წმ. იოანე ოქროპირი. პატიოსნისა მის თავისათჳს ნათლისმცემელისა, და რაჲთა ვივლტოდით მემღერთაგან და მსახიობელთა.


ისმინეთ, რომელნი-ეგე სიწმიდით სცხონდებით და კაცთა მიერ უკეთურთა მრავალი ჭირი შეგემთხუევის, და ნუ გიკჳრს და იტყჳთ: რაჲსათჳს ღმერთი თავს-იდებს ამას? გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მაშინცა თავს-იდვა მეუდაბნოჲსა მისთჳს, შემოსილისა სამოსლითა თმისაჲთა და მორტყმულითა სარტყლითა ტყავისაჲთა, წინაჲსწარმეტყუელისა და წინაჲსწარმეტყუელთა უმეტესისა, რომლისათჳს წამა ქრისტემან, ვითარმედ: "არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲსა უფროჲს იოვანესა, ნათლისმცემელისა". ამისი თავს-იდვა ჰეროდესგან შეპყრობაჲ და შებორკილებაჲ და ქალისა მიერ, შეგინებულისა მეძვისა, წარკუეთაჲ თავისაჲ და არარაჲ მოაწია მაშინ მათ ზედა, რაჲთა ყოველივე მას საუკუნესა მიეჴადოს. ამას იგონებდით და ყოველსავე ახოვნად თავს-იდებდით. რამეთუ მაშინ რავდენცა სუროდა უშჯულოსა მას მეძავსა შურისგებაჲ იოვანესი, ესოდენცა ექმნა, და გულისწყრომაჲ თჳსი განაძღო უსამართლოდ და უშჯულოდ. არა თუ მისდა ემხილა იოვანეს, არამედ ჰეროდეს ამხილებდა, ხოლო იგი შეიწუებოდა, რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე უსმინოს ჰეროდე და განეშოროს მას. ამის უჯეროსა ტრფიალებისათჳს სირცხჳლეულ-ყო თჳსიცა სული და ასულისაჲცა და ქმარიცა იგი წარსრული და მეორეცა იგი, მემრუშე, ვითარმცა ეტყოდა ნათლისმცემელსა, ვითარმედ: უკუეთუ მწუხარე ხარ მრუშებისათჳს ჰეროდესა, მე ვყო იგი კაცის-მკლველცა და უფროჲსღა შენდა მკლველ ვყო, მამხილებელო ჩუენო. ამისთჳსცა დღესა მას სიხარულისა ჰეროდესსა მიავლინა ასული თჳსი როკვად.
 სთნდა გონებაცთომილსა მას და სათხოველი წინაუყო ფიცითა. ჰგონებდა თუ შემსგავსებული რაჲმე სერობისაჲ მის და სიხარულისაჲ ითხოვოს, მბრწყინვალე რაჲმე და სახარულევანი, და არა თუ თავი წინამორბედისაჲ. ამისთჳს სცთა უგუნური, გარნა არარაჲ ამათგანი ერგოს მას მიზეზად, რამეთუ დაღაცათუ ბოროტმან მან ქალმან, ბირებულმან მჴეცისა მისგან მძჳნვარისა, მჴეცებრივი ითხოვა სათხოველი, მისდა არა ჯერიყო ყოვლადვე სმენაჲ, არამედ რისხვით განდევნაჲ. რამეთუ, ვითარმცა ვინ თავს-იდვა პატიოსნისა მის თავისაჲ, სისხლითა შებღალულისაჲ, ხილვად ტაბლასა ზედა სიხარულისასა? გარნა უშჯულომან ჰეროდე არარად შეჰრაცხა საქმე ესე, არამედ ირჩია განრისხებაჲ ღმრთისაჲ და წარწყმედაჲ სულისა თჳსისაჲ და მომადლებაჲ დედაკაცისაჲ მის ბილწისაჲ, ასულითურთ მისით. ხოლო მან მედგარმან მიიღო რაჲ თავი იგი ანგელოზთა მიერ დიდებული, არა შეძრწუნდა, არცა შეედვა ზრზოლაჲ ძუალთა მისთა, არა დაეჴსნნეს ნაწევარნი ჴელთანი, არამედ იხარებდა, ვითარმცა დაეფარა მიერითგან საქმე იგი მრუშებისა მისისაჲ. და არა იცოდა, ვითარმედ უმეტესად ღაღადებდეს მიერითგან იოვანე; რამეთუ უკუეთუმცა მამხილებელი იგი არა მოეკლა, არამცა ესრეთ კიდეთა ქუეყანისათა განსმენილ იყო მრუშებისა მისისა ცოდვაჲ. რამეთუ ოდეს იგი საპყრობილედ შეაყენეს, არარაჲ თქუეს მოციქულთა, არცა ბრალობაჲ იგი მემრუშისაჲ მის გამოაცხადეს, ხოლო ვინაჲთგან მოკლეს მათ იოვანე, მერმე აიძულა მახარებელნი საქმემან თქუმად ყოვლისავე, რაჲთა არავინ თქუას, თუ ცთომისა რაჲსათჳსმე