქრისტესმოყვარენო, ოდეს ყოველი გამოიცდება და იტანჯება და ყოველთა საქმენი განცხადდებიან ანგელოზთა და კაცთა წინაშე, და უქმ იქნებიან ყოველნი მთავრობანი, ხელმწიფებანი და ძალნი ამის სოფლისანი და მტერნი ყოველნი ფერხითა უფლისათა დაითრგუნვიან, მაშინ ხოლო, ვითარცა იტყვის უფალი: „შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა იგი მწყემსმან რაი განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან; და დაადგინოს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი მარცხენით (მათე; 25. 32, 33). ცხოვარნი ესე არიან, რომელთა მოიღეს ნაყოფნი კეთილი, რომელთ უწყიან მწყემსი თვისი, ცხოვარ არიან აღბეჭდილნი, რომელთ უვნებლად დაიცვეს ბეჭედი, ცხოვარნი შედგომილ არიან მწოდებელს მწყემსსა თვისსა, და რომელი ეტყვის: მოვედინ ჩემდა; ცხოვარნია, რომელთა არა შეურაცხყვეს წმიდა სარწმუნოება მწვალებლური გმობით. და ცხოვართა ამათ დაადგინებს უფალი მარჯვენით თვისსა. ხოლო „თიკანნი მარცხენით“ ეე არიან, რომელთა არა მოიღეს ნაყოფი კეთილი და რომელნი განარისხებდნენ მწყემსსა თვისსა; თიკანნი ესე იმწყსოდიან მწვალებელთაგან და წმიდის სარწმუნოების მგმობელთაგან; რომელნი ლაყბობდნენ, როკავდნენ, ერთობოდნენ და ილხენდნენ; ხოლო მოიღეს მწუხარება და განვიდნენ სოფლის ყოველთა კეთილთაგან ცარიელნი და უწმიდურებით აღვსილნი; ხოლო გარე მიიცქევს უფალი აწ მათგან პირსა და დაადგინებს მარცხენით თვისსა. ხოლო ეტყვის: „მარჯვენითთა მათ მისთა: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დიამკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით“ (მათე, 25, 34). მაშინ მარცხენით მყოფთ ეტყვის: განვედით ჩემგან ყოველნი კრულნი ცეცხლსა საუკუნესსა. განვედით ჩემგან მოძულენი, უწყალონი, ძმათმოძულენი და ღმრთისმოძულენი, რამეთუ უწყალონი იყავით და არცა თქვენ შეიწყალვით, რამეთუ თქვენ არა მორჩილებდით ჩემს უწმიდეს წერილსა და მოწაფეთა ჩემთა, ხოლო არცა მე ვისმინო გოდება თქვენი; თქვენ ფუფუნებდით სოფლად და ტკბებოდით სოფლის სიამენით; დაღათუ მე დღე ყოველ გიხმობდით სახარებითა, გარნა თქვენ ისმენდით და დასცინოდით მკითხველთა მისთა. ხოლო აწ გეტყვით: „არა გიცნი თქვენ, ვინანი ხართ“ (ლუკა. 13, 25). განვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა საუკუნესასა, რომელ განმზადებულ არს ეშმაკთა და ანგელოზთა მისთათვის. მაშინ ისინი საუკუნო სატანჯველს მიეცემიან, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესასა.
ქრისტიანენი: ერთნაირია სასჯელი ყოველთა, ანუ სხვადასხვაგვარსა სასჯელსა მიეცემიან?
მოძღვარი: ვითარცა გვაუწყებს სახარება, სასჯელი თითოეულთა განსხვავებულია. ამისთვის ზოგან წყვდიადია აუტანელი, სხვაგან ცეცხლისა გეჰენიაა, ცალკერძ კბილთა ღრჭენა და ცალკერძ მატლი დაუძინებელი, სხვა მხრით არს ცეცხლისა ტბა და სხვამხრით ქვესკნელნი. ერთგან ცეცხლია ჩაუქრობელი, სხვაგნით არს ცეცხლის მდინარე და სხვაგნითა კიდევ სხვა და თითოეულში განაწილდებიან უბადრუკნი, ცოდვათა თვისთამებრ. და ვითარცა ცოდვანი განსხვავდებიან, ეგრეც სხვადასხვაა სატანჯველნი.
ქრისტიანენი: გვითხარ, მოძღვარო, სასჯელთ სხვაობაც.
