წმ. იოანე ოქროპირი. ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს.



 და აწ ჩუენცა, ძმანო, ნუ ყოვლადვე სიტყუა-ტკბილობითა ვფუფუნებთ მორჩილობასა შინა ჩუენსა რწმუნებულთა ღმრთისა მიერ, არამედ ოდეს ვიხილნეთ მიდრეკილნი უწესოებისა მიმართ და სიტკბოებით ვერ განვკურნნეთ, შერისხვადცა და მხილებად ნუ გუეკდიმებინ, ვითარცა მოციქული იტყჳს: "ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც", ოდენ ორივე ნებისაებრ და მცნებისა ღმრთისა იქმნებოდენ. ნუცა კუალად ჩუენ უხუცესთა და უზეშთაესთაგან ჩუენთა ვენუკევთ ყოვლადვე სიტყუა-ტკბილობით ლიქნასა, არამედ ოდეს შერისხვაჲ მოიწიოს, იგიცა მადლობით შევიწყნაროთ, რამეთუ სულთა ჩუენთა ორკერძოჲვე ესე წამალი ეჴმარების.
ამისთჳსცა ღმერთი სოფელსა ამას ესრეთ განაგებს: ოდესმე ამით ჯერითა და ოდესმე სხჳთა მით წესითა, და არცა კეთილნი ამის საწუთროჲსანი არიან შეუცვალებელ, არცა მწუხარებანი, არამედ ვითარცა-იგი ოდესმე დღე არნ და ოდესმე ღამე, ოდესმე ზაფხული და ოდესმე ზამთარი, ეგრეთვე ჩუენ შორის ოდესმე სიხარული არნ და ოდესმე მწუხარებაჲ, ოდესმე სნებაჲ და ოდესმე სიმრთელე. აწ უკუე ნუ გჳკჳრს უძლურებაჲ თუ და სნეულებაჲ შეგუემთხჳოს, ვითარცა-იგი, ოდეს მრთელ ვიყვნეთ, არა გჳკჳრს; ნუ მწუხარე ვართ, ოდეს გუელმოდის და შთავვარდეთ განსაცდელთა, ვითარცა-იგი არა მწუხარე ვართ ჟამსა სიხარულისა და განმარჯუებისასა, არამედ ორსავე წესსა მადლობით შევიწყნარებდეთ: სიმრთელისა და სნეულებისასა, სიხარულისა და მწუხარებისასა, რამეთუ ორივე ესე წესითა მით და ჩუეულებითა ბუნებითითა იქმნებიან განგებისაებრ ღმრთისა, და რად გიკჳრს, კაცო, უკუეთუ შენ ზედა ესრეთ იქმნებიან საქმენი ესე? იხილე, რამეთუ წმიდათაცა ზედა ეგრეთვე აღესრულა და, უკუეთუ გნებავს, გამოიძიე თითოეულისა წმიდათაგანისა ცხორებაჲ და ესრეთ ჰპოო. არა ვიტყჳ უმრავლესთა მათ, რომელთა მოქალაქობაჲ ამის საწუთროჲსაჲ უმეტესი ჭირითა და ღუაწლითა აღასრულეს, არამედ იგინი ვთქუნეთ, რომელნი საგონებელ არიან, თუ სხუათასა უმეტესი მიეცა აქავე შუებაჲ და განსუენებაჲ. ვთქუათ აბრაჰამისთჳს. ისმინე დაწყებასა მებრ ღმრთისმსახურებისა მისისასა, რაჲ-იგი ღმერთმან ამცნო მას: "გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა, რომელი მე გიჩუენო შენ". არა შესაწუხებელ იყოა სიტყუაჲ ესე კაცისათჳს ესევითარისა? არამედ დაურთო ნუგეშინის-ცემაჲცა: "გყო შენ ნათესავად დიდადო". ხოლო გამო-რაჲ-ვიდა მიერ ქუეყანით და მოვიდა ვინაჲცა უბრძანა ღმერთმან, მრავალნი ჭირნი და მწუხარებანი შეემთხჳნეს, სიყმილნი და მიმოსლვანი, არამედ ნუგეშინის-ცემანიცა მარადის მიეცემოდეს ღმრთისა მიერ: ოდესმე წყლულებაჲ იგი ფარაოჲსი და შიში ღმრთისა მიერ მის ზედა მოწევნული და კუალად გამოსლვაჲ მისი ეგჳპტით პატივითა და სიმდიდრითა დიდითა. და შემდგომითი შემდგომად ყოველივე ცხორებაჲ მისი ამით სახითა აღესრულა, ოდესმე განსაცდელითა და ოდესმე ნუგეშინის-ცემითა. ეგრეთვე სხუათა მათ მამათმთავართაჲ, ეგრეთვე წმიდათა მოციქულთაჲ, და უფროჲსადღა მათი ცხორებაჲ უმრავლესი ჭირითა აღესრულებოდა და განსაცდელითა, არამედ აქუნდა ღმრთისამიერი ნუგეშინის-ცემაჲ, ვითარცა პავლე იტყჳს: "კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ, რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა". ხოლო შენ, კაცო, რაჟამს შეგემთხჳოს მცირე რაჲმე განსაცდელი, იწყი დრტჳნვად, ვითარმცა ყოველნი ჟამნი შენნი განსაცდელსა მას შინა გარდაგეჴადნეს და მრავალთა მათ კეთილთა და ნუგეშინის-ცემათა ღმრთისათა, რომელნი მოუცემიან შენდა სიყრმით შენითგან, უმადლო იქმნი და მოვიწყე; რამეთუ ესე საქმე არს კაცთა უგუნურთა და უგულისჴმოთაჲ, რომელთა ესე გუნებავს, რაჲთამცა დღითი-დღე სიხარულსა და განცხრომასა შინა ვიყვენით. ამისთჳსცა მცირედი თუ მწუხარებაჲ მოიწიოს, ყოველივე დავივიწყით და შევჰრაცხნით თავნი ჩუენნი, ვითარმცა სამარადისოსა მწუხარებასა შინა ვიყოფოდეთ და არა გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ არა შესაძლებელ არს კაცისა მარადის მწუხარებასა შინა ყოფად. რამეთუ ესრეთ არს ცხორებაჲ ესე საწუთროჲსაჲ: არცა ესევითარი სადა იპოების საქმე, რაჲთამცა მარადის სიხარულსა შინა იყო და არასადამცა შეემთხჳა მწუხარებაჲ; არცა ესე შესაძლებელ არს, რაჲთამცა ყოვლადვე მწუხარებასა შინა ვინ იყო და არასადამცა პოა ნუგეშინის-ცემაჲ. და უკუეთუ გნებავს, გამოვიძიოთ ორივე ესე საქმე, რაჲთა სცნათ, ვითარმედ არცა თჳნიერ მწუხარებისა ვინ დაშთების, არცა თჳნიერ ნუგეშინის-ცემისა. გულისჴმა-ყავთ კაცი, ფრიად მდიდარი და დიდძალისა ნაქონებისა უფალი, და სხუაჲ კაცი, მუშაკი მარადღე დამაშურალი, რომელი ოფლითა პირისა მისისაჲთა ჭამნ მდღევარსა მას პურსა. აწ უკუე იხილეთ მდიდრისა მის და დიდებულისა ცხორებაჲ, უკუეთუ არა მწუხარებითა სავსე არს: ოდესმე სწადინ უმეტესისა დიდებისა მიმთხუევად და ვერ უძლის და მწუხარე არნ; ოდესმე მონანი მისნი იპოვნიან წინააღმდგომ ნებისა მისისა და უწესოებისა მოქმედ და მწუხარე არნ; ოდესმე სხუათა მიერ თანამოჰასაკეთა მისთა შეემთხჳის წუნობაჲ და შეწუხნის; ოდესმე შეასმინიან მეფისა მიმართ და შიშითა განილევის. სხუათა ემტერებინ, სხუათაჲ შურნ, სხუათა უჴდებინ და კუალად შეემთხჳის ზღვევაჲ, ანუ წარპარვაჲ, ანუ უნაყოფოებაჲ. ესე ყოველი და მსგავსი ამათი მწუხარებისა მომატყუებელ არს და სიხარულისა დამჴსნელ. ვთქუათ უკუე მუშაკისა მისცა გლახაკისა ცხორებაჲ, აღვსებული ნუგეშინის-ცემითა. თავისუფალ არს ყოველთა მათ ზემოწერილთა მწუხარებათაგან, არა