ანუ უწესოებისა მოიკლა იოვანე. ამისთჳს აღწერეს მიზეზი მოკლვისა მისისაჲ. აწ უკუე საცნაურ იყავნ, ვითარმედ ცოდვასა რავდენცა ვინ ისწრაფდეს სხჳთა ცოდვითა დაფარვად, უმეტესად განაცხადებს მას, რამეთუ ცოდვაჲ არა შეძინებითა ცოდვისაჲთა დაიფარვის, არამედ სინანულითა და აღსაარებითა. ხოლო იხილე მახარებელი, ვითარ უბრალობელად წარმოიტყჳს საქმესა მას და რავდენცა შესაძლებელ არს აღასუბუქებსცა სიტყჳთა თჳსითა სიმძიმესა მას საქმისასა. ჰეროდესთჳს თქუა: "შეწუხნაო მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას"; ხოლო ქალისა მისთჳს, ბირებულ იყოო დედისაგან თჳსისა და მიართუა თავი იგი დედასაო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მისი მცნებაჲ და შეთუალულობაჲ აღასრულა. რამეთუ ყოველნი წმიდანი უფროჲსად მათ სწყალობენ, რომელნი ბოროტისმყოფელ ვიეთმე ექმნენ, რამეთუ იციან, ვითარსა სატანჯველსა მიმავალ არიან. მაშინ უკუე არა თუ იოვანეს რაჲმე ევნო, ნუ იყოფინ! არამედ მოქმედთა მათ ბოროტისათა ევნო და წარწყმდეს. ეგრეთვე ჩუენცა ვიქმოდით, ძმანო, და ნუ ზედა დაუჴდებით ცოდვათა მოყუსისათა, არამედ, რავდენცა შესაძლებელ იყოს, განვაქარვებდეთ მას და დავჰფარვიდეთ, რამეთუ მახარებელი უშჯულოთა მათ საქმესა რაჲ წარმოიტყოდა, რავდენცა ეგებოდა აღასუბუქა. არა თქუა, თუ: ბირებულ იყო მემრუშისა მისგან ბილწისა, არამედ ბირებულ იყო დედისაგანო. ყოველივე კეთილისა სიტყჳთა ისწრაფა შეწყობად, რამეთუ წმიდანი მარადის იგლოვენ ცოდვილთათჳს და არა ესრეთ იქმან, ვითარ ესე ჩუენ მაბრალობელ და შემასმენელ და მაგინებელ ვართ ძმათა და მოყუასთა ჩუენთა, უკუეთუ მცირესა რასმე ცთომასა ვპოვნეთ. არამედ ვისწავოთ ჩუენცა წესი სულიერი და ვსტიროდით ჰეროდეს და ყოველთა მსგავსთა მისთა და მობაძავთა ჰეროდიაჲსთა, რამეთუ აწცა მრავალნი ესევითარნი მოსუმურობანი და სიღოდანი იქმნებიან. დაღაცათუ არა იოვანე მოიკლვის, არამედ ქრისტჱ განრისხნების, რამეთუ არა თავსა ითხოვენ ლანკლითა აწინდელნი ესე მროკველნი, არამედ სულთა მათ მეინაჴეთასა მიიღებენ და მიართუმენ ძღუნად ეშმაკსა. რამეთუ ოდეს გულისთქუმანი ბოროტნი შთაულესნენ და ტრფიალებად ბოროტად აღაზრზენენ, არა თავთა მოჰკუეთენ, არამედ სულთა მათთა მოჰკლვენ. აწ უკუე, კაცო, ევლტოდე მემრუშეთა და მროკველთა ხედვად, რამეთუ დაცაღათუ არა არს ასული ჰეროდიაჲსი, არამედ რომელი-იგი მაშინ როკვიდა მის თანა, ეშმაკი, აწცა მროკველთა შორის როკავს და სულთა მათ მეინაჴეთასა ტყუედ წარიყვანებს და წარვალს. და არა სიძვაჲ ხოლო, არამედ სხუანიცა ყოველნი ბოროტნი ესევითართა მათ სერობათა შინა აღესრულებიან: უწყალოებანი და ანგაჰრებანი და მოხუეჭანი გლახაკთანი და უშუერნი ლაღობანი და მტაცებლობანი და ცილ-ფიცობანი და სხუანი ყოველნი ბოროტნი. დაღაცათუ სიძვაჲ არა შეემთხჳოს მუნ შეკრებულთა, არცა გულისთქუმად აღიძრნენ, რომელ-ესე შეუძლებელ არს, გარნა სხუათა ამათ ბოროტთა არა თანაწარჰჴდებიან. ისმინე, ვითარ თჳნიერ ამათცა საქმეთა აბრალებს წინაჲსწარმეტყუელი ესევითარისა მოქმედთა და იტყჳს: "ვაჲ, რომელნი აღდგიან განთიად და თაფლუჭსა წდევედ, რომელნი დადგიან მწუხრადმდე, რამეთუ ღჳნომან შეწუნის იგინი. რამეთუ ებნითა და ქნარითა და ბობღნითა და ნესტჳთა ღჳნოსა სუმენ, და საქმეთა უფლისათა