მოძღვარი: სხვაგვარია სასჯელი მრუშისა, სხვაგვარია მეძავისა, სხვაგვარი მკვლელისა, სხვაგვარ ლოთისა; მწვალებლობათაგან შეგინებულნი ისმენენ: „მოისპენ უღმრთოი, რაითა არა იხილოს დიდებაი უფლისა“ (ესაია 26, 10) ხოლო რომელთა ურთიერთას შუღლი აქვნდეთ, და ამ ყოფითვე განსვლა უწევთ ამა სოფლითგან, ესენი შეუწყნარებლად განისჯებიან და ვითარცა მოძულენი უკუნეთ წყვდადს განწესდებიან. რამეთუ მოიძულეს ქრისტე. რომელმან სთქვა: იყუარებოდეთ ურთიერთას და მიუტევებდეთ. ვაი ექნებათ მაშინ მრუშთა, ვაი მეძავთა, ვაი მემთვრალეთა, ვაი მისანთა და ჯადოსმყოფთა, ვაი მპარავთა, მტაცებელთა, ცნობისმოყვარეთა და ვაი მათდა, რომელნი არა ოდენ ჰყოფდნენ არა ყოველთა, არამედ მომქმედთა ამათთანა მიაშურებდნენ! ვაი მწვალებლობათაგან შეგნებულთა, ვაი მგმობელთა საღმრთო წერილისათა, ვაი ჟამისა სინანულისა სიცილსა და ამაოებაში გამცუდებელთა, რამეთუ მწარითა ცრემლითა ითხოვენ იმა ჟამს, რომელი ფუჭად განვლეს, მაგრამ ვერღარა ჰპოვებენ! ვაი მათდა, რომელნი საბოძვართათვის გაამართლებენ უწმინდურთ, ვაი მტაცებელთა და ბოლოს ვაი ყოველთა, რომელთა ხვდებათ მარცხენით დგომა, რამეთუ იგინი ისმენენ ხმასა მას: განვედით ჩემგან და წარვედით კრულნი და მოძულენი საქმეთა თქვენთა თანა, არა გიცნი თქვენ, მაშინ შემცბარნი განილტვიან გოდებით და სამსჯავროდან განდევნილნი სიკვდილს მიეცემიან „ხოლო ღმერთმან იხსნეს სული ჩემი“, ვითარცა იტყვის ფსალმუნი (48, 15).
ქრისტიანენი: გევედრებით, მონაო, ღვთისაო, გვაუწყე ჩვენ ვითარი იქნება გოდება იგი და ვითარს ტანჯვასა მიეცემიან.
მოძღვარი კვლავაც ტირილით მიუგებს: ძმანო ჩემნო, ვითარი სამწუხარო ამბის სმენა გსურთ! ოი, საშინელი და საზარელი ჟამი! ვაი ჩემდა, საყვარელნო ჩემნო! ვის ძალუძს თხრობა, ანუ ვინა ისმინოს საშინელი და უკანასკნელი ესე გარდასავალი! რომელთა ცრემლნი გეპოვნებათ სტიროდეთ, ხოლო რომელთა ცრემლნი არა აქვნდეთ, მოვედინ სმენად, რაით უწყოდეთ მოსაწევნელნი თქვენდა და ვზრუნვიდეთ ცხოვნებისათვის სულთა ჩვენთასა. რამეთუ მაშინ ერთურთს განშორდებიან და შეუდგებიან გზასა მას უკუმოუქცეველსა. მაშინ ეპისკოპოსნი ეპისკოპოსთ განეშორებიან, დიაკვანნი დიაკვანთ; და მასვე ჟამსა მონათა მსგავსად მეფენიც განიდევნიან ყრმათაებრ მოტირალნი; ხოლო მარტო შთენილი დიდებულნი შემწეს ვერვისა ჰპოვებენ, არცა სიმდიდრე ნუგეშცემთ და ვერცა პირმოთნეთ სადამე ჰპოვებენ; მაშინ მშობელნი შობილთ განშორდებიან და მეგობარნი მეგობართ; სოფლის მოყვარე და სოფლისად მზრახველნი მონაზონნიც განიდევნებიან. აწ სხვათ ვერღარას მოგითხრობთ, რამეთუ შიში მიპყრობს. მაშინ ანგელოზთაგან განდევნილი გვემულნი და კბილთა ღრჭენით უკუქცეულნი მალი-მალ გახედავენ სინათლესა და სიხარულში დარჩენილ მართალი და მწარედ ატირდებიან. მერმედ მიეფარვიან და ყოველთა საზარელ ადგილს მიადგებიან, საცა სხვადასხვაგვარ სასჯელს მიეცემიან, და როცა ღმრთისა და წმიდათა მისთაგან სრულად დატევებასა და საბოლოო მსჯავრს გულისხმაჰყოფენ, მწარედ ატირებულნი აღმოსთქვამენ: ვაი, რაოდენი დრო გავაცუდეთ! ო, როგორ დაგვცინა ცრუ სოფელმა! რისთვის არ ვიღვაწეთ, ოდეს სხვანი იღწვოდნენ, არამედ დავცინოდით ჩვენ მოღვაწეთ ყოველთა? იმ ქვეყნად უფალი წმიდა წერილით გვასწავებდა, ხოლო ჩვენ არა გულისხმავყოფდით. აწ ჩვენ ვგმინავთ და უფალი გარე მიიქცევს პირსა ჩვენგანა. გარნა რა სარგებელი გვიყო ყოველმა სოფელმან? სადღა არიან მშობელნი ჩვენნი? ანუ შვილნი და მეგობარნი ჩვენნი? აღარსით ისმის წვეულებათა ხმა; სადღაა სოფლის დიდებული და ფუჭი ამაოება; არსით არიან მეფე-დიდებულნი