ეძიებს პატივთა და დიდებათა, რაჲთამცა გამარცხებისა მისთჳს მწუხარე იყო. უკუეთუ ვინმე დაიწუნოს, ანუ შეურაცხ-ყოს, არარად შეჰრაცხის, რამეთუ არა აქუნ თავი თჳსი უმეტეს სხუათასა. არა ეშინინ წარწყმედისათჳს საფასეთაჲსა, ანუ შესმენისათჳს. სიხარულით ჭამნ მდღევარსა მას საზრდელსა თჳსსა; რამეთუ არა ესრეთ მოხარულ არნ მდიდარი იგი, რაჟამს იშუებნ თითოფერითა სანოაგითა და სუამნ ღჳნოსა მას თასურსა, ვითარ გლახაკი იგი მოხარულ არს, რაჟამს დამაშურალი დაჯდის წყაროსა ზედა გრილსა და ჭამნ პურსა თჳსსა მადლობით და სუამნ სასუმელსა მას უშურველსა. ხოლო უკუეთუ თქუმული ესე სახე არა კმა არს შენდა, მოედ, უაღრესიცა სახე გიჩუენო: შევამსგავსოთ ურთიერთას მეფე და ერთი ვინმე პყრობილთაგანი, და იხილო პყრობილი იგი მრავალგზის სიხარულსა შინა, ვითარ ულმობელად იმღერინ, იცინინ და განსცხრებინ, და მეფე შეწუხებული და შეურვებული და შეპყრობილი ზრუნვათაგან და შიშთა და მოსურნე სიკუდილისა, ვიდრეღა ცხორებისა მის დიდებულისაჲ. კეთილად უკუე ვთქუ და ჭეშმარიტად, ვითარმედ არა არს ცხორებაჲ ამის საწუთროჲსაჲ თჳნიერ მწუხარებისა, რაოდენცა დიდებულ და სახარულევან საგონებელ იყოს. არცა კუალად იპოების თჳნიერ ნუგეშინისცემისა, რაოდენცა საჭირო და ძნელოვან შერაცხილ იყოს. ხოლო რომელ-იგი არა ერთ არს გონებაჲ ყოველთაჲ, არამედ რომელსამე უხარის ფრიად და რომელიმე მწუხარე არს ფრიად, ესე არა ბუნებისაგან არს საქმეთაჲსა, არამედ გონებისაგან კაცთაჲსა, რამეთუ რომელიმე სულმოკლე არს და რომელიმე სულგრძელ. სულმოკლე იგი ზედაჲსზედა მწუხარე არნ და სულგრძელი იგი მხიარულ. რამეთუ, უკუეთუ გუენებოს ზედაჲსზედა სიხარული მრავალი, ვპოოთ მიზეზი; და ყოვლისა პირველად,უკუეთუ სათნოებაჲ შევიტკბოთ, არარაჲ იყოს შემაწუხებელ ჩუენდა. ესე სასოებითა კეთილითა აღავსებს მომგებელთა მისთა და ღმრთისა საყუარელ-ჰყოფს და კაცთა საწადელ და მარადის სიხარულსა მიანიჭებს. რამეთუ დაღაცათუ საქმე სათნოებისაჲ საჭირველ არს, არამედ გონებასა მას მოქმედთა მისთასა ახარებს და განუსუენებს უაღრეს სიტყჳსა, და არარაჲ არს საწადელთაგან ამის საწუთროჲსათა შემსგავსებულ სიტკბოებასა მას, რომელი არს გულსა შინა მუშაკთა მათ სათნოებისათა, არარაჲ არს უმტკიცეს და უძლიერეს გონებისა, რომელი არა დასჯილ არს ცოდვათაგან, არამედ მოხარულ არნ კეთილთა მიერ საქმეთა. და უკუეთუ გნებავს, ჰკითხე კაცსა მოხუცებულსა, გინა თუ რომელი მიახლებულ არნ სიკუდილად, მოაჴსენენ საშუებელნი ამის საწუთროჲსანი და სიხარულნი და განცხრომანი: ტაბლათა შუენიერთა დაგებანი, სამოსელთა ბრწყინვალეთა შემოსანი, ეტლთა ზედა ჰუნეთა ოქროაღჳრედთა მჴედრობანი და სხუანი ყოველნივე საწუთროჲსა ამის უცნებანი. მოაჴსენენ ქველისსაქმენიცა და სათნოებანი, რომელნი