არა ხედვენ. ვაჲ, ძლიერთა თქუენთა, რომელნი ღჳნოსა სუმენ, და მძლავნი თქუენნი, რომელნი იწდევენ თაფლუჭსა". ჰხედავა, ვითარ შუებასა ხოლო და მთრვალობასა შეასმენს, დაღაცათუ სიძვაჲ არა თანაჰყვებოდის? და ჭეშმარიტად დიდად საბრალობელ არს ოდეს შენ, კაცო, თითოფერითა სანოვაგითა განსძღებოდი, ხოლო ქრისტჱს არცა თუ პურსა მისცემდე; ოდეს შენ სუმიდე ღჳნოსა თასურსა და მას არცა გრილსა წყალსა ასუმიდე; ოდეს შენ სწვე საგებელთა ზედა დიდფასისათა და მას დაუტეობდე ყინელთა შინა განცივებად. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ სადილობანი იგი და სერობანი და ღჳნის-სუმანი და მთრვალობანი დაღაცათუ შორს იყვნენ სიძვისაგანცა და ანგაჰრებისა, თავით თჳსით მებრ სავნებელ არიან, რამეთუ შენ იშუებ და გლახაკსა, რომელ არს ქრისტჱ, შეურაცხ-ჰყოფ. ამისთჳს ვეტყჳ არა მათ, რომელნი მეძავთა შემოიყვანებენ ტაბლად თჳსად, რამეთუ არა არს ჩემი მათა მიმართ სიტყუაჲ, ვითარ იგი ძაღლთა მიმართ არა არს, არცა მათა მიმართ არს, რომელნი მტაცებლობით და ანგაჰრებით იშუებენ, რამეთუ იგინიცა ღორთა და მგელთა მიმსგავსებულ არიან, არამედ მათ ვეტყჳ, რომელნი თჳსითა ნაქონებითა მამულითა იშუებენ და განსცხრებიან, ვითარმედ არცა იგინი თავისუფალ არიან საშჯელისაგან. აწ უკუე ისმინე ჩემი, კაცო, რომელი ესევითარითა შუებითა სცხონდები ქუეყანასა ზედა; განიშორენ მემღერნი და მოკიცხარნი და მლაღობელნი ტაბლისაგან შენისა და ყავ ქრისტჱ პურისმტედ და თანამეინაჴედ შენდა. უკუეთუ იყოს იგი მარადის პურისმტე შენი, სახიერ გექმნეს, ოდეს განგიკითხვიდეს. ავაზაკნიცა სახიერ ექმნიან პურისმტეთა თჳსთა, რავდენ უფროჲს მეუფე იგი ტკბილი? ნუ გლახაკსა მას განიცდი, რომელ სამოსლითა ხენეშითა და დაბებკულითა მოვალს ტაბლად შენდა, არამედ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მის ძლით ქრისტჱ გესტუმრების და სიხარულით შეიწყნარე, ხოლო მემღერთა და მსახიობელთა და მოკიცხართა ფრიად განეშორე, რამეთუ არარაჲ კეთილი მათგან მოგეტყუების, არამედ წარწყმედაჲ სულისაჲ უფროჲსღა. უკუეთუ ძალ-გიც, ამცენ ესევითარისა მოქმედთა, რაჲთა არღარა ესრეთ იქცეოდინ, რამეთუ არცა ჴორციელად სარგებელ ვისამე არიან, არცა სულიერად, არამედ ორკერძოვე მავნებელ და წარმწყმედელ. ხოლო შენ შეუდეგ სიყუარულსა, სახიერებასა, მოწყალებასა, იქმოდე ქველისსაქმესა თჳსითაცა ჴელითა და სარწმუნოთაცა კაცთა შენთაჲთა; ჰმსახურებდ უძლურთა, შეიწყნარენ უცხონი, ჴელის-ამპყრობელ ექმენ ჭირვეულთა, მიავლინე საპყრობილედ, ნუგეშინის-ეც მუნ შეყენებულთაცა, შეიყვანენ სახიდ შენდა მონაზონნი, დაუგე ტაბლაჲ, დაჰბანენ ფერჴნი, ითხოვე ლოცვაჲ. ესრეთ თუ იქმოდი, იქმნეს სახლი შენი ეკლესია და არა სამგოსნო, ივლტოდის მიერ ეშმაკი და ქრისტჱ გესტუმროს კრებულითურთ ანგელოზთაჲთ, რამეთუ სადა ქრისტჱ არს, მუნცა ანგელოზნი გარემოუდგან; სადა ქრისტჱ არს, მუნ ნათელი ბრწყინავს მიუაჩრდილებელი. აწ უკუე ქრისტჱ შევიწყნაროთ გლახაკთა მიერ, ძმანო, ქრისტჱ ვისტუმროთ, ქრისტჱ შევიმოსოთ, ქრისტჱ იყავნ პურისმტე ჩუენი, რაჲთა ღირს-მყვნეს სასუფეველსა ცათასა მკჳდრყოფად და ჴმაჲ იგი კურთხევისაჲ გუასმინოს, რამეთუ მისი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

No comments:

Post a Comment