და ბრძენნი... ვინღა შეგვეწიოს ჩვენ? მაშინ გულსხმაყოფენ უბადრუკნი, რომ სრულად დაუტევა იგინი უფალმა და ოხვრითა და მწარითა ცრემლითა იტყვიან: შეგვინდევით წმინდანნო და მართალნო, რომელთაცა განგეშორენით; შეგვინდეთ მეგობარნო, დედანო და მამანო, შვილნო ჩვენნო და მახლობელნო; შეგვინდეთ ჩვენ მოციქულნო, წინასწარმეტყველნო და მოწამენო უფლისანო; და შენცა მოგვიტევე დედუფალო ღვთისმშობელო, ჩვენისა ცხოვნებისათვის ლოცვითა დამაშვრალო; გარნა ჩვენ თავად არა ვისურვეთ სინანული და ცხოვნება; და მოგვიტევე წმიდაო და ცხოველმყოფელო ჯვარო უფლისაო; შეგვინდევ ჩვენ სამოთხეო ღმრთისა მიერ ნეტარყოფილო, შეგვინდევ ზეციურო იერუსალიმო, დედაო პირველშობილთაო, შეგვინდევ სასუფეველო ღმრთისაო, რომლისა არა არს დასასრულ. შეგვინდეთ ჩვენ ყოველთა; ვერღა ვიხილავთ აწ ვერცა ვის თქვენგანთა, არამედ მივალთ სამარადისო და უნელებელ სატანჯველს. და შემდგომად ამისა ყოველი თვისგანვე განმზადებულ კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს უნანელობისათვის.
გულისხმავყოთ, ძმანო, მსჯავრი ესე. ყურად იღეთ თუ რა გვარი ტანჯვა მოელოდებათ დაუდევართ, იზრახეთ იმ საშინელსა და სასტიკ ჟამზედ; იღვაწეთ ძმანო, რამეთუ ჟამი ესე გამოიძიებს ყოველსა ჩვენს ცხოვრებას; ხოლო მას ჟამზედ ღაღადებს ღვთაებრივი წერილი წმინდა ეკლესიებში აღმოსავლეთითგან დასავლეთამდე და გვაფრთხილებს და მოწმობს, რაითა არ შევიგინნეთ მას ჟამსა. და მასვე ჟამზედ იტყოდა დავით წინასწარმეტყველი: „რამეთუ შენ მიაგო კაცად კაცადსა საქმეთა მისთაებრ“ (ფსალმ. 61, 31). მასვე ჟამზედ ღაღადებდა მოციქული: „ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ ძი განკრძალუად ხუალთ, ნუ ვითარც უგუნურნი, არამედ ვითრცა ბრძენნი“ (ეფეს. 5, 15); მასვე ჟამზედა სთქვა უფალმან იესო ქრისტემან: „იღუაწეთ შესლვად იწროისა მისგან კარისა; ხოლო გეტყვი თქვენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ“. (ლუკა 13, 24). ჟამი ესე ეპყრათ გონებაში ხსოვნად, ოდეს წმინდანი დაუტევებდნენ სოფლის ყოველთა სიამეთ: სიმდიდრეს, აგარაკთა, ჯოგთა და ფარათა, სახლ-კართა, მეგობართა, ძმათა და ნათესავთა და შვილთათაცა და ყოველთა სიყვარულით დამტევებელნი მიისწრაფოდნენ მთებსა და უდაბნოებში, ნაპრალთა და ქვაბურებში; დაუტევებდნენ სოფელს ყოველსა, მგლოვარენი, უპოვარნი და დევნულნი. და აროდენ მამანი, არამედ დედანიც აღაფრთოვანებდნენ ზეცათა სასუფეველს, ვიწრო და ძნელი გზის სიყვარულით, რამეთუ: „არა არს რჩევაი მამაკაცისა, არცა დედაკაცისა“ (გალ. 3, 28); ხოლო თვითოეულს თვისი სასყიდელი აქვს, ღვაწლისამებრ, ვითარცა გვეტყვის მოციქული: „რომლისა იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს“ (1 კორ. 3, 14). ნეტარ არიან მგლოვარენი, ნეტარ არიან რომელნი მას ჟამსა ქრისტეს მეგობრად შეირაცხვიან; ნეტარ არიან მღვიძარენი მოწყალებასა და ლოცვაში, ნეტარ არიან დღე-ყოველ თვისთა სულთათვის მოღვაწენი; ნეტარ არიან რომელნი თმენითა რეკენ კარსა მაცხოვრისასა; ნეტარ არს, რომელმან განაბნინა ტვირთი თვისთა ცოდვათა; „ნეტარ არს მონისაი მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი“. (მათე. 24, 46). და ნეტარ ვართ, ძმანო ჩუენცა, უკეთუ ვრეკდეთ კარსა სასოებითა, რამეთუ განგვიღებს კართა. რამეთუ არა მტყუვარ არ სიტყვა: „ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარეთ“ (იოანე 6, 37). რამეთუ იგი არს ღმერთი ჩვენი, და დამბადებელი ჩვენი და მასვე შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" III ტომი.
No comments:
Post a Comment