სადა ექმნენ, და ჰკითხე, თუ რომელსა ზედა მოქადულ არს და მოხარულ; და იხილო იგი პირველსა მას ზედა ყოველსავე უფროჲსად სირცხჳლეული და მონანული, ხოლო მეორესა მას ზედა - მოხარული, უკუეთუ რაჲ აქუნ ესევითარი. ეგრეთვე ეზეკია, ოდეს-იგი მიეახლა სიკუდილად, არა მოიჴსენა დიდებაჲ თჳსი და საშუებელნი მეფობისა მისისანი, არამედ სიმართლე თჳსი, და იტყოდა: "მოიჴსენე უფალო, ვითარ-იგი ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებითა და გულითა სრულითა და სათნოებაჲ წინაშე შენსა ვყავ". იხილე პავლეცა, ოდეს ცნა მოახლებაჲ აღსასრულისა თჳსისაჲ, რასა ზედა იქადოდა: "ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს". რამეთუ, ჭეშმარიტად, ოდეს მოიწიოს ჟამი იგი აღსრულებისაჲ, ყოველივე სოფელი და საქმენი მისნი ვითარცა არარანი გამოჩნდებიან და სათნოებანი ხოლო არიან ნუგეშინის-საცემელ სულისა მის, რამეთუ შუებისათჳს და განცხრომისა და სხუათა მათთჳს საქმეთა საწუთროჲსათა სიტყჳს-მიცემაჲ თანა-გუაც, ხოლო კეთილთა საქმეთათჳს სასყიდელსა მოველით მოღებად. არა ჰხედავთა დღესა მას სიკუდილისასა ვითარ შეაიწრებენ და შეაშფოთებენ სულსა ცოდვანი? ხოლო მწარესა მას ჟამსა შინა მოვიდის ჴსენებაჲ კეთილთა საქმეთაჲ და ნუგეშინის-სცის შეშფოთებულსა მას სულსა, ვითარცა რაჲ ღელვაგუემულსა ეწიის მყუდროებაჲ შუენიერი. უკუეთუ არა გუაქუნდენ საქმენი კეთილნი, შიში იგი, რომელი მაშინ გუეწიოს ჩუენ. რამეთუ, დაღაცათუ აწ არა ვიჴსენებთ შიშსა მას, მაშინ მოწევნადსა, არამედ უეჭუელად მოწევნად არს და თანაწარსლვაჲ არა ეგების. ამისთჳსცა მრავალნი ჟამსა მას ხილვათა საშინელთა ხედვენ და პირთა შესაძრწუნებელთა, რომელნი არაოდეს ეხილნიან, ვიდრეღა შიშისა მისგან და ზარისა შეშფოთნიან და საშინელად მიმოიხედვიდიან, რაჟამს სული გუამსა შინა იმალვინ და განსლვად არა ჰნებავნ ჴორცთაგან, და ხილვასა მას მოსრულთა ანგელოზთასა ვერ თავს-იდებს. რამეთუ ვიხილნით თუ კაცნი მრისხანენი და მახჳლ-წუდილნი, შევშინდით; ვითარ არამცა შევშინდით და შევძრწუნდით, ოდეს ვიხილნეთ ანგელოზნი ძალითა სასტიკითა მოსრულნი ჩუენ ზედა, რაჟამს-იგი განიყვანებოდის სული ჩუენი იძულებით ჩუენგან და გოდებდეს ფრიად, უსარგებლოდ და ცუდად, ვითარცა-იგი მდიდარსა მას შეემთხჳა? აწ უკუე, საყუარელნო, ამას ყოველსა ვიწურთიდეთ და შიში ჟამისაჲ მის მარადის ჩუენ თანა იყავნ, რაჲთა არა უცნაურად გუეწიოს და ფრიად ვინანდეთ სინანულსა მას უსარგებლოსა. ხოლო მარადის თუ შიში იგი გულთა ჩუენთა იყოს, მრავალთა ბოროტთაგან გჳჴსნეს ჩუენ და განმზადებულნი მივემთხჳნეთ მას, რაჲთა უჭირველად განვიდეთ ამიერ და განვერნეთ საუკუნეთა მათგან სატანჯველთა და კეთილთა მათ წარუვალთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment