წმ. იოანე ოქროპირი. რაჲთა ვიქადოდით ჯუარცუმისათჳს ქრისტესისა, და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა.



ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს მიზეზი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ და თავი ყოველთა კეთილთაჲ, რომლისა მიერ ცხოველ ვართ, ესე იგი არს ჯუარი ქრისტესი; არამედ ვითარცა გჳრგჳნი ბრწყინვალე გუაქუნდინ იგი, რამეთუ ყოველი ცხორებაჲ ჩუენი მის მიერ იქმნების. უკუეთუ ვინ ნათელ-იღებდეს, ჯუარი წინაუძღჳს; უკუეთუ ტაბლაჲ იგი საიდუმლოთაჲ დაეგებოდის, ჯუარი თანაიქცევის; უკუეთუ კურთხევაჲ მღდელობისაჲ აღესრულებოდის, ჯუარი თავსა ზედა გამოისახვის; და ყოველსა საქმესა თანა ცხორებისა ჩუენისასა შეერთებულ არს, ყოვლისავე კეთილისა წინამძღუარ არს. ამისთჳსცა სახლთა შინა და კართა ზედა და პირსა ზედა ჩუენსა და გულსა და გონებასა შინა ყოვლითა მოსწრაფებითა გამოვსახავთ, რამეთუ აზნაურებისა ჩუენისა და ჩუენდა მომართ წყალობისა ღმრთისა სასწაული არს ჯუარი. 'ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა', იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, რომელ ესე ჯუარცუმასა მოასწავებს. რაჲ არს უკუე უმეტეს ამისა სახე წყალობისაჲ, რამეთუ ჩუენთჳს, ვითარცა ცხოარი, კლვად მიიგუარა ჯუარსა ზედა. ამისთჳს გამოვსახავთ სახესა მას ჯუარისასა ჩუენ ზედა, რაჲთა გამოვსახვიდეთ რაჲ, მოვიჴსენოთ ცხოელსმყოფელი იგი ვნებაჲ, რომელი ჩუენთჳს ჴორცითა თავს-იდვა უფალმან.
აწ უკუე გამოჰსახვიდე რაჲ, კაცო, სახესა ჯუარისასა პირსა შენსა, მოიჴსენე ყოველივე იგი საქმე ჯუარცუმისაჲ და მოსპე შენგან გულისწყრომაჲ და ყოველნივე ვნებანი; განათავისუფლე სული შენი მონებისაგან ცოდვათაჲსა და მერმე კადნიერებით გამოსახე შენ ზედა სასწაული ჯუარისაჲ, და დაგიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა. ამას აზნაურებასა გუასწავებს ნეტარი პავლე. ამისთჳს აჴსენა რაჲ ჯუარი და სისხლი იგი პატიოსანი, ესრეთ ღაღატ-ყო: 'სასყიდლითა სყიდულ ხართ პატიოსნითა; ნუ იქმნებით მონა კაცთა'. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: გულისჴმა-ყავ, მორწმუნეო, სასყიდელი იგი შენთჳს მიცემული, რომელ არს ჯუარცუმაჲ ქრისტესი და პატიოსანი სისხლი მისი, და ნუღარა თავს-იდებ მონებად საქმეთა კაცობრივთა, ნუცა მორჩილებად სოფლისა მპყრობელსა მას ბნელისასა. რამეთუ არა თითითა ხოლო ჯერ-არს გამოსახვაჲ ჯუარისაჲ, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა და წამებითა საქმეთაჲთა, და ესრეთ თითითაცა. ესევითარითა თუ გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაჲ პირსა შენსა, ვერვინ მოგეახლოს არაწმიდათა ეშმაკთაგანი; ჰხედვიდენ რაჲ მახჳლსა მას მკლველსა მათსა, ხედვიდენ რაჲ ლახუარსა მას, რომლითა განიგურიმნეს გულნი მათნი უკეთურნი, ხედვიდენ რაჲ ნიშსა მას, რომლითა ყოველი ძალი მათი დაჰჴსნა ქრისტემან, რომლითა მოაკუდინა ვეშაპი იგი გულარძნილი. ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს დიდი ესე კეთილი, რაჲთა არა ქრისტემანცა არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა, და სასწაული ჯუარისაჲ ჩნდეს წინაშე მისა უბრწყინვალეს მზისა. რამეთუ მომავალ არს მაშინ ჯუარი სახილველად ყოვლისა სოფლისა, რაჲთა იხილონ ყოველთა ურწმუნოთა და სირცხჳლეულ იქმნენ. ამის პატიოსნისა ჯუარისა სასწაულმან მამათა ჩუენთა ზე და ჩუენ ზეცა აურაცხელნი აღასრულნა საკჳრველებანი და აღასრულებს. რავდენნი კარნი ჴშულნი განახუნა, რავდენნი წამალნი სასიკუდინენი განაქარვნა, რავდენნი ნაკბენნი მჴეცთა წამლიანთანი განკურნნა. რამეთუ ვინაჲთგან ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრნა და კამარანი ცათანი განახუნა და კარნი სამოთხისანი შესავალ-ყვნა და ძარღუნი ეშმაკისანი მოჰკუეთნა, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ წამალთა მაკუდინებელთა და მჴეცთა წამლეანთა და სხუათა ესევითართა მძლე ექმნა? ესე პატიოსანი ჯუარი შევიტკბოთ სულთა შინა ჩუენთა, რამეთუ ამან აცხოვნა სოფელი, და საცთური განიოტა, ჭეშმარიტებაჲ დაამტკიცა, ქუეყანაჲ ზეცისათა შეაერთა და კაცნი ანგელოზ ყვნა. ამის მიერ ეშმაკნი შეურაცხ იქმნეს, სიკუდილი ძილსა მიემსგავსა; ამის მიერ ყოველნი მბრძოლნი ჩუენნი დაეცნეს და დაითრგუნნეს. უკუეთუ ვინმე გრქუას: ჯუარცუმულსა თაყუანის-სცემა? არქუ მას ბრწყინვალითა ჴმითა და პირითა სიხარულისაჲთა: ჰე, თაყუანის-ვსცემ და არასადა დავსცხრე თაყუანის-ცემად. უკუეთუ გეცინოდის, შენ ცრემლოდე მისთჳს, რამეთუ სიცოფისაგან ბორგს; და ჰმადლობდი უფალსა, რომელმან ესევითარნი კეთილნი მოგუმადლნა, რომელთა ცნობადცა ვერვის ჴელ-ეწიფების ბილწთა და შეგინებულთაგან, თჳნიერ რომელთა გულნი წმიდა იყვნენ და გონებანი მარტივ, და მოეცეს მათ ზეგარდამო გამოცხადებაჲ. ამისთჳს იცინის იგი ვინმე ცოფი, რამეთუ მშჳნვიერი კაცი ვერ შეიწყნარებს სულიერსა. ჩჩჳლმანცა ყრმამან, იხილის რაჲ დიდი რაჲმე და სრული საქმე, განიცინნის, რამეთუ არა იცინ, რასა ხედავს. ეგრეთვე წარმართნი მსგავს არიან ყრმათა უგუნურთა და უფროჲსღა ფრიად უუგუნურეს მათსა არიან, რამეთუ ჰასაკსა შინა სრულსა ცნობაჲ ვერ შეიმოსეს. ამისთჳს არა ღირს არიან წყალობისა. ხოლო ჩუენ ბრწყინვალითა ჴმითა ვღაღადებდეთ წინაშე წარმართთა და ყოვლისა სოფლისა და ვიტყოდით კადნიერად, ვითარმედ: სიქადულ ჩუენდა არს ჯუარი ქრისტესი, და თავ ყოველთა კეთილთა, და გჳრგჳნ ძლევისა და სამკაულ სიკეთისა მის საუკუნოჲსა. მსუროდა, უკუეთუმცა ძალ-მედვა, პავლეს თანა ღაღადებად: 'რომლისათჳს სოფელი ჩემდა ჯუარცუმულ არს და მე - სოფლისა', გარნა ვერ ძალ-მიც ამისა თქუმად, რამეთუ თითოსახეთა ვნებათაგან შეპყრობილ ვარ. რამეთუ ესე სიტყუაჲ მათ შუენის, რომელთა უარ-უყოფიან სრულიად საქმენი სოფლისანი და მოუკუდინებიან თავნი თჳსნი ყოველთაგან ვნებათა მისთა. ამისთჳს გამცნებ თქუენ, ძმანო, და პირველ თქუენსა თავსა ჩემსა ვეტყჳ: ჯუარს-ვაცუნეთ და მოვაკუდინნეთ თავნი ჩუენნი სოფლისაგან, და ნუმცა-რაჲ გუაქუს ზიარებაჲ საქმეთა თანა ქუეყანისათა, ცუდთა მათ და წარმავალთა, არამედ მამულისა მის მიმართ ზეცათაჲსა გუსუროდენ და დიდებისა მის წარუვალისა და კეთილთა მათ მიუთხრობელთა. რამეთუ მჴედარნი ვართ მეუფისა მის ზეცათაჲსა და საჭურველი სულიერი გუმოსიეს. რაჲსათჳს უკუე აღვირჩევთ საქმესა ვაჭართა და ღჳნის-მოფარდულთასა, უფროჲსღა მატლთა და ქუემძრომელთა ჭიათასა, და ვიქცევით თიჴასა შინა და მწჳრესა ღორთაებრ? ჯერ-იყო ჩუენდა, რაჲთამცა ზეცას ვიყვენით საქმითა და გონებითა, სადა-იგი არს მეუფე ჩუენი, ქრისტე, რამეთუ სადაცა მეუფე არნ, მუნ იყვნიან ერთგულნიცა მჴედარნი. დაღაცათუ მეფე ესე ქუეყანისაჲ არა თავს-იდებს, რაჲთამცა ყოველნი მჴედარნი მისნი წინაშე პირსა მისსა დგეს და მახლობელად მისა იქცეოდეს, არამედ მეუფესა მას ზეცათასა ჰნებავს, რაჲთა ყოველნი მახლობელად საყდარსა მას სამეუფოსა იყვნენ. თქუას ვინმე, ვითარმედ: რომელნი-ესე ქუეყანასა ზედა ვიქცევით, ვითარ ჴელ-გუეწიფოს მახლობელად საყდრისა მის საღმრთოჲსა დგომად? ჰე, შესაძლებელ არს ესე, რამეთუ პავლეცა ქუეყანასა ზედა იქცეოდა და მუნ იყო, სადა სერაბინნი არიან და ქერაბინნი, და უმეტეს მათსაცა მიეახლებოდა ქრისტესა, რამეთუ არარაჲ საქმეთაგანი ქუეყანისათა შემძლებელ იყო მოწყუედად გონებისა მისისა ქრისტესგან, არამედ მარადის მოუწყუედელ და განუშორებელ იყო მისგან. აწ უკუე ჩუენცა, თუ გუენებოს, ძალ-გჳც ესრეთ ყოფად, რამეთუ უკუეთუმცა ადგილითა შორს იყო ჩუენგან მეუფე ჩუენი, სამართლადმცა ძნელ გიჩნდა მიახლებაჲ მისი, კაცო. ხოლო ვინაჲთგან ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს დიდებითა თჳსითა და მახლობელ არს მოშიშთა მისთა, რაჲსათჳსღა შეუძლებელ გიჩნს მახლობელობაჲ მისი? არა გესმისა წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რასა იტყჳს? 'არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ' . და თავადი უფალი იტყჳს სხჳსა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: 'ღმერთი მახლობელი მე ვარ და არა ღმერთი შორიელი'. საცნაურ არს უკუე, ვითარცა-იგი ცოდვანი განგუაშორებენ მისგან, ეგრეთვე სიმართლენი მიგუაახლებენ მისა. ვითარცა ეტყჳს ესაია მოქმედთა მათ სიმართლისათა, ვითარმედ: 'დიდებაჲ ღმრთისაჲ გარემოგადგეს შენ. მაშინ ჰღაღადებდე და ღმერთმან ისმინოს შენი. და ვიდრე სიტყუადმდე შენდა გრქუას: აქა ვარ'. რომელმან მამამან ესრეთ მოსწრაფებით ისმინოს შვილთა თჳსთაჲ? რომელმან დედამან ესრეთ განმზადებულად განჰმარტნის სასმენელნი თჳსნი სმენად სიტყუასა ნაშობთა მისთასა, რაჲთა უწოდონ რაჲ, მეყსეულადმცა ჴმა სცა? ხოლო ღმერთი მარადის მზა არს და მოელის, ვინ-ძი ხადოს მას მონათა მისთაგანმან და არა ოდეს ჰყოვნის სმენად მათა, რომელნი ჯეროვნად ხადიან მას. ამისთჳს იტყჳს: 'ვიდრე სიტყუადმდე შენდა გრქუას: აქა ვარ'. აწ უკუე, საყუარელნო, ვხადოდით მას, ვითარცა-იგი მას ჰნებავს. ვითარ უკუე ჰნებავს, ესეცა ესაია წარმოგჳთხრა: 'განიჴსენ ყოველი კრულებაჲ სიცრუისაჲ, განხეთქე გულარძნილებაჲ მძლავრებით ვაჭრობისაჲ, განუტევენ პყრობილნი მიტევებით და ყოველივე ჴელითწერილი სიცრუისაჲ განხეთქე. ეც მშიერთა პური შენი და გლახაკნი უსადგურონი შეიყვანენ სახედ შენდა. იხილო თუ შიშუელი, შემოსე იგი, და თჳსი ნათესავისა შენისაჲ არა უგულებელს-ჰყო. მაშინ წარგემართოს მსთუად ნათელი შენი და ლხინებაჲ შენი ადრე აღმოსცენდეს, და ვიდოდის წინაშე შენსა სიმართლე შენი, და დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ გარემოგადგეს შენ. მაშინ ჰღაღადებდე და ღმერთმან ისმინოს შენი და, ვიდრე სიტყუადმდე შენდა, გრქუას: აქა ვარ'. იტყჳან ვინმე მცონართა და უდებთაგანნი, ვითარმედ: ესე ყოველი ვინ უძლოს აღსრულებად? ხოლო მე ვიტყჳ: ვისმცა არა ეძლო ამათ სწავლათა აღსრულებად? ანუ რაჲ ძნელი თქუმულ არს ამას შინა? რამეთუ ესოდენ ადვილ არიან სიტყუანი ესე და შესაძლებელ, ვიდრეღა მრავალთა ფრიად უმეტესი გარდაჰმატეს და უზეშთაესი აღასრულეს. არა ჴელისწერილნი ხოლო სიცრუისანი განხეთქნეს, არამედ ყოვლისაგანვე საქმისა სოფლიოჲსა შიშუელ იქმნნეს; არა სახლად ხოლო შეიყუანნეს უსადგურონი და სცეს პური ნამეტნავისაგან ტაბლათა მათთაჲსა, არამედ შურებოდესცა ოფლითა პირთა მათთაჲთა და ნაშრომისა მის მათისაგან ზრდიდეს გლახაკთა, და კეთილსა უყოფდეს არა ხოლო თუ მეგობართა და თჳსთა, არამედ მტერთაცა. აწ უკუე რაჲ სიძნელე არს თქუმულთა ამათ შინა? არა თქუა, თუ: წიაღ-ჴედ ზღუათა მრავალთა და გარდავლენ მთანი მაღალნი, გამოკუეთენ კლდენი მყარნი, გარდაიჴადენ უჭმელად დღენი მრავალნი, შეიმოსე ძაძაჲ, დაწევ ეკალთა ზედა. არარაჲ თქუა ესევითარი, არამედ თქუა: 'განჴსენ კრულებაჲ სიცრუისაჲ'. ესე იგი არს, განაგდენ გულისაგან შენისა საკრველნი ძჳრისჴსენებისა და ზაკუვისანი, განჴეთქე ყოველივე ჴელისწერილი სიცრუისაჲ. რაჲ არს ამისა უადვილესი? 'განუტევენ პყრობილნი მიტევებით, ეც მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსადგურონი შეიყვანენ სახედ შენდა'. რაჲ სიძნელე არს ამას შინა? ხოლო ძნელ თუ გიჩნს, იხილე მისაგებელიცა და ადვილად აღგიჩნდეს. რამეთუ, ვითარცა მეფენი ქუეყანისანი მჴედართა შე-რაჲ-ავლენდენ ბრძოლად, ნიჭთა და პატივთა წინაუყოფენ, უნდოთა და წარმავალთა, რამეთუ ესოდენ ჴელ-ეწიფების, ეგრეთვე ქრისტემან, ჴმითა წინაჲსწარმეტყუელისაჲთა, წინაჲთვე უჩუენნა მოღუაწეთა თჳსთა ნიჭნი იგი დიდებულნი. და გულისჴმა-ყავ თითოეულად: 'მაშინ წარგემართოსო მსთუად ნათელი შენი'. გულისჴმა-ყავ თითოფერებაჲ ამის ნიჭისაჲ. არა თქუა, თუ: გამოჩნდეს ნათელი შენი, არამედ წარგემართოსო. უმეტესსა მას განმარჯუებასა და ბრწყინვალებასა მის ნათლისასა მოასწავებს, და ვითარმედ იგი თავადი თანაშემწე არს და წარმმართებელ მისა. 'მაშინ წარგემართოს მსთუად ნათელი შენი'. რაჲ არს თუ 'მსთუად'? ესე იგი არს, ვითარცა ნაყოფთათჳს ვიტყჳთ მსთუად, რომელი-იგი პირველ განწესებულისა მის ჟამისა დამწიფდის, ეგრეთვე აქა; რამეთუ წეს არს შემდგომად მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა მიწევნად კაცისა ესევითარსა მას ბრწყინვალებასა. აწ იტყჳს, ვითარმედ: პირველ განწესებულთა მათ ჭირთა და განსაცდელთასა მიიწიო ადვილად ბრწყინვალებასა მას დიდებულსა და სულიერსა და წარგემართოს მსთუად ნათელი შენი. ხოლო რომელსა ნათელსა იტყჳს, ანუ რაჲ-მე არს ნათელი იგი? არა თუ ამას ხილულსა ნათელსა მოასწავებს, არამედ უაღრესსა მას და ზეცისასა, რომელი-იგი გჳჩუენებს ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, ქერობინთა და სერობინთა, მთავრობათა და ჴელმწიფებათა, საყდართა და უფლებათა, და ყოველსა მას ზეცისა მჴედრობასა, ტაძართა მათ სამეუფოთა, საყოფელთა მათ საუკუნეთა. რამეთუ უკუეთუ ნათელსა მას ღირს იქმნა, განსთავისუფლდე ცეცხლისა მისგან გეჰენიისა, და მატლისა მისგან წამლეანისა, და ღრჭენისაგან კბილთაჲსა, და საკრველთა მათგან განუჴსნელთა, და ჭირისა მისგან ფრიადისა, და იხილნე სიხარულით განწყობილნი იგი ზემოწერილთა მათ მჴედრობათანი. და მიიწიო, სადა-იგი არა არს სალმობაჲ, არცა მწუხარებაჲ, არცა სულთქუმაჲ. სადა-იგი არს ფრიადი სიხარული, მშჳდობაჲ და სიყუარული, შუებაჲ და განათლებაჲ და ცხორებაჲ საუკუნე, და დიდებაჲ გამოუთქუმელი, და შუენიერებაჲ მიუთხრობელი, და ნათელი პირისა ღმრთისაჲ; სადა-იგი არიან კეთილნი, 'რომელნი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა'; სადა-იგი არს სასძლოჲ სულიერი, და ქორწილი ზეცისაჲ, და ბრძენნი იგი ქალწულნი ლამპრითა ბრწყინვალითა, და ყოველნი, რომელთა ჰმოსიეს სამოსელი საქორწინე; სადა-იგი არიან სავანენი საუკუნენი და საუნჯენი მეუფისანი და იერუსალჱმი ზეცისაჲ. იხილენა ნიჭთა ამათ სიმრავლენი, ვითარ ყოველნი ესევითარითა სიტყჳთა გამოსახნა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ უფალმან? ეგრეთვე შემდგომთა მათ სიტყუათა, უკუეთუ ძალი გამოვიძიოთ თითოეულისა სიტყჳსა, ფრიადი ვპოოთ სიმდიდრე და ძალი გამოუთქუმელი. აწ უკუე ვინაჲთგან ესე ყოველნი კეთილნი სიყუარულითა და კეთილის-ყოფითა მოყუსისაჲთა აღგჳთქუა უფალმან, ნუმცა უდებ ვიქმნებით, გევედრები, არამედ ყოვლით კერძო ვისწრაფოთ მცნებათა უფლისათა, კეთილთა ამათ და ადვილთა, აღსრულებად. დაღაცათუმცა ცეცხლი წინამდებარე იყო და მახჳლნი ლესულნი, არავე ჯერ-იყო ჩუენდა რიდობად თავთა თჳსთა, რაჲთამცა მივემთხჳენით სასუფეველსა ცათასა და კეთილთა მათ დაუსრულებელთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მკჳდრ-ყოფად, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

No comments:

Post a Comment